თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
marine |
Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც
აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ. "...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა. იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“). ...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“ თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“ P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით? თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში: ტროპარი, ხმა 4. წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 9 2009, 04:38 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ლეგენდა თამარ მეფეზე
თამარ მეფეს, ამ ბრძენ ხელმწიფეს შვილი არ ჰყავდა. თვითონაც გვარში ობოლი იყო, მის შემდეგ სამეფოს ობლად დარჩენა მოელოდა. ეს აწუხებდა ყველას, დიდსა და პატარას. შეიყარნენ სახელმწიფოს თავკაცები, იბჭეს და გადაწყვიტეს, სამეფო ტახტი მოითხოვს, მეფემ ქმარი შეირთოსო, მაგრამ გადაწყვეტილების მოხსენება მეფისთვის ვერც ერთმა ვერ იკისრა. ეგ დავავალოთ სულიწმინდით შემოსილ ბერს, რომელიც განდეგილად მოღვაწეობს სტეფანწმინდის გამოქვაბულში და თამარივით სიწმინდის გამო „ჰაერ-ჰაერ“ დადისო. ერთ საღამოს ბერი ეწვია თამარს, დალოცა და ჯვარი გადასახა. მეფე ხელზე ეამბორა მთიდან ჩამოსულ ასწლოვან მოხუცს, თან მოწიწებით მოიკითხა და უჩვეულო წვევის მიზეზი ჰკითხა. ბერმა ხელმწიფეს მიართვა ეტრატი, რომელშიც დიდებულთა გადაწყვეტილება ეწერა. მეფემ ამოიკითხა ფსალმუნის სიტყვები, ნაყოფიერ და უნაყოფო ხეთა შესახებ და მყის იგრძნო, რომ დაორსულდა. ძალიან შეწუხდა მეფე ქალი, ეს რა მომივიდა, როგორღა ვეჩვენო ხალხს, როგორ ვიმართლო თავი წინაშე ღვთისა, რომელსაც ქალწულობის აღთქმა მივეცი; ჩაწვა ლოგინში და ფიქრებში გართულს ჩაეძინა. ძილში გამოეცხადა ბრწყინვალე ფრთოსანი ვარსკვლავი და მოახსენა: „მიდგომილ ხარ ერის შენის სულის მობერვით.“ შობ ძეს, რომელსაც აღზრდის ნუკრის დედა, ხმა ერისა ხმა ღვთისა არს და ამიტომ შვილის გაჩენით ქალწულობა არ მოგეღებაო. თამარს მეცხრე თვეზე ეყოლა ვაჟი, დაბადებითვე მსგავსი ბრწყინვალე ვარსკვლავისა. ერი ძალზედ გაახარა მისმა დაბადებამ, ეკლესიებმა წირვა გადაიხადეს მის ასაღორძინებლად. წლის განმავლობაში შვება-ლხენა არ დალეულა სასახლეში და მთელ სამეფოში. ყრმას უკვე ფეხი აედგა, რომ გადიამ ჟინვნის სამეფო ბაღში წაიყვანა სასეირნოდ. ხეივნების ბოლოს ფართო ჯურღმული იყო, აქ მოჩუხჩუხებდა ცივი ანკარა წყარო. გადიამ ყრმა ზევით დატოვა და წყლის დასალევად ჩავიდა. უკან დაბრუნებულს ელდა ეცა: აღარსად იყო ყმაწვილი მეფე. გადიოდა დღეები, თვეები... დაკარგულს ხალხი ტყესა და ღრეში ეძებდა, მაგრამ სანუგეშო ამბავი არავის მოჰქონდა. თამარი კი მაინც სასოობდა, რომ მისი საყვარელი შვილი დაღუპული არ იყო და ამ სასოებას უორკეცებდა ის ხმა, რომელმაც სიზმარში გაანდო - შენ ნაშობს ნუკრის დედა გაზრდისო. წელიწადი მიწურულიყო, თამარი დიდებულებით წაბრძანდა ყრმის საძებნელად. გზა-გზა ბევრ ნადირს ხოცავდნენ. თამარს ახლდა სამეფო კარის ვაჟკაცობით განთქმული მონადირე. ბევრი იარეს უდაბურ ტყეში. უცბად თამარის მხლებელმა მონადირემ ირემს მოჰკრა თვალი და მყის მშვილდ-ისარი მოიმარჯვა. ის იყო უნდა ეტყორცნა, რომ თამარმა აუკრა ხელი, მისმა თვალმა კარგად გაარჩია, რომ დედა ირემს წოვდა მოჩიტული ყმაწვილი. დაიჭირეს ორივე და თამარს მიჰგვარეს. მეფის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თამარ მეფემ შვილი აღსაზრდელად დიდებულებს გადასცა, ხოლო ირემი დააბინავა თავის წალკოტში და გასცა ბრძანება: „ჩემი მეფობის დასასრულამდე სამეფოში არა კაცს არ შეეძლოს ირემზე ნადირობა და ირმის მოკვლა.“ „ბაგრატიონთა გვარის კაცსა ირმის ძუძუ უწოვნია, ჭალაში გადაგდებული მონადირეს უპოვნია.“ /ქართული ქრისტიანული ჟურნალი "კრიალოსანი" N 5 (51) 2009 წ./ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი