პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
Irine |
Feb 18 2007, 05:57 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
"ნარკომანობა სამშობლოს ღალატია!"
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი! თანამედროვე ადამიანი რთულ დროს ცხოვრობს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ იოლი დრო არასდროს ყოფილა. იმ დროზე, როდესაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პავლე მოციქული, იგი ამბობს: დრონი ბოროტნი არიან. არ ვიცი, ზუსტად რას გულისხმობდა, რატომ უწოდებდა იგი იმ დროს ბოროტს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმსჯელოთ ამის შესახებ. ბოროტება ხშირად ზეიმობს, ხშირად გვაყენებს განსაცდელის წინაშე. ასეთ დროს ადამიანმა უნდა გამოიჩინოს ნებისყოფა, არ უნდა დაკარგოს იმედი და რწმენა და უნდა სიმშვიდით გაუძლოს მოვლენილ განსაცდელს, რომელიც დაუშვა უფალმა. ჩვენი ცხოვრება მწუხარებისა და სიხარულისაგან შედგება. სულ ერთმანეთს ენაცვლება ეს ორი მოვლენა. ცოტა ხანს ვიმყოფებით სიხარულში, შემდეგ მოდის მწუხარება, მერე მწუხარებას კვლავ სიხარული ცვლის და ასე შემდეგ. უნდა ითქვას, რომ ადამიანისათვის განსაცდელის ჟამს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ეკლესიას. რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ იმისათვის, რომ მისი შვილი, დაცემული მორწმუნე ისევ ადგეს და განაგრძოს თავისი გზით სვლა - არ დარჩეს დაცემული. თუ ადამიანი ამ მდგომარეობაში დარჩა - იგი დაღუპვის გზაზე დადგება. ეკლესიამ მას უნდა მისცეს ნუგეში, სასოება, ძალა, მადლი და რწმენა, რაც მორწმუნეს განსაკუთრებით წირვა-ლოცვის დროს ენიჭება. დღეს ყველაზე მეტად უჭირს ჩვენს ახალგაზრდობას. ახალგაზრდობას არ აქვს ის გამოცდილება, რომელიც გააჩნია უფროს თაობას. ამიტომ ხშირად იგი ვერ უძლებს იმ საცდურებს, რომლის წინაშეც მას ცხოვრება აყენებს და მერე ისეთ სასოწარკვეთილებაში ვარდება, რომ თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ჩვენი ახალგაზრდობა, გახსოვდეთ, თვითმკვლელობა - საშინელი და მიუტევებელი ცოდვაა. საეკლესიო კანონიკით, თვითმკვლელებზე წესის აგება არ აღესრულება, მათზე ეკლესია ვერ ლოცულობს. ამ ადამიანებისთვის ლოცვა არ შეიძლება, რადგან თვითმკვლელები საკუთარი ნებით გადასცემენ თავის სულს ბოროტ ძალას. არსებობს მხოლოდ ერთადერთი გამონაკლისი: ეკლესია უშვებს თვითმკვლელებისთვის ლოცვას, თუკი ის ადამიანი იყო სულიერად ავადმყოფი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განსაცდელი და პრობლემა, რომლის წინაშე დგანან დღეს ჩვენი ახალგაზრდები, არის ნარკომანია. საერთოდ, ჩვენი ახალგაზრდები ძალიან ნიჭიერნი არიან და, შეიძლება, ესეც შურს ეშმაკს, კაცობრიობის მტერს და უბიძგებს ნარკომანობისკენ. მინდა გითხრათ, რომ ეს არის საშინელი ცოდვა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის დიდი სირცხვილი. სირცხვილია იმიტომ, რომ ნარკომანობით ადამიანი გამოავლენს თავის უძლურებას, თავის ლაჩრობას. სწორედ ლაჩრობაა, რომ ადამიანი მიმართავს ისეთ საშულებას, რომელსაც გაჰყავს იგი ამ რეალური ცხოვრებიდან და, თითქოს, უმსუბუქებს ცხოვრებას. სინამდვილეში, ნარკოტიკი კი არ უადვილებს ადამიანს ცხოვრებას, არამედ კიდევ უფრო მეტად უმძიმებს ჯვარს. ნარკოტიკი სპობს ადამიანის გონებას, ახდენს ნებისყოფის პარალიზებას და ადამიანი აღარ არის გამოსადეგი არც ოჯახისთვის, არც საზოგადოებისთვის და არც სამშობლოსთვის. ნარკომანობა არის სამშობლოს ღალატი! მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს ახალგაზრდობას: ყოვლად დაუშვებელია ნარკოტიკების გამოყენება! როდესაც განვიხილავთ ამ საშინელ სენს, ჩვენი ყურადღება 3 ასპექტზე უნდა შევაჩეროთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე ღებულობენ ამ საშინელ წამალს, უფრო სწორად, საწამლავს. რა ეშველებათ მათ? ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს სენი განკურნებადია. მეორე არის ის, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს სურვილი გათავისუფლებისა და, მესამე, რაც მთავარია, - ადამიანი უნდა მივიდეს ეკლესიაში. ეკლესიაში არის უდიდესი მადლი; აღსარებასა და ზიარებაში, ღვთისმსახურებასა და ეკლესიის ლოცვაში, მოძღვრის საზოგადო ლოცვებში არის უდიდესი ძალა, რომელიც გაათავისუფლებს ადამიანს ამ სენისაგან. მახსენდება ჩემი ერთ-ერთი ვიზიტი აშშ-ში. ერთ ქალაქში დიდი წვეულება მოგვიწყვეს, მაშინ ჯერ კიდევ ეპისკოპოსი ვიყავი. ჩემთან მოვიდა ახალგაზრდების ჯგუფი და დამიწყეს საუბარი ნარკომანიის პრობლემებზე. ვკითხე: თქვენ ვინ ბრძანდებით-მეთქი, მითხრეს ჩვენ ამერიკელები ვართ, ყოფილი ნარკომანებიო. ახლა უკვე განვიკურნეთ და გადავწყვიტეთ, რომ ვიმოგზაუროთ ქვეყნის სხვადასხვა შტატებში და დავეხმაროთ ნარკომანებს, მივიდნენ ეკლესიაშიო. ჩვენ არ მოვუწოდებთ მათ, რომ თავი დაანებონ ნარკოტიკებს, ჩვენ მათ მოვუწოდებთ მხოლოდ, რომ მივიდნენ ეკლესიაში, რადგან თავად ჩვენ სწორედ ეკლესიაში განვიკურნეთ ამ საშინელი სენისაგანო. მინდა, ვურჩიო ჩვენს სულიერ შვილებს, ნუ ჩავარდებიან სასოწარკვეთილებაში, ნუ მიეცემიან უიმედობას, - მოვიდნენ ეკლესიაში, უთხრან მოძღვარს აღსარება, მიიღონ წმინდა ზიარება და ამით დაიწყონ განკურნება. მადლი გადმოვა მათზე, მიეცემა ძალა ღვთისა და ისინი აუცილებლად გათავისუფლდებიან ამ ცოდვისაგან. ახლა განვიხილოთ ამ პრობლემის მეორე ასპექტი. მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ ადამიანებს, განსაკუთრებით, საშუალო სკოლის ასაკის ბავშვებს, რომელთაც ჯერ არ გაუსინჯავთ ნარკოტიკი. ყველაზე საშიში არის ის, როდესაც ადამიანი პირველად სინჯავს ამ საშინელ საწამლავს. მინდა გთხოვოთ, ჩვენო ძვირფასო სულიერო შვილებო: არავითარ შემ- თხვევაში არ გასინჯოთ ნარკოტიკი! პირველივე გასინჯვა - ეს უკვე არის დაახლოება ეშმაკთან, ეს არის დაცემის დასაწყისი. ამიტომ, როგორც საშინელ საწამლავს, ისე უნდა განერიდოთ და გაექცეთ ნარკოტიკის პირველ გასინჯვას. ამისთვის უნდა შეიქმნას ნარკოტიკებისადმი წინასწარი უარყოფითი განწყობა. არსებობს დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიური განწყობის თეორია. ამ თეორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი უარყოფითად უნდა განეწყოს ამ საწამლავის მიმართ, რომელიც მისთვის საზიანოა და უნდა იცოდეს, რომ პირველივე გასინჯვიდან იწყება პიროვნების დაშლა და ადამიანის დაღუპვა. დაბოლოს, მესამე ასპექტი ამ პრობლემისა - ნარკოტიკებით ვაჭრობაა. ნარკოტიკებით მოვაჭრენი საცოდავი ადამიანები არიან. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ეს სისხლიანი ფულია და ეს დამღუპველია მათთვის! ადრე თუ გვიან ეს მოხდება და ისინი პასუხს აგებენ ღვთისა და ერის წინაშე! ეს არის ადამიანის მკვლელობა. ამ ხალხმა უნდა მოინანიოს და თავი უნდა დაანებოს ამ საქმიანობას. ჯობს, ყველაზე მძიმე საქმე აკეთოს და გაჭირვებით იცხოვროს, ვიდრე ასეთი ბოროტება ჩაიდინოს და თავისი ოჯახი სისხლიანი პურით გამოკვებოს. მოგეხსენებათ, შექმნილია კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს, იმიტომ რომ ჩვენ მცირე ერი ვართ და ეს პრობლემა მეტად საშიშია საქართველოსთვის. შევთხოვოთ უფალს, გაათავისუფლოს საქართველო ნარკომანიის სენისაგან და მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ სძლიოს ამ საშინელ ვნებას. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს არის დიდი საეკლესიო და ეროვნული დღესასწაული - ხსენება წმიდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა. ანდრია პირველწოდებული იყო პირველი მოციქული უფლისა, მაგრამ ჩვენთვის ის არის განსაკუთრებული იმიტომ, რომ მან პირველმა იქადაგა სახარება საქართველოში. და ამავე დღეს არის ხსენება წმიდისა მეფისა ვახტანგ დიდისა გორგასლისა, რომელიც არის დამაარსებელი თბილისისა და დამფუძნებელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა. ჩვენმა დიდმა მეფემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს ეკლესია ყოფილიყო დამოუკიდებელი. ამასთან დაკავშირებით, გვექნება სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, საღამოს კი ახალგაზრდულ ცენტრში ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართება საზეიმო მიღება. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი