IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დიდაქე, მოძღვრება თორმეტი მოციქულისა
afxazi
პოსტი Jan 5 2010, 11:43 AM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



"დიდაქე" - მოძღვრება თორმეტი მოციქულისა
(მოძღვრება უფლისა თორმეტი მოციქულის მიერ წარმართთა მიმართ)



I. 1. გზა არის ორი: ერთი სიცოცხლისა და ერთი სიკვდილისა. ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა.

2. სიცოცხლის გზა ამგვარია: პირველად შეიყვარე ღმერთი, შემოქმედი შენი (11 სჯ. 6,5; ზირ. 7,30; მათე 22,37). მეორედ - მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი (ლევ. 19,18; მათე 22,39). ყველაფერი ის, რაც არ გსურს, რომ შეგემთხვეს შენ, არც შენ შეამთხვიო სხვას (ტობ. 4,15; მათე 7,12; ლუკა 6,31).
3. ამ სიტყვათა მოძღვრება ასეთია: აკურთხეთ თქვენი დამაწყევრები და ილოცეთ თქვენი მტრებისათვის, იმარხულეთ მათთვის, ვინც გდევნით თქვენ (მათე 5,44; ლკ. 6,28). რა მადლი იქნება, თუკი შეიყვარებთ თქვენს მოყვარულებს? ნუთუ ამასვე არ შვრებიან წარმართებიც (მათე 5,46 - 47; ლკ. 6,32 - 33)? ხოლო თქვენ შეიყვარეთ მოძულენი თქვენი და არ გეყოლებათ მტერი (მათე 5,44; ლკ. 6,27).
4. განეშორე ხორციელ და სხეულებრივ სურვილებს (შერ. 1 პეტრე 2,11). თუკი ვინმე მარჯვენა ყბაში გაგარტყამს, მიუშვირე მას მეორე (მათე 5,41) და იქნები სრული. თუ ვინმე ერთ მილიონს გაგარბენინებს, მასთან ერთად განვლე ორი (მათე 5,41). თუკი ვინმე მოსასხამს აგართმევს, უბოძე მას პერანგიც (მათე 5,40; ლკ. 6,29). თუ ვინმე შენგან რამეს წაიღებს, აღარ მოთხოვო, რადგან ვერ ძალგიძს (შდრ. ლკ. 6,30).
5. ყველას ვინც კი გთხოვს, მიუბოძე და აღარ მოთხოვო (მათე 5,42). მამას სურს, ყველას მიანიჭოს თავისი მადლი. ნეტარია ის, ვინც გასცემს თანახმად მცნებისა, რადგანაც არ განისჯება იგი. ვაი მას, ვინც თვით მიიღებს; თუ მოვალეა, რომ მიიღოს, არ განისჯება; თუკი არ არის მოვალე, განისჯება იმის გამო, რატომ მიიღო და რა მიზნით. საპყრობილეში მიყვანილს გამოჰკითხავენ მის საქმეებს და მანამდე არ გაუშვებენ, ვიდრე უკანასკნელ კოდრატსაც არ აზღვევინებენ (მათე 5,26; ლკ. 12,53).
6. ამის შესახებაც თქმულა: „გაიოფლოს მოწყალება შენი შენსავე ხელებში, ვიდრე შეიცნობ, თუ ვისთვის გასცემ“. (ზირ. 12,1).

II. 1. მოძღვრების მეორე მცნება:
2. არა კლა, (გამოსვლ. 20,15; 11 სჯ. 5,18), არა იმრუშო (გამოსვლ. 20,3; 11 სჯ. 5,17). გრძნეულებას, სიძვას, პარვას (გამსლ. 20,14; 11 სჯ. 5,19). გრძნეულებას, მეწამლეობას (11 სჯ. 18,10). არ მოკლა ჩვილი ნაადრევი შობით, არცთუ ნაშობი მოაკვდინო; ნურაფერი გწადია შენი მოყვასისა (გამოსლ. 20,17; სჯ. 5,21).
3. ნუ მისცემ ამაო ფიცს (მათე 5,33), ცრუდ ნურავის დაემოწმები (გამოსლ. 20,16; 11 სჯ. 5,20), ნუ ბოროტმეტყველებ (მათე 15,4), ნუღარ გახსოვს ცუდი (იგავ. 12,28).
4. ნუ იქნები ორგული და ორენოვანი (ზირ. 5,9; 5,14; 6,1), რადგანაც ორენოვნება მახეა სიკვდილისა (ტობ. 14,10; ფს. 17,6; იგავ 14,27; 21,6).
5. ნუ იქნება შენი სიტყვა ცრუ და ლიტონი, არამედ - საქმით აღსავსე.
6. ნუ იქნები ნაყროვანი, ხარბი, პირმოთნე, მზაკვარი, ანდა გოროზი. ნუ განიზრახავ ბოროტს შენი მოყვასისათვის.
7. არ შეიძულო არცერთი კაცი; ერთნი ამხილე, მეორეთათვის ილოცე. სხვანი კი შეიყვარე შენს სულზე მეტად.


III. 1. შვილო ჩემო, განეშორე ყოველგვარ სიავეს და ყოველივეს, რაც მისი მსგავსია.
2. ნუ განრისხდები, რადგან რისხვა დაღუპვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები შურიანი, ნურც მოკამათე, ნურც გულმწყრალი. ყველა მათგანი სიკვდილს შობს.
3. შვილო ჩემო, ნუ აღივსები გულისთქმით, რადგანაც გულისთქმა სიძვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები ურცხვადმეტყველი, ნურც ურცხცვადმჭვრეტი, რადგანაც მათგან ჩნდება მრუშობა.
4. შვილო ჩემო, ნუ იქნები ფრინველთგრძნეული, რადგანაც იგი კერპმსახურებისაკენ გიწინამძღვრებს; ნუ შელოცავ, ნუ ვარსკვლავთმეტყველებ, ნუ განწმედ, ნურც ისურვებ, იხილო ეს ყოველივე ანდა ისმინო მათთვის. კერპმსახურებას შობენ ისინი.
5. შვილო ჩემო, ნუ იცრუებ, რადგანაც სიცრუე ქურდობისაკენ მიგიძღვება; ნუ იქნები ვერცხლისმოყვარე, ნურც ცუდმედიდი, რადგანაც მათგან ქურდობა ჩნდება.
6. შვილო ჩემო, ნუ დრტვინავ, რადგანაც დრტვინვა ავსიტყვაობისაკენ გიწინამძღვრებს. ნუ იქნები თავმომწონე, ბოროტმზრახველი, რადგანაც მათგან ავსიტყვაობა იბადება.
7. იყავი მშვიდი, რადგანაც „მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა“ (ფს. 36,11; მათე 5,5).
8. იქმენ სულგრძელი, გულმოწყალე, უბოროტო, წყნარი, კეთილი; მარადის ძრწოდე იმ სიტყვათაგან, რომლებიც გესმა (ეს. 66,2).
9. ნუ აიმაღლებ თავს; ნურც კადნიერებას მისცემ შენს სულს. თავმოთნეებს ნუ შეერთვება შენი სული; მართალია და მდაბალთა შორის იმყოფებოდე.
10. ყველაფერი, რაც შეგემთხვა, მიითვალე, როგორც კეთილი და იცოდე, რომ ღვთის გარეშე არარა ხდება.


IV. 1. შვილო ჩემო, ვინც ღვთის სიტყვას გიქადაგებს, მოიხსენე იგი დღეცა და ღამეც; პატივი მიაგე მას როგორც უფალს: სადაც მეუფება იქადაგება, იქვეა უფალიც.
2. დღითიდღე ეძიე პირნი წმიდათანი, რომ შვება მოგცეს მათმა სიტყვებმა.
3. ნუ ქმნი განხეთქილებას; დაამშვიდე მოდავეები; სიმართლით საჯე და ნუ მიიღებ ისეთ სახეს, თითქოს ამხილებ ცთომათა გამო.
4. ნუ იეჭვებ, ასე იქნება, თუ არა.
5. ნუ გაშლი ხელებს, რათა მიიღო, და ნუ შეკრავ რათა არ გასცე (ზირ. 4,31).
6. თუკი მას გასცემ, რაც შენი ხელით მოიპოვე, გამოისყიდი შენსავე ცოდვებს.
7. გაცემის ჟამს ნუ შეეჭვდები და ნუღარ დრტვინავ, როდესაც გასცემ; შეიცნობ მას, ვინც კეთილად მოგიზღავს კუთვნილს (იგავ. 19,17).
8. ნუ გააბრუნებ გაჭირვებულს (ზირ. 4,5). შენსავე მოძმეს უწილადე ყოველივე; არკი უთხრა: ჩემია ეს ყველაფერი. თუ ზიარნი ხართ უკვდავებაში, რამდენად უფრო მოკვდავთა შორის?
9. ხელს ნუ ააღებ შენს ძეს თუ ასულს; სიყრმიდანვე შეასწავლე მათ შიში ღვთისა.
10. მონას თუ მხევალს, რომლებიც იმავ ღმერთს სასოობენ, გამკაცრებით ნუ უმბრძანებლებ, რომ არ დაკარგონ ზენა ღვთის შიში, რადგან ღმერთი მათთან მოდის ვისი სულიც თვით შეამზადა, პირისპირ კი არავის უხმობს.
11. თქვენ კი, მონებო, კრძალვით და შიშით მორჩილებდეთ თქვენსავე უფალთ, ვით სახეს ღვთისას.
12. გძულდეს ყოველი პირმოთნეობა, ყოველივე, რაც ართნავს უფალს.
13. არ დაივიწყო უფლის მცნებები და რაც მიიღე, დაიმარხე; არცრა შემატო, არცრა დააკლო (11 სჯ. 4,2; 13,1).
14. ეკლესიაში აღიარე ცთომანი შენი; ბოროტი გულით ნუ შეხვალ ლოცვად. აი, ეს არის გზა სიცოცხლისა.



V. 1. სიკვდილის გზა კი ამგვარი არის: უპირველესად, ბოროტია ეს გზა და წყევლით აღსავსე: მკვლელობა, მრუშობა, გულისთქმა, სიძვა, ქურდობა, კერპმსახურება, გრძნეულება, მეწამლეობა, ტაცება, ცრუმოწმეობა, პირმოთნეობა, ორგულობა, მზაკვრობა, ამპარტავნება, სიავე, თავმოთნეობა, ნაყროვანება, ურცხვადმეტყველება, მოშურნეობა, კადნიერება, გოროზობა, მედიდურობა, უკრძალველობა.

2. კეთილთა მდევნელნი, ჭეშმარიტების მოძულენი, სიცრუის მოყვარულები, რომლებსაც საზღაური სიმართლისა ვერ შეუცნიათ; განელტვიან სიკეთეს და მართლმსაჯულებას; კეთილის წილ სიბოროტეს ეშურებიან. შორს არის მათგან სიმდაბლე და მოთმინება; ამაოების მოყვარულნი მისაგებელს განიშორებენ; არ იწყალებენ დაცემულებს, არ ზრუნავენ დამაშვრალთათვის, ვერ შეუცნიათ შემოქმედი;

ჩვილთა მკვლელები, რომლებიც უკუმიაქცევენ მათდამი მთხოვნელს; ცოდვით სავსენი ჭირვეულებს შეაურვებენ, მდიდრებს იცავენ, არასაქმოსნებს ურჯულოდ სჯიან. განშორდით, შვილნო, ყველაფერს ამგვარს.



VI. 1. გაფრთხილდი, ვინმემ არ აგაცდინოს გზას მოძღვრებისას. ღვთის გარეშე გასწავლის იგი.
2. თუკი ძალგიძს, რომ სრულად იტვირთო უფლის უღელი, სრული იქმნები (მათე 11,29). თუ ეს არ ძალგიძს, რაც ძალგიძს ის ქმენ.
3. ხოლო ჭამადი, როგორც ძალგიძს, ისე იტვირთე. კერპშეწირულს ფრიად ეკრძალე, რადგანაც - მსახურებაა მკვდარი ღმერთების (საქმე 15,29).

VII. 1. ნათლისღებისათვის

ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა მდინარი წყლით ნათელი ეცით. (შდრ. მათე 28,19).
2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე.
3. თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა (შდრ. მათე 28,19)
4. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე.


VIII. 1. პირმოთნეთა მარხულობას ნუ დაემთხვევით. მათი მარხვა ორშაბათსა და ხუთშაბათს ხვდება; თქვენ იმარხულეთ ოთხშაბათსა და პარასკებს.
2. ნუ ილოცებთ ისე, როგორც პირმოთნეები, არამედ როგორც უფალმა ბრძანა სახარებაში, ასე ილოცეთ:

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცასა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცასა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მოვუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან (მათე 6,9 - 13; ლკ 11,2-4). რამეთუ შენი არს ძალი და დიდება, უკუნითი უკუნისამდე!

3. დღეში სამგზის ილოცეთ ასე.


IX. 1. ევქარისტიისათვის:

ასე მადლობდეთ:

2. უპირველესად, სასმისის გამო: გმადლობთ, შენ, მამაო ჩვენო, დავითის შენი მსახურის, წმიდა ვენახისათვის, რომელიც გაგვიცხადე შენი ძის, იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!
3. პურის განტეხვისათვის: გმადლობთ შენ უფალო, მამაო ჩვენო სიცოცხლისა და ცოდნისა გამო, რაც გაგვიცხადე შენი ძის18 იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!
4. როგორც ეს პური, მთების ზემოთ მიმოფანტული, შეიკრიბა და ერთი გახდა, ამგვარადვე შეიკრიბოს კიდით-კიდე ეკლესია შენი სასუფეველში, რამეთუ შენი არს დიდება და ძალი იესუ ქრისტეს მიერ უკუნისამდე!
5. არავინ ჭამოს, არავინ შესვასთქვენეული ევქარისტია. თუ არა იმან ვინც ნათელიღო უფლის სახელით. ამის შესახებ თქვა უფალმა: „ნუ მისცემთ ძაღლებს მას, რაც წმინდაა“ (მათე 76)


X. 1. ავსების შემდეგ ასე მადლობდეთ:

2. გმადლობთ შენ, წმიდაო მამაო, შენი წმიდა სახელის გამო, ჩვენს გულებში რომ დაამკვიდრე; - ცოდნის, რწმენის, უკვდავების გამო, რაც გაგვიცხადე შენი ძის იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!
3. შენ, უფალო ყოვლისმპყრობელო, დაბადე ყოველივე სახელისა შენისათვის საზრდელი და სასმელი მიანიჭე ადამიანებს, რათა იშვებდნენ და შენ გმადლობდნენ; ჩვენ კი მოგვმადლე სულიერი საზრდელ-სასმელი, და საუკუნო სიცოცხლე, შენი ძის, იესუს მიერ!
4. გმადლობთ შენ ყველაფრისთვის, რადგანაცძლიერ ხარ შენ! დიდება შენდა უკუნისამდე!
5. მოიხსენე, უფალო, ეკლესია შენი და იხსენ იგი ყოველგვარი ბოროტისაგან, შენს სიყვარულში სრულყავი იგი და წმიდაქმნილი ოთხივ ქარისგან შემოკრიბე სასუფეველში, რომელიც მასვე განუმზადე; რამეთუ შენი არს ძალი და დიდება უკუნისამდე!
6. მოვიდეს მადლი და გარდავიდეს ეს სამყარო; ოსანა ღმერთსა დავითისა (მათე 21,9; 21,15)! თუკი წმინდაა ვინმე, მოვიდეს! და თუ არ არის - შეინანოს! მარანათა (1 კორ. 16,22)! ამინ!
7. წინასწარმეტყველთ ნება დართეთ, აღავლინონ სამადლობელი, რამდენიც სურდეთ.


XI. 1. ვინც თქვენთან მოვა და გასწავლით ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ითქვა, მიიღეთ იგი.

2. იქნებ მოძღვარი თვით მიიქცეს სხვა სწავლებისკენ. თუ თქვენ წარწყმედას ცდილობს იგი, არაფერი ისმინოთ მისი, მაგრამ თუ სურს , კიდევ უფრო შეგემატოთ სიმართლე და ცოდნა უფლისა, შეიწყნარეთ, როგორც უფალი.
3. მოციქულებისა და წინასწარმეტყველების მიმართ სახარების მცნების თანახმად იმოქმედეთ.
4. ყოველი მოციქული, ვინც თქვენთან მოვა, შიწყნარეთ, როგორც უფალი.
5. არ დარჩება იგი ერთ დღეზე მეტად (თუ საჭიროა - მომდევნო დღესაც), და თუ სამი დღით დაყოვნდება, ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი.
6. როცა დაგტოვებთ მოციქული, არაფერი წაიღოს საგზლად, გარდა პურისა; თუ ვერცხლს მოითხოვს, ცრუ წინასწარმეტყველი ყოფილა იგი.
7. ნუ გამოცდით და ნუ განსჯით წინასწარმეტყველს, როდესაც სულის მიერ გემეტყველებათ, რადგანაც ყოველი ცოდვა მიეტევება კაცს, ეს ცოდვა კი არ მიეტევება (მათე 12,31).
8. ყველა, ვინც სულის მიერ მეტყველებს, წინასწარმეტყველი ვერ იქნება, თუ უფლის წესებს არ ფლობს იგი. სწორედ წესთაგან შეიცნობა ცრუწინასწარმეტყველი და წინასწარმეტყველი.
9. ყოველმა წინასწარმეტყველმა, რომელმაც სულის მიერ განაწესა ტრაპეზი, არ ჭამოს მისგან; და თუ შეჭამს ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი.
10. ყოველი წინასწარმეტყველი, რომელიც ჭეშმარიტებას ასწავლის, მაგრამ თავად არ მოქმედებს ისე, როგორც ასწავლის, ცრუწინასწარმეტყველია იგი.
11. თქვენ კი ნუ განსჯით იმ გამოცდილსა და ჭეშმარიტ წინასწარმეტყველს, რომელიც ეკლესიის ამქვეყნიური საიდუმლოს თანახმად მოქმედებს. მაგრამ არავის ასწავლის იმას, რასაც თავად იქმს. ღვთისაგან განისჯება იგი; ამასვე შვრებოდნენ ძველი წინასწარმეტყველებიც.
12. ვინმემ რომ გითხრათ სულის მიერ: „მომეცით ვერცხლი“, ან სხვა ამგვარი, არაფერი ისმინოთ მისი; ჭირვეულთათვის მისაცემად თუ გეტყვით ამას, ნუ განიკითხავთ.


XII. 1. ვინც თქვენთან მოვა უფლის სახელით, შეიწყნარეთ; შემდეგ გამოცდით მას და შეიცნობთ, რადგანაც იცით თქვენ გარჩევა მარჯვენისა და მარცხენისა.
2. თუკი მოსული მგზავრია ვინმე, შეეწიეთ, როგორც შეგეძლოთ, არ დაყოვნდება იგი თქვენთან, ან თუ დასჭირდა, დაიხანებს ორი-სამი დღე.
3. თუკი ისურვებს თქვენთან ყოფნას და თუ ხელობაც ეხერხება, იშრომოს და ისე ჭამოს.
4. თუკი არა აქვს რამ ხელობა, გონივრულად განჭვრიტეთ მისთვის: არავინ იყოს ქრისტიანი თქვენს შორის უქმად.
5. თუ არ ისურვებს ამგვარად ყოფას, ქრისტეს მოვაჭრე ყოფილა იგი. ეკრძალეთ მას.


XIII. 1. ყველა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი , რომელიც თქვენთან დამკვიდრებას მოისურვებს, ღირსია თავისი საზრდელისა (შდრ. მათე 10,10; 1 ტიმ. 5,18).
2. ასევე, ჭეშმარიტი მოძღვარი, როგორც მუშა - კი, ღირსია თავისი საზრდელისა.
3. რასაც კი შეკრებთ საწნახელში თუ კალოზე, საქონლის ჯოგში თუ ცხვრის ფარაში, წინასწარმეტყველთ მიუბოძეთ პირველნაყოფი. მღვდელმთავრები არიან ისინი თქვენთვის.
4. თუკი არა გყავთ წინასწარმეტყველი, უბოძეთ გლახაკთ.
5. თუ პურს მოიწევ, გამოიღე პირველნაყოფი და მცნებისამებრ გაეცი იგი.
6. როცა თავს ახდი ღვინის ჭურჭელს ანდა ზეთისას, პირველთავი გამოიღე და უბოძე წინასწარმეტყველთ. ვერცხლის ფულის, სამოსელის, მთელი ქონების პირველთავი ისე აიღე, როგორც ისურვებ და გაეცი მცნების თანახმად.


XIV. 1. უფლის კვირადღეს შეიკრიბეთ, განტეხეთ პური და აღავლინეთ სამადლობელი, აღიარეთ შეცოდებანი რომ წმინდა იყოს მსხვერპლი თქვენი.
2. ვინც ექიშპება თავის მოყვასს, ვიდრე დაცხრება, ნუ მოვა თქვენთან, რომ არ შებილწოს მსხვერპლი თქვენი.
3. უფალმა ეს თქვა: :ყოველ ადგილას და ყოველ ჟამს შემომწირეთ მე წმიდა მსხვერპლი. მეუფე ვარ დიდი, - ამბობს უფალი - სახელი ჩემი საკვირველია წარმართთა შორის“. (მალ. 1,11).


XV. 1. დაადგინეთ თქვენთვის ეპისკოპოსები და დიაკვნები, ღირსნი უფლისა, კაცნი მშვიდნი და უვერცხლონი, ჭეშმარიტნი და გამოცდილნი. რომ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა ლიტურგია ამსახურონ მათაც თქვენს შორის.
2. არ მოიძაგოთ ისინი, რადგანაც თქვენს მიერ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა დარად არიან პატივდებულნი.
3. ამხილეთ ერთურთი, არა რისხვით არამედ დაწყნარებით, როგორც თქმულა სახარებაში. ხმა არ გასცეთ მას, ვინც სხვას აცდენს; არც არაფერი ისმინოთ მისი, ვიდრე თვით არ მოინანიებს.
4. თქვენი ლოცვები, მოწყალებანი და ყველაფერი, რასაც შვრებით, იმგვარად ქმენით, როგორც უფალმა დაგვიწესა სახარებაში.


XVI. 1. იფხიზლეთ თვენი ცხოვრებისათვის. ნუ ჩაქრება თქვენი სანთლები, ნურც სარტყლები შემოგერღვევათ (ლკ. 12,35); განემზადენით! არავინ იცით, როდის მოვა უფალი ჩვენი (მათე 24,42).
2. ხშირად და ხშირად შეიკრიბეთ; გამოძიეთ უმჯობესი თქვენი სულისა. ვერაფერს გარგებთ თქვენი რწმენის მთელი წინდა დრო, თუ არ იქნებით სრულყოფილნი ბოლო ჟამისთვის.
3. ბოლო დღეებში ცრუწინასწარმეტყველები და გამხრწნელები გამრავლდებიან; შეიცვლებიან ცხვრები მგლებად, სიყვარული კი სიძულვილად გადაიქცევა (მათე 24,11 - 12).
4. განივრცობა ურჯულოება (მათე 24,12) და ერთმანეთს მოიძაგებენ; განდევნიან და გასცემენ ერთურთს (მათე 24,10). სწორედ მაშინ გამოჩნდება ქვეყნისმაცდური, როგორც ძე ღვთისა, და ჰყოფს იგი ნიშნებსა და სასწაულებს (მათე 24,24). მიწაც მის ხელებს მიეცემა. იმგვარ ურჯულოებას აღასრულებს ქვეყნისმაცდური, რაც არ ქმნილა საუკუნიდან (შდრ. იოველ 2,2).
5. გამოცდის ცეცხლს მიეცემა კაცთა არსება. ბევრი მათგანი შეცდება და წარიწყმიდება, ხოლო ვინც რწმენით განიმტკიცდება, გამოიხსნება წყევლისაგან (შდრ. მათე 24,13; 10,22).
6. ჭეშმარიტების ნიშანდებაც სწორედ მაშინ გამოვლინდება: უპირველესად, ეს იქნება ნიშანი ცაში გავრცობისა27, შემდეგ - ნიშანი საყვირთა ხმისა (მათე 24,31), ხოლო მესამე - მკვდართა აღდგომა, -
7. არა ყველასი, არამედ ისე, როგორც თქმულა: „მოვა უფალი და მასთან ერთად ყველა წმინდანი“ (ზაქ. 14,5).
8. მაშინ იხილავს სამყარო უფალს „მომავალსა ღრუბელთა ზედა ცისათა“ (მათე 24,30)...

ვისაუბროთ ამ ძეგლის ირგვლივ. ქვემოთ მნიშვნელოვან ნაწილებს გამოვყოფ, რაც ყველასგან დასამახსოვრებელია.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Jan 5 2010, 11:56 AM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



„დიდაქე“
(ადრექრისტიანული პერიოდის ძეგლი)
უფლის მოწამეთა ავტორობით პატივდებული შრომა „მოძღვრება თორმეტი მოციქულისა“




დღეისათვის დადგენილად ითვლება რომ ეს ძეგლი მოციქულთა ეპოქას ეკუთვნის და წარმოადგენს გარდამავალ საფეხურს „ახალი აღთქმიდან“ აპოსტოლურ მამებამდე.

საეკლესიო მამათაგან „დიდაქეს“ ერთ-ერთი უადრესი გამოყენება გვაქვს წმ. იუსტინე მარტვილელთან (II საუკუნის შუა წლები) მის „პირველ აპოლოგიაში“, შემდეგ წმ. თეოფილე ანტიოქიელთან (II საუკუნის II ნახევარი) მის შრომაში „ავტოლიკესადმი“. განსაკუთრებით საინტერესოა ცნობილი ღვთისმეტყველის კლიმენტი ალექსანდრიელის (II –III საუკუნეები) დამოწმება, რადგან ეს უკანასკნელი „დიდაქეს“ სახელდებს „წერილად“, ანუ ბიბლიად. აი, ეს ადგილი: „უსამართლობას სჩადის ის, ვინც ბარბაროსთაგან შეითვისებს რასმე, შემდეგ კი მას თავისეულად გამოაცხადებს, რომ ამ გზით სახელი გაითქვას. ასეთი ვინმე ეცრუება ჭეშმარიტებას და იგი წერილის მიერ იწოდება „ქურდად“, რადგან ამბობს (წერილი): შვილო ჩემო, ნუ იცრუებ , რადგან სიცრუე ქურდობისაკენ მოგიძღვება“ (იხ. კლიმენტი ალექსანდრიელი, ხალიჩები I. 20.100,4).

„წერილიდან“ მოტანილი სიტყვები არის „დიდაქეს“ ზედმიწევნითი ციტირება (იხ. „დიდაქე“ თავი 3 მუხლი 5) სხვაგან არსად გვხვდება იგი. ეს დამოწმება მნიშვნელოვანია ორი მხრივ: 1) „დიდაქე“ წოდებულია „წერილად“ (ბერძნ. „გრაფე“), რაც ამ ძეგლის მართებულობას ასაბუთებს. 2) „დიდაქე“ მოხსენიებულია ზოგადად „წერილად“, კონკრეტულად სახელდების გარეშე, რაც ცხადყოფს, რომ ის იგი დიდად ცნობილი იყო ადრექრისტიანულ ეპოქაში. ეს გასაკვირი არაა, რადგან იმ დროს ახალმოქცეული ქრისტიანები უპირველესად სწორედ „დიდაქეს“ ეცნობოდნენ.

ჩვენ გვერდს ვუვლით „დიდაქეს“ სხვა ამგვარ დამოწმებებს და აღვნიშნავთ მხოლოდ ყველაზე მთავარს. ეს გახლავთ უწმინდესი მამის, ათანასე ალექსანდრიელის მოწმობა იმის შესახებ, რომ „დიდაქე“ წარმოადგენს პირველდაწყებითი სწავლების შემცველ თხზულებას, ანუ კატეხიზმოს. ხსენებული მოწმობა გვხვდება ათანასე ალექსანდრიელის სახელგანთქმულ „სადღესასწაულო ეპისტოლეში“. კარგად არის ცნობილი, რომ ეს ეპისტოლე სჯულდებითი ხასიათისაა და მასში განსაზღვრულია, ერთი მხრივ, ბიბლიის კანონი, მეორე მხრივ პირველდაწყებითი სწავლების შემცველი ძეგლები, ხოლო მესამე მხრივ მწვალებლური თხზულებები, ანუ ერეტიკული აპოკრიფები (ძველი ქართული თარგმანით „დაფარულნი“).

აღნიშნულ ეპისტოლეში ჯერ ჩამოთვლილია „ძველი“ და „ახალი“ აღთქმის წიგნები, შემდეგ ალექსანდრიის პატრიარქი დასძენს (მოგვაქვს არსენ იყალთოელის თარგმანი): „უმეტესისა უცთომელობისათვის საჭიროდ ვსაჯე ამისიცა შეძინებაჲ, ვითარმედ არიან სხუანიცა წიგნნი თჳნიერ ამათსა არაგანკანონებულნი უკუე, ხოლო დაწერილნივე მამათა მიერ საკითხავად მათთვის, რომელნი აწღა მოუხდებოდიან და ენების დამოწაფებაჲ და კეთილმსახურებისა სიტყვისაჲ: „სიბრძნე სოლომონისი“ და „სიბრძნე ზირაქისი“ და „ესთერი“ და „ივდითი“ და „ტოვისი“ და „სწავლად მოციქულთად“ წოდებული იგი და რომელსა იგი „პიმენი„ჰრქჳან“ (დიდი სჯულის კანონი გვ. 471).

რადგან აღნიშნული სიტყვები მნიშვნელოვანია, მოგვაქვს ახალქართული თარგმანი: „უფრო მეტი უცთომელობისთვის საჭიროდ მივიჩნიე იმის დამატებაც, რომ ზემოხსენებულთა გარდა (იგულისხმება ბიბლიის კანონთა წიგნები) არის სხვა წიგნებიც, არა განკანონებული, რომლებიც, აგრეთვე მამათა მიერ დაიწერა იმათ მიერ წასაკითხად, რომლებიც ახლახან შემოდიან და სურვილი აქვთ დაემოწაფონ სიტყვის (ე.ი ძე ღმრთის) კეთილმსახურებას: „სიბრძნე სოლომონისა“, „სიბრძნე ზირაქისა“, „ესთერი“, „ივდითი“, „ტობი“, „სწავლად მოციქულთა“ წოდებული და „პიმენი“.

მოტანილი ციტატიდან „სწავლა მოციქულთა“ არის სწორედ „დიდაქე მოციქულთა“ აი შესაბამისი ბერძნული ტექსტი: „დიდაქე ტონ აპოსტოლონ“; სიტყვა „დიდაქე“ ძველქართულად ითარგმნებოდა როგორც „სწავლაჲ“. წმინდა მამათა დროდან ცნობილია, რომ ათანასე ალექსანდრიელმა შეწყნარებულ ძეგლად და მამათა მიერ დაწერილ კატეხიზმოდ შერაცხა „დიდაქე“.

„დიდაქეს“ როგორც მართებული კატეხიზმოს აღიარება რჯულდებით განამტკიცა „დიდი სჯულის კანონმა“, რომელმაც ატანასე ალექსანდრიელის სადღესასწაულო ეპისტოლე თავის წიაღში შეაერთა. ზემორე სიტყვები არსენ იყალთოელის თარგმანით ჩვენ სწორედ „დიდი სჯულის კანონიდან“ მოვიტანეთ.

ისმის კითხვა: თუ „დიდაქე“ მართებული ძეგლია, რატომ არ არის იგი შეტანილი ბაბლიის კანონში? იმიტომ, რომ „დიდაქე“ დაწერილია არა უშუალოდ მოციქულთა, არამედ წმინდა მამათა ხელით, მაგრამ მას მოციქულთა მოძღვრება ეწოდება, რადგან ყოველივე ის, რაც ამ ძეგლშია თქმული წარმოადგენს მოციქულთა სხვადასხვა შეგონებებისა და სწავლებების კრებულს, ე.ი. ეკლესიის მამებს თვით კი არ დაუწერიათ რაიმე თავისი, არამედ მოციქულთა მოციქულთა მოძღვრებიდან და გადმოცემებიდან უცვლელად გამოკრიბეს და ახალმოქცეულთათვის ერთ კრებულად შეადგინეს პირველდაწყებით სახელმძღვანელოდ ანუ კატეხიზმოდ, ჩამოაყალიბეს ის, რაც ახალმოქცეულს ესაჭიროებოდა. ეს პირდაპირაა თქმული წმ. ათანასეს მიერ: „დაწერილნივე მამათა მიერ საკითხავად მათთვის, რომელნი აწღა მოუხდებოდიან და ენების დამოწაფებაჲ კეთილად მსახურებისა სიტყვისაჲ“.

პარალელისათვის შეგვიძლია გავიხსენოთ უდიდესი ავტორიტეტის მქონე ძეგლი „მოციქულთა კანონები“, რომელიც საზოგადოდ საფუძველია ქრისტიანული რჯულდებისა და ამიტომაც, როდესაც მოგვიანებით შედგა კრებული „დიდი სჯულის კანონი“, მის პირველ ძეგლად სწორედ „მოციქულთა კანონები“ შეიტანეს. ამ ძეგლის ჭეშმარიტებას, ცხადია, არავინ უარყოფს, მაგრამ არც ის არც ის არის შეტანილი ბიბლიის კანონში, რადგან „მოციქულთა კანონების“ უშუალო დამწერი არის არა რომელიმე მოციქული, არამედ მათი მოწაფე რომის პაპი წმ. კლიმენტი. ამას, სხვათაშორის, რუის- ურბნისის ძეგლისწერაც გვაუწყებს: [მოციქულებმა] დიდისა კლიმენტოისა მიერ დახსნეს კანონნი საეკლესიონი, რიცხჳთ ოთხმეოცდახუთნი“ (დიდი სჯულისკანონი გვ. 545).

„დიდაქეს“ მართებულობას, გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, ადასტურებს ის უნიკალური ხელნაწერიც, რომელმაც აღნიშნული ძეგლი სრულად შემოგვინახა. ხელნაწერი დაწერილია 1056 წლის ივნისში. ესაა ეპოქა, როცა კათოლიკურსა და მართლმადიდებლურ ეკლესიათა შორის სულ ახლახანს მოხდა საბოლოო განხეთქილება და ბერძენი მამები დაუცხრომლად იღწვიან უადრესი საეკლესიო ძეგლების მოსაპოვებლად და შესაკრებად, რომ წყაროთმცოდნეობითად ეპაექრონ მოწინააღმდეგეს. ხელნაწერი შეიცავს ისეთ უმნიშვნელოვანეს ძეგლებს, როგორებიცაა, მაგალითად წმ. იოანე ოქროპირის „შეჯამება ძველი და ახალი აღთქმისა“, მოციქულთა მოწაფის წმ. კლიმენტი რომაელის ორი ეპისტოლე კორინტელთა მიმართ, II ს - ის დამდეგის უდიდესი მღვდელმოწამის ეგნატი ღმერთშემოსილის ეპისტოლეები და სხვ.

ხელნაწერის ჭეშმარიტებას ცხადყოფს ისიც, რომ იგი გადაიწერა იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოში და იქვე ინახება დღემდე.

ამჯერად ორიოდე სიტყვით შევეხოთ იმასაც, თუ საიდან შეიქმნა აზრი „დიდაქეს“ არაჭეშმარიტების შესახებ. ეს აზრი პირველად გამოთქმულია კანონიკური და აპოკრიფულ წიგნთა იმ სიაში რომელიც უცნობმა ავტორმა სწორედ ათანასე ალექსანდრიელის სახელით გაავრცელა. ძველი დროიდანვე ცხადი გახდა, რომ ეს სია არ არის წმ. ათანასეს დაწერილი. იგი უარყო სჯულის კანონმა და ეს აზრი დაასაბუთა მეცნიერულმა კვლევამ, რის გამოც ამ სიას ყველა იხსენიებდა და იხსენიებს, როგორც „ფსევდოს“ ანუ „ცრუს“. თვით ამ ყალბ სიაშიც „დიდაქე“ უარყოფილი კი არაა, უბრალოდ მიჩნეულია „საკამათოდ“, ხოლო ჩევენ უნდა ვიცოდეთ, რომ „საკამათოდ“ ანუ ძველი ქართულით „საეჭუელად“ სხვადასხვა დროს მიაჩნდფათ ისეთი ძეგლიც კი, როგორიცაა „იოანეს გამოცხადება“. მაგალითად ეს ძეგლი ბიბლიის კანონიდან გამორიცხა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა (იხ. დიდი სჯულის კანონი გვ. 521, სადაც დასახელებულია „ახალი აღთქმის“ ყველა კანონიკური წიგნი, გარდა „გამოცხადებისა“, ჩამოთვლის ბოლოს კი აღნიშნულია: „ამათ თჳნიერ (ე.ი. გარეშე) სხუაჲ საკუთარ არს“. ასევე, წმ. ამფილოქე იკონიელი აღნიშნავს: „და იოანეს გამოცხადებასაცა სხუანი აღჰრაცხვენ ამათვე თანა ერთად, ხოლო საეჭუელ ჰყოფენ მას უმრავლესნი“ (იხ. „დიდი სჯულის კანონი“ გვ. 523)

ამგვარად „დიდაქეს“ მართებულობა ეჭვის ქვეშ დააყენა უცნობი ავტორის მიერ შედგენილმა სიამ კანონიკური და აპოკრიფული წიგნების შესახებ. თუ რა ავტორიტეტისაა ხსენებული სია, ცხადყოფს მისი ფსევდო ხასიათი. ეს ფსევდოობა, ვიმორებთ, სწორედ სჯულის კანონმა დაადგინა. საქმის ვითარება ასეთი იყო: როდესაც „სჯულის კანონი“ დგებოდა, მასში, ცხადია, უნდა შეეტანათ წმ. ათანასე ალექსანდრიელის (როგორც უდიდესი მამის) რჯულდებითი შრომა ბიბლიის კანონიკური , შეწყნარებული და აპოკრიფული თხზულებების შესახებ. წმ. ათანასეს ავტორობით ცნობილი იყო ორი ამგვარი ურთიერთგანსხვავებული შრომა. 1. მისი სადღესასწაულო ეპისტოლე და 2. ზემოხსენებული ფსევდო-შრომა. ცხადია, არ შეიძლებოდა, რომ ორივე ამ შრომის ავტორი ერთი პირი ყოფილიყო. რადგანაც მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. „დიდმა სჯულის კანონმა“ ჭეშმარიტად შერაცხა პირველი (სადღესასწაულო ეპისტოლე), ხოლო მეორე უკუაგდო. ამ ფსევდო-შრომის ცნობა „დიდაქეს“ როგორც საკამათო თქზულების შესახებ გადავიდა აპოკრიფულ წიგნთა ზოგიერთ სიაში, რომლებიც ასევე არ შეუწყნარებია სჯულისკანონს. უნდა აღვიშნოთ, რომ კანონიკურ და აპოკრიფულ წიგნთა ისეთი სიებით სარგებლობა, რომლებიც სჯულისკანონში არ შესულა, მეტად საფრთხილოა . მაგალითად, აღვნიშნავთ გელასი პაპის ავტორობით ცნობილ სიას, რომელიც VI ს-ს ეკუთვნის. მასში აპოკრიფთა შორის ახსენიება, სხვათაშორის „მოციქულთა კანონები“, რაც ცხადია სრულიად უმართებულოა, რადგან ეს ძეგლი „სჯულისკანონის“ საფუძველს წარმოადგენს.

მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი გარემოება, რამაც ხელი შეუწყო „დიდაქეს“ მართებულობაში დაეჭვებას, წმინდა წყლის მექანიკური შეცდომა (უფრო ზუსტად აღრევა) იყო. ეს აღრევა მომდინარეობს XII ს-ის ბიზანტიელი ისტორიკოსის იოანე ძონარასაგან. შეცდომა გამოიწვია ორი მსგავსი სახელწოდების მქონე ძეგლის ერთმანეთში აღრევამ. ადრექრისტიანულ მწერლობაში გავრცელებული იყო კლიმენტი რომაელის ავტორობით რვა წიგნად ცნობილი ვეებერთელა თხზულება „მოციქულთა განწესებანი“ (ბერძ. დიატაქსაიტონ აპოსტოლონ) ეს ძეგლი იხსენიება მოციქულთა 85-ე კანონში, სადაც იგი შერაცხულია უღრმესი მნიშვნელობის მქონე ძეგლად და შეტანილია „ახალი აღთქმის“ კანონში. აი, შესაბამისი ადგილი მოციქულტა 85-ე კანონისა: ხოლო ჩუენნი, ესე იგი არს, ახლისა აღთქუმისანი, - სახარებანი ოთხნი: მათესი, მარკოზისა, ლუკაჲსი და იოანესი, პავლეს ეპისტოლენი ათოთხმეტნი, პეტრეს ეპისტოლენი ორნი, იოანესი სამნი, იაკობისი ერთი, იუდაჲსი - ერთი, კლიმენტოჲს ეპისტოლენი ორნი და „განწესებანი“ თქუენ ეპისკოპოსთანი ჩემ კლიმენტოის მიერ რვათა წიგნთა შინა აღწერილნი, რომელთაჲ არა ჯერ არს ყოველთა შორის საანჯმნო-ყოფაჲ მათ შორის მყოფთათვის საიდუმლოთა და „საქმენი“ ჩუენ მოციქულთანი (იხ. დიდი სჯულის კანონი გვ. 226)

ეს უზარმაზარი ძეგლი, რომელიც კლიმენტი რომაელს (I ს-ის მე-2 ნახევარი) დაუწერია, შემდეგში უცნობ პირებს რაღაც ახალი მასალით შეუვსიათ და ამ გზით დაუმახინჯებიათ, რის გამოც მეექვსე საეკლესიო კრების მეორე კანონმა უარყო იგი: „ხოლო ვინაითგან ამათ კანონთა შინა (იგულისხმება მოციქულთა კანონები) მცნებულ არს ჩუენდა, რაჲთა შევიწყნარეთ მათვე წმიდათა მოციქულთანი კლიმენტოსის მიერ განწესებანი“, რომელთა თან ძუელ სადმე სხუაჲ მადიდებელთა მწვალებელთა მიერ განსარყუნელად ეკლესიისა მორყუნილნი რაჲმე და უცხონი კეთილად მსახურებისანი დაერთნეს სიტყუანი კეთილსა შვენიერებასა საღმრთოთა სჯულთასა დასაბნელებლად, სამართლად განყრასა ვჰყოფთ მათ „განწესებასა“ (დიდი სჯულისკანონი გვ. 372).

ზემოხსენებული ბიზანტიელი ისტორიკოსის, „იოანე ძონარას ცნობით, ზოგიერთებმა, რომლებისთვისაც უცნობი იყო თხზულება „დიდაქე მოციქულთა“, წმ. ათანასე ალექსანდრიელის სადღესასწაულო ეპისტოლეში დამოწმებული ეს ძეგლი გააიგივეს მსგავსი სახელწოდების მქონე „მოციქულთა განწესებანთან“. აი, რას გვაუწყებს ძონარა: „ამბობენ, რომ „მოცუქულთა დიდაქედ“ სახელდებული თხზულება არის კლიმენტის მიერ დაწერილი „მოციქულთა განწესებანი“.

როგორც აღვნიშნეთ, „მოციქულთა განწესებანი“ არის „დიდაქესაგან“ სრულიად განსხვავებული ძეგლი, იგი მოცულობითაც უზარმაზარია და რაც განსაკუთრებით საინტერესოა, თვით შეიცავს „დიდაქეს“ ნაწილს. ძონარას კომენტარიდან მომდინარე აღრევა გადავიდა XIV ს-ის ისტორიკოსთან მათეუს ბლასტართან. შემდეგ კი XVIII – XIX ს-ის მეცნიერულ სამყაროში, როდესაც მეცნიერებისათვის ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი „დიდაქე“. ბლასტარის ცნობა შეწყნარებული იყო, მაგალითად მენეშევის მიერ, როდესაც „დიდაქეს“ სრული ტექსტი გამოვლინდა, მაშინვე გაირკვა შეცდომა და გამოიცა რა „მოციქულთა განწესებანი“, ძეგლის კომენტარებში საგანგებოდ აღინიშნა, რომ XIV ს-ის ბიზანტიელმა ისტორიკოსმა მათეუს ბლასტარმა ერთმანეთში აურია „მოციქულთა განწერსებანი და „მოციქულთა დიდაქე“.

ჩვენ არა გვაქვს საშუალება უფრო განვავრცოთ მსჯელობა ისეთ უაღრესად საინტერესო საკითხზე, რაც „დიდაქეს“ ისტორიულ-თეოლოგიურ შესწავლას გულისხმობს. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ დასკვნის სახით აღვნიშნავთ:

ზემოხსენებული ძეგლი „დიდაქე მოციქულთა“ (ძვ. ქართულით „სწავლაჲ მოციქულთაჲ“) იყო დიდად ცნობილი თხზულება ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში I-XI სს-ში, რომლითაც სარგებლობდა მრავალი წმინდა მამა, რომელიც შეწყნარებულ ძეგლად აღიარა წმ. ათანასე ალექსანდრიელმა და რომელიც მამათა მიერ დაწერილ მართებულ კატეხიზმოდ შერაცხა „დიდმა სჯულისკანონმა“.

ე. ჭელიძე. ეკლესია - სძალი უფლისა. თხ. 1990 წ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
afxazi   დიდაქე   Jan 5 2010, 11:43 AM
afxazi   [b]„დიდაქე“ (ადრექრი...   Jan 5 2010, 11:56 AM
afxazi   რაც შეეხება მნიშვნ...   Jan 5 2010, 12:16 PM
dzvelmartlmadidebeli   "შეიძლება ბევრს ა...   Jun 5 2010, 11:01 AM
agmsarebeli   "შეიძლება ბევრს ...   Jun 9 2010, 11:31 PM
iosebi1978   წყალი თუ არ არის წყ...   Jan 26 2012, 01:24 AM
netvorc   [b]"შეიძლება ბევრს...   Jun 17 2010, 12:57 PM
afxazi   მეორედ მოსვლის შეს...   Jan 6 2010, 09:52 AM
afxazi   dzvelmartlmadidebeli ხოოოო, ეს ნ...   Jun 5 2010, 12:51 PM
afxazi   netvorc იმედია კლიმენ...   Jun 17 2010, 01:25 PM
netvorc   netvorc იმედია კლიმენტ...   Jun 17 2010, 09:54 PM
dzvelmartlmadidebeli   netvorc იმედია კლიმენტ...   Jun 19 2010, 01:36 PM
afxazi   რაც შეეხება ნათლობ...   Jun 17 2010, 01:42 PM
netvorc   რაც შეეხება ნათლო...   Jun 17 2010, 09:02 PM
sopo...   რატომ? საქართველო ...   Jun 17 2010, 09:45 PM
netvorc   ნათლისღების შესახ...   Jun 17 2010, 10:07 PM
sopo...   50 კანონი ანუ სამი ...   Jun 18 2010, 12:31 AM
afxazi   sopo... ამაში ვერც ვერ...   Jun 18 2010, 01:42 PM
sopo...   afxazi ძალიან საინტერ...   Jun 18 2010, 10:58 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi [b]"არის თუ არა ...   Jun 19 2010, 01:55 PM
dzvelmartlmadidebeli   sopo... ნათლობა რომ ყვ...   Jun 19 2010, 02:15 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli მე გირჩევ,...   Jun 19 2010, 02:42 PM
sopo...   dzvelmartlmadidebeli ფაქტია რომ...   Jun 19 2010, 03:40 PM
dzvelmartlmadidebeli   sopo... არ შეიძლება სა...   Jun 19 2010, 03:49 PM
sopo...   dzvelmartlmadidebeli ღმერთმაბე...   Jun 19 2010, 10:39 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi კეთილი. სხვაგვა...   Jun 19 2010, 04:04 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli არ ვიცი რა...   Jun 19 2010, 05:32 PM
dzvelmartlmadidebeli   sopo... რჯულისკანონს ...   Jun 20 2010, 01:09 AM
dzvelmartlmadidebeli   afxazi როგორ გიყვარს ი...   Jun 20 2010, 01:27 AM
dzvelmartlmadidebeli   sopo... მოდი, ეხლა არ ვ...   Jun 20 2010, 02:24 PM
sopo...   dzvelmartlmadidebeli რჯულისკან...   Jun 20 2010, 06:03 PM
dzvelmartlmadidebeli   sopo... ძალიან ძნელია ...   Jun 21 2010, 12:29 AM
dzvelmartlmadidebeli   ვფიქრობ დროა გაკეთ...   Jun 21 2010, 10:19 AM
afxazi   dzvelmartlmadidebeli რატომ აძლ...   Jun 21 2010, 04:09 PM
sopo...   აქაც იგივეს ვიტყოდ...   Jun 22 2010, 10:17 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th September 2025 - 07:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი