IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ალექსანდრე შმემანი - XX საუკუნის ერთერთი უდიდესი თეოლოგი, ...წერილები, ქადაგებები...
ნონა
პოსტი Jan 9 2010, 08:21 PM
პოსტი #1


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ალექსანდრე შმემანი მე-20 საუკუნის უდიდესი თეოლოგი იყო.
წარმოშობით რუსი ემიგრანტი 1921 წელს დაიბადა ლატვიის ქალაქ ტალინში. დაამთავრა პარიზის წმინდა სერგის სახელობის სასულიერო სემინარია.
1946 წელს სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მღვდლად აკურთხეს. მას მინიჭებული აქვს პროტოპრეტვირის წოდება რომელიც უმაღლესია დაოჯახებული სასულიერო იერარქისათვის.
იგ სიკვდილამდე (1983წ) ეწეოდა მღვდელმსახურებას და სასულიერო-განმანათლებლობით მოღვაწეობას.

ამ თემაში მსურს წარმოგიდგინოთ მისი წერლები და ქადაგებები
ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო შმემანის ფილოსოფიურ-თეოლოგიური ხედვის გაცნობა.
ვიმედოვნებ თქვენთვისაც საინტერესო და სასარგებლო იქნება მის ფილოსოფიასთან თანაზიარობა.




თავისუფლების ქრისტიანული გაგება

I. მთელს მსოფლიოში, მის სხვადასხვა ნაწილში, ამჟამად ბევრს საუბრობენ გათავისუფლებაზე. ეს, ალბათ, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი, ყველაზე პოპულარული ცნებაა. გათავისუფლება საძულველი ტოტალიტარული რეჟიმისაგან, პარტიული მეთვალყურეობისაგან, პარტიული იდეოლოგიისაგან. გათავისუფლება კოლონიური იმპერიალიზმისაგან. გათავისუფლება საზოგადოების ფარისევლობისა და მატერიალიზმისაგან, გათავისუფლება სქესობრივი ტაბუსაგან, მორალიზმისაგან, სოციალური კონფორმიზმის ზეწოლისაგან, და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.
როგორღაც თითქმის უეცრად ადამიანმა თავი იგრძნო დამონებულად, თოჯინად რაღაც იმ ძალების ხელში, რომლებზეც არ აქვს ძალაუფლება, და მას გაუჩნდა მძაფრი მოლოდინი და წყურვილი გათავისუფლებისა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მისწრაფებისათვის მთავარი საფრთხე არის ის, რომ ადამიანთა უდიდეს ნაწილს გათავისუფლება ესმის უარყოფითი აზრით _ როგორც თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე ამა თუ იმ სახის დაბრკოლების ლიკვიდაცია, როგორც ბრძოლა რაღაცასთან და არა რაღაცისათვის. მოსპეთ კოლონიალიზმი და ყველაფერი აყვავდება, გაანადგურეთ მობეზრებული და საძულველი ხელისუფლება და პარტია და დაისადგურებს თავისუფლება, გადააყირავეთ სქესობრივ ცხოვრებაზე ფარისევლური აკრძალვები და გაბრწყინდება წმინდა და თავისუფალი სიყვარული. სამწუხაროდ, ადამიანთა ამ უმრავლესობამ არ იცის, რომ თავისი უარყოფითი მნიშვნელობით გათავისუფლების ცნება ვერ ამოიწურება; სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ არის საკმარისი, რაღაც მოიშორო და რაღაც მოსპო, რათა დამკვიდრდეს თავისუფლება.
მარქსი თვლიდა, რომ საკმარისია კერძო საკუთრების მოსპობა და წარმოების საშუალებათა განზოგადება და თითქმის ავტომატურად მოხდება `ნახტომი აუცილებლობის სამეფოდან თავისუფლების სამეფოში”. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს ასე არაა, რომ ეს მოჩვენებითი თავისუფლება რეალურად ადამიანის გაუგონარ დაკაბალებად და დამონებად იქცა. და ამიტომ ამჟამად არ არის უფრო საჩქარო ამოცანა, უფრო მნიშვნელოვანი თემა, გავარკვიოთ, თუნდაც ყველაზე ზოგადი, მაგრამ არა უარყოფითი, არამედ სწორედ დადებითი ცნება გათავისუფლებისა, ან, შესაძლოა, უფრო მარტივად _ თავისუფლების იდუმალი, ვერშესახები (მოუხელთებელი), თვალისმომჭრელი ცნება.
ადამიანი ხომ საუკუნეების განმავლობაში მოჯადოებულივით იმეორებს ამ სიტყვას, და მაინც, იგი, ეს თავისუფლება, რჩება რაღაც მიუწვდომელ, მიუღწეველ იდეალად, და ეს იმიტომ, რა თქმა უნდა, რომ ადამიანს არ ჰყოფნის გაბედულება და ვაჟკაცობა, რეალურად ჩაიხედოს ამ უფსკრულში, თვალი გაუსწოროს თავისუფლებას. დოსტოევსკი პირდაპირ იმასაც კი ამტკიცებდა, რომ რეალურად ადამიანს ეშინია ამ თავისუფლებისა და გარბის მისგან, რადგან მეტისმეტად მძიმეა ეს უღელი ადამიანის სუსტი ძალებისათვის, და რომ ინსტიქტურად, გაუცნობიერებლად, ადამიანი ეძებს იმას, რასაც შეიძლება დაემორჩილოს და რისი სახელითაც შეძლებს, უარი თქვას თავის თავისუფლებაზე. მერმე, მართალია, იგი იწყებს ამბოხს იმის წინააღმდეგ, ვისაც დაემორჩილა, მაგრამ ამბოხი _ ჯერ კიდევ არაა თავისუფლება. ამბოხი, ესაა უარყოფა, მაგრამ არასოდეს არ არის დამკვიდრება.
და, აი, დროა, დროა შევახსენოთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, საიდან წარმოიქმნა, საიდან მოვიდა ჩვენამდე ეს იდუმალი, თავისუფლების ცნება, რომლის განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია. მის შესახებ ხომ ათასწლეულების განმავლობაში არაფერი იცოდა ადამიანმა, არ იცოდნენ თვით დიდმა და ძველმა ცივილიზაციებმა. ანტიკური საბერძნეთი, მაგალითად, თავისუფლებაში მოიაზრებდა ქალაქის თავისუფლებას სხვა ქალაქებისაგან, მაგრამ მშვენივრად ეგუებოდა მონობასა და ყველას დაქვემდებარებას აბსოლუტური ძალაუფლებისათვის. ძველმა რომმა შექმნა სამართლის სისტემა, მაგრამ როგორც კი რომელიღაც უცნაურმა ადამიანებმა უარყვეს თვით რომის ღვთაებრიობა და აბსოლუტიზმი, მან ეს ადამიანები ლომებს მიუგდო დასაგლეჯად და ჯვარს აცვა ისინი. და იქვე ბატონობდა მონობა, მეფობდა საკრალური წყობა, რომლის მიმართ ეჭვის გამოთქმა უკვე ითვლებოდა იმ დანაშაულად, რომელიც სიკვდილით ისჯებოდა.
არა, სულაც არ არის ასე ადვილი და სულაც არ არის ასე ცხადი თავისუფლების ცნება, როგორც ამას ფიქრობენ ყოველგვარი გათავისუფლების თანამედროვე წინასწარმეტყველნი და იდეოლოგები, რადგან სწორედ ისაა მთელი საქმე, რომ თავისუფლების ეს ცნება, უპირველესად, პარადოქსულია და, შესაბამისად, თავისთავად არ გამოიყვანება ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილებისაგან.
ბუნებაში ხომ _ სჭირდება კი ამას მტკიცება? _ არ არის თავისუფლება. მასში ნამდვილად მეფობს აბსოლუტური დეტერმინიზმი, მიზეზობრიობის რკინისებური კანონი, და მთელი მეცნიერება, არსებითად, მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ეს კანონი გაიგოს და განსაზღვროს. მაგრამ მაშინ ადამიანიც, თუ ის მხოლოდ ამ ბუნების ნაწილია, თუ ის მხოლოდ ბუნებაა, არ შეიძლება პრეტენზიას აცხადებდეს რაიმე სახის თავისუფლებაზე. მაშინ ადამიანიც, თუმცა უფრო რთულად, ექვემდებარება დეტერმინიზმის, მიზეზობრიობის იგივე კანონს, რომელიც ვერ იტანს, არ უშვებს გამონაკლისებს. და მაშინ მისი ყველა მსჯელობა თავისუფლებაზე სხვა არაფერია, თუ არა ლაყბობა, რომელსაც არავითარი შინაარსი არ აქვს.
ვიცი, ბევრი აიჩეჩს მხრებს, როცა ვიტყვი, რომ ერთადერთი, ხაზს ვუსვამ, ერთადერთი შინაარსი თვით სიტყვა თავისუფლებისა არის ადამიანის რელიგიური გაგება, ესე იგი, ისეთი გაგება, რომელსაც ადამიანი არ დაჰყავს მხოლოდ ბუნებამდე. თუ გვსურს გათავისუფლების უარყოფითი ცნებიდან გადავიდეთ თავისუფლების დადებით ცნებამდე, არ შეგვიძლია ჩვენი მზერა არ არ მივაპყროთ იქით, სადაც ეს სიტყვა პირველად გაბრწყინდა ახლებურად, პირველად აღივსო მართლაც გაუგონარი შინაარსითა და ჯერარყოფილი სიმძლავრით; მაშასადამე, მზერა უნდა მივაპყროთ სახარებასა და ქრისტეს სწავლებას.
სახარებაში არის შემდეგი იდუმალი სიტყვები ქრისტესი: `და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებან განგათავისუფლნეს თქუენ” (იოვანე, 8:32), ან სხვაგვარად: `გაგათავისუფლებს თქვენ”. და შემდეგ, ქრისტეს იმ მოწაფეს, რომელმაც ყველაზე მეტი იღვაწა, ქრისტეს მოძღვრება მთელს მსოფლიოში რომ გავრცელებულიყო, რათა ეს მოძღვება მიეტანა სულ სხვა კულტურის, სულ სხვა ფსიქოლოგიური წანამძღვრების მქონე კულტურის მქონე ადამიანებამდე, ამ მოწაფეს _ პავლესაც _ ქრისტეს მოძღვრება ასევე დაჰყავს მხოლოდ თავისუფლების ქადაგებამდე. `აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ” (გალატელთა მიმართ, 5:1) _ აი, მისი სიტყვები.
თავისუფლება სახარებაში _ რას უნდა ნიშნავდეს იგი, რა კავშირი აქვს მას ჭეშმარიტებასთან, რა კავშირია თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, ადამიანის იმგვარ გაგებასთან, როცა ადამიანს ესაჭიროება ხსნა, ესაჭიროება ღმერთი, რასაც ვპოულობთ წმინდა წერილში? ამასთან ერთად კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიტყვა `თავისუფლების”, რომელსაც აქამდე მხოლოდ ნაციონალური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, მიკუთვნება ადამიანისათვის დაიწყო მხოლოდ წმინდა წერილში, მხოლოდ აქ, სახარებაში მიეკუთვნა იგი ადამიანის პიროვნებას.
აი, ჩვენს სამყაროში თავისუფლების ამ წყაროს შესახებ ვისაუბრებთ სწორედ ჩვენს მომდევნო საუბარში.


2. წინა საუბარში ჩვენ ვილაპარაკეთ თავისუფლებაზე. და მივედით დასკვნამდე, რომ საგანთა თავისთავად და ბუნებრივ წესრიგში თავისუფლება არ არსებობს. უფრო მეტიც, თუ ჩვენ შეგვიძლია ჩავწვდეთ ამ წესრიგს, თანდათანობით შევქმნათ მეცნიერებისა და ცოდნის დიადი შენობა, სწორედ იმიტომ, რომ ამ წესრიგში ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული მიზეზობრიობით, ერთი მოვლენის მეორეზე დამოკიდებულებით, მოულოდნელის არარსებობით, ესე იგი, კვლავ და კვლავ, თავისუფლების არარსებობით. და ამიტომ დავსვათ კითხვა: საიდან გაჩნდა, სად და როგორც წარმოიშვა ეს უკვდავი ოცნება თავისუფლებაზე, რომელიც ეზმანება ადამიანს, რომლისთვისაც მზადაა გაიღოს ყველანაირი მსხვერპლი? და, შემდეგ, რაში გამოიხატება იგი, რა არის არსი ამ თავისუფლებისა, მისი სიცოცხლისა? და ამ კითხვაზე სხვა პასუხი ვერ გავეცით გარდა იმისა, რომ თავისუფლების ცნება და წყურვილი თავისუფლებისა რელიგიური ფესვების მქონე და რელიგიური წარმომავლობისაა.
და მე ვიცი, რომ ეს მტკიცება შეიძლება უცნაურად და ველურად მოეჩვენოს იმ ადამიანებს, რომლებსაც ზრდიდნენ რწმენით, რომ რელიგია არის სწორედ მონობის მთავარი სინონიმი, რომლებსაც ჩაუჭედეს თავში, რომ ნამდვილი გათავისუფლება იწყება რელიგიისაგან გათავისუფლებით. და ამიტომ მე ვიცი ისიც, რა ძნელია, ადამიანი საწინააღმდეგოში დაარწმუნო: რომ მოხდა საშინელი, ტრაგიკული აღრევა ცნებებისა, რომ თავისუფლებაზე საუბრობენ და მისი სახელით მოქმედებენ ისინი, რომლებსაც არა მხოლოდ არ სწამთ თავისუფლებისა, არამედ რომელთა მსოფლმხედველობაში არ არის თავისუფლება და არც შეიძლება იყოს თავისუფლების ადგილი. და რომ მონობას უწოდებენ იმ ერთ წყაროს, აგრეთვე სიცოცხლის, სამყაროსა და ადამიანის იმ ერთ გაგებას, რომლისგანაც მარადიულად იბადება სხივმფენი ხილვა თავისუფლებისა და წყურვილი ამ ხილვის განხორციელებისა.
მაგრამ რა ძნელიც უნდა იყოს, მაინც საჭიროა მცდელობა, და ამიტომ დავიწყოთ თავიდან, და უწინარეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ აქ საქმე ეხება არა რელიგიას საერთოდ, რადგან ზოგადად რელიგია რთული და მრავალმხრივი მოვლენაა და მას აქვს და შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ძირები. საქმე ეხება იმ რელიგიურ მსოფლგანცდასა და მსოფლმხედველობას, რომელიც უკვე ბიბლიაში იყო დასაძირკვლებული, მაგრამ რომელმაც საზოგადოებაში, კულტურასა თუ ცხოვრებაში თავისი განხორციელება და გამოხატულება ჰპოვა ქრისტიანობაში.
მე ვამტკიცებ და შევეცდები დავამტკიცო, რომ ამ მსოფლგანცდისა და მსოფლმხედველობის გულისგულში დგას სწორედ თავისუფლების ხარება, თავისუფლების ცნება, თავისუფლების ქადაგება. შემდეგ, მე ვამტკიცებ, რომ ამ მსოფლმხედველობის მიღმა თავისუფლების ცნებას არათუ არ აქვს აზრი, არამედ იგი ხდება, რაოდენ უცნაურად და ტრაგიკულადაც კი ჟღერდეს, ნამდვილი მონობის ერთი წყაროთაგანი.
რა არის ადამიანის შესახებ ბიბლიური თხრობის, ადამიანის შექმნის შესახებ სიმბოლური თხრობის აზრი? ცხადია, რომ ეს არ არის ისტორია, არ არის ბიოლოგიური ან ფიზიკური ფაქტები; ეს სწორედ ადამიანის სულიერი ახსნაა, ფუძემდებლური, გადამწყვეტი გამოცხადება ამის შესახებ. და იგი გამოიხატება სწორედ იმით, რომ ადამიანი თავისუფალია, მოწოდებულია, იყოს თავისუფალი, და თავისუფლების ამ რეალიზაციაშია მისი ფუნქცია და დანიშნულება იმ სამყაროში, რომელიც ბოლომდე ექვემდებარება ბუნებით დეტერმინიზმს (წინაგანსაზღვრულობას).
დიახ, ამაშია სწორედ საქმე _ და ბიბლიური თხრობა ამას შეეხება, _ რომ თავისუფლება არ მოდის ქვემოდან, მას არ ძალუძს ამოიზარდოს ბუნებიდან, რადგან ბუნებაში არ არის თავისუფლება. თავისუფლება შეიძლება მოვიდეს მხოლოდ ზემოდან, მხოლოდ მაშინ, თუ არის თავისუფალი და შემოქმედი აბსოლუტური სული, და თუ ბუნების სამყაროსა და დეტერმინიზმზე ბატონობს ღმრთაებრივი თავისუფლება, არავის და არაფრის მიერ დეტერმინებული. და აი, რა თქმა უნდა, არსი ბიბლიური სიტყვებისა _ `ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ” (დაბადება, 1:26): ადამიანი ქვემოდან და ზემოდან ერთდროულად. ადამიანი ქვემოდან _ მიწა, მატერია, ხორცი, ბოლომდე დაქვემდებარებული მიზეზობრიობის კანონსა და დეტერმინიზმის კანონს, და რელიგიამ იცის ამის შესახებ: `მიწაი ხარ და მიწადვე მიიქცე” (დაბადება, 2:19). მაგრამ ეს სწორედ ის ერთი რამაა, რასაც ხედავს მასში, რაზედაც დაჰყავს იგი მატერიალისტსაც, რომელიც იქვე როგორღაც თავისუფლებაზეც რომ საუბრობს. მაგრამ, ვიმეორებ, შეუძლებელია თავისუფლება მოვიდეს ქვემოდან, რადგან თავისუფლება არ არის ქვემოთ. და ამიტომ, მეორე მხრივ: ადამიანი ზემოდან. იგი ხატი და მსგავსია თავისუფალი ღმრთაებრივი სულისა, იგი ბუნების სამყაროში Yთავისუფლების მატარებელია. იგი არა მხოლოდ მიწაა და მიწიერია, არამედ სულიცაა.
ამგვარად, ბიბლიური ქრისტიანული რელიგია იწყებს იმით, რომ ადამიანს აღიარებს რთულ არსებად მაშინ, როცა ყოველი ანტირელიგია მიისწრაფვის მისი გამარტივებისაკენ. დიახ, ქრისტიანობა ამბობს, რომ ადამიანი დაეცა. მაგრამ თვით ეს დაცემა, თვით დაცემის ეს შესაძლებლობა გამომდინარეობს ადამიანის არა მდაბალი, არამედ ამაღლებული ბუნებებისაგან, მისი თავისუფლებისაგან, რადგან მხოლოდ ამაღლებული შეიძლება დაეცეს და მხოლოდ ამაღლებულის დაცემა არის ტრაგედია. თუ ეცემა და ნასხვრევებად იქცევა თიხის ნაწილი, ეს არ არის ტრაგედია, მაგრამ თუ ეცემა და ტყდება ძვირფასი ჭურჭელი, ეს ტრაგედიაა.
დიახ, ადამიანი დაეცა და ყოველთვის ეცემა, და მხოლოდ მისთვის, ამ სამყაროში ერთადერთისთვის, არის ტრაგედია დაცემა, მხოლოდ მისთვის დგება ამ დაცემაში თავისუფლების საკითხი, მხოლოდ აქ ჩნდება სევდა თავისუფლების გამო და მთელი ცხოვრება ხდება წყურვილი და ძიება თავისუფლებისა. მაგრამ ახლა უნდა ვიკითხოთ, რა არის ამ თავისუფლების შინაარსი? თავისუფლება რისგან? თავისუფლება რაში? ისე მივეჩვიეთ ამ სიტყვას და ამიტომ ისე დავყრუვდით ამ სიტყვის მიმართ...
ჩემს წინა საუბარში უკვე ვთქვი, რომ სიტყვა `თავისუფლებას” თითქმის გამონაკლისის გარეშე ვაიგივებთ უარყოფით მნიშვნელობასთან, რაღაცისაგან გათავისუფლებასთან, მაგრამ ამ სიტყვის ქრისტიანული და რელიგიური გაგებით თავისუფლება არა მხოლოდ უარყოფითი ცნებაა, რომელიც (თავისუფლება) ათავისუფლებს რაღაცისაგან და ვიღაცისაგან, თავისუფლება არის თვით სიცოცხლის შინაარსი, სიცოცხლის სისრულე (სისავსე). თავისუფლება არის ადამიანის რაღაცით სისავსე, და სწორედ ეს რაღაც, რომელიც მოიცავს ნამდვილ და ჭეშმარიტ თავისუფლებას, ასევე იღვრება ჩვენზე, ასევე მოდის ჩვენთან, ადამიანის იგივე რელიგიური ბიბლიურ-ქრისტიანული გაგებისა და აღქმისაგან.
ჩვენ თავისუფლებისაკენ მოგვიწოდებენ ყველა შესაძლო იდეოლოგიის სახელით, ხოლო რეალურად _ ჩვენ შემდეგში კვლავ დავუბრუნდებით ამ საკითხს, _ თითოეული ეს იდეოლოგია ადამიანს უმონებს მკვდარ დოგმას, მკვდარ წანამძღვრებს, მკვდარ სისტემებს. ამ ქვეყანაზე, ამ სამყაროში თავისუფლება გარდაუვლად იქცევა მონობად. ამიტომ არ არის საკმარისი თავისუფლების უარყოფით და გამათავისუფლებელ გაგებაზე შეჩერება. გათავისუფლება რისთვის? რა არის ეს საბოლოო (უკანასკნელი) ჭეშმარიტება, თავისუფლების საბოლოო (უკანასკნელი) სისავსე? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მომდევნო საუბარში შევეცდებით.



3. ჩემი წინა თხრობისას მე ვსაუბრობდი თავისუფლების რელიგიურ, უფრო ზუსტად, ქრისტიანულ ფესვებსა და წყაროებზე, იმაზე, რომ, რაც უნდა ამტკიცონ რელიგიის ნაფიცმა მტრებმა, თავისუფლებას არ აქვს არავითარი სხვა საფუძველი, გარდა ადამიანის, სამყაროსა და სიცოცხლის ქრისტიანული გაგებისა.
დღეს დავფიქრდეთ, უფრო ღრმად მივუგდოთ ყური ჩემს მტკიცებას, ჩავფიქრდეთ იმიტომ, რომ ვიცი, რა პარადოქსულად ჟღერს იგი არა მხოლოდ რელიგიის აშკარა მტრებისათვის, არამედ, რაც უფრო სამწუხაროა, საკმაოდ ხშირად თვით რელიგიური ადამიანებისთვისაც. ბევრი მათგანი ისე მიეჩვია რელიგიის დაყვანას მორჩილებამდე, ბრმა რწმენამდე, მისთვის თვით გაუგებარი გადმოცემებისა და ჩვეულებების გაუაზრებულ შენარჩუნებამდე, რომ მათ უკვე არ ესმით და არ აცნობიერებენ, რომელ მორჩილებას ეხება საქმე. არ აცნობიერებენ სახარების კეთილუწყების მთელ სიღრმეს: `აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ” (გალატელთა მიმართ, 5:1). მათ თავში არც კი მოსდით, რომ თვით მორჩილება, თვით ერთგულება და თავგანწირვა, ქრისტიანობის გულისგული, განუყოფელია თავისუფლების ამ კეთილუწყებისაგან.
მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, რომელ თავისუფლებაზე, რისგან თავისუფლებაზე საუბრობს სახარება და გვაუწყებს ქრისტე? აქ თავისუფლება უპირისპირდება მონობას, მონობაში კი, პირველ რიგში და უწინარესად, იგულისხმება ცოდვისა და სიკვდილისათვის ადამიანის დამონება. ისევ და ისევ, ჩვენთვის, რომლებსაც უკეთეს შემთხვევაში ცოდვა მიგვაჩნია ამა თუ იმ წესის დარღვევად, სჯულის ამ თუ იმ სახის დარღვევად, ცოდვისადმი ადამიანის დამონების ეს იდეა უბრალოდ გაუგებარია. ჩვენგან აშკარა უმრავლესობა თავს გრძნობს არცთუ ცუდ ადამიანებად _ სხვებზე არც ცუდებად და არც კარგებად, როგორც ჩვეულებისამებრ ვამბობთ ხოლმე. რაც შეეხება ნაკლოვანებებს, ამა თუ იმ პაწია ცოდვებს, სინდისთან გარიგებებს, _ მათ ნორმალურად მივიჩნევთ. ვის არ მოსდის ეს _ ყველანი ადამიანები ვართ, კაცნი ვართ, უმწეონი და ცოდვილნი. და მაინც, სულაც არ ვართ ცუდები.
საჭიროა კი საუბარი, რომ თვითკმაყოფილებისა და ზნეობრივი მინიმალიზმის ამ ატმოსფეროში, ქრისტიანობა ჭეშმარიტი ძალით ვერ ჟღერს, ვერ მოქმედებს და მას არ აქვს აზრი, და თუ აქვს, არა ის, რაც სახარებაშია, არამედ ის, რასაც ჩვენ ვაწერთ სახარებას. რადგან ცოდვაში ქრისტიანობა გულისხმობს არა ამა თუ იმ შეცოდებას, ნაკლოვანებას, და, შესაძლოა, არა თვით დაცემას _ არა, ქრისტიანობა ცოდვაში გულისხმობს სწორედ იმ შინაგან განდგომას ღმერთისაგან, მისი ჭეშმარიტებისაგან და სულიერი კანონისაგან, რომელიც, პირველ რიგში, გამოიხატება ჩვენი ამ თვითკმაყოფილებით, ზნეობრივი მინიმალიზმით. ცოდვა იმაში კი არაა, რომ ვეცემით და ვცოდავთ, არამედ იმაში, რომ უკვე ვეღარ ვამჩნევთ ნამდვილ დაცემას, ვერ ვამჩნევთ თვით ჩვენი `ნორმალური,” `ჩვეულებრივი” ცხოვრების დაცემულობას. და საკმარისია შევადაროთ ეს ჩვენი მცირე თვითკმაყოფილება და ცოდვის ეს პაწია აღიარება ცოდვის იმ განცდას, სინანულისა და შენდობის იმ ღაღადს, რომელიც ბიბლიის თითქმის ყოველი ფურცლიდან იღვრება, რათა დავრწმუნდეთ ჩვენს შორის გამაოგნებელ, ძირეულ განსხვავებაში.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვგრძნობთ და არ ვაცნობიერებთ ცოდვისადმი ჩვენს მონობას, ცოდვის მიერ ჩვენს დამონებას, და ამიტომ არც მისგან გათავისუფლება გვსურს. როგორც გალიაში დაბადებული ფრინველი გალიიდან არ გაფრინდება თავისუფლებაში, თუნდაც გაიღოს გალიის კარი, ასევე უკვე ვეღარ ვგრძნობთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება დაჩეხილია, მოწამლული და დამახინჯებულია ცოდვით, რომ ჩვენ არ ვართ ისინი და ისეთნი, როგორნიც შეიძლება ვყოფილიყავით და როგორნიც უნდა ვიყოთ.
და იგივე შეიძლება ითქვას სიკვდილისადმი ადამიანის დამონებაზე. როგორც უნდა გვეშინოდეს სიკვდილისა, როგორადაც უნდა ვძრწოდეთ მის წინაშე, მას ვთვლით კანონიერ და ნორმალურ მოვლენად, ბუნების ერთ-ერთ ყბადაღებულ კანონად, რომელშიც სიბრძნის ძიებას გვასწავლიან კიდეც და რომლისადმი დამორჩილებისაკენ მოგვიწოდებენ ყოველთვის.
ადამიანი მოკვდავია. მორჩა. უსიამოვნოა, მაგრამ ვერაფერს იზამ. დაემორჩილე და შეურიგდი, და, ამასთანავე, ილაპარაკე არავისთვის საჭირო სიტყვები სიმშვიდესა და დასვენებაზე. მაგრამ მაშინ როგორღა გავიგოთ სახარების კეთილუწყება იმის შესახებ, რომ `უკანაისკნელ მტერი იგი განქარდეს _ სიკუდული” (1 კორინთელთა, 15:26)? და რომ სწორედ ადამიანის ამ საშინელი მონობისაგან გასათავისუფლებლად მოვიდა ქრისტე?
რა ვუყოთ მონებს, რომლებიც ისე შეეჩვივნენ თავიანთ მონობას, რომ უკვე აღარც კი გრძნობენ თავიანთ მდგომარეობას, როგორც მონობას, რომ მათ არც კი იციან, რანი უნდა ყოფილიყვნენ ისინი, და რომ ისინი თავისუფალნი იყვნენ? რა ვუყოთ მონებს, რომლებმაც დაივიწყეს რა ნამდვილი თავისუფლება, სათამაშოებით თამაშობენ და ამას თავისუფლებას უწოდებენ მსგავსად იმისა, ციხის ერთი კამერიდან მეორე კამერაში გადასვლას გათავისუფლება რომ უწოდო?
მაგრამ, აი, ქრისტიანობა ამბობს: სანამ ადამიანი დამონებულია ცოდვისა და სიკვდილის მიერ, სანამ ადამიანი ურიგდება ცოდვასა და სიკვდილს და ვერც კი განიცდის მათ როგორც საშინელ და წარუვალ მონობას, ილუზორული და უშინაარსოა ყოველგვარი ადამიანური მსჯელობანი ნებელობის შესახებ. და საქმე ეხება მხოლოდ უფრო გრძელ ან მოკლე ჯაჭვს, რომლითაც მიბმულნი ვართ იგივე ბოძს, იგივე მონობას. და ამიტომ მხოლოდ ამასთან მიმართებით, ამ მონობასთან მიმართებით შეიძლება შევიმუშავოთ თავისუფლების ცნება. რადგან ქრისტიანობისათვის ეს ცნება ნიშნავს არა დროებით გათავისუფლებას ამა თუ იმ დამოკიდებულებისაგან, არამედ, უწინარესად, ადამიანის ცნობიერების ძირეულ და შინაგან შეცვლას, და ამიტომ, ადამიანის მთელი სიცოცხლის შეცვლასაც. ქრისტიანობისათვის ამ გარეგან თავისუფლებას, უფრო სწორად, იმას, რასაც ჩვენ თავისუფლებას ვეძახით და რაც ყოველთვის დროებითი და წარმავალია, უაზრობაა და არ აქვს არავითარი აზრი ადამიანის შინაგანი გათავისუფლების გარეშე, თავისუფლებისაკენ სწრაფვის მისი თანდაყოლილი თვისების დაბრუნების გარეშე. რადგან სწორედ თავისუფლების ამ უნარმა, ნამდვილი თავისუფლების წყურვილმა, ცოდვისა და სიკვდილისაგან თავისუფლებამ დაამსხვრია ადამიანში ის მონობა, რომელზედაც ეს-ესაა ვსაუბრობდით. ამიტომ სანამ თავისუფლების ამ ქრისტიანულ ცნებას გამოვიყენებთ ჩვენი მიწიერი რეალობებისა და საჭიროებების მიმართ, საჭიროა მთელი სისრულით გავიგოთ სახარების კეთილუწყება იმის შესახებ, ვინც ავლენს თავისუფლებას.



4. `და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ” (იოვანე, 8:32). _ ამბობს ქრისტე სახარებაში. რა ჭეშმარიტება უნდა შეიცნოს ადამიანმა, რათა გახდეს თავისუფალი და როგორ შეიძლება ამ ჭეშმარიტებამ გაათავისუფლოს იგი? აი, კითხვები, საიდანაც უნდა დავიწყოთ შეცნობა თავისუფლების ქრისტიანული გაგებისა, უფრო უკეთესი იქნება, ვთქვათ _ საერთოდ თავისუფლების გაგებისა, რადგან, როგორც ჩვენს წინა საუბრებში ვცდილობდით დამტკიცებას, თავისუფლებას არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს სხვა წყარო, სხვა ფესვები, გარდა ადამიანის, სამყაროსა და სიცოცხლის ქრისტიანული, რელიგიური აღქმისა.
სამყაროში არსებობს არცთუ ცოტა იდეა თავისუფლებისა, და თითოეული მათგანი ასე თუ ისე უკავშირდება ამა თუ იმ ჭეშმარიტებას.
აი, მაგალითად, მარქსიზმი ამტკიცებს, რომ თავისუფლების მეუფება დადგება მაშინ, როცა ადამიანი გაიგებს ეკონომიკური მოვლენების მექანიზმს, ოღონდ ამ მექანიზმების შესახებ, ამ ეკონომიკური მოვლენების შესახებ მარქსის კაპიტალის სქელტანიან ტომებში დაწერილია უსასრულოდ ბევრი თავი, ხოლო თავისუფლების მეუფებას ეხება მხოლოდ რამდენიმე სიტყვა, ყველაზე ბოლოს; ასე რომ, ბოლომდე გაურკვეველი რჩება, რითი გამოიხატება ეს თავისუფლება, რა იქნება მისი შინაარსი.
გერმანელი ფილოსოფოსი შოპენჰაუერი კი აღმოსავლურ-ინდუსურ სიბრძნეზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თავისუფლება დადგება მაშინ, როცა ადამიანი შეიცნობს საკუთარი ნების მექანიზმებს, და შეიცნობს რა მათ, უბრალოდ უარს იტყვის თავის ნებაზე, მოიკვეთს საკუთარ თავს ამ ნებისაგან; მაშინ, ამბობს შოპენჰაუერი, ბოლოს და ბოლოს ადამიანი გახდება თავისუფალი, რადგან აღარაფერს მოისურვებს _ სწორედ სურვილებში, ნებაში არის წყარო მონობისა და ტანჯვისა.
მაგრამ, აი, გასული საუკუნეების მძიმეწონიანი თეორიების სანაცვლოდ ასპარეზზე გამოდიან თანამედროვე ფილოსოფოსები _ ეგზისტენციალისტები, რომლებიც ასევე გვაუწყებენ თავისუფლების შესახებ, ასევე ამტკიცებენ თავისუფლებას. თავისუფლება, ამბობენ ისინი, დადგება მაშინ, როცა ადამიანი, უბრალოდ, უარყოფს წინასწარგანსაზღვრულ (მიკერძოებულ) ჭეშმარიტებას საკუთარი თავის შესახებ, გარედან თავსმოხვეულ ჭეშმარიტებას; მაშინ მთელი მისი ცხოვრება გახდება არაფრით განპირობებულ, არაფრით თავსმოხვეულ არჩევანთა და გადაწყვეტილებათა ჯაჭვი, და იგი ყოველთვის თითქოსდა თავის ცხოვრებას შექმნის არაფრისაგან.
მაგრამ რამდენი წიგნიც უნდა დაწერონ ფილოსოფოსმა-ეგზისტენციალისტებმა თავიანთი თეორიების დასაცავად, მაინც გაურკვეველი რჩება, როგორაა შესაძლებელი ამ სამყაროში, სადაც ყველაფერი ცხოვრობს მიზეზობრივი კანონით, მხოლოდ ადამიანს შეუძლია რაღაც იდუმალი სახით გამორიცხოს თავის თავზე ამ კანონის მოქმედება და თვითონ დაიწყოს თავისი თავის შექმნა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ის მხატვრული ნაწარმოებები, მაგალითად, ჟან-პოლ სარტრის `თავისუფლების გზები”, სადაც ეგზისტენციალისტები ცდილობენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, ფაქტიურად ამ კითხვაზე არანაირ პასუხს არ იძლევა. ისინი გვიჩვენებენ მოამბოხე ადამიანებს, რომლებმაც მტკიცედ არ იციან, რა უყონ საკუთარ თავს, რომლებიც იღებენ ახირებულ და ურთიერთსაწინაამდეგო გადაწყვეტილებებს, და რომლებიც მუდმივად განმარტავენ რაღაც გაურკვეველი განცდების აჩრდილებს, მისწრაფებებს, განწყობებს, სურვილებს; ამგვარად გათავისუფლებული ადამიანი პარადოქსულად იქცევა ამ ცარიელი და არაფრისმომცემი თავისუფლების მონად. ამგვარი სიის გაგრძელება შეიძლება თითქმის უსასრულობამდე. თავისუფლების ყოველი რეცეპტი ნამდვილად ეყრდნობა რაღაც ჭეშმარიტებას, მაგრამ ყოველთვის ასე გამოდის, რომ ეს კავშირი _ როგორ გამომდინარეობს ამ ჭეშმარიტებისაგან თავისუფლება, აღმოჩნდება გაუგებარი, არაფრით გამართლებული, მოუხელთებელი და განუსაზღვრელი.
გარეგნულად, ფორმალურად ქრისტიანობაც თითქოს იგივეს ამბობს: `და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.” მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული, ფორმალური მსგავსებაა, რადგან რეალურად ქრისტე ადამიანებს არ აუწყებს რაიმე განყენებულ ჭეშმარიტებას, არ აძლევს კიდევ ერთ თეორიას _ თავისუფლების მსახურმა თითქოსდა აუცილებლად უნდა განსაზღვროს და უზრუნველყოს თავისუფლება; რადგან საიდუმლოება, რომელზედაც ქრისტე საუბრობს, არ არის არც თეორია, არც დოქტრინა, არც ფილოსოფია და არც იდეოლოგია; რადგან ჭეშმარიტების შესახებ იგი ამბობს: `მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხორებაი” (იოვანე, 14:6). ჭეშმარიტება აქ გვევლინება არა სიტყვებისა და თეორიების სახით, არამედ ქრისტეს პიროვნებასთან ცოცხალ ერთობასა და ადამიანის _ ძე კაცის მხოლოდ ერთადერთ და განუმეორებელ სახეში. `მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხორებაი” და ამიტომ აქ თავისუფლება არ არის ახსნილი, და არ არის განსაზღვრული, არამედ მოვლენილია (გამოცხადებულია). ადამიანი, რომელიც ამბობს ამ სიტყვებს, თავადაა თავისუფალი. და Mმთელი სახარება თავისი არსით სხვა არაფერია, თუ არა სამყაროსათვის ბოლომდე თავისუფალი კაცისა და, ამდენად, თავისუფლების მოვლინება (გამოცხადება). რაშია ქრისტეს თავისუფლება? იმაში ხომ არა, რომ, თავისუფლების ჩვენეული კნინი გაგების შესაბამისად, მუდმივად ვცვალოთ ჩვენი შეხედულებები, ვიცხოვროთ საკუთარი თვითნებობებით, გავხადოთ საკუთარი თავი სამყაროს ცენტრად, ვემსახუროთ საკუთარ თავს? არა, რა თქმა უნდა, არა, რადგან მთელი მისი ცხოვრება არის ერთი განუწყვეტელი მსახურება ადამიანებისა, ერთი სრული თავგანწირვა, ერთი სრულყოფილი სიყვარული. იმაში, რომ ეძიო საკუთარი ბედნიერება და კეთილდღეობა? იმაში, რომ არ იტანჯო? არა, რადგან ქრისტე ნებაყოფლობით მიეცა შეურაცხყოფასაც, ტანჯვასაც, სიკვდილსაც. მაშ, რაშია მაშინ ქრისტეს თავისუფლება? რა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა, მისი პიროვნების სრულყოფილ მთლიანობაში (სისრულეში), ბოროტებისაგან, ბოღმისაგან, შიშისაგან მის სრულ დამოუკიდებლობაში, ნათლითა და სიყვარულით მის სრულყოფილ სისავსეში. აქ თავისუფლება არის არა რაიმე ცარიელი ფორმა, რომელშიც ყოველთვის შეიძლება ახირებების შესაბამისად ჩაასხა ნ


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნონა
პოსტი Jan 9 2010, 08:56 PM
პოსტი #2


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ქრისტიანული სიყვარულის შესახებ


ჩვენ ისე შევეჩვიეთ სიტყვათშეხამებას _ `ქრისტიანული სიყვარული”, იმდენი ქადაგება მოვისმინეთ მასზე და იმდენი მოწოდება ქრისტიანული სიყვარულისკენ, რომ ძნელი ხდება ჩაწვდე იმ მარადიულ სიახლეს, იმ უჩვეულოს, რასაც ეს სიტყვები შეიცავს. ამ სიახლეზე თვით უფალი მიუთითებს მოწაფეებთან თავის გამოსათხოვარ საუბარში: `მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაითა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაითა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას” (იოანე, 13:34). მაგრამ სიყვარულზე, სიყვარულის ღირებულებასა და სიმაღლეზე სამყარომ იცოდა ქრისტემდეც, და განა ძველ აღთქმაში არ ვპოულობთ ორ მცნებას _ ღმერთისადმი სიყვარულის შესახებ (მეორე სჯული, 6:5) და მოყვასისადმი სიყვარულის შესახებ (ლევიტელთა, 19:18), რომელთა შესახებ უფალმა თქვა, რომ მათ ეფუძნება სჯული და წინასწარმეტყველნი (მათე, 22:40)? მაშ, რა არის ახალი ამ მცნებაში, სხვათა შორის, სიახლე არა მხოლოდ მაცხოვრის მიერ ამ სიტყვების წარმოთქმის მომენტში, არამედ ყოველი ჟამისათვის, ყოველი ადამიანისათვის, სიახლე, რომელიც ყოველთვის რჩება სიახლედ?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია გავიხსენოთ ქრისტიანული სიყვარულის ერთი ძირითადი ნიშანთაგანი, როგორც ეს მითითებულია სახარებაში: `გიყუარდედ მტერნი თქუენნი” (მათე, 5:44). გვახსოვს კი, რომ ეს სიტყვები თავის თავში შეიცავს სხვას არაფერს, თუ არა გაუგონარ მოთხოვნას _ გვიყვარდეს ისინი, ვინც სწორედაც რომ არ გვიყვარს? და ამიტომ ეს სიტყვები მუდამ გვარყევს, გვაფრთხობს, და, რაც მთავარია, განგვსჯის. მართალია, სწორედ იმიტომ, რომ ეს მცნება გაუგონრად ახალია, მას ხშირად ვცვლით ჩვენი უკეთური, ადამიანური განმარტებებით _ ვსაუბრობთ მოთმენაზე, სხვისი აზრის პატივისცემაზე, ძვირუხსენებლობასა და მიტევებაზე. მაგრამ თავისთავად რაც უნდა დიდი იყოს თითოეული ეს სიქველე, მათი ერთობლიობაც კი ჯერ კიდევ არ არის სიყვარული. და ამიტომ ახალ მცნებას, სახარებით უწყებულს, ყოველთვის ვცვლით ძველით _ იმათ მიმართ სიყვარულით, რომლებიც ისედაც ადამიანურად გვიყვარს _ ახლობელთა, მეგობართა და თანამოაზრეთა სიყვარულით. მაგრამ, ამასთანავე, ვივიწყებთ, რომ ამის შესახებ, მხოლოდ ბუნებრივ, ადამიანურ სიყვარულზე სახარებაში ნათქვამია: `რომელსა უყუარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროის ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს” (მათე, 10:37) და `რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაი თვისი და დედაი თვისი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე სულიცა თვისი, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა” (ლუკა, 14:26). ხოლო თუ ქრისტესთან მისვლა მისი მცნებების აღსრულებასაც ნიშნავს, მაშინ აშკარაა, რომ ქრისტიანული სიყვარული არა მხოლოდ უბრალო ძალისხმევა, განვრცობა და `დაგვირგვინებაა” ბუნებითი სიყვარულისა, არამედ ძირეულად განსხვავდება მისგან და ეწინაღმდეგება კიდეც მას. იგი არის მართლაც ახალი სიყვარული, რომლის მსგავსი ამ სამყაროში არ არსებობს.


მაგრამ როგორღაა შესაძლებელი ამ მცნების აღსრულება? როგორ უნდა შეიყვარო ის, ვინც არ გიყვარს _ არა მხოლოდ მტრები ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ უბრალოდ უცხონი, შორეულნი, ადამიანები, რომლებსაც `ჩვენთან არ აქვთ ურთიერთობა”, ყველა ის, ვისაც ყოველწამიერად გვახვედრებს ცხოვრება?
ამ კითხვას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს. დიახ, ეს მცნება იქნებოდა საშინელი და აღუსრულებელი, ქრისტიანობა მხოლოდ სიყვარულის მცნებისაგან რომ შედგებოდეს. მაგრამ ქრისტიანობა არის არა მხოლოდ მცნება, არამედ გამოცხადებაცა და სიყვარულის ძღვენიც. და სიყვარულის მცნება სწორედ იმიტომ მოგვეცა მცნებად, რომ სიყვარული მცნების მოცემამდე მოგვენიჭა. ოღონდ `ღმერთი არს სიყუარული.”
მხოლოდ ღმერთს უყვარს იმ სიყვარულით, რომელზედაც საუბრობს სახარება. ადამიანს არ შეუძლია ასე უყვარდეს იმიტომ, რომ ეს სიყვარული არის თვით ღმერთი, მისი ღმრთაებრივი ბუნება. და მხოლოდ ღმერთის განხორციელებაში (განკაცებაში), ღმრთისა და ადამიანის შეერთებაში, ესე იგი იესო ქრისტეში, ღმრთის ძესა და ძე კაცისაში თვით ღმერთის ეს სიყვარული, უკეთესია ვთქვათ _ თვით ღმერთი-სიყვარულია მოვლენილი და მიძღვნილი ადამიანებისათვის. ქრისტიანული სიყვარულის სიახლე ისაა, რომ ახალ აღთქმაში ადამიანი მოწოდებულია უყვარდეს ღმრთაებრივი სიყვარულით, რომელიც გახდა ღმერთკაცობრივი სიყვარული, ქრისტეს სიყვარული. ქრისტიანული სიყვარულის მცნებაში კი არაა სიახლე, არამედ იმაში, რომ შესაძლებელი გახდა მცნების აღსრულება. ეკლესიაში ქრისტესთან შეერთება, ნათლობის საიდუმლოსა და ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარების მეშვეობით ძღვნად ვიღებთ ქრისტეს სიყვარულს, ვეზიარებით მის სიყვარულს, და ქრისტე ცხოვრობს ჩვენში და ვუყვარვართ ჩვენ. `სიყუარული ღმრთისაი განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა, რომელი-იგი მოცემულ არს ჩუენდა” (რომაელთა მიმართ, 5:5), და ქრისტესგან მოგვეცა მცნება, ვიყოთ ქრისტეში და ქრისტეს სიყვარულში: `დაადგერით თქუენ ჩემ თანა და მე თქუენ თანა (...) რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი (...) დაადგერით სიყუარულსა ჩემსა ზედა” (იოანე, 15:4-5, 9).
ქრისტეში ყოფნა ნიშნავს ყოფნას ეკლესიაში, რომელიც არის ქრისტეს სიცოცხლე, მოვლენილი და მოძღვნილი ადამიანებისათვის, და რომელიც ამიტომ ცხოვრობს ქრისტესმიერი სიყვარულით, მყოფობს მის სიყვარულში. ქრისტეს სიყვარული არის ეკლესიის ცხოვრების დასაწყისი, შინაარსი და მიზანი. იგი, არსებითად, არის ერთადერთი ნიშანი ეკლესიისა, რადგან ყველა სხვა დანარჩენი თვისება სიყვარულითაა მოცული: `ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას” (იოანე, 13:35). ეკლესიის სიწმინდე სიყვარულშია, რადგან იგი `...განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა” (ჰრომაელთა მიმართ, 5:5). სიყვარულში ეკლესიის მოციქულებრიობაა, რადგან იგი ყოველთვის და ყოველგან არის იგივე ერთიანი სამოციქულო კავშირი, `სიყვარულით შეკავშირებული კავშირი”. `ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, (...) და მაქუნდეს ღათუ წინაისწარმეტყუელებაი და უწყოდი ყოველი საიდუმლოი და ყოველი მეცნიერებაი და მაქუნდეს ღათუ ყოველი სარწმუნოებაი ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე, და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაი ვარ. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაივე სარგებელ არს ჩემდა” (1 კორინთელთა მიმართ, 13:1-3). და ამიტომ მხოლოდ სიყვარული ანიჭებს ნამდვილობასა და მნიშვნელობას ეკლესიის ყველა ამ ნიშანს _ სიწმინდეს, ერთიანობასა და მოციქულებრიობას.

მაგრამ ეკლესია არის სიყვარულის კავშირი არა მხოლოდ იმ მნიშვნელობით, რომ ეკლესიაში ყველას ყველა უყვარს, არამედ, უპირველესად, იმ მნიშვნელობით, რომ ყველასადმი ყველას სიყვარულით ეკლესია სამყაროს წინაშე მოავლენს ქრისტესა და მის სიყვარულს, მოწმობს ქრისტეზე, უყვარს სამყარო და იხსნის სამყაროს ქრისტეს სიყვარულით. ეკლესიას უყვარს ქრისტეში _ ეს ნიშნავს, რომ ეკლესიაში თვით ქრისტეს უყვარს სამყარო და მასში `ერთი იგი მცირეთაგანი ძმათა” (მათე, 25:40). ეკლესიაში თითოეული საიდუმლოდ იღებს ძალას, უყვარდეს ყველა `მოწყალებითა ქრისტე იესუისითა” (ფილიპელთა მიმართ, 1:8) და იყოს მატარებელი ამ მოწყალებისა სამყაროში.
სიყვარულის ეს ნიჭი გვეძლევა ლიტურგიაში, რომელიც არის სიყვარულის საიდუმლოება. უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიაში, ლიტურგიაზე ჩვენ მივდივართ სიყვარულისათვის, თვით ქრისტეს იმ ახალი ღმერთკაცობრივი სიყვარულისათვის, რომელიც გვეწყალობება, როცა შეკრებილნი ვართ მისი სახელით. ეკლესიაში მივდივართ, რათა კიდევ და კიდევ განეფინოს ღმრთაებრივი სიყვარული `გულთა შინა ჩუენთა”, რათა კვლავ და კვლავ შევიმოსოთ სიყვარულით (კოლასელთა მიმართ, 3:12-14), რათა ყოველთვის, შევადგენდეთ რა ქრისტეს სხეულს, მარადიულად ვიყოთ ქრისტეს სიყვარულში და ეს სიყვარული მოვუვლინოთ სამყაროს. ლიტურგიკული შეკრებით აღესრულება ეკლესია, ვეზიარებით ქრისტეს, მის სიცოცხლეს, მის სიყვარულს და, ჩვენ ბევრნი, ერთ სხეულს ვქმნით: `ეგრეთცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ” (ჰრომაელთა მიმართ, 12:5).

მაგრამ ჩვენ, უძლურებსა და ცოდვილებს, მხოლოდ ამ სიყვარულის მონდომება და მის მისაღებად მომზადება შეგვიძლია. ძველად ურთიერწაკიდებულნი უნდა შერიგებოდნენ ერთმანეთს და მიეტევებინათ ერთმანეთისათვის მანამდე, სანამ ლიტურგიაში მიიღებდნენ მონაწილეობას. ყოველი ადამიანური უნდა აღსრულდეს, რათა ღმერთი დამკვიდრდეს ჩვენს სულში. მაგრამ ვკითხოთ საკუთარ თავს: მივდივართ თუ არა ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად ქრისტეს ამ სიყვარულისთვის, მივდივართ ნუგეშისცემისა და დახმარებისათვის მშიერნი და მწყურვალნი, თუ მშიერნი და მწყურვალნი ცეცხლისთვის, რომელიც წვავს ყველა ჩვენს უძლურებას, ყველა ჩვენს შეზღუდულობას, და სიღატაკეს და რომელიც გვაცისკროვნებს ახალი სიყვარულით? თუ გვეშინია, რომ ამ სიყვარულმა მართლა არ შეასუსტოს მთელი ჩვენი სიძულვილი მტრების მიმართ, მთელი ჩვენი `პრინციპული” განკითხვანი, განსხვავებანი და განყოფანი? ხომ არ გვსურს ფრიად ხშირად მშვიდობა იმათთან, ვისთანაც უკვე ვართ მშვიდობაში? მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ არც ვიღებთ სივარულის ამ ნიჭს, რომელიც იძლევა საშუალებას, ნამდვილად განვაახლოთ და მარადიულად განვაახლოთ ჩვენი სიცოცხლე, მაშინ ჩვენ ვერ ვლახავთ ჩვენს შეზღუდულობას და რეალურად არ ვმონაწილეობთ ეკლესიაში.
არ დავივიწყოთ, რომ მოწოდება _ `ვიყუარებოდეთ ურთიერთას” არის მართალთა ლიტურგიის, ევქარისტიული მღვდელმსახურების საწყისი მოქმედება. რადგან ლიტურგია არის საიდუმლოება ახალი აღთქმისა, სასუფეველი სიყვარულისა და მშვიდობისა. და მხოლოდ ამ სიყვარულის მიღების საშუალებით შეგვიძლია, მოვიგონოთ ქრისტე, ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, მოველოდეთ ღვთის სასუფეველსა და `ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისასა.”
`შეუდეგით სიყუარულსა” (1 კორინთელთა მიმართ, 14:1) _ ამბობს მოციქული. და სად უნდა შევუდგეთ, თუ არა იმ საიდუმლოებაში, რომელშიც თვით უფალი გვაერთებს ჩვენ თავის სიყვარულთან.
ალფა და ომეგა, 1995 წ. #2 (5).


1 `და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა.”
2 `...და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი.”
3 ახალი აღთქმის ამ წინადადებაში სიტყვა `მოწყალება” რუსულად ნათარგმნია სიტყვა `სიყვარულით” (`სიყვარულითა ქრისტე იესუისითა”). შესაბამისად, მომდევნო წინადადებაშიც მამა ალექსანდრე იყენებს სიტყვა `სიყვარულს.”
4 `შეიმოსეთ უკეუ, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაი, შეწყნარებაი, სიტკბოებაი, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელებაი, თავს-იდებდით ურთიერთარს და მიჰმადლებდით თავთა თვისთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთვისმე ბრალი. ვითარცა იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეცა თქუენ მიჰმადლეთ მათ. და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაი” (კოლასელთა მიმართ, 3:12-14).


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნონა   ალექსანდრე შმემანი - XX საუკუნის ერთერთი უდიდესი თეოლოგი   Jan 9 2010, 08:21 PM
ნონა   ქრისტიანული სიყვა...   Jan 9 2010, 08:56 PM
ნონა   სიკვდილის ქრისტია...   Jan 9 2010, 09:08 PM
ნონა   შეიძლება თუ არა გწ...   Jan 10 2010, 11:03 AM
ნონა   რელიგია თუ იდეოლოგ...   Jan 10 2010, 11:50 AM
ნონა   ქრისტეს საუბარი სა...   Jan 10 2010, 01:05 PM
abo   ნონა ძალიან საინტე...   Jan 10 2010, 01:05 PM
ნონა   [b]ნონა ძალიან საინ...   Jan 10 2010, 01:22 PM
ნონა   მენელსაცხებლე დედ...   Jan 10 2010, 01:35 PM
კანუდოსელი   ლიტურგიკის ისტორი...   Jan 10 2010, 01:45 PM
ნონა   მის ნაშრომებს შორ...   Jan 10 2010, 02:26 PM
კანუდოსელი   მაგ ნაშრომს ჯერ არ ...   Jan 10 2010, 02:32 PM
ნონა   ამ დღეებში ვერ მოა...   Jan 10 2010, 02:40 PM
INFORMATION   დღიურები (ნაწყვეტ...   Jan 14 2010, 09:27 PM
Iona   გაუმარჯოს პროტეს...   Jan 15 2010, 11:13 AM
KAIROS   იონა, ეს ტერმინი რო...   Jan 16 2010, 05:23 AM
A.V.M   ,,თანამედროვე საეკ...   Oct 12 2014, 11:32 PM
A.V.M   ,, ბევრ მართლმადიდე...   Oct 13 2014, 10:12 PM
A.V.M   ხსენებული საიდუმლ...   Oct 13 2014, 10:26 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th June 2024 - 06:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი