IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ალექსანდრე შმემანი - XX საუკუნის ერთერთი უდიდესი თეოლოგი, ...წერილები, ქადაგებები...
ნონა
პოსტი Jan 9 2010, 08:21 PM
პოსტი #1


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ალექსანდრე შმემანი მე-20 საუკუნის უდიდესი თეოლოგი იყო.
წარმოშობით რუსი ემიგრანტი 1921 წელს დაიბადა ლატვიის ქალაქ ტალინში. დაამთავრა პარიზის წმინდა სერგის სახელობის სასულიერო სემინარია.
1946 წელს სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მღვდლად აკურთხეს. მას მინიჭებული აქვს პროტოპრეტვირის წოდება რომელიც უმაღლესია დაოჯახებული სასულიერო იერარქისათვის.
იგ სიკვდილამდე (1983წ) ეწეოდა მღვდელმსახურებას და სასულიერო-განმანათლებლობით მოღვაწეობას.

ამ თემაში მსურს წარმოგიდგინოთ მისი წერლები და ქადაგებები
ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო შმემანის ფილოსოფიურ-თეოლოგიური ხედვის გაცნობა.
ვიმედოვნებ თქვენთვისაც საინტერესო და სასარგებლო იქნება მის ფილოსოფიასთან თანაზიარობა.




თავისუფლების ქრისტიანული გაგება

I. მთელს მსოფლიოში, მის სხვადასხვა ნაწილში, ამჟამად ბევრს საუბრობენ გათავისუფლებაზე. ეს, ალბათ, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი, ყველაზე პოპულარული ცნებაა. გათავისუფლება საძულველი ტოტალიტარული რეჟიმისაგან, პარტიული მეთვალყურეობისაგან, პარტიული იდეოლოგიისაგან. გათავისუფლება კოლონიური იმპერიალიზმისაგან. გათავისუფლება საზოგადოების ფარისევლობისა და მატერიალიზმისაგან, გათავისუფლება სქესობრივი ტაბუსაგან, მორალიზმისაგან, სოციალური კონფორმიზმის ზეწოლისაგან, და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.
როგორღაც თითქმის უეცრად ადამიანმა თავი იგრძნო დამონებულად, თოჯინად რაღაც იმ ძალების ხელში, რომლებზეც არ აქვს ძალაუფლება, და მას გაუჩნდა მძაფრი მოლოდინი და წყურვილი გათავისუფლებისა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მისწრაფებისათვის მთავარი საფრთხე არის ის, რომ ადამიანთა უდიდეს ნაწილს გათავისუფლება ესმის უარყოფითი აზრით _ როგორც თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე ამა თუ იმ სახის დაბრკოლების ლიკვიდაცია, როგორც ბრძოლა რაღაცასთან და არა რაღაცისათვის. მოსპეთ კოლონიალიზმი და ყველაფერი აყვავდება, გაანადგურეთ მობეზრებული და საძულველი ხელისუფლება და პარტია და დაისადგურებს თავისუფლება, გადააყირავეთ სქესობრივ ცხოვრებაზე ფარისევლური აკრძალვები და გაბრწყინდება წმინდა და თავისუფალი სიყვარული. სამწუხაროდ, ადამიანთა ამ უმრავლესობამ არ იცის, რომ თავისი უარყოფითი მნიშვნელობით გათავისუფლების ცნება ვერ ამოიწურება; სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ არის საკმარისი, რაღაც მოიშორო და რაღაც მოსპო, რათა დამკვიდრდეს თავისუფლება.
მარქსი თვლიდა, რომ საკმარისია კერძო საკუთრების მოსპობა და წარმოების საშუალებათა განზოგადება და თითქმის ავტომატურად მოხდება `ნახტომი აუცილებლობის სამეფოდან თავისუფლების სამეფოში”. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს ასე არაა, რომ ეს მოჩვენებითი თავისუფლება რეალურად ადამიანის გაუგონარ დაკაბალებად და დამონებად იქცა. და ამიტომ ამჟამად არ არის უფრო საჩქარო ამოცანა, უფრო მნიშვნელოვანი თემა, გავარკვიოთ, თუნდაც ყველაზე ზოგადი, მაგრამ არა უარყოფითი, არამედ სწორედ დადებითი ცნება გათავისუფლებისა, ან, შესაძლოა, უფრო მარტივად _ თავისუფლების იდუმალი, ვერშესახები (მოუხელთებელი), თვალისმომჭრელი ცნება.
ადამიანი ხომ საუკუნეების განმავლობაში მოჯადოებულივით იმეორებს ამ სიტყვას, და მაინც, იგი, ეს თავისუფლება, რჩება რაღაც მიუწვდომელ, მიუღწეველ იდეალად, და ეს იმიტომ, რა თქმა უნდა, რომ ადამიანს არ ჰყოფნის გაბედულება და ვაჟკაცობა, რეალურად ჩაიხედოს ამ უფსკრულში, თვალი გაუსწოროს თავისუფლებას. დოსტოევსკი პირდაპირ იმასაც კი ამტკიცებდა, რომ რეალურად ადამიანს ეშინია ამ თავისუფლებისა და გარბის მისგან, რადგან მეტისმეტად მძიმეა ეს უღელი ადამიანის სუსტი ძალებისათვის, და რომ ინსტიქტურად, გაუცნობიერებლად, ადამიანი ეძებს იმას, რასაც შეიძლება დაემორჩილოს და რისი სახელითაც შეძლებს, უარი თქვას თავის თავისუფლებაზე. მერმე, მართალია, იგი იწყებს ამბოხს იმის წინააღმდეგ, ვისაც დაემორჩილა, მაგრამ ამბოხი _ ჯერ კიდევ არაა თავისუფლება. ამბოხი, ესაა უარყოფა, მაგრამ არასოდეს არ არის დამკვიდრება.
და, აი, დროა, დროა შევახსენოთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, საიდან წარმოიქმნა, საიდან მოვიდა ჩვენამდე ეს იდუმალი, თავისუფლების ცნება, რომლის განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია. მის შესახებ ხომ ათასწლეულების განმავლობაში არაფერი იცოდა ადამიანმა, არ იცოდნენ თვით დიდმა და ძველმა ცივილიზაციებმა. ანტიკური საბერძნეთი, მაგალითად, თავისუფლებაში მოიაზრებდა ქალაქის თავისუფლებას სხვა ქალაქებისაგან, მაგრამ მშვენივრად ეგუებოდა მონობასა და ყველას დაქვემდებარებას აბსოლუტური ძალაუფლებისათვის. ძველმა რომმა შექმნა სამართლის სისტემა, მაგრამ როგორც კი რომელიღაც უცნაურმა ადამიანებმა უარყვეს თვით რომის ღვთაებრიობა და აბსოლუტიზმი, მან ეს ადამიანები ლომებს მიუგდო დასაგლეჯად და ჯვარს აცვა ისინი. და იქვე ბატონობდა მონობა, მეფობდა საკრალური წყობა, რომლის მიმართ ეჭვის გამოთქმა უკვე ითვლებოდა იმ დანაშაულად, რომელიც სიკვდილით ისჯებოდა.
არა, სულაც არ არის ასე ადვილი და სულაც არ არის ასე ცხადი თავისუფლების ცნება, როგორც ამას ფიქრობენ ყოველგვარი გათავისუფლების თანამედროვე წინასწარმეტყველნი და იდეოლოგები, რადგან სწორედ ისაა მთელი საქმე, რომ თავისუფლების ეს ცნება, უპირველესად, პარადოქსულია და, შესაბამისად, თავისთავად არ გამოიყვანება ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილებისაგან.
ბუნებაში ხომ _ სჭირდება კი ამას მტკიცება? _ არ არის თავისუფლება. მასში ნამდვილად მეფობს აბსოლუტური დეტერმინიზმი, მიზეზობრიობის რკინისებური კანონი, და მთელი მეცნიერება, არსებითად, მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ეს კანონი გაიგოს და განსაზღვროს. მაგრამ მაშინ ადამიანიც, თუ ის მხოლოდ ამ ბუნების ნაწილია, თუ ის მხოლოდ ბუნებაა, არ შეიძლება პრეტენზიას აცხადებდეს რაიმე სახის თავისუფლებაზე. მაშინ ადამიანიც, თუმცა უფრო რთულად, ექვემდებარება დეტერმინიზმის, მიზეზობრიობის იგივე კანონს, რომელიც ვერ იტანს, არ უშვებს გამონაკლისებს. და მაშინ მისი ყველა მსჯელობა თავისუფლებაზე სხვა არაფერია, თუ არა ლაყბობა, რომელსაც არავითარი შინაარსი არ აქვს.
ვიცი, ბევრი აიჩეჩს მხრებს, როცა ვიტყვი, რომ ერთადერთი, ხაზს ვუსვამ, ერთადერთი შინაარსი თვით სიტყვა თავისუფლებისა არის ადამიანის რელიგიური გაგება, ესე იგი, ისეთი გაგება, რომელსაც ადამიანი არ დაჰყავს მხოლოდ ბუნებამდე. თუ გვსურს გათავისუფლების უარყოფითი ცნებიდან გადავიდეთ თავისუფლების დადებით ცნებამდე, არ შეგვიძლია ჩვენი მზერა არ არ მივაპყროთ იქით, სადაც ეს სიტყვა პირველად გაბრწყინდა ახლებურად, პირველად აღივსო მართლაც გაუგონარი შინაარსითა და ჯერარყოფილი სიმძლავრით; მაშასადამე, მზერა უნდა მივაპყროთ სახარებასა და ქრისტეს სწავლებას.
სახარებაში არის შემდეგი იდუმალი სიტყვები ქრისტესი: `და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებან განგათავისუფლნეს თქუენ” (იოვანე, 8:32), ან სხვაგვარად: `გაგათავისუფლებს თქვენ”. და შემდეგ, ქრისტეს იმ მოწაფეს, რომელმაც ყველაზე მეტი იღვაწა, ქრისტეს მოძღვრება მთელს მსოფლიოში რომ გავრცელებულიყო, რათა ეს მოძღვება მიეტანა სულ სხვა კულტურის, სულ სხვა ფსიქოლოგიური წანამძღვრების მქონე კულტურის მქონე ადამიანებამდე, ამ მოწაფეს _ პავლესაც _ ქრისტეს მოძღვრება ასევე დაჰყავს მხოლოდ თავისუფლების ქადაგებამდე. `აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ” (გალატელთა მიმართ, 5:1) _ აი, მისი სიტყვები.
თავისუფლება სახარებაში _ რას უნდა ნიშნავდეს იგი, რა კავშირი აქვს მას ჭეშმარიტებასთან, რა კავშირია თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, ადამიანის იმგვარ გაგებასთან, როცა ადამიანს ესაჭიროება ხსნა, ესაჭიროება ღმერთი, რასაც ვპოულობთ წმინდა წერილში? ამასთან ერთად კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიტყვა `თავისუფლების”, რომელსაც აქამდე მხოლოდ ნაციონალური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, მიკუთვნება ადამიანისათვის დაიწყო მხოლოდ წმინდა წერილში, მხოლოდ აქ, სახარებაში მიეკუთვნა იგი ადამიანის პიროვნებას.
აი, ჩვენს სამყაროში თავისუფლების ამ წყაროს შესახებ ვისაუბრებთ სწორედ ჩვენს მომდევნო საუბარში.


2. წინა საუბარში ჩვენ ვილაპარაკეთ თავისუფლებაზე. და მივედით დასკვნამდე, რომ საგანთა თავისთავად და ბუნებრივ წესრიგში თავისუფლება არ არსებობს. უფრო მეტიც, თუ ჩვენ შეგვიძლია ჩავწვდეთ ამ წესრიგს, თანდათანობით შევქმნათ მეცნიერებისა და ცოდნის დიადი შენობა, სწორედ იმიტომ, რომ ამ წესრიგში ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული მიზეზობრიობით, ერთი მოვლენის მეორეზე დამოკიდებულებით, მოულოდნელის არარსებობით, ესე იგი, კვლავ და კვლავ, თავისუფლების არარსებობით. და ამიტომ დავსვათ კითხვა: საიდან გაჩნდა, სად და როგორც წარმოიშვა ეს უკვდავი ოცნება თავისუფლებაზე, რომელიც ეზმანება ადამიანს, რომლისთვისაც მზადაა გაიღოს ყველანაირი მსხვერპლი? და, შემდეგ, რაში გამოიხატება იგი, რა არის არსი ამ თავისუფლებისა, მისი სიცოცხლისა? და ამ კითხვაზე სხვა პასუხი ვერ გავეცით გარდა იმისა, რომ თავისუფლების ცნება და წყურვილი თავისუფლებისა რელიგიური ფესვების მქონე და რელიგიური წარმომავლობისაა.
და მე ვიცი, რომ ეს მტკიცება შეიძლება უცნაურად და ველურად მოეჩვენოს იმ ადამიანებს, რომლებსაც ზრდიდნენ რწმენით, რომ რელიგია არის სწორედ მონობის მთავარი სინონიმი, რომლებსაც ჩაუჭედეს თავში, რომ ნამდვილი გათავისუფლება იწყება რელიგიისაგან გათავისუფლებით. და ამიტომ მე ვიცი ისიც, რა ძნელია, ადამიანი საწინააღმდეგოში დაარწმუნო: რომ მოხდა საშინელი, ტრაგიკული აღრევა ცნებებისა, რომ თავისუფლებაზე საუბრობენ და მისი სახელით მოქმედებენ ისინი, რომლებსაც არა მხოლოდ არ სწამთ თავისუფლებისა, არამედ რომელთა მსოფლმხედველობაში არ არის თავისუფლება და არც შეიძლება იყოს თავისუფლების ადგილი. და რომ მონობას უწოდებენ იმ ერთ წყაროს, აგრეთვე სიცოცხლის, სამყაროსა და ადამიანის იმ ერთ გაგებას, რომლისგანაც მარადიულად იბადება სხივმფენი ხილვა თავისუფლებისა და წყურვილი ამ ხილვის განხორციელებისა.
მაგრამ რა ძნელიც უნდა იყოს, მაინც საჭიროა მცდელობა, და ამიტომ დავიწყოთ თავიდან, და უწინარეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ აქ საქმე ეხება არა რელიგიას საერთოდ, რადგან ზოგადად რელიგია რთული და მრავალმხრივი მოვლენაა და მას აქვს და შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ძირები. საქმე ეხება იმ რელიგიურ მსოფლგანცდასა და მსოფლმხედველობას, რომელიც უკვე ბიბლიაში იყო დასაძირკვლებული, მაგრამ რომელმაც საზოგადოებაში, კულტურასა თუ ცხოვრებაში თავისი განხორციელება და გამოხატულება ჰპოვა ქრისტიანობაში.
მე ვამტკიცებ და შევეცდები დავამტკიცო, რომ ამ მსოფლგანცდისა და მსოფლმხედველობის გულისგულში დგას სწორედ თავისუფლების ხარება, თავისუფლების ცნება, თავისუფლების ქადაგება. შემდეგ, მე ვამტკიცებ, რომ ამ მსოფლმხედველობის მიღმა თავისუფლების ცნებას არათუ არ აქვს აზრი, არამედ იგი ხდება, რაოდენ უცნაურად და ტრაგიკულადაც კი ჟღერდეს, ნამდვილი მონობის ერთი წყაროთაგანი.
რა არის ადამიანის შესახებ ბიბლიური თხრობის, ადამიანის შექმნის შესახებ სიმბოლური თხრობის აზრი? ცხადია, რომ ეს არ არის ისტორია, არ არის ბიოლოგიური ან ფიზიკური ფაქტები; ეს სწორედ ადამიანის სულიერი ახსნაა, ფუძემდებლური, გადამწყვეტი გამოცხადება ამის შესახებ. და იგი გამოიხატება სწორედ იმით, რომ ადამიანი თავისუფალია, მოწოდებულია, იყოს თავისუფალი, და თავისუფლების ამ რეალიზაციაშია მისი ფუნქცია და დანიშნულება იმ სამყაროში, რომელიც ბოლომდე ექვემდებარება ბუნებით დეტერმინიზმს (წინაგანსაზღვრულობას).
დიახ, ამაშია სწორედ საქმე _ და ბიბლიური თხრობა ამას შეეხება, _ რომ თავისუფლება არ მოდის ქვემოდან, მას არ ძალუძს ამოიზარდოს ბუნებიდან, რადგან ბუნებაში არ არის თავისუფლება. თავისუფლება შეიძლება მოვიდეს მხოლოდ ზემოდან, მხოლოდ მაშინ, თუ არის თავისუფალი და შემოქმედი აბსოლუტური სული, და თუ ბუნების სამყაროსა და დეტერმინიზმზე ბატონობს ღმრთაებრივი თავისუფლება, არავის და არაფრის მიერ დეტერმინებული. და აი, რა თქმა უნდა, არსი ბიბლიური სიტყვებისა _ `ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ” (დაბადება, 1:26): ადამიანი ქვემოდან და ზემოდან ერთდროულად. ადამიანი ქვემოდან _ მიწა, მატერია, ხორცი, ბოლომდე დაქვემდებარებული მიზეზობრიობის კანონსა და დეტერმინიზმის კანონს, და რელიგიამ იცის ამის შესახებ: `მიწაი ხარ და მიწადვე მიიქცე” (დაბადება, 2:19). მაგრამ ეს სწორედ ის ერთი რამაა, რასაც ხედავს მასში, რაზედაც დაჰყავს იგი მატერიალისტსაც, რომელიც იქვე როგორღაც თავისუფლებაზეც რომ საუბრობს. მაგრამ, ვიმეორებ, შეუძლებელია თავისუფლება მოვიდეს ქვემოდან, რადგან თავისუფლება არ არის ქვემოთ. და ამიტომ, მეორე მხრივ: ადამიანი ზემოდან. იგი ხატი და მსგავსია თავისუფალი ღმრთაებრივი სულისა, იგი ბუნების სამყაროში Yთავისუფლების მატარებელია. იგი არა მხოლოდ მიწაა და მიწიერია, არამედ სულიცაა.
ამგვარად, ბიბლიური ქრისტიანული რელიგია იწყებს იმით, რომ ადამიანს აღიარებს რთულ არსებად მაშინ, როცა ყოველი ანტირელიგია მიისწრაფვის მისი გამარტივებისაკენ. დიახ, ქრისტიანობა ამბობს, რომ ადამიანი დაეცა. მაგრამ თვით ეს დაცემა, თვით დაცემის ეს შესაძლებლობა გამომდინარეობს ადამიანის არა მდაბალი, არამედ ამაღლებული ბუნებებისაგან, მისი თავისუფლებისაგან, რადგან მხოლოდ ამაღლებული შეიძლება დაეცეს და მხოლოდ ამაღლებულის დაცემა არის ტრაგედია. თუ ეცემა და ნასხვრევებად იქცევა თიხის ნაწილი, ეს არ არის ტრაგედია, მაგრამ თუ ეცემა და ტყდება ძვირფასი ჭურჭელი, ეს ტრაგედიაა.
დიახ, ადამიანი დაეცა და ყოველთვის ეცემა, და მხოლოდ მისთვის, ამ სამყაროში ერთადერთისთვის, არის ტრაგედია დაცემა, მხოლოდ მისთვის დგება ამ დაცემაში თავისუფლების საკითხი, მხოლოდ აქ ჩნდება სევდა თავისუფლების გამო და მთელი ცხოვრება ხდება წყურვილი და ძიება თავისუფლებისა. მაგრამ ახლა უნდა ვიკითხოთ, რა არის ამ თავისუფლების შინაარსი? თავისუფლება რისგან? თავისუფლება რაში? ისე მივეჩვიეთ ამ სიტყვას და ამიტომ ისე დავყრუვდით ამ სიტყვის მიმართ...
ჩემს წინა საუბარში უკვე ვთქვი, რომ სიტყვა `თავისუფლებას” თითქმის გამონაკლისის გარეშე ვაიგივებთ უარყოფით მნიშვნელობასთან, რაღაცისაგან გათავისუფლებასთან, მაგრამ ამ სიტყვის ქრისტიანული და რელიგიური გაგებით თავისუფლება არა მხოლოდ უარყოფითი ცნებაა, რომელიც (თავისუფლება) ათავისუფლებს რაღაცისაგან და ვიღაცისაგან, თავისუფლება არის თვით სიცოცხლის შინაარსი, სიცოცხლის სისრულე (სისავსე). თავისუფლება არის ადამიანის რაღაცით სისავსე, და სწორედ ეს რაღაც, რომელიც მოიცავს ნამდვილ და ჭეშმარიტ თავისუფლებას, ასევე იღვრება ჩვენზე, ასევე მოდის ჩვენთან, ადამიანის იგივე რელიგიური ბიბლიურ-ქრისტიანული გაგებისა და აღქმისაგან.
ჩვენ თავისუფლებისაკენ მოგვიწოდებენ ყველა შესაძლო იდეოლოგიის სახელით, ხოლო რეალურად _ ჩვენ შემდეგში კვლავ დავუბრუნდებით ამ საკითხს, _ თითოეული ეს იდეოლოგია ადამიანს უმონებს მკვდარ დოგმას, მკვდარ წანამძღვრებს, მკვდარ სისტემებს. ამ ქვეყანაზე, ამ სამყაროში თავისუფლება გარდაუვლად იქცევა მონობად. ამიტომ არ არის საკმარისი თავისუფლების უარყოფით და გამათავისუფლებელ გაგებაზე შეჩერება. გათავისუფლება რისთვის? რა არის ეს საბოლოო (უკანასკნელი) ჭეშმარიტება, თავისუფლების საბოლოო (უკანასკნელი) სისავსე? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მომდევნო საუბარში შევეცდებით.



3. ჩემი წინა თხრობისას მე ვსაუბრობდი თავისუფლების რელიგიურ, უფრო ზუსტად, ქრისტიანულ ფესვებსა და წყაროებზე, იმაზე, რომ, რაც უნდა ამტკიცონ რელიგიის ნაფიცმა მტრებმა, თავისუფლებას არ აქვს არავითარი სხვა საფუძველი, გარდა ადამიანის, სამყაროსა და სიცოცხლის ქრისტიანული გაგებისა.
დღეს დავფიქრდეთ, უფრო ღრმად მივუგდოთ ყური ჩემს მტკიცებას, ჩავფიქრდეთ იმიტომ, რომ ვიცი, რა პარადოქსულად ჟღერს იგი არა მხოლოდ რელიგიის აშკარა მტრებისათვის, არამედ, რაც უფრო სამწუხაროა, საკმაოდ ხშირად თვით რელიგიური ადამიანებისთვისაც. ბევრი მათგანი ისე მიეჩვია რელიგიის დაყვანას მორჩილებამდე, ბრმა რწმენამდე, მისთვის თვით გაუგებარი გადმოცემებისა და ჩვეულებების გაუაზრებულ შენარჩუნებამდე, რომ მათ უკვე არ ესმით და არ აცნობიერებენ, რომელ მორჩილებას ეხება საქმე. არ აცნობიერებენ სახარების კეთილუწყების მთელ სიღრმეს: `აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ” (გალატელთა მიმართ, 5:1). მათ თავში არც კი მოსდით, რომ თვით მორჩილება, თვით ერთგულება და თავგანწირვა, ქრისტიანობის გულისგული, განუყოფელია თავისუფლების ამ კეთილუწყებისაგან.
მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, რომელ თავისუფლებაზე, რისგან თავისუფლებაზე საუბრობს სახარება და გვაუწყებს ქრისტე? აქ თავისუფლება უპირისპირდება მონობას, მონობაში კი, პირველ რიგში და უწინარესად, იგულისხმება ცოდვისა და სიკვდილისათვის ადამიანის დამონება. ისევ და ისევ, ჩვენთვის, რომლებსაც უკეთეს შემთხვევაში ცოდვა მიგვაჩნია ამა თუ იმ წესის დარღვევად, სჯულის ამ თუ იმ სახის დარღვევად, ცოდვისადმი ადამიანის დამონების ეს იდეა უბრალოდ გაუგებარია. ჩვენგან აშკარა უმრავლესობა თავს გრძნობს არცთუ ცუდ ადამიანებად _ სხვებზე არც ცუდებად და არც კარგებად, როგორც ჩვეულებისამებრ ვამბობთ ხოლმე. რაც შეეხება ნაკლოვანებებს, ამა თუ იმ პაწია ცოდვებს, სინდისთან გარიგებებს, _ მათ ნორმალურად მივიჩნევთ. ვის არ მოსდის ეს _ ყველანი ადამიანები ვართ, კაცნი ვართ, უმწეონი და ცოდვილნი. და მაინც, სულაც არ ვართ ცუდები.
საჭიროა კი საუბარი, რომ თვითკმაყოფილებისა და ზნეობრივი მინიმალიზმის ამ ატმოსფეროში, ქრისტიანობა ჭეშმარიტი ძალით ვერ ჟღერს, ვერ მოქმედებს და მას არ აქვს აზრი, და თუ აქვს, არა ის, რაც სახარებაშია, არამედ ის, რასაც ჩვენ ვაწერთ სახარებას. რადგან ცოდვაში ქრისტიანობა გულისხმობს არა ამა თუ იმ შეცოდებას, ნაკლოვანებას, და, შესაძლოა, არა თვით დაცემას _ არა, ქრისტიანობა ცოდვაში გულისხმობს სწორედ იმ შინაგან განდგომას ღმერთისაგან, მისი ჭეშმარიტებისაგან და სულიერი კანონისაგან, რომელიც, პირველ რიგში, გამოიხატება ჩვენი ამ თვითკმაყოფილებით, ზნეობრივი მინიმალიზმით. ცოდვა იმაში კი არაა, რომ ვეცემით და ვცოდავთ, არამედ იმაში, რომ უკვე ვეღარ ვამჩნევთ ნამდვილ დაცემას, ვერ ვამჩნევთ თვით ჩვენი `ნორმალური,” `ჩვეულებრივი” ცხოვრების დაცემულობას. და საკმარისია შევადაროთ ეს ჩვენი მცირე თვითკმაყოფილება და ცოდვის ეს პაწია აღიარება ცოდვის იმ განცდას, სინანულისა და შენდობის იმ ღაღადს, რომელიც ბიბლიის თითქმის ყოველი ფურცლიდან იღვრება, რათა დავრწმუნდეთ ჩვენს შორის გამაოგნებელ, ძირეულ განსხვავებაში.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვგრძნობთ და არ ვაცნობიერებთ ცოდვისადმი ჩვენს მონობას, ცოდვის მიერ ჩვენს დამონებას, და ამიტომ არც მისგან გათავისუფლება გვსურს. როგორც გალიაში დაბადებული ფრინველი გალიიდან არ გაფრინდება თავისუფლებაში, თუნდაც გაიღოს გალიის კარი, ასევე უკვე ვეღარ ვგრძნობთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება დაჩეხილია, მოწამლული და დამახინჯებულია ცოდვით, რომ ჩვენ არ ვართ ისინი და ისეთნი, როგორნიც შეიძლება ვყოფილიყავით და როგორნიც უნდა ვიყოთ.
და იგივე შეიძლება ითქვას სიკვდილისადმი ადამიანის დამონებაზე. როგორც უნდა გვეშინოდეს სიკვდილისა, როგორადაც უნდა ვძრწოდეთ მის წინაშე, მას ვთვლით კანონიერ და ნორმალურ მოვლენად, ბუნების ერთ-ერთ ყბადაღებულ კანონად, რომელშიც სიბრძნის ძიებას გვასწავლიან კიდეც და რომლისადმი დამორჩილებისაკენ მოგვიწოდებენ ყოველთვის.
ადამიანი მოკვდავია. მორჩა. უსიამოვნოა, მაგრამ ვერაფერს იზამ. დაემორჩილე და შეურიგდი, და, ამასთანავე, ილაპარაკე არავისთვის საჭირო სიტყვები სიმშვიდესა და დასვენებაზე. მაგრამ მაშინ როგორღა გავიგოთ სახარების კეთილუწყება იმის შესახებ, რომ `უკანაისკნელ მტერი იგი განქარდეს _ სიკუდული” (1 კორინთელთა, 15:26)? და რომ სწორედ ადამიანის ამ საშინელი მონობისაგან გასათავისუფლებლად მოვიდა ქრისტე?
რა ვუყოთ მონებს, რომლებიც ისე შეეჩვივნენ თავიანთ მონობას, რომ უკვე აღარც კი გრძნობენ თავიანთ მდგომარეობას, როგორც მონობას, რომ მათ არც კი იციან, რანი უნდა ყოფილიყვნენ ისინი, და რომ ისინი თავისუფალნი იყვნენ? რა ვუყოთ მონებს, რომლებმაც დაივიწყეს რა ნამდვილი თავისუფლება, სათამაშოებით თამაშობენ და ამას თავისუფლებას უწოდებენ მსგავსად იმისა, ციხის ერთი კამერიდან მეორე კამერაში გადასვლას გათავისუფლება რომ უწოდო?
მაგრამ, აი, ქრისტიანობა ამბობს: სანამ ადამიანი დამონებულია ცოდვისა და სიკვდილის მიერ, სანამ ადამიანი ურიგდება ცოდვასა და სიკვდილს და ვერც კი განიცდის მათ როგორც საშინელ და წარუვალ მონობას, ილუზორული და უშინაარსოა ყოველგვარი ადამიანური მსჯელობანი ნებელობის შესახებ. და საქმე ეხება მხოლოდ უფრო გრძელ ან მოკლე ჯაჭვს, რომლითაც მიბმულნი ვართ იგივე ბოძს, იგივე მონობას. და ამიტომ მხოლოდ ამასთან მიმართებით, ამ მონობასთან მიმართებით შეიძლება შევიმუშავოთ თავისუფლების ცნება. რადგან ქრისტიანობისათვის ეს ცნება ნიშნავს არა დროებით გათავისუფლებას ამა თუ იმ დამოკიდებულებისაგან, არამედ, უწინარესად, ადამიანის ცნობიერების ძირეულ და შინაგან შეცვლას, და ამიტომ, ადამიანის მთელი სიცოცხლის შეცვლასაც. ქრისტიანობისათვის ამ გარეგან თავისუფლებას, უფრო სწორად, იმას, რასაც ჩვენ თავისუფლებას ვეძახით და რაც ყოველთვის დროებითი და წარმავალია, უაზრობაა და არ აქვს არავითარი აზრი ადამიანის შინაგანი გათავისუფლების გარეშე, თავისუფლებისაკენ სწრაფვის მისი თანდაყოლილი თვისების დაბრუნების გარეშე. რადგან სწორედ თავისუფლების ამ უნარმა, ნამდვილი თავისუფლების წყურვილმა, ცოდვისა და სიკვდილისაგან თავისუფლებამ დაამსხვრია ადამიანში ის მონობა, რომელზედაც ეს-ესაა ვსაუბრობდით. ამიტომ სანამ თავისუფლების ამ ქრისტიანულ ცნებას გამოვიყენებთ ჩვენი მიწიერი რეალობებისა და საჭიროებების მიმართ, საჭიროა მთელი სისრულით გავიგოთ სახარების კეთილუწყება იმის შესახებ, ვინც ავლენს თავისუფლებას.



4. `და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ” (იოვანე, 8:32). _ ამბობს ქრისტე სახარებაში. რა ჭეშმარიტება უნდა შეიცნოს ადამიანმა, რათა გახდეს თავისუფალი და როგორ შეიძლება ამ ჭეშმარიტებამ გაათავისუფლოს იგი? აი, კითხვები, საიდანაც უნდა დავიწყოთ შეცნობა თავისუფლების ქრისტიანული გაგებისა, უფრო უკეთესი იქნება, ვთქვათ _ საერთოდ თავისუფლების გაგებისა, რადგან, როგორც ჩვენს წინა საუბრებში ვცდილობდით დამტკიცებას, თავისუფლებას არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს სხვა წყარო, სხვა ფესვები, გარდა ადამიანის, სამყაროსა და სიცოცხლის ქრისტიანული, რელიგიური აღქმისა.
სამყაროში არსებობს არცთუ ცოტა იდეა თავისუფლებისა, და თითოეული მათგანი ასე თუ ისე უკავშირდება ამა თუ იმ ჭეშმარიტებას.
აი, მაგალითად, მარქსიზმი ამტკიცებს, რომ თავისუფლების მეუფება დადგება მაშინ, როცა ადამიანი გაიგებს ეკონომიკური მოვლენების მექანიზმს, ოღონდ ამ მექანიზმების შესახებ, ამ ეკონომიკური მოვლენების შესახებ მარქსის კაპიტალის სქელტანიან ტომებში დაწერილია უსასრულოდ ბევრი თავი, ხოლო თავისუფლების მეუფებას ეხება მხოლოდ რამდენიმე სიტყვა, ყველაზე ბოლოს; ასე რომ, ბოლომდე გაურკვეველი რჩება, რითი გამოიხატება ეს თავისუფლება, რა იქნება მისი შინაარსი.
გერმანელი ფილოსოფოსი შოპენჰაუერი კი აღმოსავლურ-ინდუსურ სიბრძნეზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თავისუფლება დადგება მაშინ, როცა ადამიანი შეიცნობს საკუთარი ნების მექანიზმებს, და შეიცნობს რა მათ, უბრალოდ უარს იტყვის თავის ნებაზე, მოიკვეთს საკუთარ თავს ამ ნებისაგან; მაშინ, ამბობს შოპენჰაუერი, ბოლოს და ბოლოს ადამიანი გახდება თავისუფალი, რადგან აღარაფერს მოისურვებს _ სწორედ სურვილებში, ნებაში არის წყარო მონობისა და ტანჯვისა.
მაგრამ, აი, გასული საუკუნეების მძიმეწონიანი თეორიების სანაცვლოდ ასპარეზზე გამოდიან თანამედროვე ფილოსოფოსები _ ეგზისტენციალისტები, რომლებიც ასევე გვაუწყებენ თავისუფლების შესახებ, ასევე ამტკიცებენ თავისუფლებას. თავისუფლება, ამბობენ ისინი, დადგება მაშინ, როცა ადამიანი, უბრალოდ, უარყოფს წინასწარგანსაზღვრულ (მიკერძოებულ) ჭეშმარიტებას საკუთარი თავის შესახებ, გარედან თავსმოხვეულ ჭეშმარიტებას; მაშინ მთელი მისი ცხოვრება გახდება არაფრით განპირობებულ, არაფრით თავსმოხვეულ არჩევანთა და გადაწყვეტილებათა ჯაჭვი, და იგი ყოველთვის თითქოსდა თავის ცხოვრებას შექმნის არაფრისაგან.
მაგრამ რამდენი წიგნიც უნდა დაწერონ ფილოსოფოსმა-ეგზისტენციალისტებმა თავიანთი თეორიების დასაცავად, მაინც გაურკვეველი რჩება, როგორაა შესაძლებელი ამ სამყაროში, სადაც ყველაფერი ცხოვრობს მიზეზობრივი კანონით, მხოლოდ ადამიანს შეუძლია რაღაც იდუმალი სახით გამორიცხოს თავის თავზე ამ კანონის მოქმედება და თვითონ დაიწყოს თავისი თავის შექმნა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ის მხატვრული ნაწარმოებები, მაგალითად, ჟან-პოლ სარტრის `თავისუფლების გზები”, სადაც ეგზისტენციალისტები ცდილობენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, ფაქტიურად ამ კითხვაზე არანაირ პასუხს არ იძლევა. ისინი გვიჩვენებენ მოამბოხე ადამიანებს, რომლებმაც მტკიცედ არ იციან, რა უყონ საკუთარ თავს, რომლებიც იღებენ ახირებულ და ურთიერთსაწინაამდეგო გადაწყვეტილებებს, და რომლებიც მუდმივად განმარტავენ რაღაც გაურკვეველი განცდების აჩრდილებს, მისწრაფებებს, განწყობებს, სურვილებს; ამგვარად გათავისუფლებული ადამიანი პარადოქსულად იქცევა ამ ცარიელი და არაფრისმომცემი თავისუფლების მონად. ამგვარი სიის გაგრძელება შეიძლება თითქმის უსასრულობამდე. თავისუფლების ყოველი რეცეპტი ნამდვილად ეყრდნობა რაღაც ჭეშმარიტებას, მაგრამ ყოველთვის ასე გამოდის, რომ ეს კავშირი _ როგორ გამომდინარეობს ამ ჭეშმარიტებისაგან თავისუფლება, აღმოჩნდება გაუგებარი, არაფრით გამართლებული, მოუხელთებელი და განუსაზღვრელი.
გარეგნულად, ფორმალურად ქრისტიანობაც თითქოს იგივეს ამბობს: `და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.” მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული, ფორმალური მსგავსებაა, რადგან რეალურად ქრისტე ადამიანებს არ აუწყებს რაიმე განყენებულ ჭეშმარიტებას, არ აძლევს კიდევ ერთ თეორიას _ თავისუფლების მსახურმა თითქოსდა აუცილებლად უნდა განსაზღვროს და უზრუნველყოს თავისუფლება; რადგან საიდუმლოება, რომელზედაც ქრისტე საუბრობს, არ არის არც თეორია, არც დოქტრინა, არც ფილოსოფია და არც იდეოლოგია; რადგან ჭეშმარიტების შესახებ იგი ამბობს: `მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხორებაი” (იოვანე, 14:6). ჭეშმარიტება აქ გვევლინება არა სიტყვებისა და თეორიების სახით, არამედ ქრისტეს პიროვნებასთან ცოცხალ ერთობასა და ადამიანის _ ძე კაცის მხოლოდ ერთადერთ და განუმეორებელ სახეში. `მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხორებაი” და ამიტომ აქ თავისუფლება არ არის ახსნილი, და არ არის განსაზღვრული, არამედ მოვლენილია (გამოცხადებულია). ადამიანი, რომელიც ამბობს ამ სიტყვებს, თავადაა თავისუფალი. და Mმთელი სახარება თავისი არსით სხვა არაფერია, თუ არა სამყაროსათვის ბოლომდე თავისუფალი კაცისა და, ამდენად, თავისუფლების მოვლინება (გამოცხადება). რაშია ქრისტეს თავისუფლება? იმაში ხომ არა, რომ, თავისუფლების ჩვენეული კნინი გაგების შესაბამისად, მუდმივად ვცვალოთ ჩვენი შეხედულებები, ვიცხოვროთ საკუთარი თვითნებობებით, გავხადოთ საკუთარი თავი სამყაროს ცენტრად, ვემსახუროთ საკუთარ თავს? არა, რა თქმა უნდა, არა, რადგან მთელი მისი ცხოვრება არის ერთი განუწყვეტელი მსახურება ადამიანებისა, ერთი სრული თავგანწირვა, ერთი სრულყოფილი სიყვარული. იმაში, რომ ეძიო საკუთარი ბედნიერება და კეთილდღეობა? იმაში, რომ არ იტანჯო? არა, რადგან ქრისტე ნებაყოფლობით მიეცა შეურაცხყოფასაც, ტანჯვასაც, სიკვდილსაც. მაშ, რაშია მაშინ ქრისტეს თავისუფლება? რა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა, მისი პიროვნების სრულყოფილ მთლიანობაში (სისრულეში), ბოროტებისაგან, ბოღმისაგან, შიშისაგან მის სრულ დამოუკიდებლობაში, ნათლითა და სიყვარულით მის სრულყოფილ სისავსეში. აქ თავისუფლება არის არა რაიმე ცარიელი ფორმა, რომელშიც ყოველთვის შეიძლება ახირებების შესაბამისად ჩაასხა ნ


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნონა
პოსტი Jan 10 2010, 11:50 AM
პოსტი #2


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



რელიგია თუ იდეოლოგია?
1.

ჩვენ ვცხოვრობთ იდეოლოგიების ზეობის ეპოქაში. საშინელი სიტყვა _ `იდეოლოგია” არსებითად სულ ახლახანს წარმოიშვა და მან უკვე თითქმის გამოუსწორებლად მოწამლა ჩვენი სამყარო, ჩვენი სიცოცხლე.


რა არის იდეოლოგია? ეს არის სწავლება, ან თეორია, რომელიც არა მხოლოდ აბსოლუტურ და ყოვლისმომცველ ჭეშმარიტებად ასაღებს თავს, არამედ ადამიანს უდგენს კიდეც განსაზღვრული ქცევისა და მოქმედების წესს. სიღრმისეულად იდეოლოგია, რა თქმა უნდა, რელიგიის ერზაცია, რელიგიის ჩანაცვლებაა. მაგრამ განსხვავება, და უდიდესი განსხვავება რელიგიასა და იდეოლოგიას შორის ისაა, რომ რელიგია, რწმენა ყოველთვის რაღაც ძალიან პირადულია, იგი (რელიგია, რწმენა) შეუძლებელია ღრმა პირადი და შინაგანი განცდის გარეშე მაშინ, როცა იდეოლოგია, ყოველგვარი იდეოლოგია იწყებს იქედან, რომ უარყოფს ყოველგვარ პიროვნულს და უარყოფს როგორც არასაჭიროს.


რელიგია _ რწმენისაკენ მოწოდება _ ყოველთვის მიმართულია ადამიანისაკენ. იდეოლოგია ყოველთვის მიმართულია მასისაკენ, კოლექტივისაკენ, კაცობრიობისაკენ. მიზანი, არსი რელიგიისა ისაა, რომ ღმერთის პოვნით ადამიანმა იპოვოს საკუთარი თავი, გახდეს ის, რაც უნდა იყოს. მიზანი და არსი იდეოლოგიისა ისაა, რომ ყოვლისმომცველად დაიმორჩილოს ადამიანი, რათა ადამიანი გახდეს იდეოლოგიის აღმსრულებელი და მსახური. რელიგია ამბობს: `...რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს”? (მათე, 16:26). იდეოლოგია ამბობს: საჭიროა მთელი სამყაროს მოპოვება იდეოლოგიის განსახორციელებლად. რელიგია მოგვიწოდებს, სხვა ადამიანში დავინახოთ მოყვასი; იდეოლოგია ყოველთვის მიმართულია შორიელი, უპიროვნო, განყენებული ადამიანებისაკენ.


ვიმეორებ: ჩვენ ვცხოვრობთ იდეოლოგიათა ზეობის ეპოქაში, ადამიანებზე იდეოლოგიათა საშინელი ბატონობის ჟამს. მხოლოდ ჩვენს საუკუნეში _ ხოლო იგი ჯერ მხოლოდ სამოცდაათ წელს ითვლის, _ მილიონობით, მილიარდობით ადამიანი დაიღუპა განყენებულ და ილუზორულ იდეოლოგიათა სახელით. და დღეს ადამიანს არ აქვს უფრო სასწრაფო და საარსებო ამოცანა, ვიდრე სწორედ ამ იდეოლოგიური ძალადობის, ადამიანზე იდეოლოგიის ტირანიის უარყოფა და მხილება.


მაგრამ ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ შევძლებთ ყველა იდეოლოგიაზე მაღლა დავაყენოთ პიროვნების იდეა, როგორც ყველა იდეოლოგიაზე აღმატებული და მათი შემზღუდავი, ეს კი ნიშნავს _ დავაყენოთ ცოცხალი, კონკრეტული, ერთადერთი და განუმეორებელი ადამიანი. რელიგიის დაისმა და იდეოლოგიის ზეიმმა მიგვიყვანა პიროვნების იდეისა და პიროვნებასთან დაკავშირებული გამოცდილების თითქმის სრულ გაქრობამდე. ეს გამოცდილება კი, რა თქმა, უნდა, თავის პირველსაწყისში რელიგიურია. მხოლოდ რელიგიაში, მხოლოდ რელიგიისაგან არის შესაძლებელი პიროვნების იდეა, _ აი, რა არ ესმით, არ შეუძლიათ, არ სურთ გაიგონ თანამედროვე ადამიანებს, რომელთაც სწყურიათ ხსნა ამა თუ იმ იდეოლოგიისაგან.



მეტყვიან, რომ თვით რელიგია ისტორიაში მისი ზეობის დროს ხშირად ხელყოფდა ადამიანის იდეას, რომ თვით ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპი და ა. შ. დაიბადა რელიგიასთან ბრძოლაში. ნაწილობრივ ეს მართალია. მაგრამ ეს სიმართლე უნდა გავიგოთ მთელი მისი სირთულით.


დიახ, რა თქმა უნდა, ქრისტე ჯვარს აცვეს რელიგიურმა ადამიანებმა. მაგრამ ჯვარს აცვეს იგი სწორედ იმის გამო, რომ ქრისტემ ამხილა მათი რელიგიურობა, როგორც ცრუ რელიგიურობა, ან, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ამხილა ისინი რელიგიის იდეოლოგიად გადაქცევის გამო. რადგან ქრისტეს მთელი კონფლიქტი იმათთან, ვინც ჯვარს აცვა იგი, დაიყვანება ერთ გარემოებამდე. მან, ქრისტემ, ადამიანი დააყენა ყველაზე მაღლა და იგი, მხოლოდ იგი, გახადა სიყვარულის საგანი, ერთგვარად აბსოლუტური ყურადღების საგანი. ხოლო ქრისტეს მტრებს რელიგიისაგან უნდოდათ წესრიგი, სამშობლოს ხსნა, თვითკმაყოფილება _ რაც გნებავთ ის, და საამისოდ მოითხოვდნენ უსახო კანონებისადმი ბრმა მორჩილებას.


ყოველივე ამის შესახებ ქრისტეს არ უთქვამს ერთი სიტყვაც კი. ისევე როგორც არ თქვა ერთი სიტყვა სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე, ისტორიაზე, კულტურაზე _ ყოველივე იმაზე, რაც ოდითგანვე შეადგენს ყველა იდეოლოგიის საგანს. ქრისტეს ყურადღება ყოველთვის მიპყრობილი იყო ცოცხალი ადამიანებისაკენ, რომლებიც გარს ერტყა მას. მან მათზე მხოლოდ თავისი სიყვარული, თანამონაწილეობა, თანაგრძნობა, ინტერესი მიაქცია. და, აი, ამისათვის, იმისათვის, რომ ქრისტემ ცოცხალი ადამიანი დააყენა ყველაზე მაღლა ამ სამყაროში, დასაჯეს იგი. მაგრამ ამ დასჯაში, _ და დროა, ეს გავიგოთ, _ თვით რელიგია გარდაიქმნა. იდეოლოგიიდან ის იქცა ცოცხალ ძალად, და სამყაროში სამუდამოდ გამეფდა პიროვნების იდეა.


შემდეგ, ისტორიაში, თვით ქრისტიანობაც, _ ეს უნდა ვაღიაროთ, ფრიად ხშირად გადაგვარდებოდა ხოლმე იდეოლოგიაში, მოითხოვდა ბრმა მორჩილებას, ემსახურებოდა არაძირითად მიზნებს... მაგრამ მაინც მისი არსი ეს არ არის. მისი არსი არის ქრისტეს სახარებისეულ სახეში, ადამიანის სახეში, რომელიც მიმართულია მეორე ადამიანისაკენ და რომელიც მასში ხედავს მოყვასს, და მასში ხედავს ცხოვრების მიზანსა და საზრისს. კაცობრიობის ისტორიაში არ არის პიროვნების სხვაგვარი დასაბუთება. ეს დასაბუთება არ არის დიდ და ღრმა ბერძნულ ფილოსოფიაში, იგი არ არის არც რომში, რომელმაც შექმნა სამართლის იდეა, მაგრამ მონას ადამიანად არ თვლიდა. და, რა თქმა უნდა, ადამიანის იდეა არ არის არცერთ თანამედროვე იდეოლოგიაში, რომელიც ყოველთვის დაკავებულია კაცობრიობით, მაგრამ კაცობრიობისათვის ფრიად მშვიდად ანადგურებს მილიონობით ადამიანს.


მე ვამტკიცებ, რომ პიროვნების იდეა რელიგიურია იმიტომ, რომ აშკარაა: თუ არ არის ადამიანში უმაღლესი ფესვები, თუ იგი არის არა `ზემოდან”, არამედ `ქვემოდან”, თუ ის მხოლოდ წამიერი მოვლენაა, მაშინ, მართლაც, არ ღირს რაიმე განსაკუთრებული ღელვა ადამიანის გამო, და მაშინ სამყაროზე ბატონობს დიდი რიცხვების კანონი. მაშინ _ და აქამდე ჩვენ მალე მივალთ, _ ხეიბრები, და ავადმყოფები, და მოხუცები უნდა მოისპონ, მაშინ უნდა იზრუნო მხოლოდ ბუნებრივ შერჩევაზე. მაშინ დოსტოევსკის საყოველთაოდ ცნობილი `ბავშვის ცრემლიც” უაზრო სენტიმენტალობაა. ძალიან მარტივად ეს შეიძლება ასე ითქვას: თუ არ არის ღმერთი, მაშინ არსებითად, არ არის ადამიანიც. არის მხოლოდ ხალხი _ უსახო მასა, რომლის ცხოველურ კეთილდღეობაზეც ზრუნავს იდეოლოგია, გაღებული საფასურის (სასყიდელის) გათვალისწინების გარეშე. აი, ასეთ საშინელ იდეოლოგიურ სამყაროში, მასების, კლასების, კოლექტივების სამყაროში ვცხოვრობთ ჩვენ დღეს.


და ამაზე უნდა ვიფიქროთ, ამით უნდა შევძრწუნდეთ, სანამ გვიან არ არის. სანამ ცოცხალი პიროვნება ჯერ კიდევ არ შეცვლილა უბრალო რიგითი ნომრით. სანამ ადამიანი მართლა არ გამხდარა უფრო და უფრო რთული, მეტად და მეტად უშველებელი მანქანის მხოლოდ `ჭანჭიკი”. ამჟამად რელიგიის საკითხი არის, უპირველესად, საკითხი სწორედ პიროვნების შესახებ; ამიტომ ყველა თანამედროვე საკითხთა შორის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს კვლავ დავუბრუნდებით ჩვენს შემდგომ საუბრებში.


2.


მე ვამბობდი, რომ პიროვნების ცნება შეიძლება დასაბუთდეს მხოლოდ რელიგიურ მსოფლმხედველობაში. ასევე ვამბობდი, რომ, პიროვნების ამ ცნების, აღიარებისა და ინტუიციის მიღმა კაცობრიობაზე ყველა თანამედროვე ზრუნვა მთლიანობაში აღმოჩნდება მოჩვენებითი და წარუმატებლობისათვისაა განწირული.


ამასთანავე, თვით იმათაც კი, რომლებიც, სამწუხაროდ, უფრო და უფრო ნაკლებნი არიან და რომლებიც იცავენ ადამიანის პიროვნებას და იბრძვიან მისი უფლებებისათვის, თითქოსდა, უკვე აღარ შეუძლიათ ან არ სურთ დაინახონ პიროვნების კავშირი რელიგიურ სწავლებასთან და ხშირად რელიგიისგან როგორღაც გამიჯვნასაც კი ცდილობენ.


აი, ბოლო წლებში ბევრს საუბრობდნენ, სანამ უხეში ძალადობით არ დამყარდა დუმილი, `ადამიანური სახის მქონე სოციალიზმზე”, და საუბრობდნენ, სავარაუდოდ, სავსებით გულწრფელად. მაგრამ შეიძლება სულაც არა რიტორიკულად, სულაც არა მზაკვრულად დაისვას კითხვა: `მაგრამ, საკუთრივ, რატომ უნდა ჰქონდეს სოციალიზმს ადამიანური სახე”? და, საკუთრივ რა იფარება გარეგნულად ლამაზი სიტყვათშეხამების მიღმა?


მე მგონია, რომ ისინი, ვინც ამ სიტყვათშეხამებას იყენებენ, ვერც კი გრძნობენ მთელ მის (სიტყვათშეხამების) პარადოქსულობას; სახე ხომ უკიდურესად სწორედ პირადული, ინდივიდუალურია, ესაა პირი, პიროვნება. არ არსებობს სახე ზოგადად, არის ჩემი, შენი, მისი სახე. სოციალიზმი კი ყოველთვის სწორედ პრინციპულად, მეცნიერულად აყენებს საერთოს კერძოზე, პიროვნულსა და ინდივიდუალურზე მაღლა. იგი არა მარტო ამტკიცებს, რომ ადამიანი ცხოვრობს საზოგადოებაში სხვა ადამიანებთან ერთად, რაც თავისთავად ცხადია, არამედ ადამიანი სწორედაც რომ დაჰყავს ამ საერთომდე, სწირავს მას კლასის, ერის, რასისა და საზოგადოებისაგან და ა. შ. თითქმის სრული დამოკიდებულებისათვის; და მეც ვიმეორებ, ნებისმიერ პერსპექტივაში, გარდა რელიგიურისა, საერთომდე ადამიანის ამგვარი დაყვანა გარდაუვალია, რადგან მატერიალისტური, ათეისტური მსოფლმხედველობის ფარგლებში სრულებით შეუძლებელია დამტკიცება, საკუთრივ პიროვნებას, როგორც ასეთს, პირს, ცალკეულ ადამიანს, საერთოდ რატომ აქვს რაღაც განსაკუთრებული ღირებულება და რაღაც თანდაყოლილი უფლებები. ათეისტურ მსოფლმხედველობაში ყველა ამ უფლებას ადამიანი იღებს საზოგადოებისაგან, რომელიც ამ მსოფლმხედველობაში აპრიორი უმაღლესი ღირებულებაა, _ ნუთუ ამას კიდევ მტკიცება სჭირდება? _ არა საზოგადოება არსებობს ადამიანისათვის, არამედ ადამიანი _ საზოგადოებისათვის.


ამჟამად ზოგიერთი კეთილშობილი, კეთილგანწყობილი და თავისებურად გმირი ადამიანი ცდილობს დაამტკიცოს, მაგალითად, რომ თვით საზოგადოებისა და მისი მიზნებისათვის სასარგებლოა თავისუფლება და პიროვნებისადმი უფრო მეტი პატივისცემა. თავისუფლების პირობებში წარმოებაც უკეთესი გახდება, მეცნიერებაც სწრაფად განვითარდება, და ყოველგვარი ოპოზიციაც უფრო ნაკლები გახდება. მაგრამ აქაც, აშკარაა, თავისუფლებაცა და პიროვნებაც მხოლოდ საზოგადოების სარგებლობიანობის თვალსაზრისით მოიაზრება. მაგრამ ამ მიდგომიდანაც, რა კეთილშობილური ზრახვებითაც უნდა იყოს ნაკარნახევი იგი, საბოლოოდ არაფერი გამოვა. ნებისმიერმა გლეხმა იცის, რომ თუ ცხენს არ გამოკვებავ და არ მისცემ დასვენების საშუალებას, იგი შეწყვეტს მუშაობას.


თავისუფლებისა და პიროვნების უტილიტარული დასაბუთება არა მხოლოდ არ არის საკმარისი, არამედ იგი უბრალოდ ადამიანს არ ეკადრება, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანის საბოლოო ღირებულება განისაზღვრება მხოლოდ მისი სარგებლიანობით კოლექტივისათვის, მისი ერთგვარი პროდუქტიულობით: მიეცით ცოტაოდენი თავისუფლება, რათა მან უკეთ აწარმოოს, მიეცით ნაკლები შიშის საფუძველი _ და იგი გახდება სასარგებლო, _ აქ ჯერ კიდევ ისევ რჩება ეს კოშმარული მითი იმ საზოგადოების სასარგებლო წევრის შესახებ, რომლისთვისაც მილიონობით ადამიანი იმყოფებოდა და იმყოფება შრომა-გასწორების ბანაკებში. სარგებლისაგან, საზოგადოებისაგან, კოლექტივისაგან არავითარი პიროვნება, არავითარი ნამდვილი უფლება ვერ გამოიყვანება. ეს უფლებები მოიაზრება, თუ პიროვნება აღიარებულია აბსოლუტურ ღირებულებად, ხოლო აბსოლუტი ლათინურად არის ის, რაც არ არის დამოკიდებული სხვა რაიმესაგან და რაც არ დაიყვანება სხვა რაიმემდე.


თითოეული ადამიანის აბსოლუტურ ღირებულებად აღიარება ნიშნავს არა მხოლოდ მისთვის საზოგადოებისაგან დამოუკიდებლად არსებული უფლებების მინიჭებას, არამედ _ და ეს განუზომლად მნიშვნელოვანია _ ნიშნავს იმასაც, რომ სამყაროში ყოველივე დანარჩენს, და უწინარესად, სწორედ საზოგადოებას, წაართვა აბსოლუტური ღირებულება. ეს ნიშნავს ჩვენი ჩვეული წარმოდგენების თავდაყირა დაყენებას, და ბოლოს, ეს ნიშნავს ადამიანის გამოცალკევებას უბრალო ბუნებითი წესრიგისაგან, ადამიანის აღიარებას უმაღლეს ქმნილებად. ამას კი ადამიანის შესახებ ამბობს მხოლოდ რელიგია, მეცნიერულად ამგვარი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. ეს შეიძლება მხოლოდ იწამო.


რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი, რომ ქრისტიანობის მძვინვარე მოძულემ ნიცშემ წამოიძახა: `მოყვასისადმი სიყვარულს ჩვენ შევცვლით შორიელისადმი სიყვარულით!” შორიელი _ ეს არის არავინ, შორიელი _ ესაა ის, ვისაც ვერ ხედავ, ეს რაღაც კრებითი, ჯერ კიდევ არარსებული ადამიანია. მოყვასი კი, სახარების მიხედვით, ეს არის ის, ვინც ჩემს გვერდითაა, ესაა ერთადერთი პირი, ეს ყოველთვის ცოცხალი, კონკრეტული და ერთეული პირია. ასევე, ცხადია, არ არის შემთხვევითი, რომ ყველაფერს სამყაროში, ყველა ფილოსოფიას, იდეოლოგიასა და პროგრამას, რომლებიც მიმართულია შორიელისადმი, საერთოსადმი, კოლექტიურისადმი, ასე მძვინვარედ სძულს რელიგია და ყოველთვის, რაღაც ურყევი კანონზომიერებით ებრძვის მას. მათ, რა თქმა უნდა, იციან, რომ რელიგიის ამოძირკვა პიროვნების მეტნაკლებად განადგურებასაც ნიშნავს. ამიტომ მათთვის საშიშია არა ის, რასაც აცხადებენ თავისუფლებისა და უფლებების შესახებ, არამედ საშიშნი არიან ისინი, ვისაც სწამთ ღმრთაებრივი სული და სულის უკვდავება, რასაც ამიტომ ვერ დაიყვან ვერანაირ მიწიერ სარგებლამდე.


`... რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს?” (მათე, 16:26). სანამ დედამიწაზე ეს სიტყვები ისმის, სანამ ადამიანებს ახსოვთ სახარებისეული ის პარადოქსული არითმეტიკა, რომლის შესაბამისად ერთი ყოველთვის ძვირფასია ოთხმოცდაცხრამეტზე, შეუძლებელი იქნება ადამიანის პიროვნების განადგურება, შესაბამისად, შეუძლებელი იქნება ბოლომდე უკვე კოლექტივიზებული იმ კაცობრიობის შექმნა, რომელიც თავის მონობას თავისუფლებას უწოდებს, უსახო სარგებელზე თავის დაქვემდებარებას უფლებებს დაარქმევს, ხოლო თავის ციხეს მიწიერ სამოთხედ მონათლავს.


რა საშიშია: ასე ბევრს ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ტოტალიტარიზმს მის ყველა გამოვლინებაში დედამიწაზე ეწინააღმდეგება მხოლოდ ერთი, ეს და სხვა არაფერი _ რწმენა ღმრთისა, რომელმაც ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად, რომელმაც ადამიანს მოუწოდა თავისუფლებისა და მარადიულობისაკენ. ჩვენი ეპოქის დავა რელიგიური დავაა და დავაა რელიგიის შესახებ; არ გაიგო ეს, არ დაინახო თანამედროვეობის ყველა საშინელი პრობლემის კავშირები რელიგიური მსოფლმხედველობის სიღრმეებთან _ ეს იგივეა, რომ სირაქლემასავით დამალო თავი. შორიელი თუ მოყვასი? ადამიანი თუ კაცობრიობა? რითი დავიწყოთ, რისთვის შევქმნათ? _ აი, საკითხები, რომლებზედაც ადრე თუ გვიან, მაგრამ მაინც მოუწევს მთელს კაცობრიობას პასუხის გაცემა.


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნონა   ალექსანდრე შმემანი - XX საუკუნის ერთერთი უდიდესი თეოლოგი   Jan 9 2010, 08:21 PM
ნონა   ქრისტიანული სიყვა...   Jan 9 2010, 08:56 PM
ნონა   სიკვდილის ქრისტია...   Jan 9 2010, 09:08 PM
ნონა   შეიძლება თუ არა გწ...   Jan 10 2010, 11:03 AM
ნონა   რელიგია თუ იდეოლოგ...   Jan 10 2010, 11:50 AM
ნონა   ქრისტეს საუბარი სა...   Jan 10 2010, 01:05 PM
abo   ნონა ძალიან საინტე...   Jan 10 2010, 01:05 PM
ნონა   [b]ნონა ძალიან საინ...   Jan 10 2010, 01:22 PM
ნონა   მენელსაცხებლე დედ...   Jan 10 2010, 01:35 PM
კანუდოსელი   ლიტურგიკის ისტორი...   Jan 10 2010, 01:45 PM
ნონა   მის ნაშრომებს შორ...   Jan 10 2010, 02:26 PM
კანუდოსელი   მაგ ნაშრომს ჯერ არ ...   Jan 10 2010, 02:32 PM
ნონა   ამ დღეებში ვერ მოა...   Jan 10 2010, 02:40 PM
INFORMATION   დღიურები (ნაწყვეტ...   Jan 14 2010, 09:27 PM
Iona   გაუმარჯოს პროტეს...   Jan 15 2010, 11:13 AM
KAIROS   იონა, ეს ტერმინი რო...   Jan 16 2010, 05:23 AM
A.V.M   ,,თანამედროვე საეკ...   Oct 12 2014, 11:32 PM
A.V.M   ,, ბევრ მართლმადიდე...   Oct 13 2014, 10:12 PM
A.V.M   ხსენებული საიდუმლ...   Oct 13 2014, 10:26 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 09:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი