![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
წმ. კლიმენტი რომაელი პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ ღვთის ეკლესია, რომელიც მკვიდრობს რომში, ღვთის ეკლესიას კორინთოში მკვიდრს, მოწოდებულთ, განწმენდილთ ღვთის ნებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ! მადლი თქვენ და მშვიდობა ყოვლისმპყრობელი ღვთისა. იესო ქრისტეს მიერ გამრავლდეს! თავი I მოულოდნელი და ერთიმეორის მიდევნებით ჩვენთან მომხდარი უბედურებებისა და შემთხვევების გამო, ვფიქრობთ, დაგვიანებით მივაქციეთ ყურადღება, საყვარელნო, თქვენ შორის გამოსაძიებელ საქმეებს და იმ ბილწსა და უწმინდურ ამბოხს, უცხოსა და შეუფერებელს ღვთის რჩეულთათვის, რაც რამდენიმე უგულისყურო და თავხედმა პირმა ჩამოაგდო და იმგვარ სიშლეგეში გადაიზარდა, რომ ღირსეული, სახელგანთქმული და ყოველი ადამიანისათვის სანუკვარი თქვენი სახელი დიდად შეურაცხყო. რადგან ვის უცხოვრია თქვენთან თუნდაც მცირე ხნით ისე, რომ არ გამოეცადოს თქვენი ყოვლადსათნო და მტკიცე რწმენა? ვინ არ განცვიფრებულა ქრისტეში თქვენი გონიერი და კრძალული კეთილმორწმუნეობით? არ უღიარებია თქვენი სტუმართმოყვარეობის სულგრძელი ჩვეულება? ვის არ ნეტარუყვია სრული და მყარი ცოდნა? რადგან ყველაფერს პირუთვნელად იქმოდით და ღვთის დადგენილებათა მიხედვით იქცეოდით. ემორჩილებოდით თქვენს წინამძღოლებს და ჯეროვან პატივს მიაგებდით თქვენს ხუცესებს. ახალგაზრდებს შთააგონებდით, რომ ზომიერად და ღირსებით მოქცეულიყვნენ, ქალებს არიგებდით, რომ ყველაფერი ეკეთებინათ უმწიკვლო, პატიოსანი და სუფთა სინდისით, ჯეროვნად ჰყვარებოდათ თავიანთი ქმრები, ასწავლიდით, რომ მორჩილების კანონი ეტვირთათ, ღირსეულად განეგოთ საოჯახო საქმეები და მოქცეულიყვნენ ფრიადი გონიერებით. თავი II ყველანი სიმდაბლით იქცეოდით, არავინ ამაყობდით, უფრო ემორჩილებოდით, ვიდრე იმორჩილებდით. სიხარულით გასცემდით, ვიდრე იღებდით (შდრ. საქმე მოციქ. 20,35). სჯერდებოდით ქრისტეს საგზალს და გულმოდგინეთ ფიქრობდით მის სიტყვებზე, ინახავდით გულის სიღრმეში და მისი ვნებანი თქვენს თვალწინ იყო. ამრიგად, ყველას გვებოძა ხანგრძლივი, სასიხარულო მშვიდობა და განუძღომელი წადიერება კეთილმოქმედებისა; სულიწმინდის სავსე გადმოღვრა აღსრულდა ყველაზე (რომ. 5,5). წმინდა ზრახვით აღსავსენი კეთილი გულმოდგინებით, ღვთისმოსავი გულდაჯერებით იწვდიდით თქვენს ხელებს ყოვლისმპყრობელი ღვთის მიმართ, ევედრებოდით მას მოწყალება გამოეჩინა თუ უნებურად რამ შეგეცოდათ. დღე და ღამ ღვაწლში იყავით მთელი საძმოსთვის (I პეტრ. 2,17; 5,9), რომ გადარჩენილიყო მის რჩეულთა რიცხვი გულმოწყალებისა და შეგნების თანხმობაში. გულწრფელნი და სპეტაკნი იყავით, ურთიერთისადმი ძვირუხსენებელნი. ყოველგვარი ამბოხი და განხეთქილება გძაგდათ თქვენ. ახლობელთა შეცდომებზე გლოვობდით, მათ ნაკლოვანებებს საკუთრად რაცხდით. უშურველნი იყავით ყოველგვარ კეთილქმედებაში, “მზადმყოფნი ყოველი კეთილი საქმისათვის” (II ტიმ. 2,11; ტიტე 3,1; II კორ. 9,8; კოლას. 1,10; II ტიმ. 3,17; ტიტე 1,16). ყოვლადსათნო და სათაყვანო მოღვაწეობით შემკობილნი ყველაფერს მისი შიშით აღასრულებდით; უფლის ბრძანებები და რჯულიერი მოთხოვნები თქვენი გულის ფიცარზე იყო დაწერილი (იგავთა 7,3; 22,20). თავი III ყოველი დიდება და სიფართოვე მოცემულ იქნა თქვენთვის და აღსრულდა დაწერილი: “ჭამდა და სვამდა, გაფართოვდა და გასუქდა და წიხლი ჰკრა მან, შეყვარებულმა” (II რჯული 32,15). ამისგანაა შური და ღვარძლი, კამათი და შფოთი, დევნა და ამბოხი, ბრძოლა და ტყვეობა. ასე აღდგნენ უპატიონი პატივდებულებზე (ესაია 3,5), სამარცხვინონი – სახელგანთქმულებზე, უგუნურები – გონიერებზე, ახალგაზრდები – მოხუცებულებზე. ამის გამო შორს განდგა სამართლიანობა და მშვიდობა (ესაია 59,14). თითოეულმა დატოვა ღვთის შიში და მის რწმენაში დაჩლუნგდა. არც მისგან მცნებულ ბრძანებათა თანახმად იქცევა (ლევიტ. 18,3; 20,23), არც მოქალაქეობს ქრისტესთვის ღირსად, არამედ თითოეული დადის თავისი ბოროტი გულის სურვილებით. და შეითვისეს მათ უსამართლო და უღმრთო შური, რომლისაგანაც “სიკვდილი შემოვიდა ქვეყნად” (სიბრძნე 2,24; რომ. 5,12). თავი IV რადგან ასეა დაწერილი: “და იყო დღეთა შემდგომ მიუტანა კაენმა ღმერთს მსხვერპლი მიწის ნაყოფთაგან და აბელმა მიართვა, მანაც თავისი პირველმოგებული ცხვრებისაგან და მათ ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმა აბელზე და მის ძღვენზე, ხოლო კაენზე და მის მსხვერპლზე არ მოიხილა. და ძალიან დამწუხრდა კაენი და მოიქუფრა მისი სახე. და უთხრა ღმერთმა კაენს: რატომ დამწუხრდი და რატომ მოიქუფრა შენი სახე? თუ სწორად შემოწირე, სწორად კი არ გაყავი, არ შესცოდე? დამშვიდდი! შენს მიმართ არის მოქცევა მისი და შენ იბატონებ მასზე. და უთხრა კაენმა თავის ძმას აბელს: გავიდეთ დაბლობზე! და იმ დროს მოხდა, როცა ისინი ველად იმყოფებოდნენ, რომ აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა ის” (შესაქმე 4, 3-8). ნახეთ ძმებო, შურმა და ღვარძლმა ძმათმკვლელობა აღასრულა. შურის გამო ივლტოდა ჩვენი მამა იაკობი თავისი ძმის, ესავის პირისაგან (დაბ. 27,41). შურმა სიკვდილამდე დევნულებაში ამყოფა იოსები და მონობამდე მიიყვანა იგი (დაბ. 37). შურმა აიძულა მოსეს გაქცევა, ეგვიპტის მეფის, ფარაონის პირისაგან, როდესაც თვისტომისაგან მოესმა მას: “ ვინ დაგადგინა შენ ჩვენს მსაჯულად ან მოსამართლედ? ნუთუ გსურს შენ, რომ მომკლა მე, როგორც გუშინ ეგვიპტელი მოკალი?” (გამოსვლათა 2,14). შურის გამო აარონი და მარიამი ბანაკს გარეთ ათევდნენ ღამეს (რიცხვთა 12, 14-15). შურმა დათანი და აბირონი ცოცხლად ჩაიყვანა ჯოჯოხეთში, რადგან აუჯანყდნენ ღვთის მსახურ მოსეს (რიცხვთა 16 თ.). შურის გამო დავითს მტრად გაუხდნენ არა მხოლოდ უცხოტომელნი, არამედ იგი ისრაელის მეფის, საულისაგანაც დევნილ იქნა (I მეფეთა 18,29). თავი V ხოლო იმისათვის, რომ თავი დავანებოთ ძველ მაგალითებს, გადავიდეთ უახლოეს მოღვაწეებზე. თვით ჩვენი თაობიდან ავიღოთ ღირსეული ნიმუშები. შურისა და ღვარძლის გამო იდევნებოდნენ უმართლესი ბურჯები (ეკლესიისა), რომლებმაც სიკვდილამდე იღვაწეს. თვალი მივაპყროთ კეთილ მოციქულებს: პეტრეს, რომელმაც უსამართლო შურის გამო არა ერთი და ორი, არამედ მრავალი ტანჯვა დაითმინა და სწამა რა, მიაღწია დიდების შესაფერის ადგილს. შურისა და უთანხმოების გამო მოთმინების საზღაური მიიღო პავლემ. შვიდგზის თავს იდვა მან ბორკილები; დევნეს იგი, ქვით ჩაქოლეს და მაინც ქადაგებდა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე და თავისი რწმენის შესაფერისი სახელიც გაითქვა. მთელ ქვეყანას ასწავლა მან სიმართლე და დასავლეთის საზღვრამდეც მივიდა, სწამა მან მთავართა წინაშე. ასე გარდაიცვალა ამ სოფლიდან და როგორც მოთმინების დიადი სახე, წმინდა ადგილს მიეახლა. თავი VI ასეთ კაცებს რომლებიც წმინდად მოქალაქეობდნენ, შეუერთდა რჩეულთა დიდი სიმრავლე, როლებმაც შურის გამო ბევრი შეურაცხყოფა და ტანჯვა გადაიტანეს და უბრწყინვალესი ნიმუშები გახდნენ ჩვენთვის. შურით იდევნებოდნენ ქალები: დანაიდები და დირკები. საშინელი და უწმინდური შეურაცხყოფა განიცადეს მათ. მტკიცედ განვლეს რა რწმენის სარბიელი და ხორციელად უღონოებმა ღირსეული საზღაური მოიპოვეს. შურმა გაჰყარა ცოლები ქმრებს და გადაასხვაფერა ჩვენი მამის, ადამის მიერ ნათქვამი: “აი ეს, ახლა არის ძვალი ჩემი ძვლებისაგან და ხორცი ჩემი ხორცისაგან” (დაბ. 2,23). შურმა და განხეთქილებამ დააქცია დიდი ქალაქები და ძირფესვიანად აღმოფხვრა დიდი ტომები. თავი VII ყოველივე ამას, საყვარელნო, არა მარტო იმისთვის გწერთ, რომ თქვენ დაგარიგოთ, არამედ საკუთარ თავსაც ვახსენებთ. რადგან იმავე არენაზე ვართ და იგივე ბრძოლა მოგველის ჩვენც. ამიტომაც, დავტოვოთ ამაო და ფუჭი საზრუნავები და მივიდეთ ჩვენი გადმოცემის სახელოვან და ღირსეულ კანონთან. ვნახოთ რა არის კეთილი, სასიამოვნო და მოსაწონი ჩვენი შემქმნელის წინაშე. დავაკვირდეთ ქრისტეს სისხლს და შევიგნოთ, როგორ ძვირფასია (I პეტრე 1,19) გი მისი მამისათვის, რადგან ჩვენი ხსნისათვის დაიღვარა და მთელ ქვეყანას სინანულის მადლი მოუტანა. მიმოვიაროთ ყველა თაობა და გავიგებთ, რომ თაობიდან თაობაში სინანულის საშუალება მისცა მეუფემ მისკენ მოქცევის მსურველებს (სიბრძნე 12,1). ნოემ იქადაგა სინანული და ყურადმღებელნი გადარჩნენ. იონამ ნინეველებს განადგურება უქადაგა, მაგრამ მათ, მოინანიეს რა ცოდვები, გული მოულბეს ღმერთს და მავედრებლებმა მიიღეს ხსნა, თუმცა უცხონი იყვნენ ღვთისა. თავი VIII ღვთის მადლის მსახურნი სულიწმინდის მიერ სინანულის შესახებ ლაპარაკობენ და თავად ყოველთა მეუფემაც სინანულის შესახებ თქვა ფიცით: “რადგან მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, მნებავს არა იმდენად ცოდვილის სიკვდილი, როგორც სინანული” (ეზეკ. 18,23; 31,11) დასძენს კეთილშეგონებასაც: “შეინანეთ, ისრაელის სახლო, თქვენი ურჯულოებისაგან. უთხარით ჩემი ხალხის ძეებს: მიწიდან ცამდე რომ გაწვდეს თქვენი ცოდვები, მეწამულზე უფრო წითელი და ძაძაზე მეტად შავიც რომ იყოს და მთელი გულით რომ მოიქცეთ ჩემსკენ და თქვათ: მამაო! შევისმენ თქვენგან, როგორც წმინდა ხალხისგან” (შდრ. Eზეკ. 18,30; ფს. 102,11; იერემია 3.19.22; ისაია 1,18). და სხვა ადგილას ასე ამბობს: “განიბანეთ და წმინდა გახდით, განიშორეთ ბოროტებანი თქვენი სულებიდან ჩემს თვალთა წინაშე, დასცხერით თქვენი სიბოროტისგან, ისწავლეთ კეთილის ქმნა, გამოიძიეთ მსჯავრი, იხსენით ჩაგრული, უსაჯეთ ობოლს და გაამართლეთ ქვრივი. და მოდით და განვსაჯოთ, ამბობს უფალი: და თუ იქნება თქვენი ცოდვები, როგორც მეწამული, თოვლივით გავათეთრებ, ხოლო თუ წითელი იქნება, მატყლივით გავათეთრებ და თუ ინებებთ და მომისმენთ მე, შეჭამთ მიწის სიკეთეს, ხოლო თუ არ ინებებთ და არც ჩემსას მოისმენთ, მახვილი გაგანადგურებს თქვენ, რადგან უფლის პირმა თქვა ეს” (ესაია 1, 16-20) ამრიგად, მას სურს, სინანულს აზიაროს მისი მოყვარულნი და დაამტკიცა ეს მისი ყოვლისმპყრობელური ნებით. თავი IX ამიტომ დავემორჩილოთ მის დიდადშესაშვენ და განთქმულ ნებას, ვევედროთ მის წყალობასა და თანაგრძნობას, დავეგოთ და მივიქცეთ მისი გულმოწყალებისაკენ. მივატოვოთ ფუჭი გარჯა, უთანხმოება და შური, რომელიც სიკვდილისაკენ მიგვიძღვის. შევხედოთ მათ, რომლებიც სრულყოფილად ემსახურნენ მის დიდადშესაფერის სახელს (შდრ. II პეტრე 1,17). ავიღოთ ენოქი, რომელიც თავისი მორჩილებით აღმოჩნდა მართალი. იგი გარდაიცვალა და არ უნახავს სიკვდილი (შდრ. დაბ. 5,24) ნოე მორწმუნე აღმოჩნდა, რომელმაც თავისი ლიტურგიით (მოღვაწეობით) ქვეყნიერებას განახლება უქადაგა და მის მიერ იხსნა მეუფემ ის ცხოველები, რომლებიც თანახმიერად შევიდნენ კიდობანში (დაბ. 6, 8-9, 17; II პეტრე 2,5) თავი X აბრაამი, მეგობრად სახელდებული, მორწმუნე აღმოჩნდა, როდესაც იგი მორჩილი გაუხდა ღვთის სიტყვებს. მორჩილების გამო გამოვიდა ის თავისი ქვეყნიდან, თავისი ნათესაობიდან და თავისი მამის სახლიდან, რომ მცირე ქვეყნის, უძლური ნათესაობის და პატარა სახლის დატოვებით ღვთის აღთქმათა მემკვიდრე გამხდარიყო. ვინაიდან ასე ეუბნება ღმერთი: “გამოდი შენი ქვეყნიდან, შენი ნათესაობიდან და შენი მამის სახლიდან მიწისაკენ, რომელსაც გიჩვენებ შენ და გაქცევ შენ დიდ ხალხად და გაკურთხებ შენ და განვადიდებ შენს სახელს და იქნები კურთხეული და ვაკურთხებ შენს მაკურთხეველს და დავწყევლი შენს დამაწყევართ და შენში იკურთხება მიწის ყოველი ტომი” (შესაქმე 12, 1-4). და კვლავ, როდესაც განეშორა ის ლოტისაგან, უთხრა მას ღმერთმა: “აღიხილე შენი თვალებით და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც ახლა შენ ხარ, ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და ზღვისკენ, რომ მთელ მიწას, რომელსაც შენ ხედავ, შენ მოგცემ მას და შენს თესლს უკუნისამდე. და გავხდი შენს თესლს, როგორც მიწის ქვიშას. თუ ძალუძს ვინმეს მიწის ქვიშის აღრიცხვა, შენი თესლიც აღირიცხება” (შესაქმე 13, 14-16). და კვლავ ამბობს: “გამოიყვანა ღმერთმა აბრაამი და უთხრა მას: “აიხედე ცაში და აღრიცხე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი აღრიცხვა, ასევე იქნება შენი თესლი” (შესაქმე 15, 5-6). რწმენისა და სტუმართმოყვარეობის გამო მიეცა მას შვილი მოხუცებულობაში და მან მორჩილების გამო მიუყვანა ის ღმერთს ერთ-ერთ მთაზე, რომელიც უჩვენეს მას (შესაქმე 22, 1-18). თავი XI სტუმართმოყვარეობისა და კეთილმორწმუნეობის გამო გადარჩა ლოტი სოდომიდან, როდესაც მთელი შემოგარენი დაისაჯა ცეცხლით და წუმწუბით (შესაქმე თ19; II პეტრე 2, 6-7). რითაც ცხადყო მეუფემ, რომ არ ტოვებს მისდამი მსასოებლებს, ხოლო სხვად მიდრეკილთ სასჯელსა და ტანჯვაში აგდებს. რადგან მასთან ერთად გამოსული მისი ცოლი, რომელიც სხვას განიზრახავდა და არ იყო მასთან თანხმობაში, მარილის სვეტად არის ქცეული დღევანდელ დღემდე ნიშნად იმისა, რომ შეიცნოს ყველამ: მერყევნი და ღვთის ძალის შესახებ დაეჭვებულნი სასჯელად და სანიშნედ ხდებიან ყოველი თაობისათვის. თავი XII რწმენისა და სტუმართმოყვარეობის გამო გადარჩა მეძავი რააბი (ისუ ნავე თ. 2), რადგან, როდესაც მზვერავები წარავლინა ისუ ნავეს ძემ იერიქოში, იმ ქვეყნის მეფემ გაიგო, რომ მათი მხარის დასაზვერად იყვნენ მოსულები და გაგზავნა კაცები მათ შესაპყრობად, რომ შეპყრობის შემდეგ მოეკვდინებინათ. მაგრამ სტუმართმოყვარე რააბმა ისტუმრა ისინი და დამალა სელის ლერწმის ქვეშ, სხვენში. წარუდგნენ მეფის წარგზავნილები და უთხრეს: “შენთან შემოვიდნენ ჩვენი მიწის მზვერავნი, გამოიყვანე ისინი, რადგან მეფე ბრძანებს ასე”; ხოლო მან მიუგო: “შემოვიდნენ ჩემთან კაცები, რომლებსაც ეძებთ, მაგრამ მალევე წავიდნენ და მიდიან ამ გზით”, - და საპირისპიროდ უჩვენა მათ. და უთხრა კაცებს: “ვცანი რა, რომ უფალი ღმერთი გაძლევთ თქვენ ამ მიწას, რადგან თქვენდამი შიში და ძრწოლა ჩამოვარდა მის მცხოვრებლებზე, ამიტომ, როგორც კი ეს მოხდება და თქვენ მიიღებთ მას, მიხსენით მე და ჩემი სახლი”. Dდა უთხრეს რააბს: “იქნება ისე, როგორც გვითხარი ჩვენ. როცა გაიგებ, რომ მოვედით, შეკრიბე ყველა შენიანი შენს ჭერქვეშ და გადარჩებიან, რადგან სახლის გარეთ დარჩენილები ამოწყდებიან”. და შეუთანხმდნენ მას, მოეცა ნიშანი: გადმოეფინა მისი სახლიდან მეწამული რამ. ამით წინდაწინ ცხადყვეს, რომ უფლის სისხლით იქნებოდა გამოსყიდვა ყველასი, ვისაც სწამს და სასოებს ღმერთს”. ნახეთ საყვარელნო, არა მხოლოდ რწმენა, არამედ წინასწარმეტყველებაც იყო ამ ქალში. თავი XIII ამრიგად, დავმდაბლდეთ, ძმებო, განვაგდოთ ყოველგვარი ზვაობა, ქედმაღლობა, უგნურება, რისხვა და აღვასრულოთ წერილი: რადგან ასე ამბობს სულიწმინდა “ნუ იქადის ბრძენი თავისი სიბრძნით, ნურც ძლიერი თავისი ძალით, ნურც მდიდარი თავისი სიმდიდრით, არამედ ვინც იქადის, უფლის მიერ იქადოს, რომ მოიძიოს ის და აღასრულოს მსჯავრი და სამართლიანობა (იერემია 9, 22-23; I მეფეთა 2,10; I კორ. 1,31; II კორ. 10,17). განსაკუთრებით გვახსოვდეს უფალ იესოს სიტყვები, რაც მან წარმოთქვა, ასწავლიდა რა მორჩილებასა და სულგრძელობას. რადგან ასე თქვა: “შეიწყალეთ, რომ შეგიწყალონ; მიუტევეთ, რომ თქვენც მოგეტევოთ; როგორც მოექცევით, ისე მოგექცევიან თქვენ; როგორც გასცემთ, იმგვარად მოგეცემათ თქვენ; როგორც განსჯით ისე განისჯებით; როგორც კეთილს-უყოფთ, ისე კეთილს-გიყოფენ თქვენ; რა საზომითაც გაზომავთ, იმითვე გაიზომება თქვენთვის” (მათე 5,7; 6, 12-14; მარკოზი 11,25; მათე 7, 1-2,12; ლუკა 6, 37-38, 31; მარკ. 4,24). ამ მცნებითა და ამ დარიგებებით განვიმტკიცოთ ჩვენი თავი, რომ სიმდაბლით წარვემართოთ სიწმინდის ღირსი სიტყვების მორჩილებაში. რადგან წმინდა სიტყვები ამბობს: “ვის მივხედავ, თუ არა მშვიდს, მყუდროსა და ჩემი სიტყვების მოშიშს” (ისაია 66,2). თავი XIV ამრიგად, კაცნო ძმანო, მართებულია და ღირსეული, მორჩილნი გავხდეთ უფრორე ღვთისა, ვიდრე შევუდგეთ მათ, რომლებიც მოთავენი არიან ქედმაღლობასა და მძულვარე შურის მშფოთვარებაში, რადგან არცთუ უმნიშვნელო ვნებას, უფრო მეტად კი დიდ ხიფათს დავიტეხთ თავზე, თუ თავგამეტებით მივეცემით იმ კაცთა ნება-სურვილებს, რომლებიც გვაქეზებენ განხეთქილებისა და ამბოხისკენ, სურთ რა, რომ განგვაშორონ კეთილ მდგომარეობას. სიკეთით ურთიერთშევეტკბოთ, მსგავსად ჩვენი შემოქმედის კეთილმოწყალებისა და სიტკბოებისა. რადგან დაწერილია: “კეთილნი დამკვიდრდებიან მიწაზე, უბოროტონიც დარჩებიან მასზე, ხოლო ურჯულონი აღიხოცებიან მისგან” (იგავთა 2, 21-22; ფს. 36,9). და კვლავ ამბობს: “ვიხილე უღმრთო ამაღლებული და აზიდული, როგორც ნაძვები ლიბანისა და ჩავუარე და აჰა, არ იყო. ვეძებე მისი ადგილი და ვერ ვიპოვე. დაიცავი უბოროტობა და იხილე სიწრფელე, რადგან აქვს მშვიდობიან კაცს დანატოვარი (შთამომავლობა). თავი XV ამრიგად, შევუერთდეთ მათ, რომლებიც კეთილმორწმუნეობით იცავენ მშვიდობას და არა მათ, რომლებსაც თვალთმაქცურად უნდათ მშვიდობა, რადგან სადღაც ამბობს: “ეს ხალხი ბაგეებით პატივს მცემს მე, ხოლო მათი გულები შორს არის გამდგარი ჩემგან” (ისაია 29,13; მათე 15,8). და კიდევ: “მათი პირით აკურთხებენ, ხოლო გულით წყევლიან” (ფს. 61,5). Dდა კვლავ ამბობს: “შეიყვარეს იგი მათი პირით, ხოლო მათი ენით ეცრუვნენ მას, გული მათი კი არ იყო წრფელი მასთან, არც სარწმუნო იქმნენ მის აღთქმაში” (ფს. 77, 36-37). Aმის გამო “უტყვი გახდება მზაკვარი ბაგეები, ურჯულოების მეტყველნი მართლის წინააღმდეგ” (ფს. 30,19) და კვლავ: “წარწყმიდოს უფალმა ყველა მზაკვარი ბაგე და ენა დიდმეტყველი, თქვენ რა: განვადიდოთ ჩვენი ენა, ჩვენი ბაგენი ჩვენთან არის და ვინ არის უფალი? გლახაკთა უბადრუკობისაგან და ღარიბთა გოდებისაგან ახლა აღდგებით, ამბობს უფალი: დავამკვიდრებ მათ ხსნაში და გავცხადდები მასში” (ფს. 11, 4-6). თავი XVI რადგან ქრისტე მდაბალთათვის არის და არა მათთვის, რომლებიც დიდგულობენ მის სამწყსოზე. ღვთის სიდიადის კვერთხი, უფალი იესო ქრისტე არ მოსულა ქედმაღლური მედიდურობით, არც ამპარტავნობით, თუმცა კი შემძლე იყო, არამედ – სიმდაბლით, როგორც წმინდა სულმა თქვა მის შესახებ, ამბობს რა: “უფალო ვინ ერწმუნა ჩვენს ნათქვამს და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა? ვამცნეთ მის წინაშე, როგორც ბავშვი, როგორც მწყურვალე მიწაში ფესვი. არა აქვს მას სახე, არც დიდება. და ვიხილე ის და არ ჰქონდა სახე, არც მშვენება, არამედ მისი სახე უპატიო იყო, მოკლებული ადამიანთა სახეს; ადამიანი წყლულებასა და ტკივილში იყო და იცოდა დათმენა უძლურებისა, რადგან უკუმიიქცა მისი პირი, უპატიო-იქმნა და არ შეირაცხა, რადგან უკუმიიქცა მისი პირი, უპატიო-იქმნა და არ შეირაცხა. იგი იტვირთებს ჩვენს ცოდვებს და ჩვენს გამო ეწამება; ჩვენ კი ჩავთვალეთ, რომ ის იყო ტანჯვაში, წყლულებასა და შეურაცხყოფაში. ხოლო იგი მოიწყლა ჩვენი ცოდვების გამო და უძლურება იტვირთა ჩვენი უსჯულოებებისათვის. ჩვენი მშვიდობის სწავლა მასზეა, მისი წყლულით ჩვენ განვიკურნეთ. ყველა ცთომილი ვიყავით, როგორც ცხვრები. ადამიანი შეცდა თავის გზაზე და უფალმა გასცა იგი ჩვენი ცოდვებისათვის და ის შეურაცხყოფათა გამო არ ხსნის პირს. როგორც ცხვარი დასაკლავად მიყვანილ იქნა და როგორც უხმო კრავი მპარსველის წინაშე, იმგვარად არ აღებს თავის პირს. სიმდაბლით აღიღოცა მისი მსჯავრი. და მის შთამომავლობას ვინ მიუთხრობს? ღრადგან აღებულია მიწისაგან მისი ცხოვრება. ჩემი ხალხის უსჯულოებების მიზეზით მიდის სასიკვდილოდ. და მივცემ უკეთურთ მისი საფლავის წილ და მდიდრებს მისი სიკვდილის წილ, რადგან ურჯულოება არ ჩაუდენია, არც მზაკვრობა არ ნახულა მის პირში და უფალს ნებავს, რომ განწმიდოს ის წყლულებისგან. თუ მისცემთ (მსხვერპლს) ცოდვებისთვის, თქვენი სული იხილავს დღეგრძელ თესლს. და უფალს ნებავს, რომ მისი სული განარიდოს ტანჯვისაგან, და უჩვენოს მას სინათლე და შეუქმნას გულისხმა, რომ განამართლოს მართალი, რომელიც კეთილად ემონება მრავალთ. და მათ ცოდვებს ის იტვირთებს. ამის გამო ის მრავალთ იმემკვიდრებს და განყოფს ძლიერთა ნადავლს, რომელთა გამო მიცემულ იქნა მისი სული სასიკვდილოდ და უსჯულოთა შორის შეირაცხა. და მან მრავალთა ცოდვები იტვირთა და მათი ცოდვების გამო მიეცა (ისაია 53, 1-12; მსაჯულთა 8, 32-33). და კვლავ ამბობს: “ხოლო მე მატლი ვარ და არა ადამიანი, საყვედრელ ადამიანთა და არარაობა ხალხისა. ყოველი ჩემი მნახველი დამცინის მე; იმეტყველეს ბაგეებით, აქნიეს თავი: “უფალს სასოებდა, იხსნას ის, გადაარჩინოს, რადგან ნებავს იგი” (ფს. 21, 7-9; მარკ. 15,29; მათე 27,43). ნახეთ საყვარელნო, რა ნიმუშია მოცემული ჩვენთვის. რადგან თუ უფალმა ასე დაიმდაბლა თავი, რა უნდა ვქნათ ჩვენ, რომლებიც მის მიერ მოვედით მისი მადლის უღელქვეშ? თავი XVII მივბაძოთ მათაც, რომლებიც თხისა და ცხვრის ტყავებით შემოსილნი დადიოდნენ და ქადაგებდნენ ქრისტეს მოსვლას. ხოლო ვამბობთ ელიასა და ელისეს, კიდევ იეზეკიელს, წინასწარმეტყველთ, რომლებმაც სწამეს იგი. დიდად იწამა აბრაამა და ღვთის მეგობრად იწოდა და ჭვრეტს რა იგი ღვთის დიდებას, ამბობს: “ხოლო იობი იყო მართალი და უბიწო, ჭეშმარიტი, ღვთისმსახური, განშორებული ყოველგვარი ბოროტისაგან” (იობი 1,1), მაგრამ იგი საკუთარ თავს ადანაშაულებს და ამბობს: “არავინ არის ჭუჭყისაგან წმინდა, თუნდაც რომ ერთი დღე იყოს მისი სიცოცხლე” (იობი 14, 4-5). მოსე “მთელ მის სახლში სარწმუნოდ” (რიცხვ. 12, 7; ებრ. 3, 2-5) იწოდა და მისი, როგორც მსახურის მიერ სჯიდა ღმერთი ეგვიპტეს მათი დატანჯვით და გაწვალებით, მაგრამ იგი აგრერიგად განდიდებული არ ცუდმედიდობდა, არამედ ასე თქვა მაშინ, როცა მაყვლიდან წინასწარუწყება მიეცა: “ვინ ვარ მე, მე რომ მგზავნი? ხოლო მე ხმაწვრილი და ენამძიმე ვარ” (გამოსვლათა 3,11; 4,10). და კვლავ ამბობს: “ხოლო მე ორთქლი ვარ ქოთნიდან” (ციტატის წყარო უცნობია. შესაძლოა კლიმენტი სარგებლობდა მოსეს ცხოვრების აპოკრიფით). თავი XVIII რა უნდა ვთქვა დასტურმიცემულ დავითზე? მისდამი თქვა ღმერთმა: “ვპოვე კაცი ჩემი გულისებრ, იესეს დავითი, საუკუნო წყალობით ვცხე მას” (მსაჯ. 13,22; ფს. 88,21; I მეფეთა 13,14). მაგრამ თავად ის ასე ამბობს ღვთის მიმართ: “მიწყალე მე, ღმერთო, შენი დიდი წყალობით და შენი მრავალი მოწყალებით აღხოცე ჩემი უსჯულოება. უმეტესად განმბანე მე ჩემი უსჯულოებისაგან და ჩემი ცოდვებისაგან განმწმინდე მე. რადგან ვიცი მე ჩემი უსჯულოება და ჩემი ცოდვა ჩემს წინაშეა მუდამ. მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება შენს წინაშე ჩავიდინე, რომ განმართლდე შენს სიტყვებში და გაიმარჯვო შენს მსჯავრში. რადგან აჰა, უსჯულოებაში ჩავისახე და ცოდვებში მშვა მე ჩემმა დედამ. რადგან, აჰა, ჭეშმარიტება შეიყვარე, უხილავნი და დაფარულნი შენი სიბრძნისა გამიცხადე მე. მასხურე მე უსუპი და გავიწმინდები, გამბანე მე და თოვლზე უფრო გავთეთრდები. მასმენინე მე სიხარული და მხიარეულება. გაიხარებენ დამდაბლებული ძვლები. მიიბრუნე შენი სახე ჩემი ცოდვებისაგან და ყოველი ჩემი უსჯულოება წაშალე. წმინდა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს შიგნით. ნუ განმაგდებ მე შენი სახისაგან და შენს წმიდა სულს ნუ წაიღებ ჩემგან. მომეცი მე შენი მხსნელობის სიხარული და წინამძღვრული სულით განმამტკიცე მე. ვასწავლი უსჯულოებს შენს გზებს და უღმრთონი მოიქცევიან შენსკენ. მიხსენი მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა. გაიხარებს ჩემი ენა შენი სამართლიანობით. უფალო, გახსენი ჩემი პირი და ჩემი ბაგეები აღმოთქვამენ შენს ქებას. რადგან, რომ გენება მსხვერპლი, მოგცემდი, მაგრამ ყოვლადდასაწველს არ ითნევ. მსხვერპლი ღვთისადმი არის სული შემუსვრილი; გულს შემუსრვილს და დამდაბლებულს ღმერთი არ შეურაცხყოფს” (ფს. 50, 3-19). თავი XIX ამრიგად, სიმდაბლემ და მორჩილმა უდრტვინველობამ აგრერიგად დასტურმიცემული ამდენი და ამგვარი ადამიანისა უკეთესნი გაგვხადა არა მხოლოდ ჩვენ, არამედ, აგრეთვე ჩვენზე უწინარესი თაობები, რომლებმაც კი შეიწყნარეს მისი სიტყვები შიშითა და ჭეშმარიტებით. ამიტომ ვეზიარეთ რა მრავალ დიდსა და დიდებულ საქმეს, მივუბრუნდეთ თავდაპირველად ჩვენს წინაშე დასახულ მშვიდობის მიზანს. ავიხედოთ მამისა და მთელი სამყაროს შემოქმედისკენ, შევენაწევროთ მის დიდადმშვენიერ და აღმატებულ მშვიდობის საჩუქრებს, მის კეთილმოქმედებებს. შევხედოთ მას გონებით და სულის თვალებით. განვჭვრიტოთ მისი სულგრძელი ნება. გულისხმავყოთ, როგორ ურისხველად ჰგიეს მთელი თავისი შესაქმისადმი. თავი XX ცანი, მისი განგებით შეძრულნი, მშვიდად ემორჩილებიან მას. დღეც და ღამეც მის მიერ დაწესებულ სვლას ასრულებენ და არაფრით აფერხებენ ერთმანეთს. მზე, მთვარე და ვარსკვლავთა გუნდები მისი განწესების შესაბამისად თანხმობით, ყოველგვარი გადახვევის გარეშე, შემოწერენ მათთვის განჩინებულ საზღვრებს. მისი ნებით ნაყოფის გამომღებელი მიწა თავთავის დროს აღმოუცენებს მრავალგვარ საზრდოს ადამიანებს, ცხოველებს და მასზე მყოფ ყველა ცოცხალ არსებას. არ უპირისპირდება, არც ცვლის რაიმეს მის მიერ დადგენილთაგან. უსაზღვრო ზღვის მოცულობა შექმნიდანვე თავის საცავებში შეყენებული, არ გადადის მის გარემომცველ ჯებირებს, არამედ, როგორც დაუწესა მას უფალმა, ისე მოქმედებს, რადგან უთხრა: “აქამდე მოაღწევ და შენში დაიმსხვრევა შენი ტალღები” (იობი 38,11). ადამიანთაგან გადაულახავი ოკეანე და მის მიღმა ქვეყნები (ერთ-ერთი მკვლევარის შენიშვნით აქ არის გამოძახილი ლეგენდარული ატლანტიდის შესახებ) მეუფის ამავე განწესებით განეგებიან. გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის დროები მშვიდობიანად ენაცვლებიან ერთმანეთს. ქართა სადგომები თავთავის დროს დაუბრკოლებლად ასრულებენ თავის მსახურებას. დაუშრობელი წყაროები, შვებისა და ჯანმრთელობისათვის შექმნილნი, დაუკლებლად აწვდიან ადამიანებს სიცოცხლის კერტებს. ცხოველთაგან ყველაზე მცირენი კი ურთიერთ თანაარსებობას თანხმობით და მშვიდობით ასრულებენ. ყველაფერ ამას დიდმა შემოქმედმა და ყოველთა მეუფემ მშვიდობით და თანხმობით ყოფნა დაუწესა, კეთილმოქმედია რა ყველას მიმართ, განსაკუთრებით კი ჩვენდამი, რომლებიც ვეშურებით მის მოწყალებებს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, დიდება მისდა და დიდებულება უკუნითი უკუნისამდე. ამინ! -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
თავი XXI
გავფრთხილდეთ, საყვარელნო, რომ მისი მრავალი კეთილქმედება სასჯელად არ გვექცეს ჩვენ, თუ მის საკადრისად არ ვიღვაწებთ და ერთსულოვნებით არ აღვასრულებთ მას, რაც სათნოა და მშვენიერია მის წინაშე. რადგან სადღაც ამბობს: “უფლის სული ლამპარია, რომელიც გამოიკვლევს მუცლის სიღრმეებს” (იგავთა 20,27). ვნახოთ როგორ ახლოს არის ის და რომ არაფერია მისთვის შეუმჩნეველი, რასაც კი ვფიქრობთ და განვიზრახავთ. ამრიგად, სამართლიანი იქნება არ გავექცეთ მის ნებას. უმჯობესია, დავუპირისპირდეთ უგუნურ, უჭკუო და გაამაყებულ ადამიანებს, რომლებიც თავს იწონებენ სიტყვიერი ქედმაღლობით, ვიდრე ღმერთს. შევეკრძალოთ უფალ იესო ქრისტეს, ვისი სისხლიც ჩვენთვის იქნა გაღებული. რიდით მოვექცეთ ჩვენს წინამძღვრებს, პატივი მივაგოთ ხუცესებს, აღვზარდოთ ახალგაზრდები ღვთის შიშის სწავლებით, ჩვენი ცოლები სიკეთისაკენ წარვმართოთ, რომ უბიწოების ღირსადსაყვარელი ჩვეულება გამოავლინონ, წარმოაჩინონ მათი ენის თვინიერება, ხოლო მათი სიყვარული არა მიკერძოებით, არამედ თანაბრად და წმინდად მიანიჭონ ყველას, ვინც მოშიშია ღვთისა. ჩვენი შვილები ეზიარნენ ქრისტესმიერ აღზრდას და ისწავლონ, რა ძალა აქვს სიმდაბლეს ღვთის წინაშე, რა შეუძლია წმინდა სიყვარულს ღვთის წინაშე, როგორი კარგია და დიდებულია ღვთის შიში, როგორ აცხოვნებს იგი ყველას, ვინც სპეტაკი გონებით წმინდად მკვიდრობს მასში. რადგან ღმერთი გამომეძიებელია აზრებისა და განზრახვებისა. მისი მობერვა ჩვენშია და როცა ინებებს, წაიღებს მას. თავი XXII ხოლო, ამას ყველაფერს მტკიცეჰყოფს ქრისტეში რწმენა, რადგან თავადაც ასე მოგვიწოდებს ჩვენ სულიწმინდის მიერ: “მოდით, შვილებო, ისმინეთ ჩემი, უფლის შიშს გასწავლით თქვენ. ვინ არის ადამიანი, ვისაც სურს სიცოცხლე, ვისაც უყვარს კეთილ დღეთა ხილვა? დააცხრე შენ ენა ბოროტისაგან და შენი ბაგე ნუ იტყვის მზაკვრობას. მოიქეცი ბოროტისაგან და ჰქმენი სიკეთე. მოიძიე მშვიდობა და შეუდექი მას. უფლის თვალები – მართლებზე და მისი ყურნი – მათი ვედრების მიმართ, ხოლო უფლის სახე – მათზე, რომლებიც ბოროტს ჰყოფენ, რომ მოისპოს მიწისაგან მათი სახსენებელი. იყვირა მართალმა და უფალმა შეისმინა მისი, იხსნა იგი ყოველი მისი გასაჭირისაგან” (ფს. 33, 12-18). ”მრავალი ტანჯვა ექნება ცოდვილს, ხოლო მათ, რომლებიც უფალს სასოებენ, წყალობა გარემოიცავს” (ფს. 31,10). თავი XXIII ყოვლითურთ მოწყალე და კეთილისმოქმედი მამა ლმობიერია მისდამი მოშიშთა მიმართ; ტკბილად და კეთილად მიუბოძებს თავის მადლს, ვინც წრფელი გონებით მიდის მასთან. ამიტომ ნუ ვმერყეობთ, ნურც რაიმედ წარმოიდგენს თავს ჩვენი სული უფლის ზეაღმატებულ და დიდებულ საბოძვართა გამო. შორს იყოს ჩვენგან ის ნაწერი, სადაც ამბობს: “უბედურნი არიან მერყევნი, სულით დაეჭვებულნი, რომლებიც ამბობენ: ეს გვესმოდა ჩვენი მამების დროსაც და აჰა დავბერდით და არაფერი ამათგან მომხდარა ჩვენთვის”. “ჰოი, უგუნურნო, შეადარეთ ხეს თქვენი თავი: აიღეთ ვენახი. პირველად ფოთოლი ცვივა, შემდეგ კვირტი იქმნება, შემდეგ – ფოთოლი, შემდეგ – ყვავილი და ამის შემდეგ – ისრიმი (მწვანე მტევანი), შემდეგ კი იძლევა მწიფე მტევანს”. ნახეთ, რომ მცირე დროში სიმწიფეს აღწევს ხის ნაყოფი. ჭეშმარიტად, უმალ და მყის აღსრულდება მისი ნება. წერილი თან ემოწმება, რომ “მალე მოვა და არ დააყოვნებს” (ისაია 14,1; ებრ. 10,37); და “მყის მოვა უფალი თავის ტაძარში და წმინდა, ვისაც თქვენ ელოდებით” (მალაქია 3,1). თავი XXIV დავუკვირდეთ, საყვარელნო, თუ როგორ გამუდმებით გვიჩვენებს მეუფე (მამა ღმერთი), რომ იქნება სამომავლო აღდგომა, რომლის სათავედ მან ჰყო უფალი იესო ქრისტე. აღადგინა რა იგი მკვდრეთით. ვნახოთ, საყვარელნო, ჟამიჟამ ქმნილი აღდგომა: დღე და ღამე გვიცხადებს ჩვენს აღდგომას, იძინებს ღამე, აღდგება დღე; გადავა დღ, მოიწევა ღამე. თუნდაც ნაყოფი ავიღოთ, როგორ და რა სახით ხდება თესვა? გამოვიდა მთესველი და მიმოყარა მიწაზე ყოველი თესლი; ისინი, გამხმარნი და შიშველნი, მიწაზე დაცემისას იშლებიან, შემდეგ კი უფლის წინაგანგების სიდიადე დაშლილობისაგან აღადგენს მათ და ერთისაგან მრავალ ნაყოფს აღმოაცენებს და გამოიღებს. თავი XXV ვნახოთ აღმოსავლეთის, ე.ი. არაბეთის მხარეებში ქმნილი საკვირველი ნიშანი. არის ფრინველი, რომელსაც ფენიქსი ეწოდება. იგი ერთადერთი იშვება და ცხოვრობს ხუთასი წელი, შემდეგ კი, როდესაც კვდომას უახლოვდება, თვით იკეთებს სამარეს საკმევლისგან, მირონისა და სხვა ნელსაცხებლებისაგან, სადაც მოვა, აღსრულდება რა ჟამი. და იქ კვდება. როდესაც ხორცი დალპება, იშვება რაღაც მატლი, რომელიც საზრდოობს მომკვდარი ცხოველის სინოტივით, ფრთიანდება, შემდეგ კი მომძლავრებული აიღებს იმ სამარეს, სადაც მისი წინამორბედის ძვლებია, აზიდავს მას და არაბეთის ქვეყნიდან გადადის ეგვიპტეში, ე.წ. ჰელიოპოლისში; და დღისით, ყველას თვალწინ, მზის სამსხვერპლოზე აფრინდება, იქ დააწყობს ძვლებს და ასე უკან გაეშურება. ქურუმები გასინჯავენ ჟამთააღწერილობებს და აღმოაჩენენ, რომ ხუთასი წლის თავზე მოსულა იგი (ქრისტიანულ მწერლობაში ესაა პირველი დამოწმება ფენიქსის ლეგენდისა). თავი XXVI ამიტომ მივიჩნევთ, რომ დიდი და საკვირველი რამ იქნება, თუ ყოველთა შემოქმედი აღასრულებს მათ აღდგომას, რომლებიც კეთილი რწმენის გულდაჯერებით, წმინდად ემსახურებიან მას, მაშინ, როცა თვით ფრინველის მიერაც გვიჩვენებს იგი მისი აღთქმის დიდებულებას? რადგან სადღაც ამბობს: ”და აღმადგენ მე და გადიდებ შენ” და ”დავწექი და დავიძინე; ავდექი, რადგან შენ ჩემთან ხარ” (ფს. 3,6; 22,4). და კვლავ იობი ამბობს: ”და აღადგენ ამ ჩემს ხორცს, რომელმაც დაითმინა ეს ყველაფერი” (იობი 19,26). თავი XXVII ამრიგად, ამ იმედით შეემსჭვალოს ჩვენი სულები მას, ვინც სარწმუნოა აღთქმებში და სამართლიანია მსჯავრში. ვინც გვამცნო, რომ არ ვიცრუოთ, ბევრად უფრო თვით არ იცრუებს, რადგან ღვთისათვის არაფერია შეუძლებელი, გარდა იმისა, რომ იცრუოს (ებრ. 6,18). ამიტომ, კვლავ აღეგზნოს მისი რწმენა ჩვენში და შევიცნოთ, რომ ყველაფერი ახლოსაა მასთან. თავისი დიდებულების სიტყვით შეამტკიცა ყველაფერი და სიტყვითვე ძალუძს მათი განადგურება. ვინ ჰკითხავს მას: რატომ შეჰქმენი? ან ვინ დაუდგება წინ მისი ძალის სიძლიერეს? (სიბრძნე 12,12) როდესაც ნებავს და როგორც ნებავს, ყველაფერს აღასრულებს. არაფერი განქარდება მის მიერ დადგენილთაგან. მის წინაშეა ყველაფერი და არაფერი დაეფარება მის ნებას, თუ “ცანი უთხრობენ მის დიდებას, ხოლო მის ხელთა ნაქმნარს აცხადებს სამყარო. დღე დღეს აუწყებს სიტყვას და ღამე ღამეს ამცნობს ცოდნას; და არ არიან სიტყვები, არც ნათქვამები, რომელთა ხმებიც არ ისმინებოდეს” (ფს. 18, 2-4). თავი XXVIII ამრიგად, გვეშინოდეს მისი, რადგან ყველაფერი დაინახება და გაიგონება. მივატოვოთ უსარგებლო საქმეთა არაწმინდა სურვილები, რომ დაგვიფაროს მისმა მოწყალებამ სამომავლო მსჯავრთაგან. რადგან, რომელ ჩვენგანს ძალუძს სადმე გაქცევა მისი ძლიერი ხელისაგან? რომელი ქვეყანა მიიღებს მისგან თვითნებურად გაქცეულებს? რადგან სადღაც ამბობს წერილი: “სად წავიდე და სად დავიმალო შენი სახისგან? ცაში რომ ავიდე, შენ ხარ იქ, მიწის მიჯნამდე რომ მივიდე, იქაც შენი მარჯვენაა, უფსკრულებშიც რომ ჩავიმალო, იქაც შენი სული” (ფს. 138, 7-10). ამიტომ ვინ სად წავა ან სად გაიქცევა მისგან, ვინც ყოველოვეს მოიცავს? თავი XXIX ამრიგად, სულის სიწმინდით მივიდეთ მასთან, სუფთა და განწმენდილი ხელები მისკენ აღვაპყროთ და გვიყვარდეს ჩვენი კეთილი და გულმოწყალე მამა, ვინც თავისი რჩეულობის ნაწილად გვყო ჩვენ. რადგან ასეა დაწერილი: “როდესაც მაღალმა ტომები გაჰყო, რაჟამს განთესა ადამის ძენი, დაადგინა ტომთა საზღვრები ღვთის ანგელოზთა რიცხვის მიხედვით. უფლის ნაწილი გახდა მისი ხალხი იაკობი, მისი მემკვიდრეობის მონაზომი – ისრაელი (II რჯული 32, 8-9); და სხვა ადგილას ამბობს: “აჰა, უფალი ირჩევს თავის ტომს ტომთა შორის, როგორც ადამიანი ირჩევს თავისი კალოს პირველთავს, და გამოვა იმ ტომიდან წმიდანი წმიდათანი”. თავი XXX ამრიგად, ვართ რა წმინდა ნაწილი, ყველაფერი სიწმინდის შესაფერისი ვაკეთოთ, გავექცეთ ბოროტსიტყვაობას, ბილწ და არაწმინდა კავშირებს, ლოთობებს, არეულობებს, ქვენა სურვილებს, საძულველ მრუშობასა და საძაგელ ამპარტავნებას. რადგან ნათქვამია: “ღმერთი ამპარტავანთა მოწინააღმდეგეა, მდაბალთ კი მადლს აძლევს” (იგავთა 3,34; იაკობი 4,6; I პეტრე 5,5). ასე რომ შევუერთდეთ მათ, რომლებსაც ღვთისაგან მიეცათ მადლი, შევიმოსოთ ერთსულოვნება, ვიყოთ მდაბალნი, თავშეკავებულნი, ყოველგვარი ჭორისა და ბოროტსიტყვაობისგან შორს დავიჭიროთ თავი. საქმეებით განვმართლდეთ და არა სიტყვებით. რადგან ამბობს: “მრავლის მთქმელმა კიდეც მოისმინოს; ან კეთილად მეტყველი იმას ფიქრობს, რომ სამართლიანია? კურთხეულია ქალისაგან დღემოკლედ შობილი. ნუ იქნები მრავლისმეტყველი” (იობი 11, 2-3). ჩვენი ქება ღვთისაგან იყოს და არა თავად ჩვენგან, რადგან ღმერთს სძულს ისინი, რომლებიც საკუთარ თავს იქებენ. ჩვენს კეთილ საქმეებს დამოწმება, დაე, სხვების მიერ მიეცეს, მსგავსად იმისა, ჩვენს მართალ მამებს რომ მიეცათ. თავხედობა, თვითნებობა და უტიფრობა ღვთისაგან დაწყევლილთათვისაა, ხოლო სიმშვიდე, მდაბალგონიერება და უდრტვინველობა ღვთის მიერ კურთხეულებთან არის. თავი XXXI შევეკრათ მის კურთხევას და ვნახოთ, რა არის კურთხევის გზები. გავიხსენოთ დასაბამიდან მომხდარი. რის გამო იკურთხა ჩვენი მამა აბრაამი? განა სამართლიანობა და ჭეშმარიტება რწმენის მიერ არ აღსრულდა? (დაბ. 12,2; გალატ. 3, 6-19). Iისააკმა მომავალი შეიცნო და მორჩილებით წაიგვარა იგი წადიერ მსხვერპლად. იაკობი ძმის გამო სიმდაბლით გაშორდა თავის მიწას და ლაბანთან წავიდა, დაემონა და მიეცა მას ისრაელის თორმეტი ტომი. თავი XXXII თუ ვინმე წრფელად გაიაზრებს ყოველივეს ცალ-ცალკე, შეიცნობს მის მიერ მოცემულ ნიჭთა სიდიადის მშვენიერებას. რადგან მისგან არიან მღვდლები და ყველა ლევიტელი, ვინც ემსახურებოდა ღვთის საკურთხეველს. მისგან არის ხორციელად უფალი იესო. მისგან არიან მეფენი, მთავარნი და წინამძღოლნი იუდას მიერ, მისი დანარჩენი ტომები არამცირე დიდებაში იმყოფებიან, როგორც ღვთის მიერ არის აღთქმული რომ “იქნება შენი თესლი, როგორც ცის ვარსკვლავები” (შესაქმე 15,5; 22,17; 26,4). ამრიგად, ყველანი სახელოვანნი და დიდებულნი გახდნენ არა საკუთარ თავთა მიერ, არათუ მათი საქმეებისაგან ან მართლქმედების მიერ, რასაც იქმოდნენ, არამედ ღვთის ნებით. ასე რომ, ჩვენც, მისი ნებით იესო ქრისტეში ხმობილნი, არა თავად ჩვენს მიერ განვმართლდებით, არც ჩვენი სიბრძნის, გონიერების, კეთილმორწმუნეობის ან საქმეების მიზეზით, რასაც ვიქმთ გულის სიწმინდით, არამედ რწმენის მიერ, რომლის გზითაც საუკუნიდან ყველა განამართლა ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა, რომელსაც აქვს დიდება უკუნითი უკუნისამდე. თავი XXXIII ამრიგად, რა ვაკეთოთ ძმებო? დავცხრეთ კეთილმოქმედებისაგან და მივატოვოთ სიყვარული? ნურც მომხდარა, რომ ეს დაუშვას მეუფემ ჩვენზე. არამედ გულმოდგინებითა და სიბეჯითით ვეცადოთ ყოველი კეთილი საქმის აღსრულებას, რადგან თავად შემოქმედი და ყოველთა მეუფე ხარობს თავისი საქმეებით; რადგან თავისი ყოვლადდიდებული ძალით ცანი დაამტკიცა და თავისი მიუწვდომელი სიბრძნით მორთო ისინი. განაცალკევა მიწა წყლისაგან, მას რომ გარს ერტყა, და თავისი ნების მტკიცე საძირკველზე დააფუძნა ის. მისი განწესებით ებრძანა მოსიარულე ცხოველებს მიწაზე ყოფნა. მანვე წინდაწინ განამზადა ზღვა და ზღვის ცხოველები და თავისი ძალით შემოსაზღვრა ისინი. ხოლო რაც ყველაფერზე უაღმატებულესია და უდიდებულესი – წმინდა და უზადო ხელებით ადამიანი შექმნა, მისი ხატის ტვიფარი. რადგან ასე ამბობს ღმერთი: “შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისა და მსგავსების მიხედვით და შექმნა ღმერთმა ადამიანი; მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი” (შესაქ. 1, 26-27). განასრულა რა ეს ყველაფერი, მოიწონა, აკურთხა და თქვა: “აღორძინდით და გამრავლდით” (შესაქ. 1,28). დავუკვირდეთ, რო, ყველა მართალი შემკობილი იყო კეთილი საქმეებით და თავად უფალმაც, რომელმაც შეამკო თავისი თავი კეთილი საქმეებით, განიხარა. გვაქვს რა ასეთი ნიმუში, დაუზარელად მივყვეთ მის ნებას და მთელი ძალით აღვასრულოთ სამართლიანობის საქმე. თავი XXXIV კეთილი მშრომელი გულდაჯერებით იღებს თავისი შრომის პურს, ზარმაცი და მცონარე კი თვალს ვერ უსწორებს მისთვის სამუშაოს მიმცემს. ამიტომ, გვმართებს გულმოდგინე ვიყოთ კეთილ საქმეში, რადგან ყველაფერი მისგან არის. რადგან წინდაწინ გვაუწყებს ჩვენ: “აჰა – უფალი და მისი საზღაური – მისი სახის წინ, რომ მიაგოს თითოეულს თავისი საქმის მიხედვით” (შდრ. ისაია 40,10; 62,11; იგავთა 24,12; ფს. 61,13). გვაგულიანებს ჩვენ, რომ მთელი გულით მისდამი მორწმუნენი არ ვიყოთ ზარმაცები და მცონარები არანაირ კეთილ საქმეში. დაე მასში იყო ჩვენი სიქადული და გულდაჯერება. დავემორჩილოთ მის ნებას, გავიაზროთ, თუ როგორ ემსახურება მის ნებასს მის წინაშე მდგოამრე მისი ანგელოზების მთელი სიმრავლე. რადგან წერილი ამბობს: “ათიათასი ათიათასთანი იდგნენ მასთან და ათასნი ათასთანი ემსახურებოდნენ მას” (დანიელი 7,10), და ხმობდნენ: ”წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ და სავსეა მთელი შესაქმე მისი დიდებით” (ისაია 6,3). ამიტომ ჩვენც შევიკრიბოთ ერთ ადგილას ერთი გონებით და სინდისით და როგორც ერთი პირისაგან, შეუსვენებლად ვხმობდეთ მის მიმართ, რომ მის დიდებულ და განთქმულ აღთქმათა თანაზიარი გაგვხადოს ჩვენ, რადგან ამბობს: “თვალს არ უნახავს და ყურს არ მოუსმენია, რაც განუმზადა მის მომლოდინეებს” (I კორ. 2,9). თავი XXXV რა ნეტარება და საკვირველებაა ღვთის ნიჭები, საყვარელნო: სიცოცხლე უკვდავებაში, ბრწყინვალება სამართლიანობაში, ჭეშმარიტება თავისუფლებაში, რწმენა სასოებაში, თავშეკავება სიწმინდეში. ეს ყველაფერი მისაღწევია ჩვენი გონებისათვის. ამრიგად, კიდევ რა არის განმზადებული მისი მომლოდინეებისათვის? შემოქმედმა და საუკუნეთა მამამ თავად მან, ყოვლადწმინდამ, იცის მათი დიდებულება და სიმშვენიერე. მაშასადამე, ჩვენც ვიღვაწოთ, რომ მის მომლოდინეთა რიცხვში აღმოვჩნდეთ, რომ აღთქმული ნიჭების მონაწილენი გავხდეთ. ხოლო როგორ მოხდება ეს, საყვარელნო?! თუ ჩვენი გონება რწმენით იქნება განმტკიცებული ღვთის მიმართ, თუ გამოვიძიებთ მას, რაც მისთვის სათნოა და მოსაწონი, თუ აღვასრულებთ იმას, რაც შესაფერისია მისი უზადო ნებისათვის და შევუდგეთ ჭეშმარიტების გზას, საკუთარ თავთაგან განვიშორებთ რა ყოველგვარ უსამართლობასა და ბოროტებას, ანგარებას, შფოთს, ავზნიანობასა და მზაკვრობას, მოენეობას და ბოროტსიტყვაობას, ღვთისმოძულეობას, ქედმაღლობას, გალაღებას, ცუდმედიდობას და არასტუმართმოყვარეობას. რადგან ამათი მოქმედნი საძულველნი არიან ღვთისთვის, “ხოლო არა მარტო ისინი, რომლებიც იქმან ამათ, არამედ აგრეთვე რომლებიც მათ ითნევენ” (რომ 1,32). რადგან წერილი ამბობს: “ხოლო ცოდვილს უთხრა ღმერთმა: რატომ მიუთხრობ შენ ჩემს სამართალთ და გამოთქვამ ჩემს აღთქმას შენი პირით? შენ შეიძულე ჩემი სწავლება და უკუგანაგდე ჩემი სიტყვები. თუ ნახავდი ქურდს, მასთან ერთად რბოდი და მრუშთან გქონდა დადებული წილი. შენმა პირმა განამრავლა ბოროტება შენი ენა თხზავდა მზაკვრობას. სამსჯავროში მჯდომარე შენს ძმაზე ავმეტყველებდი და შენი დედის ძისათვის აგებდი საცთურს. შენ ამას იქმოდი და მე ვდუმდი; ურჯულოვ, შენ იფიქრე, რომ შენი მსგავსი ვიქნებოდი. გამხელ შენ და წარგადგენ შენ შენი სახის წინაშე. გულისხმაჰყავთ ეს ყველაფერი ღვთის დამვიწყებლებმა, რომ ოდესმე არ წარგიტაცოს, როგორც ლომმა, და არ იქნება გამომხსნელი. ქების მსხვერპლი განმადიდებს მე და იქ არის გზა, რომელზეც ვუჩვენებ მას ღვთის მაცხოვარებას” (ფს. 49, 16-23). თავი XXXVI ეს არის გზა, საყვარელნო, სადაც ვიპოვით ჩვენს ცხონებას – იესო ქრისტეს, ჩვენს შეწირულობათა მღვდელმთავარს, ჩვენი უძლურების თავსმდებს და შემწეს. ამ გზისაგან ავიხედოთ ცათა სიმაღლეში და ამ გზის მიერ, როგორც სარკეში, ისე ვხედავდეთ მის უზადო და უზენაეს სახეს. ამ გზის მიერ განგვეღო ჩვენ გულის თვალები, ამ გზის მიერ უგულისხმო და დაბნელებული ჩვენი გონება იფურჩქნება სინათლისაკენ. მის მიერ ინება მეუფემ, რომ გვეგემა ჩვენ უკვდავი ცოდნა, “რომელიც არის მისი დიდების ბრწყინვალება, იმდენად აღმატებული ანგელოზებზე, რამდენადაც უაღმატებულესი სახელი დაიმკვიდრა” (ებრ. 1, 3-4). რადგან ასეა დაწერილი: “შექმნა მისი ანგელოზები სულებად და მისი მსახურები ცეცხლის ალად” (ებრ. 1,7; ფს. 10, 3-4). თავის ძეზე კი ასე თქვა მეუფემ: “ჩემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშობე შენ, ითხოვე ჩემგან და მოგცემ შენ ხალხებს შენს სამკვიდრებელად და მიწის კიდეებს შენს სამფლობელოდ” (ებრ. 1,5; ფს. 2, 7-8). და კვლავ ამბობს მის მიმართ: “დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავცემ შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ” (ებრ. 1,13; ფს. 109,1). ხოლო მტრები ვინ არიან? უგუნურნი და მისი ნების მოწინააღმდეგენი. თავი XXXVII ამრიგად, კაცნო ძმანო, მთელი ძალისხმევით ვიბრძოლოთ მისი უნაკლო ბრძანებებისათვის. დავუკვირდეთ ჩვენს წინამძღოლთა მეომრებს, როგორი წესრიგით, როგორ უდრტვინველად, როგორი მორჩილებით ასრულებენ ბრძანებებს. ყველა როდია მეთაური, ან ათასისთავი, ან ასისთავი, ან ორმოცდაათის თავი და ასე შემდეგ, არამედ თითოეული მათგანი თავის მწყობრში მეფისა და წინამძღოლების მიერ მიცემულ ბრძანებებს ასრულებს. დიდნი ვერ შეძლებენ მცირეთა გარეშე არსებობას, ვერც მცირენი – დიდთა გარეშე: რაღაც თანაშეზავებაა ყველა საგანში და ურთიერთსაჭიროება მათ შორის. ავიღოთ ჩვენი სხეული: “თავი არაფერი არ არის ფეხების გარეშე, ასევე არც ფეხები თავის გარეშე. ჩვენი სხეულის უკნინესი ნაწილებიც კი საჭიროა და სასარგებლოა მთელი სხეულისათვის. მაგრამ აუცილებელია, რომ ყველა მათგანი ურთიერთთანხმობისა და ურთიერთმორჩილებაში იყოს, რათა შენარჩუნდეს მთელი სხეული” (შდრ. I კორ. 12, 12-27; რომ. 12, 4-5). თავი XXXVIII ამრიგად, დაე შენარჩუნდეს მთელი ჩვენი სხეული იესო ქრისტეში. თითოეული დაემორჩილოს თავის მოყვასს შესაბამისად იმ მადლისა, მას რომ განეკუთვნა (რომ. 12,6). ძლიერმა იზრუნოს უძლურზე, ხოლო უძლური ეკრძალოს ძლიერს. მდიდარი წყალობდეს ღარიბს, ღარიბი კი მადლობდეს ღმერთს, რადგან მისცა მან (ღმერთმა) მდიდარს, რომელმაც შეავსო მისი (ღარიბის) ნაკლებობა. ბრძენმა გამოაჩინოს თავისი სიბრძნე არა სიტყვებით, არამედ კეთილი საქმეებით. თავმდაბალი თვით ნუ სწამებს თავის თავზე, არამედ აცადოს სხვას, რომ სწამოს მის შესახებ. სხეულით წმინდა თავს ნუ აღიმაღლებს, Iიცოდეს, რომ არის სხვა ვინც ანიჭებს მას თავშეკავებას. ამრიგად, დავფიქრდეთ, ძმანო, რაგვარი ნივთიერებისგან ვართ შექმნილნი, როგორები და რანი შემოვედით ქვეყნად, რა საფლავიდან და წყვდიადიდან შემოგვიყვანა ჩვენმა შემოქმედმა და შემქმნელმა თავის სოფელში, - მან, ვინც ჩვენს შობამდე წინდაწინ განამზადა თავისი კეთილი საქმეები. მაშასადამე, გვაქვს რა ეს ყოველივე მისგან, გვმართებს ყოვლითურთ ვმადლობდეთ მას. დიდება მისდა უკუნითი უკუნისამდე ამინ! თავი XXXIX უგუნურნი და უგულისხმონი, სულელნი და ბრიყვნი იცინიან და ქირქილებენ ჩვენზე, სურთ რა, რომ მათი აზრებით თავად ამაღლდნენ, რადგან რა შეუძლია მოკვდავს? ან რა ძალა აქვს მიწისგან შობილს? რადგან დაწერილია: “არ იყო სახე ჩემს თვალთა წინაშე, არამედ მხოლოდ ნიავისა და ხმისა მესმოდა. რადგან რა? Gგანა შეიძლება რომ წმინდა იყოს ადამიანი უფლის წინაშე ან თავის საქმეში უბიწო იყოს კაცი, თუ იგი თავის მსახურებს არ ერწმუნება და თავის ანგელოზებშიც ნაკლს გულისხმაჰყოფს?” (იობი 4, 16-18). ზეცაც კი არ არის წმინდა მის წინაშე (იობი 15,15) და მითუმეტეს თიხის სახლებში მცხოვრებნი, რომელთაგან ვართ ჩვენც, იმავე თიხისაგანნი. მღილის მსგავსად გაჭყლიტა ისინი და განთიადიდან საღამომდე უკვე აღარ არიან. რადგან არ შეეძლოთ მათ ეშველათ თავისი თავისთვის, დაიღუპნენ. მოჰბერა მათ და აღესრულნენ, ვინაიდან არ ჰქონდათ მათ სიბრძნე. უხმე, იქნებ ყურად იღოს ვინმემ, იქნებ იხილო ვინმე წმინდა ანგელოზთაგანი, რადგან უგუნურს რისხვა სპობს, შეცთომილს კი შური კლავს. ხოლო მე ვიხილე უგუნურნი, რომელთაც ფესვები ჰქონდათ გადგმული, მაგრამ მყის განადგურდა მათი საცხოვრებელი. ხსნისაგან შორს იქნებიან მათი ძეები და აბუჩად აგდებულნი საწყალთა კართან. არავინ იქნება მათი გადამრჩენელი, რადგან, რაც მათთვის გამზადებულია, მართლები შეჭამენ, თავად ისინი კი ბოროტთაგან ვერ დააღწევენ თავს. თავი XL რადგან ჩვენთვის უკვე ცხადია ეს ყოველივე და განვჭვრიტეთ რა საღვთო ცოდნის სიღრმეები, გვმართებს წესისამებრ შევასრულოთ ყველაფერი, რომელთა აღსრულებაც ბრძანა უფალმა განწესებულ ჟამთა შესაბამისად. მან ბრძანა, რომ შესაწირავები და ლიტურგიები აღსრულდეს, მაგრამ არა შემთხვევით ან უწესრიგოდ, არამედ განსაზღვრულ დროს და საათს. აგრეთვე სად და რომელთა მიერ ნებავს რომ ეს ყველაფერი აღსრულდეს, თავად განსაზღვრა მისი უმაღლესი განზრახვით, რათა ყველაფერი კეთილსათნოდ ქმნილი კეთილშეწყნარებული იყოს მისი ნებით. ამრიგად, კეთილშეწყნარებულნი და ნეტარნი არიან, რომლებიც თავის შესაწირავს დადგენილ დროს აღასრულებენ. რადგან, მისდევენ რა მეუფის კანონებს, არ ცდებიან. რადგან მღვდელმთავარს მიცემული აქვს თავისი მსახურებანი. მღვდლებს თავისი ადგილი აქვთ დადგენილი. ლევიტელებს თავისი მოვალეობანი განეწესებათ, ერისკაცი კი საერო დადგენილებებით არის შეკრული. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 11:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი