![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
წმ. კლიმენტი რომაელი პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ ღვთის ეკლესია, რომელიც მკვიდრობს რომში, ღვთის ეკლესიას კორინთოში მკვიდრს, მოწოდებულთ, განწმენდილთ ღვთის ნებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ! მადლი თქვენ და მშვიდობა ყოვლისმპყრობელი ღვთისა. იესო ქრისტეს მიერ გამრავლდეს! თავი I მოულოდნელი და ერთიმეორის მიდევნებით ჩვენთან მომხდარი უბედურებებისა და შემთხვევების გამო, ვფიქრობთ, დაგვიანებით მივაქციეთ ყურადღება, საყვარელნო, თქვენ შორის გამოსაძიებელ საქმეებს და იმ ბილწსა და უწმინდურ ამბოხს, უცხოსა და შეუფერებელს ღვთის რჩეულთათვის, რაც რამდენიმე უგულისყურო და თავხედმა პირმა ჩამოაგდო და იმგვარ სიშლეგეში გადაიზარდა, რომ ღირსეული, სახელგანთქმული და ყოველი ადამიანისათვის სანუკვარი თქვენი სახელი დიდად შეურაცხყო. რადგან ვის უცხოვრია თქვენთან თუნდაც მცირე ხნით ისე, რომ არ გამოეცადოს თქვენი ყოვლადსათნო და მტკიცე რწმენა? ვინ არ განცვიფრებულა ქრისტეში თქვენი გონიერი და კრძალული კეთილმორწმუნეობით? არ უღიარებია თქვენი სტუმართმოყვარეობის სულგრძელი ჩვეულება? ვის არ ნეტარუყვია სრული და მყარი ცოდნა? რადგან ყველაფერს პირუთვნელად იქმოდით და ღვთის დადგენილებათა მიხედვით იქცეოდით. ემორჩილებოდით თქვენს წინამძღოლებს და ჯეროვან პატივს მიაგებდით თქვენს ხუცესებს. ახალგაზრდებს შთააგონებდით, რომ ზომიერად და ღირსებით მოქცეულიყვნენ, ქალებს არიგებდით, რომ ყველაფერი ეკეთებინათ უმწიკვლო, პატიოსანი და სუფთა სინდისით, ჯეროვნად ჰყვარებოდათ თავიანთი ქმრები, ასწავლიდით, რომ მორჩილების კანონი ეტვირთათ, ღირსეულად განეგოთ საოჯახო საქმეები და მოქცეულიყვნენ ფრიადი გონიერებით. თავი II ყველანი სიმდაბლით იქცეოდით, არავინ ამაყობდით, უფრო ემორჩილებოდით, ვიდრე იმორჩილებდით. სიხარულით გასცემდით, ვიდრე იღებდით (შდრ. საქმე მოციქ. 20,35). სჯერდებოდით ქრისტეს საგზალს და გულმოდგინეთ ფიქრობდით მის სიტყვებზე, ინახავდით გულის სიღრმეში და მისი ვნებანი თქვენს თვალწინ იყო. ამრიგად, ყველას გვებოძა ხანგრძლივი, სასიხარულო მშვიდობა და განუძღომელი წადიერება კეთილმოქმედებისა; სულიწმინდის სავსე გადმოღვრა აღსრულდა ყველაზე (რომ. 5,5). წმინდა ზრახვით აღსავსენი კეთილი გულმოდგინებით, ღვთისმოსავი გულდაჯერებით იწვდიდით თქვენს ხელებს ყოვლისმპყრობელი ღვთის მიმართ, ევედრებოდით მას მოწყალება გამოეჩინა თუ უნებურად რამ შეგეცოდათ. დღე და ღამ ღვაწლში იყავით მთელი საძმოსთვის (I პეტრ. 2,17; 5,9), რომ გადარჩენილიყო მის რჩეულთა რიცხვი გულმოწყალებისა და შეგნების თანხმობაში. გულწრფელნი და სპეტაკნი იყავით, ურთიერთისადმი ძვირუხსენებელნი. ყოველგვარი ამბოხი და განხეთქილება გძაგდათ თქვენ. ახლობელთა შეცდომებზე გლოვობდით, მათ ნაკლოვანებებს საკუთრად რაცხდით. უშურველნი იყავით ყოველგვარ კეთილქმედებაში, “მზადმყოფნი ყოველი კეთილი საქმისათვის” (II ტიმ. 2,11; ტიტე 3,1; II კორ. 9,8; კოლას. 1,10; II ტიმ. 3,17; ტიტე 1,16). ყოვლადსათნო და სათაყვანო მოღვაწეობით შემკობილნი ყველაფერს მისი შიშით აღასრულებდით; უფლის ბრძანებები და რჯულიერი მოთხოვნები თქვენი გულის ფიცარზე იყო დაწერილი (იგავთა 7,3; 22,20). თავი III ყოველი დიდება და სიფართოვე მოცემულ იქნა თქვენთვის და აღსრულდა დაწერილი: “ჭამდა და სვამდა, გაფართოვდა და გასუქდა და წიხლი ჰკრა მან, შეყვარებულმა” (II რჯული 32,15). ამისგანაა შური და ღვარძლი, კამათი და შფოთი, დევნა და ამბოხი, ბრძოლა და ტყვეობა. ასე აღდგნენ უპატიონი პატივდებულებზე (ესაია 3,5), სამარცხვინონი – სახელგანთქმულებზე, უგუნურები – გონიერებზე, ახალგაზრდები – მოხუცებულებზე. ამის გამო შორს განდგა სამართლიანობა და მშვიდობა (ესაია 59,14). თითოეულმა დატოვა ღვთის შიში და მის რწმენაში დაჩლუნგდა. არც მისგან მცნებულ ბრძანებათა თანახმად იქცევა (ლევიტ. 18,3; 20,23), არც მოქალაქეობს ქრისტესთვის ღირსად, არამედ თითოეული დადის თავისი ბოროტი გულის სურვილებით. და შეითვისეს მათ უსამართლო და უღმრთო შური, რომლისაგანაც “სიკვდილი შემოვიდა ქვეყნად” (სიბრძნე 2,24; რომ. 5,12). თავი IV რადგან ასეა დაწერილი: “და იყო დღეთა შემდგომ მიუტანა კაენმა ღმერთს მსხვერპლი მიწის ნაყოფთაგან და აბელმა მიართვა, მანაც თავისი პირველმოგებული ცხვრებისაგან და მათ ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმა აბელზე და მის ძღვენზე, ხოლო კაენზე და მის მსხვერპლზე არ მოიხილა. და ძალიან დამწუხრდა კაენი და მოიქუფრა მისი სახე. და უთხრა ღმერთმა კაენს: რატომ დამწუხრდი და რატომ მოიქუფრა შენი სახე? თუ სწორად შემოწირე, სწორად კი არ გაყავი, არ შესცოდე? დამშვიდდი! შენს მიმართ არის მოქცევა მისი და შენ იბატონებ მასზე. და უთხრა კაენმა თავის ძმას აბელს: გავიდეთ დაბლობზე! და იმ დროს მოხდა, როცა ისინი ველად იმყოფებოდნენ, რომ აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა ის” (შესაქმე 4, 3-8). ნახეთ ძმებო, შურმა და ღვარძლმა ძმათმკვლელობა აღასრულა. შურის გამო ივლტოდა ჩვენი მამა იაკობი თავისი ძმის, ესავის პირისაგან (დაბ. 27,41). შურმა სიკვდილამდე დევნულებაში ამყოფა იოსები და მონობამდე მიიყვანა იგი (დაბ. 37). შურმა აიძულა მოსეს გაქცევა, ეგვიპტის მეფის, ფარაონის პირისაგან, როდესაც თვისტომისაგან მოესმა მას: “ ვინ დაგადგინა შენ ჩვენს მსაჯულად ან მოსამართლედ? ნუთუ გსურს შენ, რომ მომკლა მე, როგორც გუშინ ეგვიპტელი მოკალი?” (გამოსვლათა 2,14). შურის გამო აარონი და მარიამი ბანაკს გარეთ ათევდნენ ღამეს (რიცხვთა 12, 14-15). შურმა დათანი და აბირონი ცოცხლად ჩაიყვანა ჯოჯოხეთში, რადგან აუჯანყდნენ ღვთის მსახურ მოსეს (რიცხვთა 16 თ.). შურის გამო დავითს მტრად გაუხდნენ არა მხოლოდ უცხოტომელნი, არამედ იგი ისრაელის მეფის, საულისაგანაც დევნილ იქნა (I მეფეთა 18,29). თავი V ხოლო იმისათვის, რომ თავი დავანებოთ ძველ მაგალითებს, გადავიდეთ უახლოეს მოღვაწეებზე. თვით ჩვენი თაობიდან ავიღოთ ღირსეული ნიმუშები. შურისა და ღვარძლის გამო იდევნებოდნენ უმართლესი ბურჯები (ეკლესიისა), რომლებმაც სიკვდილამდე იღვაწეს. თვალი მივაპყროთ კეთილ მოციქულებს: პეტრეს, რომელმაც უსამართლო შურის გამო არა ერთი და ორი, არამედ მრავალი ტანჯვა დაითმინა და სწამა რა, მიაღწია დიდების შესაფერის ადგილს. შურისა და უთანხმოების გამო მოთმინების საზღაური მიიღო პავლემ. შვიდგზის თავს იდვა მან ბორკილები; დევნეს იგი, ქვით ჩაქოლეს და მაინც ქადაგებდა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე და თავისი რწმენის შესაფერისი სახელიც გაითქვა. მთელ ქვეყანას ასწავლა მან სიმართლე და დასავლეთის საზღვრამდეც მივიდა, სწამა მან მთავართა წინაშე. ასე გარდაიცვალა ამ სოფლიდან და როგორც მოთმინების დიადი სახე, წმინდა ადგილს მიეახლა. თავი VI ასეთ კაცებს რომლებიც წმინდად მოქალაქეობდნენ, შეუერთდა რჩეულთა დიდი სიმრავლე, როლებმაც შურის გამო ბევრი შეურაცხყოფა და ტანჯვა გადაიტანეს და უბრწყინვალესი ნიმუშები გახდნენ ჩვენთვის. შურით იდევნებოდნენ ქალები: დანაიდები და დირკები. საშინელი და უწმინდური შეურაცხყოფა განიცადეს მათ. მტკიცედ განვლეს რა რწმენის სარბიელი და ხორციელად უღონოებმა ღირსეული საზღაური მოიპოვეს. შურმა გაჰყარა ცოლები ქმრებს და გადაასხვაფერა ჩვენი მამის, ადამის მიერ ნათქვამი: “აი ეს, ახლა არის ძვალი ჩემი ძვლებისაგან და ხორცი ჩემი ხორცისაგან” (დაბ. 2,23). შურმა და განხეთქილებამ დააქცია დიდი ქალაქები და ძირფესვიანად აღმოფხვრა დიდი ტომები. თავი VII ყოველივე ამას, საყვარელნო, არა მარტო იმისთვის გწერთ, რომ თქვენ დაგარიგოთ, არამედ საკუთარ თავსაც ვახსენებთ. რადგან იმავე არენაზე ვართ და იგივე ბრძოლა მოგველის ჩვენც. ამიტომაც, დავტოვოთ ამაო და ფუჭი საზრუნავები და მივიდეთ ჩვენი გადმოცემის სახელოვან და ღირსეულ კანონთან. ვნახოთ რა არის კეთილი, სასიამოვნო და მოსაწონი ჩვენი შემქმნელის წინაშე. დავაკვირდეთ ქრისტეს სისხლს და შევიგნოთ, როგორ ძვირფასია (I პეტრე 1,19) გი მისი მამისათვის, რადგან ჩვენი ხსნისათვის დაიღვარა და მთელ ქვეყანას სინანულის მადლი მოუტანა. მიმოვიაროთ ყველა თაობა და გავიგებთ, რომ თაობიდან თაობაში სინანულის საშუალება მისცა მეუფემ მისკენ მოქცევის მსურველებს (სიბრძნე 12,1). ნოემ იქადაგა სინანული და ყურადმღებელნი გადარჩნენ. იონამ ნინეველებს განადგურება უქადაგა, მაგრამ მათ, მოინანიეს რა ცოდვები, გული მოულბეს ღმერთს და მავედრებლებმა მიიღეს ხსნა, თუმცა უცხონი იყვნენ ღვთისა. თავი VIII ღვთის მადლის მსახურნი სულიწმინდის მიერ სინანულის შესახებ ლაპარაკობენ და თავად ყოველთა მეუფემაც სინანულის შესახებ თქვა ფიცით: “რადგან მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, მნებავს არა იმდენად ცოდვილის სიკვდილი, როგორც სინანული” (ეზეკ. 18,23; 31,11) დასძენს კეთილშეგონებასაც: “შეინანეთ, ისრაელის სახლო, თქვენი ურჯულოებისაგან. უთხარით ჩემი ხალხის ძეებს: მიწიდან ცამდე რომ გაწვდეს თქვენი ცოდვები, მეწამულზე უფრო წითელი და ძაძაზე მეტად შავიც რომ იყოს და მთელი გულით რომ მოიქცეთ ჩემსკენ და თქვათ: მამაო! შევისმენ თქვენგან, როგორც წმინდა ხალხისგან” (შდრ. Eზეკ. 18,30; ფს. 102,11; იერემია 3.19.22; ისაია 1,18). და სხვა ადგილას ასე ამბობს: “განიბანეთ და წმინდა გახდით, განიშორეთ ბოროტებანი თქვენი სულებიდან ჩემს თვალთა წინაშე, დასცხერით თქვენი სიბოროტისგან, ისწავლეთ კეთილის ქმნა, გამოიძიეთ მსჯავრი, იხსენით ჩაგრული, უსაჯეთ ობოლს და გაამართლეთ ქვრივი. და მოდით და განვსაჯოთ, ამბობს უფალი: და თუ იქნება თქვენი ცოდვები, როგორც მეწამული, თოვლივით გავათეთრებ, ხოლო თუ წითელი იქნება, მატყლივით გავათეთრებ და თუ ინებებთ და მომისმენთ მე, შეჭამთ მიწის სიკეთეს, ხოლო თუ არ ინებებთ და არც ჩემსას მოისმენთ, მახვილი გაგანადგურებს თქვენ, რადგან უფლის პირმა თქვა ეს” (ესაია 1, 16-20) ამრიგად, მას სურს, სინანულს აზიაროს მისი მოყვარულნი და დაამტკიცა ეს მისი ყოვლისმპყრობელური ნებით. თავი IX ამიტომ დავემორჩილოთ მის დიდადშესაშვენ და განთქმულ ნებას, ვევედროთ მის წყალობასა და თანაგრძნობას, დავეგოთ და მივიქცეთ მისი გულმოწყალებისაკენ. მივატოვოთ ფუჭი გარჯა, უთანხმოება და შური, რომელიც სიკვდილისაკენ მიგვიძღვის. შევხედოთ მათ, რომლებიც სრულყოფილად ემსახურნენ მის დიდადშესაფერის სახელს (შდრ. II პეტრე 1,17). ავიღოთ ენოქი, რომელიც თავისი მორჩილებით აღმოჩნდა მართალი. იგი გარდაიცვალა და არ უნახავს სიკვდილი (შდრ. დაბ. 5,24) ნოე მორწმუნე აღმოჩნდა, რომელმაც თავისი ლიტურგიით (მოღვაწეობით) ქვეყნიერებას განახლება უქადაგა და მის მიერ იხსნა მეუფემ ის ცხოველები, რომლებიც თანახმიერად შევიდნენ კიდობანში (დაბ. 6, 8-9, 17; II პეტრე 2,5) თავი X აბრაამი, მეგობრად სახელდებული, მორწმუნე აღმოჩნდა, როდესაც იგი მორჩილი გაუხდა ღვთის სიტყვებს. მორჩილების გამო გამოვიდა ის თავისი ქვეყნიდან, თავისი ნათესაობიდან და თავისი მამის სახლიდან, რომ მცირე ქვეყნის, უძლური ნათესაობის და პატარა სახლის დატოვებით ღვთის აღთქმათა მემკვიდრე გამხდარიყო. ვინაიდან ასე ეუბნება ღმერთი: “გამოდი შენი ქვეყნიდან, შენი ნათესაობიდან და შენი მამის სახლიდან მიწისაკენ, რომელსაც გიჩვენებ შენ და გაქცევ შენ დიდ ხალხად და გაკურთხებ შენ და განვადიდებ შენს სახელს და იქნები კურთხეული და ვაკურთხებ შენს მაკურთხეველს და დავწყევლი შენს დამაწყევართ და შენში იკურთხება მიწის ყოველი ტომი” (შესაქმე 12, 1-4). და კვლავ, როდესაც განეშორა ის ლოტისაგან, უთხრა მას ღმერთმა: “აღიხილე შენი თვალებით და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც ახლა შენ ხარ, ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და ზღვისკენ, რომ მთელ მიწას, რომელსაც შენ ხედავ, შენ მოგცემ მას და შენს თესლს უკუნისამდე. და გავხდი შენს თესლს, როგორც მიწის ქვიშას. თუ ძალუძს ვინმეს მიწის ქვიშის აღრიცხვა, შენი თესლიც აღირიცხება” (შესაქმე 13, 14-16). და კვლავ ამბობს: “გამოიყვანა ღმერთმა აბრაამი და უთხრა მას: “აიხედე ცაში და აღრიცხე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი აღრიცხვა, ასევე იქნება შენი თესლი” (შესაქმე 15, 5-6). რწმენისა და სტუმართმოყვარეობის გამო მიეცა მას შვილი მოხუცებულობაში და მან მორჩილების გამო მიუყვანა ის ღმერთს ერთ-ერთ მთაზე, რომელიც უჩვენეს მას (შესაქმე 22, 1-18). თავი XI სტუმართმოყვარეობისა და კეთილმორწმუნეობის გამო გადარჩა ლოტი სოდომიდან, როდესაც მთელი შემოგარენი დაისაჯა ცეცხლით და წუმწუბით (შესაქმე თ19; II პეტრე 2, 6-7). რითაც ცხადყო მეუფემ, რომ არ ტოვებს მისდამი მსასოებლებს, ხოლო სხვად მიდრეკილთ სასჯელსა და ტანჯვაში აგდებს. რადგან მასთან ერთად გამოსული მისი ცოლი, რომელიც სხვას განიზრახავდა და არ იყო მასთან თანხმობაში, მარილის სვეტად არის ქცეული დღევანდელ დღემდე ნიშნად იმისა, რომ შეიცნოს ყველამ: მერყევნი და ღვთის ძალის შესახებ დაეჭვებულნი სასჯელად და სანიშნედ ხდებიან ყოველი თაობისათვის. თავი XII რწმენისა და სტუმართმოყვარეობის გამო გადარჩა მეძავი რააბი (ისუ ნავე თ. 2), რადგან, როდესაც მზვერავები წარავლინა ისუ ნავეს ძემ იერიქოში, იმ ქვეყნის მეფემ გაიგო, რომ მათი მხარის დასაზვერად იყვნენ მოსულები და გაგზავნა კაცები მათ შესაპყრობად, რომ შეპყრობის შემდეგ მოეკვდინებინათ. მაგრამ სტუმართმოყვარე რააბმა ისტუმრა ისინი და დამალა სელის ლერწმის ქვეშ, სხვენში. წარუდგნენ მეფის წარგზავნილები და უთხრეს: “შენთან შემოვიდნენ ჩვენი მიწის მზვერავნი, გამოიყვანე ისინი, რადგან მეფე ბრძანებს ასე”; ხოლო მან მიუგო: “შემოვიდნენ ჩემთან კაცები, რომლებსაც ეძებთ, მაგრამ მალევე წავიდნენ და მიდიან ამ გზით”, - და საპირისპიროდ უჩვენა მათ. და უთხრა კაცებს: “ვცანი რა, რომ უფალი ღმერთი გაძლევთ თქვენ ამ მიწას, რადგან თქვენდამი შიში და ძრწოლა ჩამოვარდა მის მცხოვრებლებზე, ამიტომ, როგორც კი ეს მოხდება და თქვენ მიიღებთ მას, მიხსენით მე და ჩემი სახლი”. Dდა უთხრეს რააბს: “იქნება ისე, როგორც გვითხარი ჩვენ. როცა გაიგებ, რომ მოვედით, შეკრიბე ყველა შენიანი შენს ჭერქვეშ და გადარჩებიან, რადგან სახლის გარეთ დარჩენილები ამოწყდებიან”. და შეუთანხმდნენ მას, მოეცა ნიშანი: გადმოეფინა მისი სახლიდან მეწამული რამ. ამით წინდაწინ ცხადყვეს, რომ უფლის სისხლით იქნებოდა გამოსყიდვა ყველასი, ვისაც სწამს და სასოებს ღმერთს”. ნახეთ საყვარელნო, არა მხოლოდ რწმენა, არამედ წინასწარმეტყველებაც იყო ამ ქალში. თავი XIII ამრიგად, დავმდაბლდეთ, ძმებო, განვაგდოთ ყოველგვარი ზვაობა, ქედმაღლობა, უგნურება, რისხვა და აღვასრულოთ წერილი: რადგან ასე ამბობს სულიწმინდა “ნუ იქადის ბრძენი თავისი სიბრძნით, ნურც ძლიერი თავისი ძალით, ნურც მდიდარი თავისი სიმდიდრით, არამედ ვინც იქადის, უფლის მიერ იქადოს, რომ მოიძიოს ის და აღასრულოს მსჯავრი და სამართლიანობა (იერემია 9, 22-23; I მეფეთა 2,10; I კორ. 1,31; II კორ. 10,17). განსაკუთრებით გვახსოვდეს უფალ იესოს სიტყვები, რაც მან წარმოთქვა, ასწავლიდა რა მორჩილებასა და სულგრძელობას. რადგან ასე თქვა: “შეიწყალეთ, რომ შეგიწყალონ; მიუტევეთ, რომ თქვენც მოგეტევოთ; როგორც მოექცევით, ისე მოგექცევიან თქვენ; როგორც გასცემთ, იმგვარად მოგეცემათ თქვენ; როგორც განსჯით ისე განისჯებით; როგორც კეთილს-უყოფთ, ისე კეთილს-გიყოფენ თქვენ; რა საზომითაც გაზომავთ, იმითვე გაიზომება თქვენთვის” (მათე 5,7; 6, 12-14; მარკოზი 11,25; მათე 7, 1-2,12; ლუკა 6, 37-38, 31; მარკ. 4,24). ამ მცნებითა და ამ დარიგებებით განვიმტკიცოთ ჩვენი თავი, რომ სიმდაბლით წარვემართოთ სიწმინდის ღირსი სიტყვების მორჩილებაში. რადგან წმინდა სიტყვები ამბობს: “ვის მივხედავ, თუ არა მშვიდს, მყუდროსა და ჩემი სიტყვების მოშიშს” (ისაია 66,2). თავი XIV ამრიგად, კაცნო ძმანო, მართებულია და ღირსეული, მორჩილნი გავხდეთ უფრორე ღვთისა, ვიდრე შევუდგეთ მათ, რომლებიც მოთავენი არიან ქედმაღლობასა და მძულვარე შურის მშფოთვარებაში, რადგან არცთუ უმნიშვნელო ვნებას, უფრო მეტად კი დიდ ხიფათს დავიტეხთ თავზე, თუ თავგამეტებით მივეცემით იმ კაცთა ნება-სურვილებს, რომლებიც გვაქეზებენ განხეთქილებისა და ამბოხისკენ, სურთ რა, რომ განგვაშორონ კეთილ მდგომარეობას. სიკეთით ურთიერთშევეტკბოთ, მსგავსად ჩვენი შემოქმედის კეთილმოწყალებისა და სიტკბოებისა. რადგან დაწერილია: “კეთილნი დამკვიდრდებიან მიწაზე, უბოროტონიც დარჩებიან მასზე, ხოლო ურჯულონი აღიხოცებიან მისგან” (იგავთა 2, 21-22; ფს. 36,9). და კვლავ ამბობს: “ვიხილე უღმრთო ამაღლებული და აზიდული, როგორც ნაძვები ლიბანისა და ჩავუარე და აჰა, არ იყო. ვეძებე მისი ადგილი და ვერ ვიპოვე. დაიცავი უბოროტობა და იხილე სიწრფელე, რადგან აქვს მშვიდობიან კაცს დანატოვარი (შთამომავლობა). თავი XV ამრიგად, შევუერთდეთ მათ, რომლებიც კეთილმორწმუნეობით იცავენ მშვიდობას და არა მათ, რომლებსაც თვალთმაქცურად უნდათ მშვიდობა, რადგან სადღაც ამბობს: “ეს ხალხი ბაგეებით პატივს მცემს მე, ხოლო მათი გულები შორს არის გამდგარი ჩემგან” (ისაია 29,13; მათე 15,8). და კიდევ: “მათი პირით აკურთხებენ, ხოლო გულით წყევლიან” (ფს. 61,5). Dდა კვლავ ამბობს: “შეიყვარეს იგი მათი პირით, ხოლო მათი ენით ეცრუვნენ მას, გული მათი კი არ იყო წრფელი მასთან, არც სარწმუნო იქმნენ მის აღთქმაში” (ფს. 77, 36-37). Aმის გამო “უტყვი გახდება მზაკვარი ბაგეები, ურჯულოების მეტყველნი მართლის წინააღმდეგ” (ფს. 30,19) და კვლავ: “წარწყმიდოს უფალმა ყველა მზაკვარი ბაგე და ენა დიდმეტყველი, თქვენ რა: განვადიდოთ ჩვენი ენა, ჩვენი ბაგენი ჩვენთან არის და ვინ არის უფალი? გლახაკთა უბადრუკობისაგან და ღარიბთა გოდებისაგან ახლა აღდგებით, ამბობს უფალი: დავამკვიდრებ მათ ხსნაში და გავცხადდები მასში” (ფს. 11, 4-6). თავი XVI რადგან ქრისტე მდაბალთათვის არის და არა მათთვის, რომლებიც დიდგულობენ მის სამწყსოზე. ღვთის სიდიადის კვერთხი, უფალი იესო ქრისტე არ მოსულა ქედმაღლური მედიდურობით, არც ამპარტავნობით, თუმცა კი შემძლე იყო, არამედ – სიმდაბლით, როგორც წმინდა სულმა თქვა მის შესახებ, ამბობს რა: “უფალო ვინ ერწმუნა ჩვენს ნათქვამს და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა? ვამცნეთ მის წინაშე, როგორც ბავშვი, როგორც მწყურვალე მიწაში ფესვი. არა აქვს მას სახე, არც დიდება. და ვიხილე ის და არ ჰქონდა სახე, არც მშვენება, არამედ მისი სახე უპატიო იყო, მოკლებული ადამიანთა სახეს; ადამიანი წყლულებასა და ტკივილში იყო და იცოდა დათმენა უძლურებისა, რადგან უკუმიიქცა მისი პირი, უპატიო-იქმნა და არ შეირაცხა, რადგან უკუმიიქცა მისი პირი, უპატიო-იქმნა და არ შეირაცხა. იგი იტვირთებს ჩვენს ცოდვებს და ჩვენს გამო ეწამება; ჩვენ კი ჩავთვალეთ, რომ ის იყო ტანჯვაში, წყლულებასა და შეურაცხყოფაში. ხოლო იგი მოიწყლა ჩვენი ცოდვების გამო და უძლურება იტვირთა ჩვენი უსჯულოებებისათვის. ჩვენი მშვიდობის სწავლა მასზეა, მისი წყლულით ჩვენ განვიკურნეთ. ყველა ცთომილი ვიყავით, როგორც ცხვრები. ადამიანი შეცდა თავის გზაზე და უფალმა გასცა იგი ჩვენი ცოდვებისათვის და ის შეურაცხყოფათა გამო არ ხსნის პირს. როგორც ცხვარი დასაკლავად მიყვანილ იქნა და როგორც უხმო კრავი მპარსველის წინაშე, იმგვარად არ აღებს თავის პირს. სიმდაბლით აღიღოცა მისი მსჯავრი. და მის შთამომავლობას ვინ მიუთხრობს? ღრადგან აღებულია მიწისაგან მისი ცხოვრება. ჩემი ხალხის უსჯულოებების მიზეზით მიდის სასიკვდილოდ. და მივცემ უკეთურთ მისი საფლავის წილ და მდიდრებს მისი სიკვდილის წილ, რადგან ურჯულოება არ ჩაუდენია, არც მზაკვრობა არ ნახულა მის პირში და უფალს ნებავს, რომ განწმიდოს ის წყლულებისგან. თუ მისცემთ (მსხვერპლს) ცოდვებისთვის, თქვენი სული იხილავს დღეგრძელ თესლს. და უფალს ნებავს, რომ მისი სული განარიდოს ტანჯვისაგან, და უჩვენოს მას სინათლე და შეუქმნას გულისხმა, რომ განამართლოს მართალი, რომელიც კეთილად ემონება მრავალთ. და მათ ცოდვებს ის იტვირთებს. ამის გამო ის მრავალთ იმემკვიდრებს და განყოფს ძლიერთა ნადავლს, რომელთა გამო მიცემულ იქნა მისი სული სასიკვდილოდ და უსჯულოთა შორის შეირაცხა. და მან მრავალთა ცოდვები იტვირთა და მათი ცოდვების გამო მიეცა (ისაია 53, 1-12; მსაჯულთა 8, 32-33). და კვლავ ამბობს: “ხოლო მე მატლი ვარ და არა ადამიანი, საყვედრელ ადამიანთა და არარაობა ხალხისა. ყოველი ჩემი მნახველი დამცინის მე; იმეტყველეს ბაგეებით, აქნიეს თავი: “უფალს სასოებდა, იხსნას ის, გადაარჩინოს, რადგან ნებავს იგი” (ფს. 21, 7-9; მარკ. 15,29; მათე 27,43). ნახეთ საყვარელნო, რა ნიმუშია მოცემული ჩვენთვის. რადგან თუ უფალმა ასე დაიმდაბლა თავი, რა უნდა ვქნათ ჩვენ, რომლებიც მის მიერ მოვედით მისი მადლის უღელქვეშ? თავი XVII მივბაძოთ მათაც, რომლებიც თხისა და ცხვრის ტყავებით შემოსილნი დადიოდნენ და ქადაგებდნენ ქრისტეს მოსვლას. ხოლო ვამბობთ ელიასა და ელისეს, კიდევ იეზეკიელს, წინასწარმეტყველთ, რომლებმაც სწამეს იგი. დიდად იწამა აბრაამა და ღვთის მეგობრად იწოდა და ჭვრეტს რა იგი ღვთის დიდებას, ამბობს: “ხოლო იობი იყო მართალი და უბიწო, ჭეშმარიტი, ღვთისმსახური, განშორებული ყოველგვარი ბოროტისაგან” (იობი 1,1), მაგრამ იგი საკუთარ თავს ადანაშაულებს და ამბობს: “არავინ არის ჭუჭყისაგან წმინდა, თუნდაც რომ ერთი დღე იყოს მისი სიცოცხლე” (იობი 14, 4-5). მოსე “მთელ მის სახლში სარწმუნოდ” (რიცხვ. 12, 7; ებრ. 3, 2-5) იწოდა და მისი, როგორც მსახურის მიერ სჯიდა ღმერთი ეგვიპტეს მათი დატანჯვით და გაწვალებით, მაგრამ იგი აგრერიგად განდიდებული არ ცუდმედიდობდა, არამედ ასე თქვა მაშინ, როცა მაყვლიდან წინასწარუწყება მიეცა: “ვინ ვარ მე, მე რომ მგზავნი? ხოლო მე ხმაწვრილი და ენამძიმე ვარ” (გამოსვლათა 3,11; 4,10). და კვლავ ამბობს: “ხოლო მე ორთქლი ვარ ქოთნიდან” (ციტატის წყარო უცნობია. შესაძლოა კლიმენტი სარგებლობდა მოსეს ცხოვრების აპოკრიფით). თავი XVIII რა უნდა ვთქვა დასტურმიცემულ დავითზე? მისდამი თქვა ღმერთმა: “ვპოვე კაცი ჩემი გულისებრ, იესეს დავითი, საუკუნო წყალობით ვცხე მას” (მსაჯ. 13,22; ფს. 88,21; I მეფეთა 13,14). მაგრამ თავად ის ასე ამბობს ღვთის მიმართ: “მიწყალე მე, ღმერთო, შენი დიდი წყალობით და შენი მრავალი მოწყალებით აღხოცე ჩემი უსჯულოება. უმეტესად განმბანე მე ჩემი უსჯულოებისაგან და ჩემი ცოდვებისაგან განმწმინდე მე. რადგან ვიცი მე ჩემი უსჯულოება და ჩემი ცოდვა ჩემს წინაშეა მუდამ. მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება შენს წინაშე ჩავიდინე, რომ განმართლდე შენს სიტყვებში და გაიმარჯვო შენს მსჯავრში. რადგან აჰა, უსჯულოებაში ჩავისახე და ცოდვებში მშვა მე ჩემმა დედამ. რადგან, აჰა, ჭეშმარიტება შეიყვარე, უხილავნი და დაფარულნი შენი სიბრძნისა გამიცხადე მე. მასხურე მე უსუპი და გავიწმინდები, გამბანე მე და თოვლზე უფრო გავთეთრდები. მასმენინე მე სიხარული და მხიარეულება. გაიხარებენ დამდაბლებული ძვლები. მიიბრუნე შენი სახე ჩემი ცოდვებისაგან და ყოველი ჩემი უსჯულოება წაშალე. წმინდა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს შიგნით. ნუ განმაგდებ მე შენი სახისაგან და შენს წმიდა სულს ნუ წაიღებ ჩემგან. მომეცი მე შენი მხსნელობის სიხარული და წინამძღვრული სულით განმამტკიცე მე. ვასწავლი უსჯულოებს შენს გზებს და უღმრთონი მოიქცევიან შენსკენ. მიხსენი მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა. გაიხარებს ჩემი ენა შენი სამართლიანობით. უფალო, გახსენი ჩემი პირი და ჩემი ბაგეები აღმოთქვამენ შენს ქებას. რადგან, რომ გენება მსხვერპლი, მოგცემდი, მაგრამ ყოვლადდასაწველს არ ითნევ. მსხვერპლი ღვთისადმი არის სული შემუსვრილი; გულს შემუსრვილს და დამდაბლებულს ღმერთი არ შეურაცხყოფს” (ფს. 50, 3-19). თავი XIX ამრიგად, სიმდაბლემ და მორჩილმა უდრტვინველობამ აგრერიგად დასტურმიცემული ამდენი და ამგვარი ადამიანისა უკეთესნი გაგვხადა არა მხოლოდ ჩვენ, არამედ, აგრეთვე ჩვენზე უწინარესი თაობები, რომლებმაც კი შეიწყნარეს მისი სიტყვები შიშითა და ჭეშმარიტებით. ამიტომ ვეზიარეთ რა მრავალ დიდსა და დიდებულ საქმეს, მივუბრუნდეთ თავდაპირველად ჩვენს წინაშე დასახულ მშვიდობის მიზანს. ავიხედოთ მამისა და მთელი სამყაროს შემოქმედისკენ, შევენაწევროთ მის დიდადმშვენიერ და აღმატებულ მშვიდობის საჩუქრებს, მის კეთილმოქმედებებს. შევხედოთ მას გონებით და სულის თვალებით. განვჭვრიტოთ მისი სულგრძელი ნება. გულისხმავყოთ, როგორ ურისხველად ჰგიეს მთელი თავისი შესაქმისადმი. თავი XX ცანი, მისი განგებით შეძრულნი, მშვიდად ემორჩილებიან მას. დღეც და ღამეც მის მიერ დაწესებულ სვლას ასრულებენ და არაფრით აფერხებენ ერთმანეთს. მზე, მთვარე და ვარსკვლავთა გუნდები მისი განწესების შესაბამისად თანხმობით, ყოველგვარი გადახვევის გარეშე, შემოწერენ მათთვის განჩინებულ საზღვრებს. მისი ნებით ნაყოფის გამომღებელი მიწა თავთავის დროს აღმოუცენებს მრავალგვარ საზრდოს ადამიანებს, ცხოველებს და მასზე მყოფ ყველა ცოცხალ არსებას. არ უპირისპირდება, არც ცვლის რაიმეს მის მიერ დადგენილთაგან. უსაზღვრო ზღვის მოცულობა შექმნიდანვე თავის საცავებში შეყენებული, არ გადადის მის გარემომცველ ჯებირებს, არამედ, როგორც დაუწესა მას უფალმა, ისე მოქმედებს, რადგან უთხრა: “აქამდე მოაღწევ და შენში დაიმსხვრევა შენი ტალღები” (იობი 38,11). ადამიანთაგან გადაულახავი ოკეანე და მის მიღმა ქვეყნები (ერთ-ერთი მკვლევარის შენიშვნით აქ არის გამოძახილი ლეგენდარული ატლანტიდის შესახებ) მეუფის ამავე განწესებით განეგებიან. გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის დროები მშვიდობიანად ენაცვლებიან ერთმანეთს. ქართა სადგომები თავთავის დროს დაუბრკოლებლად ასრულებენ თავის მსახურებას. დაუშრობელი წყაროები, შვებისა და ჯანმრთელობისათვის შექმნილნი, დაუკლებლად აწვდიან ადამიანებს სიცოცხლის კერტებს. ცხოველთაგან ყველაზე მცირენი კი ურთიერთ თანაარსებობას თანხმობით და მშვიდობით ასრულებენ. ყველაფერ ამას დიდმა შემოქმედმა და ყოველთა მეუფემ მშვიდობით და თანხმობით ყოფნა დაუწესა, კეთილმოქმედია რა ყველას მიმართ, განსაკუთრებით კი ჩვენდამი, რომლებიც ვეშურებით მის მოწყალებებს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, დიდება მისდა და დიდებულება უკუნითი უკუნისამდე. ამინ! -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
თავი XLI
ძმანო, თითოეული თქვენგანი თავის მწყობრში სათნო-ეყოს ღმერთს კეთილი სინდისით, ღირსებით. არ გადავიდეს მისთვის განკუთვნილი ლიტურგიის განსაზღვრულ კანონს. ძმებო, არათუ ყველგან სწირავენ მსხვერპლს გახანგრძლივებით ან აღთქმათა გამო, ან ცოდვებისა და შეოცდბებისათვის, არამედ მხოლოდ იერუსალიმში. და იქაც ყველა ადგილზე როდი იწირება, არამედ ტაძრის წინ, საკურთხეველზე, მას შემდეგ, რაც შესაწირ მსხვერპლს გასინჯავენ მღვდელმთავარი და ზემოხსენებული მსახურები. ხოლო მათ, რომლებიც მისი (უფლის) ნებისთვის შეუფერებელს მოქმედებენ, სასჯელად სიკვდილი აქვთ. ხედავთ, ძმებო, რაც მეტი ცოდნის ღირსი გავხდით, მით მეტად ვექვემდებარებით საფრთხეს. თავი XLII მოციქულებს ჩვენთვის ეხარათ უფალ იესო ქრისტესგან. იესო, რომელიც არის ქრისტე, ღვთისაგან (მამა ღმერთი) მოივლინა. ამრიგად, ქრისტე – ღვთისაგან, მოციქულები კი ქრისტესაგან. ორივე ეს საქმე კეთილწესიერად აღსრულდა ღვთის ნებით. მიიღეს რა მოციქულებმა მცნებანი და აღივსნენ რა რწმენით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ, ამასთან, განმტკიცდნენ რა ღვთის სიტყვებში, სულიწმინდით რწმენასავსენი, წავიდნენ და ახარებდნენ, რომ მოსასვლელია ღვთის სასუფეველი. სოფლებსა და ქალაქებში ქადაგებისას დაადგინეს მათი სათავეები (ეპისკოპოსები და დიაკვნები), რომლებიც გამოსცადეს სულით, რომ რწმუნებული ყოფილიყვნენ ისინი სამომავლო მრევლის ეპისკოპოსებად და დიაკვნებად, თუმცა ამგვარი რამ ახალი როდია, რადგან დიდი ხნიდან იწერებოდა ეპისკოპოსთა და დიაკონთა შესახებ. ასე ამბობს სადღაც წერილი: “დავადგენ მათ ეპისკოპოსებს სამართლიანობით და მათ დიაკვნებს სარწმუნოებით (ესაია 60,17). თავი XLIII და რა რის საკვირველი, თუ მათ, რომლებსაც ღვთისაგან ქრისტეს მიერ ერწმუნათ ამგვარი საქმე, დაადგინეს ზემოხსენებული პირები? ნეტარმა მოსემ, “მთელ სახლში სარწმუნო მსახურმა (რიცხვთა 12, 7; ებრ. 3, 2-5), წმინდა წიგნებში აღნიშნა ყველაფერი, რაც მას ებრძანა, მასვე შეუდგნენ დანარჩენი წინასწარმეტყველნი, რომლებიც თანაემოწმებიან მის მიერ რჯულდებულთ. რადგან მან იმ დროს, როდესაც მოშურნეობა ჩამოვარდა მღვდლების გამო და დრტვინავდნენ ისრაელის ტომები, თუ მათგან რომელი უნდა შემკობილიყო ამ დიდებული სახელით, უბრძანა თორმეტი ტომის მთავართა, მოეტანათ მისთვის კვერთხები, რომლებზეც დაწერილი იქნებოდა თითოეული ტომის სახელი. და აიღო მან ისინი, შეკრა და დაბეჭდა თითოეული ტომის მთავრის ბეჭდით. შემდეგ სამოწმო კარავში დააწყო ღვთის ტრაპეზე და დაკეტა რა კარავი, დაბეჭდა კლიტენიც კვერთხების მსგავსად და უთხრა მათ: “კაცნო ძმანო, რომელი ტომის კვერთხიც აყვავდება, ის გამოურჩევია ღმერთს, რომ მღვდლობდეს და მწირველობდეს მისდამი”. როდესაც გათენდა, უხმო მთელ ისრაელს, ექვსასი ათას კაცს და უჩვენა ტომთა მთავრების ბეჭედნი, შემდეგ გააღო სამოწმო კარავი, წინ გამოიტანა კვერთხები და აღმოაჩინა, რომ აარონის კვერთხი არამარტო აყვავებულიყო, არამედ ნაყოფიც გამოეღო” (რიცხვ. 17, 16-26). როგორ გგონიათ, საყვარელნო, არ იცოდა მოსემ, რომ ეს მოხდებოდა? ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ასე მოიქცა, რომ ისრაელში უწესრიგობა არ მომხდარიყო, რათა განდიდებულიყო სახელი იმ ჭეშმარიტისა და მხოლოსი; დიდება მისდა უკუნითი უკუნისამდე ამინ! თავი XLIV ჩვენმა მოციქულებმაც უფალ იესო ქრისტესგან იცოდნენ, რომ განხეთქილება იქნებოდა საეპისკოპოსო სახელდების შესახებ. სწორედ ამ მიზეზით, მიიღეს რა სრული წინასწარმცოდნეობა, დაადგინეს ზმოხსენებული პირები, და ამასთან, კანონიც დადეს, რომ როდესაც ისინი დაიძინებდნენ (გარდაიცვლებოდნენ), სხვა გამოცდილ კაცებს ემემკვიდრათ მათი მსახურება. ამგვარად, ისინი, რომლებიც დადგენილ იქნენ მათგან, ანდა მათ შემდეგ სხვა შერაცხილ კაცთაგან მთელი ეკლესიის თანასათნოყოფით, და რომლებიც უზადოდ მსახურებდნენ ქრისტეს სამწყსოს თავმდაბლობით, სიმშვიდით და ღირსებით, აგრეთვე, ხანგრძლივი დროის მანძილზე ყველგან დასტურმიცემულნი – ასეთი პირების განდევნა ლიტურგიისგან სამართლიანად არ მიგვაჩნია. რადგან არამცირე ცოდვა იქნება ჩვენთვის, თუ უბიწოდ და წმინდად ძღვენისმწირველებს ეპისკოპოსობისაგან განვაგდებთ. ნეტარ არიან ის ხუცესები, რმლებმაც უკვე განვლეს გზა და რომლებმაც ჰპოვეს ნაყოფიერი და სრული განსვენება, რადგან აღარ აქვთ შიში იმისა, რომ ვინმე გადააყენებს მათ მათთვის დადგენილი ადგილიდან; რადგან ვხედავთ, რომ ზოგნი, რომლებიც კეთილად მოღვაწეობდნენ, განაშორეთ თქვენ მათდამი უბიწოდ რგებული ლიტურგიისგან. თავი XLV შფოთისმოყვარენი ხართ, ძმებო, და მოშურნენი იმ საქმეთა შესახებ, რაც უკავშირდება ხსნას. ჩაიხედეთ წმინდა წერილში, რაც ჭეშმარიტია, რაც სულიწმინდისეულია. შეიცანით, რომ არაფერია უმართლო, არც ნაყალბევი მასში. ვერ ნახავთ მართალთ, წმინდა კაცთაგან გაძევებულთ. იდევნებოდნენ მართალნი, მაგრამ – უღმრთოთაგან; დატყვევებულნი იყვნენ, მაგრამ – უწმინდურთაგან; ჩაიქოლნენ უსჯულოთაგან; მოიკლნენ მათგან, რომლებმაც ბილწი და უსამართლო შური ითვისეს. ეს ყოველივე ივნეს და კეთილსახელოვნად დაითმინეს მათ. რადგან, რა ვთქვათ, ძმებო? ნუთუ ღვთისმოშიშებმა ჩააგდეს დანიელი ლომების ხაროში? (დან. 6,17) ანდა ნუთუ მათ შეაყენეს ცეცხლის ღუმელში (დან 3,19; 3,24) ანანია, აზარია და მისაელი, რომლებიც მსახურებდნენ უზენაესის დიდმშვენიერ და დიდებულ მსახურებას? ნურასოდეს ნუ მოხდება ეს! ამრიგად, ვინ იყვნენ ასეთი საქმეთა მოქმედნი? – მძულვარნი, ყოველგვარი ბოროტებით სავსენი, რომლებიც იმ ზომამდე გაშმაგდნენ მრისხანებისგან, რომ ტანჯვა-წამებას მისცეს წმინდად და უბიწო ზრახვით ღმერთს დამონებულნი, არ იცოდნენ რა, რომ უზენაესია ზესთამბრძოლი და დამფარველი მათი, ვინც წმინდა სინდისით მსახურებს მის ყოვლადსათნო სახელს, დიდება მისდა უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ხოლო, რომლებმაც რწმენით დაითმინეს, დიდება და პატივი დაიმკვიდრეს, ამაღლდნენ და ჩაიწერნენ ღვთის მიერ მის მოსახსენებელში უკუნითი უკუნისამდე. ამინ. თავი XLVI ამრიგად, გვმართებს, ჩვენც შევუდგეთ ამგვარ მაგალითებს, ძმებო, რადგან დაწერილია: “შევუდგეთ წმინდანებს, რადგან მათდამი შედგომილნი განიწმინდებიან” (უცნობია). და კიდევ სხვა ადგილას ამბობს: “მართალ კაცთან მართალი იყავ და რჩეულთან რჩეული იყავ და მრუდს გაშორდი” (ფს. 17, 26-27). ამრიგად, მივეკედლოთ უცოდველთ და მართალთ, რადგან ისინი არიან ღვთის რჩეულნი. რატომ არის თქვენ შორის განხეთქილებანი, მრისხანებანი, დაპირისპირებანი, განყოფანი და ომი? ნუთუ არა გვყავს ერთი ღმერთი და ერთი ქრისტე და მადლის ერთი სული, ჩვენზე მოფენილი, და ერთი ქრისტესმიერი მოწოდება? რისთვის განვაწვალებთ და განვყოფთ ქრისტეს ნაწილებს? რისთვის აღვუდგებით საკუთარ სხეულს და რისთვის მივდივართ იმგვარ უგუნურებამდე, რომ გვავიწყდება ერთმანეთის ნაწილები რომ ვართ? გაიხსენეთ ჩვენი უფლის, იესოს სიტყვები, რადგან თქვა: “ვაი, იმ ადამიანს, კარგი იქნებოდა მისთვის, რომ არ შობილიყო, ვიდრე ის, რომ დაებრკოლებინა ერთი ჩემს რჩეულთაგანი, უმჯობესი იქნებოდა მისთვის წისქვილის ქვა ჩამოეკიდებინა და ზღვაში გადავარდნილიყო, ვიდრე ის, რომ გზას აეცდინა ერთი ჩემს რჩეულთაგანი” (მათე 18,6; მარკ. 9,42; ლუკა 17, 1-2). თქვენმა განყოფამ მრავალი ააცდინა გზას, მრავალი ჩააგდო სასოწარკვეთილებაში, მრავალი – ეჭვში, ჩვენ კი ყველა მწუხარებაში. მუდმივი გახდა თქვენი მშფოთვარება. თავი XLVII აიღეთ ნეტარი პავლე მოციქულის ეპისტოლე. რა დაგიწერათ თქვენ პირველად, ხარების თავში? ჭეშმარიტად სულიერად მოგწერათ საკუთარი თავის, კეფას და აპოლონის შესახებ (I კორ. 1, 10-12), რადგან მაშინაც უთანხმოება გქონდათ, მაგრამ იმ უთანხმოებამ ნაკლები ცთომილება შეგძინათ, რადგან გადაიხარეთ დასტურმიცემული მოციქულებისა და მათ მიერ გამოცდილი კაცის მიმართ. ახლა კი დაუკვირდით, ვინ არიან, თქვენ რომ გზას აგაცდინეს და დააკნინეს თქვენი განთქმული ძმათმოყვარეობის ღირსება. სამარცხვინოა, ძმებო, მეტისმეტად სამარცხვინოა და შეუსაბამო ქრისტესმიერი ცხოვრებისათვის იმის მოსმენა, რომ კორინთოს უმტკიცესი და უძველესი ეკლესია ერთი ან ორი პიროვნების გამო დაუპირისპირდა ხუცესებს. და ამ ამბავმა არამარტო ჩვენამდე მოაღწია, არამედ იმ პირებამდეც, რომლებიც ჩვენგან განდრეკილები არიან (წარმართები). ასე რომ თქვენივე უგუნურების მიზეზით უფლის სახელსაც არცხვენთ და თქვენს თავსაც საფრთხეს უქმნით. თავი XLVIII ამრიგად, სასწრაფოდ დავაცხროთ შუღლი, შევუვრდეთ მეუფეს და ცრემლით ვევედროთ მას, რომ მოწყალე გახდეს და შეგვირიგდეს ჩვენ, კვლავ აღგვადგინოს ჩვენი სპეტაკი ძმათმოყვარეობის წმინდა ცხოვრებაში. რადგან გახსნილია თვით მაცხოვნებელი კარიბჭე, როგორც დაიწერა: ”გამიხსენით მე კარიბჭენი სიმართლისა, რომ შევიდე და ვადიდო უფალი. ეს არის უფლის კარიბჭე და მართალნი შევლნენ მასში” (ფს. 117, 19-20). თუმცა მრავალი კარიბჭეა გახსნილი, მაგრამ ის, რომელიც სიმართლეშია, ეს არის – ქრისტესმიერი. ნეტარია ყველა, ვინც მასში შევა და ვინც წარმართავს თავის სვლას სიწმინდესა და სამართლიანოაბში, რადგან უშფოთველად აღასრულებს იგი ყოველივეს. იყოს ვინმე სარწმუნო, იყოს ვინმე შემძლე, რომ გამოთქვას ცოდნა, სხვა იყოს ბრძენი სიტყვათა გარჩევაში, სხვა - საქმეებით წმინდა. ხოლო რაც უფრო აღმატებულად რაცხენ მას, მით მეტად სიმდაბლე მართებს. ეძიოს მან ზიარი სარგებელი ყველასათვის და არა თავისეული. თავი XLIX ვისაც აქვს ქრისტესმიერი სიყვარული, აღასრულოს ქრისტეს მცნებები. ვის ძალუძს გამოთქვას საკვრელი ღვთის სიყვარულისა? (კოლას. 3,14) ვის შეუძლია გადმოსცეს მისი სიმშვენიერის დიდებულება? მიუთხრობელია სიმაღლე, სადაც ავყავართ სიყვარულს. სიყვარული შეგვანაწევრებს ჩვენ ღმერთთან, ”სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს” (I პეტრე 4,8; იაკობი 5,20). სიყვარული ყველაფერს დაითმენს, ყველაფრისადმი სულგრძელია, არაფერია სულმდაბლური სიყვარულში, არაფერია ქედმაღლური, სიყვარულს არა აქვს განხეთქილება, სიყვარული არ დრტვინავს, სიყვარული ყველაფერს თანხმობით იქმს. ყველა რჩეული ღვთისა სიყვარულში სრულიქმნა. სიყვარულის გარეშე არაფერია სათნო ღვთისთვის. სიყვარულით შეგვითვისა ჩვენ ღმერთმა. სიყვარულის გამო, რაც ჩვენდამი ჰქონდა, ღვთის ნებით თავისი სისხლი გაიღო ჩვენთვის ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და გაიღო მან სხეული – ჩვენი სხეულისათვის და სული – ჩვენი სულებისათვის თავი L ნახეთ, საყვარელნო, როგორ დიდია და საკვირველი სიყვარული. ვერ გამოითქმის მისი სრულყოფილება. ვინ შეძლებს მასში დამკვიდრებას, თუ არა ის, ვისაც ღირსყოფს ღმერთი? ამრიგად, ვევედროთ და ვითხოვოთ მისი მოწყალებისგან, რომ ადამიანური მიკერძოების გარეშე უბიწოდ დავმკვიდრდეთ სიყვარულში. გადავიდა ყველა თაობა ადამიდან ვიდრე ამ დღემდე, მაგრამ სიყვარულში ღვთის მადლით სრულქმნილნი კეთილმორწმუნეთა ადგილს ფლობენ, რომლებიც მაშინ გაცხადდებიან, როდესაც იქნება მოხედვა ქრისტეს სასუფეველისა. რადგან დაწერილია: ”შედით მცირე ხანს სარდაფებში, ვიდრე გადაივლის ჩემი რისხვა და წყრომა და გავიხსენებ კეთილ დღეს და აღგადგენთ თქვენ თქვენი საფლავებისაგან”. ნეტარნი ვართ, საყვარელნო, თუ ვასრულებდით ღვთის მცნებებს ერთსულოვანი სიყვარულით, რომ სიყვარულის მიერ მოგვეტევოს ჩვენ შეცოდბებები. რადგან დაწერილია: ”ნეტარნი არიან, რომლებსაც მიეტევათ უსჯულოებანი და რომლებსაც დაეფარათ ცოდვები. ნეტარია კაცი, რომლის ცოდვასაც არ შერაცხავს ღმერთი, არც მზაკვრობაა მის პირში”. ეს ნეტარება აღსრულდა ღმრთივრჩეულებზე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, დიდება მისდა უკუნითი უკუნისამდე, ამინ! თავი LI ამრიგად, რაც კი ვცოდეთ და ვქმენით მოწინააღმდეგის რამ ხლართების მიზეზით, ვითხოვოთ, რომ მოგვეტევოს ჩვენ, ხოლო რომლებიც მოთავენი გახდნენ მშფოთვარებისა და დაპირისპირებისა, მართებთ მათ განჭვრიტონ, რაც ზიარია სასოებაში, რადგან ვინც შიშითა და სიყვარულით მოღვაწეობს, უფრო ის სურს, თვით მიეცეს ტანჯვა-წამებას, ვიდრე მისი მოძმენი. ამიტომ უჯობს მას, თვით განიცადოს გმობა, ვიდრე იმ ერთხმოვანებამ, რაც კეთილად და სამართლიანად გადმოგვეცა ჩვენ, რამეთუ ადამიანთათვის ის არის კარგი, აღიაროს შეცოდბეანი და არა ის, რომ გაისასტიკოს თავისი გული, როგორც გაუსასტიკდათ გული მათ, რომლებიც აუმხედრდნენ ღვთისადმი მსახურ მოსეს და რომელთა დასჯაც ცხადად მოხდა. რადგან ”ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში” (რიცხვთა 16, 30,33) და ”სიკვდილმა მოძოვა ისინი” (ფს. 48,15). ფარაონი, მისი ლაშქარი, ეგვიპტის ყველა წინამძღოლი, მათი ეტლები და მხედრები ჩაიძირნენ მეწამულ ზღვაში და დაიღუპნენ, არათუ სხვა რამ მიზეზის გამო, არამედ იმიტომ, რომ გასასტიკდა მათი უგულისხმო გულები მას შემდეგ, რაც სასწაულები და ნიშები მოხდა ეგვიპტეში ღვთისადმი მსახურის – მოსეს მიერ (გამოსვლათა თ. XIV). თავი LII უჭირველია, ძმებო, ყოვლის მეუფე, არავისაგან არაფერს ითხოვს იგი, თუ არა იმას, რომ აღმსარებელნი ვიყოთ მისდამი. რადგან რჩეული დავითი ამბობს: ”აღმსარებელი ვიქნები უფლისადმი და ეთნევა მას ჩვილ ხბოზე მეტად, რომელსაც ეზრდება რქები და ჩლიქები, ნახონ ღარიბებმა და გაიხარონ” (ფს. 68, 31-33). და კვლავ ამბობს: ”შესწირე ღმერთს მსხვერპლი ქებისა და უზღე უზენაესს შენი აღთქმანი და მიხმე მე შენი გაჭირვების დღეს და დაგიხსნი შენ და განმადიდებ მე” (ფს. 49, 14-15), რადგან ”მსხვერპლი ღვთისადმი არის სული შემუსრვილი” (ფს. 50,19). თავი LIII რადგან იცით, და კარგადაც იცით, საყვარელნო, წმინდა წერილი და ჩაჰკვირვებიხართ კიდეც ღვთის სიტყვებს. ამიტომ, გწერთ ამას, რომ შეგახსენოთ: როდესაც მთაზე ასულმა მოსემ ორმოცი დღე და ორმოცი ღამე გაატარა მარხვასა და სიმდაბლეში (II რჯული 9,9; გამოსვლ. 34, 28), ღმერთმა უთხრა მას: ”ჩადი აქედან მალე, რადგან რჯული დაარღვია შენმა ხალხმა, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის მიწიდან, მსწრაფლ გადადრკენ იმ გზიდან, რაც ვამცნე მათ და კერპები შექმნეს თავისთვის” (II რჯული 9,12; გამოსვლ. 32, 7-8). და თქვა უფალმა მის მიმართ: ”გითხარი შენ და ვთქვი ერთგზის და ორგზის: ვიხილე ეს ხალხი, და აჰა, ურჩი ხალხია. მაცალე, მოვსპო ისინი, და აღვხოცავ მათ სახელს ცის ქვეშეთიდან, შენ კი გაქცევ დიდ და საკვირველ ხალხად, უფრო დიდად ვიდრე ეს არის” (II რჯულ. 9, 13-14; გამოსვლ. 32,10). და უთხრა მოსემ: ”არა უფალო, მიუტევე ამ ხალხს ცოდვა, ან მეც ამომშალე ცოცხალთა წიგნიდან” (გამოსვლ. 32,32). ჰოი დიდო სიყვარულო! ჰოი, უძლეველო სრულქმნილებავ! მონა თავისუფლად ლაპარაკობს უფალთან, მიტევებას ევედრება მრავალთათვის, ან კი იმას ითხოვს, რომ თვით ისიც მოისპოს მათთან ერთად. თავი LIV ამიტომ, ვინ არის თქვენს შორის კეთილშობილი, ვინ არის კეთილმოწყალე, ვინ არის სავსე სიყვარულით? თქვას მან: თუ ჩემი მიზეზით არის მშფოთვარება, განყოფა და განხეთქილება, წავალ, გავშორდები, სადაც გნებავთ, და შევასრულებ უმრავლესობის განჩინებას. მხოლოდ კი ქრისტეს სამწყსო იყოს მშვიდობით მათზე დადგენილ ხუცესებთან ერთად. ვინც იქმს ამას, დიდ სახელს შეიძენს იგი ქრისტეს მიერ და მიიღებს მას ყველა ადგილი, რადგან “უფლის არის მიწა და მისი სისავსე” (ფს. 23,1). ამას იქმოდნენ და კვლავაც იქმან ისინი, რომლებიც უნანებელი მოღვაწეობით მოღვაწეობდნენ. თავი LV წარმართებისგანაც მოვიტანოთ მაგალითები: მრავალმა მეფემ და წინამძღოლმა, მინდობილმა მისნის ნათქვამს, უბედურების ჟამს სიკვდილს მისცა თავი, რომ საკუთარი სისხლით გადაერჩინათ მოქალაქენი. მრავალი გაშორდა თავის ქალაქს, რომ მეტად აღარ ყოფილიყო მშფოთვარება, რომლებმაც ბორკილებში ჩაიგდეს თავი, რომ სხვები გამოეხსნათ, ბევრმა მიიღო მონობა და მოპოვებული საზღაურით სხვები გამოკვება. ბევრმა ქალმა, ღვთის მადლით ძალმოცემულმა, მრავალი სიმამაცე აღასრულა. ნეტარმა ივდითმა, როდესაც ქალაქი ალყაში იყო, გამოითხოვა ნებართვა უხუცესებისგან, რომ უცხოტომთა ბანაკში გადასულიყო. საფრთხეს მისცა მან თავი და გამოვიდა ქალაქიდან სამშობლოსა და ალყაში მყოფი ხალხის სიყვარულის გამო, ხოლო უფალმა მისცა ოლოფერნე ქალის ხელს (ივდითი 16, 5-9). არანაკლებ საფრთხეში ჩაიგდო თავი რწმენით სრულყოფილმა ესთერმა, რომ მოსალოდნელი განადგურებისგან გადაერჩინა მას ისრაელის თორმეტი ტომი, რადგან მარხვისა და სიმდაბლის გზით შესთხოვა ყოვლისმხედველ მეუფეს, საუკუნეთა ღმერთს, რომელმაც დაინახა მისი სულის სიმდაბლე და გადაარჩინა ხალხი, რომლის გამოც განსაცდელში ჩაიგდო მან თავი (ესთერი 4,16). თავი LVI ამიტომ, ვევედროთ ჩვენც მათთვის, რომლებიც რამ ცოდვაში იმყოფებიან; მიეცეთ მათ სიმშვიდე და თავმდაბლობა, რომ მორჩილნი იყვნენ ღვთის ნებისა და არა ჩვენი, რადგან მხოლოდ ასე იქნება ნაყოფიერი და სრულყოფილი მათთვის ღვთისა და წმინდანთა წინაშე მათი თანაგრძნობით ხსენება. მივიღოთ სწავლება. არავის მართებს განრისხება ამის გამო, საყვარელნო, რადგან კარგია და უაღრესად სასარგებლოა ერთი-მეორის შეგონება, რადგან ღვთის ნებასთან შეგვანაწევრებს ჩვენ იგი. ვინაიდან ასე თქვა წმინდა სიტყვამ: “სწავლით განმსწავლა მე უფალმა და სიკვდილს არ მიმცა მე” (ფს. 117,18). რადგან “ვინც უყვარს უფალს, განსწავლის, და ტანჯავს ყოველ ძეს, ვისაც შეიწყნარებს” (იგავთა 3,12; ებრ. 12,6), ამბობს რა ასე: “მართალი განმსწავლის მე მოწყალედ და მამხილებს მე, ხოლო ცოდვილთა ზეთი ნუ განაპოხებს ჩემს თავს” (ფს. 140,5). და კვლავ ამბობს: “ნეტარია ის ადამიანი, ვისაც ამხილა უფალმა. ყოვლისმპყრობლის შეგონებას ნუ უკუაქცევ, რადგან იგი ტკივილს აყენებს და კვლავ აღადგენს. დასცა და მისმა ხელებმა განკურნეს. ექვსგზის დაგიხსნის შენ გასაჭირთაგან, მეშვიდედ კი არ შეგეხება შენ ბოროტი. შიმშილობისას გამოგიხსნის სიკვდილისაგან, ომში კი გაგარიდებს მახვილის ხელისაგან. ენის შოლტისაგან დაგიფარავს შენ და არ შეგაშინებს შენ მოწევნილი ბოროტებანი. გაიცინებ უსამართლოთა და ურჯულოთა გამო და გარეულ მხეცებს არ შეუშინდები, რადგან ველური მხეცები შენს წინაშე დამშვიდდებიან. შემდეგ შეიტყობ, რომ სიმშვიდეშია შენი სახლი, ხოლო კარავში შენი ცხოვრების წესი არ წახდება. შეიცნობ, რომ მრავალია შენი თესლი, შენი შვილები კი – როგორც მინდვრის ბალახეული. საფლავში ჩახვალ, როგორც დროულად მომკილი მწიფე თავთავი ან როგორც კალოს ზვინა, ჟამიერად შეგროვილი” (იობი 5, 17-26). ნახეთ, საყვარელნო, რამდენგვარია მფარველობა მათდამი, რომლებსაც მეუფე განსწავლის, რადგან არის რა კეთილი მამა, განგვსწავლის მხოლოდ იმიტომ, რომ წყალობა მივიღოთ მისი წმინდა განსწავლის გზით. თავი LVII ამრიგად, თქვენ, რომლებმაც საფუძველი მოუმზადეთ მშფოთვარებას, აწ დამორჩილდით ხუცესებს და სინანულში განისწავლეთ თქვენი გულის მუხლთა მოდრეკით. ისწავლეთ მორჩილება და განიშორეთ თქვენი ენის ქედმაღალი და ამპარტავნული თავმოთნეობა. რადგან უმჯობესია თქვენთვის, რომ მცირენი იყოთ ქრისტეს სამწყსოში, მაგრამ შერაცხილნი, ვიდრე ის, რომ აღმატებულები ჩანდეთ, მაგრამ განგდებულ იქნეთ მისი სასოებისაგან, რადგან ასე ამბობს ყოვლადსათნო სიბრძნე: “აჰა, მოვავლენ თქვენზე ჩემი მობერვის ნათქვამს, ხოლო გასწავლით თქვენ ჩემს სიტყვას. რადგანაც მოგიწოდეთ და არ ისმინეთ, გაწვდიდით სიტყვებს და ყურად არ იღებდით, არამედ აუქმებდით ჩემს რჩევებს, ხოლო ჩემს მხილებებს არ ერწმუნეთ. ამიტომ მეც გავიცინებ თქვენს დაღუპვაზე, გავახარებ კი, რაჟამს განადგურება გეწვევათ ან როცა მოიწევა თქვენზე უეცრად მშფოთვარება და მოვა დამხობა, მსგავსი გრიგალისა, ანდა როდესაც გაჭირვებასა და ალყაში იქნებით, რადგან დადგება დრო, რაჟამს მომიწოდებთ, მე კი არ შევისმენ თქვენსას. მომიძიებენ უკეთურნი და ვერ მიპოვიან, რადგან მოიძულეს სიბრძნე, ხოლო არ ირჩიეს შიში უფლისა. არც ის ისურვეს, ყურად ეღოთ ჩემი რჩევები, ჩემს მხილებებს კი დასცინოდნენ. ამიტომაც შეჭამენ თავისი გზის ნაყოფთ და თავისი უწმინდურებით გაძღებიან. იმის წილ, რაც მათ ავნეს ჩვილებს, ამოწყდებიან. განკითხვა უღმრთოებს მოსპობს, ხოლო ვინც ისმენს ჩემსას, მინდობილად დაიკარვებს სასოებაში და უშიშრად მოისვენებს ყოველგვარი სიბოროტისგან” (იგავთა 1, 23-33). თავი LVIII ამრიგად, დავემორჩილოთ მის ყოვლადწმინდა და დიდებულ სახელს, განვერიდოთ იმ მუქარას, ურჩთათვის რომ თქვა წინდაწინ სიბრძნემ, რათა “მინდობილებმა დავიკარვოთ” (II რჯული 33, 12,28) მისი დიდებულების უწმინდეს სახელში. შეიწყნარეთ ჩემი რჩევა და სანანებლად არ გაგიხდებათ თქვენ. რადგან ცოცხლობს ღმერთი და ცოცხლობს უფალი იესო ქრისტე და სულიწმინდა – რწმენა და იმედი რჩეულთა, რამეთუ ვინც სინანულის გარეშე, მუდმივი ლმობიერებით, მდაბლად აღასრულა ღვთისაგან მოცემული სიმართლენი და ბრძანებანი, იგი ცხონებულთა რიცხვს შეერაცხება და შეერთვება იესო ქრისტეს მიერ, რომლის წიაღ არის მისი დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ! თავი LIX ხოლო, თუ ვინმე არ ერწმუნება მისგან ჩვენ მიერ თქმულს, იცოდეს ასეთმა ვინმემ, რომ არამცირე ცთომასა და საფრთხეში იგდებს თავს. ჩვენ კი უბრალონი ვიქნებით ამ ცოდვისაგან და, აღვავლენთ რა ვედრებას, მხურვალე ლოცვით გამოვითხოვთ, რომ ყოვლის შემოქმედმა მთელ ქვეყანაზე შეუმუსრავად დაიცვას მის რჩეულთა აღრიცხული რიცხვი მისი საყვარელი ძის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. რომლის მიერ სიბნელიდან სინათლისაკენ, უმეცრებიდან მისი სახელის სიდიადის შეცნობისაკენ გვიხმო მან. ვსასოებდეთ შენს სახელს, მთელი ქმნილების პირველმშობელს, აგვიხილე რა თვალნი ჩვენი გულისა, რომ შეგიცნოთ შენ, მხოლო დავანებული უზენაესი უზენაესთა შორის, წმინდა წმინდათა შორის, ვინც მდაბალყოფ ამპარტავანთა კადნიერებას, განაქარვებ ტომთა ზრახვებს, აამაღლებ მდაბალთ და მდაბალყოფ მაღალთ, გაამდიდრებ და გააღარიბებ, მოაკვდინებ და ცხოველყოფ, რომელიც ხარ მხოლო კეთილმწყალობელი სულთათვის და ღმერთი ყოველი ხორცისა, უფსკრულთა მჭვრეტი და ადამიანურ საქმეთა მხედველი, საფრთხეში მყოფთა შემწე, სასოწარკვეთილთა მხსნელი, ყველა სულის შემქმნელი და ზედამხედველი, ვინც განამრავლებ ხალხებს ქვეყანაზე და ვინც ყველასაგან აირჩიე შენი მოყვარულნი, შენი საყვარელი ძის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მიერ გვასწავლე, განგვწმინდე და ღირსგვყავ ჩვენ. გევედრებით შენ, მეუფეო, რომ შემწე და მფარველი იყო ჩვენთვის, იხსნა ისინი, ვინც ჩვენს შორის გასაჭირშია, აღადგინო დაცემულნი, გამოუჩნდე შეჭირვებულთ, განკურნო უძლურნი, მოაქციო შეცთომილნი შენი ერისა, გამოზარდო მშიერი და გამოგვისყიდო ჩვენ, ბორკილდებულნი, აღადგინო დაუძლურებულნი და ნუგეში სცე სულმოკლეებს; შეგიცნოს შენ ყველა ხალხმა, რომ ხარ შენ მხოლო ღმერთი და იესო ქრისტე – შენი ძე და “ჩვენ შენი ერი და შენი სამწყსოს ცხვრები” (ფს. 78,13). თავი LX რადგან ნამოქმედართა მიერ ცხადჰყავი შენ სამყაროს მარადიული აღნაგობა, შენ უფალო, ვინც სარწმუნო ხარ ყველა თაობაში, შეჰქმენი ქვეყნიერება, მსჯავრში მართალო, ძალითა და დიდმშვენიერებით საკვირველო, შექმნის ჟამს ბრძენო და ქმნილთა განმტკიცების ჟამს გულისხმიერო, კეთილო ხილულთა შორის და ტკბილო მათთვის, ვინც შენ გერწმუნა; გულმოწყალეო და ლმობიერო, მოგვიტევე ჩვენი ურჯულოებანი, უსამართლობანი, შეცოდებანი და ცთომილებანი. ნუ მოიხსენებ შენს მონათა და მსახურთა რაიმე ცოდვას, არამედ განგვწმინდე ჩვენ შენი ჭეშმარიტებისმიერი განწმენდით და სწორად წარმართე ჩვენი სვლანი, რომ გულის სიწმინდით ვვლოთ და აღვასრულოთ ის, რაც სათნოა და მშვენიერი შენს წინაშე, ჩვენი მთავრების წინაშე. ჰოი, მეუფეო, გამოაჩინე შენი სახე ჩვენზე, მშვიდობიანი სიკეთისათვის, რომ დაგვიფაროს ცოდვისაგან. გვიხსენი ჩვენ უსამართლოდ მოძულეთაგან. მოგვეცი ჩვენ და ყველას, ვინც ქვეყნად მკვიდრობს, ვინც დაემორჩილა შენს ყოვლისმპყრობელ და ყოვლადსათნო სახელს, აგრეთვე – ჩვენს მთავრებს და მეწინამძღვრეებს, ერთსულოვნება და მშვიდობა, როგორც მიეცი ეს ჩვენს მამებს, რომლებიც წმინდად მოგიხმობდნენ შენ რწმენითა და ჭეშმარიტებით. თავი LXI შენ ხარ, მეუფეო, ვინც მიუბოძე მათ ძალაუფლება მეფობისა შენი დიდმშვენიერი და გამოუთქმელი ძლიერებით. ამიტომ, ჩვენ, რაჟამს შევიცნობთ მათთვის შენს მიერ მიცემულ დიდებას და პატივს, ვემორჩილებით მათ, რადგან არანაირად არ ვეწინააღმდეგებით შენს ნებას. მიეც მათ, უფალო, სიმრთელე, მშვიდობა, ერთსულოვნება და სიმყარე, რომ უცთომლად განაგონ შენს მიერ მათთვის ბოძებული წინამძღოლობა. რადგან შენ, ზეციერო ხელმწიფეო, საუკუნეთა მეუფეო, შენ, ვინც მიეცი ადამიანთა ძეებს დიდება, პატივი და ძალაუფლება ამქვეყნიურ საქმეებზე, შენ, უფალო, სწორად წარმართე მათი ნება, როგორც ეს მშვენიერი და სათნო იქნება შენს წინაშე, რომ მშვიდობითა და უდრტვინველობით, კეთილმორწმუნედ განაგონ მათ შენს მიერ მათთვის მიცემული ძალაუფლება და მოიპოვონ შენი წყალობა. მხოლოდ შენ ძალგიძს ამგვართა და კიდევ უმეტეს სიკეთეთა აღსრულება ჩვენს შორის; შენ გადიდებთ ჩვენი სულების მფარველის და მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს მიერ, რომლის წიაღ დიდება და დიდებულება შენდა, ამჟამადაც, თაობიდან თაობაშიც და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! თავი LXII იმის შესახებ, რაც შეჰფერის ჩვენს მსახურებას და რაც უმეტესად სასარგებლოა მათთვის, რომლებსაც სურთ, რომ კეთილმორწმუნედ და სიმართლით წარემართონ სათნოებითი ცხოვრებისაკენ, საკმარისად მოგწერეთ თქვენ, კაცნო ძმანო, რადგან რწმენის, სინანულის, წრფელი სიყვარულის, თავშეკავების, გონიერებისა და მოთმინების შესახებ ყველა მხარეს შევეხეთ, შეგახსენთ რა, რომ გვმართებს თქვენ სამართლიანობით, ჭეშმარიტებითა და სულგრძელებით წმინდად სათნო ეყოთ ყოვლისმპყრობელ ღმერთს, ძვირუხსენებლად ერთსულოვანნი იყოთ სიყვარულით, მშვიდობითა და გულითადი ლმობიერებით, მსგავსად ზემოწარმოდგენილი ჩვენი მამებისა, რომლებიც სიმდაბლის მიერ სათნოეყვნენ მამას, - ღმერთსა და შემოქმედს, აგრეთვე, ყველა კაცს. ყოველივე ამას წადიერად შეგახსენებთ, რადგან კარგად ვიცით, რომ გწერთ ადამიანებს, რომლებიც სარწმუნონი და უმეტესად შერაცხილნი ხართ, აგრეთვე – ღვთისმიერი მოძღვრების სიტყვებს ჩაკვირვებულნი. თავი LXIII ამრიგად, გვმართებს, რომ ამგვარ და ეგზომ მაგალითებს მივუახლოვდეთ, მოვიდრიკოთ ქედი და მორჩილების ადგილი დავიმკვიდროთ, რომ დავცხრეთ ფუჭი მშფოთვარებისაგან და ყოველგვარი ბიწის გარეშე მივაღწიოთ ჩვენს წინაშე ჭეშმარიტებით დასახულ მიზანს, რადგან სიხარულსა და მხიარულებას მოგვანიჭებს ჩვენ, თუკი დავემორჩილებით მას, რაც სულიწმინდის მიერ დაგიწერეთ და თუ მოიკვეთთ თქვენი შურის უჯერო რისხვას თანახმად იმ თხოვნისა მშვიდობისა და ერთსულოვნების შესახებ, რითაც მოგმართეთ ამ ეპისტოლეში. ხოლო გამოვგზავნეთ სარწმუნო და გონიერი კაცები, რომლებიც ჭაბუკბიდან მოხუცებულობამდე უმწიკვლოდ ცხოვრობენ ჩვენს შორის და რომლებიც მოწმენიც იქნებიან თქვენსა და ჩვენს შორის. ხოლო ეს იმიტომ ვქმენით, რომ იცოდეთ: მთელი ჩვენი საზრუნავი იყო და არის თქვენი დაუყონებლივი დამშვიდება. თავი LXIV და ბოლოს, ყოვლისმხედველმა ღმერთმა, სულთა მეუფემ და ყოველი ხორცის უფალმა, რომელმაც გამოირჩია უფალი იესო ქრისტე და მის მიერ ჩვენ – საზეპურო ერად, მისცეს ყოველ სულს ვინც მოუხმობს მის დიდმშვენიერ და წმინდა სახელს, რწმენა, შიში, მშვიდობა, მოთმინება, სულგრძელება, თავშეკავება, სიწმინდე და გონიერება მისი სახელის საამებლად, ჩვენი მღვდელმთავრისა და შუამდგომელის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მიერაც დიდება და დიდებულება, ძლიერება და პატივი მისდა აწ და ყოვლადვე უკუნითი უკუნისამდე, ამინ! თავი LXV ჩვენგან გამოგზავნილი კლავდიოს ეფებოსი და ვალერიოს ბიტონი ფორტუნატესთან ერთად სასწრაფოდ უკან გამოგზავნეთ ჩვენთან სიხარულითა და მშვიდობით, რომ უმალ შეგვატყობინონ ჩვენთვის საწადელი და სასურველი მშვიდობა და ერთსულოვნება, რათა ჩვენც მალე გავიხაროთ თქვენი კეთილდღეობის გამო. ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან და ყველგან ყველასთან, ვინც კი მოხმობილია ღვთისგან მის მიერ, რომლის მიერ დიდება, პატივი, ძალაუფლება, დიდებულება და საუკუნო ტახტი მას, საუკუნიდან და უკუნითი უკუნისამდე. ამინ! დასასრული ძველი ბერძნულიდან თარგმნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 11:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი