IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართველი სასულიერო მოღვაწეები
ნათია
პოსტი Oct 12 2007, 01:36 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ამბროსი ნეკრესელი (ერისკაცობაში ზაქარია მიქაძე) (1728 ― † უცნობია), ქართველი სასულიერო მოღვაწე, მქადაგებელი, პოეტი. ბერად აღიკვეცა 1777 წლის შემდეგ. 1794-1812 წლებში იყო ნეკრესის ეპისკოპოსი. ამბროსი ნეკრესელის დოგმატიკური ქადაგებებს ანტონ კათოლიკოსის სკოლის გავლენა ეტყობა. მისი ქადაგებების მეორე ნაწილი ერის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ ამბებს ეხმაურება, ასახავს საქართველოში შექმნილ მძიმე მდგომარეობას და მრევლს სამშობლოს სამსახურისაკენ მოუწოდებს. ამბროსი ნეკრესელი წერდა აგრეთვე როგორც საერო, ისე სასულიერო შინაარსის ლექსებს.





გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე) (* 15 ნოემბერი, 1825, სოფ. ბახვი, ოზურგეთის რაიონი ― † 26 დეკემბერი, 1896, ქუთაისი), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და პედაგოგი, იმერეთის ეპისკოპოსი 1860 - 1896 წლებში.

განათლება: - 1839 წელს დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. 1842 წელს შევიდა ქ. ფსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1845 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია, ხოლო 1849 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია.

სასულიერო, სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა : - 1849 - 1858 წლებში გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1851 წელს მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1856 წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაიცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა. 1858 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად. იმავე წლის დამლევს გაბრიელი დაინიშნა გორის ეპისკოპოსად. 1860 წელს იგი ხელდასხმულ იქნა იმერეთის ეპისკოპოსად და ამ უაღრესად საპატიო მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე.

მეუფე გაბრიელი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი. საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია.

გაბრიელმა შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. 1858 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოიცა მისი კაპიტალური ნაშრომი "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები", რომელიც სემინარიებში დიდხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. ნ. დობროლიუბოვმა სპეციალური რეცენზიაც გამოაქვეყნა ამ წიგნზე ჟურნალ "სოვრემენნიკ"-ში (1859). ფართოდაა ცნობილი გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებანი, რომელთა ორტომეული გამოცემულ იქნა ქართულ (1865, 1884-1885, 1913, 1989), რუსულ (1893) და ინგლისურ (1867) ენებზე. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე.

მეუფე გაბრიელი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. იგი ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, წინ აღუდგა იანოვსკი-ლევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლებას, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრულად განდევნა სკოლებიდან. 1872 წელს მან გაილაშქრა გ. მუხრანბატონ-მუხრანელის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა დიდი ერის მიერ პატარა ერების ასიმილაციისა და მცირე ერის ენის გაქრობის გარდუვალობას.

აღსანიშნავია, აგრეთვე, გაბრიელ ეპისკოპოსის თავდადებული მოღვაწეობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღსადგენად.

მეუფე გაბრიელი აღესრულა 71 წლის ასაკში. იგი განისვენებს გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა.







გიორგი მთაწმინდელი (1009 ― † 1065), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი. ეროვნული კულტურის მოამაგე, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველთა სამეცნიერო-ლიტერატურული საქმიანობის სულისჩამდგმელი.

მისი ბიოგრაფის გიორგი მცირის გადმოცემით, გიორგი მთაწმინდელი დაიბადა თრიალეთში, გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწის იაკობის ოჯახში. სწავლობდა ტაძრისის, შემდეგ კი ხახულის მონასტერში. ცოდნის გასაღრმავებლად 1022 ბიძამ კონსტანტინოპოლს წაიყვანა. იქ მან საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა და აზიარა ბიზანტიურ კულტურას. 1034 გიორგი მთაწმინდელი სამშობლოში დაბრუნდა და ბერად აღიკვეცა ხახულის მონასტერში. 1036 სირიაში, შავ მთაზე გიორგი შეყენებულს დაემოწაფა. 1039 იერუსალიმს გაემგზავრა. წინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ დაბრუნდა შავ მთაზე თავის მოძღვართან და 1040 მისივე რჩევით ათონს გაემგზავრა. 1044 გიორგი მთაწმინდელი ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. მის იშვიათ შემოქმედებით და ორგანიზატორულ ნიჭს სათანადო ასპარეზი მიეცა. მან კიდევ უფრო გააძლიერა მონასტერი და იგი ქართული სულიერი კულტურის მძლავრ კერად აქცია. გიორგი მთაწმინდელის პრატიკულ-ორგანიზატორულმა მოღვაწეობამ თანდათან ფართო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შეიძინა.

ბაგრატ IV-მ არაერთგზის შესთავაზა მას საქართველოს მღვდელმთავრობა. მისივე თხოვნით გიორგი მთაწმინდელმა ხუთი წელი დაყო საქართველოში და საეკლესიო საქმეები მოაგვარა. მან უარყო წოდებრივი უპირატესობა საეკლესიო საქმეებში და ადამიანის პირადი ღირსება წამოსწია წინ. გიორგი მთაწმინდელი იცავდა ქართულ ეკლესიას და კულტურას უცხოელთა შემოტევისაგან. ანტიოქიის პატრიარქთან გამართულ ცხარე კამათში 1057 მან ბრწყინვალედ დაიცვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალობა, რაც ერის ღირსებისა და კულტურის თვითმყოფის დამადასტურებლად ესახებოდა. გიორგი მთაწმინდელი ნაყოფიერად იღვწოდა მშობლიური ლიტერატურის გამდიდრებისათვის. ცნობილია ბიბლიის ახალი, ე. წ. "გიორგისეული რედაქცია". მან ხელახლა თარგმნა ბიბლიის ზოგიერთი წიგნი (სახარება-ოთხთავი, სამოციქულო, დავითნი), სხვა წიგნები კი გაჩალხა და ბერძნულ დედანს შეაჯერა.

გიორგი მთაწმინდელმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ქართულ ჰაგიოგრაფიასა და აპოკრიფულ მწერლობას, ეგზეგეტიკას, ჰიმნოგრაფიასა და საეკლესიო სამართალს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გიორგი მთაწმინდელის ჰაგიოგრაფიულ თხზულებას "ცხოვრება ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ", რომელიც ათონის ივერთა მონასტრის მხატვრული მატიანეა. ნაყოფიერად იღვაწა გიორგი მთაწმინდელმა ლიტურგუკის სფეროშიც და ქართული მწერლობას შესძინა როგორც თარგმნილი, ისე ორიგინალური თხზულებანი ("დიდი სჳნაქსარი", "სახარებაჲ გამოკრებული საწელიქდო", "პავლე გამოკრებული საწელიწდო", "თთუენი ათორმეტნივე" და სხვა). გიორგი მთაწმინდელის ორიგინალური იამბიკოები და ნათარგმნი მდიდარი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა მისი პოეტური კულტურის დადასტურებაა. გიორგი მთაწმინდელმა ბერძნულიდან თარგმნა, ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის, ათანასე ალექსანდრიელის, იოანე დამასკელის, ნექტარი კონსტანტინოპოლელის, დოროთეოს ტვირელისა და სხვათა თხზულებანი. მისი ბიოგრაფის სამართლიანი თქმით, "ესევითარი თარგმანი, თჳინიერ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა, სხუაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩუენსა". გიორგი მთაწმინდელის მრავალფეროვანმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართული კულტურის აღმავლობას მომდევნო საუკუნეებში.






გრიგოლ ხანძთელი (759 ― † 861), ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი.

მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი გიორგი მერჩულემ. გრიგოლ ხანძთელი დაიბადა ქართლში წარჩინებულ ოჯახში. აღიზარდა ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე (ნერსეს მეუღლის ძმისწული და შვილობილი იყო). თავისი დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღო. აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა ნებით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როცა მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80-იანი წლებიდან კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა. ჯერ ოპიზაში ცხოვრობდა, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი.

გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში - დედათა სავანეები. დასავლეთ საქართველოში დააარსა უბისის მონასტერი. გრიგოლ ხანძთელის წაბაძვით მისმა მოწაფეებმა იწყეს მონასტრების მშენებლობა იშხანში, ბარეთელთაში, წყაროსთავში, ნეძვში და სხვა. გრიგოლ ხანძთელი ცხოველ მონაწილეობას იღებდა კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. IX საუკუნის 30-იან წლებში იგი კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს. მისი ენერგიული ჩარევით გადააყენეს თბილისის ამირა საჰაკის აგენტი - ანჩის ეპისკოპოსი ცქირი.

გრიგოლ ხანძთელმა დიდი როლი შეასრულა IX საუკუნის 50-იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელმაც არსენ I-ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაარჩია. მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათოლიკოსად.

გრიგოლ ხანძთელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ხანძთა (აქედანაა მისი ზედწოდება) ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად იქცა. გრიგოლ ხანძთელი იყო მის მიერ დაარსებულ მონასტრებში გაჩაღებული მრავალმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სულისჩამდგმელი. გიორგი მერჩულის ცნობით, მას საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობის წევრთათვის შეუდგენია ქტიტორული ტიბიკონი და შეუთხზავს ჰიმნოგრაფიული კრებული "საწელიწდოჲ იადგარი" - ლიტურგიკული კრებული მთელი წლისა.





დავით ტბელი , X საუკუნის II ნახევრის ქართველი მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე, ტბეთის ეპისკოპოსი. ბერძნულიდან თარგმნა კიმენური და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. ეფრემ მცირის ცნობით, მას უთარგმნია სიმეონ ლოგოთეტის მეტაფრასები. მასვე ეკუთვნის გრიგოლ ღვთისმეტყველის რამდენიმე თხზულების თარგმანი. ძველ წყაროებში დავით ტბელი იხსენიება ეპისკოპოს სტეფანე სანანოისძესთან ერთად.





თორნიკე ერისთავი - ( † 985), ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე.

ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. ერთხანს ათონის მთაზე, ათანასე დიდი ლავრაში მოღვაწეობდა. 979 თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში. თორნიკე ერისთავი თავდაპირველად ბერობას იმიზეზებდა, და უარობდა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებისაგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცილებლად დათანხმდა.

დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი, რომლებმაც სძლიეს სკლიაროსს და ხელთ იგდეს დიდი ნადავლი. ბიზანტიის ხელისუფლების დაპირების თანახმად, ნადავლი თორნიკე ერისთავის ეკუთვნოდა. ნაწილი ამ სიმდიდრისა მან ათანასეს ლავრას და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, ხოლო უდიდესი ნაწილი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა. 980 წლის ახლო ხანებში თორნიკე ერისთავს ბიზანტიის კეისარმა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა. თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილია ოშკის ბიბლია (978) და კირილე ალექსანდრიელის თხზულების "განძის" 981 წლის ნუსხა.







ილარიონ ქართველი - (822 ― † 875), ქართველი სასულიერო მოღვაწე. დაიბადა კახეთში, დიდგვაროვან ოჯახში.

დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის განვითარებაში. ილარიონ ქართველის ქტიტორული მოღვაწეობა დაკავშირებულია კახეთის 3 ძეგლთან, ესენია ფერისცვალების ეკლესია დავითგარეჯის ლავრაში, ე.წ. ილარიონ ქართველის ფილიალი იმავე ლავრაში და აკურის მამადავითის დედათა მონასტერი.

ილარიონ ქართველმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. მოიარა პალესტინა (იერუსალიმი, თაბორი, გოლგოთა, ბეთლემი, იორდანიის უდაბნო, საბაწმინდის ლავრა), ბითინია (ოლიმპი), რომი ბიზანტია (კონსტანტინოპოლი, თესალონიკე), სადაც ეცნობოდა ქრისტიანულ სამყაროს კულტურის უდიდეს კერებს, ლიტერატურულ მიღწევებს, სამონასტრო ცხოვრების წესსა და რიგს. ილარიონ ქართველის სახელზე თხზულებების მთელი ციკლია შექმნილი - ცხოვრებები და საგალობლები, სადაც ილარიონ ქართველი წარმოგვიდგება როგორც მონასტერთა მაშენებელი, წინამძღვარი, კახეთში დედათა და მამათა მონასტრების წესის და კანონის დამდები. დაკრძალულია კონსტანტინოპოლის მახლობლად ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერში.





იოანე - (გვარად ჯორჯაძე) ( † 1763), ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი, დავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი 1736-1763, ნეკრესელი (ნეკრესის მიტროპოლიტი) 1740-1751, ბოდბელი (ბოდბის ეპისკოპოსი) 1751-1763. მღვდელმთავრობის დროს დავითგარეჯის მონასტერში ცხოვრობდა. 1751 ბოდბეში გადავიდა. მონაწილეობდა ერეკლე II-ის მიერ თბილისში გამართული საეკლესიო კრების (1748) მუშაობაში, რომელმაც მიიღო კანონები მღვდელმსახურებისა და სარწმუნოების ნორმების დაცვის შესახებ.

იოანე მთაწმინდელი (ათონელი) - (დაახლოებით 920 ― † 1005), ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი. ერისკაცობაში - სამცხის ერთ-ერთი დიდებულთაგანი - ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი. ბერად შედგა ოთხთა ეკლესიის ლავრაში. შემდეგ ბიზანტიაში, ოლიმპის მთაზე მოღვაწეობდა, სადაც მიიყვანა თავისი მცირეწლოვანი შვილიც, შემდეგში, ექვთიმე მთაწმინდელი. 965 ექვთიმესა და რამდენიმე მოწაფესთან ერთად გადასახლდა ათონის მთაზე, ათანასე დიდის ლავრაში. ქართველ ბერებმა ჯერ იოანე მახარებლის ეკლესია ააშენეს, შემდეგ დამკვიდრდნენ ათონის ივერთა მონასტერში, რომლის აღმშენებელი და პირველი წინამძღვარი იოანე მთაწმინდელი იყო. მისი ბიოგრაფის გიორგი მთაწმინდელის გადმოცემით, იოანე მთაწმინდელმა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ექვთიმეს განსწავლაში, ლიტერატურული მოთვაწეობისაკენ მოუწოდა მას: "ქართლის ქვეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან, და ვხედავ, რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა, აწ იღუაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან".





იოანე შავთელი - XII-XIII საუკუნეების ქართველი პოეტი, სასულიერო მოღვაწე, როგორც ზედწოდებიდან ჩანს, წარმოშობით სოფ. შავთიდან ყოფილა. მას მიეწერება ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი "აბდულმესიანი". "ქართლის ცხოვრების", ცნობით, იოანე შავთელი იყო "ფილოსოფოსი დარიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული". იგი თამარ მეფის თანამედროვე და სანდო პირი ყოფილა. მემატიანეთა ცნობით, თამარს ახლდა ვარძიასა და ოძრეხში, ბასიანის ბრძოლის (1203) დროს, აქვე შეუთხზავს "გალობვანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი". მასვე მიეწერება სასულიერო ხასიათის სხვა თხზულებებიც. იოანე შავთელი სასულიერო პირი ჩანს, რაზეც მიუთითებს მის თხზულებებში გამოვლენილი ღრმა საღვთისმეტყველო განათლება. ზოგ წყაროში მოხსენებულია "ნეტარად", "წმინდანად". "აბდულმესიანში" იგი თავის თავს "მწირსა" და "მსხმებს" უწოდებს.



იოანე ჭყონდიდელი - ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი დაახლოებით 1060 - XII საუკუნის 10-იან წლებში. იხსენიება სვინგელოზის ტიტულით. XI საუკუნის 50-იან წლებში, ჯერ კიდევ ერისკაცობაში, თავის ძმასთან პეტრიკთან ერთად თან ახლდა ბაგრატ IV-ს და დედოფალ მარიამს კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე IX მონომაქოსის (1042-1054) კარზე. აქ ისინი შეხვდნენ ათონიდან ჩამოსულ გიორგი მთაწმინდელს და ათონში დიდი შესაწირავი გაატანეს, რისთვისაც იოანეს და მის ძმას ათონში აღაპი დაუწესეს. 1059 წელს მან ბაგრატ IV-ის დავალებით ქ. ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოიყვანა გიორგი მთაწმინდელი, რომლის ინიციატივით იოანე ჭყონდიდლად აკურთხეს. იოანე ჭყონდიდელი დაეხმარა გიორგი მთაწმინდელს საქართველოში დარღვეული საეკლესიო საქმეების გამართვა-მოწესრიგებაში. 1065 და 1066-1067 ბაგრატ IV-ის ელჩი იყო ბიზანტიის იმპერატორის კარზე. ამ ელჩობის დროს იოანე ჭყონდიდელს გიორგი ხუცესმონაზონისთვის უთხოვია დაეწერა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება.





იოსებ სამებელი - (1676 ― † სექტემბერი, 1750), ქართველი სასულიერო მოღვაწე, მესტამბე. წარმოშობით ქვაბულიძეების საგვარეულოდან.

თავდაპირველად შიომღვიმის მონასტერში იყო წინამძღვრად, 1696-იდან ჯერ სამების, ხოლო შემდეგ წილკნის ეპისკოპოსად. ვახტანგ VI-ის რუსეთში წასვლის შემდეგ ისიც რუსეთს გაემგზავრა. ქართველმა ემიგრანტებმა იოსებ სამებელი ვორონეჟის მონასტერში მოაწყვეს. 1733 პეტერბურგში გადავიდა. 1734-იდან ნოვგოროდის მიტროპოლიტის თანაშემწე და იურის მონასტრის წინამძღოლი იყო. რუსეთში ცხოვრების პერიოდში იოსებ სამებელმა ხელი მოჰკიდა საგამომცემლო საქმეს. მონაწილეობდა წიგნების გადაწერაში. ქ. გურამიშვილთან ერთად პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის სტამბაში ჩამოასხა ქართული შრიფტი და იქვე დაბეჭდა "რუსულ-ქართული ანბანი". 1737 ბაქართან ერთად დააარსა სტამბა და დაიწყო ქართული წიგნების ბეჭდვა-გამოცემა, მაგრამ 1743 წელს ბიბლიის უნებართვოდ დაბეჭდვის გამო სტამბა დახურეს. 1750 ყიზლარში მიმავალი იოსებ სამებელი გზაში გარდაიცვალა.





ისააკ მცირე - ( † 1799, თბილისი), XVIII საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი, კალიგრაფი, მესტამბე.

მოღვაწეობდა ერეკლე II-ის სტამბაში, სადაც 1751 მისი უშუალო მონაწილეობით დაიბეჭდა "კონდაკი". ისააკ მცირის სასტამბო მოღვაწეობა მალე შეწყდა. კათოლიკოს ანტონ I-სა და ზ. გაბაშვილს შორის უთანხმოების დროს ისააკ მცირე უკანასკნელს მიემხრო, რისთვისაც სასტიკად დასაჯეს. ისააკ მცირეს გადაწერილი აქვს ბევრი წიგნი. მასვე ეკუთვნის რამდენიმე ორიგინალი და თარგმნილი სატირული ნაწარმოები, სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილი "თაგვებისა და კატის ომის" სახელწოდებით.







პეტრე დავითის ძე კონჭოშვილი - (1836 ― † 5 თებერვალი, 1909), ქართველი საეკლესიო მოღვაწე. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მღვდლად იყო საინგილოში, იქიდან ოსეთში გადაიყვანეს, შემდეგ ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1899 ალავერდის კათედრაზე ეპისკოპოსად გააწესეს. მონაწილეობდა საღვთო წიგნების, მ.შ. ბიბლიის ქართული ტექსტის შესწორებასა და ბეჭდვაში. 1899 იმოგზაურა იერუსალიმში. თავისი მოგზაურობა აღწერა წიგნში: "მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ" (თბილისი, 1901). დასაფლავებულია ალავერდის ტაძარში.





მიქელ პარეხელი - პარეხის მონასტრის ამშენებელი და მისი პირველი წინამძღვარი. გავრცელებული შეხედულებით, მიქელ პარეხელი ცხოვრობდა IX საუკუნეში. ზოგიერთი მკვლევარის აზრით - VI-VII საუკუნეებში. ბასილი ზარზმელის ცნობით მიქელ პარეხელი ყოფილა შიო მღვიმელის მოწაფე. შემდეგ მისულა კლარჯეთში და ერთხანს ოპიზის მონასტერში მოღვაწეობდა. თავის მოწაფესთან ერთად აუშენებია მცირე ეგვტერი, რისთვისაც პარეხი უწოდებია. მიქელ პარეხელის მოწაფეთა შორის ცნობილი ყოფილან ბასილი და მარკელაოზი, აგრეთვე ზარზმის მონასტრის დამაარსებელი სერაპიონ ზარზმელი




ნიკოლოზ თბილელი - (1672, სოფ. ტანძია ― † 1732, მოსკოვი), ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, მწერალი.

დაიბადა ქართლის მდივანბეგის ვახტანგ ორბელიანის ოჯახში. მალე ჩაება პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ქართლის სამეფო ტახტისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში მხარს უჭერდა გიორგი XI-ს. XVII საუკუნის დამლევიდან მოღვაწეობდა სასულიერო ასპარეზზე. 1715 მიიღო რუისის ეპარქია. 1724-იდან რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ს. 1726 მოსკოვში მიიღო თბილისის მიტროპოლიტობა.

ნიკოლოზ თბილელი ეწეოდა მრავალმხრივ (დოგმატიკა, ლიტურგიკა, პოეზია, ასტრონომია და სხვა) კულტურულ-ლიტერატურულ და სამეცნიერო საქმიანობას. მისი რედაქტირებულია არჩილ II-ის მიერ რუსულიდან თარგმნილი პეტრე მოგილას თხზულება "აღსარება მართლისა სარწმუნოებისა".

ნიკოლოზ თბილელს ეკუთვნის საგალობლები, იამბიკოები და სხვა. იგი იღვწოდა ძველი ხელნაწერების აღდგენა-გამრავლებისათვის. აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის სტამბაში. მისი უშუალო მონაწილეობით გამოქვეყნდა სახარება (1709), სამოციქულო (1709), ლოცვანი (1710) და სხვა.






P.S. გთხოვთ, თუ რამე ინფორმაცია მოგეპოვებათ დაამატეთ




--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
თამარ
პოსტი Jan 27 2010, 01:30 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 114
რეგისტრ.: 17-November 08
მდებარ.: საქართველო, ბორჯომი
წევრი № 5,960



ნაინა
ორი წლის წინ დაგიწერია პეტრე იბერის შესახებ, მე კი ახლა ვნახე. ძალიან მომეწონა შენი ნამუშევარი. სამწუხაროდ, პეტრე იბერის სახელი ანტონ კათალიკოსის დროს ამოიღეს საეკლესიო მოსახსენებლებიდან და დააბრალეს მონოფიზიტობა, რადგანაც მისი სახელი გამოიყენეს მონოფიზიტებმა. ამ თემაზე მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე) 2002 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი "პეტრე იბერი, მართლმადიდებელი ეპისკოპოსი". მეუფე ანანია დამაჯერებლად ხსნის მიზეზებს, თუ რატომ მოხდა პეტრე იბერის ხსენების გაუქმება და ავითარებს იმ აზრს, რომ პეტრე ნამდვილად იყო დიოფიზიტი, მართლმადიდებელი. მიუხედევად ამისა, არიან საკმაოდ სახელიანი მკვლევარები (სახელს აქ ვერ დაგიწერ), რომლებიც დღეს სემინარიაში ასწავლიან, რომ პეტრე მონოფიზიტი ყოფილა. ეს საკმაოდ ვრცელი და რთული თემაა, აქ ყველაფერს ვერ ჩატევ ადამიანი; ეს მკვლევარები ასევე ეწინააღმდეგებიან იმ აზრს, რომ არეოპაგიტული წიგნები პეტრე იბერს ეკუთვნის.
საჭიროა საფუძვლიანი დამტკიცება, რომ ეს მკვლევარები ცდებიან.
იქნება, გვეღირსოს და ფარდა აეხადოს საბოლოოდ ამ პრობლემებს. სადა გვყავს ქართველებს დასაკარგი წმიდანები?
მოკლედ, დიდი მადლობა, ნაინა, შენც და ნათიასაც ამ თემის გახსნისთვის! თუ რაიმე მასალა კიდევ მოგეპოვება პეტრე იბერის შესახებ, მადლობელი დაგრჩები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 09:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი