IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მაცხოვრის გენეალოგია, (სახარება მათესაგან 1, 1-17)
მარიამი
პოსტი Feb 27 2007, 11:09 PM
პოსტი #1


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ძველი ქართულით:
QUOTE
1. წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
2. აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; 3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; 4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; 5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; 6. იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; 7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; 8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; 9. იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; 10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; 11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა. 12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; 13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; 14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; 15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; 16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.
17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.

ახალი ქართულით:
QUOTE
1. წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.
2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი;
4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი;
5. სალმონმა შვა ბოოსი რექაბისგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა დავით მეფე;
6. დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან;
7. სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა;
8. ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია;
9. ოზიამ შვა იოათამი; იოათამმა შვა ამონი; ამონმა შვა ეზეკია;
10. ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია;
11. იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობაში;
12. ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი;
13. ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;
14. აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი;
15. ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათტანი; მატთანმა შვა იაკობი;
16. ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17. ყველა თაობა აბრაამიდან დავითამდე - თაობა თოთხმეტი, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე - თაობა თოთხმეტი, და ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე - თაობა თოთხმეტი.


ჯერ ზოგადად: რატომ წერია სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია?

განმარტება ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის მიხედვით:

1. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
1 . „წიგნი შობისა“ - რატომ არ გამოიყენა აქ წმ. მათემ წინასწარმეტყველთა მსგავსად „ხილვა“ ან “ სიტყვა“ ნაცვლად შობისა. ისინი ხომ ამგვარად წერდნენ: „ხილვა რომელი იხილა ესაია“ (ესაია 1,1 ) ან „სიტყვა, რომელიც იყო ესაიასადმი“ (ეს. 2,1). გსურს გაიგო რატომ? წინასწარმეტყველები გულქვასა და უხეშ ხალხს მიმართავდნენ და ამიტომაც ამბობდნენ მასზე - „საღვთო ხილვა და ღვთის სიტყვა არისო“, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და აბუჩად არ აეგდო მათი ნათქვამი. მათე კი მორწმუნე, კეთილგონიერ და, ამასთანავე, დამჯერე ხალხს მიმართავდა და ამიტომ წინასწარ არაფერი უთქვამს წინასწარმეტყველთა მსგავსად. სხვაც მაქვს სათქმელი. ის რაც წინასწარმეტყველებმა იხილეს, გონებით იხილეს და სულიწმიდით განჭვრიტეს. ამიტომ უწოდებდნენ მას ხილვას. ხოლო მათემ ქრისტე გონებით კი არ იხილა და განჭვრიტა, არამედ ზნეობრივად იყო მასთან, გრძნობიერად უსმენდა და ხორციელად ჭვრეტდა. ამიტომაც არ თქვა „ხილვა, რომელიც მე ვიხილე“, ან „განჭვრიტა“ არამედ თქვა: „წიგნი შობისა“.
„იესო“ - სახელი „იესო“ ბერძნული არ არის, არამედ ებრაულია და თარგმანში „მაცხოვარს“ ნიშნავბ, რამეთუ სიტყვით „იაო“ (ιαω) ებრაელები ხსნას, ცხოვრებას გამოხატავენ.
„ქრისტესი“ - ქრისტე ბერძნულად „ცხებულს“ ნიშნავს. ასე უწოდებდნენ მეფეებსა და მღვდელმთავრებს, რადგან მათ წმიდა ზეთს სცხებდნენ, რომელიც რქაში იდგა და თავზე გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე. უფალს ეწოდა ქრისტე, როგორც მეუფეს და როგორც მღვდელმთავარს, რამეთუ ის ცოდვის წინააღმდეგ გამეფდა და თავისი თავი მსხვერპლად მიიტანა ჩვენთვის. ის ხომ ცხებულია ჭეშმარიტი ზეთით - სულიწმიდით და ცხებულია სხვებზე აღმატებულად, რადგან სხვას ვის ჰქონდა ისეთი სული, როგორიც - უფალს? წმინდანებში მოქმედებდა მადლი სულიწმიდისა, ქრისტეში კი მოქმედებდა არა მადლი სულიწმიდისა, არამედ თვით ქრისტე აღასრულებდა სასწაულებს თავის თანაარს სულთან ერთად.
„ძისა დავითისი“ - მას შემდეგ, რაც მეფემ თქვა „იესო“, დაუმატა - „ძისა დავითისი“, იმიტომ, რომ შენ სხვა იესო არ იგულისხმო, რადგან სხვა იესოც იყო ცნობილი ებრაელთა წინამძღოლის მოსეს შემდეგ, მაგრამ იგი ნავეს ძე იყო და არა დავითისა. იგი დავითამდე მრავალი თაობით ადრე ცხოვრობდა და იუდას ტომიდან კი არ იყო, საიდანაც დავითი წარმოიშვა, არამედ სხვა ტომიდან.
„ძისა აბრაჰამისი“ - რატომ დააყენა მათემ დავითი აბრაჰამის წინ? იმიტომ, რომ დავითი უფრო ცნობილია. იგი აბრაჰამის შემდეგ ცხოვრობდა და დიდებული მეფე იყო. ისრაელის მეფეთაგან პირველმა მან მოიგო ღვთის გული და მისგან აღთქმაც მიიღო იმის თაობაზე, რომ ქრისტე მისი თესლტომიდან გამოვიდოდა. ამიტომაც უწოდებდნენ ქრისტეს დავითის ძეს. სინამდვილეში დავითი ქრისტეს სახეს წარმოადგენს. როგორც ის გამეფდა ღვთისაგან მოძულებული და დამხობილი საულის ნაცვლად, ასევე ხორციელად მოსული ქრიბტე გამეფდა ჩვენზე მას შემდეგ, რაც ადამი მოაკლდა მეფობასა და უფლებას, რომელიც მას ყველა არსებასა და დემონებზე ჰქონდა.

2. აბრაჰამ შვა ისააკ; ისააკ შვა იაკობ იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი;
2. „აბრაჰამ შვა ისააკ“ - ქრისტეს გენეალოგიას მახარებელი აბრაჰამით იწყებს, რადგანაც იგი იყო მამა ებრაელთა და პირველმა მან მიიღო აღთქმა, რომ მისი „თესლით იკურთხევიან ხალხები“. მაშასადამე, სწორია ქრისტეს გენეალოგიის მისგან დაწყება, რადგანაც ქრისტე აბრაჰამის თესლია, რომელშიც ჩვენ ყველამ, ვინც ადრე წარმართნი და დაწყევლილნი ვიყავით, კურთხევა მივიღეთ. აბრაჰამი ითარგმნება როგორც „მამა ერებისა“, ისაკი კი როგორც „სიხარული“, „სიცილი“. მახარებელი არ ახსენებს აბრაჰამის უკანონო შვილებს. მაგ., ისმაელსა და სხვებს, რადგანაც იუდეველნი მათგან კი არა ისააკისგან წარმოიშვნენ.
„ისააკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი“ - ხედავ რომ იუდა და მისი ძმები ახსენა მათემ. ეს იმიტომ, რომ მათგან წარმოსდგა თორმეტი ტომი.

3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ;
4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ;
5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე;
6. იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან;

3-6. „ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან“ - იუდამ თამარი ცოლად შერთო ჰერს, ერთ-ერთს თავის ძეთაგან. როცა ჰერი უშვილოდ მოკვდა, მაშინ ავნანს მისცა ცოლად, რომელიც აგრეთვე მისი შვილი იყო. როცა ისიც მოაკლდა სიცოცხლეს თავისი სამარცხვინო საქციელის გამო, იუდას თამარი აღარავისზე დაუქორწინებია. მაგრამ თამარს ძლიერ უნდოდა ჰყოლოდა შვილები აბრაჰამის თესლისაგან. ამიტომ გაიხადა ქვრივის სამოსი, მიიღო მეძავის სახე და შეერთო თავის მამამთილს, ვისგანაც ტყუპები ჩაესახა. როცა მშობიარობის დრო მოვიდა, ერთ-ერთმა ბავშვმა გამოყო ხელი საშოდან, თითქოს პირველი ის უნდა დაბადებულიყო. ბებია ქალმა წითელი ძაფი შეაბა, რათა სცოდნოდა, პირველად რომელი დაიბადა, მაგრამ მან ხელი უკან წაიღო და პირველად მეორე ბავშვი დაიბადა, შემდეგ კი, უკვე ის, რომელმაც პირველად გამოყო ხელი. ამიტომ პირველად დაბადებულს ეწოდა ფარეზი, რაც „შეყოვნებას“ ნიშნავს, რამეთუ მან ბუნებრივი რიგი დაარღვია, ხოლო მას, ვინც ხელი უკანვე შეყო, ზარა ეწოდა. ეს ისტორია ერათგვარ საიდუმლოზე მიგვანიშნებს. ქრისტეს ცხოვრება ემსგავსვბა ზარას მიერ ჯერ ხელის გამოყოფას და შემდეგ ისევ უკან წაღებას. ეს ცხოვრება გამოეცხადათ წმინდანებს, რომელნიც სჯულისა და წინადაცვეთის წინ ცხოვრობდნენ, მაგრამ ისინი სჯულისა და მცნებების დაცვით კი არ განმართლდნენ, არამედ სახარებისმიერი ცხოვრებით. გაიხსენე აბრაჰამი, ვინც ღვთის გამო დატოვა თავისი მამა, სახლი და ბუნებისაგან განდგა. გაიხსენე იობი, მელქისედეკი, სჯულის მოსვლის შემდეგ ამგვარი ცხოვრება გაქრა. როგორც ფარეზის დაბადების შემდეგ ზარა გამოვიდა საშოდან, ასევე სჯულის ბოძებით გვიან გამობრწყინდა ევანგელური ცხოვრება, აღბეჭდილი წითელი ძაფით, ე. ი. ქრისტეს სისხლით. მახარებელმა იმიტომ ახსენა ეს ორი ყრმა, რომ მათი დაბადება რაღაც საიდუმლოს მოასწავებდა. გარდა ამისა თუმცა თამარი არ იმსახურებს ქებას იმის გამო, რომ მამამთილს შეერთო, მაგრამ მახარებელმა ისიც მოიხსენია, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტემ, ვინც ჩვენთვის ყოველივე იტვირთა, ამგვარი წინაპრებიც შეიწყნარა. უფრო ზუსტად: მათგან იმიტომ იშვა, რომ განეწმინდა ისინი, რამეთუ „წოდებად მართალთა“ კი არ მოვიდა, არამედ „ცოდვილთა“.
და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; - ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ რექაბი არის ის მეძავი რააბი, ვინც იესო ნავეს მსტოვრები დამალა. მეძავმა მსტოვრებიც გადაარჩინა და თავიც გადაირჩინა. მათემ რექაბი იმიტომ ახსენა, რომ ეჩვენებინა: წარმართთა მთელი კრებული მასავით მეძავი იყო, თავისი საქმეებით მრუში. მაგრამ ის წარმართნი, რომელთაც იესოს მსტოვარნი, ე.ი. მოციქულნი შეიწყნარეს და მათი სიტყვა ირწმუნეს, ყველა გადარჩა.
„ბოოს შვა იობედ რუთისგან“ - ეს რუთი უცხო ტომისა არ იყო, მაგრამ ქორწინებით მაინც შეეუღლა ბოოსს. ასევე წარმართულმა ეკლესიამ, რომელიც ტომისა და სჯულის გარეშე უცხო იყო, დაივიწყა თავისი ხალხი, კერპთა თაყვანისცემა, მამა ეშმაკი, რისთვისაც იგი ძე ღვთისამ სასძლოდ მიიღო.
„იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან“ - მათემ აქ ურიას ცოლიც ახსენა, იმის საჩვენებლად, რომ წინაპრების კი არ უნდა გვრცხვენოდეს, არამედ უნდა ვეცადოთ განვადიდოთ ისინი ჩვენი სიქველით, რადგან ღმერთს ყველა მოეწონება, თუნდაც მეძავისაგან შობილი, თუკი სიქველე ექნება.

7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა;
8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ;
9. იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია;
10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია;
11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.

7-11. ბაბილონის ტყვეობა ეწოდება იუდეის მთელი მოსახლეობის ბაბილონში ტყვედ წაყვანას. მართალია, ბაბილონელები ადრეც ებრძოდნენ მათ, მაგრამ მაშინ უფრო მოსათმენად შეურაცხყოფდნენ, ამ დროს კი ყველა ერთიანად გადაასახლეს სამშობლოდან.

12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ;
13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ;
14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ;
15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ;
16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.

12-16. რატომ არის აქ მოცემული გენეალოგია იოსებისა და არა ღვთისმშობლისა, რა წილი უდევს იოსებს ამ უთესლო შობაში? ქრისტეს ნამდვილი მამა ხომ იოსები არ ყოფილა, რომ მისგან იწყებოდეს ქრისტეს გენეალოგია. მაშ-მოისმინე: სინამდვილეში იოსებს ქრისტეს გაჩენაში არავითარი მონაწილეობა -არ მიუღია და ამიტომაც აქ, რა თქმა უნდა, მოთხრობილი უნდა ყოფილიყო ღვთისმშობლის გვარზე, მაგრამ მათემ არ მოგვცა წმიდა ქალწულის გენეალოგია, რადგანაც ქალის ხაზით გენეალოგიის წარმოება არ შეიძლებოდა (რიცხვ. 36,6). გარდა ამისა, იოსების გენეალოგიით, მან ქალწულ მარიამის გვარზეც მოგვითხრო, რადგანაც სჯულის მიხედვით კაცს ეკრძალებოდა ცოლის სხვა ტომიდან, გვარიდან და ოჯახიდან მოყვანა და მას მხოლოდ თავისივე ტომისა და გვარის ქალის შერთვის უფლება ჰქონდა. ამ კანონიდან გამომდინარე, ცხადია, რომ იოსების გენეალოგიით გადმოცემულია ღვთისმშობლის გენეალოგიაც, რომელიც იოსების ტომისა და გვარისა იყო, სხვა შემთხვევაში იოსები მას ვერ დანიშნავდა. ამგვარად მახარებელმა დაიცვა კანონი, რომელიც კრძალავდა გენეალოგიის გადმოცემას ქალის ხაზით და ამავე დროს ღვთისმშობლის გვარზე მოგვითხრო იოსების გენეალოგიის გადმოცემით. მარიამის ქმრად მან იგი ჩვეულების მიხედვით მოიხსენია, რადგან ჩვენ ჩვეულებად გვაქვს დამწინდველს ქმარი ვუწოდოთ ქორწინებამდეც.

17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.
17. მათემ თაობები სამ ნაწილად გაყო, რათა იუდეველებისათვის ეჩვენებინა, რომ მსაჯულები მართავდნენ, როგორც ეს დავითამდე იყო, თუ მეფეები განაგებდნენ, როგორც ეს ბაბილონის ტყვეობამდე გაგრძელდა, თუ მღვდელმთავრებს ემორჩილებოდნენ, როგორც ქრისტეს მოსვლის წინ, - სათნოების ასამაღლებლად ვერავითარ სარგებელს ვერ იღებდნენ და ისეთ ჭეშმარიტ მსაჯულს, მეუფესა და მღვდელმთავარს საჭიროებდნენ, როგორიც არის ქრისტე. როცა იაკობის წინასწარმეტყველების მიხედვით მეფობა შეწყდა, ქრისტე მოვიდა, მაგრამ ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა როგორღა არის, როცა ის ცამეტი იყო? შთამომავლობის სიაში ქალის შეტანაც რომ შეიძლებოდეს, მარიამს მივათვლიდით და რიცხვიც შესრულდებოდა, მაგრამ ქალი არ შედის გვარტომობის სიაში. მაშ როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი? ზოგიერთები ამბობენ, რომ მათემ „ტყვეობა“ როგორც პიროვნება ისე შეიტანა რიცხვში.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Jan 27 2010, 01:34 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



წმ. იოანე ოქროპირი: - “ 2. აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი”. – რატომ მოხდა, რომ მახარებელმა როდესაც აბრაამი მოიხსენია და თქვა, რომ მან შვა ისააკი, ისააკმა კი იაკობი, არ ახსენა ამ უკანასკნელის ძმა, მაშინ, როცა იაკობის შემდეგ იხსენიებს იუდასაც და მის ძმებსაც? ამის მიზეზად ზოგიერთი ესავის ავზნიანობას მიიჩნევს, ამასვე ამბობენ ზოგიერთ სხვაზე – წინაპართაგან. მაგრამ მე ამას ვიტყვი: ეს თუ ასეა, მაშ რატომ ხდება, რომ ცოტა ხნის შემდეგ მახარებელი იხსენიებს უზნეო ქალებს? ნათელია, რომ აქ იესო ქრისტეს დიდება ცხადდება საწინააღმდეგოში, არა მისი წინაპრების დიდებულებით, არამედ მათი არარაობითა და სიმდაბლით. მაღლისათვის ხომ სწორედ ისაა უდიდესი სიმაღლე, რომ მას უკიდურესი თავის დამდაბლება შეუძლია. მაშ, რატომ არ იხსენიებს მახარებელი ესავსა და სხვებს? იმიტომ, რომ სარკინოზებსა და ისმაიტელებს, არაბებსა და ყველა სხვას, ვინც ამ წინაპრებისაგან წარმოდგება, არაფერია ჰქონიათ საერთო ისრაელის ხალხთან. სწორედ ამიტომ დუმს იგი მათ შესახებ და პირდაპირ იესოს წინაპრებზე, იუდეველ ხალხზე საუბრობს, როდესაც ამბობს: “იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი”. აქ უკვე იუდეველთა მოდგმა იგულისხმება.

2. “ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან” – რას იქმ შენ, ღმრთივშთაგონებულო მამაო, უსჯულო სისხლისშერევის ისტორიას რომ გვახსენებ? რა არის ამაში? მოგვიგებს იგი. რომელიმე ჩვეულებრივი ადამიანის წინაპრების ჩამოთვლა რომ დაგვეწყო, მაშინ კარგს ვიზამდით, თუ ამგვარ საქმეზე არაფერს ვიტყოდით. მაგრამ განკაცებული ღმერთის გენეოლოგია არათუ არ უნდა დამალო, არამედ მთელი ხმით უნდა იუწყებოდე მის შესახებ, რათა ამით მისი ზრახვები და დიდებულება წარმოაჩინო. იგი იმისათვის კი არ მოვიდა, რომ განრიდებოდა ჩვენს შერცხვენას, არამედ იმისათვის, რომ გაენადგურებინა იგი. ისევე როგორც განსაკუთრებულად ის კი არ გვაკვირვებს, რომ ქრისტე მოკვდა, არამედ ის, რომ იგი ჯვარს ეცვა (მართალია ეს შეურაცხმყოფელიცაა, მაგრამ რაც უფრო შეურაცხმყოფელია, მით უფრო ააშკარავებს მის კაცთმოყვარებას), იგივე შეიძლება ითქვას მის შობაზე: ქრისტე უნდა გვაკვირვებდეს არა მხოლოდ იმით, რომ მან ხორცი შეისხა და განკაცდა, არამედ უმეტესად იმიტომ, რომ ცოდვილი ადამიანები ღირსჰყო, მისი ნათესავები ყოფილიყვნენ და ჩვენი ცოდვების გამო ოდნავადაც კი არ შერცხვენია. ამგვარად, იმთავითვე, როდესაც იშვა, მან გვაჩვენა, რომ ჩვენი არაფერი ეთაკილება და ამით გვასწავლა, არც ჩვენ გვრცხვენოდეს საკუთარი წინაპრების ავზნიანობისა, არამედ მხოლოდ ერთი – სათნოებები ვეძიოთ. სათნომყოფელ ადამიანს, თუნდაც იგი უცხოტომელისაგან იყოს დაბადებული, თუნდაც მეძავისა ან სხვა სახის ცოდვილისაგან იყოს შობილი, ამის გამო არაფერი ევნება. მაშინ, როცა თვით მეძავსაც კი, თუკი იგი შეიცვლება, წარსული ცხოვრება არანაირად არ შეარცხვენს, მაშ მითუმეტეს სათნომყოფელ კაცს, თუ იგი მეძავის ან მრუშის მიერ არის დაბადებული, ოდნავადაც კი არ არცხვენს მშობლების უწმინდურება. თუმცა, ქრისტე ამგვარად მხოლოდ ჩვენს განსასწავლად არ მოქცეულა, არამედ იუდეველთა ამპარტავნების შესამუსრავადაც.

რამდენადაც ისინი, არად აგდებდნენ სულიერ სათნოებებს და ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში აბრაამით იწონებდნენ თავს და ეგონათ, რომ წინაპართა კეთილი საქმეებით გამართლდებოდნენ. ასე რომ, უფალი იმთავითვე აჩვენებს, რომ წარმოშობით კი არ უნდა განიდიდებდე თავს, არამედ საკუთარი დამსახურებებით. გარდა ამისა, მას იმის ჩვენებაც სურს, რომ ყველა, თვით მამამთავრებიც კი ცოდვილნი არიან. რომ თვით პატრიარქი, რომლის სახელიც იუდეველ ხალხს ეწოდა, არცთუ მცირედ ცოდვილი აღმოჩნდა: თამარი ააშკარავებს მის სიძვის ცოდვას. დავითმაც მეძავი ქალისაგან შვა სოლომონი. თუკი ასეთი დიდებული ადამიანები არ აღასრულებდნენ სჯულს, მით უმეტეს – ისინი, ვინც მათზე დაბლა იდგა. და თუკი არ აღასრულებდნენ, გამოდის, რომ ყველანი სცოდავდნენ და ქრისტეს მოსვლა აუცილებელი იყო. სწორედ იმისათვის მოიხსენია მახარებელმა თორმეტი პატრიარქი, რომ დაემდაბლებინა ის იუდეველები, სახელგანთქმული წინაპრებით რომ ქედმაღლოდბნენ.

პატრიარქთაგან მრავალი ხომ სწორედ მხევლისაგან იშვა და მიუხედავად ამისა, მშობელთა შორის განსხვავებას არ გამოუწვევია განსხვავების წარმოშობა შობილთა შორის. ისინი თანასწორად იყვნენ, როგორც პატრიარქები, ასევე მოდგმათა მამამთავრები. სწორედ ამაში მდგომარეობს ეკლესიის უპირატესობა; ამაში მდგომარეობს ჩვენი კეთილშობილების თავისებურება, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში რომ ჩაისახა. თუნდ მონა იყავი და თუნდ თავისუფალი, თავისთავად ამას არც სიკეთე მოაქვს და არც ბოროტება. მხოლოდ ერთი რამაა საჭირო: ნება და სულიერი განწყობილება.
აქ თქმულის გარდა არის კიდევ მიზეზი, რის გამოც მახარებელმა იუდას სისხლის შერევის ისტორია გაიხსენა. ფარეზთან ზარა უმიზნოდ როდია ნახსენები. თითქოსდა ფარეზის მერე, საიდანაც ქრისტეს გენეოლოგია უნდა წამოსულიყო, სრულიად ამაო და ზედმეტი უნდა ყოფილიყო ზარას ხსენება. მაშ რაღად მოიხსენიეს? როდესაც თამარს მათი შობის დრო დაუდგა და ტკივილები დაეწყო, ზარამ პირველმა გამოყო ხელი. ეს რომ ბებიაქალმა დაინახა, იმისათვის, რომ პირველშობილი აღენიშნა, ხელი წითელი ძაფით გადაუხვია. ხელის გადახვევის შემდეგ ყრმამ ხელი შემალა და ამის შემდეგ იშვა ფარეზი, შემდეგ კი ზარა. ამის შემხედვარე ბებიაქალმა თქვა: “როგორ გამოარღვიე ზღუდე?” (დაბ. 38,29). ხედავ ამ საიდუმლო წინასახეს? უმიზეზოდ როდი დაწერილა ეს ჩვენთვის, - თორემ აბა რა სალაპარაკო იქნებოდა, რა თქვა ბებიაქალმა და იმის მოყოლა, რომ მეორედ შობილმა ხელი პირველზე უწინ გამოყო. მაშ რას ნიშნავს ეს წინასახე? ჯერ ერთი ამ საკითხს გადაჭრის ყრმის სახელი – ფარეზი, რაც განყოფასა და განბნევას აღნიშნავს. მეორეც, თავად მოვლენა: არაბუნებრივი მოვლენა იყო თავად ის, რომ პირველადგამოჩენილი ხელი და ძაფით გადახვეული კვლავ დაიმალა. აქ არ იყო არც ცნობიერი მოქმედება, არც ბუნებრივი თანამიმდევრობა. შესაძლოა, მეორის დაბადება მაშინ, როცა ერთმა უკვე ხელი გამოყო, ბუნებრივია, მაგრამ მისი ისევ შემალვა, რომ მეორეს მისცეს გზა – ეს უკვე აღარ შეესაბამება შობის კანონს. არა, აქ მყოფობდა მადლი ღმრთისა, რომელმაც განაგო ყრმათა შობა და ამით ზოგიერთი შემდგომი მოვლენა წინასწარ გამოსახა ჩვენთვის. და კერძოდ რა? ისინი, ვინც გულმოდგინედ ჩასწვდნენ ამ მოვლენას, ამბობენ, რომ ეს ყრმები განასახიერებდნენ ორ ხალხს. შემდეგ, იმისათვის, რომ შენ იცოდე, რომ მეორე ერის არსებობა წინ უსწრებდა პირველის წარმოშობას, ყრმა მთლიანად კი არ ჩანდა, არამედ ხელს გამოყოფს, მაგრამ მაშინვე მალავს მას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ძმა სრულად მოევლინება ქვეყანას, ისიც გამოდის. ეს მოხდა ამათუიმ ერთან დაკავშირებით. თავდაპირველად, აბრაამის დროში გაჩნდა ეკლესიური ცხოვრება, შემდეგ, როდესაც ის გაუჩინარდა, წარმოდგა იუდეველი ხალხი – სჯულისმიერი ცხოვრებით. ხოლო ამის შემდეგ უკვე გაჩნდა მთლიანი ახალი ერი თავისი კანონებით. სწორედ ამიტომ ამბობს ბებიაქალი: ”როგორ გამოარღვიე ზღუდე?” შემოსულმა სჯულმა შეწყვიტა ცხოვრების თავისუფლება. როგორც წესი, სჯულს წერილიც ზღუდეს უწოდებს: ამგვარადვე ამბობს წინასწარმეტყველი დავითი: ”აწ რად მოჰხადე ზღუდე მისი და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი” (ფს. 79,12)? ხოლო პავლე ამბობს: ”შუაკედელი ზღუდისაი მის დახსნა” (ეფ. 2,14).

სხვები ირწმუნებიან, რომ სიტყვები: ”როგორ გამოარღვიე ზღუდე?” ნათქვამია ახალ ხალხზე, რამდენადაც მან თავისი მოვლინებით გააუქმა სჯული. ხედავ, რომ არცთუ მცირე და უმნიშვნელო მიზეზების გამო უხსენებია მახარებელს იუდას ისტორია?! ამისთვისვე მოიხსენიებიან რუთი და რექაბი, რომელთაგან პირველი უცხოტომელი იყო, მეორე კი მეძავი. ანუ, იმისათვის, შენ რომ გცოდნოდა, რომ მაცხოვარი მოვიდა ჩვენი ყოველგვარი ცოდვის გასანადგურებლად, მოვიდა, როგორც ექიმი და არა როგორც მსაჯული. ისევე, როგორც ამათ ცოლად მეძავები შეირთეს, ასევე ღმერთმა შეიერთა ცოდვილი ბუნება (იგულისხმება, რომ განკაცებულმა ღმერთმა მიიღო დაცემული ადამიანური ბუნება, ოღონდ ცოდვის გარეშე). წინასწარმეტყველები უწინ ამას სინაგოგასაც მიაწერდნენ; მაგრამ მან თავისი მეუღლისადმი უმადურობა გამოავლინა. და პირიქით, მამათა ცოდვებისაგან ერთხელ გათავისუფლებული ეკლესია საქმროს გვერდში დარჩა. იმასაც დააკვირდი, რაც რუთის თავგადასავალი ჩვენსას ემსგავსება. ის უცხოტომელი და უკიდურეს სიღატაკემდე იყო მისული, მაგრამ, როდესაც იგი ბოოსმა იხილა, არ შეურაცხყო მისი სიღატაკე და არ შეეპუა მის მდაბიო წარმოშობას. ზუსტად ისევე, როგორც ქრისტემ, რომელმაც ეკლესიაში უცხოტომელები და უღატაკესები მიიღო და მისი წევრები უდიდესი სიკეთის მონაწილეებად აქცია. და როგორც რუთი, რომელიც ამგვარ მეუღლეობაში ვერასოდეს შევიდოდა, უწინარეს ამისა მამა რომ არ დაეტოვებინა, რომ არ უგულებელეყო სახლი, გვარი, მამული და ნათესავები, ასევე, როდესაც ეკლესიამ მამათა ჩვეულებები უარყო, მას შემდეგ გახდა სასურველი სასიძოსათვის. სწორედ ამის შესახებ ამბობს წინასწარმეტყველი ეკლესიასთან მიმართებაში: ”დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაი და გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისა” (ფს. 44, 10-11). ამგვარად მოიქცა რუთი და ამით გახდა იგი დედა მეფისა, ისევე, როგორც ეკლესია, რადგანაც მისგან გამოვიდა დავითი. ამგვარად მახარებელმა შეადგინა გენეოლოგია და აქ შეიყვანა ეს ქალები იმისათვის, რომ ამ მაგალითებით შეერცხვინა იუდეველები და ქედმაღლობისაგან განრიდება ესწავლებინა მათთვის. რუთი უდიდესი მეფის წინაპარი იყო და დავითს ამისი არ რცხვენოდა”.

თეოფილაქტე ბულგარელი: 2. “აბრაჰამმა შვა ისაკი”. – მახარებელი ქრისტეს გენეალოგიას აბრაჰამით იწყებს, რადგანაც იგი იყო მამა ებრაელთა და პირველად მან მიიღო აღთქმა, რომ ყველა ხალხი მისი თესლით იკურთხებოდა. მაშასადამე, ქრისტეს გენეალოგიის მისგან დაწყება მართებულია, რადგანაც ქრისტე აბრაჰამის თესლია, რომლითაც ჩვენ ყველამ, ვინც ადრე წარმართნი და დაწყევლილნი ვიყავით, კურთხევა მივიღეთ. აბრაჰამი ითარგმნება, როგორც “მამა ერებისა”, ისაკი კი როგორც “სიხარული”, “სიცილი”. მახარებელი აბრაჰამის უკანონო შვილებს, მაგალითად ისმაელსა და სხვებს, არ ახსენებს, რადგან იუდეველნი არა მათგან, არამედ ისაკისაგან წარმოიშვნენ.
“ისაკმა შვა იაკობი. იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი”. – ხედავ, იუდა და ძმანი მისნი იმიტომაც მოიხსენია, რომ თორმეტი შტო მათგან წარმოიშვა.

3. “ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან”. – იუდამ თამარი ცოლად თავის ძეთაგან ერთ-ერთს, ჰერს შერთო, ხოლო როცა ჰერი უშვილოდ მოკვდა, იგი ცოლად ავნანს მისცა, რომელიც აგრეთვე მისი შვილი იყო. როცა თავისი სამარცხვინო საქციელის გამო სიცოცხლეს ისიც მოაკლდა, იუდას თამარი აღარავისზე აღარ დაუქორწინებია. მაგრამ რადგანაც თამარს აბრაჰამის თესლისგან შვილების ყოლა ძლიერ უნდოდა, ქვრივის სამოსი გაიხადა, ვითარცა მეძავი, ისე შეიმოსა და თავის მამამთლის შეერთო, ვისგანაც ტყუპები ჩაესახა. როცა მშობიარობის ჟამი დადგა, ერთ-ერთმა ბავშვმა საშოდან ხელი გამოყო, თითქოს პირველად ის უნდა დაბადებულიყო. ბებია ქალმა გამოყოფილ ხელზე მყისვე წითელი ძაფი შეაბა, რათა სცოდნოდა პირველი რომელი დაიბადებოდა, მაგრამ მან ხელი უკანვე წაიღო და ჯერ მეორე ბავშვი დაიბადა, ხოლო შემდეგ უკვე ის, რომელმაც ხელი პირველმა გამოყო. ამიტომაც პირველად დაბადებულს ფარეზი ეწოდა, რაც “შეყოვნებას” ნიშნავს, რამეთუ მან ბუნებრივი რიგი დაარღვია, ხოლო მას, ვინც ხელი უკან შეყო – ზარა.

ეს ისტორია ერთგვარ საიდუმლოზეც მიგვანიშნებს. ვითარცა ზარამ ხელი ჯერ გამოაჩინა, ხოლო შემდეგ ისევ უკან წაიღო, ასეთივეა ქრისტესმიერი მოქალაქეობა. იგი წმინდანებში ჯერ კიდევ სჯულამდე და წინადაცვეთამდე გამოჩნდა, რადგან ისინი არა სჯულისა და მცნებათა დაცვით, არამედ იმით, რომ სახარებისმიერი მოქალაქეობით იცხოვრეს, განმართლდნენ. შეხედე აბრაამს, ვინც მამა და სახლი ღმრთის გამო დატოვა და ბუნებას განუდგა. შეხედე იობს, მელქისედეკს! სჯულის მოსვლით ამგვარი ცხოვრება დაიფარა, მაგრამ ვითარცა იქ, შემდგომ ფარეზის შობისა, მოგვიანებით კვლავ ზარა გამოვიდა, ასევე სახარებისეული ცხოვრებაც, სჯულის მოცემის შემდეგ, მოგვიანებით განბრწყინდა, წითელი ძაფით ანუ ქრისტეს სისხლით აღბეჭდილი. მახარებელმა ეს ორი ყრმა იმიტომაც ახსენა, რომ მათი დაბადება რაღაც საიდუმლოს მოასწავებდა. გარდა ამისა, თუმცაღა თამარი, რომელიც იმის გამო, რომ მამათილს შეერთო, ალბათ, ქებას არ იმსახურებს, მახარებელმა მაინც მოიხსენია, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტემ, ვინც ჩვენთვის ყოველივე იტვირთა, ამგვარი წინაპრებიც შეიწყნარა, უფრო ზუსტად: იგი თვითონ იშვა მათგან, რათა განეწმინდა, რადგან მოვიდა წოდებად არა მართალთა, არამედ ცოდვილთა.

3-5. “ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისაგან”; - ზოგიერთები ფიქრობენ, რომ რექაბი ის მეძავი რააბია, რომელმაც ისო ნავეს მსტოვარნი (მზვერავნი) შეიწყნარა, ისინიც გადაარჩინა და თვითონაც გადარჩა. მათემ რექაბი გაიხსენა, რათა ეჩვენებინა, რომ მსგავსად მისა წარმართთა მთელი კრებულიც მეძავი იყო, რადგან თავისი საქმეებით მეძაობდა. მაგრამ ის წარმართნი, რომელთაც ისოს მზვერავნი ანუ მოციქულები შეიწყნარეს და მათი სიტყვები ირწმუნეს, ყველა გადარჩა.
5-6. “იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიასი ცოლისაგან”; - და ურიის ცოლიც მათემ აქ იმის საჩვენებლად მოიხსენია, რომ წინაპართა გამო კი არ უნდა გვერცხვინებოდეს, არამედ მათ განბრწყინვებას ჩვენი სათნოებით უნდა შევეცადოთ, და, რომ ღმერთს ყველა, ვისაც სათნოება აქვს, თუნდაც მეძავისგან იყოს შობილი, ესათნოება.

გრიგოლ დიაჩენკო: 2-6. “აბრაჰამ შვა ისააკ, ისააკ შვა იაკობ, იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი, ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისაგან; ფარეზ შვა ესრომ, ესრომ შვა არამ, არამ შვა ამინადაბ, ამინადაბ შვა ნაასონ, ნაასონ შვა სალმონ, სალმონ შვა ბოოს რექაბისაგან, ბოოს შვა იობედ რუთისაგან, იობედ შვა იესე, იესე შვა დავით მეფე, დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაის ცოლისაგან”; - რატომ მოიხსენია წმ. მათემ იესო ქრისტეს გენეალოგიაში მხოლოდ იუდას ძმები და არაფერი თქვა არც ისააკის ძმა – ისმაილზე და არც იაკობის ძმა – ესავზე?

წმ. იოანე ოქროპირის შენიშვნით, “მახარებელი ასე საფუძვლიანი მიზეზის გარეშე როდი მოიქცა. მას სურდა ამით ეჩვენებინა, რომ ისმაილსა და ესავს, მათგან აღმოცენებულ ხალხებითურთ – ისმაიტელებითურთ, სარკინოზებითურთ, არაბებითურთ და სხვა ერებითურთ, არაფერი საერთო არ ჰქონდათ იუდეველ ხალხთან, და რომ ქრისტე მათგან არ იყო წარმოშობილი”; მაშინ როდესაც იაკობის ძენი – იუდა და მისი ძმები ისრაელი ერის თორმეტი ტომის მამამთავრები იყვნენ, - იმ ტომებისა, რომლებიც შეადგენენ კიდეც ღმრთივ რჩეულ თესლს აბრაჰამისა.
რა აზრი, რა მნიშვნელობა აქვთ იმ მდედრობით პირებს, რომლებიც მახარებელმა მათემ ქრისტეს გენეალოგიაში შეიყვანა? ესენია – თამარი (3), რექაბი (5) და ურიას ცოლი (6). თამარი იუდას ცოლი იყო. ბიბლია შემდეგ გადმოგვცემს მის შესახებ: თავისი ორი პირველი ქმრის – იუდას ძეთა გარდაცვალების შემდგომ, თამარი უშვილო დარჩა და მამამთილის წინადადებით თავისი მამის სახლში უნდა დაბრუნებულიყო და იქ ეცხოვრა მანმადე, სანამ იუდას მესამე ძე სილოამი, ვისაც იგი დაპირდა თამარზევე დავაქორწინებო, სრულწლოვანი არ გახდებოდა. მაგრამ ამასობაში თავად იუდას ცოლი გარდაიცვალა; შემდეგ, ერთხელაც, იუდა ველად გავიდა იმის სანახავად, თუ როგორ კრეჭდნენ (პარსავდნენ) ცხვარს. როცა ამის შესახებ თამარს უთხრეს, მან განიძარცვა სამგლოვიარო ძაძები, მოირთო-მოიკაზმა და თავისი მამამთილის შესახვედრად გაეშურა. მან იცოდა, რომ სილოამი უკვე ზრდასრული მამაკაცი შექნილიყო, მაგრამ მიუხედავად იუდას დაპირებისა, ჯერ არ მოეყვანა ცოლად თამარი. იუდამ დაინახა თამარი, მაგრამ ვერ იცონ, მოეწონა იგი და ეცთუნა კიდეც, რისი ნაყოფნიც მისი ორი ძე, ტყუპები – ფარეზი და ზარა იყვნენ (დაბად. 38). ხოლო მახარებელმა, როგორც ფიქრობენ, ორივე იმის გამო დაასახელა, რომ ისინი – ფარეზი და ზარა ქრისტეს სასუფეველში შესული ორი ხალხის – იუდეველთა და წარმართთა წინასახენი იყვნენ.
რექაბი სალმონის, ნაასონის ძის ცოლი იყო და მისგან იშვა ბოოსი, რუთის ქმარი. განმმარტებლთა დიდი ნაწილი მას რააბთან – იერიქონის მეძავ დედაკაცთან აიგივებენ, რომლის შესახებაც ისუ ნავეს წიგნშია მოთხრობილი (2,1; შდრ. ებრ. 11,31); ცნობები მის შესახებ, ალბათ დავითის სახლის საგვარეულო ჩანაწერებიდანაა აღებული.
რუთი – იობედის დედა – წარმოშობით მოაბელი დედაკაცი იყო, ანუ წარმართი, და შემთხვევით გახდა ბოოსის ცოლი თანაცხოვრების კანონის მიხედვით.
მდედრობითი სქესის მეოთხე პირი, მოხსენიებული ქრისტეს გენეალოგიაში, დავით მეფის უკანონო ცოლი – ბერსაბე იყო, რომელიც მან ურიას წაართვა.
როცა ასეთი დედაკანი შეჰყავდა იესო ქრისტეს გენეალოგიაში, ამით მახარებელს სურდა ეჩვენებინა, რომ იესო ქრისტე თავის ღირსებას ხორციელ წინაპართაგან კი არ იღებს, რომ მისი ზეგარდმო წარმოგზავნილობა კაცობრივ დამსახურებებს კი არ ეფუძნება, არამედ ღმერთის სახიერებასა და მოწყალებას; რომ ღმერთის აღთქმები არ არის დარღვეულ-გაუქმებული ადამიანთა ცოდვებით; რომ ქრისტე ამქვეყნად მხოლოდ რჩეული ერის – ებრაელთა სახსნელად კი არ მოივლინა, არამედ – მთელი კაცთა მოდგმის საცხოვნებლად, სახსნელად, რა გვარტომობის, წარმომავლობის, წოდების, ღირსებისა და სქესისაც არ უნდა იყოს ადამიანი.

მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. – 2-6. ეხლა მივყვეთ თანმიმდევრობით ქრისტეს წარმოშობას: მახარებელი ამას წერს ებრაელთათვის, ამიტომ საჭიროად არ თვლის წინაპართა ჩამოთვლას ადამიდან, არამედ ამას იწყებს აბრაამიდან: “აბრაამ ჰშუა ისააკ”. აბრაამს პირველს ჩაუნერგა უფალმა გამართლების რწმენა, მან პირველმა მიიღო ღვთისაგან აღთქმა, რომ მისი თესლისაგან ანუ მისი ტომისაგან იქნებოდნენ ქვეყნად კურთხეულნი (შექ. 22,18). ქრისტე არის სწორედ ის აბრაამის თესლი, რომელითაც ვიკურთხეთ ჩვენ ყველანი, ადრე წარმოშობაში მყოფნი. მახარებელი არ იხსენებს აბრაამის სხვა შვილებს, რადგან ებრაელნი მხოლოდ ისააკისგან იყვნენ წარმოშობილნი. სწორედ ამიტომაც იგი არაფერს ამბობს ესავზეც, ისააკის ძეზე, არამედ მხოლოდ იაკობზე: “ისააკ ჰშუა იაკობ; იაკობ ჰშუა იუდა და ძმანი მისნი”. იაკობის 12 შვილთაგან მახარებელი უმეტესად იუდას მოიხსენიებს, რადგან სწორედ იუდას მოდგმისაგან იშვა ქრისტე. იუდას ძმები საერთოდ იმიტომ არიან მოხსენიებულნი, რომ ისინი არიან ღვთისაგან გამორჩეული ისრაელი ერის ფუძემდებლები. მამამთავარმა იაკობმა, თავისი გარდაცვალების წინ, დალოცა რა შვილები, ასე მიმართა იუდას: „არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგან ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა“ (შექ. 49,10). ე.ი. არ მოაკლდება მეფეთა უფლება იუდას ტომს, ვიდრე არ მოვა აღთქმული შემრიგებელი - ქვეყნიერების ხალხთა მოლოდება - მხსნელი ქრისტე. ყოველივე ეს აღსრულდა მაცხოვრის შობისას: იუდეველებს აღარ ესვათ თავიანთი მეფე, მეფე ჰეროდე იყო უცხო ტომისა და მისი მეფობაც რომაელთაგან იყო.

“იუდა ჰშუა ფარეზ და ზარა თამარისაგან”. თამარი იყო საპატარძლო იუდასი, ქვრივი, უშვილოდ დარჩენილი მისი ორი შვილის შემდეგ. სურდა რა, რომ ჰყოლოდა შვილები აბრაამის თესლისაგან, იგი მიემსგავსა მეძავს და თავისი მამამთილის - იუდასგან იყოლია ტყუპები - ფარეზე და ზარა. ასე ახსენებს რა თამარს, მახარებელი არ ფარავს იუდას ცოდვასაც. „რას შვრები შენ, ღვთივგანბრძნობილო კაცო“ - ეკითხება წმიდა იოანე ოქროპირი, - „გვახსენებ უკანონო სისხლის აღრევას?“ - და თვითონვე პასუხობს კითხვას: „ხორცშესხმული ღმერთის შთამომავლობაში ამაზე დუმილი არა მარტო არ შეიძლება, არამედ ხმით უნდა ეუწყოს ყველას, რათა გაცხადდეს მისი განგება და დიდებულება. რადგან იგი იმისათვის კი არ მოვიდა, რომ მორიდებოდა ჩვენს შერცხვენილ მდგომარეობას, არამედ რათა ეს შერცხვენა გაენადგურებინა. ქრისტე ჩვენში ბადებს გაკვირვებას მარტო იმის გამო კი არა, რომ ადამიანური ბუნება შეიძინა, არამედ იმისთვისაც, რომ მან ცოდვილი ხალხის ნათესაობა არ ითაკილა და არ შერცხვა ჩვენი მანკიერებისა. მან არ ითაკილა ჩვენი ცუდი, რითაც ყველას გვასწავლა, რომ ჩვენც არ უნდა შეგვარცხვინოს ჩვენი წინაპრების ცოდვებმა, ანდა დაბალმა შთამომავლობამ, არამედ მხოლოდ მოკეთე უნდა ვეძიოთ იმათთან, რადგან კეთილისმოქმედს, უცხო ტომისგანაც რომ იყოს, ანდა შობილი მეძავისგან, ვერაფერს ავნებს იგი“. სწორედ ამით უნდა დამდაბლებულიყო იუდეველთა სიამაყე. მათ ეამაყებოდათ თავიანთი წარმოშობა აბრაამისგან და სჯეროდათ, წინაპართა კეთილი საქმეებით გადარჩენა. მაგრამ აი, „მათი დიდებული შორეული წინაპრებიც კი ცოდვით დამნაშავენი ყოფილან. თვით მამამთავარი იუდაც, რომლისგანაც მიიღო ებრაელმა ხალხმა სახელწოდება, თურმე არანაკლებ ცოდვილი ყოფილა, რადგან თამართან ურთიერთობა აცხადებს, რომ მას მრუშობაში წილი ჰქონდა. მეფე დავითსაც სოლომონი მრუშობისგან შეეძინა. თუკი ამ დიდებულმა ადამიანებმა ვერ შეძლეს კანონის შესრულება, მათზე დაბლა მდგომთ ეს რამდენჯერ უფრო გაუძნელდებოდათ. და რახან არ ასრულებდნენ, გამოდის რომ ყველანი სცოდავდნენ, ამიტომ საჭირო გახდა ქრისტეს მოსვლა“ (ოქროპირი).

მახარებელი განაგრძობს ქრისტეს წინაპართა ჩამოთვლას: “ფარეზ ჰშუა ესრომ; ესრომ ჰშუა არამ; არამ ჰშუა ამინადაბ, ამინადაბ ჰშუა ნაასონ; ნაასონ ჰშუა სალმონ; სალმონ ჰშუა ბოოს რექაბისაგან”. ფიქრობენ, რომ რექაბი ის მეძავი ქალია, რომელმაც მიიღო და შეიფარა თავისთან ისინი, ისუ ნავინმა იერიქონში რომ გაგზავნა, სწორედ ამიტომ გადარჩა იგი, როცა ებრაელებმა შეძლეს ქალაქის აღება. მახარებელი ამ მეძავ ქალს არ იხსენიებს შემთხვევით, მას სურს ჩვენ გვითხრას, რომ მთელი წარმართობა სცოდავდა. ამ ქალმა მიიღო ისუ ნავინის წარგზავნილნი და გადარჩა: წარმართებიც, მიიღებდნენ რა ქრისტეს წარგზავნილებს, ანუ წმიდა მოციქულებს და იწამებდნენ მათ - ასევე გადარჩებოდნენ“ (წმ. თეოფილაქტე). “ბოოს ჰშუა იობედ რუთისაგან”. აი კიდე ერთი უცხო ტომის ქალი რუთი. მან დატოვა თავისი მშობლიური ქვეყანა, სახლი მამისა და თავის დედამთილთან ერთად მოაბიტელთა მიწიდან გადავიდა ბეთლემში, იწამა ჭეშმარიტი ღმერთი, რისთვისაც ღირსი გახდა გამხდარიყო შორეული მშობელი დავითისა და თვით იესო მაცხოვრისა: „ასევე წარმართების ეკლესიამაც დაივიწყა თაყვანისცემა კერპებისა და მათი მამის - ეშმაკისა და დაიწინდა ღვთის მხოლოდშობილ ძეზე“ (წმ. თეოფილაქტე).

“იობედ ჰშუა იესე; იესე ჰშუა დავით მეფე; დავით მეფემან ჰშუა სოლომონ ჰურიის ცოლისაგან”, ანუ ბერსაბესაგან, რომელიც იყო დავითის მხედართმთავრის მეუღლე. დავითი მოიხიბლა მისი სილამაზით და მასთან შესცოდა. შეეცადა რა ამ ცოდვის დამალვას, მან უბრძანა თავის სარდალს, რომ ურია ყველაზე საშიშ ადგილზე გაეშვა, რათა მომკვდარიყო. ასეც მოხდა, ურია ბრძოლაში დაიღუპა, დავითმა კი ბერსაბეზე იქორწინა.
ამრიგად, მახარებელმა გაიხსენა რა ურიის ცოლი, მან ქრისტეს წინაპართა შორის კიდევ ერთი ცოდვილი დაგვანახა და გაგვახსენა მაცხოვრის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წინაპრის, დიდებული მეფე დავითის ცოდვით საშინელი დაცემა. აქ იესო ქრისტეს დიდება მისი დიდებულებით კი არ მჟღავნდება, არამედ მისი ქვეყნიური წინაპრების ცოდვებითა და უკეთურებებით. თამარი და რექაბი - მემრუშენი, რუთი - უცხო ტომისა, ბერსაბე - მეძავი, - და ყველა ესენი ღირსნი გახდნენ ქვეყნიერების მხსნელის წინაპრებად წოდებისა. როგორ არ უნდა გაგვაკვირვოს უფლის დიდმა სიმდაბლემ. ჭეშმარიტად მისთვის „არა არს ურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება” (გალ. 3,28), არამედ სიყვარულით ღებულობს ყველას, ვინც კი სინანულითა და თავის დამდაბლებით მიდის მასთან. ჭეშმარიტად იგი მოვიდა ცოდვილთა მოსანანიებლად, მოვიდა, რათა მოსპოს ყველა ჩვენი ცოდვა, მოვიდა როგორც მკურნალი და არა გამკითხავი. ამის შემდეგ ვის შეუძლია იამაყოს თავისი წარმოშობით, დიდებული და სახელოვანი წინაპრებით? - „შეუძლებელია, - ამბობს წმიდა ოქროპირი, - ყოვლად შეუძლებელია წინაპართა კეთილი ან ბოროტი საქმეებით, ვიყოთ მართალნი ან უწმინდურნი, სახელოვანნი ან უცნობნი. შეიძლება უფრო მეტის თქმაც: ის არის დიდი და სახელოვანი, ვინც უშვა უკეთური მშობლებისგან და თვითონ გახდა კეთილი“. ჭეშმარიტად, ადამიანს არაფერი აქვს თავის მოსაწონი...


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მარიამი   მაცხოვრის გენეალოგია   Feb 27 2007, 11:09 PM
მარიამი   [b]განმარტება ღვთის...   Mar 1 2007, 12:28 AM
LEBU   ეს ადგილი არ მესმი...   Mar 14 2007, 05:38 PM
tamtacxoidze   ეს ადგილი არ მესმი...   Apr 1 2008, 09:36 PM
ეგრი   მოგესალმები დათიკ...   Apr 18 2007, 11:03 PM
დათიკო   ეგრი აქაც გაგიმარ...   Apr 18 2007, 11:56 PM
ეგრი   მე ერთი კვირა უსაქ...   May 1 2007, 06:14 PM
alex_b   მართალია იოსები ა...   May 1 2007, 06:34 PM
ეგრი   alex_b მაგ თოთხმეტებს ...   May 1 2007, 06:53 PM
დათიკო   ეგრი კიდევ ერთი ა...   May 1 2007, 07:55 PM
ეგრი   დათიკო მეოთხე შემთ...   May 1 2007, 09:15 PM
seminaristi   1.სოლომონ 2.რობოამ 3....   Jul 20 2007, 05:19 PM
ეგრი   დათიკო მართალი ყოფ...   May 1 2007, 09:51 PM
დათიკო   ეგრი აზრის გამოხა...   May 1 2007, 10:00 PM
მნათე   ეგრი გამარჯობა :lol: ...   May 1 2007, 10:56 PM
ეგრი   მნათე ვახ, ცოცხალი ...   May 1 2007, 11:03 PM
მნათე   ამბობენ :lol: არა გვ...   May 1 2007, 11:05 PM
დათიკო   ეგრი მნათე ჩეთაობა...   May 1 2007, 11:12 PM
alex_b   ეგრი გატყობ, რომ წა...   May 2 2007, 02:33 PM
ეგრი   alex_b აქაზი გამომრჩა, ...   May 2 2007, 02:51 PM
alex_b   მე კი არ ჩავსი დავი...   May 2 2007, 02:59 PM
ეგრი   alex_b კაი ეგ თოთხმეტი ...   May 2 2007, 03:09 PM
alex_b   თუ გაგება უნდა ადა...   May 2 2007, 03:26 PM
დათიკო   კანონისტი ეგრის ძ...   May 2 2007, 08:37 PM
ეგრი   შევეცდები. თხრობი...   May 2 2007, 08:55 PM
ეგრი   alex_b ეეჰ. მთელი საღამ...   May 3 2007, 10:31 AM
alex_b   არა უშავს ეგრი, ჯერ...   May 3 2007, 04:32 PM
ეგრი   alex_b დავითის მერე იო...   May 3 2007, 05:05 PM
alex_b   მაგას დაგიდგენ რო...   May 3 2007, 06:21 PM
alex_b   ეგრი ამ დილას ვლო...   May 4 2007, 10:57 AM
ეგრი   alex_b ვერაფერი გავიგ...   May 4 2007, 12:10 PM
alex_b   ეგრი არ მეზარება, მ...   May 4 2007, 03:33 PM
ეგრი   alex_b ჯერ ერთი დავითი...   May 5 2007, 12:16 AM
დათიკო   ეგრი ისე იქცევი თი...   May 5 2007, 12:42 AM
ეგრი   დათიკო ეს ადამიან...   May 5 2007, 12:45 AM
დათიკო   ეგრი კვირა დილას ს...   May 5 2007, 01:24 AM
ეგრი   დათიკო ეუფ. რა მაგა...   May 5 2007, 01:53 AM
მნათე   მნათეს მსახურება ...   May 5 2007, 02:22 AM
alex_b   კი, გავიცანით ერთმ...   May 5 2007, 04:17 PM
ეგრი   alex_b ეგრის შეკითხვა ...   May 5 2007, 06:44 PM
დათიკო   ეგრი კიდევ ერთხელ ...   May 5 2007, 06:58 PM
ეგრი   ვააახ. ვიღაც უპორნ...   May 6 2007, 11:36 PM
დათიკო   ეგრი შენს პოსტებს ...   May 7 2007, 02:51 PM
inkvizitor   ეგრი კარგი, რადგან ...   May 17 2007, 12:26 AM
inkvizitor   ეგრიერთი სათხოვარ...   May 19 2007, 01:35 AM
ეგრი   ქრისტეს არა, იოსებ...   May 19 2007, 03:06 PM
დათიკო   ეგრი ჩვენ კი ვიცით...   May 20 2007, 01:14 AM
ეგრი   დათიკო ჩვენ ვსაუბრ...   May 20 2007, 01:31 PM
inkvizitor   მაშ ასე. რა არის მიზ...   May 21 2007, 12:11 AM
ეგრი   inkvizitor :lol: :lol: :lol: მე და ...   May 21 2007, 12:41 AM
დათიკო   ეგრი ეგ რაღაა? :blink: ...   May 21 2007, 11:20 AM
დათიკო   ეგრი შენ ისევ დაარ...   May 21 2007, 07:24 PM
ნათია   რატომ წერია სახარე...   Jun 3 2007, 11:55 PM
seminaristi   მაცხოვრის გენეალო...   Jul 6 2007, 03:42 PM
დათიკო   seminaristi ვერ გავიზიარე...   Jul 21 2007, 01:33 AM
seminaristi   ვერ გავიზიარებ ამ ...   Jul 24 2007, 05:37 PM
abo   დათიკო დავით არ ეთ...   Jul 21 2007, 02:03 AM
დათიკო   abo რა თქმა უნდა. ყვე...   Jul 22 2007, 01:22 AM
abo   დათიკო შენი გაცნობ...   Jul 22 2007, 02:04 AM
alex_b   seminaristi ამ საკითხზე მ...   Jul 23 2007, 02:03 AM
seminaristi   ამ საკითხზე მგონი ...   Jul 24 2007, 05:50 PM
егри   დათიკო რომელ განყ...   Sep 8 2007, 03:17 PM
დათიკო   егри ამ ფორუმზე ეგე...   Sep 8 2007, 11:12 PM
егри   დათიკო ანუ, თუ იესო...   Sep 8 2007, 11:20 PM
დათიკო   егри რა თქმა უნდა :) ი...   Sep 8 2007, 11:23 PM
nino_ni   ეს ეგრი აშკარად რთ...   Mar 28 2008, 09:41 PM
skeptikosi   მე საერთოდ ის მაინ...   Apr 22 2008, 02:22 PM
შამხაზაი   მე საერთოდ ის მაინ...   Jul 12 2023, 02:50 AM
kavkasioni   სალამი ჩემო ქრისტი...   Apr 25 2008, 10:28 PM
nana_007   სალამი ჩემო ქრისტ...   Apr 25 2008, 10:50 PM
t a m a r i   შეიძლება ვცდები, მ...   May 7 2008, 12:46 AM
afxazi   ჩემი მოკრძალებული ...   Jan 27 2010, 01:20 PM
afxazi   წმ. იოანე ოქროპირი: ...   Jan 27 2010, 01:34 PM
afxazi   თეოფილაქტე ბულგარ...   Jan 27 2010, 01:49 PM
afxazi   მათეს სახარების გა...   Jan 27 2010, 02:00 PM
†სერგი   ხალხო დამეხმარეთ მ...   Nov 20 2012, 01:07 AM
A.V.M   †სერგი მოხვალ სემი...   Nov 20 2012, 02:12 AM
puskuu   †სერგი :D :D :D :D :D :D ანდრ...   Nov 20 2012, 02:12 PM
†სერგი   მადლობები. გურამ ხ...   Nov 20 2012, 08:08 PM
A.V.M   კაი. ხუთშაბათამდე. ...   Nov 21 2012, 01:33 AM
†სერგი†   აბა ჩემი შეკოწიწებ...   Aug 19 2013, 06:08 PM
A.V.M   †სერგი† ძმა ხარ! ძ...   Aug 19 2013, 07:11 PM
†სერგი†   რატომ ჩაკვდა ეს თე...   Sep 5 2013, 07:44 PM
G_saxva   †სერგი† ეტყობა ყვე...   Sep 5 2013, 10:50 PM
†სერგი†   ნეტაი ეგრე იყოს და...   Sep 6 2013, 08:31 AM
G_saxva   †სერგი† შენს ნაშრო...   Sep 6 2013, 09:26 AM
†სერგი†   ძალიან საინტერეს...   Sep 6 2013, 09:32 AM
A.V.M   †სერგი† ჩასკდი შენ...   Sep 6 2013, 10:05 AM
†სერგი†   აი სმას რომ დაიწყე...   Sep 6 2013, 11:51 AM
G_saxva   აი სმას რომ დაიწყე...   Sep 6 2013, 12:21 PM
A.V.M   აოფებთ ლოთებო ! :D   Sep 6 2013, 02:24 PM
G_saxva   A.V.M კაი ბოლო ოფი იყო...   Sep 6 2013, 02:29 PM
A.V.M   G_saxva გავუზიაროთში გ...   Sep 6 2013, 02:31 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 06:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი