IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მაცხოვრის გენეალოგია, (სახარება მათესაგან 1, 1-17)
მარიამი
პოსტი Feb 27 2007, 11:09 PM
პოსტი #41


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ძველი ქართულით:
QUOTE
1. წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
2. აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; 3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; 4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; 5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; 6. იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; 7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; 8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; 9. იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; 10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; 11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა. 12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; 13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; 14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; 15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; 16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.
17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.

ახალი ქართულით:
QUOTE
1. წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.
2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი;
4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი;
5. სალმონმა შვა ბოოსი რექაბისგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა დავით მეფე;
6. დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან;
7. სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა;
8. ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია;
9. ოზიამ შვა იოათამი; იოათამმა შვა ამონი; ამონმა შვა ეზეკია;
10. ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია;
11. იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობაში;
12. ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი;
13. ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;
14. აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი;
15. ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათტანი; მატთანმა შვა იაკობი;
16. ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17. ყველა თაობა აბრაამიდან დავითამდე - თაობა თოთხმეტი, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე - თაობა თოთხმეტი, და ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე - თაობა თოთხმეტი.


ჯერ ზოგადად: რატომ წერია სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია?

განმარტება ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის მიხედვით:

1. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
1 . „წიგნი შობისა“ - რატომ არ გამოიყენა აქ წმ. მათემ წინასწარმეტყველთა მსგავსად „ხილვა“ ან “ სიტყვა“ ნაცვლად შობისა. ისინი ხომ ამგვარად წერდნენ: „ხილვა რომელი იხილა ესაია“ (ესაია 1,1 ) ან „სიტყვა, რომელიც იყო ესაიასადმი“ (ეს. 2,1). გსურს გაიგო რატომ? წინასწარმეტყველები გულქვასა და უხეშ ხალხს მიმართავდნენ და ამიტომაც ამბობდნენ მასზე - „საღვთო ხილვა და ღვთის სიტყვა არისო“, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და აბუჩად არ აეგდო მათი ნათქვამი. მათე კი მორწმუნე, კეთილგონიერ და, ამასთანავე, დამჯერე ხალხს მიმართავდა და ამიტომ წინასწარ არაფერი უთქვამს წინასწარმეტყველთა მსგავსად. სხვაც მაქვს სათქმელი. ის რაც წინასწარმეტყველებმა იხილეს, გონებით იხილეს და სულიწმიდით განჭვრიტეს. ამიტომ უწოდებდნენ მას ხილვას. ხოლო მათემ ქრისტე გონებით კი არ იხილა და განჭვრიტა, არამედ ზნეობრივად იყო მასთან, გრძნობიერად უსმენდა და ხორციელად ჭვრეტდა. ამიტომაც არ თქვა „ხილვა, რომელიც მე ვიხილე“, ან „განჭვრიტა“ არამედ თქვა: „წიგნი შობისა“.
„იესო“ - სახელი „იესო“ ბერძნული არ არის, არამედ ებრაულია და თარგმანში „მაცხოვარს“ ნიშნავბ, რამეთუ სიტყვით „იაო“ (ιαω) ებრაელები ხსნას, ცხოვრებას გამოხატავენ.
„ქრისტესი“ - ქრისტე ბერძნულად „ცხებულს“ ნიშნავს. ასე უწოდებდნენ მეფეებსა და მღვდელმთავრებს, რადგან მათ წმიდა ზეთს სცხებდნენ, რომელიც რქაში იდგა და თავზე გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე. უფალს ეწოდა ქრისტე, როგორც მეუფეს და როგორც მღვდელმთავარს, რამეთუ ის ცოდვის წინააღმდეგ გამეფდა და თავისი თავი მსხვერპლად მიიტანა ჩვენთვის. ის ხომ ცხებულია ჭეშმარიტი ზეთით - სულიწმიდით და ცხებულია სხვებზე აღმატებულად, რადგან სხვას ვის ჰქონდა ისეთი სული, როგორიც - უფალს? წმინდანებში მოქმედებდა მადლი სულიწმიდისა, ქრისტეში კი მოქმედებდა არა მადლი სულიწმიდისა, არამედ თვით ქრისტე აღასრულებდა სასწაულებს თავის თანაარს სულთან ერთად.
„ძისა დავითისი“ - მას შემდეგ, რაც მეფემ თქვა „იესო“, დაუმატა - „ძისა დავითისი“, იმიტომ, რომ შენ სხვა იესო არ იგულისხმო, რადგან სხვა იესოც იყო ცნობილი ებრაელთა წინამძღოლის მოსეს შემდეგ, მაგრამ იგი ნავეს ძე იყო და არა დავითისა. იგი დავითამდე მრავალი თაობით ადრე ცხოვრობდა და იუდას ტომიდან კი არ იყო, საიდანაც დავითი წარმოიშვა, არამედ სხვა ტომიდან.
„ძისა აბრაჰამისი“ - რატომ დააყენა მათემ დავითი აბრაჰამის წინ? იმიტომ, რომ დავითი უფრო ცნობილია. იგი აბრაჰამის შემდეგ ცხოვრობდა და დიდებული მეფე იყო. ისრაელის მეფეთაგან პირველმა მან მოიგო ღვთის გული და მისგან აღთქმაც მიიღო იმის თაობაზე, რომ ქრისტე მისი თესლტომიდან გამოვიდოდა. ამიტომაც უწოდებდნენ ქრისტეს დავითის ძეს. სინამდვილეში დავითი ქრისტეს სახეს წარმოადგენს. როგორც ის გამეფდა ღვთისაგან მოძულებული და დამხობილი საულის ნაცვლად, ასევე ხორციელად მოსული ქრიბტე გამეფდა ჩვენზე მას შემდეგ, რაც ადამი მოაკლდა მეფობასა და უფლებას, რომელიც მას ყველა არსებასა და დემონებზე ჰქონდა.

2. აბრაჰამ შვა ისააკ; ისააკ შვა იაკობ იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი;
2. „აბრაჰამ შვა ისააკ“ - ქრისტეს გენეალოგიას მახარებელი აბრაჰამით იწყებს, რადგანაც იგი იყო მამა ებრაელთა და პირველმა მან მიიღო აღთქმა, რომ მისი „თესლით იკურთხევიან ხალხები“. მაშასადამე, სწორია ქრისტეს გენეალოგიის მისგან დაწყება, რადგანაც ქრისტე აბრაჰამის თესლია, რომელშიც ჩვენ ყველამ, ვინც ადრე წარმართნი და დაწყევლილნი ვიყავით, კურთხევა მივიღეთ. აბრაჰამი ითარგმნება როგორც „მამა ერებისა“, ისაკი კი როგორც „სიხარული“, „სიცილი“. მახარებელი არ ახსენებს აბრაჰამის უკანონო შვილებს. მაგ., ისმაელსა და სხვებს, რადგანაც იუდეველნი მათგან კი არა ისააკისგან წარმოიშვნენ.
„ისააკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი“ - ხედავ რომ იუდა და მისი ძმები ახსენა მათემ. ეს იმიტომ, რომ მათგან წარმოსდგა თორმეტი ტომი.

3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ;
4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ;
5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე;
6. იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან;

3-6. „ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან“ - იუდამ თამარი ცოლად შერთო ჰერს, ერთ-ერთს თავის ძეთაგან. როცა ჰერი უშვილოდ მოკვდა, მაშინ ავნანს მისცა ცოლად, რომელიც აგრეთვე მისი შვილი იყო. როცა ისიც მოაკლდა სიცოცხლეს თავისი სამარცხვინო საქციელის გამო, იუდას თამარი აღარავისზე დაუქორწინებია. მაგრამ თამარს ძლიერ უნდოდა ჰყოლოდა შვილები აბრაჰამის თესლისაგან. ამიტომ გაიხადა ქვრივის სამოსი, მიიღო მეძავის სახე და შეერთო თავის მამამთილს, ვისგანაც ტყუპები ჩაესახა. როცა მშობიარობის დრო მოვიდა, ერთ-ერთმა ბავშვმა გამოყო ხელი საშოდან, თითქოს პირველი ის უნდა დაბადებულიყო. ბებია ქალმა წითელი ძაფი შეაბა, რათა სცოდნოდა, პირველად რომელი დაიბადა, მაგრამ მან ხელი უკან წაიღო და პირველად მეორე ბავშვი დაიბადა, შემდეგ კი, უკვე ის, რომელმაც პირველად გამოყო ხელი. ამიტომ პირველად დაბადებულს ეწოდა ფარეზი, რაც „შეყოვნებას“ ნიშნავს, რამეთუ მან ბუნებრივი რიგი დაარღვია, ხოლო მას, ვინც ხელი უკანვე შეყო, ზარა ეწოდა. ეს ისტორია ერათგვარ საიდუმლოზე მიგვანიშნებს. ქრისტეს ცხოვრება ემსგავსვბა ზარას მიერ ჯერ ხელის გამოყოფას და შემდეგ ისევ უკან წაღებას. ეს ცხოვრება გამოეცხადათ წმინდანებს, რომელნიც სჯულისა და წინადაცვეთის წინ ცხოვრობდნენ, მაგრამ ისინი სჯულისა და მცნებების დაცვით კი არ განმართლდნენ, არამედ სახარებისმიერი ცხოვრებით. გაიხსენე აბრაჰამი, ვინც ღვთის გამო დატოვა თავისი მამა, სახლი და ბუნებისაგან განდგა. გაიხსენე იობი, მელქისედეკი, სჯულის მოსვლის შემდეგ ამგვარი ცხოვრება გაქრა. როგორც ფარეზის დაბადების შემდეგ ზარა გამოვიდა საშოდან, ასევე სჯულის ბოძებით გვიან გამობრწყინდა ევანგელური ცხოვრება, აღბეჭდილი წითელი ძაფით, ე. ი. ქრისტეს სისხლით. მახარებელმა იმიტომ ახსენა ეს ორი ყრმა, რომ მათი დაბადება რაღაც საიდუმლოს მოასწავებდა. გარდა ამისა თუმცა თამარი არ იმსახურებს ქებას იმის გამო, რომ მამამთილს შეერთო, მაგრამ მახარებელმა ისიც მოიხსენია, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტემ, ვინც ჩვენთვის ყოველივე იტვირთა, ამგვარი წინაპრებიც შეიწყნარა. უფრო ზუსტად: მათგან იმიტომ იშვა, რომ განეწმინდა ისინი, რამეთუ „წოდებად მართალთა“ კი არ მოვიდა, არამედ „ცოდვილთა“.
და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; - ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ რექაბი არის ის მეძავი რააბი, ვინც იესო ნავეს მსტოვრები დამალა. მეძავმა მსტოვრებიც გადაარჩინა და თავიც გადაირჩინა. მათემ რექაბი იმიტომ ახსენა, რომ ეჩვენებინა: წარმართთა მთელი კრებული მასავით მეძავი იყო, თავისი საქმეებით მრუში. მაგრამ ის წარმართნი, რომელთაც იესოს მსტოვარნი, ე.ი. მოციქულნი შეიწყნარეს და მათი სიტყვა ირწმუნეს, ყველა გადარჩა.
„ბოოს შვა იობედ რუთისგან“ - ეს რუთი უცხო ტომისა არ იყო, მაგრამ ქორწინებით მაინც შეეუღლა ბოოსს. ასევე წარმართულმა ეკლესიამ, რომელიც ტომისა და სჯულის გარეშე უცხო იყო, დაივიწყა თავისი ხალხი, კერპთა თაყვანისცემა, მამა ეშმაკი, რისთვისაც იგი ძე ღვთისამ სასძლოდ მიიღო.
„იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან“ - მათემ აქ ურიას ცოლიც ახსენა, იმის საჩვენებლად, რომ წინაპრების კი არ უნდა გვრცხვენოდეს, არამედ უნდა ვეცადოთ განვადიდოთ ისინი ჩვენი სიქველით, რადგან ღმერთს ყველა მოეწონება, თუნდაც მეძავისაგან შობილი, თუკი სიქველე ექნება.

7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა;
8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ;
9. იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია;
10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია;
11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.

7-11. ბაბილონის ტყვეობა ეწოდება იუდეის მთელი მოსახლეობის ბაბილონში ტყვედ წაყვანას. მართალია, ბაბილონელები ადრეც ებრძოდნენ მათ, მაგრამ მაშინ უფრო მოსათმენად შეურაცხყოფდნენ, ამ დროს კი ყველა ერთიანად გადაასახლეს სამშობლოდან.

12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ;
13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ;
14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ;
15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ;
16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.

12-16. რატომ არის აქ მოცემული გენეალოგია იოსებისა და არა ღვთისმშობლისა, რა წილი უდევს იოსებს ამ უთესლო შობაში? ქრისტეს ნამდვილი მამა ხომ იოსები არ ყოფილა, რომ მისგან იწყებოდეს ქრისტეს გენეალოგია. მაშ-მოისმინე: სინამდვილეში იოსებს ქრისტეს გაჩენაში არავითარი მონაწილეობა -არ მიუღია და ამიტომაც აქ, რა თქმა უნდა, მოთხრობილი უნდა ყოფილიყო ღვთისმშობლის გვარზე, მაგრამ მათემ არ მოგვცა წმიდა ქალწულის გენეალოგია, რადგანაც ქალის ხაზით გენეალოგიის წარმოება არ შეიძლებოდა (რიცხვ. 36,6). გარდა ამისა, იოსების გენეალოგიით, მან ქალწულ მარიამის გვარზეც მოგვითხრო, რადგანაც სჯულის მიხედვით კაცს ეკრძალებოდა ცოლის სხვა ტომიდან, გვარიდან და ოჯახიდან მოყვანა და მას მხოლოდ თავისივე ტომისა და გვარის ქალის შერთვის უფლება ჰქონდა. ამ კანონიდან გამომდინარე, ცხადია, რომ იოსების გენეალოგიით გადმოცემულია ღვთისმშობლის გენეალოგიაც, რომელიც იოსების ტომისა და გვარისა იყო, სხვა შემთხვევაში იოსები მას ვერ დანიშნავდა. ამგვარად მახარებელმა დაიცვა კანონი, რომელიც კრძალავდა გენეალოგიის გადმოცემას ქალის ხაზით და ამავე დროს ღვთისმშობლის გვარზე მოგვითხრო იოსების გენეალოგიის გადმოცემით. მარიამის ქმრად მან იგი ჩვეულების მიხედვით მოიხსენია, რადგან ჩვენ ჩვეულებად გვაქვს დამწინდველს ქმარი ვუწოდოთ ქორწინებამდეც.

17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.
17. მათემ თაობები სამ ნაწილად გაყო, რათა იუდეველებისათვის ეჩვენებინა, რომ მსაჯულები მართავდნენ, როგორც ეს დავითამდე იყო, თუ მეფეები განაგებდნენ, როგორც ეს ბაბილონის ტყვეობამდე გაგრძელდა, თუ მღვდელმთავრებს ემორჩილებოდნენ, როგორც ქრისტეს მოსვლის წინ, - სათნოების ასამაღლებლად ვერავითარ სარგებელს ვერ იღებდნენ და ისეთ ჭეშმარიტ მსაჯულს, მეუფესა და მღვდელმთავარს საჭიროებდნენ, როგორიც არის ქრისტე. როცა იაკობის წინასწარმეტყველების მიხედვით მეფობა შეწყდა, ქრისტე მოვიდა, მაგრამ ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა როგორღა არის, როცა ის ცამეტი იყო? შთამომავლობის სიაში ქალის შეტანაც რომ შეიძლებოდეს, მარიამს მივათვლიდით და რიცხვიც შესრულდებოდა, მაგრამ ქალი არ შედის გვარტომობის სიაში. მაშ როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი? ზოგიერთები ამბობენ, რომ მათემ „ტყვეობა“ როგორც პიროვნება ისე შეიტანა რიცხვში.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Jan 27 2010, 01:49 PM
პოსტი #42


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



თეოფილაქტე ბულგარელი: 7-11. “სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; იოსია შვა იექონია და ძმანი მისი ტყვეობასა მას ბაბილოვნელთასა”. – ბაბილონში გადასახლება იმ ტყვეობას ეწოდება, რომელიც შემდგომში დაითმინეს ებრაელებმა, როცა ყველანი ერთად ბაბილონში წაასხეს, ბაბილონელებს ბრძოლა მათთან სხვა დროსაც ჰქონდათ, მაგრამ შედარებით ნაკლებ ზიანს აყენებდნენ, ხოლო ამჯერად ისინი სამშობლოდან საერთოდ გაასახლეს.

გრიგოლ დიაჩენკო: 7-11. “სოლომონ შვა რობოამ, რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა, ასა შვა იოსაფატ, იოსაფატ შვა იორამ, იორამ შვა ოზია, ოზია შვა იოთამ, იოთამ შვა აქაზ, აქაზ შვა ეზეკია, ეზეკია შვა მანასე, მანასე შვა ამონ, ამონ შვა იოსია, იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყვეობასა მას ბაბილონელთასა”. -იესო ქრისტეს გენეალოგიის ამ, მეორე განყოფილებაში, უმთავრესად ყურადღებას იქცევს ორი გამოტოვება: პირველია იუდეველთა სამი მეფის – ოქოზიას, იოსიასა და ამასიას გამოტოვება, იორამსა და ოზიას შორის. ამასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ წმ. მახარებელი ამ სამი მეფის სახელს იმის გამო გამოსტოვებს, რომ ისინი აქაბის გვარს ეკუთვნოდნენ მეფე ოქოზიას დედის მხრიდან, - ანუ ისეთ გვარს, რომელზეც ღმერთმა ორგზის წარმოთქვა შეჩვენება (III მეფ. 21,21; IV მეფ. 9,7). ამ ახსნას თავისი საფუძველი აქვს იმაში, რომ ქვემოთ (მუხლი 17) მახარებელი თვითონვე გვაგებინებს, რომ გვართა (იესოს წინაპართა) აღრაცხვაში მას მხედველობაში ჰქონდა რიცხვითი თანაფარდობაც და რომ, აქედან გამომდინარე შეეძლო გაზრახ გამოეტოვებინა ზოგიერთი პირი მაცხოვრის გენეალოგიიდან. მეორე გამოტოვება იოსიას ძისა და იექონიას მამის სახელს – იოაკიმეს შეეხება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს სახელი შემონახულია აღმოსავლური რედაქციის ბევრ ხელნაწერში, რომლებიც დასავლურ ხელნაწერებთან შედარებით, მეტი სისწორით და გამართულობით გამოირჩევა. ამიტომ ძველთაგანვე საფუძვლიანად შენიშნავენ, რომ იოაკიმეს სახელის გამოტოვება ბევრ ძველ ხელნაწერში, სავარაუდოდ, გადამწერის მიზეზით მოხდა, რომელიც შეაცდინა სახელების – იოაკიმესა და იექონიას მსგავსებამ და ამის გამო მახარებელ მათეს ნამდვილ ტექსტად მიიჩნევენ ასეთ წაკითხვას: “იოსია შვა იოაკიმე და ძმანი მისნი; ხოლო იოაკიმე შვა იექონია ტყვეობასა მას ბაბილონელთასა”, ანუ ან თვით ამ ტყვეობის დროს, ანდა ტყვეობაში გადასახლების წინ ისრაელი ერისა (დაახლ. 588 წელს ქრისტეს შობამდე – იხ. II ნეშტთა, თ. 36); ეს გადასახლება ბაბილონის ტყვეობად იწოდება ქალდეას სამეფოს მთავარი ქალაქის – ბაბილონის მიხედვით.

მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. - 7-11. დავუბრუნდეთ ისევ სახარების თხრობას. დავითით იწყება მეფეთა რიგი ბაბილონელთა ტყვეობამდე. “სოლომონ ჰშუა რობოამ; რობოამ ჰშუა აბია; აბია ჰშუა ასა; ასა ჰშუა ოისაფატ; იოსაფატ ჰშუა იორამ; იორამ ჰშუა ოზია”. წმიდა წერილიდან ცნობილია, რომ იორამს ჰყავდა შვილი ოხოზია, ოხოზიას - იოას, იოასს - ამასია, ამასიას კი ოზია. ფიქრობენ, რომ მახარებელმა აქ გამოტოვა სამი მეფე, რათა გაეადვილებინა მკითხველისათვის წინაპართა სიის დამახსოვრება. “ოზია ჰშუა იოათამ; იოათამ ჰშუა აქაზ; აქაზ ჰშუა ეზეკია; ეზეკია ჰშუა მანასე; მანასე ჰშუა ამონ; ამონ ჰშუა იოსია; იოსია ჰშუა იექონია და ძმანი მისნი ტყვეობასა მას ბაბილონელთასა”. ქრისტეს დაბადებამდე 600 წლით ადრე, ებრაელები ისე დიდ გარყვნილებაში ჩავარდნენ, რომ უფალი განურისხდა მათ და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორისაგან დაატყვევა. ნაბუქოდონოსორმა, ქრისტემდე 607 წელს, აიღო იერუსალიმი და დიდძალი ებრაელობა ბაბილონში გადაასახლა. ტყვეობაში 70 წელი მოუწიათ ებრაელებს ყოფნა.

თეოფილაქტე ბულგარელი: 12-16. “შემდგომად ტყვეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; აბიუდ შვა ელიაკიმ; ელიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ელიუდ; ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მათტან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქვიან ქრისტე”. – რატომ არის აქ გადმოცემული გენეალოგია იოსებისა და არა ღმრთისმშობლისა? რა წილი უდევს იოსებს ამ უთესლოდ შობაში? იოსები ხომ ქრისტეს ნამდვილი მამა არ ყოფილა, რომ გენეალოგია მისგან იწყებოდეს! მაშ, მოისმინე: რამდენადაც იოსებს მართლაც არავითარი წილი არ უდევს ქრისტეს შობაში, ამიტომ აქ ღმრთისმშობლის გენეალოგია უნდა ყოფილიყო გადმოცემული, მაგრამ რადგანაც არსებობდა კანონი, რომლითაც გენეალოგიის გადმოცემა ქალის ხაზით არ შეიძლებოდა, ქალწულის გენეალოგია არც მათემ გადმოგვცა. გარდა ამისა, იოსების გენეალოგიის გადმოცემით მისიცაა გადმოცემული, რადგან არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც კაცს ცოლი არა სხვა ტომიდან, მოდგმიდან და გვარიდან, არამედ მისივე ტომიდან და გვარიდან უნდა მოეყვანა. რადგან კანონი ასეთი იყო, ცხადია, იოსების გენეალოგიით ღმრთისმშობლის გვარტომობაც გადმოიცა, რადგანაც ღმრთისმშობელი მისივე ტომისა და გვარისა იყოს. ასე რომ არ ყოფილიყო, მარიამის მასზე როგორ დაიწინდებოდა? ამგვარად მახარებელმა თუმცა კი დაიცვა კანონი, რომელიც გენეალოგიის გადმოცემას ქალის ხაზით კრძალავდა, მაგრამ მოგვცა რა გენეალოგია იოსებისა, ღმრთისმშობლის გვარტომობაზე მაინც მოგვითხრო. იოსებს მარიამის ქმარი მან საერთო ჩვევის მიხედვით უწოდა, რადგანაც ჩვენ ჩვევად გვაქვს დამწინდველს დაწინდულის ქმარი მანმადე ვუწოდოთ, ვიდრე ქორწილი შედგება.

გრიგოლ დიაჩენკო: 12-16. “შემდგომად ტყვეობისა მის ბაბილონისასა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ, ზორობაბელ შვა აბიუდ, აბიუდ შვა ელიაკიმ, ელიაკიმ შვა აზორ, აზორ შვა სადუკ, სადუკ შვა აქიმ, აქიმ შვა ელიუდ, ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან, მატთან შვა იაკობ, იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქვიან ქრისტე”. -რადგანაც მათე თავის სახარებას უპირატესად იუდეველთაგან გამოსული ქრისტიანებისათვის წერდა, რომელთა ურწმუნოებაც იესო ქრისტესადმი, როგორც აღთქმული მესიისადმი, მისთვის კარგად იყო ცნობილი, ამიტომ მან შეიყვანა კიდეც ამ გენეალოგიაში იოსებიც, რომელსაც იუდეველები იესო ქრისტეს ბუნებრივ მამად თვლიდნენ (მათე 13,55; ლუკა 4,22; იოანე 6,42), მით უმეტეს, რომ იუდეველებში დამკვიდრებული იყო ჩვეულება გენეალოგია მხოლოდ მამების ხაზით ეწარმოებინათ. იოსები რომ მარიამის ქმრად არის მოხსენიებული, ეს ერთი მხრივ, იმით აიხსნება, რომ იუდეველთა წეს-ჩვეულებით სასიძო და საპატარძლო დაწინდვისთანავე, ანუ ნიშნობის შემდეგვე ცოლ-ქმრად იწოდებოდნენ (შდრ. დაბად. 29,21; II სჯული 22, 23-24), მეორეს მხრივ კი – იმით, რომ იოსებმა, უფლის ანგელოზის ბრძანებით, ყოვლადწმინდა ქაწული მარიამი თავის სახლში მიიღო როგორც თავისი ცოლი (მათე 1,20). და ბოლოს, ღირსშესანიშნავია ისიც, თუ როგორ გადმოსცა მახარებელმა თვით იესოს შობის ამბავი ამ გენეალოგიაში: მან ყველა ზემორე ჩამოთვლილის მსგავსად როდი თქვა იაკობმა შვა იოსებიო, იოსებმა შვა იესოო, არამედ ასე დაწერა: “იაკობმა შვა იოსებ, ქმარი მარიამისო, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქვიან ქრისტე”. იოსები არ იყო იესოს ხორციელი მამა, არამედ მხოლოდ დამწინდველი იყო ყოვლადწმინდა ქალწული მარიამისა. ამიტომაც მიაკუთვებს წმ. მახარებელი იესოს შობას მხოლოდ მარიამს. “რომლისაგან იშვა იესუ” – ეს ბოლო სიტყვები წარმოადგენენ მახარებლის შემდგომი თხრობის შესავალს იესო ქრისტეს ზებუნებრივი შობის შესახებ.

მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. – 12-16. “შემდგომად ტყუებისა მის ბაბილონისა, იექონია ჰშუა სალათიელ”. თვით იექონია უშვილოდ აღესრულა, ასე უწინასწარმეტყველა ამ უღვთო მეფეს იერემია წინასწარმეტყველმა. მაგრამ ებრაელებს ჰქონდათ წესად, რომ როცა ვინმე მოკვდებოდა უშვილოდ, მისი ქვრივი უცხოს არ უნდა გაყოლოდა, იგი ცოლად უნდა შეეერთო გარდაცვლილის რომელიმე ძმას ან ახლო ნათესავს და მისგან შობილნი კანონიერ შვილებად იწოდებოდნენ გარდაცვლილი უშვილო კაცისა. ამრიგად, მათ ეყოლებოდათ ორი მამა: ერთი, რომელაც ისინი მართლა შვა და მეორე, რომელსაც კანონი ცნობდა. იერუსალიმის დაცემისას, მეფე იექონიას ძმები და ახლობლები ამოწყდნენ მტრისაგან, ამიტომ მისი ქვირივი შეირთო ნირმა, რომელიც იყო ჩამომავალი დავით მეფისა, მისი ძის ნათანისაგან. აი, ამიტომაა, რომ ლუკა მახარებელთან იესო ქრისტეს წარმომავლობა გადის ნათანსა და ნირზე. “სალათიელ ჰშუა ზორობაბელ”. ძველი აღთქმის წმიდა წერილი გვამცნებს, რომ სალათიელს შვილები არ ჰყავდა, ამიტომ მისი ცოლი, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, გაყვებოდა მაზლს - ფადეს; ამ ქორწინებისგან იშვა ზორობაბელი, რომელიც სისხლით იყო შვილი ფადეისა, მაგრამ კანონით ითვლებოდა სალათიელის შვილად. “ზორობაბელ ჰშუა აბიუდ; აბიუდ ჰშუა ელიაკიმ; ელიაკიმ ჰშუა აზორ; აზორ ჰშუა სადუკ; სადუკ ჰშუა აქიმ; აქიმ ჰშუა ელიუდ; ელიუდ ჰშუა ელეაზარ; ელეაზარ ჰშუა მატათან; მატათან ჰშუა იაკობ”. საიდან აიღო მახარებელმა იესო ქრისტეს ეს წარმომავლობა? - ებრაელებს ჩვევად ჰქონდათ თავიანთი წინაპრების აღრიცხვა. ეს ჩანაწერები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველ ოჯახში სათუთად ინახებოდა. წმიდა მახარებელმა იგი ალბათ გამოართვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ან იოსების შვილს იაკობს, ანდა რომელიმე ახლობელს ოჯახისა და თავად სახარებაში მოათავსა. დავითის სამეფო შთამომავლებში ცოცხლობდა იმედი იმისა, რომ შეიძლებოდა სწორედ თავიანთ ოჯახში ეხილათ აღსრულება ღვთის აღთქმისა - დაბადება მხსნელისა. “იაკობ ჰშუა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰრქვიან ქრისტე”. ლუკა მახარებელთან იაკობის ნაცვლად იოსების მამად დასახელებულია ილი, ამიტომ ქრისტეს ნათესაობა სალაფიელიდან გადის არა აბიუდზე, არამედ რისაზე. მიზეზი ამისა ისევ კანონია ნათესაობისა, რაზეც ზემოთ ითქვა. ილი მოკვდა უშვილოდ, ხოლო მისი ცოლი გაყვა ქმრის ნათესავს იაკობს, რომლისგანაც იოსები იშვა. ამით ხსნიან სახარების ძველი განმმარტებლები იმ განსხვავებებს, რაც მაცხოვრის ნათესაურ წარმომავლობაში შეინიშნება. წმიდა მახარებელი მათე იოსებით არ ამთავრებს ქრისტეს ხორციელ წინაპართა ჩამოთვლას, არამედ ახსენებს მარიამის სახელსაც, რათა აჩვენოს, რომ სწორედ მისთვის, მარიამისთვის დასჭირდა მას იოსების წინაპართა ჩამოთვლა, რომ იესო ქრისტე დაიბადა არა იოსებისაგან, არამედ ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან. ეს თვით სახარებიდან ჩანს. მახარებელი არ ამბობს „იოსებმა შვა იესო მარიამისგან“, არამედ ამბობს: რომლისაგან იშვა იესო, რომელიც თვითონ დაიბადა წმიდა სულისაგან, მამაკაცის გარეშე. “იესო, რომელსა ჰრქვიან ქრისტე”. წმიდა მათე იოსებს უწოდებს მარიამის ქმარს, ისეთივე გაგებით, როგორც ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ დაწინდულ მამაკაცს, დაწინდული ქალის ქმარი, თუმცა მათი ქორწინება არ არის შემდგარი.

წმ. იოანე ოქროპირი: - 16
. “იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქვიან ქრისტე”. – საიდან ჩანს, - იკითხავ შენ, - რომ ქრისტე დავითისაგან მოდის? თუკი იგი უმამაკაცოდ იშვა, მხოლოდ დედაკაცისაგან, ხოლო ქალწულის გენეოლოგია მახარებელს მოცემული არა აქვს. მაშ საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტე დავითის შთამომავალი იყო? აქ ორი საკითხია: რატომ არ არის მოცემული დედის გენეალოგია და რატომ იხსენიება იოსები, რომელსაც ამ შობაში არანაირი წილი არ ჰქონია? როგორც ჩანს, პირველი ზედმეტი იყო, მეორე კი – საჭირო. პირველ რიგში რისი გადაწყვეტაა აუცილებელი? ქალწულის დავითისაგან წარმოშობის საკითხი. მაშ, საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ იგი დავითისაგან მოდის? ისმინე: ღმერთი ავალებს გაბრიელს: მიდი “ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა” (ლუკა 1,27). ამაზე ნათლად რისი ცოდნაღა გსურს, როდესაც აშკარად გესმის, რომ ქალწული დავითის სახლიდან და ტომისგან იყო?!

ეს ააშკარავებს, რომ იოსებიც იმავე ტომიდან იყო წარმოდგენილი, რადგანაც არსებობდა კანონი, რომელიც ავალებდა, რომ საკუთარი ტომის გარდა ცოლი სხვაგან არსად არ უნდა აერჩიათ. იაკობ მამამთავარმა კი იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტე წარმოსდგებოდა იუდას ტომიდან. მან თქვა: “არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არმ ოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა” (დაბ. 49,10). შენ იტყვი, რომ ეს წინასწარმეტყველება მართლაც იმას აჩვენებს, რომ ქრისტე იუდას ტომიდან იყო, მაგრამ იმას, რომ იგი ნამდვილად დავითის სახლის წარმომადგენელია, არ ადასტურებს. განა იუდას ტომში დავითის გარდა სხვა მოდგმა არ არსებობდა? არა, სხვებიც იყო და ის შესაძლოა ყოფილიყო იუდას ტომიდან, მაგრამ დავითის სახლიდან არ წარმოშობილიყო. იმისათვის, რომ ეს არ თქვა, მახარებელი შენი ეჭვის გასაქარვებლად ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და სახლიდან იყო. თუკი ამაში სხვა საშუალებებითაც გსურს რომ დარწმუნდე, სხვა დამამტკიცებელი საბუთების მოტანაც არ გაგვიჭირდება. იუდეველებს ნება არ ჰქონდათ ცოლი შეერთოთ არა მხოლოდ სხვა ტომიდან, არამედ სხვა მოდგმიდან და სახლიდან.

ამიტომ თუკი სიტყვებს: “სახლისაგან და ტომისა დავითისა” მივაწერთ ქალწულს, ჩვენი ნათქვამი სრულიად უეჭველი გახდება, ხოლო თუკი ამავე სიტყვებს მივაწერთ იოსებს, მის შესახებ ნათქვამი მაინც შეეხება ქაწულსაც: თუკი იოსები დავითის მოდგმიდან და ტომიდან იყო, ის ცოლს მოიყვანდა არა სხვა ტომიდან, არამედ სწორედ იქიდან, რომლის წარმომადგენელიც იყო თავად. შენ მეტყვი: მაგრამ თუკი მან სჯული დაარღვია? მახარებელმა ამგვარი ეჭვიც გაითვალისწინა და დაამოწმა, რომ იოსები მართალი იყო. ამგვარად, რამდენადაც მისი სათნოებები იცი, შეგიძლია, დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ ის სჯულს არ დაარღვევდა. განა იგი, ასეთი მშვიდი და ვნებათაგან უცხო, ეჭვით აღძრულმაც რომ არ მოინდომა ქალწულის დასასჯელად გამეტება, განა იგი ხორციელი სიამოვნებისათვის დაარღვევდა სჯულს? ის ვინც სჯულზე აღმატებულად განსჯიდა (რადგანაც განტევება მისი და თანაც საიდუმლოდ განტევება შეიძლებოდა მხოლოდ იმ ადაიანს მოემოქმედა, რომელიც მართლაც განსჯიდა სჯულზე აღმატებულად), განა ოდესმე რაიმეს, სჯულის საწინააღმდეგოს მოიმოქმედებდა, და თანაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე?! ამგვარად ნათქვამი ცხადყოფს, რომ ქალწული დავითის ტომიდან იყო. ახლა იმის თქმაც საჭიროა, თუ რატომ გვაძლევს მახარებელი იოსების და არა მის გენეოლოგიას? მაშ რატომ? იუდეველებისათვის არ არსებობდა ტრადიცია, რომელიც გენეოლოგიას ქალის ხაზით წაიყვანდა. ამიტომ ტრადიციის დაცვიდან გამომდინარე, რათა დასაწყისშივე ამ ტრადიციის დამრღვევად არ გამოჩენილიყო, ხოლო მეორე მხრივ კი თვით ქალწულის გენეოლოგიაც ეჩვენებინა, მახარებელმა არაფერი თქვა მის წარმოშობაზე და იოსების გენეოლოგია წარმოგვიდგინა. ქალწულის გენეოლოგია რომ აღეწერა, ამას მას სიახლის დანერგვად ჩაუთვლიდნენ, ხოლო, თუ იოსების შესახებ არას იტყოდა, მაშინ ქალწულის წინაპრების შესახებ ვეღარაფერს შევიტყობდით. ამრიგად, იმისათვის, რომ გვცოდნოდა, თუ ვინ იყო მარიამი, საიდან იყო წარმოშობით იგი და ამასთან იმისათვის, რომ არ დარღვეულიყო ჩვეულება, მახარებელმა მისი დამწინდველის გენოალოგია წარმოგვიდგინა და გვიჩვენა, რომ ის დავითის სახლიდან არის. და რამდენადაც ეს დამტკიცებულია, ამით მტკიცდება ისიც, რომ ქალწულიც იმავე მოდგმიდან იყო, რამდენადაც ეს მართალი ადამიანი, როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე, არ დაუშვებდა, რომ ცოლი სხვა მოდგმიდან მოეყვანა. სხვათაშორის, შესაძლებელია, სხვა, უმეტესად საიდუმლო მიზეზზე მითითება, რომლის გამოც არ არიან ნახსენები ქალწულის წინაპრები. რა მიზეზია ეს? მახარებელს არ სურს, რომ იუდეველებმა დასაწყისშივე იცოდნენ, რომ ქრისტე ქალწულისაგან იშვა. ნუ შეშფოთდები თუკი ჩემი ნათქვამი უცნაურად მოგეჩვენება. მე აქ საკუთარ სიტყვებს კი არ ვამბობ, არამედ ჩვენი მამებისას, რომლებიც საოცარი და სახელგანთქმული ადამიანები იყვნენ. თუკი უფალიც კი თავდაპირველად ბევრ რამეს ფარავდა და საკუთარ თავს ძე კაცისას უწოდებდა; თუკი იგი ყველგან არ აცხადებდა თავს თანასწორად მამისა, მაშ, რადარ უნდა გვიკვირდეს, თუკი ის გარკვეულ დრომდე ფარავდა თავის შობას ქალწულისაგან? მართლაც საოცარი და დიდებული საქმეა. რა არის აქ საოცარი? – იკითხავ შენ. ის, რომ ქალწული დაცული და გათავისუფლებულია ყოველგვარი ბოროტი ეჭვისაგან. სხვაგვარად, თუკი ეს იმთავითვე გაცხადდებოდა იუდეველთა წინაშე, ისინი სიტყვას საპირისპირო მხრიდან განმარტავდნენ;

ქვებით ჩაქოლავდნენ და გაასამართლებდნენ ქალწულს, თუკი ისინი ასეთ შემთხვევებშიც კი, - როგორი შემთხვევებიც ხშირად ხვდებოდათ მათ ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, - ასე ააშკარავებდნენ საკუთარ ურცხვობას (მაგალითად, უწოდებდნენ ქრისტეს ეშმაკეულს, როდესაც იგი ეშმაკებს განდევნიდა; შერაცხავდნენ მას ღმრთის წინააღმდგომად, როდესაც შაბათობით კურნავდა სნეულებს, მიუხედავად იმისა, რომ თვით შაბათიც მათ მიერ უკვე მრავალგზის იყო დარღვეული), - მაშ, რაღას არ იტყოდნენ ისინი, ეს რომ გაეგოთ? მათ სასარგებლოდ მეტყველებდა ის, რომ მანამდე მსგავსი არაფერი აღსრულებულიყო. თუკი მრავალრიცხოვანი სასწაულის შემდეგ ისინი ქრისტეს მაინც იოსების ძეს უწოდებდნენ, მაშ ჯერ კიდევ ამ სასწაულთა აღსრულებამდე როგორ ირწმუნებდნენ ისინი, რომ იგი ქალწულისაგან იშვა? აი რატომ აღიწერება იოსების გენეოლოგია და რატომ იწინდება მასზე ქალწული. მაშინ, როდესაც თვით იოსები, კაცი მართალი და საკვირველი, იმისათვის, რომ ეს მოვლენა ერწმუნა, მრავალ მტკიცებულებას საჭიროებდა – როგორღა შეიწყნარებდნენ ასეთ აზრს იუდეველები, უხეში, გარყვნილი და ქრისტესადმი ესოდენ მტრულად განწყობილი ხალხი? უეჭველია, რომ მათ უკიდურესად შეაშფოთებდა ასეთი უჩვეულო და ახალი მოვლენა, როდესაც მათ არც კი სმენოდათ, რომ მსგავსი რამ ოდესმე მომხდარა მათ წინაპრებში. ვინც ერთხელ უკვე ირწმუნა, რომ იესო არის ძე ღმრთისა, ის უკვე აღარასოდეს დაეჭვდებოდა ამაში, მაგრამ ის, ვინც მას ცრუდ და ღვთის მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, ამ ფაქტით კიდევ უფრო მეტად როგორ არ ცდუნდება და როგორ არ დარწმუნდება ზემოხსენებული ეჭვის მართებულობაში?! აი რატომაა, რომ მოციქულები დასაწყისშივე არ საუბრობენ მის შობაზე ქაწულისაგან. პირიქით, ისინი ხშირად და ბევრს ლაპარაკობენ ქრისტეს აღდგომაზე, რამდენადაც აღდგომის მაგალითები, თუმცა არა ასეთი, გარდასულ დროში უკვე არსებობდა;

ხოლო მის შობაზე ქალწულისაგან იშვიათად ამბობენ. თვით დედამაც კი მისმა ვერ გაბედა ამის შესახებ განეცხადებინა. შეხედეთ, რას ეუბნება ქალწული თავად ქრისტეს: “მე და მამაი შენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ!” (ლუკა 2,48). ქალწულისაგან შობილად რომ მიეჩნიათ, მას უკვე აღარ უწოდებდნენ დავითის ძეს. ხოლო აქედან კიდევ მრავალი ბოროტება წარმოდგებოდა. სწორედ ამიტომ აუწყეს ანგელოზებმა ამის შესახებ მხოლოდ მარიამსა და იოსებს. ხოლო, როდესაც ისინი უკვე მწყემსებს აუწყებდნენ შობის ამბავს, ეს აღარ უხსენებიათ.

თეოფილაქტე ბულგარელი: 17. “ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყენვითგან ბაბილოვნისაით ვიდრე ქრისტემდე ნატესავი ათოთხმეტ”. – მათემ თაობები სამ ნაწილად დაყო, რათა იუდეველთათვის ეჩვენებნა, რომ მსაჯულებისაგან იმართებოდნენ, როგორც ეს დავითამდე იყო, თუ მეფეები განაგებდნენ, რაც ბაბილონის ტყვეობამდე გაგრძელდა თუ მღვდელმთავრებს ემორჩილებოდნენ, როგორც ქრისტეს მოსვლის წინ, სულერთია, სათნოებისათვის მაინც ვერავითარ სარგებელს ვერ იღებდნენ და ისეთ ჭეშმარიტ მსაჯულს, მეფესა და მღვდელმთავარს საჭიროებდნენ, როგორიც ქრისტეა. რაჟამს, თანახმად იაკობის წინასწარმეტყველებისა, მეფობა შეწყდა, ქრისტე მოვიდა. მაგრამ ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა როგორღა არის, როცა მხოლოდ ცამეტი პირი ჩანს? გენეალოგიაში რომ ქალის შეყვანა შეიძლებოდეს, მარიამს მივათვლიდით და რიცხვიც შესრულდებოდა, მაგრამ ქალი გვარტომობის სიაში არ შედის; მაშ, ეს საკითხი როგორღა უნდა გადაიჭრას? ზოგიერთები ამბობენ, რომ მათემ “გადასახლება” (ტყვეობა) რიგს, როგორც პირს, ისე მიათვალა.

წმ. იოანე ოქროპირი: - 17. “ყოველი ნათესავი აბრაჰამისგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისაგან ვიდრე ტყუენვამდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბლოვნისაით ვიდრე ქრისტემდე ნათესავი ათოთხმეტ”. – მახარებელმა მთელი გენეოლოგია სამ ნაწილად დაყო, ამით სურდა ეჩვენებინა, რომ ხელისუფლების ცვლილების შედეგად იუდეველები უკეთესები არ გამხდარან; არამედ, როგორც არისტოკრატიის, ისე მეფეების და ოლიგარქების მმართველობისასა ერთსა და იმავე ცოდვებში იყვნენ; მსაჯულთა, მღვდელმთავართა და მეფეთა მმართველობისას სათნოებებში ოდნავადაც არ წარმატებულან.

მაგრამ, რად მოხდა, რომ მახარებელმა გენეოლოგიის შუა ნაწილში სამი მეფე გამოტოვა, უკანასკნელში კი თორმეტი მეფე ახსენა, როდესაც ამბობს თოთხმეტიო? პირველს თქვენ გიტოვებთ განსასჯელად, რამდენადაც საჭიროდ არ მიმაჩნია, თქვენს მაგიერ გადავწყვიტო ყოველი, რათა არ გაზარმაცდეთ. მეორეზე კი ვთქვათ: მეჩვენება, რომ იგი მოდგმებს ტყვეობის პერიოდსაც მიათვლის და იესო ქრისტესაც, რომელსაც ყოველთვის ჩვენთან აერთიანებს და აქ ტყვეობის მოხსენიებით იგი მიუთითებს, რომ იუდეველები ტყვეობამაც კი ვერ მოიყვანა გონს, ასე რომ, ყოველივედან აშკარავდება ქრისტეს მოვლინების აუცილებლობა. მაგრამ იტყვიან, რატომაა, რომ მარკოზი ამასვე არ აკეთებს, იესოს გენეოლოგიას არ წარმოგვიდგენს და მოკლედ საუბრობს ამის შესახებ? ვფიქრობ, რომ მათე ყოველთა უწინარეს წერდა სახარებას, რის გამოც ზუსტად წარმოადგენს გენეოლოგიას და უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას; მარკოზი კი მის შემდგომ წერდა, ამიტომ ამოკლებს, როგორც მთხრობელი იმისა, რაც უკვე ცნობილი გახდა. მაგრამ რატომაა, რომ გენეოლოგიას ლუკაც წარმოგვიდგენს და თანაც – კიდევ უფრო სრულად? იმისთვის, რომ მას მხედველობაში ჰყავს მათე მახარებელი და სურს, მათზე უმეტესი მოგვაწოდოს. ამასთან, თითოეული მათგანი საკუთარ მასწავლებელს ბაძავს: პირველი (ლუკა) – პავლეს – მდინარესავით რომ მოედინება, მეორე (მარკოზი) კი – პეტრეს – მოკლედ რომ საუბრობს. ან რად მოხდა, რომ მათემ სახარების დასაწყისში წინასწარმეტყველთა მაგალითად არ თქვა: მახილვინა უფალმა ღმერთმა, ან: სიტყვა იყო ჩემდა მომართ? იმიტომ, რომ იგი უაღრესად კეთილგანმზრახველ ადამიანებს სწერდა და ისეთებს, რომლებიც უდიდესი ყურადღებით უსმენდნენ მას. აღსრულებული სასწაულები ამოწმებდნენ მის ნაწერს და მკითხველი რწმენით იყო აღსავსე. წინასწარმეტყველთა ხანაში ამდენი სასწაული არ ყოფილა, მათი ქადაგება რომ დაემოწმებინა, პირიქით: მრავალი ცრუწინასწარმეტყველი არსებობდა, რომელთაც იუდეველი ხალხი დიდი მონდომებით უსმენდა. ამიტომაც მათთვის აუცილებელი იყო სწორედ ამგვარად დაეწყოთ წინასწარმეტყველება. ხოლო თუ მაინც აღესრულებოდა სასწაული, აღესრულებოდა ის წარმართებისათვის, რათა ისინი რაც შეიძლება მრავლად მოქცეულიყვნენ იუდეველებზე და ასევე – ღვთის ძალის გამოსავლინებლად, - როდესაც იუდეველთა დამპყრობი მტერი ფიქრობდა, რომ თავიანთი ღმერთების ძალით გაიმარჯვეს. ასე მოხდა ეგვიპტეში, საიდანაც იუდეველებს ხალხის სიმრავლე გამოჰყვა: იგივე მოხდა შემდეგ ბაბილონში – ბრძმედისა და სიზმრების სასწაული. თუმცა, სასწაულები უდაბნოშიც ხდებოდა, სადაც იუდეველები მარტონი იყვნენ, ისევე როგორც იყო ჩვენთანაც; ჩვენც ხომ მრავალი სასწაული მოგვევლინა, როდესაც ცდომილებიდან გამოვდიოდით?! მაგრამ მას შემდეგ, რაც ღვთისმოსაობა ყველგან დაინერგა, სასწაულები შეწყდა.

თუკი იუდეველებს შემდეგაც ჰქონდათ სასწაულები, ისინი მცირერიცხოვანი და იშვიათი იყო. მაგალითად, როდესაც შეჩერდა მზე, მეორედ კი უკან დაიხია. კვლავაც, ჩვენს შემთხვევაშიც შეიძლება ამის დანახვა: ჩვენს დროშიც ივლიანეს, რომელაც ერთობ გადაამეტა ყოველგვარ ბოროტმოქმედებაში, მრავალი სასწაულებრივი რამ შეემთხვა; როდესაც იუდეველებმა იერუსალიმის ტაძრის აღდგენა გადაწყვიტეს, საძირკვლიდან ცეცხლი აღმოხდა და ხელი შეუშალა მუშაობას; ხოლო, როდესაც ივლიანემ უგუნური ხელყოფით შეურაცხყო წმ. ჭურჭელი, განძის მცველი და ივლიანეს მოსახელე მისი ბიძა მატლით შეჭმული ჯერ მოკვდა, შემდეგ კი შუაზე გაიგლიჯა. და ისეც უაღრესად მნიშვნელოვანი სასწაული იყო, რომ იქ მსხვერპლშეწირვის დროს წყაროები გამოვიდა და ივლიაეს მმართველობისას ქალაქები შიმშილმა მოიცვა.

ღმერთი ჩვეულებრივ ამრავლებს ხოლმე სასწაულებს, როდესაც ბოროტება მრავლდება. როდესაც იგი ხედავს, რომ მისი მონები შევიწროებულნი არიან. ხოლო მოწინააღმდეგენი უზომოდ თვრენიან მათი წამებით, - სწორედ მაშინ გამოავლენს ხოლმე თავის ხელმწიფებას. ასე მოექცა იგი იუდეველებს სპარსეთში. ამგვარად, ნათქვამიდან აშკარაა, რომ მახარებელმა უმიზეზოდ და შემთხვევით არ განყო ქრისტეს წინაპრები სამ ნაწილად. შეხედეთ, ვისით იწყებს იგი და ვისით ამთავრებს. აბრაამიდან მოყოლებული გენეოლოგია დავითამდე მიჰყავს; შემდეგ დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე, ხოლო უკანასკნელი – თვით ქრისტემდე. ისევე როგორც მთელი გენეოლოგიის დასაწყისში აბრაამი და დავითი გვერდიგვერდ დააყენა, ასევე ორივე მოიხსენია გენეოლოგიის დასასრულს, იმიტომ, რომ, როგორც უკვე ვთქვი, აღთქმა მათთვის იყო მიცემული. რატომ ახსენებს იგი ბაბილონში გადასახლებას და არ იხსენიებს გადასახლებას ეგვიპტეში? იმიტომ, რომ იუდეველებს უკვე აღარ ეშინოდათ ეგვიპტელებისა, ხოლო ბაბილონელების წინაშე კვლავ ცახცახებდნენ და იმიტომაც, რომ პირველი დიდი ხნის წინ აღესრულა, მეორე კი – არა. გარდა ამისა, ეგვიპტეში ისინი ცოდვების გამო არ წაუყვანიათ, ხოლო ბაბილონში სწორედ – უსჯულოების გამო. თუკი ვინმე მოისურვებს, თვით სახელების მნიშვნელობას ჩასწვდეს, აქაც ბევრ რამეს ნახავს ისეთს, განჭვრეტას რომ მოითხოვს, ისეთს, რაც ახალი აღთქმის განმარტებას ემსახურება. ასეთია აბრაამის, ისააკის, სოლომონის, ზორობაბელის სახელები. რადგან მათ ეს სახელები უბრალოდ არ ეწოდათ.

გრიგოლ დიაჩენკო: 17. “ყოველი ნათესავი აბრაჰამისგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ, და დავითისგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტი, და ტყუენვითგან ბაბილოვნისაით ვიდრე ქრისტემდე ნათესავი ათოთხმეტი”. – იესო ქრისტეს გენეალოგიის საერთო დაყოფას სამ ნაწილად საფუძვლად უდევს სამი მეტად მნიშვნელოვანი მდგომარეობა ებრაელი ხალხის ისტორიაში: პირველი ნაწილი – აბრაჰამიდან დავითამდე მოიცავს ებრაელი ერის ჩამოყალიბების დაწყებას და თეოკრატიის პერიოდს სამეფო ხელისუფლების დამკვიდრებამდე და დავით მეფის – მესიის წინაპრის გამოჩენამდე. ამ პერიოდში ებრაელი ხალხი პატრიარქების, მსაჯულთა და წინასწარმეტყველთა მმართველობის ქვეშ იყო. გენეალოგიის მეორე ნაკვეთი მოიცავს მეფეთა პერიოდს ერის დამოუკიდებლობის დაკარგვამდე ბაბილონის ტყვეობის დაწყების გამო. და ბოლოს, მესამე ნაწილს შეადგენს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდი მღვდელმთავართა მმართველობის ქვეშ თვით მესიის – ქრისტეს გამოჩენამდე. წინასწარმეტყველებათა მიხედვით, მესია უნდა ყოფილიყო წინასწარმეტყველიც, მეფეც და მღვდელმთავარიც. ამრიგად, ეს სამი განყოფილება იესო ქრისტეს გენეალოგიისა – 1. პატრიარქების, მსაჯულებისა და წინასწარმეტყველთა ხელმწიფების პერიოდი. 2. მეფეების პერიოდი და 3. მღვდელმთავართა პერიოდი, რომლებიც წინ უსწრებდნენ მესია-ქრისტეს მოვლენას, თითქოსდა ერთგვარი წინასწარმეტყველებაა მის შესახებ.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მარიამი   მაცხოვრის გენეალოგია   Feb 27 2007, 11:09 PM
მარიამი   [b]განმარტება ღვთის...   Mar 1 2007, 12:28 AM
LEBU   ეს ადგილი არ მესმი...   Mar 14 2007, 05:38 PM
tamtacxoidze   ეს ადგილი არ მესმი...   Apr 1 2008, 09:36 PM
ეგრი   მოგესალმები დათიკ...   Apr 18 2007, 11:03 PM
დათიკო   ეგრი აქაც გაგიმარ...   Apr 18 2007, 11:56 PM
ეგრი   მე ერთი კვირა უსაქ...   May 1 2007, 06:14 PM
alex_b   მართალია იოსები ა...   May 1 2007, 06:34 PM
ეგრი   alex_b მაგ თოთხმეტებს ...   May 1 2007, 06:53 PM
დათიკო   ეგრი კიდევ ერთი ა...   May 1 2007, 07:55 PM
ეგრი   დათიკო მეოთხე შემთ...   May 1 2007, 09:15 PM
seminaristi   1.სოლომონ 2.რობოამ 3....   Jul 20 2007, 05:19 PM
ეგრი   დათიკო მართალი ყოფ...   May 1 2007, 09:51 PM
დათიკო   ეგრი აზრის გამოხა...   May 1 2007, 10:00 PM
მნათე   ეგრი გამარჯობა :lol: ...   May 1 2007, 10:56 PM
ეგრი   მნათე ვახ, ცოცხალი ...   May 1 2007, 11:03 PM
მნათე   ამბობენ :lol: არა გვ...   May 1 2007, 11:05 PM
დათიკო   ეგრი მნათე ჩეთაობა...   May 1 2007, 11:12 PM
alex_b   ეგრი გატყობ, რომ წა...   May 2 2007, 02:33 PM
ეგრი   alex_b აქაზი გამომრჩა, ...   May 2 2007, 02:51 PM
alex_b   მე კი არ ჩავსი დავი...   May 2 2007, 02:59 PM
ეგრი   alex_b კაი ეგ თოთხმეტი ...   May 2 2007, 03:09 PM
alex_b   თუ გაგება უნდა ადა...   May 2 2007, 03:26 PM
დათიკო   კანონისტი ეგრის ძ...   May 2 2007, 08:37 PM
ეგრი   შევეცდები. თხრობი...   May 2 2007, 08:55 PM
ეგრი   alex_b ეეჰ. მთელი საღამ...   May 3 2007, 10:31 AM
alex_b   არა უშავს ეგრი, ჯერ...   May 3 2007, 04:32 PM
ეგრი   alex_b დავითის მერე იო...   May 3 2007, 05:05 PM
alex_b   მაგას დაგიდგენ რო...   May 3 2007, 06:21 PM
alex_b   ეგრი ამ დილას ვლო...   May 4 2007, 10:57 AM
ეგრი   alex_b ვერაფერი გავიგ...   May 4 2007, 12:10 PM
alex_b   ეგრი არ მეზარება, მ...   May 4 2007, 03:33 PM
ეგრი   alex_b ჯერ ერთი დავითი...   May 5 2007, 12:16 AM
დათიკო   ეგრი ისე იქცევი თი...   May 5 2007, 12:42 AM
ეგრი   დათიკო ეს ადამიან...   May 5 2007, 12:45 AM
დათიკო   ეგრი კვირა დილას ს...   May 5 2007, 01:24 AM
ეგრი   დათიკო ეუფ. რა მაგა...   May 5 2007, 01:53 AM
მნათე   მნათეს მსახურება ...   May 5 2007, 02:22 AM
alex_b   კი, გავიცანით ერთმ...   May 5 2007, 04:17 PM
ეგრი   alex_b ეგრის შეკითხვა ...   May 5 2007, 06:44 PM
დათიკო   ეგრი კიდევ ერთხელ ...   May 5 2007, 06:58 PM
ეგრი   ვააახ. ვიღაც უპორნ...   May 6 2007, 11:36 PM
დათიკო   ეგრი შენს პოსტებს ...   May 7 2007, 02:51 PM
inkvizitor   ეგრი კარგი, რადგან ...   May 17 2007, 12:26 AM
inkvizitor   ეგრიერთი სათხოვარ...   May 19 2007, 01:35 AM
ეგრი   ქრისტეს არა, იოსებ...   May 19 2007, 03:06 PM
დათიკო   ეგრი ჩვენ კი ვიცით...   May 20 2007, 01:14 AM
ეგრი   დათიკო ჩვენ ვსაუბრ...   May 20 2007, 01:31 PM
inkvizitor   მაშ ასე. რა არის მიზ...   May 21 2007, 12:11 AM
ეგრი   inkvizitor :lol: :lol: :lol: მე და ...   May 21 2007, 12:41 AM
დათიკო   ეგრი ეგ რაღაა? :blink: ...   May 21 2007, 11:20 AM
დათიკო   ეგრი შენ ისევ დაარ...   May 21 2007, 07:24 PM
ნათია   რატომ წერია სახარე...   Jun 3 2007, 11:55 PM
seminaristi   მაცხოვრის გენეალო...   Jul 6 2007, 03:42 PM
დათიკო   seminaristi ვერ გავიზიარე...   Jul 21 2007, 01:33 AM
seminaristi   ვერ გავიზიარებ ამ ...   Jul 24 2007, 05:37 PM
abo   დათიკო დავით არ ეთ...   Jul 21 2007, 02:03 AM
დათიკო   abo რა თქმა უნდა. ყვე...   Jul 22 2007, 01:22 AM
abo   დათიკო შენი გაცნობ...   Jul 22 2007, 02:04 AM
alex_b   seminaristi ამ საკითხზე მ...   Jul 23 2007, 02:03 AM
seminaristi   ამ საკითხზე მგონი ...   Jul 24 2007, 05:50 PM
егри   დათიკო რომელ განყ...   Sep 8 2007, 03:17 PM
დათიკო   егри ამ ფორუმზე ეგე...   Sep 8 2007, 11:12 PM
егри   დათიკო ანუ, თუ იესო...   Sep 8 2007, 11:20 PM
დათიკო   егри რა თქმა უნდა :) ი...   Sep 8 2007, 11:23 PM
nino_ni   ეს ეგრი აშკარად რთ...   Mar 28 2008, 09:41 PM
skeptikosi   მე საერთოდ ის მაინ...   Apr 22 2008, 02:22 PM
შამხაზაი   მე საერთოდ ის მაინ...   Jul 12 2023, 02:50 AM
kavkasioni   სალამი ჩემო ქრისტი...   Apr 25 2008, 10:28 PM
nana_007   სალამი ჩემო ქრისტ...   Apr 25 2008, 10:50 PM
t a m a r i   შეიძლება ვცდები, მ...   May 7 2008, 12:46 AM
afxazi   ჩემი მოკრძალებული ...   Jan 27 2010, 01:20 PM
afxazi   წმ. იოანე ოქროპირი: ...   Jan 27 2010, 01:34 PM
afxazi   თეოფილაქტე ბულგარ...   Jan 27 2010, 01:49 PM
afxazi   მათეს სახარების გა...   Jan 27 2010, 02:00 PM
†სერგი   ხალხო დამეხმარეთ მ...   Nov 20 2012, 01:07 AM
A.V.M   †სერგი მოხვალ სემი...   Nov 20 2012, 02:12 AM
puskuu   †სერგი :D :D :D :D :D :D ანდრ...   Nov 20 2012, 02:12 PM
†სერგი   მადლობები. გურამ ხ...   Nov 20 2012, 08:08 PM
A.V.M   კაი. ხუთშაბათამდე. ...   Nov 21 2012, 01:33 AM
†სერგი†   აბა ჩემი შეკოწიწებ...   Aug 19 2013, 06:08 PM
A.V.M   †სერგი† ძმა ხარ! ძ...   Aug 19 2013, 07:11 PM
†სერგი†   რატომ ჩაკვდა ეს თე...   Sep 5 2013, 07:44 PM
G_saxva   †სერგი† ეტყობა ყვე...   Sep 5 2013, 10:50 PM
†სერგი†   ნეტაი ეგრე იყოს და...   Sep 6 2013, 08:31 AM
G_saxva   †სერგი† შენს ნაშრო...   Sep 6 2013, 09:26 AM
†სერგი†   ძალიან საინტერეს...   Sep 6 2013, 09:32 AM
A.V.M   †სერგი† ჩასკდი შენ...   Sep 6 2013, 10:05 AM
†სერგი†   აი სმას რომ დაიწყე...   Sep 6 2013, 11:51 AM
G_saxva   აი სმას რომ დაიწყე...   Sep 6 2013, 12:21 PM
A.V.M   აოფებთ ლოთებო ! :D   Sep 6 2013, 02:24 PM
G_saxva   A.V.M კაი ბოლო ოფი იყო...   Sep 6 2013, 02:29 PM
A.V.M   G_saxva გავუზიაროთში გ...   Sep 6 2013, 02:31 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 03:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი