IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დიდი მარხვა - პირველი კვირა, მოგზაურობა აღდგომისკენ
afxazi
პოსტი Feb 15 2010, 10:57 AM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ყველას გილოცავ დიდი მარხვის დაწყებას. უფალმა მოგვცეს ძალა რომ ღირსეულად მივეახლოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მინდა, რომ თითოეულ კვირას ცალკე თემა მივუძღვნათ და ყველავ ვეცადოთ რაც შეიძლება ბევრი მასალა მოვაგროვოთ დიდი მარხვის შესახებ.


15 თებერვალი (ძვ. სტ. 2 თებერვალი) დიდი მარხვის I შვიდეული. ორშაბათი


მიგებება (მირქმა) უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი (მსახურება გადაიტანება წინა დღეს, 1 თებერვალს).


VI ჟამ. - ეს. I, 1-20. მწუხ. - შესქ. I, 1-13. იგავ. I, 1-20.

მირქმის შემდეგომი დღესასწაულისა და წარგზავნის მსახურებები არ აღესრულება. მართალი სვიმეონისა და ანა წინასწარმეტყველის ხსენება გადმოიტანება ორშაბათს.

დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს დიდ სერობაზე იკითხება ღირსი ანდრია კრიტელის დიდი კანონი.






შემოგთავაზებთ წმიდა თეოდორე სტუდიელის ქადაგებებს, მიძღვნილს დიდი მარხვის ყოველი დღისადმი (გამოკრებილია მარხვანიდან)


ორშაბათსა პირველსა შვიდეულისასა, მარხვისათვის და უვნებელობისა, რომელი სთქუა დაწყებასა მარხუათასა. გუაკურთხენ, მამაო!




ძმანო და მამანო! მარხვისა ესე ჟამი ყოველსავე წელიწადსა შინა შეერთებული, მსგავს არს ნავთსაყუდელსა რასამე უღელვოსა, რომელსა შინა შევლენან ყოველნი კაცნი, და იშუებენ მყუდროებითა სულიერითა, რამეთუ არა ხოლო თუ მონაზონთაი, არამედ ერისკაცთაცა მცირედთა და დიდთა, პყრობილთაი და მპყრობელთაი, მეფეთა და მთავართა, მღუდელთმთავართა, და მღუდელთა, და ყოველსავე ჰასაკისა, და ყოველსავე ნათესავისა მაცხოვარი არს წინამდებარე ესე ჟამი. რამეთუ ქალაქნი და სოფელნი დასცხრებიან ამიერითგან შფოთითა და ამბოხებათაგან, და მათ წილ იწყებენ ფსალმუნებად, და დიდების მეტყუელებად, და ლოცუად, და ვედრებად, რომელთა მიერ მოწყალექმნილი სახიერი ღმერთი ჩუენი მშვიდობასა ჰყოფს სულთა ჩუენთათვის, უკეთუ წადიერითა გულითა შიშით და ძრწოლით შეუვრდეთ და ვსტიროდეთ მის წინაშე, და შემდგომითი შემდგომად წარმართებასა აღუთქმიდეთ უმჯობესისა მიმართ, არამედ ერთა მორწმუნეთა განმგენი ეკკლესიათანი ასწავებენ ჯეროვანსა, რამეთუ უხმს ვითარცა სარბიელსა შინა მორბედთა, თანა მოღუაწეთა მიერ განმხნობაი. ეგრეთვე მმარხუელთა მოძღუართა მიერ ნუგეშინის ცემაი. ხოლო მე ვინაითგან პატიოსნებისა თქუენისა თავად დავიდგინე, თქუენდა მომართცა ვიტყოდე შემოკლებულად. მარხუა უკუე განმაახლებელი არს სულისა, რამეთუ იტყვის მოციქული: "რაოდენ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, ეგეოდენ შინაგანი განახლდების და უკეთუ განახლდების, საცნაურ არს, ვითარმედ განშუენდებისცა პირუელისა მისებრ სიკეთისა, და რაჟამს განშუენდეს, სიყუარულად თავისა თვისისა მოიზიდავს". რომელმან იგი თქუა: "მე და მამა მოვიდეთ, და სავანე მისთანა ვჰყოთ". აწ უკუე ვინაითგან ესე ვითარი არს მადლი მარხვისა, ვიდრეღა სამკვიდრებელ ღუთისა გუყოფს ჩუენ სახიერი ღმერთი, თანაგუაძს შეწყნარებაი მისი, ძმანო. ნუ შევსწუხდებით საუზმისათვის და ლიტონებისა ჭამადთასა, უწყით, რამეთუ უფალსა დაღათუ ძალ-ედვა მრავალთა სანოაგეთა მიერ გამოზრდაი ათასეულთა მათ უდაბნოსა ზედა, არამედ პურითა ხოლო და წყლითა ისტუმრნა, და ვინაიდგან უჩუეულობაი გულის მოდგინებისა მიერ მოლბეს, მიერითგან შეწუხებულ იქმნების. ხოლო მარხუა არა ჭამადთა შინა შემოისაზღვრების, არამედ ყოვლისა ბოროტისა განსაზღურებასა, ვითარცა საღმრთოთა მამათა ჩუენთა თქუეს: "განვეყენნეთ უკუე, გევედრები, მოწყინებასა, დახსნილებასა, მცონარებასა, შურსა, ხდომასა, ბოროტის ჩუეულებასა, თვითსჯულობასა, თავხედობასა, და უფროსღა განვეშორნეთ წარმწყმედელსა გულის თქმასა, რამეთუ დაღაცათუ ვიმარხვიდეთ, ზედა დაგუესხმის ჩუენ მრავალთავი ესე გუელი". ვისმინოთ მეტყუელისა მის, ვითარმედ შუენიერ იყო ხილუად და კეთილ საჭმლად, რომელმან იგი მომაკუდინა მე ნაყოფმან, და იხილეთ, რამეთუ მშუენიერ სთქუა ხილუად, და არა ბუნებით. რამეთუ ვითარცა ვინ მიიღოს მარცუალი ბროწეულისა შუენიერი და ფეროვანი, და ჰპოვის დამპალ, ეგრეთვე სახედ გულისთქმაი იჩემებს სიტკბოებასა მიუთხრობელსა. და ვინაითგან მიღებულ იქმნას, უმწარეს ნაღვლისა იპოვების, და აღლესილ უფროს მახვილისა ორპირისა, შემჭამელ ტკივნეულისა მის სულისა, ვითარცა შეემთხვია პირუელსა მამასა ადამს, შეიტყუა რა გუელისა მიერ, რამეთუ ვინაითგან შეეხო დაყენებულსა მას ჭამადსა, ჰპოვა ცხოვრებისა წილ სიკუდილი. ესევე შეემთხვია მიერითგან და ვიდრემდე აქამომდე ყოველთავე მსგავსად მისსა ვეშაპისა მიერ ცთუნებულთა, რამეთუ ვითარცა იგი ბნელ არს და შეიცუალების ანგელოსად ნათლისად, ეგრეთვე იცის შეცუალება ბოროტისა კეთილად, და მწარისა ტკბილად, და ბნელისა ნათლად, უშუერისა მშუენიერებად, და სასიკუდინოისა საცხოვრებელად, და ამის მიერ ცდუნებად სოფლისა მარადღე არა დასცხრების ყოვლად ბოროტი იგი. არამედ ჩუენ, ძმანო, ნუ შევსცდებით მრავალფერთა მათ საცთურთა მისთაგან, და ნუმცა შეგუემთხუევის სახედ მფრინუელთა, რომელნი იგი ხილულსა მას ჭამადსა უძღებებით მივლენ, და შთავარდებიან მახესა მონადირეთასა, არამედ განვარჩევდეთ საბურუელსა მას სიბოროტისასა გონებითა, რათა შუშულად ვიხილოთ ბოროტი და მოსწრაფებით ვივლტოდეთ მისგან. ამათ თანა კეთილად მოსწრაფე ვიყუნეთ, ჟამითი ჟამათ ფსალმუნებასა, გულსმოდგინეთ დიდებისმეტყველებასა, განკრძალულ წიგნის კითხუასა, წადიერად მუხლთ-დრეკასა, რიცხვისაებრ მოცემულისა თვითოეულსა ჟამისა. მოქმედ თვისითა ხელითა, რამეთუ კეთილ არს საქმე, რამეთუ უქმისა არა ჭამაი განწესებულ არს. ურთიერთ არს სიმძიმეი ვიტვირთოთ, რამეთუ რომელიმე უძლურ-არს, ხოლო რომელიმე ძლიერ ჭამისათვისცა და სუმისა და სხუათაცა საქმეთა, და არა ვეშურებოდეთ უკეთურებასა, არამედ ვეშურებოდეთ კეთილსა და ვიყუნეთ ყოველთა შინა ტკბილ ურთიერთ არს, მოწყალე, მყუდრო, მორჩილ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთათა. და მშვიდობამან ღუთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუეწნნი, რათა აწინდელსა ამის ჟამსა ღირს ვიქმნნეთ უბრალოდ მიწევნად საუფლოსა მას დღესა აღდგომისასა, ხოლო მეორესა მას საუკუნესა აღდგომასა მკუდართასა მიმთხუევად ზეცათა სასუფეველსა, ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება, და სიმტკიცე, თანა მამით და წმიდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
tamuna m
პოსტი Feb 20 2010, 01:43 PM
პოსტი #2


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



დიდი მარხვის შაბათები

ეკლესიის მამები ხშირად ადარებდნენ დიდ მარხვას რჩეული ერის ორმოცწლიან ხეტიალს უდაბნოში. ბიბლიიდან ვიცით, რომ საღმრთო ერის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნისგან დასახსნელად და იმისთვისაც, რომ ამ ორმოცწლიანი ხეტიალის განმავლობაში საღმრთო განგების უზენაესი მიზნები გამოეცხადებინა, ღმერთმა მრავალი სასწაული ჰქმნა. ამ ხეტიალის მსგავსად ადგენენ წმინდა მამები ორმოცდღიანი მარხვის განმარტებასაც.

მარხვის საბოლოო მიზანი პასექია, ანუ ღმრთის სასუფევლის აღთქმული მიწა. მაგრამ დიდი მარხვის ყოველი კვირის დასასრულსაც თითქოსდა რაღაც „შესვენება“ ხდება, ამ საბოლოო მიზნის წინასწარი შეგრძნება. ეს ორი დღეა - შაბათი და კვირა, როცა ევქარისტია აღესრულება. ამ დღეებს მარხვის სულიერ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

დავიწყოთ შაბათით. მისი განსაკუთრებული მდგომარეობა საეკლესიო ტიპიკონში და ამ დღის გამორიცხვა სამარხვო ღვთისმსახურების ტიპისაგან ახსნას საჭიროებს. იმ „რუბრიკების“ თვალსაზრისით, რომლებზედაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, შაბათი სამარხვო დღე არაა, ის თვით ღმრთის მიერ დაწესებული დღესასწაულის დღეა. და აკურთხა ღმერთმან დღე მეშჳდე და წმიდა-ყო იგი“ (დაბ. 2,3). არავის შეუძლია საღმრთო განჩინების შეცვლა ან გაუქმება. მართალია, ბევრი ქრისტიანი ფიქრობს, რომ შაბათის დღესასწაულად დადგინება ღმრთის მიერ უბრალოდ კვირას იქნა გადატანილი და ეს დღე, ამგვარად, დასვენებისა და სიმშვიდის დღედ იქცა. მაგრამ ამ თვალსაზრისს არაფერი ადასტურებს არც საღმრთო წერილმი, არც საღმრთო გადმოცემაში. პირიქით, წმინდა მამათა წერილებში და ადრეულ საეკლესიო გადმოცემაში კვირას პირველი ან მერვე დღე ეწოდება, რითაც ხაზგასმულია მისი გარკვეული დაპირისპირება შაბათთან, რომელიც სამუდამოდ რჩება მეშვიდე დღედ, ღმრთისაგან განწმენდილად და კურთხეულად. ეს ის დღეა, როცა დამოწმებულ იქნა, რომ შექმნილი ქვეყნიერება ფრიად კეთილია და ასეთია ამ დღის მნიშვნელობა მთელს ძველ აღთქმაში, მნიშვნელობა, რომელიც თვით ქრისტეს მიერ იყო დაცული და ეკლესიაშიც ნარჩუნდება. ეს ნიშნავს, რომ დაცემისა და ცოდვის მიუხედავად ქვეყნიერება ღმრთის კეთილ ქმნილებად დარჩა, მან შეინარჩუნა ის არსებითი სიკეთე, რომლისთვისაც ასე გაიხარა უფალმა: „და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნა, და აჰა კეთილ ფრიად“.

ამიტომაც შაბათის დაცვა თავიდანვე ნიშნავდა, რომ ცხოვრება შეიძლება იყოს საზრისით აღვსილი, ბედნიერი, შემოქმედებითი. ცხოვრებას შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც ღმერთმა ისურვა. და შაბათი, დასვენების დღე, როცა ჩვენ საკუთარი შრომის ნაყოფით ვიხარებთ, სამუდამოდ ინახავს საღმრთო კურთხევის მადლს, მის საქმეებსა და მშვიდობაზე დამყარებულს. მაგრამ შაბათის ქრისტიანული გაგების დაფუძნება ძველაღთქმისეულ გაგებაზე არათუ არ გამორიცხავს, არამედ გულისხმობს მათ შორის განსხვავებას. ქრისტეს მიერ არაფერი რჩება უცვლელი, რადგანაც მის მიერ ყველაფერი აღსრუღდა, დაძლეულ იქნა ყველა შეზღუდვა, ყველაფერი აღივსო ახალი აზრით. თუ შაბათი თავის უმაღლეს სულიერ საზრისში ატარებს იმ მნიშვნელობას, რომ თვით ქვეყნიერების არსში სამუდამოდ ინახება ღმრთის დასკვნა, რომ ეს ქმნილება „ფრიად კეთილია“, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტემ ამა ქვეყნის საზრისი ახალი ნათლით განაცხადა და რაღაც ახლად აქცია ის. ქრისტემ მიანიჭა ადამიანს ღმრთის სასუფეველი, რომელიც „არა ამა სოფლისაა“. სწორედ აქ იპოვება იმ უზენაესი ნათლის წყარო, რომლის წყალობით ქრისტიანისთვის ყოველივე ახლდება. ამა სოფლის, შექმნილი ქვეყნიერებისა და მისი შინაარსის მთელი სიკეთე უკვე შეესაბამება მის აღსრულებას ღმრთის სასუფეველში, მომავალი დროის სასუფეველში, რომელიც მთელი სისრულით მხოლოდ წუთისოფლის აღსასრულის შემდეგ განცხადდება. უფრო მეტიც, წუთისოფელმა, რომელმაც უარყო ქრისტე, გვიჩვენა, რომ იგი წუთისოფლის თავადის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, „ბოროტსა ზედა დგას“ (1 იოან. 5,19), მისი ცხოვნების გზა კი ევოლუციაზე, სრულყოფასა და პროგრესზე კი არ გადის, არამედ ჯვარზე, სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომაზე. „რომელი დასთესი, არა ცხონდის, ვიდრემდე არა მოკუდის“ (1 კორ. 15,36). ამგვარად, ქრისტიანი „ორმაგი ცხოვრებით“ ცხოვრობს არა იმ აზრით, რომ იგი თავის „რელიგიურ“ და საერო საქმიანობას ერთმანეთს უთავსებს. არამედ იმიტომ, რომ მთელი მისი ცხოვრება ქცეულა ღმრთის სასუფევლის წინასწარ შეგრძნებად და მისთვის მომზადებად, ყოველი მისი საქციელი კი მოწოდებულია, იქცეს მომავალ მოვლენათა ნიშნად, დამტკიცებად და მოლოდინად. ამგვარია სახარების მოჩვენებითი წინააღმდეგობის აზრი: ღმრთის სასუფეველი ჩვენს შორისაა და თანაც იგი ჯერ კიდევ მოსასვლელია. თუ ვინმემ საკუთარ ცხოვრებაშივე ვერ შეიცნო სასუფეველი, მას არ განეცხადება ის, როგორც სახარებისეული სიყვარულის მოლოდინისა და წადილის ობიექტი. შეიძლება გვწამდეს სიკვდილისშემდგომი საზღაური ან სასჯელი, მაგრამ ამავე დროს ვერ მივხვდეთ ქრისტიანული ლოცვის მთელს სიხარულსა და ძლიერებას: „მოვედინ სუფევაჲ შენი!“ ქრისტე მოვიდა იმისათვის, რომ ჩვენ მისი ლოდინი შეგვძლებოდა. იგი შევიდა ჩვენს დროით ცხოვრებაში, რათა ცხოვრებაც და დროც ღმრთის სასუფევლის გზად ქცეულიყო.

შაბათი, ქვეყნიერების შექმნის, ამა სოფლის დღე, ქრისტეს მიერ იქცა უფლის დღის წინამორბედი მოლოდინის ჟამად. ეს გარდაქმნა მოხდა იმ დიდსა და წმინდა შაბათს, როცა უფალმა აღასრულა თავისი ამქვეყნიური საქმენი და საფლავში მიიძინა. მეორე დღეს, შაბათის შემდგომ პირველ დღეს, ამ საფლავიდან სიცოცხლე აღმობრწყინდა და მენელსაცხებლე დედებს ეთქვა: „გიხაროდენ!“. მოწაფეებს კი „არღა ჰრწმენად სიხარულისა მისგან“ (ლ. 24,41). ასე დაიწყო ახალი ქმნილების პირველი დღე. ამ ახალ დღეს ეკლესია მონაწილეობს და მკვდრეთით აღდგომას უერთდება. მაგრამ ეკლესია ჯერაც ამა სოფლად ცხოვრობს და მოგზაურობს. ეს სოფელი თავის მისტიურ სიღრმეში იქცა შაბათად, რადგანაც, პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად: „რამეთუ მოჰკუედით, და ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა. რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხორებაჲ იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა მის თანა გამოცხადნეთ დიდებითა“ (კოლასელთა 3,3-4).

ეს ყველაფერი განმარტავს შაბათის, მეშვიდე დღის ერთადერთ და განსაკუთრებულ ადგილს საღმრთისმსახურო გადმოცემაში: ეს ორმაგი საზრისია დღესასწაულისა და სიკვდილის დღისა. ეს დღესასწაულია, რადგანაც ამა სოფლად, დროის საუფლოში ქრისტემ დათრგუნა სიკვდილი და თავისი სასუფევლის კარი გახსნა, რადგანაც მისი განხორციელება, სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა იმ საღმრთო შემოქმედების დასასრულია, რომლისთვისაც იხარებდა ღმერთი ჟამთა დასაბამს. მაგრამ შაბათი სიკვდილის დღეცაა, რადგანაც ქრისტეს სიკვდილში ეს სოფელიც მოკვდა, მისი ცხოვნება, აღსრულება და სახეცვლილება კი უკვე სიკვდილის საზღვრებს მიღმა, მომავალ სასუფეველშია. ღვთისმსახურების წლიური ციკლის ყველა შაბათის მნიშვნელობა დაკავშირებულია ორ გადამნყვეტ შაბათთან: ლაზარეს აღდგინებასთან, რომელიც ამა სოფლად აღსრულდა და საყოველთაო აღდგინების მომასწავებელი და აღთქმა იყო, და პასექის დიდი, წმინდა შაბათი, როცა თვით სიკვდილი დაითრგუნა და ახალი ქმნილების ახალ ცხოვრებაში შესასვლელად იქცა.

დიდი მარხვის განმავლობაში შაბათის ეს მნიშვნელობა განსაკუთრებით ნათლად ვლინდება, რადგანაც მარხვის მიზანი სწორედ დროის ქრისტიანული საზრისის აღდგენაა, სადაც ჟამთასვლა მომზადებად და მოგზაურობად განიხილება: „გლოცავ თქუენ, ვითარცა მწირთა და წარმავალთა, განეშორენით გულის თქუმათაგან ჴორციელთა, რომელნი ეწყვებიან სულსა“ (1 პეტრ. 2,11). დიდი მარხვის შაბათები სამარხვო მოსაგრეობას მომავალ აღსრულებასთან აკავშირებენ და, ამგვარად, მარხვას განსაკუთრებულ სულიერ რიტმს ანიჭებენ. ერთი მხრივ, დიდი მარხვის შაბათი იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგიის აღსრულებით აღნიშნული ევქარისტიული დღეა, ევქარისტია კი ყოველთვის დღესასწაულს ნიშნავს. მაგრამ ამ დღესასწაულის განსაკუთრებული ხასიათი დიდ მარხვასთან, მის მოსამზადებელ, მოთმინებითა და მოსაგრეობით აღსავსე ხასიათთან შესაბამისობაში მდგომარეობს. ეს უბრალოდ „სულის მოთქმაა“, რომელიც მიზნად ისახავს, რომ მოგზაურობის საბოლოო მიზანზე დავფიქრდეთ. ამაზე განსაკუთრებით ცხადად მიგვითითებს სამოციქულო ეპისტოლეთა საკითხავების წესი, რომელიც დიდი მარხვის შაბათ დღეებში ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან შეირჩევა, რომლის მთავარი თემაა ცხოვნების, აღთქმისა და მომავლის რწმენის გზაა.

პირველ შაბათს ჩვენ ეპისტოლეს საზეიმო შესავალს ვისმენთ (ებრ. 1,1-12), სადაც დამტკიცებულია ქვეყნიერების შექმნა, ცოდვისაგან მისი გამოხსნა და მარადიული სასუფევლის დადგომა:
მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინაჲსწარმეტყელთა მიერ, ხოლო უკუანაჲსკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა, რომელი-იგი დაადგინა მკჳდრად ყოვლისა, რომლისაგანცა შექმნნა ღმერთმან საუკუნენი... ხოლო შენ თავადი იგივე ხარ და წელიწადთა შენთა არა მოაკლდეს.


ჩვენ ამ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ - უმაღლესი მოსაგრეობის დღეებში. დროის მიხედვით ჩვენ კიდევ „დღეს“ ვართ, მაგრამ ბოლო ჟამი ახლოვდება. დიდი მარხვის მეორე კვირის შაბათს კითხულობენ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს 3,12-14:
ეკრძალენით, ძმანო, ნუუკუე სადამე იყოს ვისმე თქუენგანსა თანა გული უკეთური ურწმუნოებისაჲ განდგომად ღმრთისაგან ცხოველისა. არამედ ნუგეშინის-სცემდით თავთა თჳსთა დღითი-დღედ, ვიდრე-ესე დღესღა ჰრქჳან, რაჲთა არა გან-ვინმე-ფიცხნეს თქუენგანი საცთურითა მით ცოდვისაჲთა, რამეთუ თანა-ზიარ ქრისტესა ვიქმნენით, უკუეთუ დასაბამი იგი ძლიერებისაჲ აღსასრულადმდე მტკიცედ შევიკრძალოთ.

ბრძოლა მძიმეა. ტანჯვისა და განსაცდელის ფასად ვაღწევთ საუკეთესოსა და მარადიულის ფლობას. ამიტომაც მესამე მაბათის შეგონება ასე მოგვიწოდებს (ებრ. 10,35-38):
ნუ განიშორებთ განცხადებულებასა მაგას თქუენსა, რომელსაც აქუს დიდი სასყიდლის მოგებაჲ. რამეთუ მოთმინებაჲ გიჴმს თქუენ, რაჲთა ნებაჲ ღმრთისაჲ ჰყოთ და მოიღოთ აღნათქუემი იგი. რამეთუ მცირედ, წუთ ერთღა, მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს. ხოლო მართალი სარწმუნოებით ცხონდეს; და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა.

ამ ბრძოლისათვის ჩვენ სარწმუნოებით, სასოებითა და სყვარულით უნდა შევიარაღდეთ, როგორც ეპისტოლეს სკითხავი (ებრ. 6,10-12) გვიმტკიცებს მეოთხე შაბათს:
რამეთუ არა არს სიცრუვე ღმრთისა თანა, ვითარმცა დაივიწყნა საქმენი თქუენნი და შრომაჲ სიყუარულისა თქუენისაჲ, რომელიც აჩუენეთ სახელისა მისისათჳს, რამეთუ ჰმსახურებდით წმიდათა მათ და ჰმსახურებდცა.
გუსურის კაცად-კაცადსა თქუენისა, რაჲთა მასვე აჩუენებდეთ მოსწრაფებასა გულ-სავსებისა მის მიმართ სასოებისა ვიდრე აღსასრულადმდე, რაჲთა არა მოჰმედგრდეთ, არამედ მობაძავ იყვნეთ მათდა, რომელთა-იგი სარწმუნოებითა და სულგრძელობითა დაიმკჳდრნეს აღთქუმანი.

დრო მოკლდება, მოლოდინი უფრო იძაბება, რწმენა უფრო მხიარული ხდება. ეს მეხუთე შაბათის საკითხავში ჩანს (ებრ 9,28):
ეგრეცა ქრისტე ერთგზის შეიწირა მრავალთათჳს აჴოცად ცოდვათა, ხოლო მეორედ თჳნიერ ცოდვათა გამოეცხადოს, რომელნი-იგი მოელიან მას მაცხოვრად.

ეს ბოლო საკითხავია ლაზარეს შაბათის წინ, როცა მოლოდინის დრო-ჟამიდან მოლოდინის აღსრუღუბის დროში გადავდივართ.

სახარების საკითხავები დიდი მარხვის შაბათებისთვის არჩეულია მარკოზის სახარებიდან და მათაც გარკვეული მიმდევრობა ახასიათებს.

პირველი შაბათის სახარება ამ მიმდევრობის მნიშვნელობასა და საზრისს გვიხსნის. ქრისტე უარყოფს ებრაული შაბათის ფარისევლურ აკრძალვებს და ამბობს (მკ. 2,27-28):
შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს. ვინაჲცა უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

ახალი ცხოვრება დადგა, ადამიანის აღდგინება დაიწყო. დიდი მარხვის მეორე კვირის შაბათს ჩვენ ვისმენთ კეთროვანის სიტყვებს ქრისტეს მიმართ: „უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმენდად ჩემდა. ხოლო იესოს შეეწყალა იგი, განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენ!“ (მკ. 1,40-41).

მესამე შაბათს ვხედავთ, რომ ქრისტე ყოველგვარი აკრძალვის საწინააღმდეგოდ „მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს...“ (მკ. 2,14-17).

მეოთხე შაბათს შესაქმის წიგნში მოცემული მტკიცების პასუხად, რომ შექმნილი ქვეყნიერება ფრიად კეთილია (დაბადება, თავი I), სახარება სიხარულით გვამცნობს: „ყოველსავე კეთილსა იქმს: ყრუთა ასმენს და უტყუთა ატყუებს“ (მარკ. 7,37).

და ბოლოს, მეხუთე შაბათს ყოველივე პეტრე მოციქულის გადამწყვეტი აღიარებით სრულდება: „შენ ხარ ქრისტე...“ (მკ. 8,29).

ეს ადამიანის მიერ ქრისტეს საიდუმლოების, ახალი ქმნილების საიდუმლოების მიღებაა.

დიდი მარხვის შაბათები, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, თავიანთ თავში კიდევ ერთ თემასა თუ განზომილებას შეიცავს. ესაა სიკვდილის თემა. პირველი შაბათის გამოკლებით, რომელიც საეკლესიო ტრადიციით წმინდა თევდორე ტირონის ხსენებას ეძღვნება, და მეხუთე შაბათისა, რომელიც დაუჯდომელის გალობას უჭირავს, დარჩენილი სამი შაბათი მკვდრეთით აღდგომისა და საუკუნო ცხოვრების სასოებით უფლის მიერ ყოველთა შესვენებულთა მოსახსენიებელი დღეებია. ეს მოხსენიება, როგორც უკვე ვთქვით, ამზადებს და წინასწარ ამცნობს ლაზარეს აღდგინებისა და ვნების შვიდეულის დიდ წმინდა შაბათს. ეს მოხსენიება უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც სიყვარულის აქტი, ან „კეთილი საქმე“ არამედ როგორც ამა სოფლის გამოცხადება მის მოკვდავობასა და კვდომაში. ამა სოფლად ჩვენ სასიკვდილოთ ვართ განწირულნი ისევე, როგორც თვით ქვეყნიერება. მაგრამ ქრისტეს მიერ სიკვდილი შიგნიდანაა დამარცხებული და სიკვდილმა, როგორც წმინდა მოციქულმა პავლემ თქვა, დაკარგა თავისი ნესტარი, ახალ, უხვად გადმომდინარე ცხოვრების სისავსეში შემავალ კარად იქცა. ყოველი ჩვენგანისთვის ეს შესვლა ნათლისღებისას სიკვდილით დაიწყო, რომელიც მკვდრად აქცევს ცოცხლებს („მოჰკუედით და ცხოვრებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა“ - კოლასელთა 3,3) და აცოცხლებს მკვდრებს, რადგანაც სიკვდილი უკვე აღარ არსებობს. ხალხურ ღვთისმოსაობაში ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტი საზრისისაგან ღრმა გადახვევამ სიკვდილი კვლავ შავ ძალად წარმოაჩინა. ეს გამოიხატება დაკრძალვებსა და პანაშვიდებზე სამგლოვიარო შავი სამოსით. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტიანისათვის სიკვდილის ფერი თეთრია. განსვენებულთათვის ლოცვა არ ნიშნავს სევდასა და გლოვას. ყველაზე კარგად ეს მიცვალებულთა მოხსენიებისათვის განკუთვნილ დღეებში, განსაკუთრებით კი დიდი მარხვის შაბათ დღეებში ვლინდება. ქვეყნიერების შექმნის სასიხარულო დღე ცოდვით დაცემის შემდეგ სიკვდილის დღედ იქცა, რადგანაც „ამაოებასა დამორჩილდა დაბადებული“ (რომ. 8,20) და თვით იქცა სიკვდილად. მაგრამ ქრისტეს სიკვდილი მკვდრეთით აღადგენს მეშვიდე დღეს და ახალი ქმნილების დღედ აქცევს მას, ამარცხებს და ანადგურებს ყოველივეს, რამაც ეს დღე სიკვდილის ზეიმად გარდაქმნა. დიდი მარხვის მთავარი მიზანი კი „ღმრთის შვილთა გამოჩინების“ (რომ. 8,19) იმედისა და სურვილის აღდგენაა, რომელიც თავისთავად ქრისტიანული რწმენის, სასოებისა და სიყვარულის აღსრულებაა. ამ სასოებით ვცხონდებით. ხოლო სასოებაჲ ხილული არა არს სასოება, რამეთუ რომელსაც-იგი ვინმე ხედავნ, რაჲსაღა-მე ესავნ? ხოლო ჩუენ, რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით“ (რომ. 8,24-25). ქრისტიანული სიკვდილისა და შესვენებულთათვის ლოცვის საზრისი ლაზარეს შაბათის ნათელი და წმინდა შაბათის სიხარულით აღსავსე სიმშვიდეა.

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani...arkhva5-1.htm#2


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2024 - 03:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი