IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დიდი მარხვა - პირველი კვირა, მოგზაურობა აღდგომისკენ
afxazi
პოსტი Feb 15 2010, 10:57 AM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ყველას გილოცავ დიდი მარხვის დაწყებას. უფალმა მოგვცეს ძალა რომ ღირსეულად მივეახლოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მინდა, რომ თითოეულ კვირას ცალკე თემა მივუძღვნათ და ყველავ ვეცადოთ რაც შეიძლება ბევრი მასალა მოვაგროვოთ დიდი მარხვის შესახებ.


15 თებერვალი (ძვ. სტ. 2 თებერვალი) დიდი მარხვის I შვიდეული. ორშაბათი


მიგებება (მირქმა) უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი (მსახურება გადაიტანება წინა დღეს, 1 თებერვალს).


VI ჟამ. - ეს. I, 1-20. მწუხ. - შესქ. I, 1-13. იგავ. I, 1-20.

მირქმის შემდეგომი დღესასწაულისა და წარგზავნის მსახურებები არ აღესრულება. მართალი სვიმეონისა და ანა წინასწარმეტყველის ხსენება გადმოიტანება ორშაბათს.

დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს დიდ სერობაზე იკითხება ღირსი ანდრია კრიტელის დიდი კანონი.






შემოგთავაზებთ წმიდა თეოდორე სტუდიელის ქადაგებებს, მიძღვნილს დიდი მარხვის ყოველი დღისადმი (გამოკრებილია მარხვანიდან)


ორშაბათსა პირველსა შვიდეულისასა, მარხვისათვის და უვნებელობისა, რომელი სთქუა დაწყებასა მარხუათასა. გუაკურთხენ, მამაო!




ძმანო და მამანო! მარხვისა ესე ჟამი ყოველსავე წელიწადსა შინა შეერთებული, მსგავს არს ნავთსაყუდელსა რასამე უღელვოსა, რომელსა შინა შევლენან ყოველნი კაცნი, და იშუებენ მყუდროებითა სულიერითა, რამეთუ არა ხოლო თუ მონაზონთაი, არამედ ერისკაცთაცა მცირედთა და დიდთა, პყრობილთაი და მპყრობელთაი, მეფეთა და მთავართა, მღუდელთმთავართა, და მღუდელთა, და ყოველსავე ჰასაკისა, და ყოველსავე ნათესავისა მაცხოვარი არს წინამდებარე ესე ჟამი. რამეთუ ქალაქნი და სოფელნი დასცხრებიან ამიერითგან შფოთითა და ამბოხებათაგან, და მათ წილ იწყებენ ფსალმუნებად, და დიდების მეტყუელებად, და ლოცუად, და ვედრებად, რომელთა მიერ მოწყალექმნილი სახიერი ღმერთი ჩუენი მშვიდობასა ჰყოფს სულთა ჩუენთათვის, უკეთუ წადიერითა გულითა შიშით და ძრწოლით შეუვრდეთ და ვსტიროდეთ მის წინაშე, და შემდგომითი შემდგომად წარმართებასა აღუთქმიდეთ უმჯობესისა მიმართ, არამედ ერთა მორწმუნეთა განმგენი ეკკლესიათანი ასწავებენ ჯეროვანსა, რამეთუ უხმს ვითარცა სარბიელსა შინა მორბედთა, თანა მოღუაწეთა მიერ განმხნობაი. ეგრეთვე მმარხუელთა მოძღუართა მიერ ნუგეშინის ცემაი. ხოლო მე ვინაითგან პატიოსნებისა თქუენისა თავად დავიდგინე, თქუენდა მომართცა ვიტყოდე შემოკლებულად. მარხუა უკუე განმაახლებელი არს სულისა, რამეთუ იტყვის მოციქული: "რაოდენ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, ეგეოდენ შინაგანი განახლდების და უკეთუ განახლდების, საცნაურ არს, ვითარმედ განშუენდებისცა პირუელისა მისებრ სიკეთისა, და რაჟამს განშუენდეს, სიყუარულად თავისა თვისისა მოიზიდავს". რომელმან იგი თქუა: "მე და მამა მოვიდეთ, და სავანე მისთანა ვჰყოთ". აწ უკუე ვინაითგან ესე ვითარი არს მადლი მარხვისა, ვიდრეღა სამკვიდრებელ ღუთისა გუყოფს ჩუენ სახიერი ღმერთი, თანაგუაძს შეწყნარებაი მისი, ძმანო. ნუ შევსწუხდებით საუზმისათვის და ლიტონებისა ჭამადთასა, უწყით, რამეთუ უფალსა დაღათუ ძალ-ედვა მრავალთა სანოაგეთა მიერ გამოზრდაი ათასეულთა მათ უდაბნოსა ზედა, არამედ პურითა ხოლო და წყლითა ისტუმრნა, და ვინაიდგან უჩუეულობაი გულის მოდგინებისა მიერ მოლბეს, მიერითგან შეწუხებულ იქმნების. ხოლო მარხუა არა ჭამადთა შინა შემოისაზღვრების, არამედ ყოვლისა ბოროტისა განსაზღურებასა, ვითარცა საღმრთოთა მამათა ჩუენთა თქუეს: "განვეყენნეთ უკუე, გევედრები, მოწყინებასა, დახსნილებასა, მცონარებასა, შურსა, ხდომასა, ბოროტის ჩუეულებასა, თვითსჯულობასა, თავხედობასა, და უფროსღა განვეშორნეთ წარმწყმედელსა გულის თქმასა, რამეთუ დაღაცათუ ვიმარხვიდეთ, ზედა დაგუესხმის ჩუენ მრავალთავი ესე გუელი". ვისმინოთ მეტყუელისა მის, ვითარმედ შუენიერ იყო ხილუად და კეთილ საჭმლად, რომელმან იგი მომაკუდინა მე ნაყოფმან, და იხილეთ, რამეთუ მშუენიერ სთქუა ხილუად, და არა ბუნებით. რამეთუ ვითარცა ვინ მიიღოს მარცუალი ბროწეულისა შუენიერი და ფეროვანი, და ჰპოვის დამპალ, ეგრეთვე სახედ გულისთქმაი იჩემებს სიტკბოებასა მიუთხრობელსა. და ვინაითგან მიღებულ იქმნას, უმწარეს ნაღვლისა იპოვების, და აღლესილ უფროს მახვილისა ორპირისა, შემჭამელ ტკივნეულისა მის სულისა, ვითარცა შეემთხვია პირუელსა მამასა ადამს, შეიტყუა რა გუელისა მიერ, რამეთუ ვინაითგან შეეხო დაყენებულსა მას ჭამადსა, ჰპოვა ცხოვრებისა წილ სიკუდილი. ესევე შეემთხვია მიერითგან და ვიდრემდე აქამომდე ყოველთავე მსგავსად მისსა ვეშაპისა მიერ ცთუნებულთა, რამეთუ ვითარცა იგი ბნელ არს და შეიცუალების ანგელოსად ნათლისად, ეგრეთვე იცის შეცუალება ბოროტისა კეთილად, და მწარისა ტკბილად, და ბნელისა ნათლად, უშუერისა მშუენიერებად, და სასიკუდინოისა საცხოვრებელად, და ამის მიერ ცდუნებად სოფლისა მარადღე არა დასცხრების ყოვლად ბოროტი იგი. არამედ ჩუენ, ძმანო, ნუ შევსცდებით მრავალფერთა მათ საცთურთა მისთაგან, და ნუმცა შეგუემთხუევის სახედ მფრინუელთა, რომელნი იგი ხილულსა მას ჭამადსა უძღებებით მივლენ, და შთავარდებიან მახესა მონადირეთასა, არამედ განვარჩევდეთ საბურუელსა მას სიბოროტისასა გონებითა, რათა შუშულად ვიხილოთ ბოროტი და მოსწრაფებით ვივლტოდეთ მისგან. ამათ თანა კეთილად მოსწრაფე ვიყუნეთ, ჟამითი ჟამათ ფსალმუნებასა, გულსმოდგინეთ დიდებისმეტყველებასა, განკრძალულ წიგნის კითხუასა, წადიერად მუხლთ-დრეკასა, რიცხვისაებრ მოცემულისა თვითოეულსა ჟამისა. მოქმედ თვისითა ხელითა, რამეთუ კეთილ არს საქმე, რამეთუ უქმისა არა ჭამაი განწესებულ არს. ურთიერთ არს სიმძიმეი ვიტვირთოთ, რამეთუ რომელიმე უძლურ-არს, ხოლო რომელიმე ძლიერ ჭამისათვისცა და სუმისა და სხუათაცა საქმეთა, და არა ვეშურებოდეთ უკეთურებასა, არამედ ვეშურებოდეთ კეთილსა და ვიყუნეთ ყოველთა შინა ტკბილ ურთიერთ არს, მოწყალე, მყუდრო, მორჩილ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთათა. და მშვიდობამან ღუთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუეწნნი, რათა აწინდელსა ამის ჟამსა ღირს ვიქმნნეთ უბრალოდ მიწევნად საუფლოსა მას დღესა აღდგომისასა, ხოლო მეორესა მას საუკუნესა აღდგომასა მკუდართასა მიმთხუევად ზეცათა სასუფეველსა, ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება, და სიმტკიცე, თანა მამით და წმიდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
ნონა
პოსტი Feb 20 2010, 04:20 PM
პოსტი #2


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ახლა შმემანის ”დიდ მარხვას” კიდევ ერთხელლ ვკითხულობდი და რამდენიმე ადგილი გამორჩეულად მტკივნეულად მომხვდა თვალში...

თანდათანობით წარმოიქმნა ღრმა შეუსაბამობა, ერთი მხრივ, დიდი მარხვის სულისკვეთებასა და „თეორიას“ - რომელთა ახსნას შევეცადეთ ჩვენ სამარხვო ღმრთისმსახურებათა მაგალითზე - და, მეორე მხრივ, მარხვის საყოველთაო მცდარ გაგებას შორის, რომელსაც ზოგჯერ თვით სამღვდელოება უჭერს მხარს და იზიარებს. ყოველთვის უფრო ადვილია ფორმალურამდე დავიყვანოთ ყოველგვარი სულიერი საწყისი, ვიდრე ფორმალურს მიღმა ვეძიოთ სულიერი

ჩვენს ცხოვრებაზე დიდი მარხვის რეალური ზეგავლენის დაკარგვის საფუძველი გაცილებით უფრო ღრმაა. ეს საფუძველი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ, ნებაყოფლობით თუ უნებლიეთ, დაგვყავს რელიგია ზედაპირულ ნომინალიზმამდე ან სიმბოლიზმამდე, რაც საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ გვერდი ავუქციოთ და გაგება შევუცვალოთ რელიგიის მიერ ჩვენი ცხოვრებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, მოსაგრეობისა და ძალისხმევის სერიოზულობას. უნდა დავსძინოთ, რომ ამგვარი რედუქცია განსაკუთრებით მართლმადიდებლებს ახასიათებს. დასავლელი ქრისტიანები, კათოლიკეები და პროტესტანტგრი, როცა აწყდებიან რაიმეს, რაც „შეუძლებლად“ მიაჩნიათ, უფრო ადვილად შეჰყავთ ცვლილება თვით რელიგიაში, რათა იგი ცხოვრებისათვის „მოსახერხებელი“ გახდეს. სულ მცირე ხნის წინათ მოწმენი გავხდით, თუ როგორ დაიყვანა მინიმუმამდე მარხვა რომის კათოლიკურმა ეკლესიამ და შემდეგ როგორ გააუქმა იგი. ჩვეულებრივ, მარხვის ამგვარ „მისადაგებას“ ცხოვრებისეული პირობებისადმი ჩვენ გულწრფელი და სამართლიანი რისხვით ვხვდებით, როგორც ქრისტიანული გადმოცემის ღალატს, როგორც ქრისტიანული სარწმუნოების მინიმალიზაციას. მართლაც, დიდება და პატივი მართლმადიდებლობას, მაგრამ არა ჩვენ, მართლმადიდებლებს. გუშინ და დღეს კი არა, დიდი ხნის წინათ ვიპოვეთ ჩვენ საშუალება, ჩვენს ადამიანურ სისუსტეს შევურიგოთ საეკლესიო წესები, თანაც ამ დროს არა თუ არ ვკარგავთ საკუთარი ღირსების გრძნობას, არამედ თავს ვიმართლებთ კიდეც და მიგვაჩნია, რომ სინდისი წმინდა გვაქვს. ეს ხერხი მდგომარეობს საეკლესიო მოთხოვნათა სიმბოლურ შესრულებაში. სიმბოლური ნომინალიზმი ახლა უკვე მთელს ჩვენს რელიგიურ ცხოვრებას მსჭვალავს. მაგალითად, ჩვენ აზრადაც არ მოგვდის ჩვენი ლიტურგიისა და სამონასტრო წესდების შეცვლა, - ღმერთმა დაგვიფაროს! - უბრალოდ, ერთი საათის ხანგრძლივობის ღმრთისმსახურებას ჩვენ კვლავ „ღამისთევას“ ვუწოდებთ და ამაყად განვმარტავთ, რომ ეს ისეთივე წესია, რომელსაც საბა განწმენდილის ლავრაში აღასრულებდნენ ბერები IX საუკუნეში.


საეკლესიო ჟურნალებსა და ცნობის ფურცლებში ჩნდება რეცეპტები; „გემრიელი სამარხვო კერძები“.
ჩვენს ეკლესიებში იმდენი რამ განიმარტება სიმბოლურად როგორც საინტერესო, თავშესაქცევი ან სანახაობრივი წეს-ჩვეულება და ტრადიცია, რომელიც არა მარტო წინაპრებთან, არამედ ღმერთთან და მის მიერ ახალ ცხოვრებასთანაც გვაკავშირებს, რომ ამ რელიგიური ფოლკლორის მიღმა სულ უფრო ძნელია რელიგიის ღრმა და სერიოზული საზრისის განჭვრეტა

გაცილებით უფრო მეტი ძალები იხარჯება სამარხვო კერძების მომზადებასა და სააღდგომო გახსნილებაზე, ვიდრე თვით მარხვასა და ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოში მონაწილეობაზე. ეს ნიშნავს, რომ სანამ საერო ტრადიციები და წეს-ჩვეულებები კვლავ არ შეუერთდება მათ წარმომშობ ცხოვრებისადმი რელიგიურ დამოკიდებულებას, სანამ სიმბოლოებისადმი დამოკიდებულება არასერიოზულია, თვით ეკლესიაც დარჩება ცხოვრებისაგან მოწყვეტილი, ცხოვრებაზე გავლენის არმქონე. ამრიგად, წარსული მემკვიდრეობის სიმბოლიზაციის მაგიერ ჩვენ კვლავ უნდა დავიწყოთ ჩვენს ცხოვრებაში მისი ჩართვა.





--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2024 - 11:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი