IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დიდი მარხვა - ვნების კვირა
tamuna m
პოსტი Mar 29 2010, 03:44 PM
პოსტი #1


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ვნების კვირა

IPB-ს სურათი

ვნების შვიდეული
ვნების კვირა დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირას ჰქვია. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.
მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.
ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება.
დიდმარხვის პერიოდი განსაკუთრებული დროა თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებაში. ეს არის დრო საკუთარი თავის უკეთ შეცნობისა, დრო სინანულისა და ცოდვებისაგან განწმენდისა, დრო ლოცვისა და მარხვისა, ქველმოქმედებისა თუ სხვა სათნოებათა აღსრულებისა.

დიდი მარხვა საპასექო წლის მესამე, ბოლო პერიოდს მიეკუთვნება და იგი პირობითად სამ ქვეპერიოდად იყოფა. I პერიოდი - დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, ოთხ კვირა დღეს და სამ შვიდეულს მოიცავს. იგი მეზვერისა და ფარისევლის კვირის მსახურებით იწყება და ყველიერის კვირით სრულდება. II პერიოდი, ანუ საკუთრივ დიდი მარხვის (ძირითადი) პერიოდი, ექვს კვირა დღეს მოიცავს და ბზობის კვირით მთავრდება. III პერიოდი კი ვნების შვიდეული გახლავთ.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ბოლო შვიდეული, მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას ეძღვნება: საიდუმლო სერობას, მის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.

ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმიდა ეკლესია განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს. ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.

ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.

დიდი ორშაბათი


დიდ ორშაბათს ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენებს. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა - იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო. მაგრამ უნაყოფო ლეღვი ასევე ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესიაც დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.

ლიტურგიაზე წასაკითხი სახარებით წმინდა ეკლესია ღვთისაგან გამდგომილი იუდეველების ბედსა და იესო ქრისტეს მიერ აღწერილ სამყაროს აღსასრულს გვახსენებს. დიდ და მრავალრიცოვან განსაცდელთა, იერუსალიმის დანგრევისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების აღწერით ეკლესია მორწმუნეებს ამქვეყნიურ ბოროტებაზე ამაღლებისკენ, სულგრძელობისკენ, სიმშვიდისკენ, მოთმინებისკენ, ლოცვისა და სულიერი სიფხიზლისკენ მოუწოდებს და მაცხოვრის მიერ სახარების მთელ ქვეყენაზე გავრცელებისა და რჩეულთა გულისთვის განსაცდელთა შეწყვეტის აღთქმით ანუგეშებს (მთ. 24,14-22).

14. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული.

15. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს),

16. მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ.

17. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად.

16. ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად.

19. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად.

20. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს.

21. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება.

22. და რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი.


დიდი ორშაბათის ღვთისმსახურებისას დედა ეკლესია მოუწოდებს ყველა მორწმუნეს, შეუდგეს ქრისტეს, ჯვარს ეცვას მასთან ერთად, მოაკვდინოს ხორცი ამქვეყნიურ სიამეთათვის, რათა მარადჟამს უფალთან მყოფობდეს. ცისკრის ჟამნზე მე-3 რიგის კანონის წაკითხვის შემდეგ, წმიდა ეკლესია მორწმუნეთა ყურადღებას მიაპყრობს წმ. იოანე ოქროპირის (IV ს) სწავლებას - „განხმელისათვის ლეღვისა“ და წმ. იოანე დამასკელის (VIII ს.) სიტყვას „იგავისათვის ვენახისა“ (იხ. მარხვანი, გვ.488).

მორწმუნეთათვის განკუთვნილი ზემოხსენებული სწავლება შეაგონებს თითოეულს, რათა უფალი გახდეს გამგებელი და მპყრობელი ადამიანთა გულებისა, რათა უფალმა დაივანოს ჩვენს გულებში და განწმინდოს იგი ყოველგვარი მწიკვლისაგან.

ამ დღეს ყურადღებას იპყრობს სვინაქსარის საკითხავიც, რომელიც საცისკრო კანონთა სამსაგალობლის I გალობის შემდეგ აღესრულება (იხ. მარხვანი, იქვე). აქ მლოცველთა გულისხმა მიემართება წმინდა იოსებისაკენ (პატრიარქ იაკობის შვილი რაქელისაგან), რომლის ცხოვრებაც წარმოჩენილია როგორც წინა სახე იესო ქრისტეს ვნებისა (გაცემისა, ღალატისა და დამდაბლებისა).

ამ დღეს მორწმუნეთა გულისხმისყოფისათვის იკითხება კონდაკი:

„იოსების წარწყმედასა იგლოვდა მწარედ იაკობ, ხოლო მას დაედგნეს ახოვნებისა შარავანდედნი, და მეფობდა ამისთჳს, რამეთუ არა დაამონა გულისთქმა თჳსი მეძვისა ნებასა, და სამართლად იდიდა იგი გულთ მეცნიერისა ღვთისაგან, და მიეცა გვირგვინი უხრწნელებისა“.

http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkhva/vnebis/orsh.htm
http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...bis/vnebis2.htm
http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...nebis_kvira.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
tamuna m
პოსტი Apr 2 2010, 10:16 PM
პოსტი #2


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



IPB-ს სურათი

დიდი შაბათი

წმიდა ეკლესია იხსენებს მაცხოვრის საფლავად დადებას, ხორციელად საფლავში ყოფნას, ხოლო განღმრთობილი სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და მართალთა სულების გამოხსნას, და მამასა და სულიწმიდასთან განუშორებლად თანამყოფობას, ასევე გვაზიარებს საოცარ მოლოდინს უდიდესი მოვლენისა - მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომისა.

ამ დღეს საზეიმოდ ინათლებიან „ნათვლადგანმზადებულნი“, რომლებიც წმიდა ბასილი დიდის წირვაზე ეზიარებიან კიდეც.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დიდი შაბათის მსახურება გამშვენებულია ურთიერთსაპირისპირო სულიერ განცდათა საოცარი გამით: მწუხარებითა და სიხარულით, ცრემლითა და სულიერი აღმაფრენით, გულისტკივილითა და სულიერი გაცისკროვნებით.

დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკცდრეთით აღდგომას ეძღვნება. ცისკარზე მღვდელმსახურები „წმინდაო ღმერთოს“ გალობით გარდამოხსნას ტაძრიდან გამოაბრძანებენ და, ნიშნად იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლისა და სიკვდილზე გამარჯვებისა, ხალხის თანხლებით ტაძრის ირგვლივ შემოატარებენ. შემდეგ ისევ ტაძარში შეაბრძანებენ და ღია აღსავლის კართან მიიტანენ. ეს იმის ნიშანია, რომ მაცხოვარი განუყოფლას იმყოფება მამა ღმერთთან და რომ თავისი ვნებითა და სიკვდილით კვლავ გაგვიღო სამოთხის კარი. ამ დროს იგალობება „მშვენიერმან იოსებ...“

იმ დროს, როცა გარდამოხსნას ისევ ტაძრის შუაგულში დაასვენებენ, ითქმება ეკტენია და იკითხება საწინასწარმეტყველო ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან გარდაცვლილთა მკვდრეთით აღდგომის შესახებ; სამოციქულო, რომელიც გვასწავლის, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი აღდგომაა ყოველი ჩვენგანის სულისთვის; სახარება, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ დააყენეს მცველები პილატეს თანხმობით მაცხოვრის საფლავთან, შესასვლელი ლოდით ჩარაზეს და ზედ ბეჭედი დაასვეს.

დიდი შაბათის ღვთისმსახურება მართლმადიდებლური ლიტურგიული ტრადიციის მწვერვალია. ეს არაა იესო ქრისტეს სიკვდილისა და დასაფლავების ისტორიული მოვლენების დრამატული გათამაშება ან სახარებისეული რიტუალური დადგმა. ეს ღვთისმსახურება ღრმა სულიერი წვდომაა მაცხოვრის იმ ქმედების მარადიულ არსში, რომლითაც მან კაცობრიობა იხსნა.

ბასილი დიდის საღვთო ლიტურგია ანუ წირვა ამ დღეს ჩვეულებრივზე გვიან იწყება და მწუხრს უერთდება. მღვდელი საკურთხეველში ტრაპეზთან კი არ მსახურობს, არამედ ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნასთან.

მცირე შესავლისა და „ნათელი მხიარულის“ გალობის შემდეგ იკითხება 15 საწინასწარმეტყველო საკითხავი ძველი აღთქმიდან. ყოველ მათგანში ნაწინასწარმეტყველევია ღვთის მიერ სამყაროს ხსნა, რაც აღთქმული მესიის მოსვლით აღსრულდა.

სამყაროს შექმნისა (შესაქმეთა წიგნიდან) და ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის შესახებ (გამოსვლათა წიგნიდან) საკითხავებთან ერთად იკითხება ნაწყვეტი ესაია, ეზეკიელ, იერემია, დანიელ და სოფონია წინასწარმეტყველთა წიგნებიდან მესიის ვნების, აღდგომისა და ამ გზით კაცობრიობის ხსნის შესახებ.

საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოს წაკითხვიდან იწყება მზადება მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულისთვის. ამ დროს სამღვდელოების სამგლოვიარო შესამოსელი სადღესასწაულოთი იცვლება. ასევე იცვლება მთელ ტაძარში შავი ფერები ნათელით. ეს იმის ნიშნად ხდება, რომ მენელსაცხებლე დედებმა ადრიანი დილით, ჯერ კიდევ სიბნელეში, მაცხოვრის საფლავზე იხილეს ნათლით მოსილი ანგელოზი და მისგან ისმინეს ხარებს იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ.

სადღესასწაულოდ შემოსილი დიაკვანი, როგორც ანგელოზი, გამოდის ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნის წინ, და სახარების კითხვით ხალხს მაცხოვრის აღდგომას ამცნობს. ამის შემდეგ წირვა ჩვეულებრივ გრძელდება, ოღონდ „ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება „ნუ მტირ მე, დედაო...“.

მსახურებაზე მორწმუნენი მთელ გულისყურს შემდეგი ტროპარებისკენაც მიმართავენ: „შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა“.

„რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღუთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა“.

და ბოლოს, რათა აქაც და მარადიულ ცხოვრებაშიც თანაზიარნი გავხდეთ მაცხოვრის დიდებისა, სულის სარგო ჩვენთვის ერთი ტროპრის დასწავლაც იქნება:

„აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა, და ნეტარ არს მონა იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ, ხოლო ვაი-არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით, იხილე სულო ჩემო, და ნუ გრულის ძილისათვის, რათა არა გამოვარდე სასუფეველისაგან, არამედ აღიმსთვე შუა-ღამესა და ხმობდი: წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ“.
წირვის დამთავრების შემდგომ აკურთხებენ ღვინოსა და პურს მლოცველთა სანუგეშოდ და განსამტკიცებლად. ამას „მოციქულთა საქმეების“ კითხვა მოსდევს, რაც შუაღამიანის ლოცვამდე გრძელდება.

ღამის თორმეტ საათამდე აღესრულება შუაღამიანი, რომლის დროსაც იკითხება დიდი შაბათის კანონი, მის დასასრულს კი სამღვდელოება ტაძრის შუაგულიდან აღსავლის კარით უხმოდ გადაასვენებს გარდამოხსნას საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზზე, სადაც ის უფლის ამაღლების დღესასწაულამდე რჩება, ნიშნად იმისა, რომ იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ორმოცი დღე დაჰყო ამქვეყნად.
დიდი შაბათის მსახურების დასრულების შემდეგ, თითქოს მთელი სამყარო გაირინდაო, უდიდესი დღის - მაცხოვრის აღდგომის მოლოდინში, მლოცველები მდუმარებით, მარხვითა და აღსარებით ემზადებიან ზეიმისათვის.
აღდგომის სიხარული უდიდესი სიხარულისა, რომლის მსგავსიც დედამიწის ზურგზე არც არის და არც შეიძლება იყოს. ეს არის უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა. ეს ის სიხარულია, რომელზეც თვით უფალმა თქვა: „უხაროდეს გულთა თქვენთა და სიხარული თქვენი არავინ მიგიღოს თქვენგან“ (იოანე 16,12).
http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...bis/vnebis2.htm

http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...nebis_kvira.htm




--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2024 - 01:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი