![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჩემო კარგებო,
ჩავთვალე ეს თემა აუცილებელად ყოფილყო აქ, რადგან სრულიად სხვა თემაში :" წმიდანები, ხატები" წარიმართა დისკუსიები, მაშ აგერ თქვენ ადგილი და გავარკვიოთ, მაინც ვის დავუჯეროთ? ვინ განმარტავს ბიბლიას? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ეგ ჩვენ ვიცით, მაგრამ ჩვენმა სხვა მეგობრებმა? არამართლმადიდებელმა ძმებმა? მათთვის უფროა ეგ თემა...
აი ასე ფიქრობს ჩვენი ეკლესია: პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი დოგმატური ღვთისმეტყველება წმიდა გადმოცემა წმიდა გადმოცემა სიტყვის თავდაპირველი, ზუსტი მნიშნველობით არის გადმოცემა, წამოსული მოციქულთა დროის ძველი ეკლესიიდან. იგი II-IV საუკუნეებში სამოციქულო გადმოცემადაც იწოდებოდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძველი ეკლესია გულმოდგინედ იცავდა თავის შიდაცხოვრებას უმეცართაგან. მისი წმიდა „საიდუმლოებანი“ არაქრისტიანთაგან დაცული „საიდუმლო“ იყო. მათი აღსრულებისას, ნათლისღებასა თუ ევქარისტიაზე, გარეშე პირნი არ ესწრებოდნენ. განაწესი არ იწერებოდა, იგი ზეპირად გადაეცემოდა. ასეთი იდუმალება სარწმუნოების მნიშნველოვან მხარეს შეადგენდა. ამას განსაკუთრებით ნათლად გვაწვდის წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.). ქრისტიანობის გაკვეთილებში მათთვის, ვისაც გაქრისტიანება საბოლოოდ ჯერ არ გადაეწყვიტა, წმიდანმა თავისი შეგონებანი შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „როდესაც წარმოითქმება სწავლება [მოსანათლავად განმზადებულთათვის] და კათაკმეველი შეგეკითხება: „რაზე საუბრობდნენ მასწავლებლებიო?“ - ნურაფერს მოუყვები გარეშე პირს. ვინაიდან მომავლის საიდუმლოსა და სასოებას გასწავლით. შეუნახე საიდუმლო საზღაურის მიმგებს. დაე, არავინ გითხრას: „რა დაშავდება, მეც რომ გავიგოო?“ სნეულნიც ითხოვენ ღვინოს, მაგრამ უდროოდ მიწოდებული სასმელი გონების აშლილობას იწვევს. ამას კი ორი სავალალო შედეგი მოსდევს: სნეულიც იღუპება და ექიმსაც ბრალი ედება“ 2. წმ. კირილე ერთ-ერთ თავის შეგონებითს სიტყვაში ისევ შენიშნავს: „...სარწმუნოების მთელი სწავლება რამდენიმე სალექსო სტრიქონში შეიძლება შეიძლება მოთავსდეს. მე ვისურვებდი, იგი სიტყვასიტყვით დაგემახსოვრებინათ და მთელი გულმოდგინებით გაგემეორებინათ ერთმანეთთან. ქაღალდზე კი არ გადაგეტანათ, გულისფიცარზე ამოგეტვიფრათ. ფრთხილად იყავით, რომ ამ სწავლება-მეცადინეობის დროს რომელიმე კათაკმეველმა არ მოისმინოს თქვენთვის გადმოცემული...“ 3. ხოლო მის მიერ ჩაწერილ სიტყვებში, განსწავლულთა მიმართ იგი ასეთ გაფრთხილებას მიმართავს: „მოსანათლავად განმზადებულთა და უკვე ნათელღებულ მართალთათვის განკუთვნილი, საკითხავად შეთავაზებული განსასწავლი შეგონებანი არაფრით მისცე არც კათაკმეველს, არც სხვა ვინმეს, რომელიც ჯერ არ გაქრისტიანებულა. არა და პასუხს აგებ ღვთის წინაშე. თუკი ამ შეგონებებს ჩამოთვლი, მაშინ, როგორც უფლის წინაშე ესეც ჩაწერე (ე.ი. გაფრთხილება)“ 4. წმ. ბასილი დიდი (IV ს.) ცხადად განმარტავს სამოციქულო გადმოცემას შემდეგი სიტყვებით: „ეკლესიის მიერ მიღებულ დოგმატებსა და ქადაგებათაგან ზოგი წერილობითი მითითების სახით, ზოგიერთი კი მოციქულთა გადმოცემიდან საიდუმლო მემკვიდრეობით მივიღეთ. ორივეს ღვთისმსახურების თანაბარი ძალა აქვს. ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება, თვით საეკლესიო დადგენილებებში ნაკლებად განსწავლულიც კი. რადგანაც, თუ თითქოსდა ნაკლებმნიშვნელოვან დაუწერელ ჩვეულებათა უარყოფას გავბედავთ, ამით უეჭველად შევბღალავთ სახარებაში ყველაზე მთავარს. მეტიც, სამოციქულო ქადაგებებიდან უშინაარსო, ცარიელი სახელი დაგვრჩება. მაგალითად, ჯერ გავიხსენოთ პირველი და ყველასთვის საერთო: ვინ გვასწავლა წმიდა წერილში, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს სახელზე მვედრებელნი პირჯვარს უნდა იწერდნენ? რომელი წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ლოცვის დროს პირი აღმოსავლეთისაკენ ვიბრუნოთ? რომელმა წმიდანმა დაგვიტოვა წერილობით მოხმობის სიტყვები ევქარისტიული პურის და სასმელის კურთხევისას?! ჩვენ არ ვკმაყოფილდებით იმ სიტყვებით, რომლებიც სახარებასა და სამოციქულოშია ნახსენები. მანამდეც და შემდგომაც წარმოვთქვამთ დაუწერელი სწავლებიდან მიღებულ სიტყვებსაც, რომელთაც საიდუმლოთა აღსრულებაში დიდი ძალა აქვთ. ასევე - რომელი წმიდა წერილით ვაკურთხებთ წყალს, საცხებ ზეთს ან თვით მოსანათლავ ადამიანს?! განა დაფარული და საიდუმლო გადმოცემით არა?! კიდევ რა - რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა ზეთისცხება, საიდან მოდის ნათლობასთან დაკავშირებული სამჯერ შთაფლვა წყალში ადამიანისა, რომელი წერილიდან იქნა აღებული სატანასა და მისი ანგელოზების განგდება და სხვა?! იმ საჯაროდ ართქმული და დაფარული სწავლებიდან ხომ არა, რომელიც ჩვენმა მამებმა უსიტყვოდ, ცნობისმოყვარეთაგან მიუწვდომლად შეინახეს?! ისინი საფუძვლიანად იყვნენ მომზადებულნი, დუმილით დაეცვათ საიდუმლოთა სიწმიდე. სხვანაირად რა უწესობა იქნებოდა, წერილობით განეცხადებინათ სწავლება მასზედ, რისი შეხედვის ნებაც არ ჰქონდათ უნათლავთ?! 5. ბასილი დიდის ამ სიტყვებიდან ვხედავთ, რომ: ა. სარწმუნოების მასწავლებელი წმიდა გადმოცემა სათავეს იღებს ეკლესიის პირველივე დღეებიდან; ბ. ეკლესიის დიდი მამებისა და მსოფლიო კრებათა დაწყების ეპოქაში წმიდა გადმოცემას ძველი ეკლესიის წმიდა მამები და მასწავლებლები გულმოდგინედ იცავდნენ და ერთხმად აღიარებდნენ. წმ. ბასილი დიდს თუმცა მოჰყავს „ზეპირ“ გადმოცემათა მაგალითები, თვითონ იქვე ცდილობს მათ „ჩაწერას“. IV საუკუნეში, ეკლესიის თავისუფლებისა და ზეიმის ამ ეპოქაში, ჩაიწერა თითქმის ყველა გადმოცემა. დღეისათვის ისინი დაცულია საეკლესიო ძეგლებში, რომლებიც წმიდა წერილის დამატებას წარმოადგენენ. ძველ წმიდა გადმოცემას ვხვდებით: ა. ეკლესიის უძველეს ძეგლში „წმიდა მოციქულთა კანონები“; ბ. ადრეული ადგილობრივი ეკლესიების სარწმუნოების სიმბოლოში; გ. ძველ ლიტურგიებში; დ. უძველეს აქტებში ქრისტიან მოწამეთა შესახებ ადგილობრივი ეპისკოპოსის მიერ განხილული და დამტკიცებული ეს ტექსტები ეკლესიის წინამძღვრის მეთვალყურეობით ქრისტიანთა თავყრილობებზე იკითხებოდა. ტექსტებში აღიარებულია ყოვლადწმიდა სამება, უფალი იესო ქრისტე, როგორც ღმერთი, მოყვანილია წმიდანთადმი ვედრების მაგალითები, ლაპარაკია ქრისტეში განსვენებულთა საუკუნო ცხოვრების რწმენაზე და მრავალი სხვა; ე. ეკლესიის ისტორიის ძველ ჩანაწერებში, განსაკუთრებით ევსები პამფილოსის ისტორიაში თავმოყრილია მრავალი წეს-ჩვეულება და დოგმატრუი გადმოცემა (მაგ. ძველი და ახალი აღთქმის წმიდა წიგნების კანონების შესახებ); ვ. ადრეული ხანის ეკლესიის წმიდა მამათა და მასწავლებელთა ნაწერებში; ზ. დასასრულ, თვით ეკლესიის ცხოვრების წესში, მის მიერ მოციქულთაგან გადმოცემული ყველა საფუძვლის ერთგულად დაცვაში. ამგვარად, ეკლესიის მიერ დაცული და შენახული სამოციქულო გადმოცემა თვით ეკლესიის გადმოცემა ხდება, „ეკუთვნის“ მას, დამტკიცებულია მის მიერ და „წმიდა გადმოცემად“ არის სახელდებული. წმიდა გადმოცემის დამოწმება აუცილებელია: ა. დასამტკიცებლად იმისა, რომ წმიდა წერილის ყველა წიგნი მოციქულთა დროიდან გადმოგვეცა და რომ ნამდვილად მათ მიერ არის დაწერილი; ბ. წმიდა წერილის ცალკეული ადგილების სწორად გაგებისათვის და ერეტიკულ განმარტებებთან მის დასაპირისპირებლად; გ. ქრისტიანული სარწმუნოების დოგმატების დასადგენად, რადგან წმიდა წერილში სარწმუნოების სწავლების ზოგიერთი დებულება მოცემულია სრულიად გარკვევით, ზოგი კი მხოლოდ მინიშნებით, რაც ითხოვს დადასტურებას წმიდა სამოციულო გადმოცემის საშუალებით. გარდა ამისა, წმიდა გადმოცემა ადასტურებს, რომ საეკლესიო მოწყობის, ღვთისმსახურების, კანონებისა და წეს-ჩვეულებათა მთელი სისავსე ძველი ეკლესიის ცხოვრების წესზეა დაფუძნებული. ეკლესიის კრებითი ცნობიერება ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია არის სხეული ქრისტესი, სულიერი ორგანიზმი, რომლის თავიც ქრისტეა: აქვს ერთი სული, ერთი სარწმუნოება და სულიწმიდით მართული მთლიანი და საერთო, კრებითი, კათოლიკე ცნობიერება. ამ ცნობიერების დასკვნები წმიდა წერილისა და წმიდა სამოციქულო გადმოცემის გარკვეულ, კონკრეტულ დებულებებს ეფუძნება. კრებითი ცნობიერება ეკლესიას ყოველთვის ახასიათებდა, მაგრამ იგი განსაკუთრებით მსოფლიო საეკლესიო კრებებზე გამოიკვეთა. ქრისტიანობის ძველი დროიდან, წმიდა მოციქულთა 37-ე კანონის თანახმად, ცალკეულ მართლმადიდებელ ეკლესიათა ადგილობრივი კრება წელიწადში ორჯერ იმართებოდა. ეკლესიის ისტორიაში მრავალჯერ შედგა ეპისკოპოსთა სამხარეო კრებები - უფრო მასშტაბური, ვიდრე ცალკეული ეკლესიებისა და ბოლოს, მთელი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა მსოფლიო კრებები. ეკლესია აღიარებს შვიდ მსოფლიო კრებას, რომელთაც ზუსტად ჩამოაყალიბეს და დაადგინეს ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოების ძირითადი ჭეშმარიტებანი, დაიცვეს ეკლესიის ძველი სწავლება ერეტიკულ დამახინჯებათაგან. მსოფლიო კრებებმა ასევე დაადგინეს საეკლესიო კანონენად წოდებული საერთო-საეკლესიო და პირად-ქრისტიანული ცხოვრების მრავალი კანონი და წესი, რომელთა განუხრელად შესრულება საყოველთაო და სავალდებულო გახადეს. მსოფლიო კრებაზე დამტკიცდა ადგილობრივ კრებებზე მიღებული დოგმატური განსაზღვრებანი და აგრეთვე, ეკლესიის ზოგიერთი მამის მიერ შედგენილი დოგმატური გადმოცემები (მაგ., წმ. გრიგოლ სასწაულმოქმედის - ნეოკესარიის ეპისკოპოსის მრწამსის აღიარება, წმ. ბასილი კანონები და სხვ.). უნდა გვახსოვდეს, რომ დოგმატურ განსაზღვრების საეკლესიო კრებები იღებდნენ წმიდა წერილის ყველა იმ ადგილის მხოლოდ გულმოდგინე, ამომწურავი და სრული განხილვის შემდგომ, რომლებიც უკავშირდებოდნენ წამოჭრილ საკითხს. ამით ადასტურებდნენ, რომ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას ზუსტად ასე ესმის წმიდა წერილის მითითებული ადგილები. ამგავარად, კრებათა მიერ დამტკიცებული სარწმუნოების განსაზღვრებანი წარმოადგენენ წმიდა წერილისა და ეკლესიის კრებითი გადმოცემის ერთიან, ჰარმონიულ შერწყმას. ამიტომაც წმიდა წერილსა და სამოციქულო გადმოცემაზე დაფუძნებული ნამდვილი, ურყევი და ავტორიტეტული ეს განმატებანი თავის მხრივ ეკლესიის მსოფლიო, წმიდა გადმოცემანი გახდნენ. წმიდა წერილში სარწმუნოების მრავალი ჭეშმარიტება იმდენად ნათლადაა გაცხადებული, რომ ერეტიკოსთა მხრიდან ისინი ხელახლა აღარ განუმარტავთ, ამიტომ მათ შესახებ კრებებს განსაკუთრებული დადგენილებანი არც მიუღიათ. ზოგი ჭეშმარიტება კი თვით კრებათა მიერ დადგინდა. ყველა დოგმატურ, კრებით განმარტებათაგან პირველხარისხოვნად და ძირითადად, მსოფლიო კრებები ნიკეა-კონსტანტინეპოლის სარწმუნოების სიმბოლოს (მრწამსს) აღიარებენ. მათ აკრძალეს არათუ აზრობრივი ცვლილებების შეტანა მასში, არამედ სიტყვის მიმატება-ამოღებაც კი (III მსოფლიო კრების დადგენილება, განმეორებული IV-VII კრებებზე). მთელი ეკლესიის სახელმძღვანელოდ აღიარებული ადგილობრივ კრებათა მიერ მიღებული სარწმუნოების განმარტებანი და ეკლესიის წმიდა მამათა დადგენილებანი ჩამოთვლილია VI მსოფლიო (ტრულის) კრების მე-2 კანონში. ისინი მოყვანილია წიგნში: „წმიდა მოციქულთა, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა და წმიდა მამათა კანონები“. დოგმატი და კანონი საეკლესიო ტერმინოლოგიით მიღებულია, დოგმატებად იწოდებოდეს ქრისტიანული სწავლების, სარწმუნოების ჭეშმარიტებანი. რაც შეეხება კანონს, ესაა საეკლესიო მოწყობის, მისი მართვის, სახარებისა და სამოციქულო სწავლების ზნეობრივი საფუძვლებიდან გამომდინარე საეკლესიო იერარქიის, მღვდელმსახურთა და თითოეული ქრისტიანის მოვალეობათა განაწესი. კანონი (κανών) ბერძნული სიტყვაა და სიტყვა-სიტყვით სწორ, გათლილ ჯოხს, მიმართულების ზუსტ საზომს აღნიშნავს. ეკლესიის წმიდა მამათა და მასწავლებელთა ნაწერები, როგორც სახელმძღვანელო სარწმუნოების საკითხებში ეკლესიის წმიდა მამათა ნაწერებს მივმართავთ, როგორც სახელმძღვანელოს, რათა სარწმუნოების საკითხებში გავერკვეთ, წმიდა წერილი სწორად გავიგოთ და ცრუ სწავლებათაგან ნამდვილი საეკლესიო გადმოცემა დავიცვათ. ამასთან უნდა ვაღიაროთ, რომ სარწმუნოების სწავლება, რომელზეც ეკლესიის ყველა მამა და მასწავლებელი ერთსულოვნად თანხმდება, უეჭველად ჭეშმარიტია. წმიდა მამები მედგრად იცავდნენ ჭეშმარიტებას, არ ეპუებოდნენ მუქარას, დევნას, სიკვდილსაც კი. სარწმუნოების შესახებ წმიდა მამათა განმარტებებმა: ა. დააზუსტეს ქრისტინული სწავლების ჭეშმარიტებათა განსაზღვრებანი და შექმნეს ერთიანი, დოგმატრუი ენა; ბ. ხელმძღვანელობდნენ რა წმიდა წერილითა და წმიდა გადმოცემით, დამაჯერებლად დაასაბუთეს ეს ჭეშმარიტებანი და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებანი ერთიანი ძალით შეავსეს. ღვთისმეტყველებაში ყურადღება ექცევა ეკლესიის წმიდა მამათა და მასწავლებელთა ზოგიერთ ისეთ პირად აზრსაც, რომელთაც ზუსტი, საერთო-ეკლესიური განსაზღვრება არ უდევთ საფუძვლად. ამიტომაც ამ მოსაზრებების გაიგივება დოგმატებთან (ამ სიტყვის მიღებული მნიშვნელობით) არ ხდება. არსებობს ეკლესიის მამათა და მასწავლებელთა ზოგი ისეთი შეხედულებაც, რომელიც მიუღებელია სარწმუნოების საკითხებში სახელმძღვანელოდ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან ეკლესიის საერთო, კრებით აღმსარებლობას. სარწმუნოების ჭეშმარიტებანი ღვთისმსახურებაში ეკლესიის, როგორც სარწმუნოების მასწავლებლის კრებითი ცნობიერება ასევე ასახულია მსოფლიო ეკლესიის მიერ გადმოცემულ მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში. საღვთისმსახურო წიგნების შინაარსის ღრმად შესწავლა ხელს უწყობს ჩვენში მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლების განმტკიცებას. მართლმადიდებლური ქრისტიანული მოძღვრების გადმოცემები სიმბოლური წიგნები მართლმადიდებლური სარწმუნოების გადმოცემებს, რომლებიც შედარებით გვიან მოიწონა ადგილობრივმა საეკლესიო კრებებმა, მართლმადიდებლური სიმბოლური წიგნები ეწოდებათ, ისინი აღიარებულნი არიან, როგორც სარწმუნოების სიმბოლოს (მრწამსის) განმარტებანი. მათი დანიშნულებაა, მართლმადიდებლური თვალთახედვით გააშუქონ უპირატესად ის ქრისტიანული ჭეშმარიტებანი, რაც მოგვიანებით მცდარმა აღმსარებლობებმა, განსაკუთრებით კი პროტესტანტიზმმა, დაამახინჯა. ასეთ სიმბოლურ წიგნებს ეკუთვნის იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოზის მიერ შედგენილი, 1672 წლის იერუსალიმის კრების მიერ წაკითხული და მოწონებული „მართლმადიდებლური სარწმუნოების გადმოცემა“. ეს წიგნი 50 წლის შემდეგ ანგლიკანურ ეკლესიას, მისივე თხოვნის საფუძველზე, გაუგზავნეს აღმოსავლეთის ყველა პატრიარქის სახელით; ამიტომ უფრო ცნობილია, როგორც „აღმოასვლეთის პატრიარქთა ეპისტოლე მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ“. აქვე აღსანიშნავია კიეველი მიტროპოლიტის პეტრე მოგილას წიგნი - „მართლმადიდებლური აღსარება“. იგი განიხილა და შეასწროდა ორმა ადგილობრივმა კრებამ (კიევში 1640 წ. და იასში 1643 წ.), მოიწონა ოთხმა მსოფლიო და ორმა რუსმა (იოაკიმე და ადრიანე) პატრიარქმა. ასეთივე ღირსების არის მიტროპოლიტ ფილარეტ მოსკოველის „მართლმადიდებლური ქრისტიანული კატეხიზმო“ - განსაკუთრებით მისი ის ნაწილი, სადაც სარწმუნოების სიმბოლოა განმარტებული. დოგმატური სისტემები „დოგმატური ღვთისმეტყველების სისტემა“ ეწოდება მთელი ქრისტიანული სწავლების ზედმიწევნით გადმოცემის გამოცდილებას. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისათვის უძვირფასესი, სრული დოგმატური სისტემა, სახელწოდებით „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემა“ შეადგინა წმ. იოანე დამასკელმა VIII საუკუნეში. ამ ნაშრომში ღირსმა იოანემ, შეიძლება ითქვას, თავი მოუყარა და შეაჯამა აღმოსავლეთის ეკლესიის VIII საუკუნემდე მოღვაწე მამათა და მასწავლებელთა ყველა საღვთისმეტყველო აზრი. რუს ღვთისმეტყველთაგან დოგმატურ ღვთისმეტყველებაში ყველაზე სრული ნაშრომი ეკუთვნის მარაკი მოსკოველ მიტროპოლიტს („მართლმადიდებური დოგმატური ღვთისმეტყველება“ ორ ნაწილად), კიევის სასულიერო აკადემიის რექტორს - ეპისკოპოს სილვესტერს („მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველების გამოცდილება დოგმატთა ისტორიული გადმოცემით“ ხუთ ტომად) და დეკანოზ ნ.მალინოვსკის („მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება“ ოთხ ტომად და „მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველების ნარკვევი“ ორ გამოცემად). -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st July 2025 - 07:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი