![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
"დიდაქე" - მოძღვრება თორმეტი მოციქულისა (მოძღვრება უფლისა თორმეტი მოციქულის მიერ წარმართთა მიმართ) I. 1. გზა არის ორი: ერთი სიცოცხლისა და ერთი სიკვდილისა. ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა. 2. სიცოცხლის გზა ამგვარია: პირველად შეიყვარე ღმერთი, შემოქმედი შენი (11 სჯ. 6,5; ზირ. 7,30; მათე 22,37). მეორედ - მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი (ლევ. 19,18; მათე 22,39). ყველაფერი ის, რაც არ გსურს, რომ შეგემთხვეს შენ, არც შენ შეამთხვიო სხვას (ტობ. 4,15; მათე 7,12; ლუკა 6,31). 3. ამ სიტყვათა მოძღვრება ასეთია: აკურთხეთ თქვენი დამაწყევრები და ილოცეთ თქვენი მტრებისათვის, იმარხულეთ მათთვის, ვინც გდევნით თქვენ (მათე 5,44; ლკ. 6,28). რა მადლი იქნება, თუკი შეიყვარებთ თქვენს მოყვარულებს? ნუთუ ამასვე არ შვრებიან წარმართებიც (მათე 5,46 - 47; ლკ. 6,32 - 33)? ხოლო თქვენ შეიყვარეთ მოძულენი თქვენი და არ გეყოლებათ მტერი (მათე 5,44; ლკ. 6,27). 4. განეშორე ხორციელ და სხეულებრივ სურვილებს (შერ. 1 პეტრე 2,11). თუკი ვინმე მარჯვენა ყბაში გაგარტყამს, მიუშვირე მას მეორე (მათე 5,41) და იქნები სრული. თუ ვინმე ერთ მილიონს გაგარბენინებს, მასთან ერთად განვლე ორი (მათე 5,41). თუკი ვინმე მოსასხამს აგართმევს, უბოძე მას პერანგიც (მათე 5,40; ლკ. 6,29). თუ ვინმე შენგან რამეს წაიღებს, აღარ მოთხოვო, რადგან ვერ ძალგიძს (შდრ. ლკ. 6,30). 5. ყველას ვინც კი გთხოვს, მიუბოძე და აღარ მოთხოვო (მათე 5,42). მამას სურს, ყველას მიანიჭოს თავისი მადლი. ნეტარია ის, ვინც გასცემს თანახმად მცნებისა, რადგანაც არ განისჯება იგი. ვაი მას, ვინც თვით მიიღებს; თუ მოვალეა, რომ მიიღოს, არ განისჯება; თუკი არ არის მოვალე, განისჯება იმის გამო, რატომ მიიღო და რა მიზნით. საპყრობილეში მიყვანილს გამოჰკითხავენ მის საქმეებს და მანამდე არ გაუშვებენ, ვიდრე უკანასკნელ კოდრატსაც არ აზღვევინებენ (მათე 5,26; ლკ. 12,53). 6. ამის შესახებაც თქმულა: „გაიოფლოს მოწყალება შენი შენსავე ხელებში, ვიდრე შეიცნობ, თუ ვისთვის გასცემ“. (ზირ. 12,1). II. 1. მოძღვრების მეორე მცნება: 2. არა კლა, (გამოსვლ. 20,15; 11 სჯ. 5,18), არა იმრუშო (გამოსვლ. 20,3; 11 სჯ. 5,17). გრძნეულებას, სიძვას, პარვას (გამსლ. 20,14; 11 სჯ. 5,19). გრძნეულებას, მეწამლეობას (11 სჯ. 18,10). არ მოკლა ჩვილი ნაადრევი შობით, არცთუ ნაშობი მოაკვდინო; ნურაფერი გწადია შენი მოყვასისა (გამოსლ. 20,17; სჯ. 5,21). 3. ნუ მისცემ ამაო ფიცს (მათე 5,33), ცრუდ ნურავის დაემოწმები (გამოსლ. 20,16; 11 სჯ. 5,20), ნუ ბოროტმეტყველებ (მათე 15,4), ნუღარ გახსოვს ცუდი (იგავ. 12,28). 4. ნუ იქნები ორგული და ორენოვანი (ზირ. 5,9; 5,14; 6,1), რადგანაც ორენოვნება მახეა სიკვდილისა (ტობ. 14,10; ფს. 17,6; იგავ 14,27; 21,6). 5. ნუ იქნება შენი სიტყვა ცრუ და ლიტონი, არამედ - საქმით აღსავსე. 6. ნუ იქნები ნაყროვანი, ხარბი, პირმოთნე, მზაკვარი, ანდა გოროზი. ნუ განიზრახავ ბოროტს შენი მოყვასისათვის. 7. არ შეიძულო არცერთი კაცი; ერთნი ამხილე, მეორეთათვის ილოცე. სხვანი კი შეიყვარე შენს სულზე მეტად. III. 1. შვილო ჩემო, განეშორე ყოველგვარ სიავეს და ყოველივეს, რაც მისი მსგავსია. 2. ნუ განრისხდები, რადგან რისხვა დაღუპვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები შურიანი, ნურც მოკამათე, ნურც გულმწყრალი. ყველა მათგანი სიკვდილს შობს. 3. შვილო ჩემო, ნუ აღივსები გულისთქმით, რადგანაც გულისთქმა სიძვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები ურცხვადმეტყველი, ნურც ურცხცვადმჭვრეტი, რადგანაც მათგან ჩნდება მრუშობა. 4. შვილო ჩემო, ნუ იქნები ფრინველთგრძნეული, რადგანაც იგი კერპმსახურებისაკენ გიწინამძღვრებს; ნუ შელოცავ, ნუ ვარსკვლავთმეტყველებ, ნუ განწმედ, ნურც ისურვებ, იხილო ეს ყოველივე ანდა ისმინო მათთვის. კერპმსახურებას შობენ ისინი. 5. შვილო ჩემო, ნუ იცრუებ, რადგანაც სიცრუე ქურდობისაკენ მიგიძღვება; ნუ იქნები ვერცხლისმოყვარე, ნურც ცუდმედიდი, რადგანაც მათგან ქურდობა ჩნდება. 6. შვილო ჩემო, ნუ დრტვინავ, რადგანაც დრტვინვა ავსიტყვაობისაკენ გიწინამძღვრებს. ნუ იქნები თავმომწონე, ბოროტმზრახველი, რადგანაც მათგან ავსიტყვაობა იბადება. 7. იყავი მშვიდი, რადგანაც „მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა“ (ფს. 36,11; მათე 5,5). 8. იქმენ სულგრძელი, გულმოწყალე, უბოროტო, წყნარი, კეთილი; მარადის ძრწოდე იმ სიტყვათაგან, რომლებიც გესმა (ეს. 66,2). 9. ნუ აიმაღლებ თავს; ნურც კადნიერებას მისცემ შენს სულს. თავმოთნეებს ნუ შეერთვება შენი სული; მართალია და მდაბალთა შორის იმყოფებოდე. 10. ყველაფერი, რაც შეგემთხვა, მიითვალე, როგორც კეთილი და იცოდე, რომ ღვთის გარეშე არარა ხდება. IV. 1. შვილო ჩემო, ვინც ღვთის სიტყვას გიქადაგებს, მოიხსენე იგი დღეცა და ღამეც; პატივი მიაგე მას როგორც უფალს: სადაც მეუფება იქადაგება, იქვეა უფალიც. 2. დღითიდღე ეძიე პირნი წმიდათანი, რომ შვება მოგცეს მათმა სიტყვებმა. 3. ნუ ქმნი განხეთქილებას; დაამშვიდე მოდავეები; სიმართლით საჯე და ნუ მიიღებ ისეთ სახეს, თითქოს ამხილებ ცთომათა გამო. 4. ნუ იეჭვებ, ასე იქნება, თუ არა. 5. ნუ გაშლი ხელებს, რათა მიიღო, და ნუ შეკრავ რათა არ გასცე (ზირ. 4,31). 6. თუკი მას გასცემ, რაც შენი ხელით მოიპოვე, გამოისყიდი შენსავე ცოდვებს. 7. გაცემის ჟამს ნუ შეეჭვდები და ნუღარ დრტვინავ, როდესაც გასცემ; შეიცნობ მას, ვინც კეთილად მოგიზღავს კუთვნილს (იგავ. 19,17). 8. ნუ გააბრუნებ გაჭირვებულს (ზირ. 4,5). შენსავე მოძმეს უწილადე ყოველივე; არკი უთხრა: ჩემია ეს ყველაფერი. თუ ზიარნი ხართ უკვდავებაში, რამდენად უფრო მოკვდავთა შორის? 9. ხელს ნუ ააღებ შენს ძეს თუ ასულს; სიყრმიდანვე შეასწავლე მათ შიში ღვთისა. 10. მონას თუ მხევალს, რომლებიც იმავ ღმერთს სასოობენ, გამკაცრებით ნუ უმბრძანებლებ, რომ არ დაკარგონ ზენა ღვთის შიში, რადგან ღმერთი მათთან მოდის ვისი სულიც თვით შეამზადა, პირისპირ კი არავის უხმობს. 11. თქვენ კი, მონებო, კრძალვით და შიშით მორჩილებდეთ თქვენსავე უფალთ, ვით სახეს ღვთისას. 12. გძულდეს ყოველი პირმოთნეობა, ყოველივე, რაც ართნავს უფალს. 13. არ დაივიწყო უფლის მცნებები და რაც მიიღე, დაიმარხე; არცრა შემატო, არცრა დააკლო (11 სჯ. 4,2; 13,1). 14. ეკლესიაში აღიარე ცთომანი შენი; ბოროტი გულით ნუ შეხვალ ლოცვად. აი, ეს არის გზა სიცოცხლისა. V. 1. სიკვდილის გზა კი ამგვარი არის: უპირველესად, ბოროტია ეს გზა და წყევლით აღსავსე: მკვლელობა, მრუშობა, გულისთქმა, სიძვა, ქურდობა, კერპმსახურება, გრძნეულება, მეწამლეობა, ტაცება, ცრუმოწმეობა, პირმოთნეობა, ორგულობა, მზაკვრობა, ამპარტავნება, სიავე, თავმოთნეობა, ნაყროვანება, ურცხვადმეტყველება, მოშურნეობა, კადნიერება, გოროზობა, მედიდურობა, უკრძალველობა. 2. კეთილთა მდევნელნი, ჭეშმარიტების მოძულენი, სიცრუის მოყვარულები, რომლებსაც საზღაური სიმართლისა ვერ შეუცნიათ; განელტვიან სიკეთეს და მართლმსაჯულებას; კეთილის წილ სიბოროტეს ეშურებიან. შორს არის მათგან სიმდაბლე და მოთმინება; ამაოების მოყვარულნი მისაგებელს განიშორებენ; არ იწყალებენ დაცემულებს, არ ზრუნავენ დამაშვრალთათვის, ვერ შეუცნიათ შემოქმედი; ჩვილთა მკვლელები, რომლებიც უკუმიაქცევენ მათდამი მთხოვნელს; ცოდვით სავსენი ჭირვეულებს შეაურვებენ, მდიდრებს იცავენ, არასაქმოსნებს ურჯულოდ სჯიან. განშორდით, შვილნო, ყველაფერს ამგვარს. VI. 1. გაფრთხილდი, ვინმემ არ აგაცდინოს გზას მოძღვრებისას. ღვთის გარეშე გასწავლის იგი. 2. თუკი ძალგიძს, რომ სრულად იტვირთო უფლის უღელი, სრული იქმნები (მათე 11,29). თუ ეს არ ძალგიძს, რაც ძალგიძს ის ქმენ. 3. ხოლო ჭამადი, როგორც ძალგიძს, ისე იტვირთე. კერპშეწირულს ფრიად ეკრძალე, რადგანაც - მსახურებაა მკვდარი ღმერთების (საქმე 15,29). VII. 1. ნათლისღებისათვის ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა მდინარი წყლით ნათელი ეცით. (შდრ. მათე 28,19). 2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე. 3. თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა (შდრ. მათე 28,19) 4. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე. VIII. 1. პირმოთნეთა მარხულობას ნუ დაემთხვევით. მათი მარხვა ორშაბათსა და ხუთშაბათს ხვდება; თქვენ იმარხულეთ ოთხშაბათსა და პარასკებს. 2. ნუ ილოცებთ ისე, როგორც პირმოთნეები, არამედ როგორც უფალმა ბრძანა სახარებაში, ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცასა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცასა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მოვუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან (მათე 6,9 - 13; ლკ 11,2-4). რამეთუ შენი არს ძალი და დიდება, უკუნითი უკუნისამდე! 3. დღეში სამგზის ილოცეთ ასე. IX. 1. ევქარისტიისათვის: ასე მადლობდეთ: 2. უპირველესად, სასმისის გამო: გმადლობთ, შენ, მამაო ჩვენო, დავითის შენი მსახურის, წმიდა ვენახისათვის, რომელიც გაგვიცხადე შენი ძის, იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე! 3. პურის განტეხვისათვის: გმადლობთ შენ უფალო, მამაო ჩვენო სიცოცხლისა და ცოდნისა გამო, რაც გაგვიცხადე შენი ძის18 იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე! 4. როგორც ეს პური, მთების ზემოთ მიმოფანტული, შეიკრიბა და ერთი გახდა, ამგვარადვე შეიკრიბოს კიდით-კიდე ეკლესია შენი სასუფეველში, რამეთუ შენი არს დიდება და ძალი იესუ ქრისტეს მიერ უკუნისამდე! 5. არავინ ჭამოს, არავინ შესვასთქვენეული ევქარისტია. თუ არა იმან ვინც ნათელიღო უფლის სახელით. ამის შესახებ თქვა უფალმა: „ნუ მისცემთ ძაღლებს მას, რაც წმინდაა“ (მათე 76) X. 1. ავსების შემდეგ ასე მადლობდეთ: 2. გმადლობთ შენ, წმიდაო მამაო, შენი წმიდა სახელის გამო, ჩვენს გულებში რომ დაამკვიდრე; - ცოდნის, რწმენის, უკვდავების გამო, რაც გაგვიცხადე შენი ძის იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე! 3. შენ, უფალო ყოვლისმპყრობელო, დაბადე ყოველივე სახელისა შენისათვის საზრდელი და სასმელი მიანიჭე ადამიანებს, რათა იშვებდნენ და შენ გმადლობდნენ; ჩვენ კი მოგვმადლე სულიერი საზრდელ-სასმელი, და საუკუნო სიცოცხლე, შენი ძის, იესუს მიერ! 4. გმადლობთ შენ ყველაფრისთვის, რადგანაცძლიერ ხარ შენ! დიდება შენდა უკუნისამდე! 5. მოიხსენე, უფალო, ეკლესია შენი და იხსენ იგი ყოველგვარი ბოროტისაგან, შენს სიყვარულში სრულყავი იგი და წმიდაქმნილი ოთხივ ქარისგან შემოკრიბე სასუფეველში, რომელიც მასვე განუმზადე; რამეთუ შენი არს ძალი და დიდება უკუნისამდე! 6. მოვიდეს მადლი და გარდავიდეს ეს სამყარო; ოსანა ღმერთსა დავითისა (მათე 21,9; 21,15)! თუკი წმინდაა ვინმე, მოვიდეს! და თუ არ არის - შეინანოს! მარანათა (1 კორ. 16,22)! ამინ! 7. წინასწარმეტყველთ ნება დართეთ, აღავლინონ სამადლობელი, რამდენიც სურდეთ. XI. 1. ვინც თქვენთან მოვა და გასწავლით ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ითქვა, მიიღეთ იგი. 2. იქნებ მოძღვარი თვით მიიქცეს სხვა სწავლებისკენ. თუ თქვენ წარწყმედას ცდილობს იგი, არაფერი ისმინოთ მისი, მაგრამ თუ სურს , კიდევ უფრო შეგემატოთ სიმართლე და ცოდნა უფლისა, შეიწყნარეთ, როგორც უფალი. 3. მოციქულებისა და წინასწარმეტყველების მიმართ სახარების მცნების თანახმად იმოქმედეთ. 4. ყოველი მოციქული, ვინც თქვენთან მოვა, შიწყნარეთ, როგორც უფალი. 5. არ დარჩება იგი ერთ დღეზე მეტად (თუ საჭიროა - მომდევნო დღესაც), და თუ სამი დღით დაყოვნდება, ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი. 6. როცა დაგტოვებთ მოციქული, არაფერი წაიღოს საგზლად, გარდა პურისა; თუ ვერცხლს მოითხოვს, ცრუ წინასწარმეტყველი ყოფილა იგი. 7. ნუ გამოცდით და ნუ განსჯით წინასწარმეტყველს, როდესაც სულის მიერ გემეტყველებათ, რადგანაც ყოველი ცოდვა მიეტევება კაცს, ეს ცოდვა კი არ მიეტევება (მათე 12,31). 8. ყველა, ვინც სულის მიერ მეტყველებს, წინასწარმეტყველი ვერ იქნება, თუ უფლის წესებს არ ფლობს იგი. სწორედ წესთაგან შეიცნობა ცრუწინასწარმეტყველი და წინასწარმეტყველი. 9. ყოველმა წინასწარმეტყველმა, რომელმაც სულის მიერ განაწესა ტრაპეზი, არ ჭამოს მისგან; და თუ შეჭამს ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი. 10. ყოველი წინასწარმეტყველი, რომელიც ჭეშმარიტებას ასწავლის, მაგრამ თავად არ მოქმედებს ისე, როგორც ასწავლის, ცრუწინასწარმეტყველია იგი. 11. თქვენ კი ნუ განსჯით იმ გამოცდილსა და ჭეშმარიტ წინასწარმეტყველს, რომელიც ეკლესიის ამქვეყნიური საიდუმლოს თანახმად მოქმედებს. მაგრამ არავის ასწავლის იმას, რასაც თავად იქმს. ღვთისაგან განისჯება იგი; ამასვე შვრებოდნენ ძველი წინასწარმეტყველებიც. 12. ვინმემ რომ გითხრათ სულის მიერ: „მომეცით ვერცხლი“, ან სხვა ამგვარი, არაფერი ისმინოთ მისი; ჭირვეულთათვის მისაცემად თუ გეტყვით ამას, ნუ განიკითხავთ. XII. 1. ვინც თქვენთან მოვა უფლის სახელით, შეიწყნარეთ; შემდეგ გამოცდით მას და შეიცნობთ, რადგანაც იცით თქვენ გარჩევა მარჯვენისა და მარცხენისა. 2. თუკი მოსული მგზავრია ვინმე, შეეწიეთ, როგორც შეგეძლოთ, არ დაყოვნდება იგი თქვენთან, ან თუ დასჭირდა, დაიხანებს ორი-სამი დღე. 3. თუკი ისურვებს თქვენთან ყოფნას და თუ ხელობაც ეხერხება, იშრომოს და ისე ჭამოს. 4. თუკი არა აქვს რამ ხელობა, გონივრულად განჭვრიტეთ მისთვის: არავინ იყოს ქრისტიანი თქვენს შორის უქმად. 5. თუ არ ისურვებს ამგვარად ყოფას, ქრისტეს მოვაჭრე ყოფილა იგი. ეკრძალეთ მას. XIII. 1. ყველა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი , რომელიც თქვენთან დამკვიდრებას მოისურვებს, ღირსია თავისი საზრდელისა (შდრ. მათე 10,10; 1 ტიმ. 5,18). 2. ასევე, ჭეშმარიტი მოძღვარი, როგორც მუშა - კი, ღირსია თავისი საზრდელისა. 3. რასაც კი შეკრებთ საწნახელში თუ კალოზე, საქონლის ჯოგში თუ ცხვრის ფარაში, წინასწარმეტყველთ მიუბოძეთ პირველნაყოფი. მღვდელმთავრები არიან ისინი თქვენთვის. 4. თუკი არა გყავთ წინასწარმეტყველი, უბოძეთ გლახაკთ. 5. თუ პურს მოიწევ, გამოიღე პირველნაყოფი და მცნებისამებრ გაეცი იგი. 6. როცა თავს ახდი ღვინის ჭურჭელს ანდა ზეთისას, პირველთავი გამოიღე და უბოძე წინასწარმეტყველთ. ვერცხლის ფულის, სამოსელის, მთელი ქონების პირველთავი ისე აიღე, როგორც ისურვებ და გაეცი მცნების თანახმად. XIV. 1. უფლის კვირადღეს შეიკრიბეთ, განტეხეთ პური და აღავლინეთ სამადლობელი, აღიარეთ შეცოდებანი რომ წმინდა იყოს მსხვერპლი თქვენი. 2. ვინც ექიშპება თავის მოყვასს, ვიდრე დაცხრება, ნუ მოვა თქვენთან, რომ არ შებილწოს მსხვერპლი თქვენი. 3. უფალმა ეს თქვა: :ყოველ ადგილას და ყოველ ჟამს შემომწირეთ მე წმიდა მსხვერპლი. მეუფე ვარ დიდი, - ამბობს უფალი - სახელი ჩემი საკვირველია წარმართთა შორის“. (მალ. 1,11). XV. 1. დაადგინეთ თქვენთვის ეპისკოპოსები და დიაკვნები, ღირსნი უფლისა, კაცნი მშვიდნი და უვერცხლონი, ჭეშმარიტნი და გამოცდილნი. რომ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა ლიტურგია ამსახურონ მათაც თქვენს შორის. 2. არ მოიძაგოთ ისინი, რადგანაც თქვენს მიერ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა დარად არიან პატივდებულნი. 3. ამხილეთ ერთურთი, არა რისხვით არამედ დაწყნარებით, როგორც თქმულა სახარებაში. ხმა არ გასცეთ მას, ვინც სხვას აცდენს; არც არაფერი ისმინოთ მისი, ვიდრე თვით არ მოინანიებს. 4. თქვენი ლოცვები, მოწყალებანი და ყველაფერი, რასაც შვრებით, იმგვარად ქმენით, როგორც უფალმა დაგვიწესა სახარებაში. XVI. 1. იფხიზლეთ თვენი ცხოვრებისათვის. ნუ ჩაქრება თქვენი სანთლები, ნურც სარტყლები შემოგერღვევათ (ლკ. 12,35); განემზადენით! არავინ იცით, როდის მოვა უფალი ჩვენი (მათე 24,42). 2. ხშირად და ხშირად შეიკრიბეთ; გამოძიეთ უმჯობესი თქვენი სულისა. ვერაფერს გარგებთ თქვენი რწმენის მთელი წინდა დრო, თუ არ იქნებით სრულყოფილნი ბოლო ჟამისთვის. 3. ბოლო დღეებში ცრუწინასწარმეტყველები და გამხრწნელები გამრავლდებიან; შეიცვლებიან ცხვრები მგლებად, სიყვარული კი სიძულვილად გადაიქცევა (მათე 24,11 - 12). 4. განივრცობა ურჯულოება (მათე 24,12) და ერთმანეთს მოიძაგებენ; განდევნიან და გასცემენ ერთურთს (მათე 24,10). სწორედ მაშინ გამოჩნდება ქვეყნისმაცდური, როგორც ძე ღვთისა, და ჰყოფს იგი ნიშნებსა და სასწაულებს (მათე 24,24). მიწაც მის ხელებს მიეცემა. იმგვარ ურჯულოებას აღასრულებს ქვეყნისმაცდური, რაც არ ქმნილა საუკუნიდან (შდრ. იოველ 2,2). 5. გამოცდის ცეცხლს მიეცემა კაცთა არსება. ბევრი მათგანი შეცდება და წარიწყმიდება, ხოლო ვინც რწმენით განიმტკიცდება, გამოიხსნება წყევლისაგან (შდრ. მათე 24,13; 10,22). 6. ჭეშმარიტების ნიშანდებაც სწორედ მაშინ გამოვლინდება: უპირველესად, ეს იქნება ნიშანი ცაში გავრცობისა27, შემდეგ - ნიშანი საყვირთა ხმისა (მათე 24,31), ხოლო მესამე - მკვდართა აღდგომა, - 7. არა ყველასი, არამედ ისე, როგორც თქმულა: „მოვა უფალი და მასთან ერთად ყველა წმინდანი“ (ზაქ. 14,5). 8. მაშინ იხილავს სამყარო უფალს „მომავალსა ღრუბელთა ზედა ცისათა“ (მათე 24,30)... ვისაუბროთ ამ ძეგლის ირგვლივ. ქვემოთ მნიშვნელოვან ნაწილებს გამოვყოფ, რაც ყველასგან დასამახსოვრებელია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ვფიქრობ დროა გაკეთდეს ფორუმ church.ge-ზე წარმოებული დიალოგის შეჯამება, რომელიც გაიმართა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანსა და ახალმოწესე მართლმადიდებელ ქრისტეანებს შორის პირჯვრისწერის და ნათლობის საკითხების გარშემო. ძველმართლმადიდებლური ეკლესიის რწმენით, პირჯვრისწერა მართლმადიდებლური ქრისტეანული სარწმუნოების ის აღმსარებლობითი ნიშანია, რომლის უმთავრეს დოგმატებს ყოვლადწმიდა სამების (მამის, ძისა და სულიწმიდის) და მისი მეორე იპოსტასის, - განკაცებული ძე ღმერთის მაცხოვნებელი მსხვერპლისა და მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენა წარმოადგენს; სწორედ ამ ფუძემდებლურ ჭეშმარიტებათა გამოსახატავად უძველესი დროიდან მოგვეცა ქრისტეანთ პირჯვრის საწერი თითების განსაკუთრებული წყობა. თუ როგორ უნდა გამოისახოს პირჯვარი მართლმადიდებელმა ქრისტეანმა მიერ, ეს შესანიშნავად არის გადმოცემული რუსეთის პატრიარქის, იობის წერილში ქართველ მიტროპოლიტ ნიკოლოზისადმი: "ყოველ მართლმადიდებელ ქრისტეანს ორი თითით მართებს პირჯვრის გამოსახვა. ვაერთებთ ცერა, ნეკა და არათითს ნიშნად იმისა, რომ გვწამს წმ. სამება: მამა, ძე და სულიწმიდა; ორ დანარჩენს კი - საჩვენებელსა და შუათითს ვტოვებთ გამართულად, ქრისტეს ორბუნებოვნების - ღვთაებრივის და კაცობრივის, - სიმბოლოდ. ოდნავ მოხრილი შუათითი მოგვანიშნებს ღვთაებრიობაზე მაცხოვრისა, რომელმან მოსდრიკა ზეცა და განკაცდა დედამიწაზე. აღმართული თითი კი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მაცხოვრის ამაღლებაზე მიანიშნებს". როგორც პირჯვრის საწერი თითების წყობა, ასევე მათი მოძრაობის მიმართულება (ზემოდან ქვემოთ, შემდეგ კი მარჯვნიდან მარცხნივ) დოგმატური შინაარსის შემცველია და მათში ცვლილებების შეტანა ყოვლად დაუშვებელია. წმიდა მამათა განმარტებებით, პირჯვრისწერა აღნიშნავს ჯვარცმული ქრისტეს და წმიდა სამების აღიარებას. ამიტომაც, ძველმართლმადიდებელი ქრისტეანი ქრისტეს და სამების სიმბოლოს აღმნიშვნელი თითებიდან, პირჯვარს იწერს ორი თითით, რის გამოც ეწოდება კიდევაც მას ორი თითითი პირჯვრისწერის წესი. ამას გვავალდებულებს, მაგალითდ, წმ. კირილე იერუსალიმელი, რომელიც ბრძანებს: "ამგვარად, ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით ბეჭედი ჯვარი…"; წმ. ბასილი დიდი ბრძანებს, რომ პირჯვრისწერის წესი ეკლესიას მიეცა ზეპირი გადმოცემით: "სასწაული ჯუარისა სახელისა მიმართ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა მორწმუნეთა ზედა დაბეჭდუაი ვინ გუასწავა ჩვენ წერით?" (დიდი რჯულისკანონი, "მეცნიერება", თბილისი, 1975 წ., გვ. 506). წმ. ეპიფანე კვიპრელი კი აღნიშნავს, რომ პირჯვრისწერა არის მაცხოვრის ნიშანი, რომელიც ყოველთვის იქადაგება ჯვრის ნიშით "რამეთუ ქრისტე არს თავ და ეკლესიაი ასოი მისა და სძალ მის დიდისა, რომელი ქადაგის ყოველსა ჟამსა ნიშითა მით ჯუარისაითა". ეს აღმსარებლობა გამოიხატება სწორედ ორი თითით პირჯვრისწრაში. ამიტომაც, ძველი, მართლმადიდებლური ეკლესია საეკლესიო განწესებებითაც იცავს ამ უძველეს ჩვეულებას. ამის დასტურია თუნდაც არსენ იყალთოელის "დოგმატიკონი". სწორედ ამ წიგნშია ორი თითით ჯვრის გამოსახვის შესახებ ის ძველბერძნული მოწმობა, რომელსაც არარსებულად მიიჩნევენ ჩვენი თანამემამულენი. კერძოდ, წიგნის იმ ნაწილში, სადაც მოცემულია მონოფიზიტთაგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულთა მიღების წესი, უარყოფის ლოცვაში, რომელსაც კითხულობს მართლმადიდებლობად მოქცეული მონოფიზიტი, წერია: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, - შეჩვენება!" პოლემიკის პროცესში დამოწმებულ იქნა უამრავი მოწმობა იმისა, რომ უძველესი წესი პირჯვრისწერისა არის ორი თითით პირჯვრისწერა. მათგან უმთავრესია წერილობითი მოწმობები: ამონაწერი ძველბერძნული "კურთხევანიდან", სადაც მონოფიზიტების მიღების წესში გადმოცემულია ორი თითითი პირჯვრისწერის აღიარების მოთხოვნა ფორმულით: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება!" და მოსკოვის 1551 წლის ასმუხილიანი კრების დადგენილება იგივე ფორმულის დამტკიცებით. პოლემიკის პროცესში დამოწმებული იქნა რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი ისტორიული მოწმობები და წმიდა მამათა განმარტებანი. დამხმარე წყაროებად გამოყენებულ იყო ძველი ხატმწერლობა. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ადგილი არ ჰქონია ამგვარ მიდგომას. სამი თითით პირჯვრისწერისა და სახელობითი კურთხევის გაცემის დასაცავად წარმოდგენილი არ ყოფილა არც ერთი ავტორიტეტული მოწმობა, არც ერთი კრება ან წმიდა მამა, ან თუნდაც ისტორიული ფაქტი. რაც შეეხება ხატებს, ოპონენტები ხშირად გვიმოწმებდნენ ისეთ ნიმუშებს, რომლებიც სახელობით წყობას არ გამოხატავენ, მაგრამ ისინი მაინც ჯიუტად სახელობითი წყობის "დამადასტურებელ" ნიმუშებად წარმოადგენდნენ. დავამ ამ ხატების გარშემო მიიღო უაზრო და დემაგოგიური ხასიათი. ხომ არ შეიძლება ერთი და იგივე ამტკიცო გაუთავებლად?! ასეთ შემთხვევაში, მიზანშეწონილია პოლემიკის დასრულება. იგივე უნდა ითქვას ნათლისღების ფორმის შესახებაც. ძველმართლმადიდებლური ეკლესია აქაც აღიარებს მხოლოდ ერთ, შთაფვლით ფორმას და უარყოფს ყოველივე სხვაგვარს. ჩვენ განვმარტეთ როგორც საიდუმლოს, ასევე ნათლობის არსი. მივუთითეთ მოციქულთა 50-ე კანონი, რომელიც აკანონებს ნათლობის მხოლოდ შთაფვლით ფორმას, მივუთითეთ ისტორიული წყაროები, მამათა განმარტებანი. მაგრამ, სამწუხაროდ, ოპონენტებმა აქაც, ისევე როგორც პირჯვრისწერის საკითხში, აირჩიეს დემაგოგია. საკუთარი პრაქტიკის გასამართლებლად ეჭიდებიან იმას, რაც კანონში არ მოიპოვება. მაგალითდ, თუ წმ. მოციქულთა 50-ე კანონში ლაპარაკია მხოლოდ ერთგზისი შთაფვლის აკრძალვაზე, მიაჩნიათ, რომ დანარჩენი სხვა ფორმა მას არ დაუგმია და დასაშვებია. ასეთი მიდგომით ოპონენტები უდიდეს ზიანს აყენებენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს. ნათლობა არის ის საიდუმლო, რომლის გარეშეც, როგორც მაცხოვარმა ბრძანა "ვერავინ შევა ცათა სასუფეველში", ამიტომაც, გვიხმს უფრო ფრთხილად მოვეკიდოთ ამ საკითხს, რადგან ეს სულის ცხოვნების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ოპონენტთა მხრიდან აბსოლუტურად არასწორად გამოიყენება იშვიათი შემთხვევები და გამონაკლისები. ასეთი მაგალითების კანონად მიღება აკრძალულია მამათა მიერ და მათ დაწერილ კანონთან მიმართებაში არა აქვთ არანაირი ძალა. იშვიათ და გამონაკლისად დაშვებულ შემთხვევებს მხოლოდ იმ დროს შეიძლება მიმართოს კაცმა, ისიც უდიდესი სიფრთხილითა და განსჯით, როცა კონკრეტულ შემთხვევაზე ან საკითხზე არ მოიპოვება საეკლესიო დადგენილება, ან წმიდა მამათა განმარტება... მაგრამ, ნათლობის საკითხი არ წარმოადგენს ამგვარ პრობლემას... საკუთარი პრაქტიკის გასამართლებლად ოპონენტები იმოწმებდნენ ძველ მანუსკრიპტს "დიდაქეს", სადაც გამართლებულია და დაშვებულია პკურებითი ნათლობა. მაგრამ, ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ "დიდაქე" არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ხელნაწერის სახით, რომელიც არის 11-ე საუკუნის დასაწყისისა. არ არსებობს არავითარი გარანტია და მტკიცებულება, რომ ის "დიდაქე", რომელიც ცნობილი იყო წმიდა მამებისთვის, ზუსტად და შეუცვლელი სახით არის მოღწეული დღემდე. და დღევანდელი "დიდაქეს" სახით ჩვენ სწორედ ის ძველი "დიდაქე" გვიპყრია. მითუმეტეს, რომ მასში ნათლობის საკითხის გარდა მოცემულია მართლმადიდებლურ პრაქტიკასთან და მოციქულთა ცხოვრებასთან შეუსაბამო სხვა წინააღმდეგობები (მაგ. წინასწარმეტყველის უპირატესობა მღვდელმთავართან). ასეც, რომ იყოს, "დიდაქე" ეკლესიის კრებითმა ცნობიერებამ უარყო, რაც ჩვენს მიერ ნაჩვენები იყო, მაგრამ წყალპკურებითი ნათლობის გამართლების სურვილი იმდენად დიდია ოფიციალური ეკლესიის წევრებს შორის, რომ ისინი ამ მეტად საეჭვო დოკუმენტს აფუძნებენ თავიანთი სულების ცხოვნებას. ნათლობის საკითხი, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ გაიხსნა, თუმცა მისი გახსნის შესაძლებლობა ასეთი დემაგოგიის პირობებში შეუძლებელიც არის. მე დამრჩა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ კიდევ მრავალი დოკუმენტის დადება შეიძლებოდა წყალპკურებითი ნათლობის უარსაყოფად. მაგალითად, არ შევხებივარ 18-ე საუკუნის კონსტანტინოპოლის პატრიარქ კირილეს და მის მიერ 1755 წ. მოწვეული კრების დადგენილებას, რომელსაც ხელს აწერდა სამი პატრიარქი. ამ კრებამ განმარტა შთაფვლითი ნათლობის მნიშვნელობა და უარყო ლათინური წყალგადასხმა და გამოაცხადა ის არაფრის მაქნის "ბანვად". ასევე ვერ წარმოვაჩინე ე. წ. ათონის მთის "კოლივადების" ("ფილოკალისტური") მოძრაობის დამოკიდებულება წყალგადავლებითი ნათლობის მიმართ. არადა ამ მოძრაობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც სერიოზულ ღვთისმეტყველებად მიიჩნევიან და ოფიციალური ეკლესიის მიერ წმინდანებადაც კი არან შერაცხილნი. კოლივადების მხრიდან ლათინთა გადანათვლაზე წერდნენ ნეოფიტე კავსოკალივიტი (1713(?) – 1784), წმ. ათანასე პარიოსი (1721(2) – 1813) და წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი (ცნობილი "უხილავი ბრძოლის" ავტორი). ეს ბერძენი ღვთისმეტყველები და სასულიერო პირები სასტიკად ებრძოდნენ ლათინურ ე. წ. დასხმით ნათლობას, რაც ასახულია მათ შრომებში. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბერძნულ ეკლესიაში ბევრი იყო ლათინოფილი, რომელიც ხშირად ღებულობდა ისეთ დადგენილებას, რომელიც ხელს უწყობდა აღმოსავლეთის ეკლესიისა (მართლმადიდებლობა) და დასავლეთის (კათოლიციზმის) დაახლოებას (ცხადია, არაკანონიკურ ნიადაგზე). ამ დადგენილებებსაც ხშირად იმოწმებენ წყალგადავლებითი ნათლობის მოყვარულები, მაგრამ როგორც კი აღმოსავლეთის ეკლესიებში აღსაყდრდებოდა მართლმადიდებლობის დამცველი იერარქი, ის უმალ გმობდა და უარყოფდა ადრე არსებულ დადგენილებას, როგორც მიუღებელს მართლმადიდებლობისთვის. სამწუხაროა, რომ ვერ შევეხეთ ამ საკითხს. ვერ შევეხეთ ასევე სხვა არანაკლებ თემებსაც, როგორიცაა XVII საუკუნის რუსეთის ეკლესიის რეფორმა, რომელიც ჩაატარეს სასულიერო პატივისგან დამხობილმა და მწვალებელმა იერარქებმა; ვერ შევეხეთ 1667 წლის საეკლესიო კრებას, რომელსაც თავმჯდომარეობდა თვით ნიკონ პატრიარქის მიერ მწვალებლობაში მხილებული, გამოაშკარავებული ლათინი და იეზუიტი პაისი ლიგარიდი, რომელიც იერუსალიმის პატრიარქის მიერ პატივაყრილი იყო, და რომელსაც მეფე ალექსი მიხეილის ძემ, რეფორმის საქმე რომ არ ჩავარდნოდა, ფულით გამოუსყიდა ღაზის მიტროპოლიტის წოდება და ისევ აღადგინა თავის კათედრაზე. თუმცა, სულ მცირე ხანში ის ისევ დაამხეს პატივისგან. ამდენი პარადოქსებით და დარღვევბით არის აღსავსე ოფიციალური ეკლესიის ცხოვრება. ჩვენ არ გვსურს მტრობა და შუღლი. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა გულდასმით შეისწავლონ ის საკითხები, რომლებზეც ასე გაცხარებით ვმსჯელობდით და გამოიტანონ ჯეროვანი დასკვნები. გვჯერა, რომ მოვა დრო, როდესაც ეს განსხვავებები აღმოიფხვრება და საქართველოში მიღწულ იქნება მართლმადიდებლობის ერთობა. ჩვენ არ გავდივართ ფორუმიდან, მაგრამ ხსენებულ საკითხებზე კამათის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. დაბოლოს, ვითხოვთ ქრისტეანულ მიტევებას ყველას, ვისაც უნებლიეთ გული ვატკინეთ. ყველას ვუსურვებთ სულის ცხოვნებას და ცათა სასუფევლის დამკვიდრებას. პატივისცემით, ძველმართლმადიდებელი. P.S. მართლმადიდებლობის სხვადასხვა საკითხზე ჩვენი აზრი ვისაც აინტერესებს, შეგიძლიათ ეწვიოთ საიტებს: http://www.oldorthodox.ge http://www.apocalypse.ge პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია afxazi: Jun 21 2010, 04:10 PM -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th September 2025 - 07:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი