![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ზაქე მეზვერის ამბავი (სახარება ლუკასაგან 19, 1-10) „1. და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ. 2. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად. 3. და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. 4. და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. 5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. 6. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით. 7. და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. 8. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. 9. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს. 10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.“ I. დღევანდელ სახარებაში ჩვენ მოვისმინეთ გადასახადების ამკრეფის - მეზვერე ზაქეს მონანიებისა და მოქცევის შესახებ, რამაც უფლის სიტყვით, მთელი მისი სახლეული აცხოვნა. დაწვრილებით განვიხილოთ ეს თხრობა. „და (მას ჟამსა შინა) შევიდა (იესუ) და განვიდოდა იერიქოჲთ. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად (მუხლები 1-2)“. აღწერილი სახარებისეული მოვლენა ამ დროს ხდებოდა, როცა უფალი იესო ქრისტე იერიქონში იმყოფებოდა, სადაც ქალაქში შესვლისას მან ბრმა მათხოვარი განკურნა. იერიქონშიც უფალი ცათა სასუფეველს ქადაგებდა. და აი, სწორედ ამ დროს, როცა იგი ქალაქს განვლიდა, გზად ერთი კაცი შეხვდა, სახელად ზაქე, „მთავარი მეზვერეთაი“. მეზვერეები ყველა სახის გადასახადის ამკრეფნი იყვნენ; პუნქტებს, სადაც გადასახადის აკრეფისათვის საჭირო შენობა იდგა, საზვერე ეწოდებოდა (მათე 9,9). მაგრამ ესენი მთავრობის მიერ დადგინებული და სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი ადამიანები კი არ იყვნენ, არამედ კერძო პირები, რომელთაც სახელმწიფოსაგან შესყიდული ჰქონდათ უფლება გასაზღვრული გადასახადების აკრეფისა, ანდა ამგვარი პირების რწმუნებულნი იყვნენ. სხვაგვარად, თანამედროვე ტერმინოლოგიით, მეზვერეებს იჯარით ჰქონდათ აღებული სახელმწიფოსაგან გადასახადების აკრეფის უფლება. მათ ჰყავდათ მთავარნიც, როგორიც იყო ზაქე (ლუკა 19,2), იყვნენ სხვა მრავალი მეზვერენიც - „კრებული დიდი მეზვერეთაი“ (ლუკა 5,29). ადამიანთა ეს ფენა წარმოიქმნა იმის შედეგად, რომ რომის იმპერიის მთავრობამ, ხალხის მასებთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად და სახელმწიფო ხარჯების შესამცირებლად, დაპყრობილ ქვეყნებში შემოიღო გადასახადების აკრეფის იჯარით გაცემის (გაყიდვის) სისტემა, რომლის თანახმადაც მდიდარი, გერგილიანი ადამიანები ხელმისაწვდომ საფასურად იძენდნენ ამ უფლებას და თვითონვე ახორციელებდნენ როგორც სულადობრივი გადასახადების, ასევე საგზაო და სხვა სახის ბაჟების მოკრებას. სახელმწიფო მეზვერეებს უწესებდა ნიხრებს, რაც ჩანს იოანე ნათლისმცემლის სიტყვებიდან მასთან სინანულისათვის მისული მეზვერეებისადმი: „ნურარას უფროის განწესებულისა თქვენისა იქმთ“ (ლუკა 3,12). მაგრამ ცხადია, რომ რაკი ასეთი საპასუხისმგებლო და სადავიდარაბო საქმისათვის მოეკიდათ ხელი, მეზვერეები ყოველთვის მკაცრად როდი იცავდნენ დაწერსებულ კანონებს და მათ შორისაც იყვნენ სამართლიანი და უსამართლონი, ხალხის შემავიწროებელნი, მჩაგვრელნი, რომელნიც ზოგჯერ დაწესებულზე ორჯერ მეტს სძალავდნენ ხალხს. ამისათვის ხალხს ძალზე არ უყვარდა გადასახადების ამკრეფნი და თვით სახელწოდებაც - მეზვერე - უსჯულოების მომქმედს, ცოდვილის სინონიმადაც კი იქცა. ამიტომ დრტვინავდნენ და მრისხანებდნენ ებრაელები, როცა ქრისტე მეზვერეებთან მიდიოდა სტუმრად და რჩებოდა კიდეც მათ სახლებში (მათე 9,11; ლუკა 19,7). ამავე მიზეზით უფლისადმი მტრულად განწყობილნი ფარისეველნი და მწიგნობარნი, რაკი სურდათ მისი ავტორიტეტი დაემცროთ ხალხის თვალში, ჩააგონებდნენ მას, რომ იესო მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობარია (მათე 11,19). მაგრამ მეზვერეთა შორისაც ზოგჯერ გვხვდებოდნენ შესანიშნავი, პატიოსანი და ღვთისმოშიში ადამიანები. ასეთნი იყვნენ, მაგალითად, მეზვერე ზაქე, რომელიც უფალმა განამართლა და აბრაჰამის ჭეშმარიტ ძედ აღიარა, და მეზვერე ლევი, არჩეული ქრისტეს 12 მოციქულთა შორის და წოდებული მახარებელ მათედ. როგორც მეზვერე, ზაქე, რა თქმა უნდა, არ გამოირჩეოდა სხვა მეზვერეთაგან არც გულჩვილობით, არც დამთმობობით ღარიბ-გლახაკთადმი და შეჭირვებულთადმი, არც სამართლიანობითა და პატიოსნებით თავის, როგორც მეზვერის, მოთხოვნებში. პირიქით, თვით მის უფროსობაში მეზვერეებისა ისიც უნდა დავინახოთ, რომ რაკი ის ამ ადგილს ინარჩუნებდა, ესე იგი, ყოველთვის გულმოდგინედ აჰკრეფდა გადასახადებს და სხვებსაც აღემატებოდა ამ საქმეში გამოძალვისა და შეუწყნარებლობის განსაკუთრებული ხელოვნებით, ამიტომაც არავისი ვალი არ ჰქონდა და დიდი ქონების პატრონი იყო - „და ესე იყო მდიდარ ფრიად“. სიმდიდრე აცდუნებდა მას და საბოლოოდ დაღუპვით ემუქრებოდა, რამეთუ მახარებელიც ტყუილუბრალოდ როდი ამბობს ზაქეზე თხრობისას, იგი იყო მთავარი მეზვერეთა და მდიდარი ფრიად. „და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა (ტანით) იყო მცირე (მუხლი 3)“. დიდება უფლის მიერ აღსრულებული სასწაულებისა უკვე შორს გავრცელებულიყო, და რა თქმა უნდა, ალბათ იერიქონსაც მოსწვდენოდა. ამიტომაც ხმამ - ქალაქში დიდი გალილეველის წინასწარმეტყველი მოდისო - იერიქონის მთელი მოსახლეობა აამოძრავა, მით უმეტეს, რომ ქალაქის შემოსასვლელში უფალმა ახალი სასწაული აღასრულა - ბრმას თვალი აღუხილა. ამიტომ სასწაულმოქმედის შესახვედრად დიდძალი ხალხი გამოვიდა. სწორედ მათ შორის იყო მეზვერე ზაქეც. მაგრამ სხვა მრავალ მოქალაქეთაგან განსხვავებით, მას მხოლოდ ცნობისწადილი როდი იზიდავდა იესოსკენ. როგორც მეზვერეთა - ამ, საყოველთაოდ აღიარებულ ცოდვილთა - უფროსი, იგი კიდევ უფრო ცოდვილ ადამიანად გრძნობდა თავს ღმერთისა და ადამიანთა წინაშე; მას ხომ მოყვასთან წყენინებითა და დაჩაგვრით ჰქონდა მოპოვებული თავისი სიმდიდრე და კარგად ჰქონდა შეგნებული თავისი ცხოვრების მთელი მანკიერება. ცნობა ქრისტეს მოსვლის შესახებ ზაქეს მხოლოდ სმენას კი არ შეეხო, არამედ გულსაც. და მან ძალზე ინდომა ენახა ეს „მეგობარი მეზვერეთაი და ცოდვილთაი“ (მათე 11,19), ანუ თავისი მსგავსი, ყველასაგან მოძაგებული ადამიანების მეგობარი, რათა იესოს სიმშვიდითა და მოწყალებით გაბრწყინებულ ღვთაებრივ პირისახეში შვება ეპოვა თავისი მგლოვარე სულისთვის. მაგრამ ტანმორჩილი ზაქესათვის აქ აშკარა დაბრკოლება შეიქმნა: უფლის გარს შემოხვეული დიდძალი ხალხის გამო მას არ შეეძლო იესოს დანახვა. მაგრამ ნამდვილი სურვილი და გულმოდგინება ყოველთვის ნახავს ნებისმიერი წინაღობის დაძლევის საშუალებას, ოღონდ კი ეს ადამიანის ძალებს არ აღემატებოდეს. ზაქეც ასე მოიქცა: „და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო“ (მუხლი 4). ლეღუსულელი, ანუ გარეული ლეღვიც ისეთი ტანმსხვილია, როგორიც ჩვეულებრივი ლეღვი. მისი ტანი, დაბალია და ძალზედ დატოტვილი, ტოტები განზე, თითქმის ჰორიზონტალურად ეზრდება და თავის ქვეშ მშვენიერ ჩრდილს წარმოქმნის. ფოთლები მკვეთრ სიმწვანეს მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ; ლეღუსულელის ფოთოლი ქვემოთა მხრიდან ხაოიანია, კიდეებში დაკბილული, მოყვანილობით გულს წააგავს; ძველი ფოთლები ხეს მაშინ სცვივა, როცა ახლები გამოდის. ამიტომაც, თავის ჩრდილიანობით ლუღუსულელი ძვირფასი ხეა აღმოსავლეთის მცხუნვარე ჰავის პირობებში. მისი ნაყოფი ყვითელი ფერისაა და ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ლეღვის ნაყოფს, შესახედაობითაც და გემოთიც; ოღონდ უფრო მშრალი და მომწაროა. ღირსშესანიშნავია, რომ ეს ნაყოფი, სხვა ხეთა ნაყოფების მსგავსად, ტოტების ბოლოებში კი არ ჰკიდია, არამედ თვით ხის ტანზე და მშრალ ტოტებზე გამოდის და წელიწადში რამდენჯერმე, ზოგჯერ ოთხგზისაც კი მწიფდება გასაზღვრული ვადის გარეშე. მოწყვეტ მწიფე ნაყოფს და მის ადგილზე დაუყოვნებლივ იზრდება ახალი ნაყოფი. ზოგიერთი სახეობა ლეღუსულელისა ახალ ნაყოფს ორ დღეში გამოიღებს. ამისთვის, რომ ნაყოფი მალე დამწიფდეს და უფრო ტკბილი იყოს, მწიფობაში შესულ ნაყოფს ზემოთა მხრიდან აჭრიან და 3-4 დღეში ჰკრეფენ კიდეც ჩვეულებრივზე ბევრად უფრო მწიფე და ტკბილ ნაყოფს... ლეღუსულელის თვით ხე მსუბუქია, ნასვრეტებიანი, მაგრამ ძალზე მტკიცე და რამოდენიმე წელიწადს არ ლპება. ლეღუსულელი ძველთაგანვე იზრდებოდა ეგვიპტეში, მას ძველი მემატიანეები მოიხსენიებენ, მისგან გაკეთებულ ყუთებში კი მუმიებს ინახავდნენ. უძველესი დროიდან დღემდეა შემორჩენილი ლეღუსულელის ხის ფიცრების სრულიად დაუზიანებელი ნაწილები. ძველ დროში ისინი პალესტინაშიც იზრდებოდნენ, ძირითადად სანაპირო, დაბლობ ადგილებში (III მეფეთა 10,27; I ნეშტთა 27,28). და რაკი ლეღუსულელი ჩრდილიანი ხეა, ებრაელები მას ძირითადად გზის პირებში რგავდნენ მოგზაურთა მოსასვენებლად. ლეღუსულელის ხის ტყეები, რომლებიც ისრაელის მეფეებს ეკუთვნოდათ, ძალზე ძვირფასად ითვლებოდა და განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა: მის მორებს ებრაელები სხვადასხვა ნაგებობებისათვის იყენებდნენ (II მეფეთა 5,23-24; I ნეშტთა 14,14-15; 27-28; ესაია 9,10); ღარიბ-ღატაკნი მისი ნაყოფებით იკვებებოდნენ (ამოს. 7,14); ლეღუსულელის წვენს მებრძოლ სპილოებს აძლევდნენ აღსაგზნებად (I მაკაბ. 6,33). ეს ხე ამჟამადაც იზრდება პალესტინაში. ისინი უფრო ეგვიპტეშია გავრცელებული, სადაც დავით მეფის დროს ამ ხის მორებით ფართოდ ვაჭრობდნენ. ეგვიპტეში მას საცხოვრებლებთან რგავდნენ საჩრდილობლად. აი, სწორედ ასეთ ხეზე ავიდა მეზვერე ზაქე, რათა უფალი ეხილა. რა მგზნებარე სული ჰქონდა ამ ტანმორჩილ, ცოდვილ კაცს! როგორც კი გაიგონა, იესო მოდისო, და დაინახა, რომ ხალხის სიმრავლის გამო ვერც მიუახლოვდებოდა მას და ვერც შორიახლოდან შეხედავდა, ზაქე წინ გაიქცა და ხეზე აძვრა ბავშვივით, რათა უფალი ეხილა. ასე აღეგზნო მისი გული მოშურნეობას უფლის სათნო ყოფისა და სურვილს ცოდვათა მონანიებისა. იგი მდიდარ იყო და დიდი პატივისცემით სარგებლობდა თავისიანებს შორის, მაგრამ ამ თავისი საქციელით თავის უბრალოებას და თავმდაბლობას წარმოჩენს: გლახაკ ბავშვივით ხალხის წინ გარბის და ნაყოფიან ხეზე ასვლას იჩქარის სასურველის ხილვის წყურვილით. იესოს ხილვის სურვილმა ყველა წვრილმანი ანგარიშიანობა დასძლია მასში. ჯანსაღი, წრფელი გრძნობების ძალამ კი იგი ზეციური ჭეშმარიტების სიმღლეს მიაახლა. ასე, რომ მდიდრისათვის არ არის დამამცირებელი ხეზე ავიდეს, რათა იხილოს მეუფე ცათა და ქვეყანისა. ამიტომაც ზაქეს გულმოდგინება ღირს იქნა უფლის უდიდეს წყალობისა. „და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით“ (მუხლები 5-6). გულთამხილველი უფალი კარგად ხედავდა ყოველთვის, რაც მის გარშემო ხდებოდა, იცოდა, თუ ყველაზე მეტად ვის სწყუროდა მისი ნახვა, მაგრამ არ შეეძლო ეს თავისი მორჩილი ტანის და დიდძალი ხალხის გამო; და ვინ იყო ის, ვინც უგულებელყო ხალხის მითქმა-მოთქმა თუ დაცინვა, წინ გაიქცა და ბავშვივით ხეზე აძვრა მხოლოდ და მხოლოდ ამისათვის, რომ დაენახა ქვეყნის მაცხოვარი. ამიტომაც ეუბნება უფალი ზაქეს: „ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ“. უფალ იესოს მეზვერე ზაქეს სახლში სურს შევიდეს იმიტომ, რომ ეს კაცი გულისხმიერი განწყობით უკვე მზად არის იესო ქრისტეს მისაღებად. იესო ზაქესთან მიდის იმიტომ, რომ ზაქეც სულით იესოსკენ ისწრაფოდა. ზაქე ფიქრადაც ვერ გაივლებდა, რომ ასეთ წყალობას ეღირსებოდა, - მას მხოლოდ შორიახლოდან სურდა იესოს დანახვა. მაგრამ უფალი თავმდაბალთ და მორჩილთ ანიჭებს თავის მადლს და როგორი გულმოდგინებითაც იგი უფლის დანახვის შესაძლებლობას ეძებდა, იმგვარივე გულმოდგინებით ემორჩილება იგი ამჯერად უფლის სიტყვას. აი, ასე ნამდვილია წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელსაც უთქვამს მის შესახებ: „ლერწამი განტეხილი არა შემუსროს და პატრუქი მკუმოლვარე არა დაშრიტოს“ (ესაია 42,3). უფლის მადლმოსილი მოწოდებისას, როცა კეთილი მწყემსი წყმედული ცხოვარი შესახვედრად მიემართება, მონანული ცოდვილის გული სიხარულით ივსება. მცირე ხნით ადრე ზაქეს სურდა ოდენ შეეხედა დიდი სასწაულმოქმედისათვის და ფიქრსაც კი ვერ ბედავდა მასთან გასაუბრების შესახებ, აწ კი მას არათუ მისი ხილვა შეეძლო, არამედ საკუთარ სახლში მიღება, მასთან სერობის განაწილება და მეგობრულ საუბარში უფლისათვის საკუთარი სულის გადმოღვრა. რა სიხარულით უდნა ყოფილიყო აღვსილი ამ, ყველასაგან მოძაგებული და უარყოფილი ცოდვილი მეზვერის გული! და აი, იგი უმალვე, წუთის დაუყოვნებლივ ჩამოდის ხიდან და უდიდესი სიხარულით შეჰყავს იგი თავის სახლში. „და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად“ (მუხლი 7). ხალხის წინასწარ აკვიატებული ცუდი შეხედულება, რომელიც ზაქეს მსგავს ადამიანებს არაწმიდა ცოდვილებად მიიჩნევდა, იმდენად დიდი იყო, რომ ყველანი შეცბუნებულნი დრტვინავდნენ - რატომ გაესაუბრა დიდი გალილეველი წინასწარმეტყველი ცოდვილ მეზვერეს და მით უმეტეს, რატომ წავიდა მასთან სახლში, თანაც ისე, რომ იქ შესვლისას სჯულიერი სიწმინდის შენარჩუნების არავითარი ზომები არ მიიღო?!-ო. ყოველივე ეს უკიდურესად საძრახის საქციელად მოჩანდა ფარისევლთა და მწიგნობართა თვალში, აგრეთვე იმ იუდეველისათვისაც, ვინც მათ ცრუ, ოდენ გარეგან სწავლებას მისდევდა (მარკ. 7,3). მაგრამ ასეთი დრტვინვა და ამგვარი მსჯელობები ზაქეს უღირსობის შესახებ ამაოა და მეტად ნაჩქარევი იყო. თავისი შემდეგომი სიტყვებითა და ქმედებებით ზაქემ ყველას უჩვენა, რომ იგი კარგი კაცი იყო და რომ ამიტომ უფალმაც ტყუილ-უბრალოდ როდი მოინახულა იგი. „აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი“ (მუხლი 8). ზაქე, უეჭველია, ყველა სხვაზე უფრო ცხოვლად გრძნობდა, თუ რა სიკეთე იყო მას უფალმა თავის მოსვლით, და მის გამო სულით სიღრმემდე იყო შეძრული. იგი ყურადღებას არ აქცევდა ბრბოს დრტვინვას და მხოლოდ იმაზე ფიქრით იყო დაკავებული, თავისი სტუმრის ღირსი ყოფილიყო და მისი სტუმრობაც თავის სახლში მისთვის სავსებით სათნო რამ საქმით აღენიშნა. და აი, ყოვლადწმიდა საღმრთო პირის წინაშე არაწმიდა სინდისი განსაკუთრებული ძალით ალაპარაკდა, და კეთილგონიერი მეზვერე, ლმობიელ-ქმნილი ღვთაებრივი სიყვარულის უხილავი სუნთქვით სულ სხვა ადამიანად იქცა, - განსხვავებულად ამისაგან, როგორსაც მას, აქამდე იცნობდნენ. თითქოს ზაქე ასე ამობდა: „უფალო, ნამდვილად, მე არ ვარ ღირსი შენი სტუმრობისა, რამეთუ ცოდვილს დიდი მისწრაფება მაქვს სიმდიდრისკენ, რომელსაც სხვათა წყენინების გარეშე ვფლობ; ცოდვილი ვარ იმაშიც, რომ უსამართლობის ჩადენითაც მაქვს შეძენილი ქონება. მაგრამ ამიერიდან აღარ ვიქნები ასეთი: აღარ მექნება უკიდურესი ლტლოვა სიმდიდრის მოპოვებისაკენ და თავს ნებას აღარ მივცემ უსამართლობით შევიძინო ქონება. ხოლო უწინდელ ცოდვათა გადასაფარად, აი, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბ-გლახაკთ დავურიგებ და ნარჩენი ნახევრიდან კი ოთხმაგად მივაგებ იმას, ვისთვისაც რაიმე წყენა მიმიყენებია“. აღსანიშნავია იქ მახარებლის მიერ ნათქვამი: „აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა“. ეს, თითქოსდა, ერთგვარი მინიშნებაა გარკვეული სახის თავშეკავებაზე; ანუ ზაქეს, თითქოს, უკვე დიდი ხანია უნდოდა ეთქვა უფლისათვის თავის ამ გადაწყვეტილების შესახებ, - თითქოსდა, წრფელი სინანული, მის სახლში უფლის შესვლის პირველივე წუთიდან, მზად იყო მის ბაგეთაგან გადმოღვრილიყო, რადგან გამოსწორების მტკიცე გადაწყვეტილება მას იმ უდიდესმა სიხარულმა მიაღებინა, რომელიც გამოწვეული იყო მის სახლში უფლის შემოსვლით და მშობლიურ კედლებში ღვთის ცხოველი სიტყვის გახმიანებით თავად მაცხოვრის ტკბილ ბაგეთაგან; და აი, ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც თანდათან იზრდებოდა, მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა, ბოლოს ზაქეს მთელი არსება მოიცვა და მას უკვე აღარ შეეძლო თავის შეკავება, - იგიც წამოდგა უფლის წინაშე და ამეტყველდა: აჰა, უფალო მთელი ჩემი ქონების ნახევარს ღარიბ-გლახაკთ მივცემ; და თუ ვისმე ცილი დავწამე და რაიმე ვაწყენინე, ოთხმაგად მივაგებო (ანუ სჯულის განჩინებით, ამგვარი შემთხვევებისათვის დაწესებულზე ოთხჯერ მეტს მივუზღავო). რაბინთა ჩვეულებით, არავინ იყო ვალდებული თავისი ქონების მეხუთედზე მეტი გაეცა მოწყალებად, ხოლო მოსეს სჯულის მიხედვით მხოლოდ სამსჯავროზე მხილებულ იუდეველს უნდა დაებრუნებინა პატრონისათვის მისგან მიტაცებული ქონება ორმაგად და ოთხმაგად (გამოსვლა 22,1,4), ხოლო ნებაყოფლობითი აღიარების შემთხვევაში - მხოლოდ ერთი მეხუთედის დამატებით მიტაცებულ ქონებაზე (რიცხვთა 5,7). ზაქეს ესმოდა, რომ მის წინაშე სჯულის უბრალო მოძღვარი კი არ იყო, არამედ სახარების სახიერების მქადაგებელი; ამიტომაც სწორედ მის მიერ სულისკვეთებას მიიღებდა, როცა აღუთქვამდა იესოს იმაზე მეტის გაკეთებას, რასაც ჩვეულება მოითხოვდა, თუ ძველი სჯული განაწესებდა: თავისი ნებით გადაწყვიტა მან არათუ დადგენილი ოდენობა და მეხუთედი წილი მიეცა თავის მიერ უსამართლოდ წყინებულთათვის, არამედ ამაზე ოთხჯერ მეტი. და უფალმაც მოიწონა მდიდარი მეზვერის ეს მსხვერპლი. მეზვერე ზაქეს შემდგომი ბედის შესახებ საეკლესიო გადმოცემით ცნობილია, რომ იგი იყო პალესტინის კესარიის პირველი ეპისკოპოსი. „ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს“ (მუხლი 9). უფლის ეს სიტყვები პასუხიც არის მასზე მდრტვინავი იუდევლების მიმართ. ახლა იქნა ამ სახლის ცხოვნება, ანუ დღეს ამ სახლმა, ოჯახმა ხსნის გზა შეიცნო, ანუ თავის მაცხოვარი შეიცნო და მაცხოვნებელად სწამს მისი. აქედან ჩანს, რომ ზაქესთან ერთად მისმა ოჯახობამაც ირწმუნა იესო ქრისტე. და კიდევ ამასაც დასძენს უფალი: „რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს“. და ესეც, კვლავაც, ზაქესადმი უფლის შემწყნარებლობის ახსნაა, განმართლებაა. ამ სიტყვების შინაარსი ასეთია: „იგიც აბრაჰამის შთამომავალია, რომელსაც მის შთამომავლობასთან ერთად ღმერთმა ცხოვნება აღუთქვა; რამეთუ მანაც ზაქემაც, აბრაჰამის მსგავსად, თავმდაბლობითა და გულმოდგინებით მიმიღო თავის სახლში, როგორადაც აბრაჰამმა მიმასპინძლა ორ ანგელოზთან ერთად მუხასა მამბრესა; ზაქეც, აბრაჰამის მსგავსად, ვითარცა მისი ღირსეული შთამომავალი, მოწყალედ წარმოჩინდება და თავისი ქონების ნახევარს ღარიბ-გლახაკთ ურიგებს“ (ევსევი მოგილეველი. საუბრები... ნაწ. II, გვ. 270). აი, ასე დაიცვა უფალმა სინანულით აღვსილი ზაქე. ამასთან დაკავშირებით წმიდა იოანე ოქროპირი შენიშნავს: „მაცხოვრის ამ სიტყვების გამო იხილე: სანამ ზაქე აბრაჰამის საქმეთა ქმნას დაიწყებდა, უფალი მას, აბრაჰამის შვილად კი არ ხმობდა, არამედ - ზაქედ; ხოლო როცა მან პატრიარქის საქმენი აღასრულა, წარმოაჩინა რა თავისი უმართლობის დანალექი და სიყვარულ ღარიბ-გლახაკთადმი, მაშინ თქვა მასზე: „რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს“-ო. „რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა“ (მუხლი 10). აი, ახალი ახსნა ამისა, თუ რატომ ეწვია იესო ქრისტე მეზვერე ზაქეს სახლს, - ყველაზე ცხადი და საყოველთაოდ გასაგები ახსნა: რამეთუ ძე კაცისაი მოვიდა მოსაძიებლად და საცხოვნებლად წარწყმედულისა, დაღუპვისკენ მიმავალისა. თითქოს უფალი ასე ამბობსო: „მე სწორედ იმისთვის მივიღე ადამიანური ბუნება, სწორედ ამისათვის გამოვცხადდი ადამიანთა შორის როგორც ადამიანი, რომ ჭეშმარიტების გზაზე დასადგომად მომეწოდებინა უცნობლობისა და მანკიერებებში დაღუპვისკენ მიმავალი ადამიანებისათვის და მეხსნა, მეცხოვნებია ისინი; მაშ ნუ დაიწყებთ დრტვინვას ჩემზე იმის გამო, რომ ცოდვილი ადამიანის სახლში შევედი“. სწორედ უფლის ასეთმა სიტყვებმა დაუყო პირი მდრტვინავთ და აღკვეთა მათი მრისხანება. II. ჩვენს მიერ განხილული სახარებისმიერი თხრობა ქრისტესადმი მეზვერე ზაქეს მოქცევისა და ღრმაზნეობრივ ჭეშმარიტებებს შეიცავს. გავისიგრძეგანოთ ისინი: ა) პირველ ყოვლისა და უმთავრესად იგი გვასწავლის იმას, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სინანული ცოდვების გამო (მუხლი 8). ცოდვილი მეზვერე ზაქე სრულიად სხვა ადამიანად იქცა მას შემდეგ, რაც უფლის წინაშე შეინანა. მანამდე იგი მხოლოდ სიმდიდრის მოხვეჭაზე ფიქრობდა. ახლა კი მხოლოდ მაცხოვარზე ფიქრობს; მანამდე იგი არ ერიდებოდა იმას, რომ მოყვასისათვის ყველაზე აუცილებელი რამ წაერთმია; აწ კი მზად არის მთელი თავისი ქონების ნახევარი მისცეს ღარიბ-გლახაკთ. აი, ჩვენი სინანულიც ასეთი უნდა იყოს! - იგი მთლიანად უნდა მსჭვალავდეს ჩვენს სულს, შესძრავდეს და სცვლიდეს მას ყოველ აზრში, გრძნობებსა და მიდრეკილებებში, და ჩვენ მხოლოდ გარეგან ცოდვებს კი არ უნდა ვინანიებდეთ - საქმეებსა და სიტყვებს, არამედ ჩვენი სულის ცოდვიან მოძრაობებსაც - გრძნობებსა და ფიქრებს. ჩვენ, ჩვეულებრივ ცოდვად მივიჩნევთ გარეგან საქციელთ - უსჯულოთ და კანონსაწინააღმდეგოთ, - და სამართლიანადაც, რამეთუ ყოველი ისეთი საქციელი ცოდვაა, ამასთან სრული, მთლიანი ცოდვა, ადამიანის მთელ არსებას რომ მსჭვალავს, მის ყველა ნაწილსა და სფეროს: აზრებს გრძნობებს, ნებელობას და თვით ჩვენს ქმედებებს. მაგრამ განა მართლაც მხოლოდ გარეგანი, უკვე ჩადენილნი საქციელნი შეადგენენ ჩვენს ცოდვებს და მხოლოდ ისინი უნდა შევინანოთ?! განა ასევე ცოდვებს არ წარმოადგენენ თვით ჩვენი შინაგანი გრძნობები, განზრახვანი და გადაწყვეტილებანი ამა თუ იმ ცოდვის ჩასადენად?! ჩვენი გული დაფარულია ადამიანთათვის, მაგრამ ყოველთვის ხილული და ღიაა გულთამხილავი ღმერთისათვის. განა ცოდვიანი გრძნობა აღარ იქნება ცოდვიანი მხოლოდ იმის გამო, რომ იგი უხილავია ადამიანთათვის? ჩვენი გული ხომ დიდი ფარული საცავია, რომელშიც გულისთქმა, ვნება ყოველგვარ ცოდვებს შთასახავს და შემდეგ შობს კიდეც. ამიტომაც ყოვლად აუცილებელია თვით განზრახვაშივე ვებრძოდეთ და აღმოვფხვრიდეთ ჩვენს ცოდვებს, რათა ნება არ მივცეთ მათ გარეთ გამოვიდნენ. ამიტომ სწორედ ჩანასახში, განზრახვაში არსებული ჩვენი ცოდვებიც უნდა შევინანოთ. აზრებზე, ფიქრებზე კი ჩვენ კიდევ უფრო ნაკლებად ვზრუნავთ, ვიდრე გრძნობებზე. და ეს მაშინ, როცა სწორედ აზრები შეადგენენ ყველა ჩვენი ცოდვის თესლს: ისინი მაცთუნებელი საგნების სახეებს წარმოგვიდგენენ, რომელთაც ჩვენი გულისთქმა შეეყოფა და ცოდვას ჩასახავს, შემდეგ კი შობს. ამიტომ თვით ჩვენი უჯერო ფიქრებიც უნდა დავგმოთ და უარვყოთ, ისე, რომ, როცა სინანულის ნაყოფის გამოღებას შევუდგებით, ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვიანი აზრი და ფიქრიც უნდა შევინანოთ. და რაღა უნდა ვთქვათ სიტყვებზე, რომელთაც მრავალნი კიდევ უფრო მეტად უგულებელჰყოფენ, ვიდრე სწრაფმფრენ ფიქრებს?! სიტყვები - გარეთ გამოსული ფიქრებია, და როგორადაც ბოროტი ფიქრითა და აზრებით ცოდვები ითესება ჩვენს სულში, ასევე ჩვენი ბოროტი სიტყვებით ცოდვები ითესება სხვა ადამიანთა სულებში, რომელნიც ისმენენ მათ. ამრიგად, ჩვენი სიტყვების გამო ჩვენ შეიძლება საცთურად შევიქნათ სხვებისთვის და ღმერთის რისხვა მოვაწიოთ ჩვენს თავს. და ვაი ჩვენ, თუკი სინანულით არ განვიწმიდავთ თავს ამაში და თუკი არ ვიზრუნებთ იმაზე, რომ მომავალში ფრთხილნი ვიყოთ სიტყვებში. დაე, წრფელმა სინანულმა განმსჭვალოს მთელი ჩვენი არსება სულით ხორცამდე, აზრებიდან სიტყვებამდე. გრძნობებიდან ქმედებებამდე, და განზრახვებიდან - საქციელამდე! ბ) ზაქეს ამბავი იმასაც გვასწავლის, რომ არანაირი წოდება, არანაირი ცხოვრებისეული საქმიანობა არ ეწინააღმდეგება და ხელს არ უშლის ჩვენი ცხონების საქმეს; და თუკი ჩვენ ქვეყნიურ ცხოვრებაში რაიმე უნდა მივატოვოთ, ეს თვით საქმიანობა კი არ არის, არამედ - უმართლობა, უჯერო საქციელნი ჩვენს საქმიანობაში, რადგან სწორედ ამ უმართლობებით ჩვენთვის მართლაც შეუძლებელი იქნება ცხოვნება (მუხლი 9). აი, მაგალითად, მოხეტიალე მომლოცველი ავიღოთ, რომელიც მრავალი წმდია ადგილის მოსალოცად დადის: იგი ბევრს დაშვრება, მაგრამ მისი შრომა სათნო არ ეყოფა ღმერთს და სულისთვისაც დამღუპველი იქნება, თუკი უმართლოდ დაშვება - სხვების ხარჯზე მოგზაურობს, ან მათხოვრობს გზაში. ანდა, დაქირავებული მუშაკი ავიღოთ, მოჯამაგირე: იგი სათნო ეყოფა ღმერთს, თუკი პატიოსნად მუშაობს, სუფთა სინდისით, - ანუ ისეთივე გულმოდგინებით შრომობს პატრონის სასარგებლოდ, თითქოს მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაშვრებოდეს. ხოლო თუკი ეს მოჯამაგირე ყველანაირად ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები გააკეთოს და რაც შეიძლება მეტი მიიღოს თავისი პატრონისაგან; თუკი იგი დააქცევს თავის პატრონს, რათა თავად იხეიროს და გამდიდრდეს მის ხარჯზე, - ასეთი მოჯამაგირე იმდენადვე ვნებს თავის პატრონს მატერიალურად, რამდენადაც საკუთარ სულს სულიერად; და მის სულს ამ შემთხვევაში თვით მოჯამაგირეობა კი არ ღუპავს, არამედ უმართლობა სამოჯამაგირეო საქმიანობაში. ანდა, ვთქვათ, შენ მოვაჭრე ხარ: ნუ მიატოვებ შენს საქმიანობას შენი ცხოვნების გულისათვის, არამედ უმართლობანი მიატოვე შენს საქმეში, - ნურავის ნუ მოატყუებ, სწორად შეასრულე შენი მოვალეობა! ასევე, მიწისმოქმედი თუ ხარ, - ყოველთვის პატიოსნად იშრომე, ნუ დაამშევ შენს მუშა-საქონელს, ზედმეტი, უსაშველო შრომითაც ნუ გათანგავ შენი ოჯახის წევრებს! ანდა, მეწარმე თუ ხელოსანი ხარ, კვლავაც გააგრძელე შენი საქმიანობა და შიში ნუ გექნება შენი სულისათვის, - ოღონდ ყოველთვის ეცადე, სამართლიანი იყო და არავინ დაჩაგრო: ჯამაგირს ნუ დაუკავებ შენს მუშაკებს და ნუ მიემძლავრები იმ ღარიბ-გლახაკთ, რომელთაც შენს მიერ წარმოებული ნაკეთობანი ესაჭიროებათ. ანდა, ვთქვათ, საზოგადოებრივი თანამდებობა რამ გაკისრია: ნუ იტყვი მასზე უარს ღმერთის სათნო-ყოფისათვის, არამედ ეცადე ყოველივე სიმართლით და სუფთა სინდისით აკეთო: ვინც პატიოსნად ემსახურება ადამიანებს, ის ამით თვით ღმერთს ემსახურება და სათნო-ეყოფა. სიმართლე ყოველ ჩვენს საქმეში ნებავს და სათნო-ეყოფა შემოქმედ ღმერთს, ხოლო ყოველი უმართლობა ყველაზე კეთილსახიერ საქმეთაც კი წაახდენს. მაშასადამე, არა გვიხმს ჩვენ, ძმანო, ჩვენი ცხოვრების იმ სახეს ვადანაშაულებდეთ საკუთარ ცოდვიანობაში, რომელშიც დაბადებიდანვე ვართ დადგინებულნი, - ანდა იმ ცხოვრებისეულ საქმიანობაში ვეძებდეთ ჩვენი ცოდვების მიზეზს, რომელსაც ჩვენი ბავშვობიდანვე მივსდევთ და შევჩვევივართ. სულის ცხოვნება შეთავსებადია ცხოვრების ნებისმიერ კანონიერ სახესთან და ღვთის სათნო-მყოფელი საქმეების აღსრულება შესაძლებელია ნებისმიერი ცხოვრებისეული საქმიანობისას. გ) დღევანდელი სახარებიდან ისიც ცხადი ხდება ჩვენთვის, რომ ზნეობრივი დაცემის რა დაბალ საფეხურზეც არ უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, ჩვენ ზიზღით, მოძაგებით არ უნდა ვეპყრობოდეთ მას და არც უნდა უგულებელვჰყოფდეთ (მუხლები 6-10), რამეთუ იგი მაინც ჩვენი ძმაა ქრისტესმიერ, გამოსყიდული მისი უძვირფასესი სისხლით, - ღმერთის ხატად და მსგავსად შემქნილი გონიერი არსება; და საიდან ვიცით ჩვენ, რომ ის, ვინც დღეს მანკიერ ცხოვრებას ეწევა, ხვალ ცხოვნების გზაზე არ მოიქცევა ღმერთის მადლით და სრულყოფილებიდან სრულყოფილებისაკენ აღმავალი სიწმინდის უმაღლეს ხარისხს არ მიაღწევს და თვით ანგელოზთა მსგავსი არ გახდება?! ჩვენი ღირსი დედების მაგალითი - წმიდათა მარიამ ეგვიპტელის, ევდოკიასი, პელაგიასი ცხადად გვიდასტურებს ამის სრულ შესაძლებლობას. ქრისტიანული სიყვარული, პირიქით, გვაიძულებს ცოდვებში მძიმედ შთაფლულ ადამიანებსაც კი სრული კეთილშემწყნარებლობით მოვეპყრათ - სიმშვიდითა და მრავალმოთმინებით, კაცთმოყვარეობით შთავაგონებდეთ მათ გამოსწორებას იმ იმედით, რომ ეგების მცირე, თუნდაც სუსტ იარაღად გამოვადგეთ ღმერთის ყოვლადძლიერ მადლს ამ ცოდვლითა მოქცევის საქმეში. ხოლო მეზვერე ზაქეს მოქცევის მაგალითი სწორედ ამ ღრმად მანუგეშებელ ჭეშმარიტებას განგვიცხადებს, რომ ზნეობრივი დ -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული მეზვერისა და ფარისევლის კვირა დღეიდან ეკლესიაში „მარხვანის“ კითხვა იწყება. აი, უკვე დატრიალდა მარხვის სურნელი! ჯერ არს, რათა მის მისაგებებლად განვემზადოთ, და არა მარტო მარხვის, არამედ მეტადრე იმის მისაგებებლად, რისთვისაცაა დაწესებული მარხვა: სინანულსა და უწესო ცხოვრების წარმართებას მივემთხვიოთ... აი, თქვენ ისმენთ ლმობიერებით გამსჭვალულ საგალობელს: „აწ განმიღე ბჭენი სინანულისა, ცხოვრების მომცემელო!“ განბიღე ბჭე სინანულისა! - განა ვინ დაკეტა იგი? სინანულის ბჭე გაღებულია ჯვარის მიერ; ის ღიაა და ღია იქნება ყოველი ადამიანისთვის, ვიდრე არსებობს ეს სოფელი, ხოლო თითოეული ჩვენთაგანისთვის - მანამ, სანამ ჩვენს ნესტოებში სიცოცხლე სუნთქავს. ასეა: განხმულია ღვთის მოწყალების კარი, - და ვინ დაჰხშავს მას? მაგრამ ამ კარში ვერ შევალთ, თუკი უწინ გულის სალმობისა და შემუსვრილების კარს არ გავივლით. ილმე (შეიჭირვე) და შეიმუსრე, და უფალი შეგიწყნარებს. შეიმუსრე! - მაგრამ გული არ იმუსრება; გგლმოდეს! - მაგრამ გულს არ სურს სალმობიერება. და აი, საკუთარ სულში ჩახშული, გულგანფიცხებული ადამიანი, თვითმფლობელობის ძალა რომ არ შესწევს, მოწყალე ღმერთს შეჰღაღადებს: „აწ განმიღე ბჭენი სინანულისა, ცხოვრების მომცემელო!“ შენი კარი მუდამ ღიაა, უფალო, მაგრამ ჩემი დახშულია და გამოსავალი არ მაქვს! ჩემი გაქვავებული გულის კარი განმიღე შემუსვრით, რათა წარმოვდგე შენს წინაშე და შენი მოწყალების კარში შევიდე! ისმენს უფალი შეჭირვებული ადამიანის სულთქმას და გულისხმას უყოფს მას, - როგორ უნდა მოიქცეს, მისი გულის კარი რომ განეღოს. გუშინ ვგალობდით: განმიღე ბჭენი სინანულისა; დღეს, ამის პასუხად, უფლისგან მეზვერისა და ფარისევლის იგავს ვისმენთ. მომდევნო კვირას, ამავე ვედრების პასუხად, უძღები შვილის იგავს მოვისმენთ. შემდეგ, ამავე მიზნით, ღმერთი საშინელ სამსჯავროსა და ჩვენს პირველშექმნილ წინაპართა დაცემას გაგვახსენებს. უფალი თითქოს გვეუბნება: აღასრულეთ ყოველივე, რასაც სახარების ამ იგავებში განცხადებული ჭეშმარიტებები გვამცნებენ, და ეგებ ეღირსოთ, ბოლოს და ბოლოს, შემუსვრას და თქვენი გულის კარის გაღებას. უფალი მოელის, რომ როგორც მძიმე ურო, ქვაზე დარტყმისას, ამსხვრევს მას და ანაკუწებს, ისე ეს ჭეშმარიტებებიც, ერთი მეორეზე უფრო გულისშემძვრელნი, შემუსრავენ, საბოლოოდ, ჩვენს განფიცხებულ გულს, მას სინანულის გოდებას ამოათქმევინებენ და ლმობიერების ცრემლებს მოსწურავენ! ჩავუღრმავდეთ, ძმებო, ღვთის განზრახვას და მოწყალე უფლის მაცხოვნებელ ბრძანებებს შევუდგეთ (მივყვეთ). გულს უფალი ცვლის, მაგრამ ჩვენ თვითონაც უნდა ვაიძულოთ თავს და, უკანასკნელ შემთხვევაში, ჩვენში ღვთის მაცხოვნებელი მადლის ქმედებას მაინც არ შევუქმნათ დაბრკოლება. მეზვერისა და ფარისევლის იგავი გვიცხადებს, რომ მთავარი დაბრკოლება ჩვენი გულის შემუსვრისა ჩვენი ალალმართლობის შეგრძნებაა, და გვასწავლის, განვდევნოთ ჩვენგან ეს გრძნობა, მეზვერის სულიერი განწყობილება მოვიპოვოთ, რათა მისი სიტყვით ვხმობდეთ: „ღმერთო, გვილხინე ჩვენ, ცოდვილთ!“ უფალი წარმოაჩენს ორ ადამიანს და თითქოს გვეუბნება: „აი, იხილეთ, - ორი ადამიანი მოვიდა ჩემთან: ერთი თამამად მომეახლა, დარწმუნებული თავის ალალმართლობაში და ჩემს წინაშე თავის დამსახურებებში; და ვერ მიიღო განმართლება. მეორე ჩემს მიმართ ზე აღმოხილვასაც ვერ ბედავდა, მხოლოდ მკერდში იცემდა და წყალობას მთხოვდა; და მე შევიწყალე“. თქვენც ასევე მოიქეცით: განიძარცვეთ თავის მართლების წარმწყმედელი სამოსელი, თავის განქიქებისა და ყვედრების ძაძები შეიმოსეთ, - და უფალი შეგიწყალებთ. თვითკმაყოფილება და თავის მართლება ყველაზე დამღუპველი ხიბლია, რომლითაც ჩვენს მტერს ძალიან ბევრი ჰყავს შეპყრობილი, და არცთუ ცუდი ადამიანები! ეს ხიბლი ფეხებს კვეთს და სულიერ წინსვლას აჩერებს. ვისაც თავი მართალი ჰგონია, რაღა ძალა ადგას, დიდად შეწუხდეს და წყალობა ეძიოს? მიზანი მიღწეულია - კაცი მართალია; რისთვისღა იშრომოს? ისღა დარჩენია, მზერა მოატაროს ირგვლივ, თავი იმაღლოს და სხვები ამციროს. სინამდვილეში კი ეს ნიშნავს გულისსიტყვით განბნევას იმისას, რაც რუდუნებითაა შეკრებილი, და თავის წარწყმედას. აი, რატომაა, წმინდა მამათა სამოძღვრო თხზულებებში მოუკლებლად რომ მეორდება სიმდაბლისა და თავის დამცრობის გაკვეთილები და განსაკუთრებით სასტიკად განიკიცხება თავზე დიდი წარმოდგენა და მზვაობრობა. ვისაც ხიბლის ნისლის გაფანტვა სურს, მოდით, ფარისევლისგან ვისწავლოთ ეს. ფარისეველი, მგონი, საჭიროდ არც თვლიდა თავისი ნაფიქრალის დამალვას: გულახდილად ამოთქვა, რაც გულში ჰქონდა. სწორედ ამით გამჟღავნდა, რომ მისი საწყალობელი სული მტერს მახეში გაება და ხიბლში მოემწყვდია. „არა ვარ, ვითარცა სხუანი“. პირველი ხიბლი! ფარისევლის ყოფაქცევას ცუდი ნამდვილად არ ეთქმოდა. შეხედა აშკარა ცოდვილებს და ბუნებრივად ჩათვალა თავი მათზე უკეთესად. მაგრამ რატომ უყურებდა უწესოდ მცხოვრებთ? წმინდა, მართალი ცხოვრებით ვინც ცხოვრობს, იმათთვის შეეხედა. დაინახავდა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს, ვინც თავისი ცხოვრებით მასზე ბევრად მაღლა იდგა, - და უკვე აღარ იტყოდა ამ წარსაწყმედელ სიტყვებს: „არა ვარ, ვითარცა სხუანი“. აი, ჩვენი მეცნიერება, ძმებო! მტერი მუდამ ერთსა და იმავე მანქანებას იყენებს, - ახლაც, ისევე, როგორც მაშინ. ახლაც ისევე შთაგვაგონებს, როგორც მაშინ: „აი, შეხედე, ესეც ასეთ-ისეთია და ისიც: შენ ხომ სულ სხვა ხარ!“ მოისმენს საცოდავი ადამიანი ამ მზაკვრობით სავსე სიტყვებს და ნამდვილად იჯერებს, რომ კარგია, თავის თავზე დიდი წარმოდგენით ებინდება გონება და ღვთის წყალობას აკლდება. მაგრამ რატომ უნდა უყურებდე იმას, ვინც უდებებაში ატარებს ცხოვრებას? სათნოებისა და კეთილმსახურების მტკიცე მოშურნეებს შეხედე და შენი ნაკლოვანებების შეცნობით განათლდები! ანდა უმჯობესია, ცოცხლებიდან არავის უყურო, რამეთუ ვინაა განწმენდილი? გვერდი აუარე ყველას და გონებაში მხოლოდ იმათი სახეები ჩაიბეჭდე, ვის მიბაძვასაც ღვთის სიტყვა გავალებს. „მობაძავ ჩემდა იყუენით, ვითარცა მე ქრისტესი“ (1კორ. 11,1) - ამბობს მოციქული. „სახე მიგეც თქუენ, რაათა ვითარცა ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ“ (იოანე 13,15), ან: „იყუენით თქუენ სრულნი, ვითარცა მამათქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მთ. 5,48), - ხმობს უფალი. აი, ვის უნდა უყურებდე და რას უნდა ადარებდე შენს ცხოვრებას! - წმინდა მოციქულთა სათნოებებს, ქრისტე მაცხოვრის ქველისმოქმედებას, ზეციერი მამის სისრულეს. ამ დასში რომ ჩააყენებს თავს, ვინღა გაბედავს გაფიქრებას: „არა ვარ, ვითარცა სხუანი?“ უმალ განა სირცხვილი არ დაჰფარავს მას, განა თავს არ ჩაღუნავს და გულის სიღრმიდან ამოიკვნესებს: „ღმერთო, მოწყალე მექმენ“? მას ისეთივე განცდა დაეუფლება, როგორიც მაღალ საზოგადოებაში მოხვედრილ ადამიანს, რომელმაც არ იცის მისი წესები. ასე რომ, მაღალთა და სრულთა ჩვენთან შედარება ყველაზე ძლიერი და ქმედითი ექიმობაა თვითრჩეულობის აღსახოცად. ფარისეველი ფიქრს განაგრძობს: „ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა (კვირაში ორჯერ ვმარხულობ) და ათეულსა შევჰსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა“ (მთელი ჩემი შემოსავლის მეათედ ნაწილს ღარიბებს ვურიგებ და ეკლესიას ვწირავ). აი, მეორე ხიბლი! - მხოლოდ სათნოებათა ხსენება, ცოდვების დაფარვა თავისივე თავისგან; ქველისმოქმედების გახსენებისას მისი გარეგნული მხარის დანახვა მხოლოდ, უგულებელყოფა შინაგანი განწყობილებებისა და გრძნობებისა, სიკეთის ქმნას რომ მოეზავებოდა. ასე სჯიდა ფარისეველი და ამპარტავნების ბნელში იძირებოდა. ის არასწორად განიხილავდა თავის საქციელს, რადგან მიაჩნდა, რომ მუდამ კარგად იქცეოდა. მაგრამ რამდენი შემთხვევა იყო, როცა მას სიკეთის ქმნა შეეძლო, ვალდებული იყო და თავი აარიდა მას, რამდენჯერ ბოროტება ჩაიდინა სიკეთის ნაცვლად, - ამაზე ის დუმს და ცდილობს, ეს თავის თავსაც დაუმალოს და ღმერთსაც. შეჩერდი, ფარისეველო, - ვინმე რომ ეტყოდეს! - მთელი შენი უკეთურებაც გაიხსენე; და შემდეგ ერთ მხარეს შენი სიკეთე დადე, მეორე მხარეს კი მთელი შენი ავნაქნარი, და მაშინ ნახე, რა გამოვა! წინდაწინვე შეიძლება გამოცნობა, რაც გამოვა. ასე რომ მოქცეულიყავი, მაშინ ენა აღარ მოგიბრუნდებოდა სათქმელად: „არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი“. კეთილსინდისიერად რომ განგესაჯა შემდეგ, რა მოსაზრებებით გააკეთე ის კნინი სიკეთე, რომელსაც იხსენებ, ანუ: ამაო მედიდურობის ან კაცთმოთნეობის გამო ხომ არა? ან იქნებ იმისთვის, რომ წონა შეიძინო და შენი მდგომარეობის შესაბამის სარგებელს არ მოაკლდე? ან იმიტომ ხომ არა, რომ გარემოებამ შეგიწყო ხელი, თუმცა კი გული არ ერთვოდა ნამოქმედარს? საერთოდ, ღვთის თნება და მისი დიდება გქონდა აზრად, თუ შენი თავი და პირადი ინტერესები? - ამ მხრივ რომ აგეწონ-დაგეწონა შენი მცირე სიკეთე, მისგან აღარაფერი დაგრჩებოდა, გარდა შეშფოთებისა და სულთქმასა: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას!“ ფარისეველი ასე არ მოქცეულა: თავით ქადილის მახეში გაება და თავის მართლებისათვის დაფარა კიცხევამ ღვთისამ. მაშ ასე, თავით მოხიბვლის საცდურს გინდათ თავი დააღწიოთ? - ფარისევლისგან ისწავლეთ, ოღონდ მის საპირისპიროდ იმოქმედეთ: არ მოიქცეთ ისე, როგორც ის იქცეოდა და პირიქით, მოიქეცით ისე, როგორც იგი არ იქცეოდა. მტერი რომ მოგიახლოვდებათ და თქვენს გულში თითქოს საყვირით გაჰყვირებს, სხვებივით არ ხართ, ყოველთვის კარგად იქცევითო, თავი ხელში აიყვანეთ, მოატარეთ მთელი თქვენი ბოროტნამოქმედარი და თავს ჰკითხეთ: ეს ვინ გააკეთა? ეს ვიღამ ჩაიდინა? ეს?! მაშინ გაიღვიძებს სინდისი და მისი მამხილებელი ხმა ჩაახშობს თავის ქების ჩურჩულს: „არა ვარ, ვითარცა სხუანი!“ თუკი, ამის მიუხედავად, თქვენი გული მაინც განლაღდება მზვაობრობით, მკაცრი გაკიცხვით ამხილეთ ის და უთხარით: სიკეთე კიდეც რომ გექმნას, შენი ბოროტი გულისსიტყვით სულმთლად წაახდინე ყველაფერი და შეაბილწე ხან ამაო მედიდურობით, ხან კაცთმოთნეობით, ხან რაღაცის გამორჩენის განზრახვით. ასეთი გრძნობები კიდეც რომ არ წარწმასნოდა შენს ნამოქმედარს, შენ ახლა ბღალავ მას და მთელ ღირსებას ართმევ, რადგან ამპარტავნობ ქველის მოქმედებით. ასე რომ ვამხილებთ თავს, თავის მართლების ყოველგვარ საყრდენს გამოვაცლით მას და ჩვენ ვეღარ მივიქცევით ვერსაით, არამედ მხოლოდ წყალობისა და შეწევნისაკენ ღვთისა, რომელსაც შევღაღადებთ კიდეც პირუთვნელად: „ღმერთო, გვალხინე ჩვენ, ცოდვილთ!“ ო, ნეტავ როდის შეგვეწევა უფალი, მეზვერის ეს განმამართლებელი გრძნობები რომ მოვიპოვოთ და მათ შევემტკიცოთ. აკი თითქოს ბუნებრივია ისინი ჩვენთვის; თუმცაღა არა ყოველთვის და არცთუ იოლად ვპოულობთ ჩვენში ამ გრძნობებს. ესეც უნდა ვისწავლოთ, ისევე, როგორც საერთოდ ყოველგვარი სიკეთის სწავლა ჯერ არს. სწავლა! და ამგვარი სწავლის დროს აი, რა ღონე უნდა ვიხმაროთ: გონებით ჩავღრმავდეთ ჩვენს შინაგან ადამიანში; მასში ჩვენ ჩვენი შინაგანი მოწმე, ჩვენი გულის უტყუარი სარკე - სინდისი გვაქვს, მაგრამ ის მიგდებულია და ხშირად - გასვრილიც. ეს სარკე გავწმინდოთ და, უფლის სიტყვის მიხედვით, გარკვეულად აღვადგინოთ მასში ჩვენთვის სავალდებულო ყველა სიტყვა, მოქმედება, გრძნობა და გულისსიტყვა. შემდეგ დავდგათ ის ჩვენი პიროვნების, ანუ შინაგანი ადამიანის პირისპირ ისე, რომ ჩვენი პიროვნება ვერსად დაიმალოს და ვერც ვერაფერი გადაიფაროს. რაკი შუქის გარეშე შეუძლებელია რაიმეს დანახვა, ჩვენი შინაგანი ტაძარი ღვთის შიშით განვანათლოთ, რომლის ქმედებითაც ჩვენი პიროვნების, ანუ ჩვენი შინაგანი ადამიანის ყველა ნაკვთი წვლილად, აშკარად გამოჩნდება სინდისის სარკეში. ასე გამოწვლილვით რომ გამოვიძიებთ ჩვენს შინაგან ადამიანს, უეჭველად მოვიპოვებთ მეზვერის შინაგან განწყობას. არა მარტო მოქმედება, არამედ გულიდან გამოსული და გამომავალი ყველა ბოროტი გულისსიტყვა აღიბეჭდება ჩვენს შეგნებაში, აისახება სინდისზე და, ღვთის შიშის ქმედებით, სამსჯავროს მოიზიდავს. და როგორც მეზვერე იდგა შორს, შიშისაგან ახლოს მისვლას ვერ ბედავდა, სინდისის ქენჯნისა და კდემის გამო ზეცისკენ ახედვასაც კადნიერებად მიიჩნევდა, თავის თავით უკმაყოფილო, მკერდში იცემდა და თავის უმსგავსობაზე წუხდა, ისე ჩვენი შიშიც შეიცვლება სირცხვილით, სირცხვილი - განქიქებით, განქიქება - სალმობით ჩვენი დაცემის გამო. და თვითრჩეულობის დაბადების, მზვაობრობისა და თავის მართლების აღორძინების დრო აღარ დაგვრჩება. რამეთუ როგორც ჩვენს ორგანიზმში არ წყდება მოქმედება, გული კი ყოველ წამს ცოდვას ჭედავს, წუთი არ იქნება, მკერდში რომ არ ვიცემდეთ და ვგოდებდეთ: „ღმერთო, მილხინე!“ ეს მდგომარეობა ნეტარებაა; ნამდვილად გვწევს ღვთის წყალობასა და მისგან განმართლებას. მრავალნი ვამბობთ: „ცოდვილი ვარ“, ღვთისთვის საამოა ეს სიტყვები, მაგრამ ვიზრუნოთ, რომ მხოლოდ ენა კი არ წარმოთქვამდეს მათ, არამედ გულიც გრძნობდეს. დავირწმუნოთ თავი, რომ თავის მართლად მიჩნევა წარწყმედის გზისკენ მიდრეკაა. წარვდევნოთ ჩვენგან ეს გრძნობა, ყველაზე საშიში მტერი, რომელიც გვეპარება, რათა უძვირფასესი სიკეთე, ღვთის წინაშე განმართლება მოგვტაცოს. ამ საცდურს რომ არ მივეცეთ, ჩვენს ყოველ ქმედებას, ყოველ განზრახვას თავის ცოდვილად შეგრძნობა წავუმძღვაროთ წინ და ის იდგეს ყველაფრის სათავეში. მოწყალებას რომ გასცემ, იფიქრე: ღირსი არა ვარ, ამით ღვთის წყალობა მოვიპოვო; როცა მარხულობ ან სხვა აკრძალვას იდებ თავს, იფიქრე: სხვები ამით თავიანთ სათნოებებს განამრავლებენ, ჩემთვის კი ეს ეპიტიმიაა, ჩემი ცოდვების სანაცვლოდ ვშრომობ; ეკლესიაში მიდიხარ, თუ შინ ლოცულობ, თავს უთხარი: ვიშრომებ, ეგებ შემიწყალოს უფალმა და ცოდვები შემინდოს. ლოცვას რომ შეუდგები და გონებით და გულით უფლის წინაშე წარდგები, განსაკუთრებით ამ დროს სხვაგვარად ნუ აღიქვამ თავს, თუ არა ყველაზე წარუმართებელ (გამოუსწორებელ) ადამიანად, ყველაზე მეტად რომ საჭიროებს ღვთის წყალობას. მაშინ ემსგავსები წმ. პიმენს, მთქმელს ამ სიტყვებისა: „თავს ვჭვრეტ ადამიანად, რომელიც ყელამდე მწვირეშია ჩაფლული, და ბაგეებიღა მოუჩანს, რათა ხმობდნენ: „უფალო, შემიწყალე მე!“ სულის ასეთ განწყობას რომ მოვიპოვებთ, ღვთის წყალობით, თვითრჩეულობის, თავზე დიდი წარმოდგენის ხიბლს დავაღწევთ თავს და გულის შემუსვრილების კარის გაღების მთავარ დაბრკოლებას გადავლახავთ, ამ კარიდან გამოსულნი კი უეჭველად მივემთხვევით ღვთის მოწყალების ბჭესაც. ამინ. თარგმნა ია მელიქიძემ წიგნიდან: „საუბრები ქრისტიანულ ცხოვრებაზე“ http://orthodoxy.ge/tserilebi/teofane_mezvere.htm -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი