ძველმოწესეთა ეკლესია, კანონიკური საკითხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველმოწესეთა ეკლესია, კანონიკური საკითხები |
კანონისტი |
Apr 30 2011, 07:38 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
dzvelmartlmadidebeli
ციტატა ბ-ნო დავით, როდესაც ჩვენი მხარე თქვენს მხარეს ედავება, ან შენიშვნას აძლევს, ყოველთვის "ქედმაღლობად" და "დიდაქტიკოსობად" მიიღება. არადა ჩვენ, ვლაპარაკობდით კიჩსა და გაქილიკებაზე, რომელსაც მიმართავს თქვენი მხარე ჩვენი პოსტების განხილვისას. მგონი უნდა ასხვავებდეთ კიჩსა და შენიშვნას, ქილიკსა და დავას... ასე ალბათ იმიტომ ხდება, რომ თქვენ არ გაგაჩნიათ ქრისტეანული სიყვარული ძველმორწმუნე მართლმადიდებელთა მიმართ, მაშინ როდესაც უპრობლემოდ მეგობრობთ ლათინებთან, პროტესტანტებთან, იუდეველებთან და თვით მაჰმადიანებთანაც კი... ნამდვილად არ არის ასე. მე მომეჩვენა, რომ თქვენს პოსტებში იგრძნობოდა, რომ ჩახვდით რა იმ ,,ჭეშმარიტებას", რომ თურმე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აცდენილია ღმრთის გზას, ცდილობთ ჩვენ შეცდომილნი დაგვაბრუნოთ ჭეშმარიტებაში. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ქედმაღლობაა (ღმრთის გმობაზე რომ არაფერი ვთქვა). ადამიანური პატივისცემა თქვენი ეკლესიის მიმართ, ბუნებრივია, მაქვს. მინდა გითხრათ, რომ ბევრად მეტი, ვიდრე მუსლიმების თუ იუდეველების მიმართ. მაგრამ ადამიანური პატივისცემა ერთია და სწავლების გაზიარება - მეორე. ქრისტიანს კი ღმრთის მორჩილება უფრო ჰმართებს, ვიდრე კაცთა. ციტატა როდესაც ვინმე კანონისტობას იბრალებს, ელემენტარულად მოეთხოვება საეკლესიო კანონების ცოდნა, თუ იცის, მაშინ უნდა შეეძლოს მათი საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული გააზრება. მაგალითად, თუ კანონისტმა (თქვენზე არ არის ლაპარაკი) იცის, რომ არსებობს საეკლესიო კანონები, რომლებიც მკაცრად კრძალავენ და მძიმე ეპითიმიებით სჯიან მწვალებლებთან და ებრაელებთან ერთად მლოცველებს; კრძალავენ მათგან კურთხევის მიღებას და მეგობრობასაც კი, უნდა შეეძლოს ამგვარი დადგენილების შინაარსსა და მიმართულებაში წვდომა. აი, რას ვგულისხმობდით ჩვენ, როცა ვამბობდით, რომ ებრაული ტაძრის ნანგრევებთან მლოცველი კაცი არ შეიძლება იყოს ორთოდოქსი, მართლმადიდებლური აზროვნების მქონე. მისი ცხოვრების წესი (თუნდაც ებრაელთა სალოცავებთან და მწვალებლებთან დამოკიდებულებაში) არამართლმადიდებლური და არაკანონიკურია. ამიტომ, გითხარით ის, რაც გითხარით და ამოშალეთ ჩემი წინა პოსტიდან. მოდით, თქვენც რეალურად შეხედეთ. კანონისტობას თქვენ იბრალებთ, რადგან სპეციალისტი არ ხართ და მოყვარულის დონეზე (თუნდაც კარგ დონეზე) საუბრობთ კანონიკურ სამართალზე (თუ ეს ასე არ არის, მაშინ შემისწორეთ). მე კიდევ (ნამდვილად არ მინდოდა საკუთარ თავზე საუბარი, ეს რომ მნდომოდა, კარგა ხნით ადრე გეტყოდით) კანონიკური სამართლის სპეციალისტი გახლავართ, ქართულ ენაზე საეკლესიო სამართლის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი და რამდენიმე თვეში (თუ ინება კაცთმოყვარე უფალმა) - კანონიკური სამართლის დოქტორი. ამიტომ, მე ნამდვილად არ ვიბრალებ არაფერს, ხოლო აი, თქვენ თუ გვიბრძანებთ, რა კავშირი გაქვთ საეკლესიო სამართალთან, გარდა იმისა, რომ ქრისტიანი ხართ და, ცხადია, ამ სამართლის სუბიექტიც ბრძანდებით, დიდად დამავალებთ. რაც შეეხება იუდეურ ტაძართან ლოცვას. სულიწმიდა ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს. თქვენ თუ გგონიათ, რომ მე ლოცვა იმიტომ ვთქვი, რომ მგონია, უფალი მხოლოდ იერუსალიმში იდიდება (როგორც ცოტა ხნის წინ დამაბრალეთ), მაშინ, ნება მომეცით, თქვენს ლოგიკაში ცოტათი მაინც ეჭვი შევიტანო. რაც შეეხება იუდეველებთან თანალოცვას, იმედი მაქვს, ეს ხუმრობით თქვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ, მაჩვენოთ, რომელი იუდეური ლოცვა ითვალისწინებს პირჯვრის გადაწერას. ისე კი, საზოგადოდ, რაც მე განსაცდელი მქონდა ქრისტიანული ლოცვის გამო იმ ადგილას, მაგას არ გირჩევთ არც თქვენ და არც არავის. კაცმა არ იცის, ვინ რას როგორ გაუძლებს (ღმერთმა ყველას მოგვცეს ძალა, უშიშრად დავამოწმოთ ჩვენი რწმენა). მე მხოლოდ სიხარული მავსებს, რომ ვიხსენებ, რომ წმ. სამების სადიდებელი ლოცვა, იმ კედლებთან, ვინც ,,იხილა" განკაცებული ღმერთი - ჭეშმარიტი მესია, წარმოვთქვი კაცობრივად მის მშობლიურ - ებრაულ ენაზე. ციტატა ასე, რომ თუ საკითხთადმი ჩვენს მიდგომას გულისხმობდით, ჩვენ არავითარი შეცდომა არ დაგვიშვია გასაგებია. არ აღიარებთ, რომ არ იცოდით. ციტატა ისე გამომიყვანეთ ახლა, რომ ხელში წითელი და ყვითელი ფანქრები მიჭირავს და ნაწერების გაფერადების მეტი სხვა საქმე არ მაქვს და უმიზნოდ ვაფერადებ... ასეთი შემოპასუხებების პასუხი არ მიყვარს... აქ ან გული უნდა გატკინოთ, ან კიდევ დავეთანხმო იმას, რაც არასწორია... მირჩევნია გავჩუმდე... არ მინდა გული გატკინოთ... ისევ გეწყინათ. მე კი მხოლოდ ის ვიგულისხმე, რომ კარგი იქნებოდა, ნაწერების გაწითლებას, ისეთ მნიშვნელოვან რამეზე მიგექციათ ყურადღება, როგორიც არის კანონის რიგითი ნომერი და თან, ორჯერ არ შეგშლოდათ. თქვენს სასარგებლოდ ვამბობ, თორემ მე რომ არ აღმენიშნა, ვინმე ადგებოდა, ნახავდა თქვენს დაკოპირებულ ერთსა და იმავე კანონს სხვადასხვა მინიშნებით, მერე ჩემსას - სწორად და, მგონი ხვდებით, რა დასკვნასაც გამოიტანდა. მე სარკე მოგიტანეთ და სარკეს რატომ უჯავრდებით? რაც ნაკლია, იმის გამოსწორებაზე უნდა იფიქროთ და უნდა ვიფიქროთ. ციტატა უკაცრავად...! ასე "დოგმატიკურად" ნუ მიუდგებით ჩემს ნათქვამს. კი, ბატონო. მაგრამ თქვენ ცოტა ხნის წინ ის იწყენით, რას ჰქვია ვიღაცამ თქვენი ეკლესიის რუსული სახელწოდებით მოგმართათ (,,სტაროვერი" არ ვარო. არადა, სწორედ რომ სტაროვერი ხართ და თქვენი მეტსახელიც ამას მიანიშნებს, ჩემი ბულბულ-ოღლობისაგან განსხვავებით). ციტატა გმადლობთ. სიმართლე გითხრათ ამაზე სერიოზულად არ დავფიქრებულვარ. თუმცა რჯულისკანონიც გამართლებული მგონია. თუ თქვენ ფილოლოგი ბრძანდებით, თქვენს შენიშვნას აუცილებლად გავითვალისწინებ. აჰა. ეტყობა მართლა გგონიათ, რომ კანონისტობას ვიბრალებ. ფილოლოგი არ ვარ. რჯულისკანონიც გამოიყენებოდა ქართულში და რჩულისკანონიც (შდრ. მერჩულე), მაგრამ სწორი ფორმაა სჯულისკანონი. ციტატა პირველი, ჩვენ სექტა არ ვართ, და სექტის მაგალითზე არ უნდა გველაპარაკოთ (თუ გინდათ ვიმსჯელოთ სექტის რაობაზე და იმაზე, არის თუ არა სექტა ძველმართლმადიდებლური ეკლესია. სხვათა შორის, თქვენი საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე პირდაპირ მითითებულია ჩვენზე რომ ეს "სექტა არ არის". კარგი იქნება თუ თქვენებს მაინც დაუჯერებთ ამ საკითხში). რატომ ბრაზობთ? ვინ გითხრათ, რომ სექტა ხართ? მე გითხარით, რომ სექტებიც იმავე სახარებას ეფუძნებიან, რასაც ჩვენ. ამ შემთხვევაში იმის მინიშნება მინდოდა, რომ მართალია, იმავე წმინდა მამების ნაწერებს იზიარებთ უმეტესწილად, რასაც ჩვენ, მაგრამ სხვა ინტერპრეტაციას უკეთებთ და შესაბამისად, მოძღვრებაც სხვა გამოდის. მწყინს, რომ ასე ელემენტარულის ასეთი ,,დაღეჭვა" მიწევს. ციტატა აქ ორი ბრალდებაა გადმოცემული (1. საკუთარ ნებაზე "ვჭრით და ვკერავთ", ანუ განვმარტავთ წმ. წერილს და 2. ვართ განდგომილები ეკლესიისგან). როგორც კანონისტი, ალბათ უნდა გრძნობდეთ, რომ ამ შეხედულებებს დამტკიცება სჭირდება. სხვაგვარად, ჩვენც შეგვიძლია იგივე გითხრათ და რა, გაირკვევა რაიმე ამით?... ციტატა ეს დამატებით კიდევ ორი ბრალდება: 3) ვართ ეკლესიის გარეთ და 4) საკუთარ თავს უსაფუძვლოდ ვუწოდებთ ეკლესიას. აქაც თქვენი პოზიციის განმამტკიცებელი არგუმენტებია საჭირო... ან ჩვენი პოზიციის დასაბუთებული მხილება... ჯერ არც ერთი და არც მეორე, არავის უქნია... გეტყობათ, რომ იურისტი არ ხართ, არც კანონისტი. ვინაიდან თქვენ არ ეკუთვნით იმ ეკლესიას, რომელიც უწყვეტად მოდის სამოციქულო ტრადიციით და მიიჩნევთ, რომ რეალურად, ჩვენ ვართ გარეთ მდგომნი და თქვენ - სამოციქულო ხაზის გამგრძელებლები - მტკიცების ტვირთი თქვენზეა, ბატონებო, და არა ჩვენზე. ეს თქვენ უნდა ახსნათ და დაასაბუთოთ, თუ როგორ აღმოჩნდით საქართველოს ტერიტორიაზე პარალელურ ეკლესიად (თუ ჭეშმარიტ ეკლესიად, როგორც თქვენ მიიჩნევთ), საიდან არის თქვენი ხელდასხმა, რამდენად არის უწყვეტობა შენარჩუნებული და ასე შემდეგ. ჩვენ ნამდვილად არ გვევალება მტკიცება. ჩვენი სამოციქულო უწყვეტი ჯაჭვი აღიარებული და დადასტურებულია. 1. თქვენ აკრიბიის წესით იცავთ ზოგიერთ ტრადიციულ საკითხს და მათ დამრღვევთ მიიჩნევთ ეკლესიის გარეთ აღმოჩენილად. 2. თქვენ არ ხართ ჩვენი ეკლესიის მრევლი. თუ სიტყვა ,,განდგომილი" გჭრით ყურს, გაგიმარტივებთ ტერმინს - ,,თქვენ ხართ მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ". 3. რა, არ ხართ ეკლესიის გარეთ? იმას, რომ მიიჩნევთ, თითქოს ჩვენ ვიყოთ გარეთ, ჯერ ერთი მტკიცება სჭირდება და მეორეც - ეს მაინც იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეკლესიის გარეთ ხართ? 4. მხოლოდ ის, რომ ეპისკოპოსი გყავთ, სულაც არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ხართ. ძალიან მარტივი კითხვა - რუსულ სტაროვერთა - სტაროობრიადეცთა ეკლესიის გარდა, ვისგან გაქვთ ევქარისტიული კავშირი? პასუხის მიხედვით იფიქრეთ, რამდენად შეიძლება ჭეშმარიტებას ფლობდეთ. აქ არ მინდა იმ პერსპექტივების მოხმობა, რომ დიალოგი იწარმოება ბერძენ განდგომილებთან. კაცმა არ იცის, დიალოგი როგორ დასრულდება. მე მაინტერესებს, დღეის - 30 აპრილის მდგომარეობით, ვისთან გაქვთ ევქარისტიული კავშირი. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
dzvelmartlmadidebeli |
Jun 27 2011, 12:50 PM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
კანონისტი
ციტატა გასაუქმებელი ყოფილა აბა მოციქულთა კანონი და ვერ გაგვიგია სამწუხაროდ, ნამდვილად ვერ გაგიგიათ! თუმცა, ამის გამო მოციქულთა კანონები როდი უნდა გავაუქმოთ. პირიქით, უკეთესად უნდა შევისწავლოთ კანონიკური დადგენილებების მიღების პირობები და ვითარებები, ასევე მათი მიზანდასახულობა. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც კონსტანტინოპოლის პატრიარქი, წმ. ნიკიფორე აღმსარებელი გვასწავლის, ეკლესიის აღსაშენებლად და გასაძლიერებლად, როდესაც ყველგან მწვალებლობა ბობოქრობს, "ყოველივე როდი ხდება განწესებების მიხედვით, რომელიც ადვილი შესასრულებელია მშვიდობიანობისას". იგივეს ბრძანებს წმ. თევდორე სტოდიელიც და ამბობს, რომ ასე იქცეოდნენ ნეტ. ათანასე და წმ. ევსები, რომლებიც ხელდასხმებს ატარებდნენ საკუთარი ოლქების საზღვრებს გარეთ და ახლაც იგივეს ვხედავთ, ჩვენი თანამედროვე მწვალებლობების ბობოქრობის ჟამს (2 ч. 554 с.). ერთპიროვნული ხელდასხმის შემთხვევები აღწერილია წმინდანთა ცხოვრებაშიც. ერთპიროვნულად ასხამდნენ ხელს ეპისკოპოსად ან თავად იქნენ ასე ხელდასხმულნი: მღვდელმოწამე ნიკონი (Пролог 23 марта); წმიდა საბა, სერბეთის არქიეპისკოპოსი; წმიდა მღვდელმოწამე ავტონომე; წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედი; დისონ პრესვიტერი, რომელსაც ხელი დაასხა ეპისკოპოსმა ილიოდორემ (Пролог 9 апреля); წმ. სტეფანე სუროჟელმა მარტომ დაასხა ხელი ეპისკოპოსად ერთ ერთ თავის კლერიკოსს (Пролог 15 декабря); წმ. ევსები სამოსატელი; წმ. ათანასე დიდი; წმ. იოანე ოქროპირმა კუკუზაში, სადაც გადასახლებული იყო, მარტომ დაასხა ხელი ეპისკოპოსებს (Маргарит. Житие его, лист 158 на об.); ეპისკოპოს სიდერიუს პალებისცინელი ხელდასხმულ იყო ერთი ეპისკოპოსის მიერ, მაგრამ წმ. ათანასე დიდმა არა მარტო აღიარა ის ამ ხარსიხსში, არამედ, პაპ სინეზიუსის მოწმობით, სამიტროპოლიტო კათედრაზე აღსაყდრების ღირსადაც მიიჩნია იგი (Памятники древней Христианской Церкви. Т.1, с. 88); ზუსტად ასევე, ერთპიროვნულად, სხვა ეპისკოპოსის მონაწილეობის გარეშე დაასხა ხელი პავლინე ანტიოქიელმა თავის მემკვიდრეს. ნეტ. თეოდორიტე გადმოგვცემს, რომ რომისა და ანტიოქიის ეპისკოპოსები ცნობდნენ ევაგრეს ეპისკოპოსად და არ დავობდნენ როგორც მისი, ასევე მის მიერ შემდგომში ხელდასხმულთა შესახებ. თვით ქრისტეს მოციქულნი ღმრთის ეკლესიის აღშენების პერიოდში მარტონი აღასრულებდნენ ეპისკოპოსთა ხელდასხმას. ერთპიროვნული ხელდასხმის შემთხვევები აღწერილია აგრეთვე დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრებაშიც". ამრიგად, ძველქრისტეანულ ეკლესიაში, მრავლად არის მაგალითები, როდესაც ერთპიროვნული ქიროტონია ჭეშმარიტად და ქმედითად იყო აღიარებული. როგორც ვთქვით, ეს პრინციპი ეყრდნობა იმ ჭეშმარიტებას, რომ ეკლესიის დევნულების ან სხვა ჭირვების ჟამს, ყოველივე ისე ვერ ხერხდება, როგორც მშვიდობიან პერიოდში. ასეთი შემთხვევებისთვის კანონი არ არსებობს. ამიტომაც, როდესაც ეკლესიის აღმშენებლობისთვის იყო აუცილებელი, ეკლესია ზოგიერთ გადახრას საეკლესიო განწესებებიდან (მათ შორის, ერთპიროვნულ ხელდასხმებსაც) დასაშვებად მიიჩნევდა. ამასთან დაკავშირებით მეტად საყურადღებოა კონსტანტინოპოლის პატრიარქ გენადი სქოლარიუსის სიტყვები, რომელიც თავის თანამედროვეებს მიმართავდა: "ქრისტეანობის მტერია ის, ვინც ჩვენს დროს (ანუ, ჭირვების ჟამს - ძვმ.) ეკლესიის ყველა განწესების მკაცრ შესრულებას ითხოვს,... და სამოციქულო სული აქვს იმას, ვინც მცირეს დათმობს, რათა შეინარჩუნოს მთელი" (Путешестие в Синайский монастырь арх. Парф. С. 143). გარდა ამისა, ხელდასხმის ქმედითობა, თუ ის სწორად არის შესრულებული, ქიროტონიის აღმასრულებელთა რაოდენობაზე სულაც არ არის დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაოდენობა (ქიროტონიის აღმასრულებელთა) შეიძენს მისტიკურ შინაარსს. ანუ, გამოვა, რომ ქიროტონიის ქმედითობა დამოკიდებული ყოფილა ხელდამსხმელთა რაოდენობაზე. ამგვარი წმიდა მამებისეული სწავლება კი ჩვენ არ ვიცით; თუ თქვენ იცით, იქნებ დაგვდოთ პატივი და გაგვანათლოთ. დასასრულ, ჩვენთვის ცნობილია ერთპიროვნული ხელდასხმის მაგალითები თქვენს ეკლესიაში. მაგალითად, ირკუტსკის საეპარქიო უწყებანის 1869 წლის ნომერში ვკითხულობთ იოასაფ ბოლოტოვის ხელდასხმის შესახებ. 1799 წლის 10 აპრილს, ბზობის კვირას, ამერიკელი მისიონერი, აქრიმანდრიტი იოასაფ ბოლოტოვი, კადიაკის ეპისკოპოსად ერთპიროვნულად იქნა ხელდასხმული ირკუტსკელი ბენიამინის მიერ (Иркутские епархиальные ведомости. 1869 г. № 4, ст. 43). (შენიშვნა: საინტერესოა, იმ დროს, როდესაც თქვენს ეკლესიას ასობით ეპისკოპოსი ჰყავს და ამგვარი ქიროტონიის არავითარი აუცილებლობა არ არის, საკუთარ ერთპიროვნულ ხელდსხმებს კანონიკურად მიიჩნევს და მოციქულთა პირველ განწესებას თამამად არღვევს. აქ უპრიანია გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: "რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?... ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა" (მათე: 7:3-5)). ციტატა სიცილ-ხარხარამდე იქნებ ჯერ გაერკვეთ ლიტურგიკაში? ცნობილი ლიტურგისტი და ეკლესიოლოგი, პირველდაწყებითი ეკლესიის ისტორიისა და ცხოვრების კარგი მცოდნე, ნ. აფანასიევი წერს: "ძველ ეკლესიაში ეპისკოპოსად ხელდასხმის საიდუმლო ყოველთვის აღესრულებოდა ერთი ეპისკოპოსის მიერ, რაც კარგად ჩანს წმ. იპოლიტე რომაელის (II ს.) "მოციქულთა გადმოცემებსა" და "მოციქულთა განწესებებში" გადმოცემული სამღვდელმთავრო ქიროტონიის წეს-განგებიდანაც, ხოლო კლერიკოსები და ეპისკოპოსები დგანან საკურთხეველთან ხელდასხმის დასადასტურებლად" (იხ. Афанасьев Н., протопресв. Экклезиология вступления в клир. Киев. 1997, с. 38-42). როგორც ჩანს, ხელდასხმის დროს კანდიდატზე სხვა ეპისკოპოსების ხელის მოკიდება (სხვას ვერ დავარქმევთ იმას, რასაც თქვენ ხელდასხმის დროს "ეპისკოპოსთა ქიროტონიას" უწოდებთ და ამას, თუ საჭირო გახდა ვიდეო მასალითაც დაგიდასტურებთ), როდესაც ხელდასხმას აწარმოებს ერთი ეპისკოპოსი, გვიანდელი დამკვიდრებულია და ალბათ, მოციქულთა კანონის არასწორად გაგების გამო. ასე, რომ იხარხარეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ მანამდე, კარგად გაერკვიეთ ლიტურგიკაში, განსაკუთრებით კი პირველდაწყებითი ეკლესიის ცხოვრებაში და ლიტურგიკულ თავისებურებებში. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი