IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბუდიზმი
George Leluashvili
პოსტი Jun 27 2011, 12:33 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ბუდიზმი


IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


ბუდიზმი ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიაა, რომელიც რამდენიმე ასეულ მილიონ მორწმუნეს აერთიანებს. იგი ჩრდილო ინდოეთში ჩაისახა ძვ. წ. VI-V საუკუნეებში. მისი დამაარსებელია საკიას ტომის უფლისწული სიდჰართა გაუტამა, ანუ საკია მუნი (განდეგილი საკიას ტომიდან). იგი დღევანდელ ქალაქ ბენარესის მახლობლად მდებარე ქალაქ კაპიტალავასტში დაიბადა. მამამისი საკიას ტომის მეფე სუდოგანა იყო. დედას მაია-დევი ერქვა. მამა სიდჰართას ფუფუნებით ზრდიდა და ყველანაირად უმალავდა ამ ქვეყნად არსებულ ტანჯვასა და უბედურებას, მაგრამ გაუტამამ ყოველივე ამის შესახებ მაინც შეიტყო. იგი შეაძრწუნა საკუთარმა ბედნიერებამ, მიატოვა სასახლე, მშობლები, ცოლი, ვაჟიშვილი და ამ ქვეყნის ბოროტების დასათრგუნავი საშუალების საძებნელად წავიდა. მან მრავალი მოძღვარი მოინახულა და, ბოლოს, ერთ ღამეს წმიდა ხის ქვეშ მყოფს ჭეშმარიტება ეუწყა, რის შედეგადაც იგი გახდა ბუდა და (სანსკ. ბუდდჰა - განათლებული, გასხივოსნებული, სხვიფენილი) ამის შემდგომად მან ხსნის შესახებ დაიწყო ქადაგება. მალე მას მრავალი მიმდევარი და მოწაფე გაუჩნდა (მათ შორის ყველაზე საყვარელი მოწაფე ანანდა იყო). ბუდა 80 წელს მიღწეული გარდაიცვალა. მისი ნეშტი თაყვანისცემის საგანი გახდა. ბუდას არაფერი დაუწერია, რამაც მისი მოძღვრების ირგვლივ დავა გამოიწვია. ჭეშმარიტების დასადგენად კრებებს იწვევდნენ, რომელთა შორისაც უმთავრესია ძვ. წ. 250 წ. პაშალიპუტრაში მეფე აშოკას დროს ჩატარებული კრება, რომლის დადგენილების ძალით ბუდიზმი, რომელიც მანამდე იდევნებოდა, სახელმწიფო რელიგია გახდა. ამ დროისათვის მოხდა ბუდას მოძღვრების წერილეობითი ფიქსაცია. ეს ნაწერები 3 ნაწილად - 3 ტიპიტიკად იყოფა (ტიპიტიკა - სიბრძნის კალათა): 1. სუტრა (მოძღვრება), 2. ვინაია (დისციპლინა) და 3. აბჰიდჰართა (მეტაფიზიკა). მეფე აშოკამ მისიონერები სხვა ქვეყნებშიც გაგზავნა ბუდიზმის გასავრცელებლად. თუმცა შემდეგ ინდოეთში ბარაჰმანიზმმა კვლავ მოიკრიბა ძალა და ბუდიზმი ძალზედ შეავიწროვა. დღეისათვის ინდოეთში მხოლოდ 4 მილიონამდე ბუდისტია, სამაგიეროდ იგი ყველაზე გავრცელებული რელიგიაა შრი-ლანკაში, მიანმაში (ყოფ. ბირმა), ტაილანდში, კამბოჯაში, ვიეტნამსა და ლაოსში. ბევრია ბუდისტი ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში, აგრეთვე, მონგოლეთში.

ბუდიზმი არაა ერთგვაროვანი. სამხრეთული ბუდიზმი, რომელიც შრი-ლანკასა და ინდოჩინეთშია გავრცელებული და ჰინაიანას სახელითაა ცნობილი, უფრო ახლოა ბუდიზმის პირვანდელ ფორმასთან (ჰინაიანა მცირე ეტლს ნიშნავს). მისი პანთეონი ღარიბია, კულტი ძალზე მარტივი. ჩრდილოეთის ბუდიზმი - მაჰაიანა (დიდი ეტლი) - გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში. მას დოგმატიკა და კულტი უფრო რთული აქვს, იერარქია მდიდარია, ძლიერაა განვითარებული სამონასტრო ცხოვრება, რომელიც მკაცრი წესებით გამოირჩევა. (1)

ტერავადას შტო გავრცელებულია სამხრეთში: ცეილონზე, ბირმაში, კამბოჯასა და ტაილანდში. მისი სწავლება ეფუძნება ტიპიტაკას წიგნებს, რომელიც ცხოვრებისაკენ მოუწოდებს ადამიანს. მისთვის მთავარი სათნობა - სიბრძნეა. ტერავადას სკოლა გაურბის რიტუალებს და მეტ ყურადღებას უთმობს მედიტაციას.

ბუდიზმის ფორმაა აგრეთვე ლამაიზმი. იგი ტიბეტში ჩაისახა XIV საუკუნეში - მაჰაიანასა და ტანტრიზმის, აგრეთვე ტიბეტელთა ძველი სარწმუნოების ბონ-პოს ბაზაზე, XVI საუკუნიდან ლამაიზმი გავრცელდა მონღოლებში, ხოლო XVII საუკუნეში შეაღწია რუსეთის ტერიტორიაზე - ბურიატებში, ტუველებსა და ყალმუხებში. მასში ბუდიზმი შეერწყა ადგილობრივ წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს, რის გამოც ლამაიზმში ძლიერაა განვითარებული სხვადასხვა წეს-ჩვეულება, მაგალითად, შამანიზმი. ლამაისტების მეთაურია დალაი-ლამა, რომელიც დიდი უფლებამოსილების მქონეა და მას, როგორც ცოცხალ (განსხეულებულ) ბუდას, ისე სცემენ თაყვანს. ლამაიზმის კანონიკურ საფუძველს წარმოადგენს წმიდა ტექსტთა კრებულები: განჯური (108 ტომი) და დანჯური (225 ტომი). ლამაიზმისათვის დამახასიათებელია თეატრალური მისტერიები, ფუფუნებით აღსავსე მსახურებები, რომლებიც სრულდება დაცანებში (სამონასტრო დაწესებულებებში), „ათ შავ ცოდვად“ ლამაიზმი ასახელებს: მკვლელობას, ქურდობას, „არასწორ შეერთებას“, ტყუილს, ცილისწამებას, ბოროტისმეტყველებას, ამაოდმეტყველებას, სიხარბეს, მრისხანებას, „ცრუ წარმოდგენებს“.

არსებობს აგრეთვე ძენ-ბუდიზმი. იგი VI საუკუნეში აღმოცენდა ინდოეთში. მისი დამაარსებელია ბოდჰიდჰარმა, აქედან გავრცელდა იგი ჯერ ჩინეთში, შემდეგ იაპონიაში, სადაც VII-VIII საუკუნეებში დასრულებული სახე მიიღო (2). ძენ-ბუდიზმი საკმაოდ დასცილდა ტრადიციულ ბუდიზმს. იგი ერთგვარი ბუდისტური სუპერეგზისტენციალიზმია. იგია ბუდიზმი ბუდას გარეშე, ადოგმატური სწავლება, რომელიც არ ცნობს არანაირ ავტორიტეტს, არავითარ ტრადიციას. მისი კულტია დაცინვა, რომელიც ყველას, მათ შორის საკუთარი თავის წინააღმდეგაა მიმართული. იგია ფილოსოფიის სიძულვილი, მაგრამ ფილოსოფიური პარადოქსების სიყვარული. ძენი უარყოფს იმ ლოგიკის კანონებსა და ცნებით კატეგორიებს, რომლებიც ინდუიზმსა და ბუდიზმშია გავრცელებული. ძენ-ბუდიზმი დაახლოებით ისე მიემართება კლასიკურ ბუდიზმს, როგორც ძველ ცინიკოსთა სწავლება პლატონიზმს. ძენ-ბუდიზმი ერთგვარად თანამედროვე ევროპულ ეგზისტენციალიზმსაც ეხმაურება, რის გამოც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება დასავლეთის ქვეყნებში. ამ პოპულარობას ხელი შეუწყო ძენ-ბუდიზმის ცნობილმა თანამედროვე პოპულარიზატორმა დაითაცუ ტეიტარო სუძუკიმ (1870-1966 წწ).

ძენში ლიგუკური ანალიზი ტაბუდადებულია. მისი მიხედვით ადმაინი უნდა გათავისუფლდეს სხვათა აზრების ზეგავლებისაგან, რჩევებისაგან და სწავლებებისაგან და არც თვითონ უნდა ასწავლოს სხვას რაიმე. ძენი უარყოფს სასწაულებს და ზებუნებრივ მოვლენებს. იგი ასწავლის, რომ რეალობას არ გააჩნია ობიექტური შინაარსი, არსეობს მხოლოდ სუბიექტური აღქმა. „ჭეშმარიტებები“ ცნობიერდება უშუალოდ, ინტუიტიურად - როდესაც შესაცნობი და შემცნობი ერთმანეთში შეირწყმიან. ძენის დოქტრინა ქაოტურია. ინდუიზმის მსგავსად ძენი აცხადებს, რომ ადამიანი და ღმერთი - ერთი არსებაა. ძენი არ აღიარებს არც მადლს, არც ცოდვას, რადგან მათ სუბიექტური აღქმის ნაყოფად მიიჩნევს, ძენის მოძღვრებით განსაკუთრებით ისინი ინტერესდებიან, ვინც გაურბის დოგმებსა და ავტორიტეტებს.

ბუდიზმის ძირითადი პოსტულატები შემდეგია: იგი არ აღიარებს არც შემოქმედს და არც ქმნილებას. მისთვის ერთადერთი ჭეშმარიტად არსებული არის არარა, ანუ არყოფნა, რომელსაც მარადიული, დამოუკიდებელი და თვითმყოფადი არსებობა აქვს. ყველა სხვა არსებობა, რასაც საწყისი და დასასრული აქვს, ცვლილებას ექვემდებარება და დროითა და სივრცითაა შეზღუდული, მოკლებულია ჭეშმარიტ ყოფიერებას. ყოველივე არსებული არარასაგან წამოსდგა და კვლავ მას უბრუნდება, მაშასადამე, არყოფნა ყველაფრის თავი და ბოლოა. ამდენად, თუკი იგი ჭეშმარიტი არსი და სამყაროს ერთ-ერთი საფუძველია, მაშინ სამყარო, ყოველივე იმასთან ერთად, რაც მასში არსებობს და ცოცხლობს, უკანონო და არასაჭირო არსებობის შედეგია და, ამდენად, ბოროტებაა.

ბუდიზმს არ გააჩნია პასუხი კითხვაზე, თუ როგორ წარმოიშვა თავდაპირველად ყოველივე. იგი იყენებს სწავლებას უსასრულოდ მრავალი სამყაროსა და მათში არსებულ არსებათა შესახებ, რომლებიც აუცილებლად ისპობიან და სხვას უთმობენ ადგილს, რომელთაც თავის მხრივ იგივე ელით.

მაშასდამე, ბუდიზმი რელიგია კი არა, ფილოსოფიური აგნოსტიციზმი უფროა, რადგან რელიგია, კლასიკური გაგებით, კავშირს გულისხმობს, კავშირს ადამიანსა და ღმერთს შორის. ბუდიზმში კი არ არსებობს აბსოლუტური პიროვნების ცნება, არსებობა ბოროტებაა, ცხოვრება ტანჯვათა ჯაჭვია, ხოლო ბუდიზმის მიზანი ამ ტანჯვისგან გათავისუფლებაა. რადგან ტანჯვა თვით ყოფიერების ცნებას ერწყმის, ამიტომ მისგან გათავისუფლება თვით ყოფიერების მოსპობით უნდა მოხდეს. ტანჯვისგან გათავისუფლებისათვის თვითმკვლელობა უაზრობაა, რადგან ბუდიზმი, ისევე როგორც ინდუიზმი, რეინკარნაციას აღიარებს, რასაც კვლავ ახალი ტანჯვა მოჰყვება (3). ამიტომ ბუდა მიიჩნევს, რომ უნდა მოისპოს თვით სიცოცხლის სურვილი, რაც შემდგომი რეინკარნაციის შეწყვეტასა და სანსარისგან თავის დაღწევის საწინდარია. ასე გადადის ადამიანი ნირვანაში, რომელიც ღმერთთან ურთიერთობა კი არ არის, არამედ სიცოცხლიდან გაქცევა და სულიერი ვაკუუმის მდგომარეობაა. ნირვანა სიტყვასიტყვით ჩაქრობას ნიშნავს. იგი ბუდიზმში უდიდესი სიკეთე და ადამიანის საბოლოო მიზანია. იგი ტანჯვის, უბედურების და საერთოდ ყოფიერების ყოველგვარი გამოვლინების მოსპობაა. უკვდავება ბუდიზმს ესმის, როგორც აბსოლუტურ უმოქმედობასა და სრულ განურჩევლობაში გადასვლა.

როგორც უკვე ვთქვით, ბუდისტისათვის ბოროტების სათავე თვით სიცოცხლე, ადამიანის არსებობა და მისი სურვილებია, სადაც სიცოცხლეა, იქ აუცილებლად ბოროტებაცაა, როგორც მისი ძირეული და არსებითი ნიშანი. შესაბამისად ბუდიზმის თანახმად სიცოცხლის გაქრობა სიკეთეა, მაგრამ, მეორე მხრივ, ბუდიზმი არ იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ რატომაა სიცოცხლის სურვილი ბოროტება. იგი მხოლოდ ფაქტების ემპირიულ მხარეს აფიქსირებს.

ბოროტებაზე ამგვარი შეხედულება ბუდიზმს სოციალურ სფეროშიც გადააქვს. ოჯახური, ეროვნული და სხვა ურთირთობები, ბუდისტური მსოფლმხედველობის მიხედვით, ბოროტებაა, რომელთაგანაც ასევე აუცილებელია გათავისუფლება.

თუ ქრისტიანი ასკეტისათვის უმთავრესი ამოცანა საკუთარ ვნებებთან ბრძოლაა და ამ ვნებათაგან გათავისუფლების შემდეგ იგი სიცოცხლისკენ ისწრაფვის, რათა ღირს იქნეს აბსოლუტთან თანაზიარებისა და მის სასუფეველში დამკვიდრებისა, ბუდისტი საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, მისთვის მთავარი სიცოცხლის სურვილია და, ამის კვალობაზე, თავად სიცოცხლის გაქრობაა, ანუ როგორც მართებულად შენიშნავს ნ.ლოსკი: „სხეულებრივი სიკვდილით შეშინებული გაუტამა ხსნას აბსოლუტურ სიკვდილში, ყოფიერების სრულ მოსპობაში ეძიებს“, ხოლო გ.კ.ჩესტერტონი ამბობს: „ქრისტეს ეცოდება ადამიანები იმიტომ, რომ ისინი კვდებიან, ხოლო ბუდას ეცოდება იმიტომ, რომ ისინი ცოცხლობენ“. თუ მაცხოვარი ამბობს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“ (მათე 5, 3), ბუდა ამ სიტყვების ამგვარ პერიფრაზს „ახდენს“: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათ ელოდებათ არყოფნა“.

ქრისტიანსაც და ბუდისტსაც გრძნობადი ბუნებისაგან გათავისუფლება სწადიათ, მაგრამ თუ ბუდისტი ბიბლიური სამსონივით მტრების მოსპობით საკუთარ თავსაც სპობს, ქრისტიანი, რომელიც სძლევს მტერს, ნეტარი ცხოვრების ღირსი ხდება.

ბუდისტი, რომელიც არ ცნობს პიროვნულ ღმერთს, ვერ ახერხებს დადებითი შინაარსი შესძინოს საკუთარ ზნეობრივ თავისუფლებას. ამიტომ მისთვის თავისუფლება უმიზნო სიცოცხლის უარყოფაში მდგომარეობს. ამის გამო კი იქ, სადაც პოზიტიური მიზანი არ არსებობს, აუცილებლად ხდება ყოველგვარი მიზანშეწონილი მოქმედების პარალიზება. პასიური სათნოებანი (მოთმინება, დათმობა) ბუდიზმში ყოველთვის ჭარბობს აქტიურს. ბუდიზმში ვხედავთ თანაგრძნობისმიერ სიყვარულს, მაგრამ იქ არ მოიპოვება მოქმედი, განმათავისუფლებელი და შემოქმედებითი სიყვარული. უფრო მეტიც, თვით ეს პასიური სიყვარულიც კი, რომელიც მხოლოდ თანაგრძნობას გამოხატავს და სიხარულს არ ანიჭებს, უკანა პლანზე იწევს და ადგილს უთმობს თვითჭვრეტისა და თვითმოსპობის სურვილიდან გამომდინარე კვიეტიზმს. ასე რომ, ბუდიზმი თავისი არსით ნიჰილიზმია, და ამის გამო იყო, რომ მან ამგვარი ფორმით დიდხანს ვერ იარსება. ამიტომაც მას ყოველთვის შეცვლილი და შერბილებული სახით წარმოადგენდნენ ხოლმე: კერძოდ, ნირვანას რაღაც სამოთხის მსგავსი თვისებები მიანიჭეს, დააწესეს კულტი, წეს-ჩვეულებები, შემოიღეს თეორია უმაღლეს არსებათა მიერ ადამიანის შეწევნის შესახებ. ყოველივე ამან კი ბუდას თავდაპირველი, წმინდა ფილოსოფიურ-ეთიკური სწავლება რელიგიად აქცია.

ასეთია მოკლედ ბუდიზმის შინაარსი. იგი ტანჯვის, უბედურების და ამდენად ბოროტების დაძლევისა და მისგან თავის დაღწევის თავისთავად კეთილშობილ მიზანს ისახავს, მაგრამ არ აღიარებს რა შემოქმედს, პიროვნულ ღმერთს, და ცხადია არ იცნობს ჭეშმარიტ მხსნელს - იესო ქრისტეს, ამ დიადი მიზნის მიღწევას გაუტამას გონების მიერ შექმნილი რეცეპტით - ნირვანათი აპირებს. ეს კი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მოძღვრებას არყოფნის, სიკვდილისა და ვოიდიზმის (4) მქადაგებლად აქცევს.





(1) მაჰაიანურ ბუდიზმს ახასიათებს აგრეთვე „ბოდჰისატვების“ ინსტიტუტის არსებობა. ბოდჰისატვა ის ადამიანია, რომელიც საკმარის განათლებულობას მიაღწევს, მაგრამ სხვა ადამიანთა ხსნის სურვილის გამო არ გადადის ნირვანაში და ამ ქვეყნად რჩება.

(2) თვით სიტყვა „ძენი“ (ჩინურად „ჩანი“) სანსკრიტული სიტყვიდან „დჰიანა“ მომდინარეობს, რაც პოზას, ასკეტურ ხერხს, გონების შემოკრებას ნიშნავს.

(3) უნდა აღვნიშნოთ, რომ რეინკარნაცია ტრადიციული გაგებითმ როცა პიროვნების სული შემდგომში სხვა სხეულებრივ გარსში აგრძელებს ცხოვრებას, ბუდიზმისათვის უცხოა (ყოველ შემთხვევაში, ასე არ იყო თავდაპირველ ბუდიზმში). ბუდიზმის მიხედვით, არავითარი „პიროვნება“ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ „სულის“ ილუზია, ამიტომაც ახალ ცხოვრებას იძენს არა ადამიანის პიროვნება, არამედ ის ელემენტები, რომლებიც ამ ადამიანის სიცოცხლეს შეადგენენ (როგორც სხეულებრივი , ისე ფსიქიკური) ე.წ. დჰარმები. ამ ახლად შექმნილი ადამიანის ცხოვრებას კი კარმა განსაზღვრავს.

(4) ვოიდიზმი - სიცარიელის, არარაობის ფილოსოფიაა. სხვათა შორის თვით ბუდიზმშიც, კერძოდ მისი მაჰაიანური განშტოების მადჰიამიკას სკოლაში (იგი II ს-ში დააარსა ნიგარჯუნამ), ერთ-ერთ მთავარ ფილოსოფიურ ცნებას სწორედ „შუნია“ - სიცარიელე წარმოადგენს. ესაა სიცარიელის განცდის ფსიქიკური მდგომარეობა, რაც „ყოფნა-არყოფნის“, „რეალურისა და არარეალურის“, „სუბიექტისა და ობიექტის“ და სხვა ასეთი პრობლემების მოხსნის სინონიმი და ნირვანას დადგომის ნიშანია.



IPB-ს სურათი


ბუდას მოძღვრების - ბუდიზმის საფუძველია ოთხი ჭეშმარიტება:


1)ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება, სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და, საბოლოოდ, სიკვდილი.
2)არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ.
3)შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე.
4)არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა, რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას მოუტანს.



ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება:


1)მართალი სარწმუნოება, რათა სწამდეს ეს ოთხი ჭეშმარიტება.
2)მართალი განზრახვა, რათა ადამიანი იქცეოდეს იმ ოთხი ჭეშმარიტების თანახმად.
3)მართალი ზრახვები, რათა უარი თქვას სიცრუეზე, ცილისწამებაზე...
4)მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს - არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს.
5)მართალი ცხოვრება, რათა პატიოსნებით მოიპოვებდეს ცხოვრების სარჩოს.
6)მართალი ძალისხმევა, რათა მუდამ იშორებდეს ამაო ფიქრებსა და ცუდ გავლენებს.
7)მართალი მეხსიერება, რათა მუდამ ახსოვდეს, თუ კიდე რა დარჩა შეუსრულებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე.
8)მართალი თვითჩაღრმავება, რათა მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს, აღარ აღელვებდეს მიწივრი ზრახვები, არც სიხარული სრულყოფილების მიღწევისა და საბოლოო გათავისუფლების გამო.


მხოლოდ ხსნის გზის რვა საფეხურის გავლის შემდეგ მიაღწევს ადამიანი ხსნას, ბუდასავით გასხივოსნებას, გამოღვიძებას ცრუ ცხოვრებიდან, რომელიც ცუდი და მტანჯველი სიზმარია, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამ გამოღვიძებას ბუდიზმში ნირვანა ეწოდება: ეს არის სრული სიმშვიდე - არც სიცოცხლე, არც სიკვდილი.

IPB-ს სურათი



ბუდისტური ტაძრები

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


მაჰათმა განდი: "თუ თითოეული ადამიანი თავისი სარწმუნოების თაყვანისცემისა და სიყვარულის ფონზე სხვა რელიგიებსაც არ შეისწავლის, ქვეყნიერებაზე არასოდეს იქნება მშვიდობა და ჰარმონიული თანაცხოვრების სრული გარანტია. თუ მართლა გვწამს ჩვენი სარწმუნოებისა, თუ ღრმად ღვთისმოსავნი ვართ, სხვათა სარწმუნოებასაც პატივითა და მოკრძალებით უნდა მოვეკიდოთ".

http://www.youtube.com/watch?v=akJMM7PZUwM&feature=related


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
NINJA - ნინძა
პოსტი Jul 13 2011, 03:11 PM
პოსტი #2


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



[ვინაიდან თემა ბუდიზმზე არ დაიხურა, მე განვაგრძობ მასზე საუბარს.

ახლა მე მინდა თვითონ ბუდას ცხოვრების შესახებ დავდო ინფორმაცია.
თქვენ კი, ვისაც გსურთ გაეცანით და გავისაუბროთ.]


ბუდას ცხოვრების შესახებ



მე მოგითხრობთ მის ხანგრძლივ თავგადასავალს, ორი ათას ხუთასი წლის წინ რომ დაიწყო ბენარესში, როცა მომავალ ბუდად შობილმა ნეპალელმა უფლისწულმა სიდჰარათჰამ თუ გაუტამამ აამოძრავა დჰარმის ბორბალი, ჩამოაყალიბა ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება და დასახა რვაჯერადი გზა. მოგითხრობთ იმას, რაც მთავარია მსოფლიო რელიგიათა შორის ამ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ რელიგიაში. ბუდიზმის პირველსაწყისნი უცვლელად არსებობენ ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰერაკლიტეს, პითაგორასა და ძენონის დროიდან მოყოლებული იმ მომენტამდე, როცა იაპონიაში დოქტორმა სუძუკიმ განმარტა მისი საფუძვლები, რომლებსაც დღემდე ცვლილებები არ განუცდიათ. ეს რელიგია შეიცავს მითოლოგიას, ასტროლოგიას, ნასესხებ სარწმუნოებებს, მაგიას, მაგრამ ჩემს წინაშე მდგარი პრობლემის სირთულის გამო შემოვიფარგლები მხოლოდ იმაზე საუბრით, რაც საერთოა ბუდიზმის სხვადასხვა სექტებისათვის, რომლებიც შეიძლება გავაერთიანოთ ჰინაიანად, ანუ "პატარა ეტლად".

ბუდას ლეგენდა განმანათლებლური ხასიათისაა. ის არ მოითხოვს რწმენას. იაპონელები ამტკიცებენ, რომ ბუდა ისტორიული როდია. ისტორიულია მოძღვრება. ლეგენდა ცაში იწყება, სადაც ცხოვრობს არსება, რომელიც საუკუნეების, სიტყვა-სიტყვით, უსასრულო ასწლეულების მანძილზე აგროვებს სიქველეს და სათნოებას, ვიდრე არ გაიცნობიერებს, რომ თავისი უახლოესი გარდასხეულებისას ბუდად იქცევა.

ეს არსება ირჩევს კონტინენტს, სადაც განსხეულებისას უნდა დაიბადოს. ბუდისტური კოსმოგონიის მიხედვით, სამყარო ოთხ სამკუთხა კონტინენტადაა დანაწევრებული; ცენტრში ოქროს მწვერვალი _ მერუს მთა მდებარეობს. ზეციური არსება იმ კონტინენტზე იბადება, რომელსაც შეესაბამება ინდოეთი. ის ირჩევს თავისი შობის საუკუნეს და ირჩევს დედას. ახლა კი _ ლეგენდის მიწიერი ნაწილი. დედამიწაზე ცხოვრობს დედოფალი _ სახელად “მაია”. მაია “ილუზიას” ნიშნავს. დედოფალი ხედავს სიზმარს, რომელიც ჩვენ უჩვეულოდ გვეჩვენება, მაგრამ სავსებით ჩვეულებრივია ინდოელებისთვის.

ერთხელ დედოფალი, მეფე შუდჰოდანას მეუღლე სიზმარს ნახულობს: ექვსეშვიანი თეთრი სპილო, ოქროს მთის კალთებზე მოხეტიალე, უმტკივნეულოდ შევიდა მის ფერდში. დედოფალი იღვიძებს; მეფე თავის ასტროლოგებს უხმობს, რომლებიც უხსნიან, რომ დედოფალი შობს ძეს, რომელიც ან სამყაროს მბრძანებელი იქნება, ანდა ბუდა _ ფხიზელი, ნათელმოსილი, რომლის მისიაც კაცთა მოდგმის ხსნაა. მეფე პირველ ხვედრს ირჩევს: მას სურს შვილი სამყაროს მბრძანებლად იხილოს.

მეფე ქურუმ-ბრაჰმანებს მოუხმობს და დედოფალი უმტკივნეულოდ მშობიარობს. მელოგინის შესაწევნად ბოდჰის წმინდა ხე დაბლა ხრის თავის ტოტებს. ქუდბედიანი
ყრმა დაბადებისთანავე ოთხ ნაბიჯს გადადგამს: ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით, დასავლეთით, და, თანაც, ლომივით ბუხუნებს: "მე ვარ უებრო, ეს ჩემი ბოლო განსხეულებაა". ინდოელებს სწამთ ადრინდელ გარდასხეულებათა ურიცხვი სიმრავლე. უფლისწული იზრდება: აი, ის უკვე მოისარია, უებრო მხედარი, უებრო მოცურავე, სწორუპოვარი ათლეტი, უბადლო კალიგრაფი და ბრძენთა შორის სწორუპოვარი (აქ ჩვენ შეიძლება გავიხსენოთ ქრისტეს და მწიგნობართა ამბავი). თექვსმეტი წლისა ქორწინდება.

მამამ იცის (ასტროლოგებმა აუწყეს), რომ მის ვაჟს საფრთხე ემუქრება: შეიძლება ბუდად _ ადამიანად იქცეს, რომელიც იხსნის კაცთა მოდგმას, თუკი ოთხ რამეს შეიცნობს: სიბერეს, სნეულებას, სიკვდილს და ასკეტიზმს. მამა სასახლეში გამოამწყვდევს და მთელ ჰარემს ჩუქნის თავის ძეს; ქალების რიცხვს არ დავასახელებ, რადგანაც ის განპირობებულია მეტისმეტობისაკენ სწრაფვით, რაც ესოდენ ნიშნეულია ინდოელებისათვის. თუმცა რატომაც არ უნდა ვთქვა: ოთხმოცდაოთხი ათასზე მეტნი იყვნენ.

უფლისწული ბედნიერად ცხოვრობს. მან არ იცის, რომ ქვეყნად არსებობს ტანჯვა, რადგანაც უმალავენ სიბერეს, სნეულებას და სიკვდილს. დანიშნულ დღეს თავისი საზეიმო ეტლით სასახლის ოთხი სწორკუთხა კარიბჭიდან ერთ-ერთი ბჭით გამოდის. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უცნაურ არსებას ხედავს, ყველასაგან განსხვავებულს, ვინც კი მანამდე უნახავს: მობღუნკულს, დანაოჭებულს და თმაგაცვენილს, რის ვაივაგლახით რომ მილასლასებს, ჯოხს დაყრდნობილი. უფლისწული კითხულობს: ვინაა ეს უბედური: ადამიანს კი ჩამოჰგავს, მაგრამ მართლა ადამიანიაო? მეეტლე პასუხობს: ეს ბერიკაცია; ყველანი მას დავემგვანებით, თუკი სიბერეს მივაღწევთო.

შემცბარი უფლისწული სასახლეში ბრუნდება. ექვსი დღის შემდეგ სამხრეთის ბჭით ხელახლა გადის სასახლიდან. გალავანთან კიდევ უფრო უცნაურ არსებას _ კეთრისგან სახედასახიჩრებულ და სისხლდაწრეტილ კაცს ხედავს. კითხულობს, ვინაა ეს კაცი, თუკი შეიძლება ამას კაცი ეწოდოსო. _ ავადმყოფიო, _ მიუგებს მეეტლე, _ ყველანი ამას დავემგვანებით, თუკი სული შეგვრჩაო.

შეშფოთებული უფლისწული კვლავ სასახლეში ბრუნდება. ექვსი დღის შემდეგ ისევ გამოდის სასახლიდან და ხედავს ადამიანს, რომელიც ცოცხალი გეგონებოდათ, კანის ფერს სიცოცხლის ნიშანწყალი რომ შერჩენოდა. _ ვინ არისო, _ კითხულობს უფლისწული. _ მკვდარიო, _ მიუგებს მეეტლე. _ ყველანი მას დავემგვანებით, თუკი კარგა ხანს ვიცოცხლებთ.

უფლისწულს სასოწარკვეთა იპყრობს. მის წინაშე სამი გამაოგნებელი ჭეშმარიტება გაიხსნა: ჭეშმარიტება სიბერისა, ჭეშმარიტება სნეულებისა, ჭეშმარიტება სიკვდილისა. მეოთხეჯერაც გამოდის. ხედავს ნახევრად შიშველ კაცს, სახეზე სიმშვიდე რომ გადაჰფენია. კითხულობს, ვინ არისო. პასუხად ესმის: ეს ასკეტია, რომელმაც უარყო ყველაფერი და მიაღწია ნათელმოსილებას.

ამნაირი სულიერი ცხოვრება უფლისწულს გადააწყვეტინებს ყველაფერს ზურგი აქციოს. ბუდისტური მოძღვრების თანახმად, ასკეტიზმი ნათელმოსილების მიღწევის ერთ-ერთი გზაა, მაგრამ ჯერ სიცოცხლის სიტკბოება უნდა იგემო. არ შეიძლება ყველაფრის უარყოფით დაიწყო. აუცილებელია ბოლომდე დაცალო სიცოცხლის ფიალა, და მხოლოდ შემდეგ აიყარო გული ამ ცხოვრებაზე. მაგრამ ცნობით კი უნდა იცნობდე მას.

უფლისწული გადაწყვეტს ბუდა გახდეს. მაგრამ სწორედ ამ დროს ახარებენ: შენმა ცოლმა ვაჟი შობაო. უფლისწული წამოიძახებს: "ჯაჭვი მომდესო", რაც იმას ნიშნავს, რომ შვილი სიცოცხლეს აჯაჭვავს. ამიტომ ახალშობილს “ჯაჭვს” არქმევენ სახელად. სიდჰარათჰა თავის ჰარემში შედის. ხედავს სიცოცხლით სავსე მშვენიერ ქალებს, მაგრამ მახინჯ და კეთროვან დედაბრებად აღიქვამს მათ. მერე სანთიობოს მიაშურებს. ქალს სძინავს. ხელში პატარა უჭირავს. უფლისწული კოცნას უპირებს, მაგრამ იცის, რომ თუ აკოცა, წასვლას ვეღარ შეძლებს, და მიდის.

მოძღვრებს დაეძებს. აქ იწყება ბიოგრაფიის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება არც იყოს ლეგენდარული. რად უნდა ვსახავდეთ იმათ შეგირდად, ვისაც ის შემდეგ მიატოვებს? მოძღვრები ასკეტიზმს ასწავლიან, რაშიაც კარგა ხანს იწაფავს თავს. ბოლოს და ბოლოს, ტრიალ მინდორში ტოვებენ. მისი სხეული უძრავია, და ღვთაებებს, ოცდაცამეტი ზეციდან რომ დასცქერიან, ჰგონიათ უკვე მოკვდაო. მაგრამ ერთ-ერთი მათგანი, ყველაზე ბრძენი, ამბობს: "არა, კი არ მომკვდარა, არამედ ბუდად იქცევაო". უფლისწული იღვიძებს და იქვე, მახლობლად მოჩუხჩუხე წყაროს მიაშურებს. წყურვილს მოიკლავს და წმინდა ბოდჰის _ ცოდნის ხის ქვეშ მოიკალათებს.

ამას მოსდევს სასწაულებრივი გადახვევა, ეშმაკთან ბრძოლის სახარებისეულ სიუჟეტს რომ ეხმიანება. ეშმაკს მარა ჰქვია. ეს სიტყვა ისმის ღამეული ეშმას _ "ნიგჰტმარე" (კოშმარი)-ის სახელში. ეშმაკი გრძნობს, რომ მბრძანებლობს ქვეყნად, მაგრამ აწ უკვე საფრთხე ემუქრება, და ის თავის სასახლეს ტოვებს. გაწყდა მისი საკრავის სიმები, სურაში კი წყალი ამოშრა. ის საჩქაროდ კრებს თავის ლაშქარს, კაზმავს სპილოს, რომელიც, ღმერთმა უწყის, რამდენი უტევანის სიმაღლისაა, ამრავლებს როგორც თავისი ხელების, ისე საჭურვლის რიცხვსაც, და უფლისწულის წინააღმდეგ საომრად მიდის.

საღამოხანს უფლისწული ცოდნის ხის ქვეშ ზის, მასთან ერთად რომ მოვლენია ქვეყნიერებას. ეშმაკი მთელი თავისი ლაშქრითურთ, ლომების, ვეფხების, სპილოებისა და აქლემებისაგან რომ შედგება, უფლისწულს სეტყვასავით აყრის ისრებს; მაგრამ როგორც კი უახლოვდებიან სამიზნეს, ისრები ყვავილებად იქცევიან. ბუდას ცეცხლის ზვავი ატყდება თავს, მაგრამ ის მის ზემოთ ლაპლაპა გავალაკს ქმნის.

გულხელდაკრეფილი და უძრავად მჯდომარე უფლისწული ჭვრეტაში ინთქმება. შესაძლოა, ვერც ამჩნევს, რომ თავს ესხმიან. გახევებული სიცოცხლის არსზე ფიქრობს. და, ამრიგად, უახლოვდება ნირვანას _ ხსნას. მზის ჩასვლისას ეშმაკი უკვე ძლეულია. კონტემპლაციის გრძელი ღამე კი კვლავაც გრძელდება. განთიადისას სიდჰარათჰა უკვე სიდჰარათჰა კი აღარაა, არამედ _ ბუდა. მან მიაღწია ნირვანას. ის გადაწყვეტს იქადაგოს თავისი მოძღვრება და ფეხზე დგება. მან უკვე იხსნა თავისი თავი, ახლა კი სხვებიც უნდა იხსნას. თავდაპირველად ბენარესში, "ირმის ბაღში" ქადაგებს; ამას მოსდევს მეორე ქადაგება, სადაც ბუდა ამბობს, რომ ყველაფერი ცეცხლის ალშია გახვეული: სხეულიც, სულიც, საგნებიც _ ყველაფერი იწვის. დაახლოებით ამავე დროს ჰერაკლიტე ეფესელი ამბობს, რომ ცეცხლია ყველაფერი.

ადამიანმა ხელი როდი უნდა აიღოს ხორციელ ცხოვრებაზე, _ იმის გამო, რომ ხორციელი ცხოვრება მდაბალია, არაკეთილშობილური, შეურაცხმყოფელი და ავადმყოფური, _ და არც ასკეტიზმზე, რომელიც ასევე არაკეთილშობილურია და ავადმყოფური. ის ქადაგებს კეთილშობილურ საშუალო გზას (ვისარგებლოთ თეოლოგიური ტერმინოლოგიით). მან მიაღწია ნირვანას, მაგრამ კვლავ, ორმოც წელზე მეტხანს ცოცხლობს, რომლებსაც ქადაგებას უძღვნის. მას შეეძლო უკვდავი გამხდარიყო, მაგრამ როცა უკვე ბევრი მოწაფე ჰყავს, თვითონვე ირჩევს თავისი სიკვდილის მომენტს.

ის მჭედლის სახლში კვდება, სასომიხდილი მოწაფეებით გარშემორტყმული. რა ეშველებათ უმისოდ? ბუდა ეუბნება მათ, რომ ის, არსებითად, არც არის; რომ ისეთივეა, როგორც ყველა მათგანი; მათსავით არარეალური და მოკვდავი; და თავის მოძღვრებას უტოვებს მათ. ამ მხრივ, ის პრინციპულად განსხვავდება ქრისტესაგან. იესოს, ჩემი აზრით, შეუძლია უთხრას თავის მოწაფეებს, რომ თუკი შეიყრებიან ორნი, თვითონ იქნება მესამე. ბუდა სხვაგვარად ფიქრობს; ის ეუბნება მათ: ჩემს მოძღვრებას გიანდერძებთო. სხვა სიტყვებით, თავისი პირველი ქადაგებისას მან აამოძრავა დჰარმის ბორბალი. ამას იქით ბუდიზმის ისტორია იწყება.

ინდოეთის რომელიღაც ქალაქში ერთი ვაჭარი ბრძანებს სანდალოზის ხისგან გამოჭრან ექვსი ბურთულა, რომლებსაც ლერწმის გასაპნული გრძელი ჯოხის თავზე ათავსებს და ამბობს, სანდალოზის ბურთულას იმას მივცემ, ვინც მას მისწვდებაო. მოდის რამდენიმე არამართლმორწმუნე მოქადაგე, მაგრამ ვერცერთი ვერ ასრულებს პირობას. ცდილობენ ვაჭარი მოისყიდონ და ათქმევინონ, თითქოს მათ შეძლეს ჩამოეღოთ ბურთულა. ვაჭარი ცივ უარზეა, და მაშინ მასთან მიდის ბუდას უმცროსი შეგირდი, ვისი სახელიც, ამ ეპიზოდის გარდა, არსად არ იხსენიება. შეგირდი ჰაერში აიწევა, ექვსჯერ შემოუფრენს ბურთულას, მოხსნის და ვაჭარს მიართმევს. ეს ამბავი ბუდას ყურამდე მიაღწევს და ამნაირი მკრეხელობით განრისხებული მორწმუნეთა თემიდან აძევებს შეგირდს.

თუმცა ბუდა თვითონვე ახდენდა სასწაულებს. მაგალითად, თავაზიანობის სასწაულს. შუადღისას უდაბნო უნდა გადაესერა. ოცდაცამეტ ცაზე მსხდომარე ღმერთები ჩრდილს აფენდნენ თავზე. ბუდას არ უნდოდა რომელიმე მათგანი მოემდურებინა და ოცდაცამეტ ბუდად იქცა, რათა თვითეულ ღმერთს დაენახა მის მიერ ჩრდილდანაფენი.

ბუდისტურ არაკებს შორის განსაკუთრებით ღირსშესანიშნავია ერთი _ ისრის არაკი. ბრძოლაში დაჭრილ მეომარს არ უნდა ისარი ამოუღონ. თავდაპირველად, მას სურს გაიგოს მშვილდოსნის სახელი; კასტა, რომელსაც ის ეკუთვნის; მასალა, რომლისგანაც დამზადებულია ისარი; ადგილი, სადაც მშვილდოსანია და ისრის სიგრძე. ვიდრე ყოველივე ამას გაარკვევდნენ, დაჭრილი კვდება. "მაგრამ მე გასწავლით, _ ამბობს ბუდა, _ ისრის ამოღებას". ამ იგავში ისარი სამყაროა, ჩვენი პიროვნებისა და ყოველივე იმის იდეა, რაც მოქცეულია ჩვენში. ბუდა ამბობს, რომ ფუჭი კითხვების გულისთვის არ უნდა ვკარგავდეთ დროს. ასე მაგალითად, რას გვარგებს იმის გაგება, სასრულია სამყარო თუ უსასრულო? ანდა ნირვანის შემდეგაც იცოცხლებს ბუდა თუ არა? ყოველივე ეს არაარსებითია. არსებითი კი ისრის ამოღებაა. საქმე ეხება შელოცვას, ხსნის კანონს.

ბუდა ამბობს: "მსგავსად იმისა, როგორც მთელი ოკეანის წყალს მხოლოდ ერთი გემო აქვს _ მლაშე, ჩემს მოძღვრებასაც მხოლოდ ერთი გემო აქვს _ ხსნისა". მოძღვრება, რომელსაც ქადაგებს ბუდა, უზარმაზარია, როგორც ოკეანე, მაგრამ მხოლოდ ერთი გემო აქვს _ ხსნის გემო. რა თქმა უნდა, ბუდას მიმდევრები დაეხეტებოდნენ და, ალბათ, ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს მეტაფიზიკური პაექრობებისას, მაგრამ ბუდიზმის არსი ამ პაექრობებში როდია. ბუდისტი შეიძლება აღიარებდეს ნებისმიერ რელიგიას, თუკი იმავდროულად მოძღვრების არსს მისდევს. არსებითია მხოლოდ ხსნა და ოთხი კეთილშობილური მოძღვრება: ტანჯვა, ტანჯვის მიზეზი, ტანჯვისგან განკურნება და მისი განკურნების საშუალება. უზენაესი მიზანი ნირვანაა. ჭეშმარიტებათა რიგს მნიშვნელობა არა აქვს. მიიჩნევენ, რომ ისინი შეესაბამებიან ძველ სამედიცინო ტრადიციას, რომელშიაც მსჯელობენ ბოროტებაზე, დიაგნოზზე, მკურნალობასა და განკურნებაზე. ამ შემთხვევაში განკურნება სწორედ ნირვანაა.



--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
GIORGI LELUASHVILI   ბუდიზმი   Jun 27 2011, 12:33 PM
GIORGI LELUASHVILI   აბა ვახტანგ სად ხა...   Jun 27 2011, 04:36 PM
NINJA - ნინძა   GIORGI LELUASHVILI აქ ვარ, მოვე...   Jun 27 2011, 07:50 PM
A.V.M   GIORGI LELUASHVILI ვხედავ დაპი...   Jun 27 2011, 07:53 PM
GIORGI LELUASHVILI   NINJA - ნინძა არა, ეს გა...   Jun 27 2011, 08:37 PM
A.V.M   მეც ველი დიდი გული...   Jun 27 2011, 09:23 PM
NINJA - ნინძა   GIORGI LELUASHVILI კარგი გიორგ...   Jun 28 2011, 02:50 PM
ikanosi   რა მაინტერესებს, თ...   Jun 28 2011, 02:51 PM
GIORGI LELUASHVILI   NINJA - ნინძა ვახტანგ წ...   Jun 28 2011, 06:07 PM
A.V.M   NINJA - ნინძა ერთ ჩემს ძ...   Jun 28 2011, 07:15 PM
A.V.M   თქვენ ამ სწავლებას...   Jun 28 2011, 07:29 PM
NINJA - ნინძა   A.V.M არანაირად:) ათეი...   Jun 30 2011, 03:24 PM
sopo...   ჭეშმარიტად, ლეგენ...   Jul 5 2011, 04:04 PM
NINJA - ნინძა   http://yvelaferi-religiaze.blogspot.com/20...-post...   Jun 30 2011, 03:37 PM
A.V.M   რსსაც ეხლა ვწერ ად...   Jun 30 2011, 08:16 PM
A.V.M   ერთი საინტერესო სა...   Jun 30 2011, 09:01 PM
starscream   NINJA - ნინძა რა სტილს ს...   Jun 30 2011, 11:17 PM
GIORGI LELUASHVILI   NINJA - ნინძა აბა იძახი...   Jul 2 2011, 12:35 PM
A.V.M   სწორი შენიშვნაა.ჩ...   Jul 3 2011, 12:33 AM
NINJA - ნინძა   GIORGI LELUASHVILI მე ზემოთ აღ...   Jul 4 2011, 08:19 PM
GIORGI LELUASHVILI   NINJA - ნინძა ეს გასაგე...   Jul 4 2011, 09:19 PM
მხევალი ნინო   რამდენი თემა, სურა...   Jul 4 2011, 10:01 PM
ნაინა   ამ თემის მოდერი რო...   Jul 4 2011, 10:09 PM
მხევალი ნინო   ნაინა დასახურია დ...   Jul 4 2011, 10:21 PM
k@the   ნაინა დასახურია დ...   Jul 4 2011, 10:33 PM
ნაინა   მხევალი ნინო k@the კი...   Jul 4 2011, 10:36 PM
GIORGI LELUASHVILI   მხევალი ნინო ვისა...   Jul 4 2011, 10:55 PM
k@the   GIORGI LELUASHVILI გმადლობ. ლ...   Jul 4 2011, 10:57 PM
GIORGI LELUASHVILI   k@the არაფერს:) ვიცი:P   Jul 4 2011, 11:01 PM
მხევალი ნინო   GIORGI LELUASHVILI ინტერსსაც ...   Jul 4 2011, 11:03 PM
GIORGI LELUASHVILI   მხევალი ნინო რა ბუ...   Jul 4 2011, 11:10 PM
მხევალი ნინო   GIORGI LELUASHVILI შენი პოსტე...   Jul 4 2011, 11:13 PM
GIORGI LELUASHVILI   მხევალი ნინო მერე ...   Jul 4 2011, 11:19 PM
მხევალი ნინო   GIORGI LELUASHVILI კი, მე ნაინ...   Jul 4 2011, 11:24 PM
GIORGI LELUASHVILI   მხევალი ნინო ეგ მე...   Jul 4 2011, 11:27 PM
მხევალი ნინო   GIORGI LELUASHVILI ჰო გიორგი, ...   Jul 4 2011, 11:29 PM
GIORGI LELUASHVILI   მხევალი ნინო მე თე...   Jul 4 2011, 11:31 PM
ikanosi   აბა ვინ მოერევით   Jul 4 2011, 11:32 PM
მხევალი ნინო   GIORGI LELUASHVILI მეც და არა ...   Jul 4 2011, 11:46 PM
GIORGI LELUASHVILI   ხომ ვერ მეტყვი რა კ...   Jul 4 2011, 11:50 PM
მხევალი ნინო   GIORGI LELUASHVILI მოკლედ, გაფ...   Jul 4 2011, 11:51 PM
GIORGI LELUASHVILI   მხევალი ნინო მაინ...   Jul 4 2011, 11:53 PM
მხევალი ნინო   GIORGI LELUASHVILI :D ხო, რა თქმ...   Jul 5 2011, 12:00 AM
GIORGI LELUASHVILI   ეს თუ სასაცილოდ არ ...   Jul 5 2011, 12:04 AM
karpaki   buda qriste da krshna zmakacebi arian erti da igiv...   Jul 5 2011, 12:05 AM
GIORGI LELUASHVILI   karpaki ეგ რა შუაშია?   Jul 5 2011, 12:08 AM
karpaki   karpaki ეგ რა შუაშია? Ver ga...   Jul 5 2011, 12:23 AM
მხევალი ნინო   GIORGI LELUASHVILI გიორგი, გა...   Jul 5 2011, 12:10 AM
GIORGI LELUASHVILI   მხევალი ნინო ნინო ...   Jul 5 2011, 12:11 PM
karpaki   tqma ara.gagoneba mindoda anu wakitxva :)   Jul 5 2011, 12:23 PM
GIORGI LELUASHVILI   karpaki აჰააა:D   Jul 5 2011, 12:25 PM
მხევალი ნინო   GIORGI LELUASHVILI კაი რა, ნუ ა...   Jul 5 2011, 12:25 PM
GIORGI LELUASHVILI   მხევალი ნინო ჰო, მე...   Jul 5 2011, 12:28 PM
k@the   მე "ისლამშიც" ...   Jul 5 2011, 01:05 PM
afxazi   ამ განყოფილებამ ცო...   Jul 5 2011, 01:11 PM
ikanosi   afxazi ჩემი ბრალი რა პო...   Jul 5 2011, 03:51 PM
GIORGI LELUASHVILI   afxazi კი, ნამდვილად ,მ...   Jul 5 2011, 03:55 PM
GIORGI LELUASHVILI   იმედია აფხაზი უპას...   Jul 5 2011, 04:09 PM
NINJA - ნინძა   ვინაიდან ჩემს გამო...   Jul 5 2011, 06:44 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI თვითონ სიტ...   Jul 5 2011, 06:57 PM
GIORGI LELUASHVILI   afxazi მაინტერესებს გა...   Jul 6 2011, 03:00 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI ცალკე აღებ...   Jul 6 2011, 08:30 PM
GIORGI LELUASHVILI   რატო ხომ ვერ მეტყვ...   Jul 6 2011, 08:32 PM
NINJA - ნინძა   [size=5][b]ბუდას ცხოვრე...   Jul 13 2011, 03:11 PM
GIORGI LELUASHVILI   NINJA - ნინძა მე თავიდა...   Jul 13 2011, 07:48 PM
Kanishtha-Adhikar   მე, როგოც ვაიშნავი, ...   Jul 14 2011, 11:22 AM
ikanosi   Kanishtha-Adhikar ვინმე თუ დი...   Jul 14 2011, 12:18 PM
Kanishtha-Adhikar   ikanosi არც ერთ შემთხვე...   Jul 14 2011, 01:36 PM
Kanishtha-Adhikar   აი, ამას თუ წაიკითხ...   Jul 14 2011, 01:59 PM
მხევალი ნინო   Kanishtha-Adhikar მთავარია რ...   Jul 14 2011, 02:03 PM
Kanishtha-Adhikar   მხევალი ნინო წაიკ...   Jul 14 2011, 02:05 PM
ikanosi   Kanishtha-Adhikar ქრისტეც კრი...   Jul 14 2011, 02:22 PM
Kanishtha-Adhikar   ikanosi არა, მთლად კიშნ...   Jul 14 2011, 02:43 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar დიკშას სახე...   Jul 15 2011, 01:48 PM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI კი, გოვინდა ...   Jul 17 2011, 09:31 PM
NINJA - ნინძა   მოგესალმებით ყველ...   Sep 16 2011, 09:40 PM
A.V.M   ვა ვახო როგორ ხარ დ...   Sep 16 2011, 10:31 PM
NINJA - ნინძა   A.V.M მადლობა ჯიგარო, ...   Sep 16 2011, 11:05 PM
A.V.M   გაიხარე ვახო. ჩემპ...   Sep 16 2011, 11:30 PM
NINJA - ნინძა   A.V.M მეც ძალიან მომე...   Sep 16 2011, 11:32 PM
GIORGI LELUASHVILI   NINJA - ნინძა ვააააა რა ...   Sep 17 2011, 12:06 AM
georgios   GIORGI LELUASHVILI მხოლოდ ჰგა...   Sep 17 2011, 12:39 AM
GIORGI LELUASHVILI   georgios ამ სიტყვების ა...   Sep 17 2011, 04:31 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI არსი ის არ...   Sep 18 2011, 12:52 AM
GIORGI LELUASHVILI   georgios ნუ, ეს რათქმაუნ...   Sep 18 2011, 12:59 AM
Funkenstein   ბუსიდტური ტაძრებშ...   Sep 18 2011, 03:05 PM
georgios   Funkenstein მარტო ბუდიზმშ...   Sep 18 2011, 03:13 PM
NINJA - ნინძა   GIORGI LELUASHVILI ვითომ არ იც...   Sep 18 2011, 04:00 PM
Funkenstein   [b]GIORGI LELUASHVILI Funkenstein შენ თ...   Sep 19 2011, 12:36 AM
A.V.M   ოსიპოვი ამბობს ამ ...   Sep 19 2011, 12:49 AM
.zakaria.   ოსიპოვი ამბობს ს...   Sep 19 2011, 01:05 AM
georgios   .zakaria. კი. საერთოდ სა...   Sep 19 2011, 09:08 AM
.zakaria.   .zakaria. კი. საერთოდ საი...   Sep 20 2011, 01:20 AM
GIORGI LELUASHVILI   NINJA - ნინძა მოვიცალე ...   Sep 19 2011, 06:51 PM
NINJA - ნინძა   Funkenstein ამ სიტყვის მნ...   Sep 19 2011, 11:46 PM
NINJA - ნინძა   Sidharta-Gautama-Buddha   Sep 19 2011, 11:59 PM
Funkenstein   რავი ტაილანდის ცენ...   Sep 20 2011, 12:17 AM
GIORGI LELUASHVILI   NINJA - ნინძა ანუ სიდჰა...   Sep 20 2011, 03:12 PM
Funkenstein   ღვთის სწორად მადი...   Sep 20 2011, 04:17 PM
georgios   თუ გინდათ ბუდიზმის...   Sep 20 2011, 05:55 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 01:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი