ჩემი სოფელი, გაგვაცანით თქვენი სოფელი და მისი ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩემი სოფელი, გაგვაცანით თქვენი სოფელი და მისი ისტორია |
Amuza |
Feb 2 2008, 10:41 PM
პოსტი
#61
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
საეკლესიო სოფელი აკურა
სოფ. აკურა, რომელიც ქ. თელავს დაშორებულია 16 კმ-ით, გაშენებულია ავტომაგისტრალის ორივე მხარეს. ვახუშტის აღწერაში ნათქვამია `... მოერთვის ალაზანს დასავლეთიდამ აკურის ხევი, გამოსდის გომბორისა და ცივის მთას~. აკურის მოსაზღვრე ვანთის ხევს ეწოდება `ვანთურა~, თვითონ სოფელს კი ვანთა. დღევანდელ საცხოვრისში ჩამოსახლებამდე (ჩამოსახლება იწყება XIX საუკუნიდან) აკურელები ცხოვრობდნენ ამავე ხეობაში, ოღონდ ზემოთ, მთის ძირას, ამ ადგილს ახლაც სოფლელები `ნამოსახლარს~ ეძახიან. დღეს, რომ სოფლის თავია, იგი ძველად სოფლის ბოლო იყო. იმ ადგილს სადაც ახლა სასაფლაო მდებარეობს, ვანთის მხარეს ღვთისმშობლის სახ. ეკლესია, ხოლო აკურის მხარეს წმ. ელია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესია, შუა სოფელი ეწოდებოდა; ხოლო მთის ძირს, სადაც მდებარეობს დავით გარეჯის დედათა მონასტერი ვანთის ხევის მხარეს, ხოლო წმ. გიორგის სახ. ეკლესია აკურის ხევის მხარეს – ზედა სოფელი ეწოდებოდა. აკურაში შემონახულია გადმოცემა, რომ ძველად სოფ. აკურა კიდევ უფრო ზემოთ – აკურის ხევის სათავის ახლოს `ნახიზნარში~ მდებარეობდა. ამ ადგილებში დღესაც შეინიშნება სოფლის ნაკვალევი, რომელსაც ახლაც `ნაკალოვრებს~ ეძახიან, იქვეა `ნამარნევი~, რომელსაც ამავე სახელით იცნობენ, მის ახლომახლო შემორჩენილია `საწნახელები~ და სამეურნეო კულტურის კიდევ სხვა ნაშთები. იმავე არემარეში, ძნელად მისადგომ კლდეში, არის გამოქვაბული, რომლის შესახებ ხალხში შემონახულია გადმოცემა: ერთი ვარიანტით, იქ ცხოვრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მეტწილად ქართლიდან ბატონებისაგან გამოქცეული ხალხი, რომლებიც ამ გამოქვაბულში იმალებოდნენ; გადმოცემის მეორე ვარიანტის მიხედვით გამოქვაბულში შიშიანობის – ლეკიანობის დროს იხიზნებოდა სოფელი და აქვე მალავდნენ ქონებას. გადმოცემის ორივე ვარიანტის სინამდვილე არაა შესაძლებლობას მოკლებული, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ გამოდგება დასკვნის საბუთად. დღემდე შემორჩენილი ისტორიული მასალების მიხედვით დგინდება, რომ სოფ. აკურა იყო ერთ-ერთი უძველესი სოფელი, რომელიც მიწის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა. მეცნიერების მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით შესაძლებელია საკვირველმოქმედი წმინდა მამის ილარიონ ქართველის მშობლიურ სოფლად აღნიშნული სოფელი მივიჩნიოთ. თუ ვიხელმძღვანელებთ `ძველი ათონური~ ხელნაწერებით და გავეცნობით წმ. მამის ბიოგრაფიას, თვალნათლივ დასტურდება, რომ იგი იყო დიდგვაროვანი წრიდან, დაიბადა კახეთის მხარეში. თავის მამულთან ახლოს დედას და დას 855 წელს აუშენა დავით გარეჯელის სახელობის დედათა მონასტერი, შესწირა დიდძალი ქონება და რამოდენიმე სოფელი, სავარაუდოთ სოფ. აკურა, ვანთა, ბუშეტი. ეს სოფლები საარქივო დუკუმენტებში გასაბჭოებამდე მოიხსენიებოდა საეკლესიო სოფლებად. 1923 წლიდან დაიწყო ეკლესია-მონასტრის დანგრევა, გაძარცვა, ნაწყალობელი მიწების ჩამორთმევა (იმ დროისათვის 3000 ჰექტარი); შეწყდა ბერმონაზვნური ცხოვრება, ხალხში დაისადგურა ათეიზმმა; დაიწყეს სასულიერო პირების დევნა-დაპატიმრებები, უკრძალავდნენ მსახურებას, ბოლშევიკებმა 1923 წლის 4 მაისს წვერი გაპარსეს და მღვდელმსახურების ჩატარება აუკრძალეს წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესიის მღვდელს ლავრენტი გუგუტიშვილს. ე.წ. `კომსომოლებმა~ ამ ეკლესიას ჩამოხსნეს ზარები და დაანგრიეს სამრეკლო. ბოლო წლებში ხალხის მონდომებით დაიწყო ამ ეკლესიის აღდგენა, აღდგენილია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც. დღეს-დღეობით სავალალო მდგომარეობაშია აკურის `დავით-გარეჯის~ დედათა მონასტერი, რომელსაც მცირე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1956 წელს. მოსახლეობის დიდი სურვილის მიუხედავად, კულტურის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო აღდგენა – რეკონსტრუქციისათვის საჭირო თანხის მოძიება. დღემდე შემორჩენილია: სამნავიანი ბაზილიკა, ნამარნევი. ტაძარი გადახურულია ქართული კრამიტით, რომელიც ნაწილობრივ შესაკეთებელია და გასაწმენდია ხე – მცენარეებისაგან; ბზარები აქვს მიღებული ყველა კედელს, მათ შორის კანკელს; კარების გარეშეა ტაძარში შესასვლელი და გამოსასვლელი; აღსადგენია ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრესკები. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია ორსაფეხურიანი მრგვალი ნიში, რომელშიც ჩახატულია ქრისტეს თავი უნიმბოდ, დისკოს მინდვრებზე დიაგონალურად გამოსახულია ოთხი ანგელოზი უფრთებოდ. მათ შორის, საშუალო მედალიონის რადიალურად ერთურთისაგან დაცილებადი (განშორებადი) ქვების კიდეებზე სწორხაზოვნადაა დახატული წითელი სხივები. სტილისტიკურად ეკლესიის მოხატულობის სახეებს თვისი ინდივიდუალური ხასითი აქვთ, ისინი ვარდისფერისანი იყვნენ, ეს ფერი ქრისტეს პირისახეზეა შენარჩუნებული, რომელიც ნიშშია (წალოშია). დღემდე სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს `დავითობას~ - სოფლის დღესასწაულს, რომელიც იმართება ამაღლების შემდგომი კვირის ხუთშაბათს. ხალხი თანდათან უბრუნდბა ეკლესიურ ცხოვრებას და იმედი აქვს ერთადერთი ღმერთის და კეთილი ადამიანების, რომ დაეხმარებიან ამ უძველისი მონასტრის აღდგენა – ამოქმედებაში. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ახლახანს აღმოაჩინეს წმ. ილარიონ ქართველის მიერ დაარსებული მამათა მონასტერი, რომელიც აკურის დედათა მონასტრიდან 4-კმ მანძილზე მდებარეობს. იქნებ, ახლა მაინც მიექცეს ყურადღება ამ კომპლექსს -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
lechxumi |
Jul 20 2011, 07:35 PM
პოსტი
#62
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 14-July 11 წევრი № 11,332 |
სოფელი ლასურიაში ქუთაისიდან, ჩრდილო-დასავლეთით, 70 კილომეტრში სარეწკელას, ლადო ასათიანის სოფელ ბარდნალას გამოსცდები და არმისული ცაგერამდე მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა სანაპიროზე მთის ქვეშ, ფერდობზე შეფენილი, მწვანეში ჩაფლული ულამაზესი სოფელი მოსჩანს, ეს სოფელი ლასურიაშია. უდიდესი სიამოვნების განცდა გეუფლება ადამიანს, როცა შორიდან ...სახლების სახურავებს შორის ამოზრდილ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის უმშვენიერეს ტაძარს, მის უკან კი სოფელ დოღურაშში მოჭრილი იშვიათი სილამაზის ქვით ნაშენებ მონასტრის შენობას შესცქერი. სოფელ ლასურიაშის ძველი ეკლესია, რომელიც თურმე ადრე მთავარანგელოზთა სახელობისა ყოფილა, და 1921 წელს, კომუნისტური რეპრესიების დროს დაუნგრევიათ. ძველი ხალხის გადმოცემით ერთ-ერთ ბოლშევიკ აქტივისტს, რომელმაც ეკლესიის ჯვარი გუმბათიდან გადმოაგდო, ძალიან მალე უდიდესი უბედურება დაატყდა თავს. მისმა ერთადერთმა ვაჟმა, რომელიც სოფელში გამოირჩეოდა ნიჭიერებით, განათლებით, ვაჟკა - ცობითა და ავტორიტეტით, მოულოდნელად თავი მოიკლა. თავსდამტყდარი უბედურებით გაოგნებული და სასოწარკვეთილი მამა თურმე მეზობლებს შვილის ცხედრის დამარხვის უფლებას არ აძლევდა—დაწვას უპირებდა. ძლივს დაუწყნარებიათ ახლობლებს ცოდვებით დამძიმებული ბოლშებიკი აქტივისტი. იმ დღეებში ხშირად გაიგონებდი ხალხში: ,,პაპის ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს მოსჭრა კბილიო’’. გარკვეული ხნის შემდეგ ამ ეკლესიის ნანგრევებზე აიგო ხის პატარა ეკლესია, მოგვიანებით კი ამავე სოფლის მკვიდრის, თამაზი მუშკუდიანის თაოსნობით კვლავ მთავარანგოლოზთა პატივსაცემად აიგო მათივე სახელობის ქვის პატარა ბაზილიკა. ,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი’’. მართლაც რომ დიდი და საკვირველია უფალი, რომელიც კაცთათვის შეუძლებელს და მისთვის შესაძლებელს მისცემს ხოლმე თავის ხატებას. ამჟამინდელი მონასტრის აღმშენებელი, აწ განსვენებული თამაზ მუშკუდიანი (რომელიც ამავე მონასტრის ეზოშივეა დაკრძალული), ღვთისა და მოყვასის სიყვა რულმა აიძულა, რომ თავისივე სოფელში თანასოფლელთა დახმარებით აეგო ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საპატივსაცემოდ. მთელი სოფელი გაოცებული იყო მისი ჩანაფიქრით. რადგან პროექტი ისეთი მასშტაბური იყო, რომ იმ დროს ლეჩხუმისა და სვანეთის ეპისკოპოსმა მეუფე დავითმა (ტიკარაძე) თამაზი გააფრთხილა, რომ თუ ტაძარს ბოლომდე ვერ მოამთავრებდა, სჯობდა რომ საერთოდ არ დაეწყო. 1991 წლის თებერვალში ღვთის შეწევნითა და მეუფეს ლოცვა კურთხევით საპატრიარქოს მიერ დამტკიცდა ტაძრის პროექტი, გაიჭრა საძირკველი და დაიწყო მშენებლობა. არ შეიძლება რომ არ ავღნიშნოთ ამ ტაძრის არქიტექტორის, აწ განსვენებულ მურად მუკბანიანის ღვაწლი, რომელიც დღენიადაგ იღვწოდა მონასტრის შენებისათვის. აგრეთვე აღსანიშნავია თვითონ ამ სოფლის მცხოვრებთა შრომა, თავდადება, რომელთაც თავიანთი კუთვნილი დაახლოებით 3 ჰა სასახლკარე და საბოსტნე მიწები შესწირეს მონასტერს. შეიძლება გაგვიკვირდეს, რომ რაღა მაინცდა მაინც ღვთისმშობლის შობის სახელზე გადაწყვიტეს ეკლესიის აშენება? ამასთან დაკავშირებით სოფელში ხშირად იხსენებენ ხოლმე ერთ საინტერესო მოვლენას, რომელიც 1998 წლის 21 სექტემბერს (ღვთისმშობლობას) მოხდა და ალბათ ეს სასწაულიც მეტყველებს ყოველივე ამას: წვიმიანი დღე იყო. მამა გიორგის (ჩართოლანი) სამოცდაათამდე ლასურიაშელისთვის მოეყარა თავი და ნათლავდა. ვიღას არ ნახავდით იქ: ქალსა თუ კაცს. ახალგაზრდას თუ მოხუცს. ჩვილსა თუ მოზარდს. ამ დროს ერთი მომაკვდავი მოსანათლი მოხუცებული მოიყვანეს. მოინათლა თუ არა იმ წამსვე გამოჯამრთელდა და ამასთანავე სუფრაზეც სხვებთან ერთად კარგა გვარიანადაც მოილხინა (მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ის დღესაც ცოცხალია). მიუხედავად ამინდისა ირგვლივ საზეიმო განწყობა სუფევდა. მამაომ ნათლობა დაამთავრა, ყველას მოგვილოცა ეს ბრწყინვალე დღე და თითქოს უფალმაც დაგვლოცაო, ცა გაიყო, ღრუბლებს შორის მზის სხივი ჩამოიჭრა და სვეტად დაადგრა იმ ადგილს სადაც ნათელღებულნი იდგნენ . . . სწორედ აქ იჭრებოდა ტაძრის საძირკველი. ეკლესიის მშენებლობა ერთი წელი გაგრძელდა. სოფელს ძალიან უჭირდა ეკონომიურად. მაგრამ მიუხედავად ამისა ვისაც როგორ შეეძლო ფიზიკურად, მატერიალურად, თუ სულიერად, არაფერს იშურებდა. ამ დიდ საქმეში სხვა სოფლებიც იღებდნენ მონაწილეობას (დეხვირი, მახაში). და ღვთის შეწევნითა და ყველას ერთობლივი ძალისხმევით 1999 წლის დეკემბრის სუსხიან დღეს, როცა ირგვლივ ყველაფერი თოვლით იყო დაფარული და ციდანაც მუჭისოდენა ფანტელები ცვიოდა, ტაძარი გადაიხურა. 2003 წლის სექტემბერში სოფელ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გახსნა იგეგმებოდა, მაგრამ გადაიდო: ტაძართან ერთად გაჩნდა მამათა მონასტრის აგების იდეა. და ამავე ეპარქიის მმართველის ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსის სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა კურთხევით, დაიწყო მონასტრის მშენებლობა. აქვე დავსძენთ, რომ სანამ მონასტერი აშენდებოდა და სრულყოფილ სახეს მიიღებდა, პარალელურად მეუფეს ლოცვა კურთხევით სამღვდელოების მიერ სრულდებოდა პარაკლისები და სხვადასხვა ლოცვები. ამ სოფლის ხშირი სტუმრები იყვნენ, მამა ანტონი (ბურდილაძე), მამა იოსები (ნიგურიანი), მამა იოსები (ტატიშვილი) და სხვანი. მრევლი თანდათანობით იმატებდა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც შობა დღეს მიწისძვრის სახით სოფელს განსაცდელი დაატყდა. სოფლის მაცხოვრებლები ძალიან შეშინებილნი იყვნენ. ყოვდადუსამღვდელოესმა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ ამ ამბისადმი ამავე ტაძარში სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა და ლიტანიობით სოფელს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი შემოატარა და სოფლის მაცხოვრებელნი ანუგეშა. მოხდა კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა. ადგილი, სადაც მონასტრის სენაკები უნდა განლაგებულიყო , სამი ძმის კუთვნილებას წარმოადგენდა. მათ უჭირდათ ამ მიწის დათმობა, მაგრამ უფლის ნებით ყველაფერი თავისით მოგვარდა: ერთ-ერთი ძმის ვაჟზე ღმერთმა განსაცდელი დაუშვა. იგი ავარიაში მოყვა, სამ ადამიანს დაეჯახა. ღვთის წყალობით ოთხივე გადარჩა. ოჯახმა უფლისადმი მადლობის ნიშნად კუთვნილი მიწა მონასტერს შესწირა. იგივე გაიმეორა ორივე ძმამ. მონასტრის მშენებლობა და მისი კეთილმოწყობა 2005 წლის სექტემბერში დამთავრდა. ამავე წლის 21 სექტემბერს ყოვლადუსამღვდელოესმა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ უამრავი ადგილობრივისა და სტუმრის თანდასწრებით ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი აკურთხა და მონასტრის წინამძღვრად მღვდელმონაზონი ცოტნე (მარიამიძე) დაადგინა. დროთა განმავლობაში მონასტერში მრავალი რამ გაკეთდა. ტაძრის შემოგარენში გაშენდა ვაშლისა და ატმის ბაღი. გაშენდა ოჯალეშის (დაახ. 600 ძირი) უნიკალური ჯიშის ვენახი. არის რამოდენიმე ფუტკრის სკა. მონასტერში ყოველდღიური წირვა-ლოცვა აღევლინება. ამასთანავე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 2010 წლის 5 ოქტომბერს ამავე მონასტერში გაიხსნა წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის სასულიერო სემინარია. დასარულს მინდა წმიდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით დავამთავრო:,, უფალმან მწყსოს და მე არა მაკლდეს, ადგილსა მწვანილოვანსა მუნ დამამკვიდრა მე’’ (22. 1) და როგორც მწყემსი ზრუნავს თავის სამწყსოსთვის, ასევე უფალიც მზრუნველი და მფარველია ჩვენი ცოდვილი სულებისათვის. და ღმერთმაც ქნას, რომ ეს ტაძარი ყოფილიყოს საწინდარი შინაგანი ტაძრის აღშენებისა და გაბრწყინვებისა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი