ერეკლე II |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ერეკლე II |
lingvo |
Aug 10 2011, 11:21 AM
პოსტი
#1
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ერეკლე II დაიბადა თელავში 1720 წლის 7 ნოემბერს. იგი იყო თეიმურაზ II–ისა და თამარ დედოფლის (ვახტანგVI–ის ასული) შვილი. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა მარბიელი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უხელმძღვანელა ჯარს. ხალხმა სიყვარულით მას „პატარა კახს“ უწოდა. აღმოსავლეთ საქართველო ირანის მფობელობაში იყო და ერეკლე ნადირ–შაჰმა ინდოეთის ლაშქრობაში თან წაიყვანა. მძევლად მყოფმა ერეკლემ ნიჭიერი სარდლისაგან ნადირ–შაჰისაგან დიდი გამოცდილება მიიღო. 1632 წლიდან თითქმის ასი წლის მანძილზე ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფე არ ასულა. 1745 წლის 1 ოქტომბერს კი სვეტიცხოველში თეიმურაზ II ქრისტიანული წესით ეკურთხა მეფედ. ეს თავისთავად ქართული პოლიტიკის დიდი გამარჯვება იყო, მით უმეტეს, რომ თეიმურაზი ქართლის მეფედ, ერეკლე კი კახეთის მეფედ დაამტკიცეს. მამა–შვილი ერთად მართავდა ქვეყანას. შაჰმა 1747 წელს ერეკლე კვლავ თავისთან დაიბარა. თათბირზე გადაწყდა, რომ ირანში თეიმურაზი წავიდოდა, რადგან ის გამოცდილი დიპლომატი იყო. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულა–ბეგს (იესეს ძეს) ჩააბარა. ამით თეიმურაზი ცდილობდა აერიდებინა კონფლიქტი მათ შორის, მაგრამ მისი ვარაუდი არ გამართლდა. აბდულა–ბეგმა ქართლის ტახტზე პრეტენზია განაცხადა და ერეკლეს დაუპირისპირდა. ერეკლემ დაამარცხა აბდულა–ბეგი, 1748 წელს თბილისი გაათავისუფლა და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. იმავე წელს ქართლ-კახეთმა უკანასკნელი ხარკი გადაუხადა ირანს. თეიმურაზ II -სა და ერეკლე II–ის ძალაუფლება სულ უფრო იზრდებოდა. მათ მფარველობა სთხოვეს ერევნის, განჯისა და ნახიჩევანის ხანებმა. მამა–შვილმა ჭარის შემოერთებაც გადაწყვიტა, რადგან ჭარი ქართული ტერიტორია იყო და თანაც მისი დაკავებით დაღესტნელთა შემოსევების ალაგმვა გაცილებით გაიოლდებოდა. შაქი–შარვანის ხანის აჯი–ჩალაბის ღალატის გამო ქართველებმა 1751 წელს მარცხი იწვნიეს. თეიმურაზსა და ერეკლეს კიდევ ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდათ სამხრეთ ადარბადაგანის (აზერბაიჯანის) მფლობელის აზატ–ხანის სახით, რომელიც ირანის შაჰობაზეც კი აცხადებდა პრეტენზიას. 1751 წელს ყირბულახთან (ერევნის მახლობლად) ერეკლემ 3 ათასი ქართველით 18 ათასიანი მტრის ჯარი დაამარცხა. აზატ–ხანმა ზავი ითხოვა. 1752 წელს განჯასთან ბრძოლაში აჯი–ჩალაბმა ქართველები კვლავ დაამარცხა. ამ მარცხმა თეიმურაზისა და ერეკლეს ავტორიტეტი შეარყია. საჭირო იყო გადამწყვეტი ღონისძიებების გატარება: გაიგზავნა ელჩობა რუსეთში, დაიქირავეს ჩერქეზთა ჯარი. მართალია, რუსეთმა დახმარებაზე თავი შეიკავა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 1752 წლის სექტემბერში აჯი–ჩალაბი სასტიკად დამარცხდა. მიღწეული წარმატებების ფონზე გადაუჭრელი რჩებოდა „ლეკიანობის“ პრობლემა. ნურსალ–ბეგის მეთაურობით წარმართული ორი ბრძოლა მჭადიჯვართან და ყვარელთან დაღესტნელთა სასტიკი მარცხით დამთავრდა და ამან კახეთის მოსახლეობას ლეკთა თარეშისაგან ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, ქართლ–კახეთს ძლიერი მოკავშირე სჭირდებოდა, რომ მიღწეული შეენარჩუნებინათ. ამ მიზნით, თეიმურაზ II რუსეთში გაემგზავრა, სადაც მალევე, 1762 წელს გარდაიცვალა. ერეკლემ ქართლ–კახეთი გააერთიანა და მას შემდეგ, რაც ირანის შაჰს ქერიმ–ხან ზენდს მისი მეტოქე აზატ–ხანი დატყვევებული გაუგზავნა, მეფობა დაიმტკიცა. მეფის მტკიცე ხელი, ქსნისა და არაგვის საერისთავოების გაუქმება, ბატონყმური ურთიერთობების რეგლამენტაცია, თავადთა შორის უკმაყოფილებას იწვევდა. მათ გადაწყვიტეს მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა და ტახტზე ვახტანგVI-ის უკანონო შვილის - პაატა ბატონიშვილის დასმა, მაგრამ შეთქმულება გამჟღავნდა და ერეკლემ დარბაზის საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელმაც დამნაშავეს სასტიკი განაჩენი გამოუტანა. მკაცრი სასჯელი მაგალითი უნდა ყოფილიყო მეფის მოწინააღმდეგეებისათვის. ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, შალის, იარაღის), სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის); მანვე განაახლა ზარაფხანა, დააარსა სემინარიები; მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, გახშირდა წიგნების ბეჭდვა. 1768 წელს დაიწყო რუსეთ–თურქეთის ომი. ერეკლემ გადაწყვიტა ესარგებლა ამით და თურქეთისგან მიტაცებული მიწები დაებრუნებინა, ამიტომ რუსეთის ჯართან ერთად, რომელსაც გენერალი ტოტლებენი სარდლობდა, ახალციხისკენ დაიძრა, თუმცა 1770 წლის 19 აპრილს ასპინძის ციხესთან ტოტლებენმა მიატოვა ერეკლე და ქართლში დაბრუნდა. ერეკლემ მარტომ შეძლო მტრის დამარცხება, მაგრამ იძულებული გახდა თავადაც ქართლში დაბრუნებულიყო. ამის მიზეზი გენერლის საქმიანობა გახლდათ, რომელიც დაუკავშირდა ერეკლეს მოწინააღმდეგე თავადებს, დაიწყო ციხეების დაკავება და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ხალხის იძულებით დაფიცება. ერეკლემ აღკვეთა მისი ქმედება, თუმცა საეჭვოა, რომ ტოტლებენის მთელი ეს საქმიანობა მხოლოდ მისი პირადი ინიციატივა ყოფილიყო. უშედეგოდ დამთავრდა 1772 წელს კათოლიკოს ანტონ I–სა და მეფის ძის, ლევან ბატონიშვილის რუსეთში ელჩობაც. რუსეთის ჯარის საქართველოში ყოფნამ არანაირი სარგებელი არ მოუტანა ქვეყანას, თუმცა ერეკლე მიხვდა რეგულარული ჯარის მნიშვნელობას და 1774 წელს გადაწყვეტილება მიიღო მორიგე ჯარის შექმნის შესახებ. მეფის ამ ინიციატივას სათავეში ჩაუდგა ლევან ბატონიშვილი, მაგრამ 1781 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. უფლისწულის გარდაცვალებამ, შექმნილმა მძიმე საგარეო პოლიტიკამ, ერეკლე მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საბოლოოდ დაკავშირებოდა რუსეთის იმპერიას. რუსეთი, თავის მხრივ, უაღრესად დაინტერესებული იყო ამ საკითხით, თუმცა რუსეთის დიპლომატიამ საქმე ისე წარმოაჩინა, რომ ხელშეკრულების ინიციატორი ერეკლე იყო. 1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო–კავკასიის ციხესიმაგრე გეორგიევსკში მფარველობით ტრაქტატს მოეწერა ხელი. იგი ითვალისწინებდა ბაგრატიონთა ტახტის შენარჩუნებას, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობასა და ომიანობის შემთხვევაში მის დახმარებას, მაგრამ რუსეთი არც მაშინ დახმარებია საქართველოს, როცა 1783 წელს ომარ–ხანი შემოესია და არც მაშინ, როცა აღა–მაჰმად–ხანმა კრწანისის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ქართველები და თბილისი გადაწვა. 75 წლის მეფე თავგანწირვით იბრძოდა კრწანისში, შვილიშვილებმა იგი ძლივს გაარიდეს ბრძოლის ველს. მარცხმა მძიმედ იმოქმედა როგორც პირადად მეფეზე, ასევე მის სამეფოზეც. 1789 წლის 11 იანვარს ერეკლე II თელავში, თავის სასახლეში, იმ ოთახში გარდაიცვალა, რომელშიც დაიბადა. ქართველმა ერმა მისი ცხედარი სვეტიცხოველში დაკრძალა. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
lingvo |
Aug 16 2011, 03:30 PM
პოსტი
#2
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
სანამ უშუალოდ კრწანისის ველზე და სეიდაბადის მიდამოებში მიმდინარე ბრძოლების აღწერას გავაგრძელებთ, ვნახოთ რა ხდებოდა მტრის შეტევის მიმართულების მარცხენა, ე.ი . თბილისის დაცვის მარჯვენა ფლანგზე. ეს ის ადგილია სადაც 10 სექტემბერსაც მიმდინარეობდა ბრძოლა.
აქ, შინდის –ტაბახმელას მიდამოებში, თელეთის მხრიდან ამოდიოდა მტერი, უნდოდათ კრწანისის ველზე დაშვებულიყვნან და იქედან კი, სოღანლუღიდან შემოსულ ნაწილებთან გაერთიანებული წამოსულიყვნენ თბილისის ციხისაკენ, ნაწილი კი თაბორის ქედის ფერდობებიდან – პირდაპირ აბანოთუბანში აპირებდა დაშვებას, რათა ალყაში მოექციათ თბილისის დამცველები. როგორც ითქვა, ამ ადგილებს დავით ბატონიშვილი იცავდა 400 მებრძოლით და 6 ზარბაზნით. მცირე და გაუწვრთნელი რაზმები განლაგდა თბილისის განაპირას, სოლოლაკის მიდამოებშიც. დავითი გმირულად შეებრძოლა მტერს, წინა დღის მსგავსად, ჯერ ახლოს მოუშვა, მერე ზარბაზნის ცეცხლი დაუშინა, ბოლოს ხმლით შუტიეს სპარსელებს და დიდი ზიანი მიაყენეს, რამოდენიმეჯერ გაყარეს უკან, თუმცა ვეღარ გაუძლეს მტრის შემოტევას, რადგან მათ ქართველთა მიერ შემუსრულ რაზმებს, ახალი, დასვენებული ჯარი ცვლიდა და ამ მიდამოს დაცვა 400 კაცით შეუძლებელი იყო. თითქმის განადგურებულმა, დავითის რაზმმა უკან დაიხია, ზარბაზნები მტერს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, წავკისისწყალის ხევში გადაყარეს. ბოღმისაგან აკანკალებული დავითი წყნეთისკენ წავიდა და იქედან კი მთიულეთს მიაშურა. ახლა სპარსელებმა შეტევის მარცხენა მიმართულებითაც იოლად დაიწყეს გადაადგილება. როდესაც, შინდისის მხრიდან ზარბაზნის ხმა გაიგონეს, შეშფოთდნენ ქართველები, შეშფოთდა თბილისის მოსახლეობა. ზარბაზნის გასროლა სასიგნალო ნიშანიც იყო ერეკლესა და დავითს შორის, მაუწყებელი იმისა, რომ უკვე შინდის –ტაბახმელადანაც იწყებოდა მტრის ძლიერი შეტევა და თბილისის დამცველები შეიძლება ალყაში აღმოჩენილიყვნენ. კრწანისის ველზე მყოფი აღა–მაჰმად– ხანიც მიხვდა, რომ მისი ჯარის ნაწილები, უკვე, შეტევის მარცხენა ფლანგზე, მთებიდან იწყებდნენ გადაადგილებას და ალყას არტყავდნენ ქართველებს. მდგომარეობა დაიძაბა, მეტი გახელებით შეუტიეს ერთმანეთს მოწინაამღდეგეებმა. ერეკლემ როცა გაიგო, რომ მტერი შინდის –ტაბახმელას გარდა, უკვე თაბორის ქედზედაც შემოდიოდა, თბილისის დამცველი არტილერისტების დასაცავად აბანოების მიდამოში მდგარ იმერელებს, შიკრიკი გაუგზავნა და სოლომონ მეორეს შეუთვალა სასწრაფოდ დახმარებოდნენ არტილერისტებს, მაგრამ შიკრიკს სპარსელები წამოეწივნენ და ხმლით აჩეხეს, ამიტომაც სოლომონის რაზმი ადგილიდან არ დაიძრა, რადგან ამის ბრძანება არ მიუღიათ. ამ დროს წვიმამ გადაიღო, ძლიერი ნისლიც გაიფანტა და მთებიდან მომდგარ სპარსელებს ხელის გულზე გადაეშალათ თბილისის დამცველთა მდებარეობის სურათი. ამან შეტევა გააიოლა. თაბორის ქედის ძირში, აბანოთუბანთან მდგარი ( სავარაუდოდ იქ, სადაც ახლა ბალნეოლოგიური სამკურნალო დაწესებულებაა) იმერლები დაიბნენ, ისინი ამ ადგილებს არ იცნობდნენ და სპარსელები მთებზე რომ დაინახეს, საიდანაც მათ არ ელოდნენ, მათთვის ეს მოულოდნელი იყო, იფიქრეს განადგურდა კრწანისის ველზე ქართველთა ჯარიო. მერე როცა თავიანთი ერთერთი სარდლის, ივანე აბაშიძის დაღუპვაც შეიტყვეს, მიიჩნიეს, რომ წინაამღდეგობას აზრი აღარ ჰქონდა, უკან დაიხიეს და სოლომონთან ერთად, აბანოსთკარით თბილისში შემოვიდნენ რათა ბრძოლის ველი დაეტოვებინათ. ცუდ დღეში ჩაცვივდნენ ქართველი მეზარბაზნეები, რომლებსაც თაბორის ქედის ტერასებზე განელაგებინათ ზარბაზნები, მათ დამცველი ჯარი აღარ ჰყავდათ და ზარბაზნების გადატენას ვეღარ ასწრებდნენ. თანაც სწრაფად უახლოვდებოდათ მტერი. საგულისხმოა, რომ სპარსელები მოწინაამღდეგის არტილერისტებს არ ხოცავდნენ და ისინი სპარსეთში მიჰყავდათ, რათა მათი ხელოვნება, თავიანთი არმიის გასაძლიერებლად გამოეყენებინათ. ქართველ მეზარბაზნეებსაც შესთავაზეს დანებება, მაგრამ, ქართველებმა საოცარი გმირობისა და ქვეყნისათვის თავდადების მაგალითი აჩვენეს. არტილერისტების უფროსმა, თავადმა გიორგი გურამიშვილმა, მეტსახელად – ქუმელამ ,რომელიც ერეკლეს ნათლული იყო, თავის რაზმელებს მიმართა– „ ჩვენი სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ – შეგვიძლია უნამუსოდ დავნებდეთ ყიზილბაშებს – აბა რომელი გინდათ, სახელით სიკვდილი მამულისათვის და კარგი მეფისათვის თუ უნამუსოდ სიცოცხლეო?“ ყველამ ერთხმად უპასუხა – „ჩვენ მამა პაპასა უნამუსობა არ უქნიათ და ჩუენც იმათი შვილები ვართ, სიკვდილი გვირჩევნია უნამუსო სიცოცხლესო “. „წმინდა საიდუმლოს მაგიერი ეს იყოსო „ და ყველა მებრძოლმა სამი თითით მიწა აიღო,ღვთის ხსენებით შეჭამა.ამით შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ საიქიოს სახელოვნად წარდგებოდნენ. – „ ღმერთო შეგვიწყალეო“ – შესძახეს ერთხმად და გარშემო შემოსეულ მტერს ზარბაზნები დაუშინეს, მერე ხმლები იშიშვლეს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართეს სპარსელებს. „ის მაიორი გურამიშვილი კი გმირსავით დადგა და ხმლით სამი ყიზილბაში ჩამოაგდო“, მეოთხესაც შემოჰკრა გამეტებით ხმალი , მაგრამ აქ კი უმტყუნა თავისმა მახვილმა და ზედ გადაატყდა სასიკვდილოდ განწირულ სპარსელს. შემოტრიალდა უიარაღოდ დარჩენილი ქუმელა და თავის ზარბაზანს გადაეხვია ამ სიტყვებით: –„ ღმერთო ! ოღონდ მეფე ერეკლე მშვიდობით გაიყვანე ამ საშინელებიდან და მე მამულის ჭირის სანაცვლო ვიყო…“ „გამგელებული ყიზილბაშები მისცვივდნენ და ზედ ზარბაზანზე დაკაფეს, ის სიკვდილს შეუშინები, მამულის მოყვარული, მეფის ერთგული, თავისი ვალის აღმსრულებელი, რიგის დამცველი, სრული პატიოსანი და სულით დიდი კეთილშობილი !.“ დადუმდნენ ქართველთა ზარბაზნები, რომელთა გრიალი მთებიდან გარემოს აყრუებდა. კრწანისის ველის მიდამოებში, მთის ფერდობებზე განლაგებულ არტილერიასაც არ დაადგა კარგი დღე. გაგრძელება იქნება -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი