IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ერეკლე II
lingvo
პოსტი Aug 10 2011, 11:21 AM
პოსტი #1


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ერეკლე II (1720 – 1798)

IPB-ს სურათი

"მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა"

IPB-ს სურათი


ერეკლე II დაიბადა თელავში 1720 წლის 7 ნოემბერს. იგი იყო თეიმურაზ II–ისა და თამარ დედოფლის (ვახტანგVI–ის ასული) შვილი. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა მარბიელი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უხელმძღვანელა ჯარს. ხალხმა სიყვარულით მას „პატარა კახს“ უწოდა. აღმოსავლეთ საქართველო ირანის მფობელობაში იყო და ერეკლე ნადირ–შაჰმა ინდოეთის ლაშქრობაში თან წაიყვანა. მძევლად მყოფმა ერეკლემ ნიჭიერი სარდლისაგან ნადირ–შაჰისაგან დიდი გამოცდილება მიიღო.
1632 წლიდან თითქმის ასი წლის მანძილზე ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფე არ ასულა. 1745 წლის 1 ოქტომბერს კი სვეტიცხოველში თეიმურაზ II ქრისტიანული წესით ეკურთხა მეფედ. ეს თავისთავად ქართული პოლიტიკის დიდი გამარჯვება იყო, მით უმეტეს, რომ თეიმურაზი ქართლის მეფედ, ერეკლე კი კახეთის მეფედ დაამტკიცეს. მამა–შვილი ერთად მართავდა ქვეყანას. შაჰმა 1747 წელს ერეკლე კვლავ თავისთან დაიბარა. თათბირზე გადაწყდა, რომ ირანში თეიმურაზი წავიდოდა, რადგან ის გამოცდილი დიპლომატი იყო. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულა–ბეგს (იესეს ძეს) ჩააბარა. ამით თეიმურაზი ცდილობდა აერიდებინა კონფლიქტი მათ შორის, მაგრამ მისი ვარაუდი არ გამართლდა. აბდულა–ბეგმა ქართლის ტახტზე პრეტენზია განაცხადა და ერეკლეს დაუპირისპირდა. ერეკლემ დაამარცხა აბდულა–ბეგი, 1748 წელს თბილისი გაათავისუფლა და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა.

იმავე წელს ქართლ-კახეთმა უკანასკნელი ხარკი გადაუხადა ირანს. თეიმურაზ II -სა და ერეკლე II–ის ძალაუფლება სულ უფრო იზრდებოდა. მათ მფარველობა სთხოვეს ერევნის, განჯისა და ნახიჩევანის ხანებმა. მამა–შვილმა ჭარის შემოერთებაც გადაწყვიტა, რადგან ჭარი ქართული ტერიტორია იყო და თანაც მისი დაკავებით დაღესტნელთა შემოსევების ალაგმვა გაცილებით გაიოლდებოდა. შაქი–შარვანის ხანის აჯი–ჩალაბის ღალატის გამო ქართველებმა 1751 წელს მარცხი იწვნიეს. თეიმურაზსა და ერეკლეს კიდევ ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდათ სამხრეთ ადარბადაგანის (აზერბაიჯანის) მფლობელის აზატ–ხანის სახით, რომელიც ირანის შაჰობაზეც კი აცხადებდა პრეტენზიას. 1751 წელს ყირბულახთან (ერევნის მახლობლად) ერეკლემ 3 ათასი ქართველით 18 ათასიანი მტრის ჯარი დაამარცხა. აზატ–ხანმა ზავი ითხოვა. 1752 წელს განჯასთან ბრძოლაში აჯი–ჩალაბმა ქართველები კვლავ დაამარცხა.

ამ მარცხმა თეიმურაზისა და ერეკლეს ავტორიტეტი შეარყია. საჭირო იყო გადამწყვეტი ღონისძიებების გატარება: გაიგზავნა ელჩობა რუსეთში, დაიქირავეს ჩერქეზთა ჯარი. მართალია, რუსეთმა დახმარებაზე თავი შეიკავა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 1752 წლის სექტემბერში აჯი–ჩალაბი სასტიკად დამარცხდა. მიღწეული წარმატებების ფონზე გადაუჭრელი რჩებოდა „ლეკიანობის“ პრობლემა. ნურსალ–ბეგის მეთაურობით წარმართული ორი ბრძოლა მჭადიჯვართან და ყვარელთან დაღესტნელთა სასტიკი მარცხით დამთავრდა და ამან კახეთის მოსახლეობას ლეკთა თარეშისაგან ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, ქართლ–კახეთს ძლიერი მოკავშირე სჭირდებოდა, რომ მიღწეული შეენარჩუნებინათ. ამ მიზნით, თეიმურაზ II რუსეთში გაემგზავრა, სადაც მალევე, 1762 წელს გარდაიცვალა. ერეკლემ ქართლ–კახეთი გააერთიანა და მას შემდეგ, რაც ირანის შაჰს ქერიმ–ხან ზენდს მისი მეტოქე აზატ–ხანი დატყვევებული გაუგზავნა, მეფობა დაიმტკიცა. მეფის მტკიცე ხელი, ქსნისა და არაგვის საერისთავოების გაუქმება, ბატონყმური ურთიერთობების რეგლამენტაცია, თავადთა შორის უკმაყოფილებას იწვევდა. მათ გადაწყვიტეს მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა და ტახტზე ვახტანგVI-ის უკანონო შვილის - პაატა ბატონიშვილის დასმა, მაგრამ შეთქმულება გამჟღავნდა და ერეკლემ დარბაზის საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელმაც დამნაშავეს სასტიკი განაჩენი გამოუტანა. მკაცრი სასჯელი მაგალითი უნდა ყოფილიყო მეფის მოწინააღმდეგეებისათვის.

ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, შალის, იარაღის), სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის); მანვე განაახლა ზარაფხანა, დააარსა სემინარიები; მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, გახშირდა წიგნების ბეჭდვა.

1768 წელს დაიწყო რუსეთ–თურქეთის ომი. ერეკლემ გადაწყვიტა ესარგებლა ამით და თურქეთისგან მიტაცებული მიწები დაებრუნებინა, ამიტომ რუსეთის ჯართან ერთად, რომელსაც გენერალი ტოტლებენი სარდლობდა, ახალციხისკენ დაიძრა, თუმცა 1770 წლის 19 აპრილს ასპინძის ციხესთან ტოტლებენმა მიატოვა ერეკლე და ქართლში დაბრუნდა. ერეკლემ მარტომ შეძლო მტრის დამარცხება, მაგრამ იძულებული გახდა თავადაც ქართლში დაბრუნებულიყო. ამის მიზეზი გენერლის საქმიანობა გახლდათ, რომელიც დაუკავშირდა ერეკლეს მოწინააღმდეგე თავადებს, დაიწყო ციხეების დაკავება და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ხალხის იძულებით დაფიცება. ერეკლემ აღკვეთა მისი ქმედება, თუმცა საეჭვოა, რომ ტოტლებენის მთელი ეს საქმიანობა მხოლოდ მისი პირადი ინიციატივა ყოფილიყო. უშედეგოდ დამთავრდა 1772 წელს კათოლიკოს ანტონ I–სა და მეფის ძის, ლევან ბატონიშვილის რუსეთში ელჩობაც. რუსეთის ჯარის საქართველოში ყოფნამ არანაირი სარგებელი არ მოუტანა ქვეყანას, თუმცა ერეკლე მიხვდა რეგულარული ჯარის მნიშვნელობას და 1774 წელს გადაწყვეტილება მიიღო მორიგე ჯარის შექმნის შესახებ. მეფის ამ ინიციატივას სათავეში ჩაუდგა ლევან ბატონიშვილი, მაგრამ 1781 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. უფლისწულის გარდაცვალებამ, შექმნილმა მძიმე საგარეო პოლიტიკამ, ერეკლე მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საბოლოოდ დაკავშირებოდა რუსეთის იმპერიას. რუსეთი, თავის მხრივ, უაღრესად დაინტერესებული იყო ამ საკითხით, თუმცა რუსეთის დიპლომატიამ საქმე ისე წარმოაჩინა, რომ ხელშეკრულების ინიციატორი ერეკლე იყო. 1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო–კავკასიის ციხესიმაგრე გეორგიევსკში მფარველობით ტრაქტატს მოეწერა ხელი. იგი ითვალისწინებდა ბაგრატიონთა ტახტის შენარჩუნებას, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობასა და ომიანობის შემთხვევაში მის დახმარებას, მაგრამ რუსეთი არც მაშინ დახმარებია საქართველოს, როცა 1783 წელს ომარ–ხანი შემოესია და არც მაშინ, როცა აღა–მაჰმად–ხანმა კრწანისის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ქართველები და თბილისი გადაწვა. 75 წლის მეფე თავგანწირვით იბრძოდა კრწანისში, შვილიშვილებმა იგი ძლივს გაარიდეს ბრძოლის ველს. მარცხმა მძიმედ იმოქმედა როგორც პირადად მეფეზე, ასევე მის სამეფოზეც. 1789 წლის 11 იანვარს ერეკლე II თელავში, თავის სასახლეში, იმ ოთახში გარდაიცვალა, რომელშიც დაიბადა. ქართველმა ერმა მისი ცხედარი სვეტიცხოველში დაკრძალა.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
lingvo
პოსტი Aug 24 2011, 04:59 PM
პოსტი #2


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



"მეფე ერეკლე მეორეს ავადმყოფობა, გარდაცვალება და დაკრძალვა”



თეიმურაზ პეტრიაშვილი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი


მართალია აღა–მაჰმად ხანმა დიდი ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს, მაგრამ ქვეყნის სახელმწიფოებრივობა მაინც არ იყო საბოლოოდ განადგურებული. ქვეყანა ისევ ფეხზე იდგა . დაიწყეს მიწასთან გასწორებული თბილისის აღდგენა.

თუმცა ლეკების თარეშს ბოლო არ უჩანდა. თავდასხმის საშიშროება სუფევდა სპარსეთის და ოსმალეთის მხრიდანაც. ქვეყანა მძიმე დღეში იყო. ერეკლეს ჯანმრთელობა შეერყა. სულ ორიოდე წლის წინ, ცხენს უზანგში ფეხის გაუყრელად შეაფრინდებოდა. 15 წლისა იყო, როცა ნეიშნის მინდორზე პირისპირ ეკვეთა მომხდურთ ქიზიყელთა მცირე რაზმით, ბელადი თავის ხელით მოუკლათ და მტერს უკან დაახევინა. ამის შემდეგ ხმალი ხელიდან არ გაუგდია. ახლა კი სისუსტე შეეპარა, გრძნობდა, რომ უნაგირზე ჯდომას ლოგინში წოლა ერჩივნა. ამიტომ, თავის შვილიშვილი, იოანე ბატონიშვილი უსარდლა ჯარს და ყვარელსა და მის მიდამოს შემოსეული ომარ– ხანის რაზმების განდევნა დაავალა, თავად კი უფრო ხშირად იწვა, ძალა დღითიდღე აკლდებოდა, მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ თბილისსა და მის შემოგარენში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ‘’მომსვრელმა სენმა’’. თბილისში გაჩერება საშიში იყო და სამეფო ოჯახი თელავში გადავიდა საცხოვრებლად.

ერეკლე თელავიდან მართავდა სამეფოს. ყველაფრის საქმის კურსში იყო რაც კი ხდებოდა მის ქვეყანაში.

1797 წლის შემოდგომიდან მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. ფეხები უსივდებოდა. ამბობდნენ წყალმანკი სჭირსო. მკურნალობის მიზნით, თავისი ექიმის შემწეობით, ლითონის პატარა ბასრი ხელსაწყოთი – ნეშტრით (რომელიც ასაცრელად და სისხლის გამოსაშვებად გამოიყენებოდა) შესივებული წვივის მიდამო დაისერა და სითხე გამოუშვა. ამით მდგომარეობა ოდნავ შეუმსუბუქდა, მაგრამ ფეხების დასივების მიზეზი ალბათ მაინც გულის უკმარისობა იყო და შესივებული ადგილებიდან სითხის გამოშვება მის ზოგად ჯანმრთელობას არას არგებდა.

ქათმის ბულიონი მიართვეს ექიმის რჩევით მეფეს, მაგრამ იუარა – ახლა მარხვაა, მე რომ მარხვა გავტეხო ხალხი რას იტყვის, თავად როგორ მოიქცევაო. გადიოდა დრო, ერეკლე სულიერად არ ტყდებოდა, ავადმყოფობას არ ეპუებოდა, თელავიდან იძლეოდა მითითებებს. ტახტის მემკვიდრე, უფროსი ვაჟი გიორგიც დაიბარა, მისი ნახვით გაიხარა, დავალებები მისცა და უმალვე მათ შესასრულებლად გაუშვა.

1798 წლის იანვრიდან კიდევ უფრო გაუარესდა მეფის ჯანმრთელობა. 5 იანვარს გულის მიდამოში უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, გონებაც დაკარგა, რამოდენიმე საათი გაუნძრევლად იწვა, შემდეგ თვალები გაახილა, გონს მოვიდა, ახლობლებს გადახედა, ალბათ ფიქრობდა ეს რა უდროო დროს გტოვებთ თქვენცა და მთელს ქვეყანასო. მერე მსახურები შემოიყენა გვერდით და სთხოვა გარეთ გაეყვანათ ბუნებრივი მოთხოვნილების გამო.

11 იანვარს, გამთენიისას – ერეკლე აღარ მოძრაობდა, თვალგახელილი ერთ წერტილს მისჩერებოდა, თითქოს უხმოდ ლოცულობსო. მერე, ერთხელ კიდევ მოავლო თვალი ოთახს და … იმავე ოთახში, იმავე საწოლზე მიიბარა მისი სული უფალმა სადაც ის 78 წლის წინ დაბადებულა.

დარეჯან დედოფლის კივილმა შესძრა სამეფო დარბაზი. მას აჰყვნენ ოჯახის წევრები.

მეფის ცხედარი მართმადიდებლური წესით გააპატიოსნეს.

ყველას აინტერესებდა და დღესაც აინტერესებთ რამდენი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე მეფეს. გაუთავებელ ომებში ის ხომ თავად მიუძღოდა წინ მეომრებს და თავდაუზოგავად, პირველი ეკვეთებოდა მტერს, მაგრამ რამდენი და რა სახის ჭრილობა ჰქონდა მეფეს –ეს მათ საიდუმლოდ დარჩა ვინც გააპატიოსნა მისი ცხედარი.
ზოგი ამბობდა ერეკლეს ტანზე ადგილი არ მოეძევებოდა ზედ ნაჭრილობევი არ ჰქონოდაო,ზოგიც სიამაყით აღნიშნავდა – სიჩაუქის, სიმარჯვის, სიძლიერის, კარგი საომარი აღჭურვილობის წყალობით მეფეს არც ერთი ჭრილობა არ ჰქონიაო.

მეფის ცხედარი ორმაგად შეკრულ ხის კუბოში ჩაასვენეს. ყინულები ჩაულაგეს. კუბო ძვირფასი ხალიჩებით და შავი ხავერდით მორთულ დიდ დარბაზში დადგეს. ქვეყანაში დიდმა გლოვამ და უიმედობამ დაისადგურა. გლოვობდა ყველა – დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, თავადი თუ გლეხი.

დარეჯან დედოფლისა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის (ერეკლესა და დარეჯანის ვაჟი – ერისკაცობაში თეიმურაზი ) დავალებით – გამოსვენების და დაკრძალვის
ცერმონიალის გეგმის შედგენა თელავის სასულიერო სემინარიის რექტორს დავით ალექსის ძე მესხიშვილს დაევალა.

მთელ ქვეყანაში აფრინეს შიკრიკები, რათა მოსახლეობისათვის მეფის გარდაცვალება ეუწყებინათ… და დიდძალი ხალხი დაიძრა თელავისკენ, სადაც ღამის გასათევი ადგილიც აღარ იყო. სახელდახელოდ გაშლილ კარვებში ათევდნენ ღამეს სამძიმარზე მოსულნი. ქართველებთან ერთად სხვა ეროვნებისა და სარწმუნოების მცხოვრებნი, თავიანთი ადათ-წესების მიხედვით დასტიროდნენ თავიანთი მომავლის იმედს.

კუბო ოც დღეს სამეფო სასახლის დიდ დარბაზში იდგა, შემდეგ სასახლის ახლოს, თავად ყორჩიბაშიშვილების კუთვნილ ტაძარში გადაასვენეს და საკურთხევლის წინ ამბიონზე დადგეს.

სასახლის ეზოში მეფის ნივთების გამოსაფენ საგანგებოდ მოწყობილ, უძვირფასესი ხალიჩებით მორთულ ადგილზე განალაგეს მეფის ტანსაცმელი, სამკაულები, საბრძოლო იარაღი, აბჯარი, უნაგირები, ჯილდოები, საქართველოს სამი დახრილი დროშა…

მიწაზე მსხდომ მეჯინიბეებს აღვირით ეჭირათ ძვირფასად შეკაზმული გამორჩეული ცხენები მეფისა, ირანული ჯიშის ორი ტაიჭი, ერთი _ თეთრი, მეორე _ მოწაბლისფრო-წითელი ფერის, რომელსაც შავი ფაფარი და ძუა ჰქონდა. სწორედ ამ ცხენით ავიდა მეფე მთიულეთში კრწანისის მარცხის შემდეგ.

დარეჯან დედოფალი სტუმრების მისაღებად სასახლის დიდ დარბაზში გამოდიოდა და მისთვის საგანგებოდ მოწყობილ, ხალიჩებით მორთულ ადგილზე ჯდებოდა. გარშემო საპატიო სტუმრები იყვნენ. ორივე მხარეს ისხდნენ ასაკის მიხედვით განლაგებული ბატონიშვილები, შემდეგ სამღვდელოება და წარჩინებული თავადაზნაურობა ჩამწკრივებულიყო. თეთრი ტანსაცმლით მოსილი სეფექალები ტირილითა და სახის ხოკვით ხვდებოდნენ სტუმრებს. სასახლის ოთახების კედლები შიგნიდან და გარედან შავ ნარმას დაეფარა. სამგლოვიარო დარბაზსა და სასახლის შესასვლელში მდგარ კარისკაცებს გადატეხილი კვერთხები ეჭირათ. დარბაზში ქუდმოუხდელი არავინ შედიოდა, არც ფერ-უმარილი ჰქონდათ ქალებს წასმული.

სასახლის ეზოში მოთქმით შემოვიდა ზემო ქართლის ყოფილი სარდალი, 80 წელს გადაცილებული თავადი ციციშვილი, რომელიც მეფეს თითქმის ყველა ბრძოლაში ახლდა. იგი ერეკლეს ცხენის უნაგირს გადაეხვია და მწარედ აქვითინდა. წრფელი გულით მისტიროდა ბატონსა და მეგობარს. ტირილითა და სახის ხოკვით მიეგება მას დარეჯან დედოფალი.

უამრავმა ადამიანმა დაიტირა მეფის ცხედარი, მაგრამ განსაკუთრებით შესძრა ჭირისუფალნი ქიზიყელი გლეხი ქვრივი ქალის მოთქმამ. მისი ნატირალი მთელ საქართველოს გადასწვდა და კიდევ ერთხელ დაუთუთქა გული მგლოვიარეთ.

სამეფო კარზე ყველაზე გამორჩეული და განსწავლული კაცის, სოლომონ ლიონიძის სამგლოვიარო სიტყვა ისტორიას შემორჩა როგორც ნიმუში ქვეყნისათვის თავდადებული მეფის ღვაწლის ობიექტურად შეფასებისა.

შემზარავი იყო არაგველთა ტირილი. მათ საქვეყნოდ ცნობილი ლექსით მიმართეს სათაყვანებელ მეფეს და მისი დაღუპვა საქართველოსთვის რკინის კარის ჩამოხსნას შეადარეს.

რუსეთიდან ჩამოვიდა ერეკლეს ერთ-ერთი ვაჟიც – მირიანი, რომელსაც იქ გენერლის ჩინი ჰქონდა მიღებული. 14 წელი არ ენახა მირიანს დედ-მამა. პეტერბურგიდან ევროპულად განსწავლული ექიმიც წამოეყვანა, მაგრამ მამას სამწუხაროდ ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო.

თელავისკენ მიმავალ გზაზე თითქმის 7 კილომეტრზე ორივე მხარეს იდგა მგლოვიარე ხალხი. მირიანი ცხენიდან ჩამოხდა და სასახლისკენ ფეხით გაემართა. უკან ადიუტანტი და მხლებლები მიჰყვებოდნენ. ბატონიშვილი ბუნდოვნად ამჩნევდა, მის დანახვაზე როგორ ეცემოდნენ მუხლებზე შავით მოსილი მგლოვიარე ხალხი, რომლებიც გამწარებით შესტიროდნენ:

_ვინღა გვიპატრონებს ობოლთ და გაჭირვებულთ…
_ვინ განდევნის შემოსეულ მტერს …
_ვინ გაარჩევს ჩვენს ტყუილსა და მართალს …
_ვინ გამოესარჩლება ღატაკთ და სნეულთ…
_დავკარგეთ საქართველოს იმედი, დაიღუპა საქართველო..
.
სასახლის ეზოში მირიანი შეჩერდა, თვალცრემლიანმა გახედა სასახლეს, მერე მამის ცხენებთან მივიდა და მათ წინ მუხლზე დაიჩოქა. ცხენები გულშემზარავად აჭიხვინდნენ, ფლოქვების ცემით აამტვერეს მიწა.

მირიანი დარბაზში შევიდა და დარეჯანისკენ გაემართა. 14 წლის უნახავი დედა-შვილი მუხლებზე დაეცნენ, დაჩოქილნი გადაეხვივნენ ერთმანეთს და მწარედ ატირდნენ. ბოლოს მირიანი წამოდგა, დედა ანუგეშა და ბატონიშვილებთან მივიდა მისასამძიმრებლად.

ამ დროს,როგორც უკვე მოგახსენეთ,ქვეყანაში შავი ჭირი მძვინვარებდა, ამიტომ სამეფო ოჯახი რამდენიმე ათეულ დღეს ელოდა ეპიდემიის ჩაცხრომას, რათა დაკრძალვის ცერემონიალი წინასწარი გეგმით განსაზღვრული სათანადო პატივისცემით ჩატარებულიყო თბილისშიც და მცხეთაშიც. მიუხედავად ზამთრის ცივი დღეებისა და კუბოში ყინულების ჩალაგებისა, იყო ცხედარის გაფუჭების საშიშროებაც.

Dდრო კი აღარ ითმენდა, არც ეპიდემია იკლებდა და ბოლოს ტახტის მემკვიდრე _ გიორგისთან შეთანხმებით გადაწყდა, მეფის ცხედარი გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს პირდაპირ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დაეკრძალათ.

ერეკლეს გამოსვენების დღეს უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი ეკლესიის გარშემო, რომელშიც მეფის კუბო იდგა. თელავში და თელავიდან გასასვლელ გზაზე ხალხის ტევა არ იყო.

პროცესიის წინა რიგებში ცხენოსანი და ქვეითი ჯარი განლაგდა ორი ზარბაზნითურთ.

ორმოცდღიანი ტირილი, სამგლოვიარო წირვა-ლოცვა და გალობა დროებით შეწყდა. ზარბაზნების ბათქმა და თოფების სროლამ ხალხს აუწყა, რომ ერეკლეს ცხედარს უკვე მიასვენებდნენ მცხეთაში.

ატყდა ზარების სულისშემძვრელი რეკვა.

პროცესია დაიძრა, სავარაუდოდ გომბორის გზით მიდიოდნენ თბილისისაკენ. კუბო ხელით მიჰქონდათ. ერეკლეს კუბოს ხელით ტარება დიდი პატივი იყო ყველა ქართველისათვის. გზისპირა სოფლებში გამოფენილი ხალხი ხმამაღალი ტირილით ბოლო გზაზე აცილებდა თავის მეფეს.

`ოცი ათასამდე ცხენოსანი და ქვეითი მებრძოლი მიაცილებდა ერეკლეს კუბოსო~, _ წერს რუსი ისტორიკოსი პ. ბუტკოვი, რომელიც ამით თითქოს გვეუბნება: _ აი, რა ხალხი ხართ ქართველები. მეფემ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ორი ათასამდე კაციც კი ვერ შეაგროვა, მის კუბოს კი ოცი ათასი მეომარი მიჰყვებოდაო. სად იყვნენ ისინი მაშინ როცა უჭირდა მეფეს და ქვეყანასო.”_ეს მონათხრობი, მართალი არ უნდა იყოს.

იმ დღეს თელავში მართლაც მოვიდოდა ბევრი ხალხი, შეიძლება ოცი ათასზე მეტიც, მაგრამ ცნობილია, რომ მაშინ ქართლ-კახეთში ამ რაოდენობის მეომრის შეკრება შეუძლებელი გახლდათ, მით უმეტეს შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების შიში არსებობდა, რის გამოც ქართლიდან კახეთისკენ გადაადგილება შეზღუდული იყო. Mმოდარაჯე რაზმელებს იმათი მოკვლის უფლებაც კი ჰქონდათ ვინც მათ არ დაემორჩილებოდა და უნებართვოდ, ძალით წასვლას მოინდომებდა კახეთისაკენ.

ოცი ათასი მეომარი მართლაც რომ მოსულიყო დაკრძალვაზე, როგორც პ. ბუტკოვი გვამცნობს, შეკრებილი ხალხის კოლონები ჯართან ერთად 10 კმ-ზე მაინც გაიჭიმებოდა, რაც წარმოუდგენელია და რაზეც არც რომელიმე, სხვა ისტორიული წყარო არ მიუთითებს. ალბათ მართალია ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, როდესაც ბრძანებს: ”ოდეს მეფე გარდაიცვალა თელავსა, ჭირი ესე იყო მიზეზი რომელ მცირედითა კაცითა და არა დღესასწაულებით გადაიტანეს გვამი მეფისა მცხეთას დასასაფლავებლად”.

როგორც ჩანს, დაკრძალვა, დიდი პომპეზურობით კი იყო გათვალისწინებული, მაგრამ, შავი ჭირის ეპიდემიის გამო, როგორც ამას პლატონ იოსელიანი წერს _ “დღესასწაულებით”ვერ მოხერხდა.

იმ დროს ბევრი არასწორი და დამამცირებელი იწერებოდა ქართველებზე.

რასაც ზოგჯერ ჩვენც ვიმეორებთ და საკუთარ თავს ვაკნინებთ.

აი, თუნდაც კიდევ რა ტყუილს მოგვითხრობს არტემ არარატსკი თავის წიგნში, რომელიც 1813 წ. პეტერბურგში რუსულად გამოსცა (შემდგომ ეს წიგნი ოთხ ენაზე ითარგმნა _ გერმანულად, ინგლისურად, სომხურად და ქართულად და ამიტომ ბევრი ისტორიკოსი იმეორებს ამ არასწორ მონათხრობს): “კრწანისის ომის შემდეგ ერეკლე ანანურის ეკლესიაში ვნახე დამწუხრებული, ცხვრის ტყაპუჭში გახვეული, იგი კედლისკენ პირმიქცეული იჯდა. ერთ დროს ძლევამოსილი და სახელგანთქმული მეფე ყველას მიეტოვებინა, მისთვის ყველას ეღალატნა – ოჯახის წევრებს, ახლობლებს, თანამებრძოლებს, რომელნიც ადრე მის მზეს ფიცულობდნენო. ასაკოვან მეფეს საქართველოში მხოლოდ ერთადერთი ერთგული კაცი შემორჩენოდა. ეს იყო სომეხი მსახური, რომელიც სომხურად დამელაპარაკა, მითხრა, რომ ნამათხოვრებით ირჩენდა თავს და ნაწყალობევ პურის ნატეხებს ერეკლესაც უნაწილებდა სამადლოდო.”

Eეს, არარატელის ფანტაზიის ნაყოფია, რადგან ცნობილია, რომ კრწანისის ომში დამარცხებული მეფე ანანურში ასვლისთანავე ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში იყო. მან იმავე Dდღიდან დაიწყო საქმიანი მიწერ-მოწერა და საომრად მზადება. მისთვის არცერთ ოჯახის წევრს არასდროს უღალატნია.

საქმე ის გახლავთ, რომ _ არასწორი და ქართველთა დამაკნინებელი ამბების გავრცელება, რუსეთის იმპერიას იმისათვის სჭირდებოდა, რათა საქართველოს “ნებაყოფილობითი” მიერთება გაემართლებინათ.

თელავიდან წამოსული, ერთობ შეთხელებული პროცესია თბილისს მოუახლოვდა. შავი ჭირის მძვინვარების გამო მეფე ქალაქში ვერ შეაბრძანეს და მცირე ხნით მაინც ვერ დაასვენეს სიონში. მახათას მთის ძირას შეჩერდნენ, კუბო თილისისაკენ შეაბრუნეს, თითქოს უნდოდათ მეფისთვის მისი საყვარელი ქალაქი უკანასკნელად დაენახვებინათ. შემდეგ ავჭალისკენ დაიძრნენ. მცხეთის გამოღმა მიადგნენ არაგვს და კუბო მდინარის ნაპირთან დადგეს. არაგვის გაღმა მცხეთელები იდგნენ. პროცესიის მოსვლისთანავე მათ ფეხით გადმოვლეს არაგვი, რათა ძვირფასი ნეშტი გადაებარებინათ.

კახეთიდან მოსულებმა კიდევ ერთხელ დაასველეს ცრემლით მეფის ცხედარი და უკან გაბრუნდნენ.

მცხეთელები მიუახლოვდნენ, მოწიწებით თაყვანი სცეს მეფეს, დაიჩოქეს კუბოსთან, შემდეგ კუბო ასწიეს და ისე ფრთხილად გადაატარეს არაგვზე, თითქოს ცდილობდნენ, არ გაეღვიძებინათ მხცოვანი, ხალხზე ფიქრით გადაღლილი მძინარე მეფე.

კუბო სვეტიცხოვლის კარიბჭესთან მიიტანეს და იქ შემოგებებულ ბერებს გადააბარეს.

თელავიდან წამოსულ ჭირისუფალთაგან არავინ შეჰყოლია მცხეთაში ერეკლეს ცხედარს, გარდა სამეფო კარის მღვდელ ქრისტეფორე ბადრიძისა. შავი ჭირით დაავადების შიშით ვერავინ ეკარებოდა სვეტიცხოვლის მიდამოებს, რადგან სვეტიცხოვლის ეზო და თვით ტაძარი სავსე იყო ავადმყოფებით. ზოგი მათგანი ცოცხლად გადარჩენის იმედით, ზოგი კი გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინში _ ღვთის სახლს იყვნენ შეფარებულნი და მის განაჩენს ელოდნენ.

ქრისტეფორე კეჟერაშვილი-ბადრიძე იყო ის მოძღვარი, ვინც მეფის ოჯახს აღუთქვა, რომ საკუთარი სიცოცხლის განსაცდელში ჩაგდების ფასად, აღასრულებდა ყველა ქრისტიანულ წესს და საკადრისად დაკრძალავდა მეფეს. ქვეყნისა და მეფის ერთგულმა მოძღვარმა, რომელსაც კიდევ სხვა მრავალი კარგი საქმე ჰქონდა ერისათვის გაკეთებული, ახლაც პირნათლად მოიხადა თავისი ვალი _ ”თავი გამოიმეტა”, “საფლავს მიუდგა და ემსახურა”, მცირე აღაპიც გადაიხადა.

1798 წ. 21 თებერვალს, კვირას, სვეტიცხოვლის ტაძარში მიწას მიებარა კიდევ ერთი ქართველი მეფე, ღირსეული წარმომადგენელი ბაგრატიონთა გვარისა. Dდაასაფლავეს “მუნ, მარჯვენით კერძო შინაგან დიდისა მის ეკლესიისა, ქვემორე პირისპირ ხატისა მაცხოვრისა, მეუფისა ქრისტე მხსნელისა ჩვენისა.”


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
lingvo   ერეკლე II   Aug 10 2011, 11:21 AM
lingvo   კრწანისის ბრძოლა (8-...   Aug 13 2011, 11:31 AM
lingvo   სანამ უშუალოდ კრწა...   Aug 16 2011, 03:30 PM
lingvo   ამ დროს ხელჩართული...   Aug 20 2011, 11:12 AM
lingvo   [b]დ ა ს ა ს რ უ ლ ი სას...   Aug 21 2011, 03:19 PM
lingvo   "მეფე ერეკლე მეორ...   Aug 24 2011, 04:59 PM
lingvo   თეიმურაზ პეტრიაშვ...   Aug 25 2011, 11:52 AM
marine   ერეკლეს სურათთან ...   Dec 17 2012, 12:43 PM
marine   "მინდა მეფე ერეკლ...   Mar 12 2013, 01:38 PM
marine   ერთი გლეხი ტიროდა ...   Apr 11 2013, 01:38 PM
marine   "ძველად ამბობდნე...   Nov 21 2013, 04:02 PM
marine   „იმ დროს, როდესაც რ...   Nov 26 2013, 03:48 PM
marine   "ერეკლემ ქართლ-კა...   Jan 31 2014, 11:03 AM
A.V.M   marine გაიხარე ,ასეთი ი...   Feb 1 2014, 01:17 AM
marine   [b]marine გაიხარე ,ასეთი ...   Feb 3 2014, 10:40 AM
marine   "მირიან ბატონიშვ...   Feb 5 2014, 01:39 PM
Lego   ხევსურები აწყურთა...   Feb 27 2014, 12:00 PM
marine   Lego ლეგო, კეთილი იყო...   Feb 27 2014, 12:59 PM
Lego   2037855   Feb 27 2014, 02:08 PM
marine   "პრუსიის მეფე ფრი...   Mar 5 2014, 01:07 PM
marine   „მეფეს სასახლის კა...   Mar 21 2014, 01:11 PM
marine   კრწანისის ბრძოლის ...   Mar 28 2014, 01:55 PM
G_saxva   ეს მუხლი ძალიან ბე...   Mar 28 2014, 03:19 PM
marine   ეს არ ვიცოდი და სა...   Apr 3 2014, 01:40 PM
marine   *** "როდესაც კავკას...   Apr 24 2014, 12:33 PM
marine   მეფე ერეკლე სოდომი...   Nov 27 2014, 07:57 PM
marine   "1798 წლის იანვარში, ...   Dec 5 2014, 07:02 PM
marine   "ერთხელ მეფე ერეკ...   Dec 22 2014, 02:39 PM
marine   "ყოველ ეპოქაში ეს...   Jan 15 2015, 05:21 PM
marine   "მეფემ დიდგვაროვ...   Mar 30 2015, 07:24 PM
marine   "XVIII-XIX სს.-ის თბილის...   Apr 1 2015, 07:07 PM
marine   "...კიკოსის ღვთისმ...   Apr 1 2015, 07:28 PM
marine   "ერეკლე II-ის კარის...   Jun 15 2015, 08:01 PM
marine   "...1780 წელს სინაზე ი...   Jun 26 2015, 08:27 PM
marine   "ასევე, მნიშვნელო...   Jun 26 2015, 11:13 PM
marine   http://s019.radikal.ru/i608/1507/90/029ebf5bc7dc.j...   Jul 23 2015, 10:32 PM
marine   "პატონ იოსელიანი ...   Jul 29 2015, 08:46 PM
marine   "ჩვენი დაუცხრომე...   Aug 5 2015, 07:23 PM
marine   "...ალექსანდრე ამი...   Aug 7 2015, 12:29 PM
marine   მირიან ბატონიშვილ...   Aug 19 2015, 10:03 PM
marine   "...მაშინ საქართვე...   Sep 15 2015, 09:15 PM
marine   http://s020.radikal.ru/i700/1509/f0/6873f692c052.j...   Sep 20 2015, 08:30 PM
marine   ბატონიშვილ ერეკლე...   Sep 20 2015, 09:39 PM
marine   * * * მეფე ერეკლემ და...   Sep 20 2015, 09:59 PM
marine   * * * აბდულის ყარაულე...   Sep 21 2015, 01:31 PM
marine   * * * ხმალი სჭრის ბაგ...   Sep 21 2015, 06:28 PM
marine   * * * ცა და ქვეყანა და...   Sep 21 2015, 06:42 PM
marine   * * * ერეკლემ ცხენს შ...   Sep 21 2015, 10:24 PM
marine   * * * მეფე ერეკლეს დრ...   Sep 22 2015, 09:33 PM
marine   * * * ერეკლე ბატონიშვ...   Sep 23 2015, 05:35 PM
marine   * * * მაღლის მაღალსა ...   Sep 24 2015, 12:52 PM
marine   –ერეკლე გაჰყავთ ბრ...   Sep 25 2015, 11:24 PM
marine   * * * საწყალსა საქართ...   Sep 29 2015, 01:39 PM
marine   * * * ვერ გაიგეთა, ქარ...   Sep 29 2015, 11:25 PM
marine   http://s018.radikal.ru/i514/1510/0e/0931dd72ee35.j...   Oct 22 2015, 03:52 PM
marine   ისე ნუ მომკლავს... ს...   Jan 31 2016, 01:55 PM
marine   "XVIII ს. 90-იან წლებში ...   Feb 4 2016, 09:27 PM
marine   "მეფე ერეკლე II-ის ...   Feb 24 2016, 10:50 PM
marine   "1777 წელს ახტალაში ...   Mar 1 2016, 11:15 AM
marine   "ამ მხარისადმი [ბ...   May 11 2016, 10:58 PM
marine   http://s017.radikal.ru/i443/1606/f9/5d3108c73d2e.j...   Jun 5 2016, 11:09 PM
marine   "მათ გვარში [სოლო...   Jun 28 2016, 10:51 PM
marine   "მას შემდეგ, რაც ქ...   Jul 26 2016, 10:13 AM
marine   "ორსაუკუნე-ნახევ...   Aug 17 2016, 08:07 PM
marine   ერეკლე II და “დასავლ...   Aug 22 2016, 05:17 PM
marine   "1750 წელს, ივლისში, ...   Aug 24 2016, 10:45 AM
marine   "სხვათა შორის, მე...   Sep 15 2016, 10:48 AM
marine   „სამწუხაროდ, ძალია...   Sep 15 2016, 11:05 AM
marine   "1781 წლის ქსნის ხეო...   Oct 15 2016, 08:57 PM
marine   "ეპისკოპოსი დოსი...   Oct 31 2016, 11:16 PM
marine   "პატარა კახს ქიზი...   Dec 9 2016, 11:14 AM
marine   "არსებობს მოარულ...   Feb 6 2017, 06:30 PM
marine   ბატონის ციხე თელა...   Feb 13 2017, 10:16 PM
marine   "ერთხელ, თავიანთი...   Feb 14 2017, 11:40 AM
marine   "1787 წელს, მეფე ერეკ...   Apr 11 2017, 01:11 PM
marine   * * * ერთხელ ლაშქრობი...   Apr 20 2017, 06:49 PM
marine   "მეფე ერეკლე მეორ...   Jul 20 2017, 12:30 PM
marine   "ჩვენ არ ვთვლით, რ...   Aug 7 2017, 11:26 AM
marine   მჭადიჯვრის ბრძოლა ...   Aug 15 2017, 10:18 PM
marine   "მეფე ერეკლეს ოჯა...   Sep 6 2017, 06:29 PM
marine   "ერეკლე II-ს ქართვე...   Sep 16 2017, 09:25 AM
marine   "თეკლე ბატონიშვი...   Sep 18 2017, 11:40 AM
marine   "ზემო ნიქოზის ღვთ...   Oct 6 2017, 09:18 PM
marine   "1955 წელს, სოფელ ფხო...   Oct 10 2017, 09:32 PM
marine   "ოცდაოთხ საათში ჭ...   Oct 27 2017, 09:30 PM
marine   "ქარელში ორი ტაძა...   Dec 27 2017, 11:54 AM
marine   "...ლექსში დასმული ...   Jan 9 2018, 05:11 PM
marine   "1757 წელს მეფე ერეკ...   Feb 11 2018, 07:57 PM
marine   "ისტორიული წყარო...   Feb 12 2018, 10:21 AM
marine   "1840-1843 წლებში დეკან...   Jun 10 2018, 06:27 PM
marine   "იქვე ახლოს არის ...   Jul 9 2018, 09:55 PM
marine   "გადმოცემით, ზემო...   Jul 17 2018, 09:14 PM
marine   "მოგეხსენებათ, რო...   Jul 23 2018, 02:12 PM
marine   "ასი წლისთავი ერე...   Oct 12 2018, 11:45 AM
marine   "ძეთათვის შედგენ...   Nov 20 2018, 04:24 PM
marine   "თუ სწორად მახსოვ...   Apr 20 2019, 11:40 AM
marine   "ერეკლეს საყვარე...   Aug 1 2019, 05:20 PM
marine   "ერეკლე მეფეს სულ...   Jan 22 2020, 05:24 PM
marine   "ერეკლე მეფეს ტყვ...   Apr 28 2020, 08:58 PM
marine   "ლიონიძე სოლომონ ...   Apr 29 2020, 05:13 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 11:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი