პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Nov 12 2011, 02:20 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგება
ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 9 ნოემბერი 2005 წ. სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ძველი რომაელები ამბობდნენ: "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად". მართლაც, რა სწრაფად იცვლება დრო და რა სწრაფად იცვლება თვითონ ადამიანიც. გავიხსენოთ, თუნდაც ადამიანის შეხედულება ცოდვა-მადლზე. ცოდვა და მადლი მუდამ არსებობდა, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი ერქვა. ცოდვა მუდამ ცოდვად მიაჩნდათ. ახლა კი იმდენად შეიცვალა ადამიანი, რომ დღეს, ხხჳ საუკუნეში ცოდვას ჩვეულებრივ მოვლენად, ადამიანის თვისებად აღიქვამენ. ადამიანი - ურთულესი ქმნილებაა უფლისა. და რაც არ უნდა ვეცადოთ, ბოლომდე ვერასდროს მივწვდებით მის არსს, მის შესაძლებლობას, ან სადამდე დაეცემა იგი ან რა სულიერ მწვერვალებამდე ამაღლდება, ყველას თავისი გზა აქვს და თავისი ბედი. კაცობრიობის წინაშე დგას ურთულესი საკითხი, - როგორ განვითარდება ადამიანი XXI საუკუნეში, როგორი ცვლილება მოხდება მასში, საით მიედრიკება - სიკეთისკენ თუ ბოროტებისკენ. სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანის მდგომარეობა შეიძლება მთიდან დაგორებულ ქვას შევადაროთ. მხოლოდ უფლის ძალას და მადლს შეუძლია შეაჩეროს მისი დაცემა! ევროპაში წარმოიშვა ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობა, ადამიანის დანიშნულების ახლებური ხედვა. ამ ხედვის ავტორი არის ცნობილი ფილოსოფოსი ერიკ ფრომი. იგი აყენებს ძალიან საინტერესო კითხვას: "ვიქონიოთ თუ ვიყოთ?" ეს რას ნიშნავს? როგორც ვხედავთ, ადამიანი მომხმარებელი გახდა. მას მუდამ რაღაც აკლია და ყველაფერი ჭირდება; უნდა მანქანა, სახლი, ფული, ტანსაცმელი; თუ 1 მილიონი აქვს, - 10 უნდა. და ასე, დაუსრულებელია მისი მოთხოვნილება. ამასთან, ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის, რაც უნდა, იქონიოს კიდეც. და ასე, ადამიანი ხდება მომხმარებელი და სახელმწიფოში იგი ხდება ფუნქციონერი. მექანიკურად ასრულებს თავის მოვალეობებს და მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებზე ფიქრობს. ახლა იმაზე, თუ რას ნიშნავს "ვიყოთ" ერიკ ფრომის ფილოსოფიაში. შეიძლება თუ არა, რომ პიროვნება იყოს დამოუკიდებელი, მოაზროვნე; იყოს ადამიანი, რომელიც იგონებს ახალ იდეებს, აკეთებს ახალ საქმეს, ფიქრობს, მსჯელობს? ეს ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ "ვიქონიოთ" - არის უპირველესი და უფრო მნიშვნელოვანი. მისი აზრით, ყველაფერი უნდა ვიქონიოთ იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენი ვნებები, ჩვენი სურვილები. ზოგადად რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე: ვიქონიოთ თუ ვიყოთ, - რა თქმა უნდა, ორივე საჭიროა. ადამიანს ცხოვრებაში სულიერთან ერთად, ცხადია, მატერიალურიც ესაჭიროება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რაც გვაქვს, - არ უნდა გქონდეს მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ხალხისთვისაც, გაჭირვებული ადამიანისთვისაც. თუ ადამიანს გააჩნია ასეთი აზროვნება, მაშინ "ვიქონიოთ" შეიძლება დადებითიც იყოს. უპირველეს ყოვლისა, ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი, კეთილშობილი პიროვნება. დღეს არის ხსენება წმიდისა იოანე ღვთისმეტყველისა. მოციქულთა შორის მხოლოდ მას ეწოდა "ღვთისმეტყველი". იმდენად ღრმა იყო ეს პიროვნება, რომ ყველაზე უკეთესად გამოთქვა არსი უფლისა - "ღმერთი სიყვარული არს". სწორედ ეს არის მთავარი და მამოძრავებელი ძალა, რომელიც გადმოდის ღვთისაგან ადამიანზე. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ უზენაესის ამ ნიჭით - დიდი სიყვარულით არის დაჯილდოებული ქართველი ადამიანი და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ადამიანი არ იქნება მხოლოდ მომხმარებელი, არ იქნება ის, ვინც ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რომ "ვიქონიოთ", არამედ იქნება პიროვნება, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ "ვიყოთ"! ადამიანი უნდა "იყოს", ადამიანი უნდა ქმნიდეს, ადამიანი უნდა ფიქრობდეს და სიკეთეს უნდა სთესავდეს. ღმერთმა დაგლოცოთ! წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვა-კურთხევა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს! ამინ. ჩვენთან არს ღმერთი! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი