პტრიარქის მიერ წარმოთქმული სიტყვები, (ამბიონიდან ქადაგების გარდა) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პტრიარქის მიერ წარმოთქმული სიტყვები, (ამბიონიდან ქადაგების გარდა) |
A.V.M |
Nov 12 2011, 01:19 AM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მოკლედ ამ ფორუმზე უამრავი თემაა,რომელიც გახსნილია პატრიარქის ერთი კონკრეტული განცხადების ან წარმოთქმული სიტყვის შესახებ,რომლებიც მცირე ხანში მივიწყებული ხდება.რის გამოც არის უამრავი თემა და მათგან უმცირესია შედარებით აქტუალური.ამ პრობლემის მოსაგვარებლად ასეთი სიტყვები და განცხადებები ყველა ამ თემაში მოვაქციოთ,სხვა უსარგებლო თემები კი დავხუროთ...
------------------------------------------ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია II-ის სიტყვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 სექტემბერი, 2004 წელი . . . თქვენ აქ, უნივერსიტეტში მოხვედით არა მარტო იმისათვის, რათა ცოდნა მიიღოთ, არამედ უნდა განმტკიცდეს თქვენი ზნეობა. თქვენ უნდა დაინახოთ, თუ რა არის მთავარი. ეს არის ჩვენი სულიერი, კულტურული, ზნეობრივი ფასეულობანი. თქვენი ცხოვრებით სულიერი ჯვარი უნდა შექმნათ. ვერტიკალური ძელი ამ სულიერი ჯვრისა არის სწრაფვა ღვთისაკენ, ჰორიზონტალური კი - სწრაფვა ადამიანებისაკენ. სულიერი ჯვრის გამოსახვა თავისი ცხოვრების წესით - ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანია. + + + წყარო, წიგნიდან: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია II მეცნიერების, განათლების, კულტურის და ხელოვნების შესახებ (1977 - 2004 წ.წ.) თბილისი, გამომცემლობა "გეოკერია" 2004; გვ.209. ------------------------------------------------------- "ერთხელ უწმიდესს ჰკითხეს: თქვენი მიტრა ოქროსიაო? - მან კი მიუგო: ეს ძალიან მძიმეა, ეს ეკლის გვირგვინიაო!" ------------------------------------------------------- "ჯვრის სკოლა შესანიშნავი სკოლაა, სადაც ვიწვრთნებით, ჩვენი შემოქმედის ლოცვა-კურთხევით. ეს სკოლა უგუნურთ გონიერს ხდის, გონიერთ ბრძენად აქცევს, ამაყთ - მორჩილად, უკეთურთ - კეთილად, უძლურთ - ძლიერად. ამ დროს ჩვენ ვემსგავსებით თიხის ჭურჭელს. მეჭურჭლემ იცის, რამდენ ხანს და რა ტემპერატურაზე სჭირდება მას გამოწვა; თუ ცეცხლზე ზედმეტ ხანს გააჩერებს, დასკდება, ხოლო თუ ცოტა ხანს - ნესტიანი დარჩება და გამოსაყენებლად უვარგისი იქნება. მსგავსად ამისა, იცის უფალმა, რა განსაცდელი განუმზადოს თითოეულ ჩვენგანს, რომ სულიერად გამოაწრთოს და ღირსყოს მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის." ----------------------------------------------- ილია II უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს--პატრიარქის ილია II-ის სიტყვა ჟურნალ "მნათობის" პრეზენტაციაზე კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი, 30 ოქტომბერი, 2006 წელი "საკმარისი არ არის, გავაშიშვლოთ ჩვენი ჭრილობები, ჩვენი ნაკლი, მთავარია, ვთქვათ, თუ რა წამალი არსებობს მათ განსაკურნებლად!" ქალბატონებო და ბატონებო! უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, გილოცავთ იმას, რომ ჩვენ ერთად ვართ, ერთად ვზეიმობთ ჟურნალ "მნათობის" გამოცემის განახლებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, და ამიტომ ყოვლად შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ იგი დაიღუპოს. საქართველო აუცილებლად გადარჩება და მას აუცილებლად ექნება ნათელი მომავალი! ჟურნალ "მნათობის" გამოცემა ჩვენი ერის სურვილით განახლდა; ეს ჩვენი ერის სულის მოთხოვნილებაა და ამიტომ არაფერია საკვირველი, რომ მისი გამოცემა მოხერხდა. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჟურნალის რედაქტორს, ბატონ თამაზ ჭილაძეს და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ მან დახმარებისათვის მე მომმართა. ხომ შეიძლებოდა მას სხვებისთვის მიემართა? რა თქმა უნდა, შეეძლო. მწერლობა, ლიტერატურა არ შეიძლება წაიშალოს, არ შეიძლება დაეცეს ჩვენს ქვეყანაში. პოეზია, პროზა _ ჩვენს სულშია, ჩვენს სულიერ სამყაროშია. მახსენდება ერთი შემთხვევა, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის მიერ მიწვეული ვიყავი ეგვიპტეში. ჩავედით, საკმაოდ დიდი დელეგაციით. დავათვალიერეთ ალექსანდრია, ქაირო, მოვილოცეთ სიწმინდეები. თქვენ იცით, ალექსანდრია განთქმული იყო ცნობილი ბიბლიოთეკით და ასევე ალექსანდრიის სკოლით, ახლა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აღარ არსებობს, მაგრამ მაინც იქ იმ ძველი დიდების რაღაც საოცარი სული ტრიალებს; იგრძნობა კლიმენტი ალექსანდრიელისა და სხვა ალექსანდრიელი წმინდა მამების კვალი. შემდეგ ჩვენ წავედით სინას მთაზე. დიდი და ძალიან კომფორტული მანქანა დაგვითმეს. ჩვენთან ერთად ბრძანდებოდა ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი თავისი თანმხლები პირებით, იყვნენ ასევე რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებიც. მანქანაში სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით. საკმაოდ დიდი გზაა ქაიროდან სინას მთამდე. მანქანას გავაჩერებდიღ და გარეთ გამოვიდოდით, მაგრამ 5 წუთიც ვერ ვჩერდებოდით, ისეთი მცხუნვარე მზე იყო. მაშინ ასეთი იდეა დამებადა; შევთავაზე, მოდით, შევეჯიბროთ, ვინ უკეთ იცის თავისი პოეზია და ვის უფრო მდიდარი პოეზია აქვს _ ბერძენ ხალხს, რუსს თუ ქართველებსმეთქი. ჩვენ, ორი პატრიარქი შევთანხმდით, და პირველობა, რა თქმა უნდა, ბერძნებს დავუთმეთ. ერთი მიტროპოლიტი გამოვიდა და ალბათ თხუთმეტიოდე წუთი ილაპარაკა. ცნობილი ავტორების ლექსებს კითხულობდა, შემდეგ რუსებს მოვუსმინეთ. ერთმა რუსმა არაფერი იცოდა თავისი პოეზიიდან; წამოიწყო:, - რამდენიმე სტრიქონი თქვა და დადუმდა, ის ლექსიც არ ახსოვდა ბოლომდე. ჩვენს დელეგაციაში ბრძანდებოდა მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე. მან მთელი "ვეფხისტყაოსანი" და დავით გურამიშვილის პოეზია ზეპირად იცოდა. მისი რიგი რომ მოვიდა, კითხვა დაიწყო, გავიდა ნახევარი საათი, ის კი მაინც არ ჩერდებოდა. ბოლოს მე ვუთხარი, მეუფეო, დაამთავრეთ, თორემ უხერხულია ამათ წინაშე-მეთქი. ამით ის მინდა ვთქვა, რომ ქართველ ერში მშობლიური ლიტერატურის სიყვარული არასოდეს ჩაკვდება! ჩინური ფილოსოფიის მიხედვით ერისა და ადამიანის ცხოვრება ამაღლებისა და დაცემისაგან შედგება. ერთხელ ჩვენთან სტუმრად უცხოელების დელეგაცია, მათ ერთი ჩინელიც ბრძანდებოდა. მას ვკითხე: როგორ შეეძლო რომელსაც გააჩნია ასეთი ბრწყინვალე ფილოსოფია, გაეზიარებინა კომუნისტური იდეები? მან მიპასუხა: ერის ცხოვრება დაცემისა და ამაღლებისაგან შედგება ჩვენ ახლა სწორედ დაცემის პერიოდში ვიმყოფებითო. არც ჩვენ უნდა გვიკვირდეს ის, რომ იყო პერიოდი, როდესაც შეჩერდა ლიტერატურული ჟურნალების გამოცემა. ქართველი ადამიანის გულში არასდროს შეჩერდება ის პროცესები, რომელიც ფესვგამდგარია ჩვენს სულში. მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ზოგადად ქართული ლიტერატურის შესახებ. მართლაც, ლიტერატურამ ეკლესიის წიაღში დაიწყო აღმავლობა. თქვენ კარგად იცნობთ კორნელი კეკელიძის "ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიას". მართლაც, საოცარი შრომა გასწია ამ ადამიანმა. იგი იძულებული გახადეს, გაეხადა ანაფორა და შეეწყვიტა ღვთისმსახურება, გააძევეს სიონის ტაძრიდან, მაგრამ ის შინაგანად ეკლესიის წიაღში დარჩა. რა იქნებოდა, რომ არ გვქონოდა ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა? ვერ აღორძინდებოდა ის საერო ლიტერატურა, რომელსაც ასე ვეთაყვანებით და რომლითაც ასე ვამაყობთ! ვერც დამკვიდრედებოდა იგი ასე ქართველი ადამიანის გულში. მინდა ვთქვა, რომ ქართული ლიტერატურა იყო, არის და იქნება წინამძღოლი, მაგრამ, ამავე დროს, ის უნდა იყოს წინასწარმეტყველი! საკმარისი არ არის, გავაშიშვლოთ ჩვენი ჭრილობები, ჩვენი ნაკლი, მთავარია, ვთქვათ, თუ რა წამალი არსებობს მათ განსაკურნებლად! ღმერთმა დაგლოცოთ! ჩვენთან არს ღმერთი! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 12 2011, 02:29 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის სიტყვა წარმოთქმული საერთაშორისო კონფერენციაზე "მეცნიერება და რელიგია"
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 23 მაისი, 2005 წელი ქალბატონებო და ბატონებო, ყველას მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მეტად მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც ეკლესიის, ასევე მეცნიერებისათვის. რწმენასა და მეცნიერებას შორის ურთიერთდა მოკიდებულება უძველესი თემაა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ ჳ-ჳჳ საუკუნეებში განიხილებოდა საკითხი, თუ რა ურთიერთდამოკიდებულებაშია ცოდნა და რწმენა. ამ თემას ეხებოდა ისეთი დიდი მეცნიერი, როგორიც იყო კლიმენტი ალექსანდრიელი. იგი ამბობს, რომ ცოდნაში უკვე აუცილებლად არის რწმენა და, პირიქით, რწმენაში არის ცოდნა და რომ პირველადი მაინც რწმენაა: ამასთან, მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, მორწმუნე და მცოდნე კი _ მეგობარი ღვთისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თეზისია. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში მუდამ იყო ტრადიცია რწმენასა და ცოდნას შორის სიახლოვისა. ამიტომაც ქვეყანაში ყოველი მონასტერი არა მარტო სულიერი მოღვაწეობის სავანე იყო, არამედ დიდი მეცნიერული ცენტრიც. ზოგჯერ ამბობენ, თითქოს რწმენა და ცოდნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მიგვაჩნია, რომ ეს არასწორი შეხედულებაა, ვინაიდან ეს ორი სფერო განიხილავს ორ სხვა და სხვა საკითხს _ სულს, სულიერ სამყაროს და ფიზიკურს, მატერიალურს, რომლებიც, თავისთავად, ურთიერთკავშირში არიან. მინდა შეგახსენოთ ბიბლიიდან ადგილი, შესაქმის მესამე დღე: `და თქვა უფალმან: აღმოაცენოს მიწამ მცენარეულობა...~ ე.ი. უფალი აძლევს ძალას მიწას, მატერიას, ქმნადობას. ხჳხ საუკუნეში მოღვაწეობდა ცნობილი მეცნიერი, ასტრონომი კამილ ფლამარიონი, რომელიც ძალიან ხშირად ეხება სულისა და მატერიის ურთიერთკავშირს. მას აქვს შესანიშნავი წიგნი _ `ღმერთი ბუნებაში~, სადაც სხვა საკითხებს შორის ეხება თემას _ ძალა და მატერია, ანუ ძალა ხელმძღვანელობს მატერიას თუ მატერიას გააჩნია ძალა. შუასაუკუნეების ლიბერალიზმმა ჩვენი ხალხი ათეიზმამდე მიიყვანა. ჩვენ უკვე გავაცნობიერეთ, თუ რას ნიშნავს ათეიზმი, ურწმუნოება. კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით და მინდა გითხრათ, რომ ის თემატიკა, რომელიც ამ კონფერენციაზეა მოყვანილი და ის მოხსენებები, რომლებიც იქნება წაკითხული, მეტად საჭიროა ჩვენი ახალგაზრდობისათვის. დღეს, როცა მოწმენი ვართ გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესისა, რაც მიმაჩნია, რომ თითქმის გარდაუვალია და აუცილებლად იქნება, უნდა გვქონდეს იმდენი სულიერი ძალა, რომ გავარჩიოთ, სად არის ჭეშმარიტება და სად არა, რა არის მისაღები და რა _ არა. უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ დავიცვათ ჩვენი სულიერი და ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ საერთაშორისო კონფერენციაში და ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი