IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პატრიარქის ეპისტოლეები
G_I_O_R_G_I_
პოსტი Apr 8 2007, 05:58 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე



„ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“
(აღდგომის საგალობელი)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო,
ზეციური სიხარულით აღვსილი გულითადად გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

ჰოი, დიდებულო პასექო ქრისტესო, მომნიჭებელო სიხარულისაო, განმაახლებელო სულისა, გულისა და გონებისა ჩვენისაო, დაადგერ ჩუენთანა, რათა გიცნათ შენ, უფალო, ვითარცა ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

მაშ, განვიწმიდოთ ბოროტებისაგან და მივეახლოთ დაუღამებელ ნათელს, „რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ და გვყოფს მეცნიერად კეთილისა და ბოროტისა.

უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, გუშინ ვგლოვობდით ვნებასა და ჯვარცმასა შენსა, დღეს კი - ვზეიმობთ სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველსა აღდგომასა შენსა;

ჰოი, ბოროტებავ, უძლურია ძალა შენი წინაშე ღვთისა!

ადამის მოდგმავ, დაცემულო, მაგრამ უფლის მადლით წარწყმედისაგან ხსნილო, გიხაროდენ,

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

„სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი! აღდგა ქრისტე და დაირღუ შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღდგა ქრისტე და ცხორებაი მოქალაქობს; აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა; აღდგა ქრისტე მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა“ (წმიდა იოანე ოქროპირი).

დაე, აღდგომილი მაცხოვრის მაცხოვნებელი მადლი მოეფინოს სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს!

როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ღმერთმა ადამიანი შექმნა „ხატად და მსგავსად თვისსა“ და მას, სხვა მრავალ ნიჭთან ერთად, თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება - თავისუფლებაც უბოძა, ანუ შესაძლებლობა არჩევანისა - იყოს ღმერთთან, ან იცხოვროს მის გარეშე. არჩევნის შესაძლებლობა ანგელოზთა ცხრავე დასსაც ჰქონდა მინიჭებული.

უფლის ერთ-ერთმა უპირველესმა ანგელოზმა, თავის მიმყოლ დასსთან ერთად, ამპარტავნების ცოდვის გამო ღვთის გარეშე არსებობა მოინდომეს, რამაც მათი დიდი დაცემა და ბუნების სრული სახეცვლილება გამოიწვია, - უფლისაგან ბოძებული აბსოლუტურად ყველა სათნოება მათ თავისი ნებით დაკარგეს და იქცნენ ღვთისმბრძოლ არსებებად, რითაც საშინელი მარადიული ხვედრი განუწესეს საკუთარ თავს.

არსობრივად იგივე შეცდომა დაუშვეს პირველქმნილმა ადამმა და ევამაც. მათაც ამპარტავნების ცოდვის გამო განიზრახეს ღვთის მსგავსნი გამხდარიყვნენ და მიუხედავად უფლის გაფრთხილებისა, მაინც შეჭამეს აკრძალული ხის ნაყოფი, რასაც მოყვა მათი გულის, სულისა და გონების შინაგანი ერთობის სრული დარღვევა, სიწმინდის შებღალვა და ღმერთთან კავშირის გაწყვეტა.

მაგრამ ადამის მოდგმას, დაცემულ ანგელოზთაგან განსხვავებით, მიეცა შესაძლებლობა სულის ხორცში ყოფნის გამო (ამქვეყნად ხორციელად მყოფობის ჟამს), გამოესყიდა დანაშაული და მაცხოვრის მსხვერპლშეწირული სიყვარულის მადლით, გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ცოდვათაგან გათავისუფლებული კვლავ ძველ დიდებას დაუბრუნებოდა.

აი, ამისი საშუალება მისცა ძე ღვთისამ და ძე კაცისამ ადამის მოდგმას თავისი ჯვარცმით და მკვდრეთით აღდგომით.

დღეს ჩვენ სწორედ ამას ვზეიმობთ. და რაკი იესო ქრისტე მთელი კაცობრიობისათვის ეწამა, აღდგომის დღესასწაული ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელი ზეიმია, იგია ღმერთთან შერიგებისა და თითოეული ჩვენგანისათვის სასუფევლის დამკვიდრების შესაძლებლობის დადასტურება.

და რა შეიძლება იყოს კაცთათვის ამაზე მნიშვნელოვანი და სანატრელი?!

მაგრამ როგორც ედემში, აქ, ამ წუთისოფელშიც, ადამიანს მიცემული აქვს თავისუფალი ნება და თითოეულმა ჩვენგანმა პირადად უნდა აირჩიოს, - სურს მარადიული ნეტარების მოპოვება, თუ ცოდვის მონობა, რომლის შედეგიც მარადიული სატანჯველია.

ადამიანი ყოველ წუთს, ყოველ წამს დგას არჩევანის წინაშე - გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, თავის დაცემულ ბუნებაზე, თუ კიდევ უფრო დაიმძიმოს მდგომარეობა და წარწყმედისაკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს.

უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ცოდვის სხვა და სხვა სახე: ზოგი შედარებით მსუბუქია, ზოგი კი - იმდენად მძიმე, რომ სულიერ სიკვდილს იწვევს. ყველაზე საშინელი კი - სულიწმინდის გმობაა.

ზოგჯერ ადამიანი გულს იმშვიდებს, მცირე დანაშაული მაქვს და ღმერთი მაპატიებსო, მაგრამ თუნდაც მსუბუქი რომ იყოს ჩვენი ცოდვები, თუკი ისინი მრავლად გვაქვს, საგრძნობლად დააზიანებს ჩვენს შინაგან სამყაროს. ერთი მუჭა სილა წონით უმნიშვნელოა, მაგრამ სილით სავსე ტომარა - სატარებლად მძიმე.

ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იკეთებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური, მრისხანება, განხეთქილება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება“ და სხვა მისთანათა მოქმედნი სასუფეველს ღვთისას ვერ დაიმკვიდრებენ (გალ. 5. 20-21).

არიან ორმაგი სტანდატრებით მცხოვრები პიროვნებებიც, რომლებიც უშუალოდ თვითონ მომაკვდინებელ ცოდვებს ერიდებიან, მაგრამ უზნეო გზით ან სხვათა ტანჯვა-წამების ხარჯზე მოპოვებული შემოსავლით ცხოვრობენ, რითაც უდიდეს სასჯელს უმზადებენ საკუთარ თავს.

სულიწმინდის გმობის ცოდვაში იმყოფებიან უღმერთონი - ათეისტები და თვითმკვლელნი (შეურაცხადთა გარდა), ღმერთის შესახებ მწვალებლური სწავლების დამნერგველნი და საერთოდ, ის ადამიანები, რომელნიც ნებისმიერი ცოდვის, მითუმეტეს მომაკვდინებელი დანაშაულის, ცხოვრების წესად დამკვიდრების მოთავენი ან ხელშემწყობნი არიან.

ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ ანტიქრისტეს სწავლებას ავრცელებენ, რაც მათ ღვთისმგმობ და სულიწმინდის მოწინააღმდეგე ძალად აქცევს: „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ მათ“ (მათე 12,31). „და ვინც აცდუნებს ერთ მცირედთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ კისერზე და ზღვის უფსკრულში დანთქან“ (მათე 18,6).

ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იგი შეიძლება ზეცამდეც ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ გამოსწორების იმედი არ უნდა დაკარგოს. უფლის შეწევნით. ამის გარანტი კი არის ის, რომ ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, იქცევა თუ არა სწორად.

რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ბრძანებს, რომ წარმართებსაც კი „რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ და ხან ამართლებენ ერთიმეორეს“ (რომ. 2,15)

სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი.

რა არის ამქვეყნად ჩვენი მთავარი დანიშნულება?

მორწმუნეთა პასუხი ასეთია: ადამიანის ნებისა და ღვთის ნების თანხვედრა, მათი შერწყმა, ანუ სინერგია, რათა პიროვნება ღვთის ნების აღმსრულებელი გახდეს და მაცხოვართან თანაზიარებით სულიერად გადარჩეს. ამისი შესაძლებლობა ყველას აქვს. ხელისუფალს და მეცნიერს, მიწის მუშაკს და დამლაგებელს, ექიმსა თუ წარმოების ხელმძღვანელს, ჯარისკაცს, მოსწავლეს და სტუდენტს, მდიდარს და ღარიბს, მოხუცსა და ახალგაზრდას, მთავარია მან შეიცნოს ჭეშმარიტება და თავისი სულიერი და ფიზიკური შრომით სათნო ეყოს უფალს.

ასევე ყველასა აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აქვე, ამქვეყნად, მოიპოვოს ისეთი სიწმინდე, რომ განიღმრთოს და მასზეც განცხადდეს მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს“ (ლუკა 17,21).

სხვებისათვის კი სიცოცხლის მთავარი აზრი მიწიერი ცხოვრებიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაშია, რადგან არა სწამთ სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისა, არა სწამთ ღვთისა და ბუნებრივიცაა, რომ ასეთი აზროვნების გამო თავისი მოთხოვნილებებისა და ინსტიქტების დაკმაყოფილების ერთგვარი მორალური უფლება ეძლევათ; და ეკარგებათ განცდა მეგობრობის, ერთგულების, თავდადების, მოწყალების, თვით სამშობლოს სიყვარულისაც... ასეთი ადამიანისათვის არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ამაღლებული გრძნობა და ღირსება, რადგან მისთვის ყველაფერი წარმავალია, ყველაფერს „ეგოს“ და „მეს“ პრინციპი საზღვრავს და ცდილობს თავისი მიწიერი მოთხოვნილებების შესაძლებლობისამებრ დაკმაყოფილებას, თვლის რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება.

ჩვენს საზოგადოებაში ასეთი აზროვნების დამკვიდრებას ხელი შეუწყო 70 წლიანმა ათეისტურმა რეჟიმმა, თუმცა ქართველი ადამიანი ბუნებით საოცრად ღვთისმოსავია და ამიტომაც მოხდა მოკლე დროში სარწმუნოებისაკენ ერის შემობრუნება, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს დაემთხვა. ეს პროცესი კი მრავალ განსაცდელთან იყო დაკავშირებული. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს I პრეზიდენტი გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ მიწას. ჩვენ ამჟამადაც გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით. ახლა ყალიბდება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების ღირებულებათა სისტემაა. კომუნისტური რეჟიმის დროს არ არსებობდა დამოუკიდებელი საზოგადოება და იგი პარტიული იდეოლოგიით იმართებოდა, ხოლო დემოკრატიული მმართველობისას თვითონ საზოგადოების და პიროვნების პრინციპებსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული, როგორ გარემოში მოუწევთ მათ ცხოვრება.

ასე რომ, არჩევანი კვლავ ჩვენი გასაკეთებელია.

პიროვნების მსგავსად, ამა თუ იმ ერისა და კულტურების ხვედრსაც მათი არჩევანი განაპირობებს და ამაში ყველა თანასწორი და თანაბარუფლებიანია.

ქართველი ერი, უძველესი ქართული ენა სათავეს პრეისტორიული ხანიდან იღებს.

ის, რომ ჩვენ დღემდე მოვაღწიეთ ჩვენი ცხოვრების წესითა და ტრადიციებით, ჩვენი წინაპრების ღვთისსათნო არჩევანის შედეგია;

მოციქულთა მიერ ნაქადაგები ქრისტიანობის აღიარებამ სხვა და სხვა ქართველური ტომები ერთი რწმენით, ერთი ენით, ერთი კულტურით ერთიან ქართველ ერად შეადუღაბა და უნიკალური, თვითმყოფადი და მრავალფეროვანი ქართული ცივილიზაცია შექმნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ზოგადქრისტიანული კულტურის განვითარებაში;

საზღვარგარეთ ქართველებმა ადრეული საუკუნეებიდანვე განამრავლეს კულტურულ-საგანმანათლებლო კერები. უკვე V საუკუნიდან იერუსალიმში არსებობს პეტრე იბერისა და მისი მასწავლებლის, იოანე ლაზის მიერ შექმნილი სამონასტრო სავანე, რომელიც ჯვრის მონასტრის სახელით არის ცნობილი. გარდა ამისა, ქართველები წმიდა მიწაზე 40-ზე მეტ ტაძარს ფლობდნენ; ჩვენ მონასტრები გვქონდა კონსტანტინოპოლში, ეგვიპტეში, კვიპროსზე, საბერძნეთში, ბულგარეთში..... რაც მაშინდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან აქტიური ურთიერთობის საშუალებას გვაძლევდა და ეროვნული კულტურის ჩამოყალიბებაშიც გვეხმარებოდა.

უნდა ითქვას, რომ წელს ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს, - მცხეთის ჯვრის მონასტერს, 1400 წელი უსრულდება და ეს თარიღი იუნესკოს მიერაც აღინიშნება. მისი სრული ანალოგიითაა აშენებული მარტვილის VII საუკუნის ეკლესია, რომელიც დღესაც ჭყონდიდელ ეპისკოპოსთა საკათედრო ტაძარია. იგი უმნიშვნელოვანეს სულიერ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე.

ათასწლეულების მანძილზე ჩვენი ერი მტერთან გამუდმებულ ომებში მხოლოდ ღვთის იმედით იყო, რადგან არც სხვათა მსგავსად გვყავდა სადმე თანამოძმე ან მუდმივი სტრატეგიული მოკავშირე და არც მრავალრიცხოვანი და ეკონომიურად შეძლებული დიასპორა გვიმაგრებდა ოდესმე ზურგს.

მიუხედავად ამისა, XIX ს-მდე სუვერენული სახელმწიფოებრივი მმართველობა და ეკლესიის ავტოკეფალია შევინარჩუნეთ და რუსეთის იმპერიის მიერ 106 წლის მანძილზე უკანონოდ გაუქმებული ეკლესიის დამოუკიდებლობა საერო და სასულიერო პირების ძალისხმევით 90 წლის წინ აღვიდგინეთ, რამაც დიდი სტიმული მისცა ქართველ ერს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

საერთოდ, ქართული სამყარო მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ განაპირობა და დაიცვა. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. იგია ჩვენი ცნობიერებისა და ცხოვრების წესის საფუძველი და სავსებით ლოგიკურია, რომ დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ატრიბუტიკაში ქრისტიანული სიმბოლიკა დომინირებს: ხუთი ჯვარი მაცხოვრის ხუთ სამსჭვალზე მიუთითებს. ქვეყნის უმაღლესი სამართლებრივი დოკუმენტი - კონსტიტუცია კი მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებულ იურიდიულ და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ სტატუსს ანიჭებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს და მისი ხალხის ნების გამოხატულებაა.

„არა გეცრუვნეთ შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო“, - ასეთი იყო დავით აღმაშენებლის საქართველოს სულისკვეთება; სულისკვეთება იმ მეფისა, რომელმაც ღმერთის დახმარებით შეძლო ჩვენი სამშობლო ექცია ყველა დროის ქართველისათვის საოცნებო სახელმწიფოდ. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ დავითის საქართველოში მშვიდობიანად ეცხოვრათ მუსულმანებს, ებრაელებს, სომხებს და სხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს.

შემწყნარებლობა დღესაც ჩვენი უმთავრესი თვისებაა, - ესაა ჩვენი არჩევანი.

სწორედ ჩვენი რაინდული და ტოლერანტული ბუნების გამო იყო, რომ მიუხედავად დაპირისპირებისა და ომებისა, ქართველები ყოველთვის დიდი პატივით სარგებლობდნენ არაბების, სპარსელების, მონღოლების, ოსმალების. . . პოლიტიკურ წრეებში. იგივე იყო მიზეზი იმისაც, რომ წმიდა მიწაზე მუსულმანთა გაბატონების შემდეგ, XIII-XIV საუკუნეებში, იერუსალიმის მაჰმადიანი მმართველები ქრისტიანთაგან მხოლოდ ქართველებს აძლევდნენ უფლებას, გაშლილი დროშებით ცხენზე ამხედრებულნი ბაჟის გადაუხდელად შესულიყვნენ წმიდა ქალაქში და მაცხოვრის საფლავის კლიტეთა მფლობელნიც ქართველები ყოფილიყვნენ. ჩვენ ეს პატივი ომით არ მოგვიპოვებია. იგი იყო ქართული დიპლომატიის შედეგი, რასაც საეკლესიო ურთიერთობებიც განაპირობებდა.

სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესია დღესაც ცდილობს შეასრულოს ე.წ. „სახალხო დიპლომატის“ მისია და იყოს მშვიდობის დესპანი იმ რთულ სიტუაციებში, რომელშიც საქართველოს თანამედროვე პირობებში უწევს ყოფნა.

ამით იყო განპირობებული ჩვენი ჩასვლა მოსკოვში. ეს არის მიზეზი არაბულ ქვეყნებში ჩვენი მომავალი ვიზიტისაც. რელიგიურ ლიდერებთან ღია და გულთბილი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობაშიც ანალოგიურ დამოკიდებულებას იწვევს და მათში საქართველოსადმი კეთილგანაწყობა ჩნდება.

ყველასთვის მიუღებელია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა გადაიზარდოს ხალხებს შორის მტრობაში, განსაკუთრებით კი რელიგიურ დაპირისპირებაში, რადგან იგი პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან შედარებით ძნელად გამოსასწორებელია და ჩვენ ვცდილობთ ეს თავიდან ავიცილოთ.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს რომ არ ჩამოვრჩეთ, საჭიროა ინფორმაციის ფლობა და ანალიტიკური აზროვნება, მითუმეტეს, დიდი სახელმწიფოების დაინტერესების სფეროში მყოფი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.

ამიტომაც ანალიტიკური აზროვნებისთვის საჭიროა ბავშვობიდანვე ისწავლებოდეს. ამ საგნის შემოღება დიდად დაეხმარება ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ადვილად დაეუფლონ თავის მომავალ სპეციალობას.

რაკი ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება. კარგი იქნება, თუ საბავშვო ბაღებში ბატონ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაზე დაყრდნობით პატარებს გავუღვივებთ როგორც ერთმანეთის, ისე საერთოდ, ადამიანის თანადგომის სურვილს, პატიების უნარს, უფროსის პატივისცემას, მამულის სიყვარულს. ეს დამოკიდებულება გაჰყვება მათ სკოლაშიც და მთელ ცხოვრებაშიც.

სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოლოგი, რომელიც პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად დააკვირდება მოსწავლეს და დაეხმარება ღვთისაგან ბოძებული ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში.

აღზრდის საქმეში მასწავლებელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ შეიძლება სკოლაში შემთხვევითი ადამიანები მუშაობდნენ. სამწუხაროდ, ამას ჩვენთან არ ექცევა სათანადო ყურადღება, რის გამოც ყველაზე მეტად მომავალი თაობა ზიანდება. მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს და მშობელივით უნდა მოექცეს მათ. ამასთან, თვითონაც უნდა შეაყვაროს მათ თავისი თავიც და თავისი საგანიც. ამასთან, აუცილებელია, რომ იგი არ შემოიფარგლოს მხოლოდ საგნის სწავლებით და ცხოვრებისთვისაც მოამზადოს ისინი. ამ მიზნით მოსწავლეებთან უნდა ჩაატაროს კლასგარეშე შეხვედრები და საუბრები მათ მომავალზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ახალგაზრდებს ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეთ. ასწავლოს ავისა და კარგის გარჩევა, ასწავლიდეს სწრაფი რეაგირების კულტურას.

მიმაჩნია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი საშუალო და უმაღლესი სკოლების პედაგოგებს უნდა ქონდეთ, რადგან ისინი აყალიბებენ ქვეყნისა და ერის მომავალს და არ არსებობს ამაზე მეტად საპასუხისმგებლო სხვა პროფესია. ეს საქმიანობა უნდა იყოს პრესტიჟული და ეს წოდებაც დიდი შრომის ფასად უნდა მიენიჭოთ ამა თუ იმ ადამიანს.

თუ ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, გავზრდით მოაზროვნე, გონიერ, ანალიტიკური უნარის მქონე თაობას, რაც დაეხმარება მათ ზნეობრივად ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბებაშიც, რადგან ადამიანი, შეგნებულად თუ არ ემსახურება ბოროტებას, ადრე თუ გვიან აუცილებლად გააცნობიერებს, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ გამოცდაა და მომზადებაა მარადიულობისათვის და უარს აღარ იტყვის ყველაზე ძვირფასზე - უფლის სიყვარულზე.

როგორი იქნება თქვენი არჩევანი?

ტექნოლოგიური პროცესების განვითარებამ ადამიანის ცნობიერებისა და ცხოვრების წესის განსაზღვრის ყველაზე მძლავრ ბერკეტად მასმედია აქცია; ამიტომაც, აუცილებელია, რომ მანაც იტვირთოს აღმზრდელობითი ფუნქცია.

ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მასმედია ზრუნავს, რომ სახელმწიფო და კერძო არხებით (სპეციალიზებული მაუწყებლობის გარდა) საზოგადოებას მიაწოდოს ზნეობრივი და, საერთოდ, დადებითი ღირებულებების მქონე ტელეპროდუქცია და ფილმები, რასაც ჩვენთან, სამწუხაროდ, ნაკლები ყურადღება ექცევა.

ამასთან, ჩვენი ტელესივრცე ძირითადად დატვირთულია პოლიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით. საზოგადოებას კი ასევე სურს უყუროს ისტორიულ, სამეცნიერი, შემეცნებით, კულტურულ და ახალგაზრდულ გადაცემებს. ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც მხარი დავუჭირეთ დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობა „ივერია“-ს შექმნას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის პატრონაჟით საცდელი გადაცემებით უკვე გადის ეთერში. იგი უნდა იქცეს ოჯახის ტელევიზიად, რომელიც ყველა თაობისთვის მისაღები იქნება და ყველა ფენის ინტერესებს შეძლებისამებრ დააკმაყოფილებს. ამასთან, მან მოსახლეობაში და, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობაში, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. მისი განვითარება და წარმატება ჩვენი საზოგადოების თანადგომაზეა დამოკიდებული.

ყოველი ადამიანის სულიერი წინსვლა და წარმატება დიდად განაპირობებს მთელი ქვეყნის აღორძინებასა და კეთილდღეობას. ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით, გულმოდგინე შრომით მრავალი სასიკეთო საქმის კეთება შეიძლება. თითოეულ ჩვენგანს სხვა და სხვა ნიჭი აქვს ბოძებული უფლისაგან და იგი ღვთისა და ქვეყნის სამსახურად უნდა გამოვიყენოთ.

ხარობს დღეს წმიდა ეკლესია და უგალობს მკვდრეთით აღდგომილ ჩვენ მაცხოვარს, რომელმაც სიკვდილით სიკვდილი დასთრგუნა და მოგვანიჭა აღდგომის სიხარული.

„აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას და ურთიერთარს შევიტკბობდეთ“ (აღდგომის საგალობელი).

უფალო ძლიერო, სახიერო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელსა არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ ყოველთაგან მოელი სინანულსა და კაცთათვის განგიმზადებიეს სასუფეველი ცათა, ისმინე ლოცვისა ჩვენისა: გევედრები მეუფეო, შეუნდე უსჯულოებაჲ ერსა ჩვენსა შეცოდებულსა, რათა მადლითა შენითა შევუდგეთ მცნებათა შენთა აღსრულებასა; განამტკიცე სარწმუნოება გულთა შინა ჩვენთა, აღგვავსე სიყვარულითა და იმედითა შენითა;

ჰე, უფალო, განმრავლდა და განძლიერდა განსაცდელი სოფლისა ამის და დაუძლურდა გონება ჩვენი; მოგვხედე და განგვამტკიცე ძალითა შენითა.

ძმანო და დანო ჩვენო, მკვიდრნო ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლის მამულისანო, ეძიებდეთ სიმართლეს, შეიყვარეთ უფალი „ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა“ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა აღასრულოთ ნება მისი.

ძმანო და დანო აფხაზნო, ოსნო, ჩვენო ხორცნო და სისხლნო! არ გვძლიოს მტრობამ და სიძულვილმა. ჩვენ მუდამ გვაახლოებდა ურთიერთთანადგომა და სიყვარული. ილოცეთ და განძლიერდით. ჩვენი ძლიერება კი ჩვენს ერთობაშია. მწამს, ურთიერთნდობას და პატივისცემას კვლავ მოვიპოვებთ და სხვა ერის წარმომადგენლებთან ერთად ბედნიერნი ვიქნებით მშვიდობიან და განუყოფელ საქართველოში!

„განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაი და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისაი, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა ესერა, მწუხრი განისვენა ტირილმან და ცისკარსა ამას მოიწია სიხარული აღდგომისაი“ (მელენტი ეპისკოპოსი, სააღდგომო ჰომილია).

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა !
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი


როგორც ბოლოს პატრიარქმა დაამატა იფიქრეთ ამ საკითხებზეო და სიხარულისას ნუ მიეცემით განცხრომასო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Nov 12 2011, 01:32 PM
პოსტი #42


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სააღდგომო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ილია II

“ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”
(რუსთაველი)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!
ეს სიტყვები პირველად ანგელოზმა ახარა კვირას, გამთენიისას, საფლავთან მისულ მენელსაცხებლე დედებს;
ქრისტე აღდგა!
სიხარულით გაოგნებულმა დედებმა ამცნეს მოციქულებს;
ქრისტე აღდგა!
ეს სასწაული სასწაულთ შორის მოჰფინეს მოციქულებმა მთელ მსოფლიოს;
და ჩვენც, არა მიწიერი სიხარულით აღვსილნი, ყველას გასაგონად ვხმობთ:
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

- მაგრამ რა არის მიზეზი ჩვენი ზეიმისა?
- ის, რომ სიკვდილი განქარდა და ბჭენი ჯოჯოხეთისა შეიმუსრა; რომ დამთავრდა გარდაცვლილთა მარადიული სიკვდილის ტყვეობაში ყოფნა და ქრისტეს ყველა ჭეშმარიტ მადიდებელს ცხონების შესაძლებლობა მიეცა.
ამიტომაც ამიერიდან აღარ გვეშინია სიკვდილისა, ვიცით რა, რომ მოვალს ჟამი, როდესაც სხვა მართლმორწმუნე მიცვალებულთა მსგავსად ჩვენც აღვდგებით საფლავიდან, რათა აღარასოდეს მოვკვდეთ.
მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდარნი? - პავლე მოციქული მას ასე პასუხობს: “განა არ იცი უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს თუკი არ მოკვდა? ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში, ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში, ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი (1 გალატ. 15, 35-36, 42-44).
ასე რომ, აღდგომის დღესასწაული ნათელი დადასტურებაა მომავალში ჩვენი მკვდრეთით აღდგომისაც და განღმრთობისაც.
უნდა ვიცოდეთ, რომ მართალთა სულების სავანეს ეწოდება ზეციური ანუ მოზეიმე ეკლესია, ხოლო დედამიწაზე არსებულ მართლმადიდებელ მორწმუნეთა კრებულს - მებრძოლი ეკლესია.
მოზეიმე და მებრძოლი ეკლესია, ეს არის ორი ნაწილი ქრისტეს ერთიანი სხეულისა, რომელიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ამასთან, მისი ღვთაებრივი მადლით არის მოცული და გაერთიანებული.
გარდაცვლილთა სულებთან ჩვენ ლოცვითი ურთიერთობა გვაქვს; ასევე მართალთა სულნიც უფლის წინაშე აგრძელებენ მოღვაწეობას და მიწიერი მებრძოლი ეკლესიის და მისი წევრების შემწენი და ღვთის წინაშე მეოხნი არიან.
ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლომდგომი და მთელი კაცობრიობისათვის ყველაზე დიდი შუამდგომელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია; ბედნიერია ჩვენი ერი, რომ საქართველო მისი განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება.
სასუფეველი ღვთისა იიძულების, - გვასწავლის მაცხოვარი; ამიტომაცაა, რომ ადამიანის სურვილს და მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს; ასე იყო ეს ყოველთვის.
გავიხსენოთ, ორმოცი წელი დასჭირდა ებრაელ ერს აღთქმულ ქვეყანამდე მისვლისათვის, თუმცა მათ ღმერთთან მოლაპარაკე მოსე და სიწმინდით შემოსილი აარონი წინამძღვრობდნენ.
დიახ, შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერც უფლის მიერ ბოძებულ მიწაზე დაემკვიდრა ძველი აღთქმის ისრაელი და ვერც სასუფეველს მოიპოვებს ახალი აღთქმის ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი.
ჩვენ ვამბობთ: ჩვენთან არს ღმერთი და ეს ჭეშმარიტად ასეა, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენც ვიყოთ ღმერთთან, საჭიროა სწორად ცხოვრება.
ჩვენ ვამბობთ: ივერია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია, მაგრამ ეს წილხვდომილობა რომ ჩვენს დროშიც გამოვლინდეს, საჭიროა შესაბამისი სულიერი ნაბიჯების გადადგმა.
ებრაელებიც ამაყობდნენ და მაცხოვრის წინაშეც იქადოდნენ, რომ აბრაამის შთამომავალნი იყვნენ. იესო ქრისტემ კი უპასუხა, რომ აბრაამის და წინასწარმეტყველთა შვილობა მათი საქმეების აღსრულებაში, ანუ სწორად ცხოვრებაში მდგომარეობს და არა მხოლოდ გენეტიკურ ნათესაობაში, რადგან ამ წინასწარმეტყველთა მკვლელებიც აბრაამის შთამომავალნი იყვნენ.

როგორ უნდა მივხვდეთ, სწორად ვცხოვრობთ თუ არა?
ადამიანს უნდა ქონდეს რეალური შეგრძნება იმისა, რომ ის არის მართალი სამშობლოს, მოყვასისა და თვით თავისი მტრების წინაშეც;

რაც შეეხება ღმერთთან დამოკიდებულებას, უფალთან მიმართებაში მართალი საერთოდ არავინაა, რადგან ცოდვისგან თავისუფალნი არც წმინდანებია;
ესა თუ ის პიროვნება ოდენ ჭეშმარიტი სინანულითა და ღვთის მოწყალებით განმართლდება. დიახ, მხოლოდ გულწრფელი სინანულითა და აღსარებით შევძლებთ, აღვხოცოთ ჩვენი შეცოდებანი და მივაღწიოთ იმ მდგომარეობას, რომლის შესახებაც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: “ნეტარ არს რომელსა არა შეერაცხა ცოდვები” (ფს).
უფალთან ჩვენი დამოკიდებულება, მართალია, ინდივიდუალურია, მაგრამ საზოგადოებისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა და კვლავაც აქვს ხელისუფალთა რწმენას ან ურწმუნოებას.
ამის მაგალითად ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი რთული მონაკვეთი მინდა შეგახსენოთ, კერძოდ, XVII საუკუნე, როცა ერთმანეთის ახლო ნათესავი ორი ქართველი მეფე, - როსტომ ხანი და თეიმურაზ I, - მოღვაწეობდნენ.
როსტომმა ქრისტიანობა უარჰყო; თავის გარშემოც ასეთნი შემოიკრიბა და უზნეოდ მცხოვრებს სურდა, ხალხიც მასავით გადაგვარებულიყო. მის დროს “გამრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და დედათა თანა-აღრევა...” ამასთან, ვინც ასე იქცეოდა, მეფისგან დაფასებული იყო, ხოლო სიმართლისმომქმედნი, ცოდვისმოძულენი და წრფელნი გულითა, იჩაგრებოდნენ (ქართლის ცხოვრება).
როსტომ ხანის 26 წლიანმა ბატონობამ ქვეყანა სულიერი დაღუპვის პირამდე მიიყვანა, მაგრამ ერმა დაძლია ეს განსაცდელი. ამისი ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი ისიც იყო, რომ ამავე პერიოდში მეფობდა თეიმურაზ I, რომელმაც საოცარი ცხოვრება განვლო.
ღვთისა და ქვეყნის ერთგულებისთვის მას შაჰ-აბასმა წამებით მოუკლა დედა, - დიდმოწამე ქეთევან დედოფალი, ორი მცირეწლოვანი ყმაწვილი და ქალიშვილი, ხოლო მესამე ვაჟი, დავითი, სამშობლოსთვის ომს შეეწირა.
მტერთაგან შევიწროვებულ თეიმურაზს რამდენჯერმე მოუწია თავისი სამეფოს დატოვება, მაგრამ მარცხს არასოდეს ურიგდებოდა; პირველივე შესაძლებლობისამებრ ბრუნდებოდა და განახლებული ძალით განაგრძობდა სიტყვით და საქმით ქვეყნის მსახურებას.
ჭარმაგი მეფე 71 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა. რჯულის მტკიცე დამცველს ბოლო გამოცდის ჩაბარება სპარსეთში მოუწია, სადაც ქრისტეს აღმსარებლობისათვის შეიპყრეს და ციხეში დაატყვევეს. აქ იგი მალევე გარდაიცვალა.
რწმენისა და მამულისადმი ერთგულებით, ვაჟკაცობითა და სიმტკიცით იგი ღვთისთვის და ეროვნული მეობისათვის გაუტეხელი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ამ თვისებების გამო მას სანიმუშო მაგალითად მიიჩნევდა არა მარტო მისი ერთგული ხალხი, არამედ შინაური თუ გარეშე მტერიც. “თათრებსაც ბევრსა ერწმუნა, მივლენ უნთებენ სანთელსა. . . მისებრი სახელოვანი დედამ სხვა ვერავინ შობოსა”, - წერს არჩილ მეფე.
წარსული იმიტომ გავიხსენეთ, რომ იგი გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენი დღევანდელილ და მომავალი ცხოვრებისა და საქმიანობისათვის.

ახლა განვიხილოთ, თუ რას ნიშნავს ქრისტიანული თვალსაზრისით ადამიანის სწორი დამოკიდებულება სამშობლოსადმი.

თითოეული ჩვენგანი უნდა ეცადოს გააკეთოს მაქსიმუმი იმისა, რისი პასუხისმგებლობაც მას აკისრია. ესაა მისი მსახურება ქვეყნისადმი.
ყველაზე მეტი უფლებები და პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, ხელისუფალთ აქვთ. მათ ქვეყნის ტერიტორიული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად მოეთხოვებათ სულიერი და ეროვნული ღირებულებების დაცვა და განვითარება. შემდეგ კი - ხალხის მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, რაც გულისხმობს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფას, განათლების ხელშეწყობას და სხვა.

ქვეყნის კეთილდღეობა დიდად არის დამოკიდებული მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზეც. ჩვენ მათთან, აუცილებლად, უნდა გავაღრმავოთ კავშირი, რის წინაპირობადაც უნდა იქცეს კულტურათა შორის დიალოგი; ერთმანეთის სულიერი, მეცნიერული და მატერიალური ფასეულობების წარმოჩენა ხელს შეუწყობს ჩვენს შორის არსებული სხვა საკითხების გადაწყვეტასაც.
საერთოდ, სახელმწიფო უნდა განვითარდეს და მისი იდეოლოგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა გარე გეო-პოლიტიკური ფაქტორები, არამედ ეროვნული ინტერესები. ამ ინტერესებს უმნიშვნელოვანესად უნდა მიიჩნევდეს როგორც ხელისუფლება, ისე პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია. იგივე ითქმის ჩვენს თითოეულ მოქალაქეზეც.
ჩვენ ჩვენი მეობა უნდა დავიცვათ, რათა არ ვიქცეთ სხვათა მიზნების განხორციელებისათვის ბრმა იარაღად. ეს ნებისმიერი სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების გარანტიაა.
ზემოთჩამოთვლილ ინსტიტუტებში ეროვნული მიმართულების გაძლიერებისათვის კი საჭიროა ქართული ბიზნეს-სექტორის გაფართოება და შეძლებული საშუალო ფენის შექმნა.
სამწუხაროდ კი, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, საარსებო მინიმუმზე და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს; არადა საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ეკონომიკის და, მითუმეტეს, მცირე და საშუალო ბიზნესის აღორძინებისათვის. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის ნაწარმი თუ მათი გადამუშავებით მიღებული კვების პროდუქტები სერიოზულ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას, ოღონდ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სუბსიდიების და გრძელვადიანი კრედიტების სახით.
გვინდა ხელისუფლებას ერთი წინადადებაც შევთავაზოთ:
მოგეხსენებათ, მსოფლიო გლობალური კრიზისი საკმაოდ მწვავედ შეეხო ქართულ ბიზნესს და საერთოდ მოსახლეობას. ბუნებრივია, აუცილებელია, ქმედითი ჩარევა, რათა თავიდან ავიცილოთ სამუშაო ადგილების შემდგომი შემცირებისა.
2009 წლიდან სახელმწიფოს მიერ გადასახადების კლებისკენ გადადგმული ნაბიჯი კარგი ფაქტი იყო, მაგრამ, ალბათ, უფრო შედეგიანი იქნება საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება, რომელიც საქართველოში მომქმედ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს გაათავისუფლებს სანქცია-საურავებისაგან.
რა თქმა უნდა, თუ ეს ნაბიჯი განხორციელდა, იგი სერიოზულად შეამსუბუქებს როგორც მეწარმეების, ასევე მოქალაქეების საგადასახადო ტვირთს და წაახალისებს მათ ეკონომიკურ აქტივობას.
საერთოდ კი, რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, სულით არ უნდა დავეცეთ და სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან ცალკეულ პიროვნებებსაც და ერსაც განსაცდელი ან რწმენაში განსამტკიცებლად ეძლევა, ან მცდარი გზიდან მოქცევისათვის.
ჩვენს თავს მოწევნული განსაცდელი უმეტეს შემთხვევაში სწორედ მეორე მიზეზით იყო ხოლმე განპირობებული. ეს დღესაც ასეა. ბუნებრივია, პრობლემებიდან თავის დაღწევის საშუალებაც ჩვენს ხელთაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია, ამიტომაც ყველამ თავისი წილი შეცდომებისა უნდა გამოასწოროს.

მოყვასის მიმართ ჩვენი სამართლიანი მიდგომა ასეთი უნდა იყოს: “ყველაფერში, როგორც გსურთ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ” (მათე 7.12).
რა მოკლე განმარტებაა, მაგრამ როგორი მრავლისმომცველი!
ეს სიტყვები ყოველთვის გახსოვდეთ და ცხოვრების წესად გქონდეთ.
უნდა ვეცადოთ იმასაც, რომ არ ვიყოთ გულგრილნი სხვათა მიმართ გამოჩენილი უსამართლობისადმი და დავიცვათ ტყუილუბრალოდ დაჩაგრული ადამიანი.

რაც შეეხება მტერთან მიმართებაში ჩვენს დამოკიდებულებას, აქ განვითარების ოთხი საფეხური არსებობს:
პირველი - შეურაცხმყოფელს შენც სათანადო პასუხს სცემ (რაც ძველაღთქმისეული ანგარიშსწორებაა, - “კბილი კბილისა წილ” და ახალი აღთქმისთვის მიუღებელია);
მეორე - მოყენებული გულისტკივილისათვის სამაგიეროს არ მიაგებ, მაგრამ შინაგანად მრისხანებ;
მესამე - დამცირებას უდრტვინველად იტან;
მეოთხე - შენს მიმართ ჩადენილ უსამართლობას აღიქვამ, როგორც შენს სხვა ცოდვათა გამოსასყიდს, მადლიერი ხარ უფლისა და შინაგანად ხარობ.
დაფიქრდი რომელ საფეხურზე დგახარ და მიხვდები როგორი ქრისტიანი ხარ.
“შეიყვარე მტერი შენი” - გვასწავლის მაცხოვარი. ხოლო ვისთვისაც ეს სიტყვები გაუგებარი და მიუღებელია, მათ პავლე მოციქული ასე არიგებს: “ილოცე შენი მტრებისთვის და ნუ სწყევლი მათ”. ამით თქვენ მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებთ მის თავზე. ღმერთი სამართლიანია და ყველას დამსახურებისამებრ მიაგებს. ჩვენი შეურაცხმყოფელიც (და საერთოდ ნებისმიერი ბოროტმოქმედი) დაუსჯელი არ დარჩება, ოღონდ ამას ჩვენს ნაცვლად უფალი გააკეთებს; “ჩემია შურისგება” - ბრძანებს იგი.
ემსგავსეთ ფუტკარს, - გვასწავლის პაისი ათონელი, - რომელიც მხოლოდ ყვავილებს ხედავს და აგროვებს სიტკბოს თაფლისთვის და არა ბუზს, რომელიც ნაგავს და ათასგვარ სიბინძურეს ეძებს და იმით იკვებება.

დიახ, სამართლის ქმნა და სიმართლის მსახურება აუცილებელი პირობაა ყოველი ქრისტიანისთვის. ღმერთი სიმართლით მცხოვრებთ მადლით მოსავს, ცრუთ და თვალთმაქცთ კი - განეშორება.
თუმცა ისეც ხდება, რომ სიცრუის გზით მავალნი ზოგჯერ წარმატებულნი ჩანან; მაგრამ არ დაბრკოლდეთ, ეს დროებითია; სიმართლე ბოლოს მაინც, აუცილებლად, იზეიმებს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს.
იცოდეთ ისიც, რომ შეიძლება კეთილდღეობა უბედურებაზე საშიში იყოს და პირიქით, უბედურებამ შეიძლება კეთილდღეობაზე მეტი სიკეთე მოუტანოს კაცს.
ოცწლიანი გარდამავალი პერიოდით დაღლილი, გაწამებული და გაღატაკებული ჩვენი მოსახლეობა ხშირად ჩივის: ნეტავ არ დავბადებულიყავ, როდემდე უნდა ვეწამო? სად არის სამართალი? სულ მე რატომ უნდა ვიტანჯო?.., რაც უმძიმესი ცოდვის, - მცირედმორწმუნეობის გამოვლინებაა და არასწორი ცხოვრებისა და აზროვნების შედეგია.
უფალი ხომ იმაზე მძიმე ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტარებაც არ ძალგვიძს.
ამასთან, მოვლენებს სულიერი თვალით უნდა შევხედოთ. განა ნებისმიერ დროში ნებისმიერი აღმსარებლობის პიროვნებამ არ იცოდა და არ იცის, რომ ყოველივე წარმავალია: ახალგაზრდობაც და სილამაზეც, ჯანმრთელობაც და ავადმყოფობაც, სიმდიდრეც და სიღარიბეც, პატივიც, თანამდებობაც და თვით სიცოცხლეც?.
ასე რომ, ნუ დარდობ და შფოთავ იმისთვის, რაც დღეს არის და ხვალ აღარ იქნება.
თუ გსურს ნამდვილი კეთილდღეობა მოიპოვო (და თანაც მარადიულად), სასუფეველი ღმრთისა უნდა ეძიო, - ანუ უფლის მცნებებით ცხოვრებას უნდა ესწრაფვო, რადგან “სასუფეველი ღმრთისაი არა არის საჭმელი და სასმელი, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა” (რომ. 14,17), - აი, ეს უნდა დავიმახსოვროთ.
ჩემო საყვარელო შვილებო, ძენო და ასულნო ღვთისმშობლის წილხვედრი ღვთივკურთხეული ივერიისა: კახელნო და აფხაზნო, აჭარელნო და თუშნო, ჰერნო და სვანნო, ოსნო და მთიელნო, მეგრელნო, გურულნო, სამაჩაბლოსა და სამცხე-ჯავახეთის მკვიდრნო, ყოველნო ჩვენნო თანამემამულენო, მაშ, შეიყვარეთ სიმართლე და მშვიდობა, განიძარცვეთ ცოდვის სამოსელი და ემსახურეთ ჭეშმარიტებას, რომ “სიმართლე იგი სჯულისაი აღესრულოს” თქვენს შორის (რომ. 8,4).
ჯოჯოხეთის დამსხვრეულ ბჭეთა ზედა ამაღლებული და არამიწიერი ნათლით მოსილი, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი გვიხმობს, რათა მისი მადლით განმართლებულნი, ვითარცა ფინიკნი, აღვყვავდეთ და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განვმრავლდეთ.

ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი





--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
solomony   პატრიარქის ეპისტოლეები   Apr 8 2007, 05:58 PM
makuna7474   solomony ძალიან დიდი მად...   Apr 10 2007, 01:28 AM
ლეონტი   როგორც მამა გაბრიე...   Apr 10 2007, 10:49 AM
salomea07   რა სიბრძნე და რა სი...   Apr 10 2007, 02:39 PM
tamari_irakli   დიდი მადლობა! გმე...   Apr 10 2007, 10:21 PM
solomony   მე განსაკუთრებით ...   Apr 10 2007, 10:28 PM
arti vardi   რა ბედნიერებაა რომ...   Apr 16 2007, 04:45 PM
KoTe   modloba kvelaaaaaaaaaassssssssss   May 1 2007, 05:49 PM
solomony   საშობაო ეპისტოლე უ...   Jan 7 2008, 02:05 PM
marine   საოცარია პატრიარქ...   Jan 22 2008, 03:26 PM
solomony   უწმინდესი და უნეტა...   May 3 2008, 11:21 AM
ალექსანდრე   :)   May 3 2008, 11:52 AM
lingvo   http://www.link.ge/file/191290/sashobao-epistole.p...   Jan 7 2009, 05:45 PM
KAIROS   2009 წლის საშობაო ეპი...   Jan 8 2009, 10:24 AM
KAIROS   ხოლო “ვისაც უყვარს...   Jan 8 2009, 11:20 AM
ილია   სააღდგომო ეპისტოლ...   Apr 19 2009, 06:56 PM
Belief   ნამდვილად ეს იყო ი...   Apr 21 2009, 01:59 PM
ბექა   2010-01-06 ქრისტეს მიერ ს...   Jan 7 2010, 12:54 PM
llaasshhaa   მშვენიერია :wub:   Jan 7 2010, 03:56 PM
sable   მშვენიერი ეპისტოლ...   Jan 7 2010, 09:46 PM
ბადრი   ბექა გაიხარე! მშ...   Jan 7 2010, 11:16 PM
ბექა   sable აბორტზე როგორც ვ...   Jan 7 2010, 11:25 PM
sable   sable აბორტზე როგორც ...   Jan 7 2010, 11:31 PM
ბექა   თუ მასეა კარგია, მა...   Jan 8 2010, 12:35 AM
KAIROS   ძალიან მომეწონა ეპ...   Jan 15 2010, 09:28 AM
lingvo   უწმიდესი და უნეტა...   Apr 4 2010, 04:33 PM
Amuza   [center][size=4] უწმიდესი და ...   Apr 6 2010, 05:03 PM
KAIROS   მე ეს მენიშნა ცუდა...   Apr 7 2010, 04:25 AM
lingvo   ეს ჩემ პროფესიას უ...   Apr 7 2010, 01:21 PM
lingvo   [size=3][b]საშობაო ეპისტ...   Jan 7 2011, 11:41 AM
lingvo   [size=3][b]სააღდგომო ეპი...   Apr 24 2011, 10:05 AM
A.V.M   აქ კი დავდოთ ხოლმე ...   Nov 12 2011, 12:22 PM
A.V.M   2010-01-06 ქრისტეს მიერ ს...   Nov 12 2011, 12:35 PM
A.V.M   სააღდგომო ეპისტოლ...   Nov 12 2011, 01:32 PM
A.V.M   2009 წლის საშობაო ეპი...   Nov 12 2011, 01:59 PM
A.V.M   უწმინდესი და უნეტა...   Nov 12 2011, 02:55 PM
A.V.M   ვაგრძელებ თემათა ,,...   Nov 12 2011, 08:21 PM
A.V.M   უწმინდესი და უნეტა...   Nov 12 2011, 08:42 PM
lingvo   [b][center]საშობაო ეპისტ...   Jan 7 2012, 11:33 AM
A.V.M   [b]სააღდგომო ეპისტო...   Apr 15 2012, 09:32 PM
A.V.M   საშობაო ეპისტოლე უ...   Jan 8 2013, 02:18 PM
A.V.M   ქრისტე აღდგა! პატ...   May 5 2013, 11:33 PM
A.V.M   ახლა ვიდეო ვერსიას...   May 11 2013, 04:36 PM
A.V.M   გილოცავთ ქრისტეშო...   Jan 7 2014, 04:45 PM
marine   როგორ იწერება პატრ...   Feb 13 2014, 12:36 PM
A.V.M   09:49 / 20-04-2014 პატრიარქის ...   Apr 20 2014, 02:03 PM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Jan 7 2015, 11:30 PM
marine   "თუ გვსურს ძლიერი...   Nov 3 2021, 09:48 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 12:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი