IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პტრიარქის მიერ წარმოთქმული სიტყვები, (ამბიონიდან ქადაგების გარდა)
A.V.M
პოსტი Nov 12 2011, 01:19 AM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მოკლედ ამ ფორუმზე უამრავი თემაა,რომელიც გახსნილია პატრიარქის ერთი კონკრეტული განცხადების ან წარმოთქმული სიტყვის შესახებ,რომლებიც მცირე ხანში მივიწყებული ხდება.რის გამოც არის უამრავი თემა და მათგან უმცირესია შედარებით აქტუალური.ამ პრობლემის მოსაგვარებლად ასეთი სიტყვები და განცხადებები ყველა ამ თემაში მოვაქციოთ,სხვა უსარგებლო თემები კი დავხუროთ...
------------------------------------------

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია II-ის სიტყვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

20 სექტემბერი, 2004 წელი

. . .
თქვენ აქ, უნივერსიტეტში მოხვედით არა მარტო იმისათვის, რათა ცოდნა მიიღოთ, არამედ უნდა განმტკიცდეს თქვენი ზნეობა. თქვენ უნდა დაინახოთ, თუ რა არის მთავარი. ეს არის ჩვენი სულიერი, კულტურული, ზნეობრივი ფასეულობანი. თქვენი ცხოვრებით სულიერი ჯვარი უნდა შექმნათ. ვერტიკალური ძელი ამ სულიერი ჯვრისა არის სწრაფვა ღვთისაკენ, ჰორიზონტალური კი - სწრაფვა ადამიანებისაკენ. სულიერი ჯვრის გამოსახვა თავისი ცხოვრების წესით - ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანია.
+ + +

წყარო, წიგნიდან: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია II
მეცნიერების, განათლების, კულტურის და ხელოვნების შესახებ (1977 - 2004 წ.წ.)
თბილისი, გამომცემლობა "გეოკერია" 2004; გვ.209.
-------------------------------------------------------

"ერთხელ უწმიდესს ჰკითხეს: თქვენი მიტრა ოქროსიაო? - მან კი მიუგო: ეს ძალიან მძიმეა, ეს ეკლის გვირგვინიაო!"
-------------------------------------------------------
"ჯვრის სკოლა შესანიშნავი სკოლაა, სადაც ვიწვრთნებით, ჩვენი შემოქმედის ლოცვა-კურთხევით. ეს სკოლა უგუნურთ გონიერს ხდის, გონიერთ ბრძენად აქცევს, ამაყთ - მორჩილად, უკეთურთ - კეთილად, უძლურთ - ძლიერად. ამ დროს ჩვენ ვემსგავსებით თიხის ჭურჭელს. მეჭურჭლემ იცის, რამდენ ხანს და რა ტემპერატურაზე სჭირდება მას გამოწვა; თუ ცეცხლზე ზედმეტ ხანს გააჩერებს, დასკდება, ხოლო თუ ცოტა ხანს - ნესტიანი დარჩება და გამოსაყენებლად უვარგისი იქნება. მსგავსად ამისა, იცის უფალმა, რა განსაცდელი განუმზადოს თითოეულ ჩვენგანს, რომ სულიერად გამოაწრთოს და ღირსყოს მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის."
-----------------------------------------------
ილია II

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს--პატრიარქის ილია II-ის
სიტყვა ჟურნალ "მნათობის" პრეზენტაციაზე

კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი, 30 ოქტომბერი, 2006 წელი

"საკმარისი არ არის, გავაშიშვლოთ ჩვენი ჭრილობები, ჩვენი ნაკლი,
მთავარია, ვთქვათ, თუ რა წამალი არსებობს მათ განსაკურნებლად!"

ქალბატონებო და ბატონებო!

უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, გილოცავთ იმას, რომ ჩვენ ერთად ვართ, ერთად ვზეიმობთ ჟურნალ "მნათობის" გამოცემის განახლებას.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, და ამიტომ ყოვლად შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ იგი დაიღუპოს. საქართველო აუცილებლად გადარჩება და მას აუცილებლად ექნება ნათელი მომავალი!

ჟურნალ "მნათობის" გამოცემა ჩვენი ერის სურვილით განახლდა; ეს ჩვენი ერის სულის მოთხოვნილებაა და ამიტომ არაფერია საკვირველი, რომ მისი გამოცემა მოხერხდა.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჟურნალის რედაქტორს, ბატონ თამაზ ჭილაძეს და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ მან დახმარებისათვის მე მომმართა. ხომ შეიძლებოდა მას სხვებისთვის მიემართა? რა თქმა უნდა, შეეძლო. მწერლობა, ლიტერატურა არ შეიძლება წაიშალოს, არ შეიძლება დაეცეს ჩვენს ქვეყანაში. პოეზია, პროზა _ ჩვენს სულშია, ჩვენს სულიერ სამყაროშია. მახსენდება ერთი შემთხვევა, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის მიერ მიწვეული ვიყავი ეგვიპტეში. ჩავედით, საკმაოდ დიდი დელეგაციით. დავათვალიერეთ ალექსანდრია, ქაირო, მოვილოცეთ სიწმინდეები. თქვენ იცით, ალექსანდრია განთქმული იყო ცნობილი ბიბლიოთეკით და ასევე ალექსანდრიის სკოლით, ახლა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აღარ არსებობს, მაგრამ მაინც იქ იმ ძველი დიდების რაღაც საოცარი სული ტრიალებს; იგრძნობა კლიმენტი ალექსანდრიელისა და სხვა ალექსანდრიელი წმინდა მამების კვალი.

შემდეგ ჩვენ წავედით სინას მთაზე. დიდი და ძალიან კომფორტული მანქანა დაგვითმეს. ჩვენთან ერთად ბრძანდებოდა ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი თავისი თანმხლები პირებით, იყვნენ ასევე რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებიც. მანქანაში სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით. საკმაოდ დიდი გზაა ქაიროდან სინას მთამდე. მანქანას გავაჩერებდიღ და გარეთ გამოვიდოდით, მაგრამ 5 წუთიც ვერ ვჩერდებოდით, ისეთი მცხუნვარე მზე იყო. მაშინ ასეთი იდეა დამებადა; შევთავაზე, მოდით, შევეჯიბროთ, ვინ უკეთ იცის თავისი პოეზია და ვის უფრო მდიდარი პოეზია აქვს _ ბერძენ ხალხს, რუსს თუ ქართველებსმეთქი. ჩვენ, ორი პატრიარქი შევთანხმდით, და პირველობა, რა თქმა უნდა, ბერძნებს დავუთმეთ. ერთი მიტროპოლიტი გამოვიდა და ალბათ თხუთმეტიოდე წუთი ილაპარაკა. ცნობილი ავტორების ლექსებს კითხულობდა, შემდეგ რუსებს მოვუსმინეთ. ერთმა რუსმა არაფერი იცოდა თავისი პოეზიიდან; წამოიწყო:, - რამდენიმე სტრიქონი თქვა და დადუმდა, ის ლექსიც არ ახსოვდა ბოლომდე. ჩვენს დელეგაციაში ბრძანდებოდა მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე. მან მთელი "ვეფხისტყაოსანი" და დავით გურამიშვილის პოეზია ზეპირად იცოდა. მისი რიგი რომ მოვიდა, კითხვა დაიწყო, გავიდა ნახევარი საათი, ის კი მაინც არ ჩერდებოდა. ბოლოს მე ვუთხარი, მეუფეო, დაამთავრეთ, თორემ უხერხულია ამათ წინაშე-მეთქი.

ამით ის მინდა ვთქვა, რომ ქართველ ერში მშობლიური ლიტერატურის სიყვარული არასოდეს ჩაკვდება!

ჩინური ფილოსოფიის მიხედვით ერისა და ადამიანის ცხოვრება ამაღლებისა და დაცემისაგან შედგება.

ერთხელ ჩვენთან სტუმრად უცხოელების დელეგაცია, მათ ერთი ჩინელიც ბრძანდებოდა. მას ვკითხე: როგორ შეეძლო რომელსაც გააჩნია ასეთი ბრწყინვალე ფილოსოფია, გაეზიარებინა კომუნისტური იდეები? მან მიპასუხა: ერის ცხოვრება დაცემისა და ამაღლებისაგან შედგება ჩვენ ახლა სწორედ დაცემის პერიოდში ვიმყოფებითო.

არც ჩვენ უნდა გვიკვირდეს ის, რომ იყო პერიოდი, როდესაც შეჩერდა ლიტერატურული ჟურნალების გამოცემა. ქართველი ადამიანის გულში არასდროს შეჩერდება ის პროცესები, რომელიც ფესვგამდგარია ჩვენს სულში.

მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ზოგადად ქართული ლიტერატურის შესახებ. მართლაც, ლიტერატურამ ეკლესიის წიაღში დაიწყო აღმავლობა. თქვენ კარგად იცნობთ კორნელი კეკელიძის "ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიას". მართლაც, საოცარი შრომა გასწია ამ ადამიანმა. იგი იძულებული გახადეს, გაეხადა ანაფორა და შეეწყვიტა ღვთისმსახურება, გააძევეს სიონის ტაძრიდან, მაგრამ ის შინაგანად ეკლესიის წიაღში დარჩა.

რა იქნებოდა, რომ არ გვქონოდა ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა? ვერ აღორძინდებოდა ის საერო ლიტერატურა, რომელსაც ასე ვეთაყვანებით და რომლითაც ასე ვამაყობთ! ვერც დამკვიდრედებოდა იგი ასე ქართველი ადამიანის გულში.

მინდა ვთქვა, რომ ქართული ლიტერატურა იყო, არის და იქნება წინამძღოლი, მაგრამ, ამავე დროს, ის უნდა იყოს წინასწარმეტყველი! საკმარისი არ არის, გავაშიშვლოთ ჩვენი ჭრილობები, ჩვენი ნაკლი, მთავარია, ვთქვათ, თუ რა წამალი არსებობს მათ განსაკურნებლად!

ღმერთმა დაგლოცოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Nov 12 2011, 02:02 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან
2008 წლის 14 10ოქტომბერი


მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს ბომბავდა, სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გერმანიაში იმყოფებოდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II და სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია კი განუწყვეტლივ ლოცულობდა და სწორედ პარტიარქი აღმოჩნდა პირველი, რომელმაც რუსების მიერ გაცამტვერებული ქართული სოფლებიდან დაღუპული მეომრების ცხედრები გამოასვენა. საქართველოს საპარტიარქომ ომის დღეებში მოსკოვში წერილიც გააგზავნა, რომელიც რუსული მხარისგან, რა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა. როგორ უყურებს ქართული ეკლესია მართლმადიდებლური რუსეთის დამოკიდებულებას მეზობელი ქვეყნის მიმართ, რომელსაც ქრისტიანულ სამყაროში ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად იცნობენ, რა პოზიცა აქვს ქვეყანაში და მის გაერთ მიმდინარე პროცესებსა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით და როგორ ესახება ეკლესიას ჩვენი ქვეყნის მომავალი? ერთობ საინტერესოდ გამოჩნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ ფრანგულ ჟურნალ “ლაკრუასათვის” მიცემულ ინტერვიუში.

_ შეიარაღებული დაპირისპირების დღეებში და შემდგომაც თქვენ წერილი გაუგზავნეთ მოსკოვის მართლმადიდებელ მიტროპოლიტს, თუ მიიღეთ რამე პასუხი და თუ შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხრათ თქვენი დამოკიდებულების შესახებ ბოლოდროინდელი კონფლიქტის თაობაზე, როდესაც მართლმადიდებელი რუსები ბომბავდნენ მართლმადიდებელ ქართველებს?
_ იმ დროს, როდესაც ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გერმანიაში იმყოფებოდა და მისთვის წერილი არ გაგვიგზავნია. ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბრები რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელთან, მიტროპოლიტ კირილესთან. რაც შეეხება წერილს, იგი გავუგზავნე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ დიმიტრი მედვედევს და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვლადიმერ პუტინს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.
რა თქმა უნდა, მეტად სამწუხაროა, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მართლმადიდებელი ქვეყნები, მაგრამ ამ კონფლიქტს რელიგიური ნიადაგი არ გააჩნია. მას გლობალური გეოპოლიტიკური მიზეზები აქვს. ამიტომაც იქცა ჩვენი ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკურ ძალთა შეჯახების ადგილად. ვფიქრობ, თუ ყველაფერი სამართლებრივად წარიმართა, რელიგიამ (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობამ) რუსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირების განმუხტვასა და ურთიერთობის დარეგულირებაში შეიძლება, ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულოს. მით უმეტეს, რომ მომხდარი კონფლიქტი ეთნიკურ სიძულვილში არ გადაზრდილა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ასეა. იმედი მაქვს, რუსი ხალხის სარწმუნოებიდან და გულკეთილობიდან გამომდინარე, არც ქართველებს შეექმნებათ პრობლემები რუსეთში.



_ როგორ ფიქრობთ, რომელი მხარეა დამნაშავე ომის წამოწყებაში?
_ ამ კითხვაზე რომ გიპასუხოთ, მცირე ექსკურსი უნდა გავაკეთო. ჩვენს წინააღმდეგ დიდი აგრესია განხორციელდა XX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც კომუნისტებმა (რომელთაც უეროვნებო, ურელიგიო ინტერნაციონალური ბირთვი მართავდა) დაიპყრეს დამოუკიდებელი საქართველო. მათ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი მეზობელ სახელმწიფოებს გადაუნაწილეს, ხოლო დარჩენილ ნაწილში ყოველგვარი ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შექმნეს აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულები. ამით ნელი მოქმედების ნაღმები ჩადეს საჭიროების შემთხევაში გამოსაყენებლად. საბჭოთა წყობილების არსებობის პერიოდში, ამ რეგიონებში ინერგებოდა იდეოლოგია, რაც ქვეყნის დაყოფას და ავტონომიების იზოლირებას უწყობდა ხელს. იმის გამო, რომ აჭარაში თითქმის მთლიანად ქართული მოსახლეობაა, ამ პროპაგანდამ სათანადოდ ვერ იმუშავა. აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი, რა შედეგიც მივიღეთ, სახეზეა. თვით სახელწოდება “სამხრეთ ოსეთი” ისევე, როგორც ჩრდილო ოსეთი, კომუნისტების დარქმეულია. ასეთი გეოგრაფიული ტოპონიმები არასოდეს არსებობდა. ოსების ისტორიული სამოსახლო არის ჩრდილო კავკასიაში, ალანია. სწორედ აქედან, დღევანდელი ჩრდილო ოსეთიდან, გადმოსახლდა მათი ნაწილი საქართველოში XVII საუკუნეში. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ისინი ყოველთვის გაცილებით ნაკლები რაოდენობით ცხოვრობდნენ, ვიდრე საქართველოს სხვა რაიონებში. ცხინვალის რეგიონი არ არის მათი ეთნო-კულტურული სამშობლო.

სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე. ვრცელდება აზრი, თითქოს ქართველები თავს დაესხნენ ოს მცირე ერს და ეთნოწმენდა მოაწყვეს. ეს რომ რეალობას არ შეესაბამება, თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ საომარი მოქმედებების პერიოდში და დღესაც საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მრავლად მცხოვრებ ოსებს არ დაუტოვებიათ თავისი კარმიდამო და არც პრობლემები შექმნიათ ქართველებსა და სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან. არსებული დაპირისპირება არ არის ქართულ-ოსური ან თუნდაც ქართულ-აფხაზური ეთნოკონფლიქტი. ხოლო ის, რაც მოხდა, განპირობებულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილით. ამის უფლება კი საერთაშორისო ნორმებით ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს. ბუნებრივია, საქართველო ვერასოდეს შეეგუება თავისი ძირძველი მხარეების დაკარგვას. ეს ისეთივე მნიშვნელობის ტერიტორიებია ჩვენთვის, როგორიც ფრანგებისთის _ ორლეანი, ან რუსებისთვის _ სმოლენსკი, სუზდალი, ნოვგოროდი... რეალურად, ომის მიზეზი არის ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური დაკვეთით გამოგონილი ისტორია და მისი უარგუმენტო იურიდიული სტატუსი. სამართლიანობა მშვიდობის გარანტიაა და ვიდრე საქართველოშიც არ აღდგება სამართლიანობა, აქ მშვიდობა ვერ დაისადგურებს.



_ რუსეთის მთავრობამ სცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. როგორია თქვენი რეაქცია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, საქართველომ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და საუვერენიტეტი? როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს _ დიპლომატიური და ეკონომიკური საშუალებებით, თუ ძალით?
_ რუსეთის დუმის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის დღესვე ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, სადაც ასევე ვთხოვდით რუსეთის პრეზიდენტს, არ დაედასტურებინა ეს გადაწყვეტილება. ვწერდით, რომ მცირე ერები ცხოვრობენ ყველა ქვეყნებში და თუ ისინი მოითხოვენ დამოუკიდებლობას და მათი აღიარება სხვათაგან მოხდება, მსოფლიოში დაიწყება გაუთავებელი ომები და დაპირისპირებები. მივუთითებდით იმასაც, რომ აღნიშნული რეგიონებისათვის სუვერენიტეტის მინიჭება მომავალში უფრო მეტ ზიანს მოუტანს რუსეთს, ვიდრე მან დღეს საქართველოს მიაყენა. იგივეს ვფიქრობ დღესაც.

მე არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაგრამ ეს რომ უნდა მოხდეს, დარწმუნებული ვარ, თუ სურს მსოფლიოს, თავისი სახელმწიფოების შიგნით შეინარჩუნოს მშვიდობა. ვიმედოვნებ, ის საერთაშორისო თანადგომა, რაც საქართველოს მიმართ იქნა გამოცხადებული, ამ მიზეზითაც არის განპირობებული. მიზნის მისაღწევად ძალადობის მეთოდს კატეგორიულად გამოვრიცხავ. ეკლესია ახლაც და კონფლიქტამდეც ყოველთვის წინააღმდეგი იყო სისხლისღვრისა და ეს არაერთხელ დავაფიქსირეთ. დიპლომატიური (განსაკუთრებით სახალხო დიპლომატია), ეკონომიური, კულტურული, რელიგიური და სხვა ბერკეტები ჩატეხილი ხიდის აღდგენას შესაძლებელს გახდის. ასევე, მიმაჩნია, რომ ყოვლად აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ, პირველ რიგში, ოსებმა და აფხაზებმა, ასევე ქართველებმაც იცოდნენ თავისი რეალური ისტორია და არა ის, რასაც კომუნისტური რეჟიმი 70 წლის მანძილზე და მანამდე რუსეთის იმპერია ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვახვევდა თავს. ამაში ჩვენ დასავლეთის საინფორმაციო მხარდაჭერა გვჭირდება. მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭრა ინფორმაციულ ომშიც, რომელიც სამეცნიერო წრეებში - განსაკუთრებით საისტორიო და საენათმეცნიერო კუთხით, - მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ანტიქართულ თეზისებს იზიარებს და ახმოვანებს ზოგიერთი ევროპელი მეცნიერიც. არ არის გამორიცხული, რომ მათი ნაწილი ამას პოლიტიკური შეკვეთის გამო აკეთებდეს. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მაინც იმედი მაქვს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კრიზისი დასრულდება და სამართლიანობაზე დაფუძნებული ძმური ურთიერთობა აღდგება.



_ ბოლო კონფლიქტის შედეგად, ბევრი ადამიანი აღმოჩნდა იძულებით გადაადგილებული. როგორია თქვენი შეფასება დაღუპულთა და ლტოლვილთა რიცხვის, ასევე იმ ზარალის შესახებ, რომელიც მიადგა ეკლესიებს, სახლებსა და საკუთრებას? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას იძულებით გადაადგილებული ადამიანების უკან დაბრუნება და მათი სახლების ხელახალი აშენება?
_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემებით, ქართული მხრიდან გარდაცვლილია დაახლოებით 300 ადამიანი (როგორც სამხედრო, ისე _ სამოქალაქო), იძულებით გადაადგილებული იყო დაახლოებით 260 000, ამჟამად კი არის 40 000 პიროვნება. მიყენებული ზარალი მილიარდობით ევროს შეადგენს. ვიცით, რომ სერიოზულად დაზიანდა სოფელ ხეითისა, იკორთის, ქემერტის, სვერის ეკლესიები, ასევე ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას რეზიდენციის ნაწილი, რომელსაც დაეცა ჭურვი. საერთოდ, ჩვენი ინფორმაცია მეტად მწირია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ გვაქვს. ცნობისთვის: ამ რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ხუთასზე მეტი ძეგლია, რომელთა უმრავლესობას ბუნებრივია, სარესტავრაციო სამუშაობის ჩატარება დასჭირდება. როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცა, პირადად მე და ჩემთან ერთად ეკლესიის წარმომადგენლები შევედით გორში და ნიქოზში (ცხინვალამდე ერთი კილომეტრის დაშორებით). ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ვერც უბრალო ადამიანები, ვერც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები და პრესის წარმომადგენლები ვერ ახერხებდნენ იქ შეღწევას. მოვინახულეთ დარჩენილი მოსახლეობა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მღვდელმთავრები და სასულიერო პირები, რომელთაც დიდი საფრთხის მიუხედავად, არ დატოვეს ეს ეპარქიები. ამაში დაგვეხმარა რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი კირილე და გენერალი ბორისოვი. იმ დღეს ჩვენ გამოვიყვანეთ ოთხი დაჭრილი და ექვსი გარდაცვლილი. შემდეგ ეს პროცესი გააგრძელეს ჩვენმა მოძღვრებმა. საერთო ჯამში, მათ მიერ გადმოსვენებულია 120-მდე გარდაცვლილი. ყოველდღიურად ჩვენს მიერ გაიცემოდა და გაიცემა ორი-სამი ათასი ევროს ღირებულების პროდუქცია, რაც ძირითადად ხალხის შემოწირულობაა. ჩვენი ქვეყნის ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მოსახლეობამ უშურველად გაიღო თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი. მიმაჩნია, რომ დევნილ მოსახლეობას უნდა მიეცეს უკან დაბრუნების შესაძლებლობა. ეს არის მათი უფლება და ამ უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. აუცილებელია საერთაშორისო ძალისხმევით ჯერ იქ შეიქმნას მათი უსაფრთხოების პირობები და გარანტიები. ასევე, აუცილებელია, ადგილებზე შეიქმნას მცირე წარმოებები, რომ ხალხმა თავისი თავი თვითონ შეინახოს.



_ როგორია თქვენი შეფასება საქართველოს ხელისუფლებისა და მთავრობის მოქმედებასთან დაკავშირებით კრიზისის პერიოდში და მის შემდეგ? ფიქრობთ, რომ ნაციონალური ერთობა უფრო მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე მთავრობის ლიდერთა და ოფიციალური პირების პასუხისმგებლობისა და ვალდებულების შეფასება?
_ ხელისუფლების მხრიდან დიდი მუშაობა გაიწია, რათა საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭრა ჰქონოდა და ეს მიზანი მიაღწეულ იქნა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია როგორც ნაციონალური ერთობა, ისე _ ოფიციალურ პირთა პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შეფასება. ჩვენი მოსახლეობა ელის გარკვეულ კითხვებზე პასუხს. დემოკრატია თავისთავად გულისხმობს მოქალაქეებისადმი ანგარიშვალდებულებას. რამდენადაც ცნობილია, ხელისუფლებამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ანგარიში ჩააბაროს ხალხს. ამის მიხედვით შეფასებებიც შემდეგ გაკეთდება.



_ როგორი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით, ევროკავშირის როლი კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით?
_ პირველ რიგში, თქვენი დახმარება გვჭირდება დევნილთა დასაბრუნებლად და მათთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შესაქმნელად. ასევე, თანადგომა აუცილებელია საინფორმაციო და პოლიტიკური ომის წარმოებაში. დახმარება გვჭირდება ჩვენც, საქართველოს საპატრიარქოს. მართალია, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი ეკლესიის იურისდიქცია ახლახანს კიდევ ერთხელ აღიარა მოსკოვის საპატრიარქომ, მაგრამ რეალურად, ამ რეგიონებში შესვლის საშუალება ჯერ-ჯერობით არ გვაქვს და ვიცით, რა მდგომარეობაშია აქ არსებული V-XIX საუკუნეების მრავალრიცხოვანი ქართული ტაძრები და მონასტრები ქართული ფრესკებითა და წარწერებით, იქ დაცული სიწმინდეებით. საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაშესაყართან მდებარეობს და ქრისტიანული კულტურის უძველესი კერაა, რაც მას ევროპასთან აკავშირებს. ეთნოკულტურულად იგი აზიის ნაწილიცაა. ჩვენი ხალხის საყოველთაოდ აღიარებული შემწყნარებლობა ამ დიდი ცივილიზაციების გადაკვეთაზე ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს წარმატებული, სტაბილური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის, რისი მიღწევაც გარე ძალების ურთიერთშეთანხმების გარეშე ძალიან ძნელი იქნება. ევროკავშირს შეუძლია და ანხორციელებს კიდეც შუამავლის როლს. რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობა მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ არაერთხელ გვქონდა მეტად მძიმე პერიოდი, მაგრამ გავუძელით დროის გამოცდას. არაქრისტიანული ქვეყნების გარემოცვაში მოქცეულებმა შევძელით მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების დაცვა, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და უნიკალური თვითმყოფადი კულტურის შექმნა. ვიმედოვნებ, ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომლის წილხვედრიც არის ჩემი ქვეყანა, არც ახლა დაუშვებს, რომ საქართველო დაიყოს და დანაწილდეს. უფალი დახმარებას ადამიანების ხელით ანხორციელებს. ყველა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამავე დროს, იცავს თავისი ქვეყნის საზღვრებსა და მშვიდობას, რადგან ის მიზეზები რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლად ცნობისათვის იქნა გამოყენებული, ნებისმიერი სახელმწიფოსათვის შექმნის მომავალში სერიოზულ პრობლემას. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. რა თქმა უნდა, ევროკავშირის დახმარება გვჭირდება, რომ დავიბრუნოთ აღნიშნული რეგიონები და აღვიდგინოთ ჩვენი ისტორიული საზღვრები.
http://www.fact.ge/news.aspx


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   პტრიარქის მიერ წარმოთქმული სიტყვები   Nov 12 2011, 01:19 AM
A.V.M   უწმინდესი და უნეტა...   Nov 12 2011, 01:48 AM
A.V.M   სიტყვა, წარმოთქმულ...   Nov 12 2011, 02:06 AM
A.V.M   უწმინდესისა და უნე...   Nov 12 2011, 02:18 AM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Nov 12 2011, 02:29 AM
A.V.M   ექსკლუზიური ინტერ...   Nov 12 2011, 02:02 PM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Nov 12 2011, 08:50 PM
A.V.M   უწმიდესისა და უნეტ...   Nov 22 2011, 09:01 PM
A.V.M   ,,მოსკოვში ვიზიტი ი...   Nov 27 2011, 05:59 PM
A.V.M   საქართველოს პატრი...   Nov 28 2011, 09:57 PM
A.V.M   პატრიარქის ღია მიმ...   Jan 5 2012, 07:46 PM
A.V.M   BNle9CZYg9k&feature=related   Apr 4 2012, 09:38 PM
A.V.M   jC3R0TYhVx8&feature=related ნახეთ ...   Apr 6 2012, 12:18 AM
A.V.M   პატრიარქმა ხელისუ...   Jan 3 2013, 09:38 PM
A.V.M   "მე მახსენდება სა...   Jan 12 2013, 12:46 AM
A.V.M   ილია მეორე - ყველაფ...   Jan 23 2013, 01:21 AM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Feb 2 2013, 09:52 PM
A.V.M   წმინდა წერილით ღმე...   Feb 27 2013, 09:40 PM
A.V.M   ძალიან საინტერესო ...   Mar 7 2013, 01:45 AM
A.V.M   ილია მეორე - პოლიტი...   Apr 25 2013, 11:45 PM
qetevano   A.V.M მართლა ძალიან დი...   Apr 25 2013, 11:56 PM
აკაკი   ძალიან მესიამოვნა,...   Apr 26 2013, 12:17 AM
A.V.M   qetevano მადლობა... ამინ...   Apr 26 2013, 01:26 AM
A.V.M   fdj6fpPvfac   Jan 1 2014, 01:21 AM
A.V.M   მთის პრობლემების გ...   Feb 1 2014, 12:32 AM
marine   "თუ პატიება ვერ შ...   Feb 10 2014, 12:14 PM
A.V.M   პატრიარქი ევროკავ...   Jul 1 2014, 06:55 PM
marine   "პატრიარქი ხშირა...   Jan 25 2018, 10:59 AM
marine   "მახსენდება ჩემი ...   Jul 21 2023, 06:12 PM
marine   "ჩემს ახალგაზრდო...   Jul 23 2023, 07:13 PM
marine   "ჩვენს დროში სახლ...   Apr 9 2024, 05:16 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 9 მომხმარებელი (მათ შორის 9 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2024 - 05:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი