პტრიარქის მიერ წარმოთქმული სიტყვები, (ამბიონიდან ქადაგების გარდა) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პტრიარქის მიერ წარმოთქმული სიტყვები, (ამბიონიდან ქადაგების გარდა) |
A.V.M |
Nov 12 2011, 01:19 AM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მოკლედ ამ ფორუმზე უამრავი თემაა,რომელიც გახსნილია პატრიარქის ერთი კონკრეტული განცხადების ან წარმოთქმული სიტყვის შესახებ,რომლებიც მცირე ხანში მივიწყებული ხდება.რის გამოც არის უამრავი თემა და მათგან უმცირესია შედარებით აქტუალური.ამ პრობლემის მოსაგვარებლად ასეთი სიტყვები და განცხადებები ყველა ამ თემაში მოვაქციოთ,სხვა უსარგებლო თემები კი დავხუროთ...
------------------------------------------ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია II-ის სიტყვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 სექტემბერი, 2004 წელი . . . თქვენ აქ, უნივერსიტეტში მოხვედით არა მარტო იმისათვის, რათა ცოდნა მიიღოთ, არამედ უნდა განმტკიცდეს თქვენი ზნეობა. თქვენ უნდა დაინახოთ, თუ რა არის მთავარი. ეს არის ჩვენი სულიერი, კულტურული, ზნეობრივი ფასეულობანი. თქვენი ცხოვრებით სულიერი ჯვარი უნდა შექმნათ. ვერტიკალური ძელი ამ სულიერი ჯვრისა არის სწრაფვა ღვთისაკენ, ჰორიზონტალური კი - სწრაფვა ადამიანებისაკენ. სულიერი ჯვრის გამოსახვა თავისი ცხოვრების წესით - ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანია. + + + წყარო, წიგნიდან: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია II მეცნიერების, განათლების, კულტურის და ხელოვნების შესახებ (1977 - 2004 წ.წ.) თბილისი, გამომცემლობა "გეოკერია" 2004; გვ.209. ------------------------------------------------------- "ერთხელ უწმიდესს ჰკითხეს: თქვენი მიტრა ოქროსიაო? - მან კი მიუგო: ეს ძალიან მძიმეა, ეს ეკლის გვირგვინიაო!" ------------------------------------------------------- "ჯვრის სკოლა შესანიშნავი სკოლაა, სადაც ვიწვრთნებით, ჩვენი შემოქმედის ლოცვა-კურთხევით. ეს სკოლა უგუნურთ გონიერს ხდის, გონიერთ ბრძენად აქცევს, ამაყთ - მორჩილად, უკეთურთ - კეთილად, უძლურთ - ძლიერად. ამ დროს ჩვენ ვემსგავსებით თიხის ჭურჭელს. მეჭურჭლემ იცის, რამდენ ხანს და რა ტემპერატურაზე სჭირდება მას გამოწვა; თუ ცეცხლზე ზედმეტ ხანს გააჩერებს, დასკდება, ხოლო თუ ცოტა ხანს - ნესტიანი დარჩება და გამოსაყენებლად უვარგისი იქნება. მსგავსად ამისა, იცის უფალმა, რა განსაცდელი განუმზადოს თითოეულ ჩვენგანს, რომ სულიერად გამოაწრთოს და ღირსყოს მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის." ----------------------------------------------- ილია II უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს--პატრიარქის ილია II-ის სიტყვა ჟურნალ "მნათობის" პრეზენტაციაზე კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი, 30 ოქტომბერი, 2006 წელი "საკმარისი არ არის, გავაშიშვლოთ ჩვენი ჭრილობები, ჩვენი ნაკლი, მთავარია, ვთქვათ, თუ რა წამალი არსებობს მათ განსაკურნებლად!" ქალბატონებო და ბატონებო! უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, გილოცავთ იმას, რომ ჩვენ ერთად ვართ, ერთად ვზეიმობთ ჟურნალ "მნათობის" გამოცემის განახლებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, და ამიტომ ყოვლად შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ იგი დაიღუპოს. საქართველო აუცილებლად გადარჩება და მას აუცილებლად ექნება ნათელი მომავალი! ჟურნალ "მნათობის" გამოცემა ჩვენი ერის სურვილით განახლდა; ეს ჩვენი ერის სულის მოთხოვნილებაა და ამიტომ არაფერია საკვირველი, რომ მისი გამოცემა მოხერხდა. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჟურნალის რედაქტორს, ბატონ თამაზ ჭილაძეს და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ მან დახმარებისათვის მე მომმართა. ხომ შეიძლებოდა მას სხვებისთვის მიემართა? რა თქმა უნდა, შეეძლო. მწერლობა, ლიტერატურა არ შეიძლება წაიშალოს, არ შეიძლება დაეცეს ჩვენს ქვეყანაში. პოეზია, პროზა _ ჩვენს სულშია, ჩვენს სულიერ სამყაროშია. მახსენდება ერთი შემთხვევა, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის მიერ მიწვეული ვიყავი ეგვიპტეში. ჩავედით, საკმაოდ დიდი დელეგაციით. დავათვალიერეთ ალექსანდრია, ქაირო, მოვილოცეთ სიწმინდეები. თქვენ იცით, ალექსანდრია განთქმული იყო ცნობილი ბიბლიოთეკით და ასევე ალექსანდრიის სკოლით, ახლა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აღარ არსებობს, მაგრამ მაინც იქ იმ ძველი დიდების რაღაც საოცარი სული ტრიალებს; იგრძნობა კლიმენტი ალექსანდრიელისა და სხვა ალექსანდრიელი წმინდა მამების კვალი. შემდეგ ჩვენ წავედით სინას მთაზე. დიდი და ძალიან კომფორტული მანქანა დაგვითმეს. ჩვენთან ერთად ბრძანდებოდა ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი თავისი თანმხლები პირებით, იყვნენ ასევე რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებიც. მანქანაში სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით. საკმაოდ დიდი გზაა ქაიროდან სინას მთამდე. მანქანას გავაჩერებდიღ და გარეთ გამოვიდოდით, მაგრამ 5 წუთიც ვერ ვჩერდებოდით, ისეთი მცხუნვარე მზე იყო. მაშინ ასეთი იდეა დამებადა; შევთავაზე, მოდით, შევეჯიბროთ, ვინ უკეთ იცის თავისი პოეზია და ვის უფრო მდიდარი პოეზია აქვს _ ბერძენ ხალხს, რუსს თუ ქართველებსმეთქი. ჩვენ, ორი პატრიარქი შევთანხმდით, და პირველობა, რა თქმა უნდა, ბერძნებს დავუთმეთ. ერთი მიტროპოლიტი გამოვიდა და ალბათ თხუთმეტიოდე წუთი ილაპარაკა. ცნობილი ავტორების ლექსებს კითხულობდა, შემდეგ რუსებს მოვუსმინეთ. ერთმა რუსმა არაფერი იცოდა თავისი პოეზიიდან; წამოიწყო:, - რამდენიმე სტრიქონი თქვა და დადუმდა, ის ლექსიც არ ახსოვდა ბოლომდე. ჩვენს დელეგაციაში ბრძანდებოდა მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე. მან მთელი "ვეფხისტყაოსანი" და დავით გურამიშვილის პოეზია ზეპირად იცოდა. მისი რიგი რომ მოვიდა, კითხვა დაიწყო, გავიდა ნახევარი საათი, ის კი მაინც არ ჩერდებოდა. ბოლოს მე ვუთხარი, მეუფეო, დაამთავრეთ, თორემ უხერხულია ამათ წინაშე-მეთქი. ამით ის მინდა ვთქვა, რომ ქართველ ერში მშობლიური ლიტერატურის სიყვარული არასოდეს ჩაკვდება! ჩინური ფილოსოფიის მიხედვით ერისა და ადამიანის ცხოვრება ამაღლებისა და დაცემისაგან შედგება. ერთხელ ჩვენთან სტუმრად უცხოელების დელეგაცია, მათ ერთი ჩინელიც ბრძანდებოდა. მას ვკითხე: როგორ შეეძლო რომელსაც გააჩნია ასეთი ბრწყინვალე ფილოსოფია, გაეზიარებინა კომუნისტური იდეები? მან მიპასუხა: ერის ცხოვრება დაცემისა და ამაღლებისაგან შედგება ჩვენ ახლა სწორედ დაცემის პერიოდში ვიმყოფებითო. არც ჩვენ უნდა გვიკვირდეს ის, რომ იყო პერიოდი, როდესაც შეჩერდა ლიტერატურული ჟურნალების გამოცემა. ქართველი ადამიანის გულში არასდროს შეჩერდება ის პროცესები, რომელიც ფესვგამდგარია ჩვენს სულში. მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ზოგადად ქართული ლიტერატურის შესახებ. მართლაც, ლიტერატურამ ეკლესიის წიაღში დაიწყო აღმავლობა. თქვენ კარგად იცნობთ კორნელი კეკელიძის "ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიას". მართლაც, საოცარი შრომა გასწია ამ ადამიანმა. იგი იძულებული გახადეს, გაეხადა ანაფორა და შეეწყვიტა ღვთისმსახურება, გააძევეს სიონის ტაძრიდან, მაგრამ ის შინაგანად ეკლესიის წიაღში დარჩა. რა იქნებოდა, რომ არ გვქონოდა ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა? ვერ აღორძინდებოდა ის საერო ლიტერატურა, რომელსაც ასე ვეთაყვანებით და რომლითაც ასე ვამაყობთ! ვერც დამკვიდრედებოდა იგი ასე ქართველი ადამიანის გულში. მინდა ვთქვა, რომ ქართული ლიტერატურა იყო, არის და იქნება წინამძღოლი, მაგრამ, ამავე დროს, ის უნდა იყოს წინასწარმეტყველი! საკმარისი არ არის, გავაშიშვლოთ ჩვენი ჭრილობები, ჩვენი ნაკლი, მთავარია, ვთქვათ, თუ რა წამალი არსებობს მათ განსაკურნებლად! ღმერთმა დაგლოცოთ! ჩვენთან არს ღმერთი! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 12 2011, 08:50 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია ჳჳ სიტყვა საერთაშორისო კონფერენციაზე `მშვიდობა და შემწყნარებლობა~
7-9 ნოემბერი, 2005 წელი, სტამბული ყველას გულითადად მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით. კავკასია, ანუ ის რეგიონი, სადაც ჩემი ქვეყანა მდებარეობს, ევროპისა და აზიის შესაყარზეა და ბუნებრივია, რომ იგი იყო და არის დიდი კულტურებისა და მათი ინტერესების გადაკვეთის ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ დაპყრობის მსურველნი ყოველთვის მრავლად გვყავდა და მუდმივად გვიწევდა ბრძოლა სამშობლოს დასაცავად, საქართველომ შეძლო მთელი ისტორიის მანძილზე საუკეთესო მაგალითი ეჩვენებინა იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთარი მეობის, სარწმუნოებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის პარალელურად სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისადმი ტოლერანტობის გამოჩენა. ჩვენთან არასდროს ჰქონია ადგილი ეთნიკური და სარწმუნოებრივი ნიშნით დევნას, რაც, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა ქართულმა ხასიათმა და მასთან შერწყმულმა მოციქულთა მიერ ნაქადაგებმა ქრისტიანულმა აღმსარებლობამ. სწორედ მან განსაზღვრა ჩვენი ცხოვრების, აზროვნებისა და ურთიერთობების წესი. სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისადმი პატივისცემა და მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპი დღესაც ჩვენი ყოფის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა; თუმცა სხვა პრობლემები მრავლად გვაქვს. ამჟამად საქართველოში, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის სხვა ორ რესპუბლიკაში, არის სიტუაცია, რომელსაც ვერც მშვიდობიანს ვუწოდებთ და ვერც საომარს. სულ მცირედი ბიძგიც კი შეიძლება აქ სისხლისღვრის მიზეზად იქცეს. ისევე, როგორც შესაძლოა, გონივრულად წარმოებულმა პოლიტიკამ ნამდვილი მშვიდობისათვის მიგვაღწევინოს. ამიტომაც ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება და აზრების ურთიერთგაზიარება მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. მართალია, ამა თუ იმ ქვეყანაში, ანდა ქვეყნებს შორის ომისა და მშვიდობის პრობლემას ძირითადად პოლიტიკოსები წყვეტენ, მაგრამ იქ, სადაც მშვიდობის დამყარების და სამართლიანობის აღდგენის სურვილი რეალურია, რელიგიურ მოღვაწეებსაც ბევრი რამის გაკეთება ძალუძთ, მაგრამ აუცილებელია ხელშემწყობი ფაქტორების არსებობა: თუ ჩვენ შევძლებთ ადამიანების სულიერად და ზნეობრივად სწორად აღზრდას, მშვიდობიან თანაარსებობას მივაღწევთ; მაშინ არც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით და არც ტერორიზმის პრობლემა იქნება ასე მწვავე. ერთი შეხედვით თითქოს ადვილია ამის განხორციელება, რადგან თითქმის ყველა ძირითადი რელიგია სიკეთეს და შემწყნარებლობას ქადაგებს და მათ მიმდევართა რიცხვიც მრავლადაა მსოფლიოში, მაგრამ შედეგი არ არის სასურველი, რადგან სხვა და სხვა რელიგიებსა და კულტურებში არსებობენ ისეთი ჯგუფები, რომელნიც სულიერად ასაზრდოებენ ტერორისტულ ორგანიზაციებს, ხელს უწყობენ შიდა დაპირისპირებებს, ხოლო დიდი რელიგიების როლი დღემდე არ არის სათანადოდ გამოყენებული, პასიურია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გავლენაც ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ხხჳ საუკუნის დასაწყისში კვლავ აქტუალურია ცივილიზაციათა დიალოგის ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც ხალხებს საშუალებას მისცემს გააერთიანონ ძალები გლობალური და ლოკალური საკითხების გადასაჭრელად. დღეს უკვე ყველამ გაიგო, რომ წავიდა დრო პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტისა. დღეს მას უკვე ცვლის ეკონომიკური და კულტურული ფაქტორები, თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა დიდი სიფრთხილის გამოჩენა, რათა ისინი არ იქცნენ მორიგი დაპირისპირების საფუძვლად, არამედ ხელი შეუწყონ კულტურათა ურთიერთგამდიდრებისა და ეკონომიკური ურთიერთსარგებლიანობის პროცესს. ეს პრინციპი უნდა იქნას გამოყენებული იმ საკითხის გადაწყვეტისასაც, რასაც ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩემს ქვეყანას გარეშე ძალებმა ხელოვნურად მოახვიეს თავს ეთნოკონფლიქტები, დაიღვარა ძმათა სისხლი. ამასთან, სახეზე გვაქვს ეთნიკური და რელიგიური (იგულისხმება საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახურების გამოდევნა) წმენდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რის შედეგადაც უკვე 14 წელია 300 000-ზე მეტი ქართველი თავისი მკვიდრი მიწიდანაა გაძევებული. მართალია, ყველა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ დე-იურე დე-ფაქტოდ არ იქცა. თანამედროვე მსოფლიომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ასეთი სახის ლოკალური კონფლიქტების მოგვარებასაც, რათა არ მოხდეს მისი გადაზრდა გლობალურ უთანხმოებაში. ამ საქმეში კი პოლიტიკოსებთან ერთად თავისი სიტყვა რელიგიის წარმომადგენლებმაც უნდა თქვან და თავის მხრივ აქტიურად შეუწყონ ხელი ერთა შორის ნდობისა და ურთიერთპატივისცემის აღდგენას. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს არჩევანი იმისა, უპირველეს ყოვლისა უნდა ვიყოთ სულიერად, კულტურულად, ინტელექტუალურად განვითარებული პიროვნებანი, თუ ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მიღებული გადაწყვეტილება განსაზღვრავს, თუ როგორი საზოგადოება და როგორი სახელმწიფო გვექნება; გლობალური მასშტაბით კი იგი განაპირობებს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის ურთიერთობებს. და რადგანაც სწორი პასუხის გაცემა რელიგიების პრეროგატივაა, კაცობრიობის მშვიდობიანი ცხოვრების გასაღები მნიშვნელოვანწილად რელიგიურ ლიდერებსაც უპყრიათ ხელთ. ამას თანამედროვე მსოფლიო უკვე აცნობიერებს; ეს ფორუმიც ამის დადასტურებაა. ერთხელ კიდევ მოგესალმებით ყველას და გისურვებთ წარმატებებს ღვთისსათნო მიზანთა განხორციელებაში. ჩემი მიმართვა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით მსურს დავამთავრო: `უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით~. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 11:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი