IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საიდან წარმოიშვა ნოდის ქვეყნის ხალხი
arcivi9
პოსტი Oct 26 2011, 10:00 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



ძველი აღთქმა
დაბადება
თავი მეოთხე

1. შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან.
2. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი - მიწის მუშაკი.
3. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი.
4აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს.
5. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა.
6. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი?
7. თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.
8. უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა.
9. უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ.
10. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.
11. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან.
12. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე.
13. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი:
14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.
15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.
16. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
17. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი.
18. შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი.
19. მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.
20. შვა ყადამ იაბალი. იგი იყო კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა.
21. მის ძმას ერქვა იუბალი; იგი იყო მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.
22. შვა ცილამაც - თუბალ-კაენი, რვალისა და რკინის საჭურველთა მჭედელი. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა.
23. უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი - ჩემდა ჭირად.
24. თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაშვიდმეტგზის მიეზღვებათ.
25. კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა.
26. შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება.

მეოთხე თავამდე აღწერილია სამყაროს და ადამის და ევის შექმნის და პირველყოფილი ცოდვის ამბავი, ხოლო ამ თავში კი კაენის და აბელის ამბავი, მაგრამ მე რა მინდოდა გამეგო: საიდან წარმოიშვა ეს ნოდის ქვეყნის ხალხი, ისინი ხომ აშკარად არ იყვნენ ადამის და ევას შთამომავლები, მაშ საიდან გაჩნდნენ? ისინიც ცოდვილები იყვნენ თუ არა? ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს „იგი ყოველ შემხვდურს“, აშკარად გამოდის რომ ადამი და ევა მარტონი არ ყოფილან?

შემდეგი შეკითხვა. ადამის და ევას შთამომავალი იყო ნოე რომლის დროს მოხდა წარღვნა, საინტერესოა კაენის შთამომავლობა სადღა გაქრა? მე იქნება რამე გამოვტოვე მაგრამ 4-6 თავებში მათზე მგონი არაფერი წერია, რა ბედია ეწია მათ?

და კიდევ:
1. როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ,
2. დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.
3. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი.
4. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.

ვინ იგულისხმებიან „ღვთისშვილებში“? ადამის და ევას შთამომავლები? „ადამიანთა ასულები“ ვიღა არიან? კაენის და ნოდის ქვეყნის ხალხის შთამომავლები? ეს ბუმბერაზები ვიღა არიან? თუ არ ვცდები ისინი ბიბლიაში არც აქამდე არიან ნახსენები და არც ამის მერე, რატომ ზის ეს მუხლი აქ? რას ნიშნავს „ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი“? ადამ და ევაზე ძველები არიან? ბოლოსდაბოლოს ადამიანის (და ადამიანისმგვარი არსებების-„ბუმბერაზები იყვნენ“ ანუ ზომით მაინც განსხვავდებოდნენ ადამის და ევას (და პლიუს ნოდის ქვეყნის ხალხის) შთამომავლებისგან) რამდენი შტო იყო დედამიწაზე? ან მორწმუნე ხალხი რატომ უყურებს ხოლმე ამრეზით ადამიანისმაგვარი არსებების ნაშთების არსებობას? ხომ შეიძლება ნოდის ხალხი (იმ ბუმბერაზებზე რომ არაფერი ვთქვათ) ფიზიკურად ადამის და ევას შთამომავლებისგან ცოტათი განსხვავებულები ყოფილიყვნენ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Dec 1 2011, 01:43 PM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



arcivi9
ციტატა
მეოთხე თავამდე აღწერილია სამყაროს და ადამის და ევის შექმნის და პირველყოფილი ცოდვის ამბავი, ხოლო ამ თავში კი კაენის და აბელის ამბავი, მაგრამ მე რა მინდოდა გამეგო: საიდან წარმოიშვა ეს ნოდის ქვეყნის ხალხი, ისინი ხომ აშკარად არ იყვნენ ადამის და ევას შთამომავლები, მაშ საიდან გაჩნდნენ? ისინიც ცოდვილები იყვნენ თუ არა? ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს „იგი ყოველ შემხვდურს“, აშკარად გამოდის რომ ადამი და ევა მარტონი არ ყოფილან?


წმ. წერილში არ არის ნათქვამი, რომ "ნოდის ქვეყანა" ადამიანებით იყო დასახლებული. ნეტ. თეოდორიტეს განმარტებით "ნოდი" რყევას, ცახცახს ნიშნავს. ანუ ეს იყო არამყარი, ჩვენი ენით რომ ვთქვათ, ტექტონურად არამდგრადი ადგილი, სადაც ხშირი იყო მიწისძვრები. წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "როდესაც კაენმა ისმინა უფლის განაჩენი, "გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა" (დაბ. 4:16). რას ნიშნავს: "გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა"? ეს, ნიშნავს, რომ ის მოაკლდა უფლის მფარველობას იმ საძაგლობისთვის, რაც ჩაიდინა. "დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა". წმიდა წერილი გვამცნებს იმ ადგილის შესახებაც, სადაც კაენი დასახლდა და აჩვენებს, რომ მანაც სამოთხის შორიახლო დაიმკვიდრა, იმისთვის, რათა მარადის ხსომებოდა ის, თუ რა შეემთხვა მის მამას მცნების გარდახდომის გამო და ძმის მკვლელობისთვის თვითონაც როგორ დაისაჯა. ასეთი სასჯელი დაიმსახურა მან კიდევ იმიტომ, რომ გონს არც იმის შემდეგ მოეგო, რაც შეიტყო მამის სასჯელი, რომელიც სამოთხიდან განიდევნა.

და თვით ადგილი, სადაც ის დასახლდა, გამუდმებით მოაგონებდა არა მარტო მას, არამედ ყველა მის შემდგომ მცხოვრებ ადამიანს, ძრწოლასა და ცახცახს, რადგან "ნოიდი" (ნოდი) არის ებრაული სიტყვა, რომელიც მომდინარეობს ზმნისგან "ნუდ" რაც რყევას ნიშნავს. ხოლო მისგან ნაწარმოები არსებითი სახელი "ნოდი" განდევნას ნიშნავს.

ამრიგად, უფალმა ის ასეთ ადგილას იმიტომ დაასახლა, რომ თვით ადგილის სახელწოდებითაც კი მარადის მხილებულიყო და ჩადენილი დანაშაულიც ხსომებოდა" (Беседы на книгу Бытия, беседа 20).

ციტატა
ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს „იგი ყოველ შემხვდურს“, აშკარად გამოდის რომ ადამი და ევა მარტონი არ ყოფილან?


მოკლედ რომ ვთქვათ აქ იგულისხმებიან როგორც ადამიანები, ასევე ცხოველები. კაენს ისეთი ნიშანი დაადო ღმერთმა, რომ მისი ცნობა შეეძლო ყველას ვინც შეხვდებოდა.

ციტატა
შემდეგი შეკითხვა. ადამის და ევას შთამომავალი იყო ნოე რომლის დროს მოხდა წარღვნა, საინტერესოა კაენის შთამომავლობა სადღა გაქრა? მე იქნება რამე გამოვტოვე მაგრამ 4-6 თავებში მათზე მგონი არაფერი წერია, რა ბედია ეწია მათ?


წმიდა წერილიდან ვიცით, რომ წარღვნის შემდეგ არავინ გადარჩა ნოეს ოჯახის გარდა, რომელიც კიდობანში იყო.

ციტატა
და კიდევ:1. როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ,2. დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. 3. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. 4. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი. ვინ იგულისხმებიან „ღვთისშვილებში“? ადამის და ევას შთამომავლები? „ადამიანთა ასულები“ ვიღა არიან? კაენის და ნოდის ქვეყნის ხალხის შთამომავლები? ეს ბუმბერაზები ვიღა არიან? თუ არ ვცდები ისინი ბიბლიაში არც აქამდე არიან ნახსენები და არც ამის მერე, რატომ ზის ეს მუხლი აქ? რას ნიშნავს „ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი“? ადამ და ევაზე ძველები არიან? ბოლოსდაბოლოს ადამიანის (და ადამიანისმგვარი არსებების-„ბუმბერაზები იყვნენ“ ანუ ზომით მაინც განსხვავდებოდნენ ადამის და ევას (და პლიუს ნოდის ქვეყნის ხალხის) შთამომავლებისგან) რამდენი შტო იყო დედამიწაზე? ან მორწმუნე ხალხი რატომ უყურებს ხოლმე ამრეზით ადამიანისმაგვარი არსებების ნაშთების არსებობას? ხომ შეიძლება ნოდის ხალხი (იმ ბუმბერაზებზე რომ არაფერი ვთქვათ) ფიზიკურად ადამის და ევას შთამომავლებისგან ცოტათი განსხვავებულები ყოფილიყვნენ?


ეს ძალზედ საინტერსო და არცთუ იოლად გადასაწყვეტი საკითხია. კლასიკური, ეკლესიური პასუხი ამ შეკითხვაზე ასეთია:

ნეტ. თეოდორიტე:

Эზოგიერთი უგუნური და უკიდურესად გამოთაყვანებული ადამიანები ვარაუდობდნენ, რომ ესენი იყვნენ ანგელოზები, რადან ალბათ ფიქრობდნენ, რომ ამით გამართლებას მოუძებნიდნენ თავიანთ თავშეუკავებლობას, თუკი იმავე ცოდვაში დაადანაშაულებდნენ ანგელოზებს. მაგრამ უნდა მოუსმინონ მათ იმას თუ რას ამბობს ყოვლისშემოქმედი ღმერთი: "არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ" (დაბ. 6:3), - და გულისხმაყონ აქედან, რომ ანგელოზუს ძალთა ბუნებას არ გააჩნია არც ხორცი, არც დროით შემოსაზღვრული ცხოვრება, რადგან ისინი შექმნილნი არიან უკვდავებად. იგივე აზრია შემდგომ სიტყვებშიც: " ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა. და შეიგონა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა, და განიგონა. და თქუა ღმერთმან:აღვჴოცო კაცი, რომელი შევქმენ პირისაგან ქუეყანისა კაცთაგან მიპირუტყუთამდე და ქუეწარმავალთაგან მფრინველთამდე ცისათა, რამეთუ შევინანე, რამეთუ შევქმენ იგინი" (დაბ. 6:5-8). და ნოესაც უთხრა: "ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა. მათგან. და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა" (დაბ. 6:13). ეს ყოველივე აჩვენებს, რომ ღვთის შვილები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც შეიყვარეს უსჯულო ცხოვრება.

ანგელოზები რომ შერევნულიყვნენ კაცთა შვილებთან, მაშინ ადამიანები უსამართლობას შეეყრებოდნენ ანგელოზთაგან იმაში, რომ მათ ძალით გახრწნეს კაცთა შვილები, ასევე უსამართლობა იქნებოდა ეს ღმრთის მხრიდან, რაკიღა სასჯელი დაატყდებოდათ ანგელოზთა ვნების გამო. მაგრამ ამგვარის თქმას, ვფიქრობ, თვით სიცრუის მამაც კი ვერ გაბედავს. რადგან საღმრთო წერილი მრავალგზის უთითებს, რომ შესცოდეს ადამიანებმა და ღმრთის მსჯავრიც ადამიანებს დაატყდათ თავს.

მრავალთა უცოდინრობა კი გამოწვეულია წმიდა წერილის ზერელე კითხვით. იმის შემდეგ, რაც წმიდა მწერალმა თქვა, რომ ადამმა შვა შეთი, ხოლო შეთმა - ენოსი, დაამატა: "ესე ესვიდა ხადად სახელსა უფლისა ღმრთისასა" (დაბ. 4:26). აკილამ ეს ადგილი ასე გადათარგმნა: "მაშინ დაიწყეს უფლის სახელის ხმობა". ეს კი გვაძლევს უფლებას გულისხმავყოთ, რომ თავისი ღვთისმოსაობისთვის ენოსმა პირველმა მიიღო ღვთაებრივი სახელწოდება და ნათესავები მას ღმერთსაც კი უწოდებდნენ, რაც მის შთამომავლობაზეც გავრცელდა და იწოდებოდნენ ღვთისშვილებად, როგორც ჩვენ, ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს სახელის მიხედვით ვიწოდებით, ქრისტეანებად. თუ ვინმე არ მიიღებს ამ განმარტებას, რადგან ასე გადათარგმნა აკილამ, მაშინ მან ისმინოს წინასწარმეტყველ დავითის პირით თქმული ღვთის სიტყვა: "მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ" (ფსალმ. 81:6) და კიდევ: "ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს" (ფსალმ. 81:1); ასე კი უწოდებს თავადთ, როგორც ეს ჩანს შემდეგი სიტყვებიდან: "ვიდრემდის შჯიდეთ სიცრუესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა? უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, და მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ" (ფსალმ. 81:2-3). და კიდევ: "ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა..." (ფსალმ. 49:1); ცხადია, რომ ღმერთმა ასე უწოდა მათ, ვინც ამგვარი სახელწოდების ღირსი მადლით შეიქნა. ასევე სჯულმდებელი ამბობს: "ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა და მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი" (გამ. 22:28).

ასევე, შეთის შთამომავალნიც, როგორც ღვთისმოსავნი, იწოდებოდნენ ღვთისშვილებად, რადგან შეთის მოდგმა გამოყოფილი იყო და არ შეერეოდა მოდგმას კაენისას იმ წყევლის გამო, ღმერთმა რომ დაადო მას აბელის მოკვლისთვის. მაგრამ დიდი დროის შემდეგ (რადგან წარღვნა ღმერთმა კაცობრიობას მოუვლინა ორი ათას წელზე მეტი ხნის შემდეგ), "დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა" (დაბ. 6:2). სავარაუდოდ, ისინი ცთუნდნენ კაენის მოდგმაში გამოგონილი მუსიკალური ინსტრუმენტების მეშვეობით, რადგან კაენის შთამომავალმა იობალმა (იუბალმა) გამოაჩინა პირველად "საფსალმონი და ებანი" (დაბ. 4:21).

ასე შეერივნენ შეთის შთამომავალნი კაენისას და გახრწნეს თავიანთი კეთილშობილება, ამიტომაც დაექვემდებარნენ იმას, რასაც ისრაელიტელნი, რომლებიც შეერივნენ მადიანელთა ქალიშვილებს, ეზიარნენ მათ უკეთურებას და დაისაჯნენ ღმრთისგან. ამ უკანასკნელებზე ღვთაებრივი დავითი ბრძანებს: "და აერინეს წარმართთა და ისწავლნეს საქმენი მათნი; და ჰმონეს კერპთა მათთა, და ექმნა მათ იგი საცთურ" (ფსალმ. 105:35-36).

ასევე ისინიც, ვინც შეთის მოდგმისა იყო, როგორც ღვთისმოსაობის დამცველი, ოდითგანვე ღვთისშვილად იწოდებოდნენ, მაგრამ რაკიღა უსჯულო დედაკაცთა სილამაზით მოიხიბლნენ, შეურიეს დაშორიშორებული თაობები და ნაყოფად მოიმკეს სიკვდილი და წარწყმედა.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ღვთის სიტყვა მათ უბრალოდ ცოდვაში კი არ ადანაშაულებს, არამედ უსჯულოებაში, რომელსაც მთელის მონდომებით მიეძალნენ. ეს გამოიხატება სიტყვებით: "... განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა" (დაბ. 6:5). რადგან, ის, ვინც უდებების გამო ძლეულია ვნებათა მიერ და ცოდვაში ვარდება, შემდეგ კი ინანიებს თავის ცოდვას და გოდებს, შეწყალებულ იქნება ღმრთისგან, მაგრამ ის, ვინც სრულიად მიცემია გარყვნილებასა და ვნებებს და საკუთარი გონება ვნებათა მონა გაუხდია ისე, რომ თვითონ იგონებს გარყვნილების ახალ და ახალ სახეობებს, და აკეთებს ამას არა ერთხელ და ორჯერ, არამედ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, არის კი ღირსი წყალობისა?" (იქვე. კითხვა 48).

ნეტ. თეოდორიტე:

"ბუმბერაზებში" ზოგიერთი გულისხმობს ხანგრძლივად მცხოვრებთ, ზოგიერთი კი ღმრთისმოძულე და ღმრთისმოწინააღმდეგე ადამიანთ. თუმცა ასე მოაზროვნენი არ ვარაუდობენ, რომ ბუმბერაზები აღემატებოდნენ სხვა ადამიანებს თავიანთი სხეულებრივი სიდიდით. მაგრამ, როდესაც მესმის თუ რას ამბობს წმიდა წერილი ყანაკის შვილებზე (რიცხვ. 13:34) და ოგზე, რომელიც იყო რეფაიმთა მოდგმისგან და რომლის რკინის საწოლის სიგრძე იყო ათი წყრთა, სიგანე კი ოთხი წყრთა (იხ. მეორე რჯლ. 3:11); როდესაც მესმის, როგორ ამბობს თვითმხილველი: "კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდითო მათ თვალში" (რიცხვ. 13:34) - და ღმერთიც ადასტურებს ამ სიტყვებს და ამბობს: "მე აღვიღე ამორრეველი პირისაგან მათისა, რომლისა იყო, ვითარცა სიმაღლე ნაძჳსაჲ, სიმაღლე მისი. და ძლიერ იყო ვითარცა მუხა" (ამოსი 2:9); როდესაც მესმის გოლიათზე, რომლის სიმაღლე იყო "ექუს წყრთა და მტკაველი" (1 მეფ. 17:4), ვფიქრობ, - ბუმბერაზები ერთგვარი დიდი სიმაღლის მქონე ადამიანები იყვნენ.

ღმერთმა ყოველივე ბრძნულად მოაწყო, რადგან მიგვანიშნა, რომ განა უძლურების გამო მისცა ადამიანებს ჩვეულებრივი ზომა სხეულისა (მისთვის ხომ უადვილესი იყო უზარმაზარი სხეულების მქონე კაცთა შექმნაც), არამედ იმთავითვე აღმოფხვრა ქედმაღლობა და ამპარტავნება, როდესაც ადამიანებს დიდი სიმაღლე არ უბოძა; რადგან, თუკი ამ მცირე ზომის სხეულებში ასე ამპარტავნებენ და ჩაგრავენ ერთურთს, და ქედმაღლობენ არა ერთმანეთის, არამედ თვით ღვთის წინაშეც, რას არ იზამდნენ ისინი დიდი ძალა და დიდი სხეულები რომ ჰქონოდათ?" (იქვე. კითხვა: 49).

წმ. კირილე ალექსანდრიელი:

წერილი ამბობს: "როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი" (დაბ. 6:1-4).

იმის შემდეგ, რაც კაცთა მოდგმა ძლიერ გამრავლდა, "ღვთისშვილები", ნათქვამია, ხორციელი ვნებით აღიძრნენ კაცთა ასულების მიმართ და "მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა". ჩვენ ვიცით, რომ ბიბლიის ზოგიერთ ხელნაწერში ასე წერია: "დაინახეს ანგელოზებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები" (ასეთ წაკითხვას უჭერს მხარს ბერძნული ბიბლიის ზოგიერთი კოდექსი თუმცა, კოდექსთა უმრავლესობაში "ღვთის შვილები" წერია. იხ. http://tvorenia.russportal.ru/index.php?id...lum.v.k_02_0412 ).

შემდეგ, ზოგიერთი უარყოფს ანგელოზთა მიდრეკილებას ხორციელი სიამოვნებისკენ, მაგრამ ამ ბილწ ვნებაში ადანაშაულებს დაცემულ ანგელოზებს, რომლებმაც "არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა" (იუდ. 1:6). მე კი ვეთანხმები იმათ აზრს, რომ მართალია, დემონებს ახასიათებს ყოველგვარი სულიერი ვნება, მაგრამ უგუნურება იქნებოდა და საღ აზრთან სრულიად შეუსაბამო ამგვარი საქმე მათთვის მიგვეწერა. ჩვენი მიზანია დაწერილში დავინახოთ ჭეშმარიტება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყოველგვარი უბედურება დემონთა ხროვას როდი უნდა მივაწეროთ... ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვათავისუფლებთ მათ ამ ვნებისგან, რადგან ისინი ბილწნი და ყოველგვარი სისაძაგლისკენ მიდრეკილნი არიან, მაგრამ, რამდენად სწორია, რომ სწორედ ისინი შეერეოდნენ დედაკაცებს, ხოლო დედაკაცები უშობდნენ მათ ბუმბერაზებს, უზარმაზარ ურჩხულთ, თუმცა მაინც გონიერ ადამიანთ? სრულიად უხორცო სულთაგან, რამდენად შესაძლებელია დედაკაცმა შვას შთამომავლობა?

მეზღაპრეობს ზოგიერთი და თავისი მჭევრმეტყველებითა და ფილოსოფოსობით ფარავს იმას, რაც შეუძლებელია: რადგან ადამიანთაგან წარმოქმნილ ბოროტებას ისინი დემონურად მიიჩნევენ და მათ აბრალებენ დედაკაცთა დაორსულებას. ჩვენ კი მათ შეხედულებას მივიჩნევთ სისულელედ და სრულ უმეცრებად, რადგან რაც არ გამოუთქვამს და არ უსწავლებია წმიდა წერილს, ჭეშმარიტებად ვერ მივიღებთ. წერილში წერია: "დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა". ამ ადგილის სწორად გაგებაში განგვამტკიცებს სხვა მთარგმნელთა განმარტება. მაგალითად, აკილა ამბობს: "დაინახეს ღმერთთა შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები". სიმახოსი კი "ღმერთთა შვილების" ნაცვლად თარგმნის: "შვილებმა მბრძანებელთა".

ხოლო "მბრძანებელთა", ანუ "ღმერთთა" შვილებს ისინი უწოდებდნენ შეთისა და ენოსის შთამომავალთ, მათთვის დამახასიათებელი სიწმიდისა და ღმრთისადმი სიყვარულის გამო; და კიდევ იმიტომ, რომ ისინი ძალმოსილნი იყვნენ დაემარცხებინათ ნებისმიერი წინააღმდგომი, რაშიაც სამართლიანად შეეწეოდა მათ თვით ღმერთი და მით, აშკარად და ცხადად აჩვენებდა ამ მოდგმის სიწმიდესა და უბიწობას. ეს მოდგმა არ ერეოდა კაენისა და ლამექის მოდგმას, რომელიც მამის კვალობაზე, მკვლელიც კი გახდა; რადგან თვითონ აღიარა: "მამაკაცი მოვკალ წყლულებად ჩემდა და ჭაბუკი საგუემელად ჩემდა" (დაბ. 4:23)". მანამ, სანამ შეთის შთამომავალი წმიდა მოდგმა იყო თავისთვის და არ შეერეოდა უარესს, მისი სილამაზე და ღვთისმოსაობა ბრწყინავდა ღმრთის წინაშე წრფელი სიწმიდით და ქმნიდა მათ საკვირველად.

მაგრამ, როდესაც ისინი შთავარდნენ ხორციელ ვნებებში და გატაცებულ იქმნენ დედაკაცთა სილამაზით, მიიდრიკნენ უსჯულოებისკენ და "მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა", ანუ დედაკაცები კაენის მოდგმისგან. მართალია, "ღმერთებად", "ღმრთის შვილებად" და "მბრძანებლებად" იწოდებოდნენ, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ მიიდრიკნენ კაენიტების ზნე-ჩვევისკენ და მიეძალნენ სამარცხვინო ვნებას. ამიტომაც, იმდროინდელ წმიდა კაცთა თავშეუკავებლობის გამო, რომლებიც მიეცნენ მრუშ გულითქმებსა და სიძვას, ისე დაამახინჯა ღმერთმა მათი მოდგმის სხეულებრივი წყობა და სილამაზე, რომ მათი ცოლები შობდნენ ურჩხულებსა და ბუმბერაზებს, ანუ ველური და გაუგონარი ძალის ადამიანებს, გამორჩეულთ სიმახინჯითა და სიმაღლით.
უნდა ვიცოდეთ, რომ დიდი ძალის მქონე ადამიანთ ღვთივსულიერი წერილი ჩვეულებისამებრ უწოდებს ბუმბერაზთ. მაგალითად, წინასწარმეტყველის პირით სპარსელებსა და მიდიელებზე ნათქვამია: "მოვუხმე კიდეც ჩემს ბუმბერაზთ (ძვ. ქართ. "გმირნი") ჩემი რისხვისათვის, ჩემი სიდიადით მოზეიმეთ" (ესია 13:3).

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ადრინდელ მამებს და საეკლესიო მწერლებს სხვაგვარაი შეხედულება გააჩნდათ ამ საკითხზე. მაგალითად, ტერტულიანე, ორიგენე, ნეტ. იერონიმე და სხვები ფიქრობდნენ, რომ "ღვთისშვილები" იყვენენ ანგელოზები. თუ ეს ვერსია სწორია, მაშინ "ბუმბერაზები" ("გიგანტები") გამოდის ჰიბრიდული რასა.

ეკლესიის გვიანდელი მამები (თეოდ. ოქროპირი, კირ. ალექს.) ამგვარ შესაძლებლობას არ უშვებდნენ ანგელოზთა უხორცო და უსქესო ბუნების გამო. თუმცა პირვანდელი ვერსიის მომხრეებს (ცხადია აქ უკვე დღევანდელობას ვგულისხმობ) სხვადასხვა არგუმენტები გააჩნიათ ამ პრობლემის გადასაჭრელად. თუმცა ეს უკვე საუბრის სხვა თემაა.

იმედია, თქვენს კითხვებს პასუხი გავეცით.

პატივისცემით: "ძველმართლმადიდებელი".



--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
arcivi9   საიდან წარმოიშვა ნოდის ქვეყნის ხალხი   Oct 26 2011, 10:00 PM
აკაკი   "კაენის მოდგმა და...   Oct 26 2011, 10:30 PM
A.V.M   ისე რამოდენიმმე ხნ...   Oct 26 2011, 11:13 PM
terra   მოკლედ ის კაცი ფიქ...   Oct 26 2011, 11:13 PM
A.V.M   deux ex maxines   Oct 26 2011, 11:15 PM
terra   deux ex maxines deus ex machina :დიახ:   Oct 26 2011, 11:19 PM
A.V.M   tempora mutantur et nos mutantur in illis. მე...   Oct 26 2011, 11:25 PM
terra   გენიალური ენაა ლათ...   Oct 26 2011, 11:30 PM
A.V.M   ეგრეა.ეს სიტყვები ...   Oct 26 2011, 11:34 PM
terra   homo hominy lupus est. კაი სიტყ...   Oct 26 2011, 11:39 PM
ქევანა   arcivi9 ეჰა, საინტერესო ...   Oct 27 2011, 12:14 PM
zaz   arcivi9 ადამის სხვა შთა...   Oct 27 2011, 01:13 PM
arcivi9   zaz მათზე რატომ არ წე...   Oct 27 2011, 05:40 PM
zaz   arcivi9 ბიბლია დუმს გარ...   Oct 27 2011, 08:17 PM
arcivi9   arcivi9 ბუმბერაზები იყ...   Oct 30 2011, 08:30 PM
zaz   arcivi9 დაბ. 6,4: ბუმბერაზ...   Oct 30 2011, 09:18 PM
arcivi9   [b]arcivi9 დაბ. 6,4: ბუმბერა...   Nov 7 2011, 10:27 PM
zaz   arcivi9 მანდ ბუმბერაზე...   Nov 8 2011, 11:20 AM
arcivi9   zaz მე მგონია რომ აქა...   Nov 9 2011, 12:10 AM
zaz   arcivi9 ბიბლიის პირდაპ...   Nov 9 2011, 02:21 PM
arcivi9   zaz კაი ხანია ამის გა...   Nov 27 2011, 12:49 AM
mevar   მე პირადად გირჩევ ...   Nov 27 2011, 04:46 PM
zaz   arcivi9 ყველაზე უხიფათ...   Nov 27 2011, 05:08 PM
arcivi9   mevar მაგ ტექსტებში ად...   Nov 28 2011, 05:09 PM
zaz   arcivi9 აქ ნახე განმარტ...   Nov 28 2011, 05:16 PM
mevar   arcivi9 თუ დაინტერესებ...   Nov 29 2011, 12:52 PM
dzvelmartlmadidebeli   arcivi9 წმ. წერილში არ ა...   Dec 1 2011, 01:43 PM
ქევანა   ლოპუხინთან წერია მ...   Dec 4 2011, 11:07 PM
arcivi9   dzvelmartlmadidebeli არა მგონია...   Dec 5 2011, 12:31 AM
dzvelmartlmadidebeli   arcivi9 ე. ი. თქვენ გსურ...   Dec 8 2011, 01:05 AM
qetevano   ბოჯე მოი რა   Oct 2 2013, 03:56 PM
A.V.M   qetevano არ იცოდი აქამომ...   Oct 3 2013, 12:42 AM
G_saxva   qetevano ეჰ კიდე რამდენი...   Oct 3 2013, 09:07 AM
qetevano   A.V.M G_saxva ხოოო მე "სულ ...   Oct 3 2013, 09:43 AM
G_saxva   A.V.M G_saxva ხოოო მე "სულ...   Oct 3 2013, 10:04 AM
A.V.M   G_saxva იესო რომ მეგრულ...   Oct 3 2013, 11:09 PM
qetevano   კარგით ახლა გეყოთ. :...   Oct 3 2013, 11:12 PM
G_saxva   კარგით ახლა გეყოთ. ...   Oct 3 2013, 11:21 PM
qetevano   G_saxva მე რომ მაქვს თავ...   Oct 3 2013, 11:23 PM
G_saxva   G_saxva მე რომ მაქვს თა...   Oct 4 2013, 09:06 AM
afxazi   შანკარა სულ არ მეზ...   Jun 14 2014, 10:35 PM
abo   არეულობააა??   Jul 17 2014, 09:05 PM
A.V.M   abo არა... უბრალოდ , ერთ...   Jul 17 2014, 11:34 PM
Giorgi Kadagishvili   აკაკი იობი 1-6 6. ერთ დ...   Feb 23 2015, 03:04 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 02:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი