![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
arcivi9 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 ![]() |
ძველი აღთქმა
დაბადება თავი მეოთხე 1. შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან. 2. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი - მიწის მუშაკი. 3. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი. 4აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. 5. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. 6. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? 7. თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე. 8. უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა. 9. უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ. 10. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. 11. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. 12. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე. 13. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი: 14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. 15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს. 16. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. 17. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი. 18. შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი. 19. მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს - ცილა. 20. შვა ყადამ იაბალი. იგი იყო კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა. 21. მის ძმას ერქვა იუბალი; იგი იყო მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა. 22. შვა ცილამაც - თუბალ-კაენი, რვალისა და რკინის საჭურველთა მჭედელი. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა. 23. უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი - ჩემდა ჭირად. 24. თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაშვიდმეტგზის მიეზღვებათ. 25. კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა. 26. შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება. მეოთხე თავამდე აღწერილია სამყაროს და ადამის და ევის შექმნის და პირველყოფილი ცოდვის ამბავი, ხოლო ამ თავში კი კაენის და აბელის ამბავი, მაგრამ მე რა მინდოდა გამეგო: საიდან წარმოიშვა ეს ნოდის ქვეყნის ხალხი, ისინი ხომ აშკარად არ იყვნენ ადამის და ევას შთამომავლები, მაშ საიდან გაჩნდნენ? ისინიც ცოდვილები იყვნენ თუ არა? ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს „იგი ყოველ შემხვდურს“, აშკარად გამოდის რომ ადამი და ევა მარტონი არ ყოფილან? შემდეგი შეკითხვა. ადამის და ევას შთამომავალი იყო ნოე რომლის დროს მოხდა წარღვნა, საინტერესოა კაენის შთამომავლობა სადღა გაქრა? მე იქნება რამე გამოვტოვე მაგრამ 4-6 თავებში მათზე მგონი არაფერი წერია, რა ბედია ეწია მათ? და კიდევ: 1. როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, 2. დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. 3. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. 4. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი. ვინ იგულისხმებიან „ღვთისშვილებში“? ადამის და ევას შთამომავლები? „ადამიანთა ასულები“ ვიღა არიან? კაენის და ნოდის ქვეყნის ხალხის შთამომავლები? ეს ბუმბერაზები ვიღა არიან? თუ არ ვცდები ისინი ბიბლიაში არც აქამდე არიან ნახსენები და არც ამის მერე, რატომ ზის ეს მუხლი აქ? რას ნიშნავს „ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი“? ადამ და ევაზე ძველები არიან? ბოლოსდაბოლოს ადამიანის (და ადამიანისმგვარი არსებების-„ბუმბერაზები იყვნენ“ ანუ ზომით მაინც განსხვავდებოდნენ ადამის და ევას (და პლიუს ნოდის ქვეყნის ხალხის) შთამომავლებისგან) რამდენი შტო იყო დედამიწაზე? ან მორწმუნე ხალხი რატომ უყურებს ხოლმე ამრეზით ადამიანისმაგვარი არსებების ნაშთების არსებობას? ხომ შეიძლება ნოდის ხალხი (იმ ბუმბერაზებზე რომ არაფერი ვთქვათ) ფიზიკურად ადამის და ევას შთამომავლებისგან ცოტათი განსხვავებულები ყოფილიყვნენ? |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
arcivi9
ციტატა სადღა მოძებნა კაენმა „თავისი დედაკაცი“? ე. ი. თქვენ გსურთ იკითხოთ: ვისზე დაქორწინდა კაენი? ამაზე წმ. მამები გვპასუხობენ: ნეტ. თეოდორიტე: "ცხადია, საკუთარ დაზე; და იმ დროს ეს არ ითვლებოდა ცოდვად, რადგან არანაირი სჯული ამას არ კრძალავდა. მეტიც, შეუძლებელი იყო სხვაგვარად კაცთა მოდგმის გამრავლება. ღმერთს კი ენება, რათა ერთი კაცისა და ერთი ქალისგან წარმომდგარიყო კაცთა მოდგმა, რათა, უპირველეს ყოვლისა სცოდნოდათ მათ თავიანთი ბუნების ერთობა, და კიდევ, როგორც წარმომდგარნი ერთი ძირისგან, ეცხოვრათ თანხმობით და ბედნიერად. რადგან, თუკი ამგვარი საღმრთო განგების შემდეგაც კლავენ ადამიანები თავიანთ თანამოძმეებს რომლებთანაც გააჩნიათ ბუნებითი იგივეობა, რას არ გააკეთებდნენ, განსხვავებული რომ ყოფილიყო მათი წარმომავლობა. ამიტომაც შექმნა ღმერთმა მიწისგან ერთი კაცი და მისი გვერდიდან კი ერთი დედაკაცი და მხოლოდ ამის შემდეგ, და მათ მიერ აღავსო დედამიწა. სწორედ ამ მიზნით დაუშვა მან თავიდანვე დისა და ძმის ქორწინებით შეერთება; ხოლო კაცთა მოდგმის გამრავლების შემდეგ, ასეთი ქორწინება აკრძალა. ამიტომაც, ნოესთან და მის შვილებთან ერთად, კიდობანში, მათი ცოლებიც იხსნა, რათა ნოეს შვილთაშვილებს, კაცთა მოდგმის გასამრავლებლად ბიძაშვილებზე ქორწინება შესძლებოდათ" (წმ. წერილის ძნელად გასაგებ ადგილთა განმარტება. კითხვა 44). წმ. იოანე ოქროპირი: "და იცნა კაინ ცოლი თჳსი. და მუცლად-მღებელმან შვა ენოს. და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თჳსისა ენოს" (დაბ. 4:17). სამოთხიდან განდევნილი და უკვე მოკვდავი ადამიანები, ბუნებრივია, ცდილობდნენ გამრავლებას. მაგრამ, შესაძლოა, ვინმემ იკითხოს: როგორ უნდა გამრავლებულიყვნენ კაცნი, თუკი წმიდა წერილი არსად ახსენებს ევას გარდა სხვა დედაკაცს? ნუ გიკვირთ, საყვარელნო, საღმრთო წერილს არ სჩვევია დედაკაცთა ზუსტი აღრიცხვა, არამედ, თავს არიდებს რა ზედმეტობას, მოკლედ მხოლოდ კაცებს ახსენებს და ისიც, ყველას არა. თანაც ძალზედ მოკლედ და კონკრეტულად, მაგალითად, რომ მავანმა გააჩინა ძენი და ასულნი და მოკვდა. ამ შემთხვევაშიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ევამ, კაენისა და აბელის შემდეგ გოგოც გააჩინა, რომელზეც დაქორწინდა სწორედ კაენი. რადგან ეს დასაბამში იყო, ხოლო რადგან კაცთა მოდგმა უნდა გამრავლებულიყო, ღმერთმა დაუშვა ძმისა და დის ქორწინება. ამიტომაც, წერილი, რომელიც გვთავაზობს თვითონ აღვავსოთ ის, რაც არ თქმულა, მხოლოდ ამბობს: "და იცნა კაინ ცოლი თჳსი. და მუცლად-მღებელმან შვა ენოს. და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თჳსისა ენოს" (დაბ. 4:17). იხილე, როგორ ბრძენდებიან კაცნი დროთა განმავლობაში. იმის შემდეგ, რაც მოკვდავნი გახდნენ, გაუჩნდათ სურვილი შთამომავლობაში შენარჩუნებულიყო მათდამი მარადიული ხსოვნა, რაც მათ მიერ შერქმეულ სახელწოდებებში მოიაზრებოდა. თუმცა, უფრო სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ ეს სახელები უფრო ჩადენილი ცოდვებისა და დაკარგული დიდების ხსოვნაა, რომელიც ერთ დროს ადამსა და ევას ჰქონდათ, რომელთაც არაფერი აკლდათ სამოთხეში და უფლობდნენ ყველას. "ხოლო შვა ენოს ღაიდად. და ღაიდად შვა მალელელ და მალელელ შვა მათუსალა. და მათუსალა შვა ლამექ" (დაბ. 4:18). ხედავ, როგორი სიმოკლით წარმოადგინა მოსემ კაენის შთამომავლობა, და ახსენა მხოლოდ კაცნი, დედაკაცთაგან კი არავინ ახსენა. კაენზეც ასე თქვა: "და იცნა კაინ ცოლი თჳსი", თუმცა არ გვიჩვენა საიდან მოიყვანა მან იგი, ზუსტად ასევე ამბობს აქაც: "და მოიყვანა ლამექ თავისა თჳსისა ორ ცოლ. სახელი ერთისა - ადა და სახელი მეორისა - სელა" და ამბობს: "და შვა ადა იობელ. ესე იყო მამაჲ მკჳდრთა კარვებისათა, საცხოვართმზრდელთა"(დაბ. 4:20). (Беседы на книгу Бытия, беседа 20) ციტატა ჰოდა ეს ადამიანები საიდანღა გაჩნდნენ? ვფიქრობ ამ შეკითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია. თუმცა, მცირედი რეზიუმეს სახით ვიტყვი: წმიდა მამათა განმარტებით ადამსა და ევას აბელისა და კაენის გარდა სხვა შვილებიც ჰყავდათ. მათზე წმიდა წერილი იმიტომ არ საუბრობს, რომ წერილს ჩვევია გადმოგვცეს ძირითადი მოვლენა, ის ძირითადი ხაზი, რომლითაც აღესრულა კაცობრიობის გამოხსნა ცოდვის წყევისგან. ამიტომაც, წმ. წერილი აჩვენებს მოვლენათა იმ ჯაჭვს, რომელიც მაცხოვართან, მის ჯვარზე ვნებასთან და კაცობრიობის გამოხსნასთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამისა და ევას შთამომავლობის გარდა (ან საერთოდ, ადამისა და ევას გარდა) სხვა ადამიანებიც არსებობდნენ. ამგვარი დაშვება აბსურდულია, რადგან ადამი და ევა პირველი და ერთადერთი ქმნილებებია, რომლებიც ღმერთმა თავის "ხატისაებრ და მსგავსებისაებრ" შექმნა. და ყველა ადამიანი, ვინც კი შემდგომად ქვეყნიერებას მოევლინა, სწორედ მათგან გაჩნდა. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი