IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პატრიარქის ეპისტოლეები
G_I_O_R_G_I_
პოსტი Apr 8 2007, 05:58 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე



„ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“
(აღდგომის საგალობელი)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო,
ზეციური სიხარულით აღვსილი გულითადად გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

ჰოი, დიდებულო პასექო ქრისტესო, მომნიჭებელო სიხარულისაო, განმაახლებელო სულისა, გულისა და გონებისა ჩვენისაო, დაადგერ ჩუენთანა, რათა გიცნათ შენ, უფალო, ვითარცა ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

მაშ, განვიწმიდოთ ბოროტებისაგან და მივეახლოთ დაუღამებელ ნათელს, „რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ და გვყოფს მეცნიერად კეთილისა და ბოროტისა.

უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, გუშინ ვგლოვობდით ვნებასა და ჯვარცმასა შენსა, დღეს კი - ვზეიმობთ სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველსა აღდგომასა შენსა;

ჰოი, ბოროტებავ, უძლურია ძალა შენი წინაშე ღვთისა!

ადამის მოდგმავ, დაცემულო, მაგრამ უფლის მადლით წარწყმედისაგან ხსნილო, გიხაროდენ,

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

„სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი! აღდგა ქრისტე და დაირღუ შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღდგა ქრისტე და ცხორებაი მოქალაქობს; აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა; აღდგა ქრისტე მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა“ (წმიდა იოანე ოქროპირი).

დაე, აღდგომილი მაცხოვრის მაცხოვნებელი მადლი მოეფინოს სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს!

როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ღმერთმა ადამიანი შექმნა „ხატად და მსგავსად თვისსა“ და მას, სხვა მრავალ ნიჭთან ერთად, თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება - თავისუფლებაც უბოძა, ანუ შესაძლებლობა არჩევანისა - იყოს ღმერთთან, ან იცხოვროს მის გარეშე. არჩევნის შესაძლებლობა ანგელოზთა ცხრავე დასსაც ჰქონდა მინიჭებული.

უფლის ერთ-ერთმა უპირველესმა ანგელოზმა, თავის მიმყოლ დასსთან ერთად, ამპარტავნების ცოდვის გამო ღვთის გარეშე არსებობა მოინდომეს, რამაც მათი დიდი დაცემა და ბუნების სრული სახეცვლილება გამოიწვია, - უფლისაგან ბოძებული აბსოლუტურად ყველა სათნოება მათ თავისი ნებით დაკარგეს და იქცნენ ღვთისმბრძოლ არსებებად, რითაც საშინელი მარადიული ხვედრი განუწესეს საკუთარ თავს.

არსობრივად იგივე შეცდომა დაუშვეს პირველქმნილმა ადამმა და ევამაც. მათაც ამპარტავნების ცოდვის გამო განიზრახეს ღვთის მსგავსნი გამხდარიყვნენ და მიუხედავად უფლის გაფრთხილებისა, მაინც შეჭამეს აკრძალული ხის ნაყოფი, რასაც მოყვა მათი გულის, სულისა და გონების შინაგანი ერთობის სრული დარღვევა, სიწმინდის შებღალვა და ღმერთთან კავშირის გაწყვეტა.

მაგრამ ადამის მოდგმას, დაცემულ ანგელოზთაგან განსხვავებით, მიეცა შესაძლებლობა სულის ხორცში ყოფნის გამო (ამქვეყნად ხორციელად მყოფობის ჟამს), გამოესყიდა დანაშაული და მაცხოვრის მსხვერპლშეწირული სიყვარულის მადლით, გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ცოდვათაგან გათავისუფლებული კვლავ ძველ დიდებას დაუბრუნებოდა.

აი, ამისი საშუალება მისცა ძე ღვთისამ და ძე კაცისამ ადამის მოდგმას თავისი ჯვარცმით და მკვდრეთით აღდგომით.

დღეს ჩვენ სწორედ ამას ვზეიმობთ. და რაკი იესო ქრისტე მთელი კაცობრიობისათვის ეწამა, აღდგომის დღესასწაული ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელი ზეიმია, იგია ღმერთთან შერიგებისა და თითოეული ჩვენგანისათვის სასუფევლის დამკვიდრების შესაძლებლობის დადასტურება.

და რა შეიძლება იყოს კაცთათვის ამაზე მნიშვნელოვანი და სანატრელი?!

მაგრამ როგორც ედემში, აქ, ამ წუთისოფელშიც, ადამიანს მიცემული აქვს თავისუფალი ნება და თითოეულმა ჩვენგანმა პირადად უნდა აირჩიოს, - სურს მარადიული ნეტარების მოპოვება, თუ ცოდვის მონობა, რომლის შედეგიც მარადიული სატანჯველია.

ადამიანი ყოველ წუთს, ყოველ წამს დგას არჩევანის წინაშე - გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, თავის დაცემულ ბუნებაზე, თუ კიდევ უფრო დაიმძიმოს მდგომარეობა და წარწყმედისაკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს.

უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ცოდვის სხვა და სხვა სახე: ზოგი შედარებით მსუბუქია, ზოგი კი - იმდენად მძიმე, რომ სულიერ სიკვდილს იწვევს. ყველაზე საშინელი კი - სულიწმინდის გმობაა.

ზოგჯერ ადამიანი გულს იმშვიდებს, მცირე დანაშაული მაქვს და ღმერთი მაპატიებსო, მაგრამ თუნდაც მსუბუქი რომ იყოს ჩვენი ცოდვები, თუკი ისინი მრავლად გვაქვს, საგრძნობლად დააზიანებს ჩვენს შინაგან სამყაროს. ერთი მუჭა სილა წონით უმნიშვნელოა, მაგრამ სილით სავსე ტომარა - სატარებლად მძიმე.

ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იკეთებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური, მრისხანება, განხეთქილება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება“ და სხვა მისთანათა მოქმედნი სასუფეველს ღვთისას ვერ დაიმკვიდრებენ (გალ. 5. 20-21).

არიან ორმაგი სტანდატრებით მცხოვრები პიროვნებებიც, რომლებიც უშუალოდ თვითონ მომაკვდინებელ ცოდვებს ერიდებიან, მაგრამ უზნეო გზით ან სხვათა ტანჯვა-წამების ხარჯზე მოპოვებული შემოსავლით ცხოვრობენ, რითაც უდიდეს სასჯელს უმზადებენ საკუთარ თავს.

სულიწმინდის გმობის ცოდვაში იმყოფებიან უღმერთონი - ათეისტები და თვითმკვლელნი (შეურაცხადთა გარდა), ღმერთის შესახებ მწვალებლური სწავლების დამნერგველნი და საერთოდ, ის ადამიანები, რომელნიც ნებისმიერი ცოდვის, მითუმეტეს მომაკვდინებელი დანაშაულის, ცხოვრების წესად დამკვიდრების მოთავენი ან ხელშემწყობნი არიან.

ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ ანტიქრისტეს სწავლებას ავრცელებენ, რაც მათ ღვთისმგმობ და სულიწმინდის მოწინააღმდეგე ძალად აქცევს: „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ მათ“ (მათე 12,31). „და ვინც აცდუნებს ერთ მცირედთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ კისერზე და ზღვის უფსკრულში დანთქან“ (მათე 18,6).

ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იგი შეიძლება ზეცამდეც ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ გამოსწორების იმედი არ უნდა დაკარგოს. უფლის შეწევნით. ამის გარანტი კი არის ის, რომ ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, იქცევა თუ არა სწორად.

რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ბრძანებს, რომ წარმართებსაც კი „რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ და ხან ამართლებენ ერთიმეორეს“ (რომ. 2,15)

სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი.

რა არის ამქვეყნად ჩვენი მთავარი დანიშნულება?

მორწმუნეთა პასუხი ასეთია: ადამიანის ნებისა და ღვთის ნების თანხვედრა, მათი შერწყმა, ანუ სინერგია, რათა პიროვნება ღვთის ნების აღმსრულებელი გახდეს და მაცხოვართან თანაზიარებით სულიერად გადარჩეს. ამისი შესაძლებლობა ყველას აქვს. ხელისუფალს და მეცნიერს, მიწის მუშაკს და დამლაგებელს, ექიმსა თუ წარმოების ხელმძღვანელს, ჯარისკაცს, მოსწავლეს და სტუდენტს, მდიდარს და ღარიბს, მოხუცსა და ახალგაზრდას, მთავარია მან შეიცნოს ჭეშმარიტება და თავისი სულიერი და ფიზიკური შრომით სათნო ეყოს უფალს.

ასევე ყველასა აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აქვე, ამქვეყნად, მოიპოვოს ისეთი სიწმინდე, რომ განიღმრთოს და მასზეც განცხადდეს მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს“ (ლუკა 17,21).

სხვებისათვის კი სიცოცხლის მთავარი აზრი მიწიერი ცხოვრებიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაშია, რადგან არა სწამთ სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისა, არა სწამთ ღვთისა და ბუნებრივიცაა, რომ ასეთი აზროვნების გამო თავისი მოთხოვნილებებისა და ინსტიქტების დაკმაყოფილების ერთგვარი მორალური უფლება ეძლევათ; და ეკარგებათ განცდა მეგობრობის, ერთგულების, თავდადების, მოწყალების, თვით სამშობლოს სიყვარულისაც... ასეთი ადამიანისათვის არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ამაღლებული გრძნობა და ღირსება, რადგან მისთვის ყველაფერი წარმავალია, ყველაფერს „ეგოს“ და „მეს“ პრინციპი საზღვრავს და ცდილობს თავისი მიწიერი მოთხოვნილებების შესაძლებლობისამებრ დაკმაყოფილებას, თვლის რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება.

ჩვენს საზოგადოებაში ასეთი აზროვნების დამკვიდრებას ხელი შეუწყო 70 წლიანმა ათეისტურმა რეჟიმმა, თუმცა ქართველი ადამიანი ბუნებით საოცრად ღვთისმოსავია და ამიტომაც მოხდა მოკლე დროში სარწმუნოებისაკენ ერის შემობრუნება, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს დაემთხვა. ეს პროცესი კი მრავალ განსაცდელთან იყო დაკავშირებული. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს I პრეზიდენტი გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ მიწას. ჩვენ ამჟამადაც გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით. ახლა ყალიბდება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების ღირებულებათა სისტემაა. კომუნისტური რეჟიმის დროს არ არსებობდა დამოუკიდებელი საზოგადოება და იგი პარტიული იდეოლოგიით იმართებოდა, ხოლო დემოკრატიული მმართველობისას თვითონ საზოგადოების და პიროვნების პრინციპებსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული, როგორ გარემოში მოუწევთ მათ ცხოვრება.

ასე რომ, არჩევანი კვლავ ჩვენი გასაკეთებელია.

პიროვნების მსგავსად, ამა თუ იმ ერისა და კულტურების ხვედრსაც მათი არჩევანი განაპირობებს და ამაში ყველა თანასწორი და თანაბარუფლებიანია.

ქართველი ერი, უძველესი ქართული ენა სათავეს პრეისტორიული ხანიდან იღებს.

ის, რომ ჩვენ დღემდე მოვაღწიეთ ჩვენი ცხოვრების წესითა და ტრადიციებით, ჩვენი წინაპრების ღვთისსათნო არჩევანის შედეგია;

მოციქულთა მიერ ნაქადაგები ქრისტიანობის აღიარებამ სხვა და სხვა ქართველური ტომები ერთი რწმენით, ერთი ენით, ერთი კულტურით ერთიან ქართველ ერად შეადუღაბა და უნიკალური, თვითმყოფადი და მრავალფეროვანი ქართული ცივილიზაცია შექმნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ზოგადქრისტიანული კულტურის განვითარებაში;

საზღვარგარეთ ქართველებმა ადრეული საუკუნეებიდანვე განამრავლეს კულტურულ-საგანმანათლებლო კერები. უკვე V საუკუნიდან იერუსალიმში არსებობს პეტრე იბერისა და მისი მასწავლებლის, იოანე ლაზის მიერ შექმნილი სამონასტრო სავანე, რომელიც ჯვრის მონასტრის სახელით არის ცნობილი. გარდა ამისა, ქართველები წმიდა მიწაზე 40-ზე მეტ ტაძარს ფლობდნენ; ჩვენ მონასტრები გვქონდა კონსტანტინოპოლში, ეგვიპტეში, კვიპროსზე, საბერძნეთში, ბულგარეთში..... რაც მაშინდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან აქტიური ურთიერთობის საშუალებას გვაძლევდა და ეროვნული კულტურის ჩამოყალიბებაშიც გვეხმარებოდა.

უნდა ითქვას, რომ წელს ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს, - მცხეთის ჯვრის მონასტერს, 1400 წელი უსრულდება და ეს თარიღი იუნესკოს მიერაც აღინიშნება. მისი სრული ანალოგიითაა აშენებული მარტვილის VII საუკუნის ეკლესია, რომელიც დღესაც ჭყონდიდელ ეპისკოპოსთა საკათედრო ტაძარია. იგი უმნიშვნელოვანეს სულიერ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე.

ათასწლეულების მანძილზე ჩვენი ერი მტერთან გამუდმებულ ომებში მხოლოდ ღვთის იმედით იყო, რადგან არც სხვათა მსგავსად გვყავდა სადმე თანამოძმე ან მუდმივი სტრატეგიული მოკავშირე და არც მრავალრიცხოვანი და ეკონომიურად შეძლებული დიასპორა გვიმაგრებდა ოდესმე ზურგს.

მიუხედავად ამისა, XIX ს-მდე სუვერენული სახელმწიფოებრივი მმართველობა და ეკლესიის ავტოკეფალია შევინარჩუნეთ და რუსეთის იმპერიის მიერ 106 წლის მანძილზე უკანონოდ გაუქმებული ეკლესიის დამოუკიდებლობა საერო და სასულიერო პირების ძალისხმევით 90 წლის წინ აღვიდგინეთ, რამაც დიდი სტიმული მისცა ქართველ ერს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

საერთოდ, ქართული სამყარო მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ განაპირობა და დაიცვა. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. იგია ჩვენი ცნობიერებისა და ცხოვრების წესის საფუძველი და სავსებით ლოგიკურია, რომ დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ატრიბუტიკაში ქრისტიანული სიმბოლიკა დომინირებს: ხუთი ჯვარი მაცხოვრის ხუთ სამსჭვალზე მიუთითებს. ქვეყნის უმაღლესი სამართლებრივი დოკუმენტი - კონსტიტუცია კი მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებულ იურიდიულ და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ სტატუსს ანიჭებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს და მისი ხალხის ნების გამოხატულებაა.

„არა გეცრუვნეთ შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო“, - ასეთი იყო დავით აღმაშენებლის საქართველოს სულისკვეთება; სულისკვეთება იმ მეფისა, რომელმაც ღმერთის დახმარებით შეძლო ჩვენი სამშობლო ექცია ყველა დროის ქართველისათვის საოცნებო სახელმწიფოდ. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ დავითის საქართველოში მშვიდობიანად ეცხოვრათ მუსულმანებს, ებრაელებს, სომხებს და სხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს.

შემწყნარებლობა დღესაც ჩვენი უმთავრესი თვისებაა, - ესაა ჩვენი არჩევანი.

სწორედ ჩვენი რაინდული და ტოლერანტული ბუნების გამო იყო, რომ მიუხედავად დაპირისპირებისა და ომებისა, ქართველები ყოველთვის დიდი პატივით სარგებლობდნენ არაბების, სპარსელების, მონღოლების, ოსმალების. . . პოლიტიკურ წრეებში. იგივე იყო მიზეზი იმისაც, რომ წმიდა მიწაზე მუსულმანთა გაბატონების შემდეგ, XIII-XIV საუკუნეებში, იერუსალიმის მაჰმადიანი მმართველები ქრისტიანთაგან მხოლოდ ქართველებს აძლევდნენ უფლებას, გაშლილი დროშებით ცხენზე ამხედრებულნი ბაჟის გადაუხდელად შესულიყვნენ წმიდა ქალაქში და მაცხოვრის საფლავის კლიტეთა მფლობელნიც ქართველები ყოფილიყვნენ. ჩვენ ეს პატივი ომით არ მოგვიპოვებია. იგი იყო ქართული დიპლომატიის შედეგი, რასაც საეკლესიო ურთიერთობებიც განაპირობებდა.

სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესია დღესაც ცდილობს შეასრულოს ე.წ. „სახალხო დიპლომატის“ მისია და იყოს მშვიდობის დესპანი იმ რთულ სიტუაციებში, რომელშიც საქართველოს თანამედროვე პირობებში უწევს ყოფნა.

ამით იყო განპირობებული ჩვენი ჩასვლა მოსკოვში. ეს არის მიზეზი არაბულ ქვეყნებში ჩვენი მომავალი ვიზიტისაც. რელიგიურ ლიდერებთან ღია და გულთბილი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობაშიც ანალოგიურ დამოკიდებულებას იწვევს და მათში საქართველოსადმი კეთილგანაწყობა ჩნდება.

ყველასთვის მიუღებელია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა გადაიზარდოს ხალხებს შორის მტრობაში, განსაკუთრებით კი რელიგიურ დაპირისპირებაში, რადგან იგი პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან შედარებით ძნელად გამოსასწორებელია და ჩვენ ვცდილობთ ეს თავიდან ავიცილოთ.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს რომ არ ჩამოვრჩეთ, საჭიროა ინფორმაციის ფლობა და ანალიტიკური აზროვნება, მითუმეტეს, დიდი სახელმწიფოების დაინტერესების სფეროში მყოფი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.

ამიტომაც ანალიტიკური აზროვნებისთვის საჭიროა ბავშვობიდანვე ისწავლებოდეს. ამ საგნის შემოღება დიდად დაეხმარება ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ადვილად დაეუფლონ თავის მომავალ სპეციალობას.

რაკი ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება. კარგი იქნება, თუ საბავშვო ბაღებში ბატონ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაზე დაყრდნობით პატარებს გავუღვივებთ როგორც ერთმანეთის, ისე საერთოდ, ადამიანის თანადგომის სურვილს, პატიების უნარს, უფროსის პატივისცემას, მამულის სიყვარულს. ეს დამოკიდებულება გაჰყვება მათ სკოლაშიც და მთელ ცხოვრებაშიც.

სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოლოგი, რომელიც პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად დააკვირდება მოსწავლეს და დაეხმარება ღვთისაგან ბოძებული ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში.

აღზრდის საქმეში მასწავლებელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ შეიძლება სკოლაში შემთხვევითი ადამიანები მუშაობდნენ. სამწუხაროდ, ამას ჩვენთან არ ექცევა სათანადო ყურადღება, რის გამოც ყველაზე მეტად მომავალი თაობა ზიანდება. მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს და მშობელივით უნდა მოექცეს მათ. ამასთან, თვითონაც უნდა შეაყვაროს მათ თავისი თავიც და თავისი საგანიც. ამასთან, აუცილებელია, რომ იგი არ შემოიფარგლოს მხოლოდ საგნის სწავლებით და ცხოვრებისთვისაც მოამზადოს ისინი. ამ მიზნით მოსწავლეებთან უნდა ჩაატაროს კლასგარეშე შეხვედრები და საუბრები მათ მომავალზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ახალგაზრდებს ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეთ. ასწავლოს ავისა და კარგის გარჩევა, ასწავლიდეს სწრაფი რეაგირების კულტურას.

მიმაჩნია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი საშუალო და უმაღლესი სკოლების პედაგოგებს უნდა ქონდეთ, რადგან ისინი აყალიბებენ ქვეყნისა და ერის მომავალს და არ არსებობს ამაზე მეტად საპასუხისმგებლო სხვა პროფესია. ეს საქმიანობა უნდა იყოს პრესტიჟული და ეს წოდებაც დიდი შრომის ფასად უნდა მიენიჭოთ ამა თუ იმ ადამიანს.

თუ ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, გავზრდით მოაზროვნე, გონიერ, ანალიტიკური უნარის მქონე თაობას, რაც დაეხმარება მათ ზნეობრივად ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბებაშიც, რადგან ადამიანი, შეგნებულად თუ არ ემსახურება ბოროტებას, ადრე თუ გვიან აუცილებლად გააცნობიერებს, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ გამოცდაა და მომზადებაა მარადიულობისათვის და უარს აღარ იტყვის ყველაზე ძვირფასზე - უფლის სიყვარულზე.

როგორი იქნება თქვენი არჩევანი?

ტექნოლოგიური პროცესების განვითარებამ ადამიანის ცნობიერებისა და ცხოვრების წესის განსაზღვრის ყველაზე მძლავრ ბერკეტად მასმედია აქცია; ამიტომაც, აუცილებელია, რომ მანაც იტვირთოს აღმზრდელობითი ფუნქცია.

ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მასმედია ზრუნავს, რომ სახელმწიფო და კერძო არხებით (სპეციალიზებული მაუწყებლობის გარდა) საზოგადოებას მიაწოდოს ზნეობრივი და, საერთოდ, დადებითი ღირებულებების მქონე ტელეპროდუქცია და ფილმები, რასაც ჩვენთან, სამწუხაროდ, ნაკლები ყურადღება ექცევა.

ამასთან, ჩვენი ტელესივრცე ძირითადად დატვირთულია პოლიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით. საზოგადოებას კი ასევე სურს უყუროს ისტორიულ, სამეცნიერი, შემეცნებით, კულტურულ და ახალგაზრდულ გადაცემებს. ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც მხარი დავუჭირეთ დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობა „ივერია“-ს შექმნას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის პატრონაჟით საცდელი გადაცემებით უკვე გადის ეთერში. იგი უნდა იქცეს ოჯახის ტელევიზიად, რომელიც ყველა თაობისთვის მისაღები იქნება და ყველა ფენის ინტერესებს შეძლებისამებრ დააკმაყოფილებს. ამასთან, მან მოსახლეობაში და, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობაში, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. მისი განვითარება და წარმატება ჩვენი საზოგადოების თანადგომაზეა დამოკიდებული.

ყოველი ადამიანის სულიერი წინსვლა და წარმატება დიდად განაპირობებს მთელი ქვეყნის აღორძინებასა და კეთილდღეობას. ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით, გულმოდგინე შრომით მრავალი სასიკეთო საქმის კეთება შეიძლება. თითოეულ ჩვენგანს სხვა და სხვა ნიჭი აქვს ბოძებული უფლისაგან და იგი ღვთისა და ქვეყნის სამსახურად უნდა გამოვიყენოთ.

ხარობს დღეს წმიდა ეკლესია და უგალობს მკვდრეთით აღდგომილ ჩვენ მაცხოვარს, რომელმაც სიკვდილით სიკვდილი დასთრგუნა და მოგვანიჭა აღდგომის სიხარული.

„აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას და ურთიერთარს შევიტკბობდეთ“ (აღდგომის საგალობელი).

უფალო ძლიერო, სახიერო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელსა არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ ყოველთაგან მოელი სინანულსა და კაცთათვის განგიმზადებიეს სასუფეველი ცათა, ისმინე ლოცვისა ჩვენისა: გევედრები მეუფეო, შეუნდე უსჯულოებაჲ ერსა ჩვენსა შეცოდებულსა, რათა მადლითა შენითა შევუდგეთ მცნებათა შენთა აღსრულებასა; განამტკიცე სარწმუნოება გულთა შინა ჩვენთა, აღგვავსე სიყვარულითა და იმედითა შენითა;

ჰე, უფალო, განმრავლდა და განძლიერდა განსაცდელი სოფლისა ამის და დაუძლურდა გონება ჩვენი; მოგვხედე და განგვამტკიცე ძალითა შენითა.

ძმანო და დანო ჩვენო, მკვიდრნო ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლის მამულისანო, ეძიებდეთ სიმართლეს, შეიყვარეთ უფალი „ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა“ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა აღასრულოთ ნება მისი.

ძმანო და დანო აფხაზნო, ოსნო, ჩვენო ხორცნო და სისხლნო! არ გვძლიოს მტრობამ და სიძულვილმა. ჩვენ მუდამ გვაახლოებდა ურთიერთთანადგომა და სიყვარული. ილოცეთ და განძლიერდით. ჩვენი ძლიერება კი ჩვენს ერთობაშია. მწამს, ურთიერთნდობას და პატივისცემას კვლავ მოვიპოვებთ და სხვა ერის წარმომადგენლებთან ერთად ბედნიერნი ვიქნებით მშვიდობიან და განუყოფელ საქართველოში!

„განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაი და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისაი, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა ესერა, მწუხრი განისვენა ტირილმან და ცისკარსა ამას მოიწია სიხარული აღდგომისაი“ (მელენტი ეპისკოპოსი, სააღდგომო ჰომილია).

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა !
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი


როგორც ბოლოს პატრიარქმა დაამატა იფიქრეთ ამ საკითხებზეო და სიხარულისას ნუ მიეცემით განცხრომასო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
lingvo
პოსტი Jan 7 2012, 11:33 AM
პოსტი #2


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



საშობაო ეპისტოლე


საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! `ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს~ (I პეტრე 5.5) მადლობა უფალს, რომ კვლავ გავხდით ღირსნი, მოგვესმინა ანგელოზთა საოცარი საგალობელი: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება~ (ლუკა 2.14). ყოვლადწმიდა სამების მოწყალებით ,,სიტყვა ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით~ (იოანე 1.14). დიახ, ,,დღეს დავითის ქალაქში დაიბადა... მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი” (ლუკა 2.11) და უწოდებენ სახელად ემმანუელს, რაც თარგმანებით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი~ (მათე 1.23). გიხაროდეთ, ერნო, ,,რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ~ (Iკორ.27.6). მაშ, მივეახლოთ მას და თაყვანი ვსცეთ, ვითარცა მწყემსთა ბეთლემისათა და შევწიროთ ძვირფასი ძღვენი, ვითარცა მოგვთა აღმოსავლეთისათა. იგი მოვიდა ამქვეყნად, რათა მოუხმოს თავის ცხოვართ და აზიაროს ისინი ჭეშმარიტ თავისუფლებასა და ბედნიერებას. ვინ შეიძლება შემოგვთავაზოს უკეთესი არჩევანი? ანდა რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად სანუკვარი?! მაგრამ ამას ბევრი ვერ ხვდება, არამედ მხოლოდ ისინი, რომელნიც სიცოცხლის აზრს სწორად აცნობიერებენ. საერთოდ, ყოველი გონიერი ადამიანი ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას, _ რისთვის არის ამ ქვეყანაზე და რა უნდა აკეთოს? ეს კი ცხოვრების საზრისის, ანუ სამყაროში თავისი ადგილის, პოვნას გულისხმობს. თუმცა არსებობენ ისეთნიც, რომელნიც ასეთ კითხვას მთელი ცხოვრების მანძილზე არ უსვამენ საკუთარ თავს და მიწიერ ყოფას უმიზნოდ და, შესაბამისად, უაზროდ ამთავრებენ. საზოგადოების ნაწილი კი თავის მრწამსს, თავის დანიშნულებას საკუთარ წარმოდგენაზე, ან სხვადასხვა თეორიისა და რელიგიის სწავლების საფუძველზე აყალიბებს. მათი ქმედება, რა თქმა უნდა, მოტივირებულია და ხშირად წარმატებულიც ამ ქვეყანაზე, მაგრამ სულის ცხონება, რაც ყველაზე მთავარია და არსებითი, ამ გზით ვერ მიიღწევა. ყველასგან განსხვავებულია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცხოვრების საზრისი. მას შეიძლება ,,ქრისტესმიერი გონება~ ეწოდოს, რადგან იგი, პირველ რიგში, სულიწმიდის მადლმოსილებას გულისხმობს, შემდეგ კი ადამიანურ შესაძლებლობებს. `ქრისტესმიერი გონის~ შესახებ შეიძლება ითქვას იგივე, რასაც წმიდა პავლე მოციქული ჭეშმარიტ სიყვარულზე წერს, რომ იგი არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ შურს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ მოიწონებს უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფერს ითმენს, ყოველთვის იმედი აქვს. ამ სულისკვეთებით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები. ქართული სულის ერთ-ერთი სახასიათო თვისება შოთა რუსთაველმა ასე გამოთქვა: ,,რასაცა გასცემ შენია, რას არა, დაკარგულია~. ზოგიერთი ვერ ხვდება მის შინა არსს, რადგან, მიწიერი ლოგიკით, სხვისთვის მიცემული ნივთი თუ ქონება გამცემს აღარ ეკუთვნის და ეს ნათქვამი, ბუნებრივია, მისთვის გაუგებარია. არადა, აღნიშნული აფორიზმი შეიცავს ღრმა ქრისტიანულ სწავლებას ადამიანის უკვდავების შესახებ. მორწმუნეს სწამს, რომ მის მიერ აღსრულებული უანგარო ქველმოქმედება სათნოა ღვთისათვისაც და ადამიანისათვისაც. ამასთან, იცის, რომ რასაც გასცემს ამქვეყნიურ დროებით ყოფაში, მას მარადიულ ცხოვრებაში დაიუნჯებს და ეს არის მიზეზი მისი სულიერი სიხარულისა, ხოლო რასაც არ გასცემს, ბუნებრივია, ის მას მარადიულ ყოფაში მოაკლდება. ამიტომაც, ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, მიცვალებულის სულისთვის, ლოცვასთან ერთად, მის სახელზე მოწყალების გაღება აუცილებელია, რაც დიდად შეეწევა გარდაცვლილს. სწორედ ასეთი აზროვნებიდან მომდინარეობს ქართველი კაცის სტუმართმოყვარეობა, ხელგაშლილობა, თანადგომისა და თავგანწირვის უნარი; ისიც, რომ იგი ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს, უშურველად წირავდა მოყვასისა თუ სამშობლოს საკეთილდღეოდ. ეს დამოკიდებულება იმდენად შეისისხლხორცა ჩვენმა ერმა, რომ იგი მის განუყოფელ თვისებად იქცა. ,,ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად”, _ საუკუნეებია შთამომავლებს დევიზად გადაეცემათ ეს სიტყვები. ასე იზრდებოდნენ თაობები; რა თქმა უნდა, მათ შორის მუდამ იყვნენ კარიერისა და პირადი კეთილდღეობის სურვილით საკუთარი მეობისა და ქვეყნის ინტერესების ნებაყოფილობით უარმყოფელნი და საზოგადოებისათვის ცუდი მაგალითის მიმცემნი, მაგრამ დღემდე სწორედ იმიტომ მოვაღწიეთ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი გაჰყვა არა მათ, არამედ ჩვენი ეროვნული მეობისა და სარწმუნოებისათვის თავდადებულებს. ახლა დრო შეიცვალა, თუმცა ბრძოლა ისევ გრძელდება; განსხვავება კი იმაშია, რომ თუ ადრე დაპირისპირებული მხარეების საჯარისო ნაწილები ომობდნენ, ახლა ბრძოლა ადამიანის საზრისის, ანუ აზროვნების წესისთვის, მიმდინარეობს, რაც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით ხორციელდება; ძირითადად ამ გზით ვრცელდება ფსევდოკულტურა და ანტირელიგიურ ღირებულებათა სისტემები, რომელთა ქვაკუთხედსა და მთავარ მამოძრავებელ ძალას ეგოიზმი წარმოადგენს. ეგოიზმის წინ წამოწევა კი ხელს უწყობს პიროვნებაში მომხმარებლური და მომხვეჭელური მისწრაფებების განვითარებას, რაც იწვევს საზოგადოების საერთო დეგრადაციას, ხოლო გარემოში _ ეკოლოგიურ კატასტროფებს. უარყოფითი საინფორმაციო ველი ყველაზე მეტად მომავალ თაობაზე მოქმედებს. ისინი ხომ ცხოვრების დიდ ნაწილს ტელევიზორთან და ინტერნეტთან ატარებენ და, ფაქტობრივად, არავინ არის მათი სწორად ფორმირებისათვის ხელისშემწყობი, რადგან სკოლაც და უმაღლესი სასწავლებელიც სათანადოდ ვეღარ ასრულებენ აღმზრდელობით ფუნქციას, არც მშობლებს სცალიათ შვილებისათვის; ეკლესიაც მასთან მისულთა მიმართ ძირითადად აღსარებითა და ზიარებით იფარგლება. ეს ასე აღარ უნდა გაგრძელდეს და რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამისთვის კი არსებული ვითარება სწორად უნდა შევაფასოთ. ფაქტია, რომ ელექტრონული მასმედიით, უარყოფითთან ერთად, ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციაც ვრცელდება ყველა სფეროში. ამაშია გლობალიზაციის ერთ-ერთი დადებითი მხარე და სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ სათანადოდ. ვფიქრობთ, ამიტომაც კარგად უნდა ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები და მათი საშუალებითაც უნდა გავუჩინოთ ახალგაზრდებს ღრმა აზროვნების სურვილი, ავისა და კარგის გარჩევის უნარი, გავუღვივოთ ინტერესი სხვადასხვა ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი, რათა დააფასონ სხვათა ღირსება და მათგან კეთილი შეითვისონ. მაგრამ ყოველივე ამას შეძლებს მხოლოდ ის, ვისაც მყარად აქვს ჩამოყალიბებული ეროვნულ-ქრისტიანული საზრისი. ამისთვის კი აუცილებელია, ვასწავლოთ მათ საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, ქართული ფოლკლორი, კულტურა და ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები..., ჩვენ უნდა შევქმნათ კონკურენტუნარიანი საინფორმაციო გარემო, რომელიც ზემოაღნიშნულ ფასეულობებს დაეფუძნება და მათ თანამედროვეობასთან შეაზავებს. ეს კი დიდად დაეხმარება ახალგაზრდებს, დამოუკიდებლად გასცენ პასუხი დროის გამოწვევებს. ამაშია საქართველოს გადარჩენა. ახლა კი თქვენს ყურადღებას საქართველოს ისტორიაზე შევაჩერებ. სამწუხაროდ, ჩვენი უძველესი ისტორიის ზოგიერთი საკვანძო საკითხი, რაც ქართველთა წარმომავლობასა და ერის ერთიანობას უკავშირდება, რეალური სახით თანამედროვე საზოგადოებამ ნაკლებად იცის. ამის მიზეზი არის ის, რომ ცარიზმი და საბჭოთა იმპერია ყოველთვის ცდილობდნენ, იგი არაობიექტურად წარმოეჩინათ. მათ არ სურდათ, ჩვენს ხალხში ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, რადგან იგი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნის საშიშროებას შეიცავდა. არაობიექტურად მიწოდებული ისტორიის საფუძველზე, სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ შეიქმნა, მაგალითად, ავტონომიები, XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში. ადრეც მითქვამს, რომ სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ცენზურას განიცდიდა ქართული ისტორიოგრაფია, ენათმეცნიერება და სხვა ისეთი მიმართულებები, რომელნიც მსოფლმხედველობის განმსაზღვრელ დარგებად მიიჩნეოდა. ჩვენს ცნობილ მკვლევარებს დიდი ძალისხმევა და თავდადება დასჭირდათ, რათა ნაწილობრივ მაინც გადაერჩინათ და დღემდე მოეტანათ ჩვენი ერის ისტორიული სიმართლე. ახლა კი, როდესაც აღსდგა საქართველოს თავისუფლება, აუცილებელია, შეგნებულად დაფარული წარსულის წარმოჩენა და საქართველოს ობიექტური მატიანის დაწერა უხსოვარი დროიდან დღემდე (აღნიშნულ საკითხზე ბოლო სხდომაზე იმსჯელა წმ. სინოდმა და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება). ამას ჯერ კიდევ XIX ს-ში და XX ს-ის დასაწყისში ცდილობდნენ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილნი, მაგრამ მათი ნააზრევი მაშინდელი სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის საპირწონედ, ბუნებრივია, ვერ იქცა. მაგალითად, გავიხსენოთ წმიდა ილია მართალი, რომელიც ქართველთა ფესვებს უკავშირებს ურარტულ წიაღს, რასაც, ალბათ, ისიც განაპირობებდა, რომ ურარტუელთა სამ მთავარ ღვთაებას შორის უპირველესს ,,ქალდი” ერქვა. ,,ურარტუელნი ქართველთა წინაპარნი ყოფილან, ქართველთა სისხლ-ხორცნი,” _ წერს იგი ,,ქვათა ღაღადში” და ამ აზრს მისი დროის უცხოელ მეცნიერთა კვლევებითაც ამყარებს. თავის ცნობილ ნაშრომში, _ ,,ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში,” _ კათოლიკოს-პატრიარქი კირიონიც არაერთხელ აღნიშნავს, რომ ქართველნი შთამომავალნი არიან ქალდეველთა, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს უძველესი მსოფლიო ისტორიისა და კულტურის განვითარებაში. საყურადღებოა, რომ ,,ქალდი~ დღესაც ჰქვია უძველეს ქართულ კუთხეს ტრაპიზონის მთებში, სადაც ოდითგან ცხოვრობდნენ ლაზები. ,,ქალდეად~ ლაზურ-ჭანურ სივრცეს მოიაზრებს დიდი მეცნიერი პავლე ინგოროყვაც. ამ ტოპონიმთან დაკავშირებით კი პირველი ინფორმაცია ჩვენს წერილობით წყაროებში ლეონტი მროველთან გვხვდება. ,,ქართლის ცხოვრებაში~ ვკითხულობთ: ,,კუალად გამოვიდნენ სხუანი ნათესავნი ქალდეველნი და დაეშენეს იგინიცა ქართლს~. სიტყვა ,,ქალდიდან~ უნდა იყოს ნაწარმოები ჩვენი ერის ეთნონიმი ,,ქართიც~, რომელსაც, ალბათ, უფრო ინფორმაციის უქონლობის გამო, მეცნიერთა დიდი ჯგუფი მხოლოდ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ საქართველოს აღმნიშვნელად მიიჩნევდა. სინამდვილეში ,,ქალდი~ საერთო ქართული სამყაროს, კოლხეთის, ცენტრს, მის გულს ერქვა. გვიანდელ პერიოდში კი, უცხოტომელთა ზეწოლის შედეგად, ამ ცენტრმა ქართული ტომებითვე დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, იმავე კულტურის წიაღში, გადმოინაცვლა და შეიქმნა ქართლის სამეფო, რომლის სახელწოდებაც, როგორც დიდი ილია ვარაუდობს, სწორედ ,,ქალდიდან” მომდინარეობს. ამდენად, ქალდი _ ქართი _ ქართლი _ ქართველი, ჩვენი ერის ისტორიული გზის, ჩვენი ერთობის გამომხატველი ტერმინებია. საერთოდ, ეს საკითხი შემდგომ კვლევასა და გაღრმავებას საჭიროებს. საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე ჩვენმა გენმა გაუძლო ათასი ჯურის გარეშე ძალებისა და სხვადასხვა იმპერიის არაერთ მცდელობას, რომ გავეთიშეთ და დავენაწევრებინეთ; ჩვენ შევძელით, საკადრისი პასუხის გაცემა მათს ვერაგულ ქმედებებზე და დღემდე ერთობითა და ერთსულოვნებით მოვაღწიეთ. ჭკვიან მტერსა და უგუნურ მოყვასს დღესაც უნდა ჩვენი გაყოფა, მაგრამ, ღვთის მოწყალებით, ამას ვერ მიაღწევენ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ვიყოთ არა როსტომ ხანის, არამედ ცოტნე დადიანის მემკვიდრენი. ჩვენი ერის ერთიანობის უნიკალურობა ჩვენს საოცარ მრავალფეროვნებაშია. ყველა კუთხე თავისებურებებით გამოირჩევა: განსხვავებულია მათი სიმღერა, ცეკვა, სამოსი, სამზარეულო, მეტყველება, კილო; მაგრამ ამავე დროს ყოველივე ეს ერთიანი ქართული სულის განუყოფელი ნაწილია. ხასიათიც განსხვავებული გვაქვს; ზოგი უფრო ფიცხია, ზოგი დინჯი, ზოგი იუმორით სავსეა, ზოგიც მკაცრი, ზოგი სიტყვაძუნწია, ზოგი სიტყვამრავალი, ზოგი უფრო ალღოიანია, ზოგი კი დამყოლი ბუნებისა და მიამიტი ...; მაგრამ ამ სხვაობის მიუხედავად, გვახასიათებს მთავარი საერთო თვისებებიც: სიყვარულის ნიჭი, მადლიერების განცდა, გულწრფელობა და სიალალე ... ჩვენს ერს ყოველთვის ჰქონდა მადლიერების გრძნობა ღვთისადმი. ამის დადასტურებაა საუკუნეთა მანძილზე, _ განსაკუთრებით კი ყველაზე დიდი გაჭირვების ჟამს, _ აშენებული ეკლესია-მონასტრების სიმრავლე. ეს განცდა მას ათეისტურმა საშინელმა რეჟიმმაც კი ვერ ჩაუკლა. ამიტომაცაა, რომ ახლა, პოსტსაბჭოთა პერიოდში, მიუხედავად სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ხანგრძლივი კრიზისისა, მიუხედავად გარედან თავსმოხვეული შეიარაღებული კონფლიქტებისა, ხალხის ძალისხმევით ათასობით ეკლესია-მონასტერი აღდგა და აშენდა, ამჟამად კი ღვთის სადიდებლად და სამადლობლად, მრევლის შესაწირით, შეიქმნა უნიკალური ხატი, ,,საქართველოს იმედი,” რომელზეც ჩვენი ეკლესიის ყველა წმიდანი და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მნათობნი არიან გამოსახულნი, რათა მათი მეოხებით გადავრჩეთ და გადარჩეს ჩვენი ქვეყანა; ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფლის წინაშე ვალი მოვიხადეთ და გასაკეთებელი აღარაფერი გვაქვს. ურწმუნოთა 70-წლიანმა ბატონობამ ჩვენს საზოგადოებას ღრმა კვალი დააჩნია, და დაამახინჯა ჩვენი ცხოვრების წესი და აზროვნება; სხვადასხვა სახით ეს დღესაც ვლინდება. მათ შორის მადლიერების განცდასთან მიმართებაშიც. ღვთისადმი მადლიერების გამოხატვა საჭიროა როგორც მთელი ერისთვის, ისე ცალკეული პიროვნებისთვის, რადგან ასეთი დამოკიდებულება მადლის მოპოვების უმარტივესი და ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა. სახარებაში ვკითხულობთ, რომ განკურნებული ათი კეთროვანიდან მხოლოდ ერთი, სამარიტელი, დაბრუნდა მაცხოვართან მადლობის სათქმელად და ამიტომაც ღირსი გახდა შემოქმედი ღმერთი შეეცნო და ცხონების გზა ეპოვა, ხოლო დანარჩენმა ცხრა განკურნებულმა კეთროვანმა, რომელნიც აბრაამის შთამომავალნი იყვნენ და ,,სასუფევლის ძედ~ იწოდებოდნენ, უმადურობით დაკარგეს უფალი. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ საიდუმლო სერობის შემდეგ ღვთის უდიდეს საიდუმლოს ნაზიარებ იუდას გულითადი მადლობა რომ ეთქვა იესო ქრისტესთვის, იმ საშინელ დაცემას თავიდან აიცილებდა. ამიტომაც, იუდა ღალატთან ერთად, უმადურობის სიმბოლოდაც მიიჩნევა. მადლიერების გრძნობა ღვთისაგან გვაქვს მონიჭებული, _ წერენ მამები, _ და თვით ადამიანური ბუნება გვიბიძგებს ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს ჩვენთვის მზრუნველთადმი. შინაური ცხოველები და მხეცებიც კი ავლენენ სიყვარულს კეთილისმყოფელთადმი და რაოდენ გვმართებს, ეს განცდა გამოვხატოთ მის მიმართ, რომლისგანაც შეიქმნა ყოველი, რომელმაც მოგვმადლა ქვეყანა ,,უთვალავი ფერითა~, მოგვანიჭა სიცოცხლე, გონება, თავისუფალი ნება, ჯანმრთელობა, სიყვარულის უნარი, ბედნიერების განცდა, სამყაროს აღქმა, რომელიც გვითენებს ყოველ დღეს, გვაძლევს საკვებს, სითბოს, ჰაერს, წყალს და, რაც ყველაზე მთავარია, თავისი ჯვარცმისა და მსხვერპლშეწირული სიყვარულის ფასად ბოძებული წარუვალი ნეტარი ცხოვრების შესაძლებლობა. განა შეიძლება, რომ ყოველ წამს არ ვგრძნობდეთ მის მზრუნველობას, ვიყოთ ყოველივე ამის მომხმარებელნი და არ გამოვხატავდეთ მისდამი გულწრფელ მადლიერებას?! ვიქცევით კი ასე? ჩვენდა სამარცხვინოდ, ხშირად მადლიერებას, ასე თუ ისე, ადამიანებისადმი უფრო ვიჩენთ, ვიდრე უფლის მიმართ. მოჩვენებით მადლიერებას კი, როგორც ყველაფერ ფარისევლურს, აზრი არა აქვს და სისაძაგლეა იგი ღვთისა და კაცის წინაშე. გავიხსენოთ კაენისა და აბელის მაგალითი. რატომ შეიწირა ღმერთმა აბელის მიერ მირთმეული სამადლობელი ძღვენი, ხოლო კაენისა _ არა? იმიტომ, რომ აბელმა თავისი ქონების საუკეთესო ნაწილი გაიღო და ეს უფლისადმი მთელი სიწრფოებითა და მადლიერებით გააკეთა, კაენმა კი უგულოდ, მოვალეობის მოხდითა და ამპარტავნებით. სწორედ ამიტომ განიძარცვა იგი მადლისაგან და დაეუფლა საშინელი შური ძმის მიმართ, შემდეგ კი იმდენად დაეცა, რომ ყურად აღარ იღო აღარც შემოქმედის გაფრთხილება: ,,თუ სიკეთის მქმნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე~ (დაბ.4.7) და მკვლელობის უსაშინელესი ცოდვის პირველი ჩამდენი გახდა. ამის მთავარი მიზეზი კი უმადურობა იყო. უმადურობა ამპარტავანთა, ანუ ყველაზე დიდი და საშინელი ცოდვის მქონეთა, ერთ-ერთი თვისებაა; მაშინ, როდესაც გულწრფელი მადლიერება თავმდაბლობის გამოხატულებაა და ასეთ ადამიანებს ახასიათებთ. ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისათვის, მათ შორის ავადმყოფობისა და სხვადასხვა განსაცდელთათვის, რადგან უფლის განგებულებით აღესრულება ყოველი და იგი აუცილებელია ჩვენი სულიერი აღზრდისა და ცხონებისათვის. ,,ვინც უყვარს უფალს, მასვე ზრდის, ხოლო შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს... და თუ შორს ხართ აღზრდისაგან ..., ნაბუშრები ხართ და არა შვილები~ (ებრ.12,6,8), _ გვასწავლის პავლე მოციქული. შეჭირვებისა და მწუხარების მადლიერებით დათმენის საუკეთესო მაგალითია კონსტანტინეპოლის პატრიარქი, წმ. იოანე ოქროპირი. იგი იყო მსოფლიო ეკლესიის უთვალსაჩინოესი მოღვაწე, გამორჩეული თეოლოგი, მჭერმეტყველი; მისი ნაშრომები დღესაც სამაგიდო წიგნებია ქრისტიანული რელიგიით დაინტერესებულთათვის. წმ. იოანე ოქროპირი როგორც საზოგადოებაში, ისე სამეფო კარზე უდიდესი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა, მაგრამ შურითა და ცილისწამებით სავსე ადამიანებმა იმდენი შეძლეს, რომ იმპერატორის ბრძანებით პატრიარქობიდან გადააყენეს და უსამართლოდ დევნილი და შეურაცხყოფილი გადასახლებაში გაგზავნეს ჯერ სომხეთში, შემდეგ კი - საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში, სოფ. კომანში, სადაც აღესრულა კიდეც. ასეთი დამცირების მიუხედავად, იგი სიცოცხლის ბოლომდე ქრისტეს ერთგულ მხედრად დარჩა და მაცხოვრისა და მოყვასის სიყვარული არასოდეს დაშრეტია; პირიქით, აქედან ანუგეშებდა ბიზანტიაში დარჩენილ თავის სამწყსოს და მოუწოდებდა, ნებისმიერ სიტუაციაში მადლიერნი ყოფილიყვნენ უფლისა. სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: ,,მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის~, რაც, ფაქტობრივად, პავლე მოციქულის ნათქვამის გამეორებაა: ,,მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგან ასეთია თქვენდამი ნება ღმრთისა ქრისტე იესოში~. (I თესალ.U5.18) ასეთი დამოკიდებულება სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს მძიმე მდგომარეობას უნდა შევეგუოთ და ხვედრს დავმორჩილდეთ, ანუ ბედისწერის შესახებ არასწორი სწავლება გავიზიაროთ. არა, მუდამ საჭიროა ლოცვა და სწორი ქმედება, როგორც ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: ,,ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და _ ჰპოვოთ~ (მათე 7.7) ოღონდ, ამას არ უნდა ახლდეს დრტვინვა და მრისხანება, არამედ შემოქმედისადმი ყოველივე მადლიერებით უნდა აღესრულებოდეს და თუ ჩვენი სურვილი იმ ეტაპზე ჩვენი სულისთვის სასარგებლოა, მაცხოვარი აუცილებლად შეისმენს მას. გავიხსენოთ მართალი იობი, როგორი სიმშვიდით, მოთმინებითა და მადლიერებით მიიღო მან თავსდატეხილი დიდი განსაცდელი; სანაცვლოდ კი უფალმა ამქვეყნადვე მრავალწილად დაუბრუნა ქონებაც, დიდებაცა და პატივიც. სამწუხაროდ, ათეისტური აზროვნების გავლენითაა, რომ განსაცდელის დათმენა და მადლიერებით მიღება თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილისათვის სრულიად გაუგებარია, რადგან ისინი ასეთი დამოკიდებულების კეთილ შედეგს მიწიერ ყოფაში ვერ ხედავენ და, ამასთან, არ სჯერათ, რომ გარდაცვალების შემდეგ მარადიული სიცოცხლე იწყება. ამიტომაც ესწრაფვიან დიდებასა და კეთილდღეობას ამქვეყნად. ურწმუნო ადამიანი როდესაც სიკეთეს აკეთებს, ფიქრობს, რომ მხოლოდ იგია მადლიერების ღირსი და მას ეკუთვნის სათანადო დაფასება. იგი ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი ქველმოქმედება პირადად მისთვის ახალი დიდი ცოდვის მიზეზი ხდება, რადგან ქება ამპარტავნებას უძლიერებს და მის სულს კიდევ უფრო აზიანებს. ხოლო, როდესაც მორწმუნე აღასრულებს სიკეთეს, ამას უფლის სახელით იქმს და ამასთან, მადლობს შემოქმედს, რომ საშუალება მისცა სხვისთვის სიხარულის მინიჭებისა; ხარობს გაცემით, თუმცა თავს აღსრულებული ქველმოქმედების მხოლოდ გამტარად, საშუალებად აღიქვამს, ამიტომაც ჩრდილში ყოფნას ირჩევს და მადლობას და დიდებას უთმობს ღმერთს. უფლისა მადლიერებას ყოველდღიური ლოცვებიც გვასწავლის, ხოლო ვინც ჯერ კიდევ ეკლესიურად არ ცხოვრობს და ეს ლოცვები არ იცის აუცილებელია, გულში მაინც თქვას მადლობა თუნდაც საჭმლის მიღების შემდეგ; ასეთი მცირედი წრფელი ქმედებაც კი მადლს მოაპოვებინებს და ცხონების გზას აპოვნინებს მას. ამ თემაზე განსაკუთრებული ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ მადლიერება უმთავრესი ქრისტიანული სათნოებათაგანია და მასთან დაკავშირებით ჩვენი დამახინჯებული დამოკიდებულებები, აუცილებლად, უნდა გამოვასწოროთ. მაშინ, როდესაც მოიწევა აღსასრული, ,,წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა~ (Iკორ.13.8), როდესაც რწმენაც განხორციელდება და აღსრულდება სასოებაც, ადამიანის სულს სასუფეველში მხოლოდ სიყვარულის გრძნობა და მადლიერების განცდა გაჰყვება. იგი ჭეშმარიტი სიყვარულის თანმდევია ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და მასთან ერთად ზეიმობს მარადიულ ნეტარებაში. წმ. ამბროსი ოპტინელი წმ. პავლე მოციქულის დარიგების გათვალისწინებით, გამოყოფს ოთხ უმთავრეს სათნოებას და გვასწავლის: 1) იყავით მრავლის დამთმენნი; 2) მარადის ხარობდეთ; 3) მუდამ ილოცეთ; 4) მადლიერნი იყავით ყოველთვის; და ამასთან აღნიშნავს, რომ ამ სათნოებათა მოპოვება ბოლოდან ანუ მადლიერებით უნდა დავიწყოთ, რათა მადლი შევიძინოთ. მადლი არ იყიდება და არც სხვა საშუალებით გადაეცემა. ნებისმიერმა ჩვენგანმა თვითონ უნდა იღვაწოს, იმდენი მადლი მოიპოვოს, რომ ცხონდეს. ამისთვის კი თავმდაბლობა უპირველესი პირობაა. უფალი ბრძანებს: `ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს~ (I პეტრე 5.5). ამასთან, ადამიანს რაც უფრო მაღალი აქვს თანამდებობა და, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა, მადლმოსილებაც მეტი მართებს. მადლმოსილ პიროვნებათა სიმრავლე ქმნის ერის კეთილდღეობას, მადლის სიმცირე კი ხშირად განაპირობებს მის განსაცდელში ყოფნას. ჩვენი პრობლემების უმეტესობაც მადლის ნაკლებობიდან მომდინარეობს. მართალია, უღმერთობის ხანა დასრულდა და ხალხი ეკლესიური გახდა, მაგრამ მათი დიდი ნაწილის სარწმუნოება მაინც ნელ-თბილია, რადგან ყველაფერს გარეგნულად უგულოდ აკეთებენ. ქრისტეს სახელი მხოლოდ გონებასა და ბაგეებზეა, გულში კი ისევ `ძველი კაცი~ სახლობს. ისინი, მართალია, ამბობენ აღსარებას და ასრულებენ საეკლესიო წესებს, მაგრამ, ამავე დროს, მათთვის უცხო არ არის განკითხვა, ცილისწამება, ამპარტავნება, სიცრუე, ეჭვი, უსიყვარულობა, გულგრილობა, სიზარმაცე, შური, მრისხანება...; დაცემა და ადამიანური სისუსტენი ყველას აქვს, მაგრამ ,,მორწმუნეთა~ ამ ნაწილისათვის ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება მისაღები გახდა და შეეჩვივნენ ამ მდგომარეობას. ღმერთისთვის კი ასეთნი მიუღებელნი არიან და, ბუნებრივია, არც მათი სათხოვარი შეისმინება. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ვკითხულობთ: `ვიცი საქმენი შენნი; არც ცივი ხარ და არც ცხელი; ოჰ, ნეტავ ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ასე ნელ-თბილი ხარ... ამიტომ ამოგანთხევ პირისაგან ჩემისა~ (3. 15-16). ღმერთმა ნუ ქნას ამ მდგომარეობაში დაამთავროს ვინმემ სიცოცხლე. მაშ, მოვიკრიბოთ შინაგანი ძალა, ვისწავლოთ სწორი დამოკიდებულება ღვთისადმი და მოყვასისადმი; დავიწყოთ ყველაზე მარტივით, მადლიერებით. ელემენტარულ სიკეთეზეც კი გულწრფელი მადლიერება გამოვთქვათ, ხოლო კაცთა შორის განსაკუთრებული მადლობა გვმართებს მშობლებისადმი, `რათა კეთილი გვეყოს და დღეგრძელ ვიყოთ ქვეყანასა ზედა~. ასევე უნდა მოვიქცეთ ხანდაზმულთა და გარდაცვლილ წინაპართა მიმართ. განვაგდოთ ჩვენგან `ძველი კაცი~, გულის კარი გავუღოთ მაცხოვარს; და იგი ჩვენში აუცილებლად დაივანებს. ხოლო როდესაც ეს აღსრულდება დავინახავთ, რომ ჩვენს შინაგან სამყაროში ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვლება და უფალიც მოგვაგებს თხოვნისამებრ. საყვარელნო შვილნო, უდიდესი კრძალვით, სიყვარულითა და მადლიერებით განვუფინოთ ჩვენი სული, გული და გონება ბეთლემის ბაგასა შინა მწოლ ყრმას, ჩვენს უდიდეს მარადიულ ნუგეშსა და იმედს და შევღაღადოთ უფლის წინაშე ჩვენს საოცარ მეოხსა და მფარველს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს: ,,მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ!” საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო და ბერძენნო, რუსნო და უკრაინელნო, აზერბაიჯანელნო და სომეხნო, ასირიელნო და უდინნო..., საქართველოს მკვიდრნო ყველა სხვა ერის წარმომადგენელნო, მართლმორწმუნენო, ,,მოიპოვეთ შეუძვრელი სასუფეველი და იქონიეთ მადლი და ,,მოადექით თქვენ სიონის მთას და ქალაქს ცოცხალი ღმერთისას, ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა უხილავ სიმრავლეს. მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას და ახალი აღთქმის შუამდგომელს იესოს~ (ებრ.12. 28, 22-23) და გიხაროდეთ, რამეთუ დღეს იშვა ქრისტე! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი შობა ქრისტესი

თბილისი, 2012 წელი


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
solomony   პატრიარქის ეპისტოლეები   Apr 8 2007, 05:58 PM
makuna7474   solomony ძალიან დიდი მად...   Apr 10 2007, 01:28 AM
ლეონტი   როგორც მამა გაბრიე...   Apr 10 2007, 10:49 AM
salomea07   რა სიბრძნე და რა სი...   Apr 10 2007, 02:39 PM
tamari_irakli   დიდი მადლობა! გმე...   Apr 10 2007, 10:21 PM
solomony   მე განსაკუთრებით ...   Apr 10 2007, 10:28 PM
arti vardi   რა ბედნიერებაა რომ...   Apr 16 2007, 04:45 PM
KoTe   modloba kvelaaaaaaaaaassssssssss   May 1 2007, 05:49 PM
solomony   საშობაო ეპისტოლე უ...   Jan 7 2008, 02:05 PM
marine   საოცარია პატრიარქ...   Jan 22 2008, 03:26 PM
solomony   უწმინდესი და უნეტა...   May 3 2008, 11:21 AM
ალექსანდრე   :)   May 3 2008, 11:52 AM
lingvo   http://www.link.ge/file/191290/sashobao-epistole.p...   Jan 7 2009, 05:45 PM
KAIROS   2009 წლის საშობაო ეპი...   Jan 8 2009, 10:24 AM
KAIROS   ხოლო “ვისაც უყვარს...   Jan 8 2009, 11:20 AM
ილია   სააღდგომო ეპისტოლ...   Apr 19 2009, 06:56 PM
Belief   ნამდვილად ეს იყო ი...   Apr 21 2009, 01:59 PM
ბექა   2010-01-06 ქრისტეს მიერ ს...   Jan 7 2010, 12:54 PM
llaasshhaa   მშვენიერია :wub:   Jan 7 2010, 03:56 PM
sable   მშვენიერი ეპისტოლ...   Jan 7 2010, 09:46 PM
ბადრი   ბექა გაიხარე! მშ...   Jan 7 2010, 11:16 PM
ბექა   sable აბორტზე როგორც ვ...   Jan 7 2010, 11:25 PM
sable   sable აბორტზე როგორც ...   Jan 7 2010, 11:31 PM
ბექა   თუ მასეა კარგია, მა...   Jan 8 2010, 12:35 AM
KAIROS   ძალიან მომეწონა ეპ...   Jan 15 2010, 09:28 AM
lingvo   უწმიდესი და უნეტა...   Apr 4 2010, 04:33 PM
Amuza   [center][size=4] უწმიდესი და ...   Apr 6 2010, 05:03 PM
KAIROS   მე ეს მენიშნა ცუდა...   Apr 7 2010, 04:25 AM
lingvo   ეს ჩემ პროფესიას უ...   Apr 7 2010, 01:21 PM
lingvo   [size=3][b]საშობაო ეპისტ...   Jan 7 2011, 11:41 AM
lingvo   [size=3][b]სააღდგომო ეპი...   Apr 24 2011, 10:05 AM
A.V.M   აქ კი დავდოთ ხოლმე ...   Nov 12 2011, 12:22 PM
A.V.M   2010-01-06 ქრისტეს მიერ ს...   Nov 12 2011, 12:35 PM
A.V.M   სააღდგომო ეპისტოლ...   Nov 12 2011, 01:32 PM
A.V.M   2009 წლის საშობაო ეპი...   Nov 12 2011, 01:59 PM
A.V.M   უწმინდესი და უნეტა...   Nov 12 2011, 02:55 PM
A.V.M   ვაგრძელებ თემათა ,,...   Nov 12 2011, 08:21 PM
A.V.M   უწმინდესი და უნეტა...   Nov 12 2011, 08:42 PM
lingvo   [b][center]საშობაო ეპისტ...   Jan 7 2012, 11:33 AM
A.V.M   [b]სააღდგომო ეპისტო...   Apr 15 2012, 09:32 PM
A.V.M   საშობაო ეპისტოლე უ...   Jan 8 2013, 02:18 PM
A.V.M   ქრისტე აღდგა! პატ...   May 5 2013, 11:33 PM
A.V.M   ახლა ვიდეო ვერსიას...   May 11 2013, 04:36 PM
A.V.M   გილოცავთ ქრისტეშო...   Jan 7 2014, 04:45 PM
marine   როგორ იწერება პატრ...   Feb 13 2014, 12:36 PM
A.V.M   09:49 / 20-04-2014 პატრიარქის ...   Apr 20 2014, 02:03 PM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Jan 7 2015, 11:30 PM
marine   "თუ გვსურს ძლიერი...   Nov 3 2021, 09:48 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 08:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი