IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პატრიარქის ეპისტოლეები
G_I_O_R_G_I_
პოსტი Apr 8 2007, 05:58 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე



„ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“
(აღდგომის საგალობელი)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო,
ზეციური სიხარულით აღვსილი გულითადად გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

ჰოი, დიდებულო პასექო ქრისტესო, მომნიჭებელო სიხარულისაო, განმაახლებელო სულისა, გულისა და გონებისა ჩვენისაო, დაადგერ ჩუენთანა, რათა გიცნათ შენ, უფალო, ვითარცა ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

მაშ, განვიწმიდოთ ბოროტებისაგან და მივეახლოთ დაუღამებელ ნათელს, „რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ და გვყოფს მეცნიერად კეთილისა და ბოროტისა.

უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, გუშინ ვგლოვობდით ვნებასა და ჯვარცმასა შენსა, დღეს კი - ვზეიმობთ სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველსა აღდგომასა შენსა;

ჰოი, ბოროტებავ, უძლურია ძალა შენი წინაშე ღვთისა!

ადამის მოდგმავ, დაცემულო, მაგრამ უფლის მადლით წარწყმედისაგან ხსნილო, გიხაროდენ,

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

„სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი! აღდგა ქრისტე და დაირღუ შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღდგა ქრისტე და ცხორებაი მოქალაქობს; აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა; აღდგა ქრისტე მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა“ (წმიდა იოანე ოქროპირი).

დაე, აღდგომილი მაცხოვრის მაცხოვნებელი მადლი მოეფინოს სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს!

როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ღმერთმა ადამიანი შექმნა „ხატად და მსგავსად თვისსა“ და მას, სხვა მრავალ ნიჭთან ერთად, თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება - თავისუფლებაც უბოძა, ანუ შესაძლებლობა არჩევანისა - იყოს ღმერთთან, ან იცხოვროს მის გარეშე. არჩევნის შესაძლებლობა ანგელოზთა ცხრავე დასსაც ჰქონდა მინიჭებული.

უფლის ერთ-ერთმა უპირველესმა ანგელოზმა, თავის მიმყოლ დასსთან ერთად, ამპარტავნების ცოდვის გამო ღვთის გარეშე არსებობა მოინდომეს, რამაც მათი დიდი დაცემა და ბუნების სრული სახეცვლილება გამოიწვია, - უფლისაგან ბოძებული აბსოლუტურად ყველა სათნოება მათ თავისი ნებით დაკარგეს და იქცნენ ღვთისმბრძოლ არსებებად, რითაც საშინელი მარადიული ხვედრი განუწესეს საკუთარ თავს.

არსობრივად იგივე შეცდომა დაუშვეს პირველქმნილმა ადამმა და ევამაც. მათაც ამპარტავნების ცოდვის გამო განიზრახეს ღვთის მსგავსნი გამხდარიყვნენ და მიუხედავად უფლის გაფრთხილებისა, მაინც შეჭამეს აკრძალული ხის ნაყოფი, რასაც მოყვა მათი გულის, სულისა და გონების შინაგანი ერთობის სრული დარღვევა, სიწმინდის შებღალვა და ღმერთთან კავშირის გაწყვეტა.

მაგრამ ადამის მოდგმას, დაცემულ ანგელოზთაგან განსხვავებით, მიეცა შესაძლებლობა სულის ხორცში ყოფნის გამო (ამქვეყნად ხორციელად მყოფობის ჟამს), გამოესყიდა დანაშაული და მაცხოვრის მსხვერპლშეწირული სიყვარულის მადლით, გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ცოდვათაგან გათავისუფლებული კვლავ ძველ დიდებას დაუბრუნებოდა.

აი, ამისი საშუალება მისცა ძე ღვთისამ და ძე კაცისამ ადამის მოდგმას თავისი ჯვარცმით და მკვდრეთით აღდგომით.

დღეს ჩვენ სწორედ ამას ვზეიმობთ. და რაკი იესო ქრისტე მთელი კაცობრიობისათვის ეწამა, აღდგომის დღესასწაული ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელი ზეიმია, იგია ღმერთთან შერიგებისა და თითოეული ჩვენგანისათვის სასუფევლის დამკვიდრების შესაძლებლობის დადასტურება.

და რა შეიძლება იყოს კაცთათვის ამაზე მნიშვნელოვანი და სანატრელი?!

მაგრამ როგორც ედემში, აქ, ამ წუთისოფელშიც, ადამიანს მიცემული აქვს თავისუფალი ნება და თითოეულმა ჩვენგანმა პირადად უნდა აირჩიოს, - სურს მარადიული ნეტარების მოპოვება, თუ ცოდვის მონობა, რომლის შედეგიც მარადიული სატანჯველია.

ადამიანი ყოველ წუთს, ყოველ წამს დგას არჩევანის წინაშე - გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, თავის დაცემულ ბუნებაზე, თუ კიდევ უფრო დაიმძიმოს მდგომარეობა და წარწყმედისაკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს.

უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ცოდვის სხვა და სხვა სახე: ზოგი შედარებით მსუბუქია, ზოგი კი - იმდენად მძიმე, რომ სულიერ სიკვდილს იწვევს. ყველაზე საშინელი კი - სულიწმინდის გმობაა.

ზოგჯერ ადამიანი გულს იმშვიდებს, მცირე დანაშაული მაქვს და ღმერთი მაპატიებსო, მაგრამ თუნდაც მსუბუქი რომ იყოს ჩვენი ცოდვები, თუკი ისინი მრავლად გვაქვს, საგრძნობლად დააზიანებს ჩვენს შინაგან სამყაროს. ერთი მუჭა სილა წონით უმნიშვნელოა, მაგრამ სილით სავსე ტომარა - სატარებლად მძიმე.

ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იკეთებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური, მრისხანება, განხეთქილება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება“ და სხვა მისთანათა მოქმედნი სასუფეველს ღვთისას ვერ დაიმკვიდრებენ (გალ. 5. 20-21).

არიან ორმაგი სტანდატრებით მცხოვრები პიროვნებებიც, რომლებიც უშუალოდ თვითონ მომაკვდინებელ ცოდვებს ერიდებიან, მაგრამ უზნეო გზით ან სხვათა ტანჯვა-წამების ხარჯზე მოპოვებული შემოსავლით ცხოვრობენ, რითაც უდიდეს სასჯელს უმზადებენ საკუთარ თავს.

სულიწმინდის გმობის ცოდვაში იმყოფებიან უღმერთონი - ათეისტები და თვითმკვლელნი (შეურაცხადთა გარდა), ღმერთის შესახებ მწვალებლური სწავლების დამნერგველნი და საერთოდ, ის ადამიანები, რომელნიც ნებისმიერი ცოდვის, მითუმეტეს მომაკვდინებელი დანაშაულის, ცხოვრების წესად დამკვიდრების მოთავენი ან ხელშემწყობნი არიან.

ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ ანტიქრისტეს სწავლებას ავრცელებენ, რაც მათ ღვთისმგმობ და სულიწმინდის მოწინააღმდეგე ძალად აქცევს: „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ მათ“ (მათე 12,31). „და ვინც აცდუნებს ერთ მცირედთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ კისერზე და ზღვის უფსკრულში დანთქან“ (მათე 18,6).

ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იგი შეიძლება ზეცამდეც ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ გამოსწორების იმედი არ უნდა დაკარგოს. უფლის შეწევნით. ამის გარანტი კი არის ის, რომ ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, იქცევა თუ არა სწორად.

რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ბრძანებს, რომ წარმართებსაც კი „რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ და ხან ამართლებენ ერთიმეორეს“ (რომ. 2,15)

სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი.

რა არის ამქვეყნად ჩვენი მთავარი დანიშნულება?

მორწმუნეთა პასუხი ასეთია: ადამიანის ნებისა და ღვთის ნების თანხვედრა, მათი შერწყმა, ანუ სინერგია, რათა პიროვნება ღვთის ნების აღმსრულებელი გახდეს და მაცხოვართან თანაზიარებით სულიერად გადარჩეს. ამისი შესაძლებლობა ყველას აქვს. ხელისუფალს და მეცნიერს, მიწის მუშაკს და დამლაგებელს, ექიმსა თუ წარმოების ხელმძღვანელს, ჯარისკაცს, მოსწავლეს და სტუდენტს, მდიდარს და ღარიბს, მოხუცსა და ახალგაზრდას, მთავარია მან შეიცნოს ჭეშმარიტება და თავისი სულიერი და ფიზიკური შრომით სათნო ეყოს უფალს.

ასევე ყველასა აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აქვე, ამქვეყნად, მოიპოვოს ისეთი სიწმინდე, რომ განიღმრთოს და მასზეც განცხადდეს მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს“ (ლუკა 17,21).

სხვებისათვის კი სიცოცხლის მთავარი აზრი მიწიერი ცხოვრებიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაშია, რადგან არა სწამთ სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისა, არა სწამთ ღვთისა და ბუნებრივიცაა, რომ ასეთი აზროვნების გამო თავისი მოთხოვნილებებისა და ინსტიქტების დაკმაყოფილების ერთგვარი მორალური უფლება ეძლევათ; და ეკარგებათ განცდა მეგობრობის, ერთგულების, თავდადების, მოწყალების, თვით სამშობლოს სიყვარულისაც... ასეთი ადამიანისათვის არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ამაღლებული გრძნობა და ღირსება, რადგან მისთვის ყველაფერი წარმავალია, ყველაფერს „ეგოს“ და „მეს“ პრინციპი საზღვრავს და ცდილობს თავისი მიწიერი მოთხოვნილებების შესაძლებლობისამებრ დაკმაყოფილებას, თვლის რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება.

ჩვენს საზოგადოებაში ასეთი აზროვნების დამკვიდრებას ხელი შეუწყო 70 წლიანმა ათეისტურმა რეჟიმმა, თუმცა ქართველი ადამიანი ბუნებით საოცრად ღვთისმოსავია და ამიტომაც მოხდა მოკლე დროში სარწმუნოებისაკენ ერის შემობრუნება, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს დაემთხვა. ეს პროცესი კი მრავალ განსაცდელთან იყო დაკავშირებული. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს I პრეზიდენტი გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ მიწას. ჩვენ ამჟამადაც გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით. ახლა ყალიბდება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების ღირებულებათა სისტემაა. კომუნისტური რეჟიმის დროს არ არსებობდა დამოუკიდებელი საზოგადოება და იგი პარტიული იდეოლოგიით იმართებოდა, ხოლო დემოკრატიული მმართველობისას თვითონ საზოგადოების და პიროვნების პრინციპებსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული, როგორ გარემოში მოუწევთ მათ ცხოვრება.

ასე რომ, არჩევანი კვლავ ჩვენი გასაკეთებელია.

პიროვნების მსგავსად, ამა თუ იმ ერისა და კულტურების ხვედრსაც მათი არჩევანი განაპირობებს და ამაში ყველა თანასწორი და თანაბარუფლებიანია.

ქართველი ერი, უძველესი ქართული ენა სათავეს პრეისტორიული ხანიდან იღებს.

ის, რომ ჩვენ დღემდე მოვაღწიეთ ჩვენი ცხოვრების წესითა და ტრადიციებით, ჩვენი წინაპრების ღვთისსათნო არჩევანის შედეგია;

მოციქულთა მიერ ნაქადაგები ქრისტიანობის აღიარებამ სხვა და სხვა ქართველური ტომები ერთი რწმენით, ერთი ენით, ერთი კულტურით ერთიან ქართველ ერად შეადუღაბა და უნიკალური, თვითმყოფადი და მრავალფეროვანი ქართული ცივილიზაცია შექმნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ზოგადქრისტიანული კულტურის განვითარებაში;

საზღვარგარეთ ქართველებმა ადრეული საუკუნეებიდანვე განამრავლეს კულტურულ-საგანმანათლებლო კერები. უკვე V საუკუნიდან იერუსალიმში არსებობს პეტრე იბერისა და მისი მასწავლებლის, იოანე ლაზის მიერ შექმნილი სამონასტრო სავანე, რომელიც ჯვრის მონასტრის სახელით არის ცნობილი. გარდა ამისა, ქართველები წმიდა მიწაზე 40-ზე მეტ ტაძარს ფლობდნენ; ჩვენ მონასტრები გვქონდა კონსტანტინოპოლში, ეგვიპტეში, კვიპროსზე, საბერძნეთში, ბულგარეთში..... რაც მაშინდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან აქტიური ურთიერთობის საშუალებას გვაძლევდა და ეროვნული კულტურის ჩამოყალიბებაშიც გვეხმარებოდა.

უნდა ითქვას, რომ წელს ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს, - მცხეთის ჯვრის მონასტერს, 1400 წელი უსრულდება და ეს თარიღი იუნესკოს მიერაც აღინიშნება. მისი სრული ანალოგიითაა აშენებული მარტვილის VII საუკუნის ეკლესია, რომელიც დღესაც ჭყონდიდელ ეპისკოპოსთა საკათედრო ტაძარია. იგი უმნიშვნელოვანეს სულიერ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე.

ათასწლეულების მანძილზე ჩვენი ერი მტერთან გამუდმებულ ომებში მხოლოდ ღვთის იმედით იყო, რადგან არც სხვათა მსგავსად გვყავდა სადმე თანამოძმე ან მუდმივი სტრატეგიული მოკავშირე და არც მრავალრიცხოვანი და ეკონომიურად შეძლებული დიასპორა გვიმაგრებდა ოდესმე ზურგს.

მიუხედავად ამისა, XIX ს-მდე სუვერენული სახელმწიფოებრივი მმართველობა და ეკლესიის ავტოკეფალია შევინარჩუნეთ და რუსეთის იმპერიის მიერ 106 წლის მანძილზე უკანონოდ გაუქმებული ეკლესიის დამოუკიდებლობა საერო და სასულიერო პირების ძალისხმევით 90 წლის წინ აღვიდგინეთ, რამაც დიდი სტიმული მისცა ქართველ ერს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

საერთოდ, ქართული სამყარო მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ განაპირობა და დაიცვა. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. იგია ჩვენი ცნობიერებისა და ცხოვრების წესის საფუძველი და სავსებით ლოგიკურია, რომ დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ატრიბუტიკაში ქრისტიანული სიმბოლიკა დომინირებს: ხუთი ჯვარი მაცხოვრის ხუთ სამსჭვალზე მიუთითებს. ქვეყნის უმაღლესი სამართლებრივი დოკუმენტი - კონსტიტუცია კი მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებულ იურიდიულ და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ სტატუსს ანიჭებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს და მისი ხალხის ნების გამოხატულებაა.

„არა გეცრუვნეთ შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო“, - ასეთი იყო დავით აღმაშენებლის საქართველოს სულისკვეთება; სულისკვეთება იმ მეფისა, რომელმაც ღმერთის დახმარებით შეძლო ჩვენი სამშობლო ექცია ყველა დროის ქართველისათვის საოცნებო სახელმწიფოდ. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ დავითის საქართველოში მშვიდობიანად ეცხოვრათ მუსულმანებს, ებრაელებს, სომხებს და სხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს.

შემწყნარებლობა დღესაც ჩვენი უმთავრესი თვისებაა, - ესაა ჩვენი არჩევანი.

სწორედ ჩვენი რაინდული და ტოლერანტული ბუნების გამო იყო, რომ მიუხედავად დაპირისპირებისა და ომებისა, ქართველები ყოველთვის დიდი პატივით სარგებლობდნენ არაბების, სპარსელების, მონღოლების, ოსმალების. . . პოლიტიკურ წრეებში. იგივე იყო მიზეზი იმისაც, რომ წმიდა მიწაზე მუსულმანთა გაბატონების შემდეგ, XIII-XIV საუკუნეებში, იერუსალიმის მაჰმადიანი მმართველები ქრისტიანთაგან მხოლოდ ქართველებს აძლევდნენ უფლებას, გაშლილი დროშებით ცხენზე ამხედრებულნი ბაჟის გადაუხდელად შესულიყვნენ წმიდა ქალაქში და მაცხოვრის საფლავის კლიტეთა მფლობელნიც ქართველები ყოფილიყვნენ. ჩვენ ეს პატივი ომით არ მოგვიპოვებია. იგი იყო ქართული დიპლომატიის შედეგი, რასაც საეკლესიო ურთიერთობებიც განაპირობებდა.

სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესია დღესაც ცდილობს შეასრულოს ე.წ. „სახალხო დიპლომატის“ მისია და იყოს მშვიდობის დესპანი იმ რთულ სიტუაციებში, რომელშიც საქართველოს თანამედროვე პირობებში უწევს ყოფნა.

ამით იყო განპირობებული ჩვენი ჩასვლა მოსკოვში. ეს არის მიზეზი არაბულ ქვეყნებში ჩვენი მომავალი ვიზიტისაც. რელიგიურ ლიდერებთან ღია და გულთბილი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობაშიც ანალოგიურ დამოკიდებულებას იწვევს და მათში საქართველოსადმი კეთილგანაწყობა ჩნდება.

ყველასთვის მიუღებელია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა გადაიზარდოს ხალხებს შორის მტრობაში, განსაკუთრებით კი რელიგიურ დაპირისპირებაში, რადგან იგი პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან შედარებით ძნელად გამოსასწორებელია და ჩვენ ვცდილობთ ეს თავიდან ავიცილოთ.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს რომ არ ჩამოვრჩეთ, საჭიროა ინფორმაციის ფლობა და ანალიტიკური აზროვნება, მითუმეტეს, დიდი სახელმწიფოების დაინტერესების სფეროში მყოფი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.

ამიტომაც ანალიტიკური აზროვნებისთვის საჭიროა ბავშვობიდანვე ისწავლებოდეს. ამ საგნის შემოღება დიდად დაეხმარება ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ადვილად დაეუფლონ თავის მომავალ სპეციალობას.

რაკი ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება. კარგი იქნება, თუ საბავშვო ბაღებში ბატონ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაზე დაყრდნობით პატარებს გავუღვივებთ როგორც ერთმანეთის, ისე საერთოდ, ადამიანის თანადგომის სურვილს, პატიების უნარს, უფროსის პატივისცემას, მამულის სიყვარულს. ეს დამოკიდებულება გაჰყვება მათ სკოლაშიც და მთელ ცხოვრებაშიც.

სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოლოგი, რომელიც პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად დააკვირდება მოსწავლეს და დაეხმარება ღვთისაგან ბოძებული ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში.

აღზრდის საქმეში მასწავლებელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ შეიძლება სკოლაში შემთხვევითი ადამიანები მუშაობდნენ. სამწუხაროდ, ამას ჩვენთან არ ექცევა სათანადო ყურადღება, რის გამოც ყველაზე მეტად მომავალი თაობა ზიანდება. მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს და მშობელივით უნდა მოექცეს მათ. ამასთან, თვითონაც უნდა შეაყვაროს მათ თავისი თავიც და თავისი საგანიც. ამასთან, აუცილებელია, რომ იგი არ შემოიფარგლოს მხოლოდ საგნის სწავლებით და ცხოვრებისთვისაც მოამზადოს ისინი. ამ მიზნით მოსწავლეებთან უნდა ჩაატაროს კლასგარეშე შეხვედრები და საუბრები მათ მომავალზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ახალგაზრდებს ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეთ. ასწავლოს ავისა და კარგის გარჩევა, ასწავლიდეს სწრაფი რეაგირების კულტურას.

მიმაჩნია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი საშუალო და უმაღლესი სკოლების პედაგოგებს უნდა ქონდეთ, რადგან ისინი აყალიბებენ ქვეყნისა და ერის მომავალს და არ არსებობს ამაზე მეტად საპასუხისმგებლო სხვა პროფესია. ეს საქმიანობა უნდა იყოს პრესტიჟული და ეს წოდებაც დიდი შრომის ფასად უნდა მიენიჭოთ ამა თუ იმ ადამიანს.

თუ ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, გავზრდით მოაზროვნე, გონიერ, ანალიტიკური უნარის მქონე თაობას, რაც დაეხმარება მათ ზნეობრივად ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბებაშიც, რადგან ადამიანი, შეგნებულად თუ არ ემსახურება ბოროტებას, ადრე თუ გვიან აუცილებლად გააცნობიერებს, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ გამოცდაა და მომზადებაა მარადიულობისათვის და უარს აღარ იტყვის ყველაზე ძვირფასზე - უფლის სიყვარულზე.

როგორი იქნება თქვენი არჩევანი?

ტექნოლოგიური პროცესების განვითარებამ ადამიანის ცნობიერებისა და ცხოვრების წესის განსაზღვრის ყველაზე მძლავრ ბერკეტად მასმედია აქცია; ამიტომაც, აუცილებელია, რომ მანაც იტვირთოს აღმზრდელობითი ფუნქცია.

ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მასმედია ზრუნავს, რომ სახელმწიფო და კერძო არხებით (სპეციალიზებული მაუწყებლობის გარდა) საზოგადოებას მიაწოდოს ზნეობრივი და, საერთოდ, დადებითი ღირებულებების მქონე ტელეპროდუქცია და ფილმები, რასაც ჩვენთან, სამწუხაროდ, ნაკლები ყურადღება ექცევა.

ამასთან, ჩვენი ტელესივრცე ძირითადად დატვირთულია პოლიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით. საზოგადოებას კი ასევე სურს უყუროს ისტორიულ, სამეცნიერი, შემეცნებით, კულტურულ და ახალგაზრდულ გადაცემებს. ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც მხარი დავუჭირეთ დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობა „ივერია“-ს შექმნას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის პატრონაჟით საცდელი გადაცემებით უკვე გადის ეთერში. იგი უნდა იქცეს ოჯახის ტელევიზიად, რომელიც ყველა თაობისთვის მისაღები იქნება და ყველა ფენის ინტერესებს შეძლებისამებრ დააკმაყოფილებს. ამასთან, მან მოსახლეობაში და, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობაში, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. მისი განვითარება და წარმატება ჩვენი საზოგადოების თანადგომაზეა დამოკიდებული.

ყოველი ადამიანის სულიერი წინსვლა და წარმატება დიდად განაპირობებს მთელი ქვეყნის აღორძინებასა და კეთილდღეობას. ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით, გულმოდგინე შრომით მრავალი სასიკეთო საქმის კეთება შეიძლება. თითოეულ ჩვენგანს სხვა და სხვა ნიჭი აქვს ბოძებული უფლისაგან და იგი ღვთისა და ქვეყნის სამსახურად უნდა გამოვიყენოთ.

ხარობს დღეს წმიდა ეკლესია და უგალობს მკვდრეთით აღდგომილ ჩვენ მაცხოვარს, რომელმაც სიკვდილით სიკვდილი დასთრგუნა და მოგვანიჭა აღდგომის სიხარული.

„აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას და ურთიერთარს შევიტკბობდეთ“ (აღდგომის საგალობელი).

უფალო ძლიერო, სახიერო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელსა არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ ყოველთაგან მოელი სინანულსა და კაცთათვის განგიმზადებიეს სასუფეველი ცათა, ისმინე ლოცვისა ჩვენისა: გევედრები მეუფეო, შეუნდე უსჯულოებაჲ ერსა ჩვენსა შეცოდებულსა, რათა მადლითა შენითა შევუდგეთ მცნებათა შენთა აღსრულებასა; განამტკიცე სარწმუნოება გულთა შინა ჩვენთა, აღგვავსე სიყვარულითა და იმედითა შენითა;

ჰე, უფალო, განმრავლდა და განძლიერდა განსაცდელი სოფლისა ამის და დაუძლურდა გონება ჩვენი; მოგვხედე და განგვამტკიცე ძალითა შენითა.

ძმანო და დანო ჩვენო, მკვიდრნო ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლის მამულისანო, ეძიებდეთ სიმართლეს, შეიყვარეთ უფალი „ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა“ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა აღასრულოთ ნება მისი.

ძმანო და დანო აფხაზნო, ოსნო, ჩვენო ხორცნო და სისხლნო! არ გვძლიოს მტრობამ და სიძულვილმა. ჩვენ მუდამ გვაახლოებდა ურთიერთთანადგომა და სიყვარული. ილოცეთ და განძლიერდით. ჩვენი ძლიერება კი ჩვენს ერთობაშია. მწამს, ურთიერთნდობას და პატივისცემას კვლავ მოვიპოვებთ და სხვა ერის წარმომადგენლებთან ერთად ბედნიერნი ვიქნებით მშვიდობიან და განუყოფელ საქართველოში!

„განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაი და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისაი, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა ესერა, მწუხრი განისვენა ტირილმან და ცისკარსა ამას მოიწია სიხარული აღდგომისაი“ (მელენტი ეპისკოპოსი, სააღდგომო ჰომილია).

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა !
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი


როგორც ბოლოს პატრიარქმა დაამატა იფიქრეთ ამ საკითხებზეო და სიხარულისას ნუ მიეცემით განცხრომასო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Apr 15 2012, 09:32 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სააღდგომო ეპისტოლე
უწმიდესისა და უნეტარესის,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის
ილია II

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!
მაშ, მტკიცედ იდექით თავისუფლებით, რომლითაც ქრისტემ გაგვათავისუფლა და კვლავ ნუღა დაიდგამთ მონობის უღელს (გალატ. 5.1).

ქრისტე აღდგა!
სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი?!
ქრისტე აღდგა!
სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი?!

დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხარობენ კაცნი და ანგელოზთა დასნი; ,,ჩვენც შევიდეთ სახლსა უფლისასა… და ყოველნივე ვიშვებდეთ სერითა მით სარწმუნოებისათა~ (წმ. იოანე ოქროპირი)

მაინც რა არის ჩვენი ასეთი სიხარულის მიზეზი, რატომაა პასექი დღესასწაულთა დღესასწაული?!

მთელი კოსმოსის, ხილული და უხილავი სამყაროს შემომქმედი და სიცოცხლის ერთადერთი საწყისი არის ყოვლადწმიდა სამება. მასში, მასთან და მისით არსებობს ყოველი. იგია მარადიული, უცვალებელი და უძრავი. დანარჩენი ყველაფერი ცოცხალი კი ვითარდება, მოძრაობს და დაუსრულებლად მიისწრაფვის მისკენ.

ადამისა და ევას ცოდვით დაცემის გამო მთელი კოსმოსი ხრწნილებას დაექვემდებარა და სამყაროში შემოვიდა სიკვდილი. `როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, და ცოდვის მიერ _ სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში მის მიერ ~ (რომ. 5.12) ძველი აღთქმის წმიდა და მართალი ადამიანებიც გარდაცვალების შემდეგ სამოთხეში ვერ შედიოდნენ, რადგან მემკვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვით დამძიმებულნი ღვთის წიაღისთვის შეუფერებელნი იყვნენ. ასე რომ, ყველასთვის დაიხშო სასუფევლის კარი.

უფლის სამართალი და კანონზომიერება ითხოვდა, რომ ამ ცოდვის საპირწონე გამოსასყიდი ისევ ადამიანს აღესრულებინა; ხოლო რადგან კაცთა შორის და, ზოგადად, ქმნილებათა შორის, ასეთი არავინ იყო და ვერც გამოჩნდებოდა, გმინავდა სამყარო, ჯოჯოხეთი და სიკვდილი კი ზეიმობდა.

და აი, აღესრულა წარმოუდგენელი და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლო, _ კაცობრივი ხორცი შეისხა ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასმა, _ ძე ღვთისამ და ბეთლემს ბაგასა შინა მოევლინა წუთისოფელს, რომ თვითონ უცოდველს ეტვირთა ჩვენი ცოდვები, დაემარცხებინა ბოროტი ძალები და ჩვენთვის კვლავ მარადიული ნეტარება მოენიჭებინა. ,,სიტყვა განკაცდა, რათა ჩვენ განვღმრთობილიყავით~ (წმ. ათანასე დიდი).

ამქვეყნად უფალი ჩვეულებრივი ადამიანივით მოქმედებდა; ამიტომაც სრულად არავინ იცოდა ვინ იყო იგი. ეშმაკი მხოლოდ წმინდანს და ღვთის რჩეულს ხედავდა მასში; უდაბნოში გასულ იესოს მან გამოცდა მოუწყო და პირველი დამარცხებაც იწვნია.

მაცხოვარი შემდეგ უკვე თვითონ დევნის ეშმაკს, კურნავს შეპყრობილებს, დავრდომილებსა და კეთროვნებს, თვალს უხელს ბრმებს, აღადგენს მკვდრებს…
ბოროტი სული შეძრწუნებულია და გრძნობს, რომ ადვილად ვერ მოერევა მას. ამიტომაც მისი ნებისადმი ნებაყოფლობით დამორჩილებულ და გაუკეთურებულ ადამიანებს იყენებს თავისი მიზნის განსახორციელებლად.

და აი, იუდა…, სინედრიონი…, პილატეს სამსჯავრო, ჯვარცმა და ძე კაცისას ადამიანური ტკივილით სავსე უკანასკნელი აღმონათქვამი: ,,ელი, ელი, ლამა საბაქთანი~, ,,უფალო, უფალო, რაისათვის დამიტევე მე”.

თითქოს აღსრულდა ფარისეველთა და ჯოჯოხეთის ძალთა წადილი, _ მოკვდა იესო; მისი სული და სხეული ერთმანეთს განეშორა, მაგრამ სწორედ ამ დროს მოხდა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა, _ ქვესკნელში შთავიდა სამყაროს შემომქმედი! ეშმაკი ჰგონებდა, რომ სხვა ადამიანთა მსგავსად შთანთქავდა ჯვარცმულ იესოს, მაგრამ თავად აღმოჩნდა ძლეული. ქრისტე მაცხოვარმა, რომელშიც საღვთო ბუნება ადამიანურ ბუნებასთან იყო შეერთებული, შემუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი, დაამხო მისი ძლიერება, დათრგუნა სიკვდილი და იქ მყოფი მართალთა სულნი ცათა სასუფეველში აიყვანა.

ქრისტემ `ძლევაი საკვირველი~ მოიმოქმედა. ეშმაკს ყოვლითურთ სძლია და ადამიანს მიანიჭა სიკვდილზე გამარჯვების შესაძლებლობა, მაგრამ იგი ყველამ პიროვნულად უნდა მოიპოვოს.

გავიხსენოთ უფლის სიტყვები: `მამაო, განადიდე ძე შენი, რათა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. რაკი მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე…, მისცეს საუკუნო სიცოცხლე~ (იოანე 17,1,2).

ამიტომაცაა ეს დღე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ჩვენთვის და საერთოდ, ქრისტიანული სამყაროსათვის.

მკვდრეთით აღდგომილი უფალი სულიწმიდის გარდამოსვლისას აფუძნებს წმიდა ეკლესიას _ თავის მისტიკურ სხეულს, რომლის ერთი ნაწილი ცხონებაში მყოფ მართალთა სულებისაგან შედგება და მას მოზეიმე ეკლესია ჰქვია, ხოლო მეორე ნაწილი ამ ქვეყნად მცხოვრებ ქრისტიანთა კრებულს წარმოადგენს და მებრძოლი ეკლესია ეწოდება, რადგან თითოეულმა მისმა წევრმა ცოდვასთან ბრძოლით უნდა მოიპოვოს გადარჩენა და მარადიული სიცოცხლე.

,,სასუფეველი ცათა იიძულების” _ ბრძანებს სახარება. ეს ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან გვმართებს, _ ჩვენს ეგოიზმთან და ამპარტავნებასთან, რაც არის ყველაზე დიდი და საშიში ნესტარი ჩვენი სულისა. ჩვენი გული, რომელიც სავსეა ცოდვით და ცოდვითი მიდრეკილებებით, ჭუჭყისგან უნდა გავათავისუფლოთ და დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, _ ჩვენს ნამდვილ ,,მეს”. ამას კი, როგორც გვასწავლის უფალი, მივაღწევთ, თუ შევიყვარებთ მოყვასს, ვითარცა საკუთარ თავს.

მაშ, შეიყვარე მოყვასი და ამით შეიყვარებ შემომქმედს. შენი სიკეთე გაგიღებს სამოთხის კარს, თავმდაბლობა შეგიყვანს უფლის სავანეში, სიყვარული კი წარგადგენს შემოქმედთან, _ წმ. მამების ეს რჩევა ჩვენი ცხოვრების კანონად უნდა ვაქციოთ.

ამ გზაზე შეურაცხყოფაც შეგვხვდება და ცილისწამებაც, დაცინვაც და დამდაბლებაც, დაცემაც და აღდგომაც. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ყველაფერი ჩვენი ამპარტავნების წამალია, მწარე, მაგრამ განმაკურნებელი წამალი.

მაგრამ კაცობრიობის ნაწილი ასე სულაც არ ფიქრობს, რადგან არ სჯერათ ღმერთის და მარადიული ცხოვრების.

უღმერთოთა ნაწილი სიცოცხლის აზრს მხოლოდ ამქვეყნიური კეთილდღეობის სხვისთვის შექმნაში ხედავს; სხვანი _ შვილების ყოლაში, რადგან მომავალს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, მაგრამ მათ არა აქვთ პასუხი თუნდაც ისეთ მარტივ კითხვებზე, როგორიცაა მაგ: რა აზრი აქვს გამრავლებისათვის ზრუნვას, თუ შთამომავლობა შენთან ერთად არარაობად უნდა იქცეს? მით უმეტეს, რა აზრი აქვს პროგრესს, კაცობრიობისათვის ზრუნვას, თუ ჩვენი მონაპოვარი მოხმარდება მათ, ვინც ხვალ აღარ იარსებებს?

ეს ადამიანები გარკვეულწილად სხვისთვის ცხოვრობენ, მაგრამ მათი ყოფის მიზანს ასეთი აზროვნება სრულიად აუფასურებს.

ისინი გაცილებით დასაფასებელნი არიან, ვიდრე ,,ლოგიკურად~ მოაზროვნენი, რომელნიც მიიჩნევენ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ საკუთრი ბედნიერებისათვის და ასევე ბედნიერად დაამთავრონ ცხოვრება აქ, რადგან მათთვის იმქვეყნად არაფერი არ არსებობს.

ეს არის ყველაზე პრიმიტიული დამოკიდებულება სიცოცხლისადმი და რაოდენ სამწუხაროა, რომ ჩვენს დროში მსოფლიოში სწორედ ამგვარი განწყობისათვის ხდება ხელის შეწყობა.

მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ამ მოვლენაზე, რომ უფრო ნათლად გავერკვიოთ რა ვითარებაში გვიწევს ცხოვრება.

საზოგადოებრივი ყოფისადმი ,,ახალი მიდგომა” ჯერ გამოიხატა იმით, რომ შეეცადნენ, ადამიანისათვის დაევიწყებინათ ცოდვის განცდა და ამოქმედდა ასეთი პრინციპი: ნებისმიერი ქმედება მისაღებია, თუ იგი არ ზღუდავს სხვის თავისუფლებას. მაგ: სხვისი უზნეობა თუ მე არაფერს მიშავებს, ეს ქმედება უარყოფითი აღარ არის…

და დაიწყო ამგვარი აზროვნების ყველგან დამკვიდრება, რაც არის აჯანყება ზნეობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ.

თავისუფლება და ზნეობრიობა ბუნებითია ადამიანისათვის. რომელიმე მათგანის უგულებელყოფა იწვევს პიროვნების და ასევე საზოგადოების დამახინჯებას.
სეკულარიზაციის მიმდევრებმა წინ წამოწიეს რა ცრუ თავისუფლების იდეა, ზნეობა საერთოდ ჩამოაშორეს მას და ბოლოს უკვე ასეთი პრინციპიც წამოაყენეს: რაც მსურს, ყველაფერი ბუნებრივია, დასაშვები და მისაღებია!

ეს ნიშნავს, რომ ბოროტებაც მისაღებია და ამაში ცუდი არაფერია!

ასეთი ცხოვრების ფილოსოფია ერთ მნიშვნელობას ანიჭებს ყველა იდეასა და შეხედულებას, ღირებულებათა ყველა სისტემას და ადამიანს ნებისმიერი არჩევანის გამართლებას სთავაზობს.

საყოველთაო ჭეშმარიტება აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური ,,ჭეშმარიტებები”. მათ შორის კი წარმატებულია ის მიმართულება, რომელიც მხარდაჭერილია ინფორმაციული მანქანისაგან და კარგად არის რეკლამირებული.

თეოლოგთა შეხედულებით, ფეხს იკიდებს ვულგარული აზროვნება, რომელიც ადამიანში მხოლოდ ცხოველური ინსტიქტების წინ წამოწევას ემსახურება.
ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლების სრული ანტიპოდი. ეს არის ცოდვის და ეშმაკის ისეთი ბატონობა, რომლის მსგავსიც არ ახსოვს კაცთა მოდგმას!
ამგვარი აზროვნების წესსა და დამოკიდებულებას პროპაგანდას უწევენ ყველგან და მათ შორის საქართველოშიც.

როგორც ჩანს, ამ ,,ახალი იდეოლოგიის” გამოვლინება და გამოხატულებაა 100 000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენება, ასევე ქალაქის ცენტრში ცოდვის სახლების, _ კაზინოსა (თანაც საპატრიარქოს გვერდით) და ტოტალიზატორის… გახსნა, სოდომ-გომორის ცოდვის ჩამდენთა და მათი მსგავსი სხვა ,,გმირების” პოპულარიზაცია.

ეკლესიას, რომელიც მის წევრთა პიროვნული ნაკლულევანების მიუხედავად, ყოვლად წმინდაა და სრულიად უცდომელი, ქრისტეს მცნებისამებრ, ყველა უყვარს და ცდილობს დაეხმაროს მათ, მაგრამ ეს სიყვარული სულაც არ ნიშნავს ცოდვასთან შემგუებლობას. პირიქით, ჩვენი რწმენა მოითხოვს, რომ ცოდვა მოვიძულოთ და ვებრძოლოთ მას, ხოლო ადამიანი გავაფრთხილოთ და დავიცვათ.

ასეთი დაწესებულებები ბევრ ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ჯერ-ჯერობით აკრძალულია, ხოლო სადაც დაშვებულია, მათ კანონით მკაცრად განსაზღვრული მდებარეობა აქვთ _ მოცილებულნი არიან სასწავლო და რელიგიურ დაწესებულებებს, ქალაქის ცენტრს, საზოგადოების დასვენებისა და კულტურული თავშეყრის ადგილებს.

მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა და მრავალი ხელშემწყობი ფაქტორისა, ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა და ჩვენმა ხალხმა გაუძლო ამ საცდურს და ზნეობისა და ტრადიციული ღირებულებების დამცველად დარჩა.

ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ მტკიცე ოჯახისა და ძლიერი სახელმწიფოს შექმნას, ამიტომაც გვსურს, რომ გამოვთქვათ ჩვენი ზოგიერთი მოსაზრება:
მიუხედავად ქვეყნის გარკვეული წინსვლისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად კვლავაც დაუცველ ფენას წარმოადგენს; დაბალია ეროვნული წარმოებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მაჩვენებელი; ბაზარზე დომინირებს იმპორტული საქონელი; არარეალურადაა გაზრდილი გადასახადები, მათ შორის კომუნალური, შემოსავლის წყარო კი, დაბალანაზღაურებადია.

საჭიროა ისეთი კანონების მიღება, რომელიც შეამცირებს გადასახადებს, განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობის სფეროში, რათა იგი გახდეს დაინტერესების საგანი. ფრიად სასურველია, დახმარება გაეწიოს გლეხურ მეურნეობას, რომ მათ შეძლონ მიწის დამუშავება, თესლის, სასუქისა და სხვა შესაწამლი საშუალებების შეძენა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა და გადამუშავება. სარეალიზაციო ბაზრის მოპოვება კი, ვფიქრობთ, სახელმწიფოს არ გაუჭირდება, მასზე მსოფლიოში მოთხოვნა დიდია.

თუ ეს განხორციელდა, მოკლე დროში შესამჩნევი იქნება წინსვლა და ხალხს დაუბრუნდება შრომის სურვილი.

ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ჯანდაცვის სფერო.

ექიმობა ღვთივკურთხეული და კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური საქმიანობაა. დღესაც მსოფლიოში იგი ყველაზე საპატიო და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. ხოლო იქ, სადაც ექიმს არ უჭირავს სათანადო ადგილი და არა აქვს დაფასება, პაციენტს ეკარგება მისდამი ნდობა, რის შედეგადაც პირველ რიგში ზარალდება არა ექიმი, არამედ ავადმყოფი და საბოლოოდ მთელი საზოგადოება; ამიტომ, ვფიქრობთ, ჯანდაცვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს ექიმის კვალიფიკაციის ამაღლება, მათი პრესტიჟის დაცვა და ახალგაზრდა მაღალპროფესიული კადრის აღზრდა.

ავადმყოფის მკურნალობა ასევეა დამოკიდებული ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების გამოყენებაზე, ვინაიდან უვარგისი და ფალსიფიცირებული წამალი შეიძლება საწამლავად ექცეს მას. ამიტომ საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყანაში შემოტანილი თუ ადგილობრივი წარმოების პრეპარატის ხარისხს.
ფრიად სასურველია სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდეს ჩვილობის ასაკში ბავშვისა და დედის ერთად ყოფნის ხელშეწყობა და დედისათვის ხელფასიანი შვებულების თუნდაც ექვს თვემდე გაზრდა.

დღეს სერიოზულად ზრუნავენ დაავადებათა პროფილაქტიკასა და მათ ადრეულ გამოვლენაზე, რაც ძალიან სწორია და აუცილებელი. ამასთან, მიმაჩნია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა უნდა გაგრძელდეს ჯანდაცვის სფეროსა და ეკლესიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, რაც, ვფიქრობთ, უფრო ეფექტური იქნება.

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, რადგან ციხეებში არსებობს მრავალი ხელშემწყობი ფაქტორი ისეთი სოციალურად საშიში დაავადებების მძიმე ფორმების გავრცელებისათვის, როგორიცაა თუნდაც ტუბერკულოზი.

აუცილებელია სპეციალური სამსახურების მობილიზება და მათი ინტეგრირებული საქმიანობა, რომ სწორად გატარებული პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებებით თავიდან ავიცილოთ ციხეებში როგორც ამ დაავადების, ისე c ჰეპატიტის, შიდსის და სხვათა გავრცელება, ხოლო უკვე დაავადებულებში – დროული მკურნალობა.

ჩვენი ტკივილია, რომ საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში ძალიან ბევრი პატიმარია, მათ შორის დიდია არასრულწლოვანთა და ქალთა რაოდენობა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან არსებული ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიების უფრო აქტიური საქმიანობა. ამასთან, იქნებ ვიზრუნოთ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, მიმაგრების და სხვა ალტერნატიული სასჯელების ამოქმედებაზე იმ პატიმართა მიმართ, რომელნიც საშიშ დამნაშავეებს არ წარმოადგენენ.

კარგი იქნება, ციხეებში შეიქმნას სამუშაო ადგილები, სადაც ისინი შეძლებენ თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოყენებას. რეალიზებული ადამიანი კი საზოგადოებისათვის ნაკლებ საშიშია.

აუცილებელია ამოქმედდეს კანონი სასჯელის გადავადების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, მძიმე ან უკურნებელი სენით დაავადებულ პატიმრებს უფლება მიეცეთ, დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება და გამოჯანმრთელებამდე დარჩნენ და იმკურნალონ ოჯახურ გარემოში ახლობლების მზრუნველობის ქვეშ.

პატიმრებსა და სნეულებზე ზრუნვა ღვთის მცნების აღსრულება და ერთ-ერთი მთავარი სათნოებაა.

ხშირად უთქვამთ: ხომ შეეძლო უფალს, ადამიანები სიკეთისაკენ ისე მიემართა, რომ ისინი ცოდვით არ დაცემულიყვნენ და ამდენი განსაცდელიც აღარ გადაეტანათ?

ღმერთი სულია, _ წერს პავლე მოციქული, _ და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა.” (II კორ.3,17).

ადამიანის სიდიადე სწორედ იმაშია, რომ იგი თავისუფლებისთვისაა დაბადებული და მინიჭებული აქვს არჩევანის შესაძლებლობა კეთილსა და ბოროტს, სიწმიდესა და ცოდვას, სიკვდილსა და მარადიულობას შორის.

თავისუფლების მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ პიროვნებამ თავისი სურვილით, გაცნობიერებულად, სიყვარულით დაუმორჩილოს თავისი ნება ღვთის ნებას, რათა მოხდეს ძალდაუტანებელი შეერთება და სრული დაქვემდებარება მისდამი, რისი შედეგიც არის შემოქმედთან მსგავსების მიღწევა, ანუ მადლისმიერი განღმრთობა.

რომელი მიწიერი კეთილდღეობა შეიძლება შეედაროს იმას, რასაც უფალი თავის მორწმუნეთ უმზადებს?!

,,საერთოდ, ყველა ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია” _ წერს II-III-საუკუნეების ცნობილი მწერალი ტერტულიანე.

ასე რომ, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს მორწმუნე და ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი, თუკი, რა თქმა უნდა, ადამიანი არ გაიუკუღმართებს ბუნებას და თავისი პიროვნული არჩევანით არ დაექვემდებარება ცოდვას.

ჭეშმარიტი რწმენის მოპოვებისათვის კი აუცილებელი პირობაა საკუთარ თავში ჩაღრმავება. სულის, გულისა და გონების განწმედა, წმინდა წერილისა და საღვთისმეტყველო ლიტერატურის კითხვა და დახმარებისთვის უფლის წინაშე ლოცვა.

ძველი ნათქვამია: მსგავსი მსგავსს შეჰხარის და შეიცნობსო.

ბუნებრივია, სადაც სიბნელეა, იქ სინათლე ვერ იქნება, სადაც ჭუჭყი ბუდობს, იქ სისუფთავეზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომაც ჭეშმარიტი რწმენა ვერ იარსებებს უზნეობისა და ცოდვის გარემოში.

ხოლო ადამიანი, ვინც გულწრფელად ეძიებს სამყაროსა და თავისი არსებობის მიზეზსა და მიზანს, ვისაც მთელი არსებით სურს, ჭეშმარიტების შეცნობა, ადრე თუ გვიან, მაინც იპოვის უფალს და გააცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება გაბრწყინებული უნდა იყოს აღდგომის ნათლით და ქრისტეში მარადიული ნეტარების დამკვიდრების სასოებით; რომ ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების უმთავრესი მიზანი სასუფევლის მოპოვებაა, დანარჩენი ყველაფერი, _ სამშობლო, ოჯახი, შვილები, ახლობლები, მეგობრები და ყოველივე ამქვეყნიური მოღვაწეობა ამ მიზნით უნდა იყოს წარმართული. უფალი ბრძანებს _ მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული (გამოცხ. 1.8); მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც ჰსწამს ჩემი, კიდეც, რომ მოკვდეს, იცოცხლებს (ინ. 11,25).

ჩემო სულიერო შვილებო, აფხაზნო, ოსნო, უკრაინელნო, ქართველნო, ბერძენნო, ასირიელნო, აზერბაიჯანელნო, რუსნო, სომეხნო და ქურთნო, უდინნო, იეზიდნო და სხვანო, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო საყვარელო თანამემამულენო, ჩვენ გვწამს, რომ ქრისტემ მიიღო სიკვდილი იმისათვის, რომ ჩვენში მომკვდარიყო ცოდვა. მაშ, მოვკვდეთ ცოდვისთვის, რათა ჩვენშიც გაცოცხლდეს ქრისტე!

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2012 წელი




--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
solomony   პატრიარქის ეპისტოლეები   Apr 8 2007, 05:58 PM
makuna7474   solomony ძალიან დიდი მად...   Apr 10 2007, 01:28 AM
ლეონტი   როგორც მამა გაბრიე...   Apr 10 2007, 10:49 AM
salomea07   რა სიბრძნე და რა სი...   Apr 10 2007, 02:39 PM
tamari_irakli   დიდი მადლობა! გმე...   Apr 10 2007, 10:21 PM
solomony   მე განსაკუთრებით ...   Apr 10 2007, 10:28 PM
arti vardi   რა ბედნიერებაა რომ...   Apr 16 2007, 04:45 PM
KoTe   modloba kvelaaaaaaaaaassssssssss   May 1 2007, 05:49 PM
solomony   საშობაო ეპისტოლე უ...   Jan 7 2008, 02:05 PM
marine   საოცარია პატრიარქ...   Jan 22 2008, 03:26 PM
solomony   უწმინდესი და უნეტა...   May 3 2008, 11:21 AM
ალექსანდრე   :)   May 3 2008, 11:52 AM
lingvo   http://www.link.ge/file/191290/sashobao-epistole.p...   Jan 7 2009, 05:45 PM
KAIROS   2009 წლის საშობაო ეპი...   Jan 8 2009, 10:24 AM
KAIROS   ხოლო “ვისაც უყვარს...   Jan 8 2009, 11:20 AM
ილია   სააღდგომო ეპისტოლ...   Apr 19 2009, 06:56 PM
Belief   ნამდვილად ეს იყო ი...   Apr 21 2009, 01:59 PM
ბექა   2010-01-06 ქრისტეს მიერ ს...   Jan 7 2010, 12:54 PM
llaasshhaa   მშვენიერია :wub:   Jan 7 2010, 03:56 PM
sable   მშვენიერი ეპისტოლ...   Jan 7 2010, 09:46 PM
ბადრი   ბექა გაიხარე! მშ...   Jan 7 2010, 11:16 PM
ბექა   sable აბორტზე როგორც ვ...   Jan 7 2010, 11:25 PM
sable   sable აბორტზე როგორც ...   Jan 7 2010, 11:31 PM
ბექა   თუ მასეა კარგია, მა...   Jan 8 2010, 12:35 AM
KAIROS   ძალიან მომეწონა ეპ...   Jan 15 2010, 09:28 AM
lingvo   უწმიდესი და უნეტა...   Apr 4 2010, 04:33 PM
Amuza   [center][size=4] უწმიდესი და ...   Apr 6 2010, 05:03 PM
KAIROS   მე ეს მენიშნა ცუდა...   Apr 7 2010, 04:25 AM
lingvo   ეს ჩემ პროფესიას უ...   Apr 7 2010, 01:21 PM
lingvo   [size=3][b]საშობაო ეპისტ...   Jan 7 2011, 11:41 AM
lingvo   [size=3][b]სააღდგომო ეპი...   Apr 24 2011, 10:05 AM
A.V.M   აქ კი დავდოთ ხოლმე ...   Nov 12 2011, 12:22 PM
A.V.M   2010-01-06 ქრისტეს მიერ ს...   Nov 12 2011, 12:35 PM
A.V.M   სააღდგომო ეპისტოლ...   Nov 12 2011, 01:32 PM
A.V.M   2009 წლის საშობაო ეპი...   Nov 12 2011, 01:59 PM
A.V.M   უწმინდესი და უნეტა...   Nov 12 2011, 02:55 PM
A.V.M   ვაგრძელებ თემათა ,,...   Nov 12 2011, 08:21 PM
A.V.M   უწმინდესი და უნეტა...   Nov 12 2011, 08:42 PM
lingvo   [b][center]საშობაო ეპისტ...   Jan 7 2012, 11:33 AM
A.V.M   [b]სააღდგომო ეპისტო...   Apr 15 2012, 09:32 PM
A.V.M   საშობაო ეპისტოლე უ...   Jan 8 2013, 02:18 PM
A.V.M   ქრისტე აღდგა! პატ...   May 5 2013, 11:33 PM
A.V.M   ახლა ვიდეო ვერსიას...   May 11 2013, 04:36 PM
A.V.M   გილოცავთ ქრისტეშო...   Jan 7 2014, 04:45 PM
marine   როგორ იწერება პატრ...   Feb 13 2014, 12:36 PM
A.V.M   09:49 / 20-04-2014 პატრიარქის ...   Apr 20 2014, 02:03 PM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Jan 7 2015, 11:30 PM
marine   "თუ გვსურს ძლიერი...   Nov 3 2021, 09:48 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 02:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი