![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
მშვიდობა, წმ. წერილის განყოფილებაში აქამდე არ ყოფილა ცალკე თემა მიძღვნილი ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებისადმი. ამ მეცნიერებას (ანუ ბიბლიის შემსწავლელ მეცნიერებას) ეწოდება "ბიბლეისტიკა". ფორუმზე, წმ. წერილის განყოფილებაში, სხვადასხვა ავტორების მიერ იხსნებოდა ცალ-ცალკე სხვადასხვა თემები, სხვადასხვა საკითხებზე, მათგან უმრავლესი ძალიან მცირე ინფორმაციის გასაგებად... ამის გამო იხსნებოდა მრავალი თემები, რაც უკვე აღვნიშნე, და განყოფილების გვერდებიც ნელ-ნელა იზრდებოდა. მემგონი საჭიროა, რომ განსაკუთრებულად არსებობდეს ერთი თემა ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებზე სასაუბროდ. ახლა კი ამ თემაში იყოს ასეთი ხასიათის კითხვები, პასუხები, ძიებანი, გამოხმაურებები და ა.შ
თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის (იმის გამო, რომ "ბიბლეისტიკა" ძალიან ფართო მეცნიერებაა) და ამ საგან "წმინდა წერილის" განყოფილებაში ქვე-განყოფილებას მიუძღვნის, სახელით "ბიბლეისტიკა", კარგი და მოწესრიგებული, ალბათ, ყველასათვის სასურველი იქნება. ციტატა თავიდანვე ვაცხადებთ, რომ: ეკლესია არ ეფუძნება ბიბლიას (ყველა სექტისაგნ განსხვავებით). უფრო მეტიც, ბიბლია არის ეკლესიის პროდუქტი, ნაყოფი (ასევე ყველა სექტისაგნ განსხვავებით; ეკლესიაში ვგულისხმობთ იმ ეკლესიას, რომელიც თავად მაცხოვარმა დაარსა და რომელმაც დააკანონა, მოიტანა ჩვენამდე ”ბიბლია”). ახლა კი პირდაპირ საკითხზე გადავალ და პირველად მე თვითონ შემოგთავაზებთ უცხოელი ავტორის, რიჩარდ დიმის მცირე ნაშრომის თარგმანს. შესავალი ბევრ სკეპტიკოსს სჯერა, რომ ბიბლია საუკუნეების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. სინამდვილეში, ბიბლია ითარგმნა სხვადასხვა ენებზე (ბერძნულად, ლათინურად, გერმანულად, შემდეგ ინგლისურად და სხვა ენებზე, იხ. ბიბლიის ისტორია). თუმცა, უძველესი ხელნაწერები (ებრაული, არამეული და ბერძნული) სავსებით სანდოდ გადაიწერებოდა საუკუნეთა განმავლობაში - ძალიან მცირე, უმნიშვნელო ცვლილებებით. ძველი აღთქმა საიდან ვიცით, რომ ბიბლია 2000 წლის მანძილზე უცვლელად ინახებოდა და გადაიწერებოდა? მკვდარი ზღვის გრაგნილების აღმოჩენამდე, ძვ. აღთქმის უძველესი ებრაული ხელნაწერი იყო მაზორეტული ტექსტი, ახ. წ. 800 წლით დათარიღებული. მკვდარი ზღვის გრაგნილები თარიღდება უფლის, იესო ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდით, იგი გადაიწერა ყუმრანის მოსახლეობის (თემის) მიერ, მკვდარი ზღვის გარშემო არსებული ებრაულ სექტის მიმდევრების მიერ. ჩვენ ასევე გვაქვს სამოცდაათთა ბერძნული თარგმანი (სეპტუაგინტა) ძვ. აღთქმისა, რომელიც ქრისტეს შობამდე III-II (270 წ.) საუკუნით თარიღდება. როდესაც ამ ტექსტებს შევადარებთ, რომელთა შორისაც 800-1000 წლიანი უფსკრულია, გაოცებულნი დავრჩებით, რადგან ორივე ტექსტი 95% იდენტურია, მათში მხოლოდ მცირე ვარიაციები და რამდენიმე შეუსაბამობაა. ახალი აღთქმა არსებობს ათი ათასობით ხელნაწერი ახალი აღთქმისა, რომლებიც, მთლიანად თუ ნაწილობრივ, თარიღდებიან ახ. წ. II საუკუნიდან XV საუკუნემდე, როდესაც საბეჭდი მანქანა გამოიგონეს. ეს ხელნაწერები აღმოჩენილია ეგვიპტეში, პალესტინაში, სირიაში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, და ყოველგვარი "პირის შეკვრა" საეჭვოა, ნაკლებად დასაჯერებელია. ყველაზე ძველი ხელნაწერი, ჯონ რილენდისად წოდებული, დათარიღებულია ახ. წ. 125 წლით. იგი ნაპოვნი იქნა ეგვიპტეში, ანუ მცირე აზიიდან (სადაც ახალი აღთქმა თავდაპირველად შეიქმნა) მცირე მანძილის დაშორებით. არაერთი უძველესი ქრისტიანული პაპირუსი აღმოაჩინეს 1935 წელს, 150 წლით დათარიღებული, ოთხთავის (ანუ ოთხი სახარების) შემცველი. ბოდმერის (ბოდმერის ბიბლიოთეკა, შვეიცარია) II პაპირუსი აღმოაჩინეს 1956 წელს, თარიღდება ახ. წ. 200 წლით და მოიცავს იოანეს სახარების 14 თავსა და ბოლო შვიდი თავის ნაწილებს. ჩესტერ ბითის ბიბლიური პაპირუსი აღმოაჩინეს 1931 წელს, თარიღდება ახ. წ. 200-250 წლით და მოიცავს ოთხთავს, მოციქულთა საქმეებს, წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლეებს და გამოცხადებას. წმ. წერილის ხელნაწერთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე უძველესი საისტორიო მწერლობის ძეგლებისა, მაგ. როგორიცაა კეისარის "გალური ომები" (10 ბერძნული ხელნაწერი, უძველესი ხელნაწერი 950 წლითაა დაშორებული დედანს), ტაციტუსის "ანალები" (ორი ხელნაწერი, მათ შორის უძველესი 950 წლითაა დაშორებული დედნისაგან), ტიტუს ლივიუსი (20 ხელნაწერი, მათგან უძველესი 350 წლითაა დაშორებული დედანს, და პლატონი (7 ხელნაწერი). ![]() ათასობით ადრეული ქრისტიანული ნაწერები და ლექციონარები (პირველი და მეორე საუკუნისა) ციტირებენ ახალი აღთქმის წიგნებიდან მუხლებს. ფაქტობრივად, ეს მთელი ახალი აღთქმაა ადრეულ ქრისტიანულ მწერლობაში. მაგალითისათვის, წმ. კლიმენტის ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ (თარიღდება ახ. წ. 95 წლით) ციტირებულია მუხლები ოთხთავიდან, მოციქულთა საქმეებიდან, პავლე მოციქულის ეპისტოლედან - რომაელთა მიმართ, კორინთელთა მიმართ I ეპისტოლედან, ეფესელთა მიმართ ეპისტოლედან, ტიტეს მიმართ ეპისტოლედან, ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან და წმ. პეტრე მოციქულის I კათოლიკე ეპისტოლედან. ეგნატეწ (ეგნატე ღმერთშემოსილი) წერილებში (თარიღდება ახ. წ. 115 წლით.), რომელიც მცირე აზიის რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიის მიმართ დაიწერა, ციტირებულია მუხლები მათესა და იოანეს სახარებიდან, რომაელთა, კორინთელთა I და II ეპისტოლეებიდან, გალატელთა და ეფესელთა ეპისტოლედან, ფილიპელთა მიმართ, ტიტესა და ტიმოთეს მიმართ I და II ეპისტოლეებიდან. ეს წერილები იმაზე მიუთითებს, რომ მთელი ახალი აღთქმა დაიწერა ახ. წ. პირველ საუკუნეში. ამის გარდა, გვაქვს შიდა ტექსტობრივი მტკიცებულებანი ახალი აღთქმის დაწერის პირველი საუკუნით დათარიღებისათვის. მოციქულთა საქმეები მთავრდება მოულოდნელად, უეცრად, პავლე მოციქულის პატიმრობაში, რომელიც სასამართლო პროცესს ელოდება (მოციქულთა საქმენი 28:30-31). შესაძლებელია, რომ წმ. ლუკა "მოციულთა საქმეები" იმ დროის განმავლობაში დაწერა, სანამ პავლე მოციქული უკანასკნელად წარსდგებოდა ნერონის წინაშე; ეს იყო დაახლოებით 62-63 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ "საქმეთა" წიგნი და "სახარება ლუკას თავისა" (ლუკას სახარება) დაიწერა იესო ქრისტეს მოღვაწეობის, სიკვდილისა და აღდგომიდან ოცდაათი წლის განმავლობაში. სხვა, შიდა ტექსტობრივი მტკიცებულება ისაა, რომ ტექსტში არ არის ნახსენები იერუსალიმის დაქცევა, რომელიც 70 წელს აღსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ წმ. მათემ, მარკოზმა და ლუკამ ჩაწერეს იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება ტაძრისა და ქალაქის დაქცევაზე, რომელიც იმ თაობის ხალხზე მოიწეოდა (მთ. 24:1-2; მკ. 13:1-2; ლკ. 21:5-9, 20-24, 32), ახალი აღთმის წიგნები არ ეხებიან ამ მოვლენას, როგორც აღსრულებულს. თუ წიგნები 70 წლის შემდეგ დაიწერა, მეტი ალბათობაა, რომ ნაწერებში მოხსენიებული იქნებოდა იესო ქრისტეს წინასწარმეტყველების აღსრულება. როგორც ნელსონ გლუკმა, ცინცინატის ებრაელთა კავშირში არსებული იუდაისტური სასულიერო სემინარიის ყოფილმა პრეზიდენტმა და ცნობილმა ებრაელმა არქეოლოგმა განაცხადა: "ჩემი აზრით, ახალი აღთქმის ყველა წიგნი პირველი საუკუნის 40 - 80-იან წლებში დაიწერა". დასკვნა ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხელნაწერულ მტკიცებულებებში მასობრივი შეუსაბამობებია - სინამდვილეში კი პირიქითაა. ახალი აღთქმის სხვადასხვა ხელნაწერეთა ტექსტი ერთმანეთთან 99.5% თანხმობაში არიან. შეცდომების უმრავლესობა ორთოგრაფიული და სინტაქსურია. რამდენიმე სიტყვა ან შეცვლილია ან დამატებული. არის ორი მუხლი, რომლებიც საკამათოა, მაგრამ არაა არანაირი დოგმატური მნიშვნელობის უთანხმოება და სხვაობა. თუკი რაღაც სადავოს, შეუსაბამობას ვაწყდებით, ამისთვის ბიბლიის უმრავლეს გამოცემას სქოლიოს სახით დართული აქვს შენიშვნები და კომენტარები. როგორ შეიძლება ასეთი, ზედმიწევნითი სიზუსტე დაცული იყოს გადაწერის 1,400 წლიან პერიოდში? ორი მიზეზის გამო:
|
![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
სეპტუაგინტა თუ მაზორეტული ტექსტი; ნამდვილი რომელია?
- იყო ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ერთ-ერთი ტომი, რომელსაც მთელი ტომები ჰქონდა წმინდა ნაწერები ებრაულ ენაზე, ქალდეურსა და არამეულზე. წმინდა ნაწერების თვისება ისაა, რომ თაობიდან თაობას გადაეცემა უცვლელად და პატივი მიეგება მოწიწებით. დროთა განმავლობაში ამ ტომის წევრები ემიგრაციაში წავიდნენ იმ ადგილებში, სადაც ებრაეულ, არამეულ და ქალდეურ ენებზე არ მეტყველებდნენ. დიდი თემი დასახლდა და აყვავდა ეგვიპტეში, ქალაქ ალექსანდრიაში. ბერძნულმა ჩაანაცვლა მათი ტომობრივი ენა. მათ ბერძნულ ენაზე სჭირდებოდათ ზუსტი თარგმანი თავიანთი, მეტად პატივცემული ნაწერებისა. დაახლოებით 250 (270) წელს, ქრისტეს შობამდე, სამოცდაათმა რაბინმა (სწავლულმა მოძღვარმა) ბერძნულად თარგმნა წმინდა ნაწერები. ეს თარგმანი არ იყო ჩუმად ნამოქმედარი. ეს საქმე იერუსალიმში მიიღო და მოიწონა მღვდელმთავრმა და სინედრიონმა. "სეპტუაგინტა", ანუ სამოცდაათთა თარგმანი, იყო ოფიციალური დოკუმენტი. დღეს არსებობს ებრაული ბიბლია. იგი გამოიყენება ყველგან ებრაელების მიერ. მას უწოდებენ "მაზორეტულ" ტექსტს. იგი შედგენილია დაახლოებით 700 წელს, ქრისტეს შობიდან. თითქმის ათასი წლით ახალია, ვიდრე სეპტუაგინტა. რაბინები, რომლებმაც შეადგინეს მაზორეტული ტექსტი, არ იყვნენ პასუხისმგებელნი იერუსალიმის მღვდელმთავრის წინაშე. რადგან უკვე დიდი ხანია საერთდ აღარ არსებობდნენ მღვდელმთავრები. რაბინები, რომლებმაც მაზორეტული ტექსტი შეადგინეს, არ იყვნენ პასუხისმგებლები იერუსალიმის სინედრიონის წინაშე, რადგან დიდი ხანია უკვე აღარც სინედრიონი არსებოდა. სეპტუაგინტა, მაზორეტული ტექსტის პირველ გამოჩენამდე, თითქმის ათი საუკუნით ადრინდელია. სამოცდაათთა თარგმანი, სეპტუაგინტა, ეფუძნება ებრაულ ტექსტებს, მინიმუმ, თორმეტი საუკუნით უძველესს ნაწერებს, ვიდრე მაზორეტული ტექსტი.. თუმცა, მიუხედავად ამისა, ძველი აღთქმის თანამედროვე ქრისტიანი მთარგმნელები ეყრდნობიან მაზორეტულ ტექსტს, არა სეპტუაგინტას. სად, რაშია პრობლემა? ”ახალ აღთქმაში” ”ძველი აღთქმის” ციტატებიდან უმრავლესისთვის გამოყენებულია ”სეპტუაგინტა”, როგორც ძირითადი წყარო. სეპტუაგინტას სიმართლე და მთლიანობა სრულიადაა დამოკიდებული სეპტუაგინტას უტყუარ თარგმანზე. უკუაგდებ, უარყოფ, შებღალა და ავტორიტეტს დაუკარგავ, ერთი სიტყვით, დისკრედიტირებას მოუხდენ ”სეპტუაგინტას” და აღარ იარსებებს ”ახალი აღთქმა”. სეპტუაგინტას მთლიანობის შესახებ არანაირი დაპირისპირება არ არსებობდა, ქრისტეს შობამდე, 250 (270) წლიდან 135 წლამდე, ქრისტეს შობიდან. რამ მოახდინა ებრაელებში (იუდეველებში) სეპტუაგინტას მიმართ უკმაყოფილების, უარყოფითი დამოკიდებულების გამოწვევა? ანნამ, კაიაფამ და სინედრიონმა უარჰყო იესო მესიანისტური განცხადებები. ახალი აღთქმის წერილები ახალი წელთაღრიცხვით 70 წლის გარშემო დაიწერა. ებრაელებმა იცოდნენ, რომ ქრისტიანული სახარებების სანდოობა დამოკიდებული იყო სეპტუაგინტას სანდოობაზე. ამიტომ რაღაც უნდა გაკეთებულიყო. დაახლოებით 95 წელს, ქრისტეს შობიდან, რაბინმა აკივამ (აკიბამ), რომელმაც მოგვიანებით ბარ კოხბა მესიად გამოაცხადა, დაიქირავა კაცი, სახელად აკვილა, რომ ებრაულიდან ბერძნული ვერსია, თარგმანი შეექმნა ძველი აღთქმისა, რათა ზიანი მიეყენებინა, ძირი გამოეთხარა იესო ქრისტეზე მესიანურ განცხადებებს, რომლებიც სეპტუაგინტაში უხვად იპოვებოდნენ (ე.ი იუდეველთათვის სასურველი თარგმანი გამოაქვეყნებინა). რით, როგორ განსხვავდება მაზორეტული ტექსტი საპტუაგინტასაგან? ფსალმუნი 21:17 - სიტყვა ”განჴურიტნეს” ჩაანაცვლა ”ლომმა”. ციტატა სეპტუაგინტა: რამეთუ გარე-მომადგეს მე ძაღლებ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარე-მომიცვა მე; განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი. მაზორეტული: რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად. ფსალმუნი 144:14 - მთლიანად გამოტოვებულია (ქართულში, როგორც მე ვნახე პირველი ნაწილია ამოღებული). ციტატა სეპტუაგინტა:სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღჰმართნის ყოველნი დაცემულნი. მაზორეტული: უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა. ისაიას 53:11 - სიტყვა ”ნათელი” გამოტოვებულია. ციტატა სეპტუაგინტა: ჩუენებად მისა ნათელი, დაბადებად გულისჴმის-ყოფითა, განმართლებად მართლისა მის, დამონებად მრავალთა. და ცოდვანი მათნი მან თავადმან აღუხუნეს. მაზორეტული:თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავდა და დაამდებოდა; მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილთ, და სხვათა შეცოდებებს იტვირთავს. 134 შემთხვევა ტეტრაგრამატონისა, ღვთის სახელისა, ჩაანაცვლა ”ადონაიმ”. 151-ე ფსალმუნი მთლიანად გამოტოვებული (ამოღებული) იქნა. (ეს ასეა თითქმის ყველა ქრისტიანულ ბიბლიაში!) გამოსვლათა I თავში რიცხვი ”75” ჩაანაცვლა ”70”-მა. (საუბარია ეგვიპტეში ჩასული იაკობის შთამომავალთა რიცხვზე) ციტატა სეპტუაგინტა: და იყო ყოველი სული იაკობისითგანი სამეოც და ათხუთმეტ. მაზორეტული: სულ სამოცდაათი სული იყო იაკობის საზარდულიდან გამოსული. დაბადების 10:24 - მუხლიდან გარკვეული გენეალოგიური მითითებები ამოღებულია. ციტატა სეპტუაგინტა: და არფაქსად შვა კაინან. ხოლო კაინან შვა სალა და სალა შვა ებერ. მაზორეტული: არფაქშადმა შვა შალახი, შალახმა შვა ყებერი. (ალბათ, მე-10 თავში კიდევ არის ამოღებული, მე არც მინახავს სხვა, თუ ნახავთ დაწერეთ). გაგრძელება იქნება |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი