ცამეტი ასურელი მამის სახ. მშენებარე ტაძარი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცამეტი ასურელი მამის სახ. მშენებარე ტაძარი |
marine |
Mar 7 2008, 12:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მოპირდაპირე მხარეს, არის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე, გუმბათიანი ტაძარი, რომელიც რამდენიმე თვეში ქვის პერანგით შეიმოსება და დასრულებულ სახეს მიიღებს
(სამწუხაროდ არ მაქვს ფოტოაპარატი, რომ სურათი დავდო.) ახლა ავხსნი რატომ გავხსენი ეს თემა. კვირას, წირვის დასასრულს, ჩემმა მოძღვარმა, მამა დავითმა (შაქარაშვილი) გვითხრა მრევლს, რომ ხუთშაბათს პარაკლისს გადაიხდიდა მშენებარე ტაძარში, რადგან წმიდა შიო მღვიმელიც ცამეტი ასურელი მამიდან ერთერთია. მოძღვარმა დასძინა, რომ ტაძარში მართალია მტვერია, მაგრამ დიდი მადლიც არისო გუშინ, პარაკლისზე, საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვგროვდით. მომიახლოვდა უცნობი ქალი და მითხრა, რომ ვორონცოვზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მრევლი-ვარო. ხილვა მქონდა, რომ შევედი მშენებარე ტაძარში, სადაც მოძღვარი პარაკლისს იხდიდა და მითხრა, რომ ტაძარი ცამეტი ასურელი მამის სახელობისაა და აქ დიდი მადლიაო. ამ ქალმა არ იცოდა ამ ტაძრის შესახებ და ვერც თავის ეკლესიაში უთხრეს სად იყო, ამიტომ საპატრიარქოში მისულა, სადაც მოასწავლეს დიდ დიღომში. მისდა გასაოცრად მოვიდა და მართლაც ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე ტაძარში პარაკლისს იხდიდა მოძღვარი მინდა, ყველას გითხრათ, რომ მართალია ტაძარი მშენებარეა, მაგრამ დიდი მადლი აქვს უკვე რამდენიმე ხატი, სანთლები და შანდლებიც არის, ასე რომ შეძლებთ სანთელი დაანთოთ და ილოცოთ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 21 2012, 04:07 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„სარკე“, 22-28 აგვისტო, 2012
დიდ დიღომში მთელი საქართველოს მონასტრების შემკვრელი ეკლესია აშენდა ამ ზაფხულს თბილისში, ივლისის თვეში, 22 რიცხვში, დიდი დიღმის შესასვლელში ახალი ტაძარი ეკურთხა. პატარა, ლამაზი, ჯვარგუმბათოვანი სტილის ეკლესიის მშენებლობა 10 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ტაძარი ცამეტი ასურელი მამის სახელს ატარებს. ეკლესიის წინამძღვარი, მამა დავითი (შაქარაშვილი) ამბობს, რომ სალოცავის მშენებლობაში თავად უფალი მონაწილეობდა. -მამაო, ბოლო წლებში, გაჭირვების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში მრავალი ტაძარი აშენდა. ამბობენ, როცა ეკლესიის მშენებლობა იწყება, მერე მას თავად უფალი აშენებს. ამ ტაძრის მშენებლობა 1999 წელს დავიწყეთ. მაშინდელი თბილისის მერი ვანო ზოდელავა გვეხმარებოდა. 2003 წელს პოლიტიკური ვითარების გამო ეკლესიის მშენებლობა შეჩერდა და 2004 წლიდან განახლდა. ჩემი სულიერი შვილი გახლავთ გიორგი გოგუაძე, რომელიც „სახალხო ბანკის“ გენერალური დირექტორი იყო. რათქმაუნდა, სხვა მოქალაქეებიც დაგვეხმარნენ და უფლის შეწევნითა და მის მიერ დაშვებული სასწაულებით დავამთავრეთ. ტაძარი 2012 წლის 22 ივლისს ეკურთხა. ხალხმა შანდლები, ხატები, სამშენებლო მასალა შემოგვწირა. ვისაც რითი შეეძლო, იმით გვეხმარებოდა. ერთმა პიროვნებამ, ილია გიორგობიანმა, დიდი რაოდენობით ცემენტი და ბლოკი შემოგვწირა. -როგორ შეირჩა ეს ადგილი? ამ უბანში ეკლესიის ასაშენებლად ადგილს ვეძებდით. აქ საცხოვრებელი სახლი უნდა აშენებულიყო. მშენებლობა დაწყებული იყო, მაგრამ მისი საძირკველი გაძარცვეს. მხოლოდ არმატურები იყო, ბეტონი არ იყო ჩასხმული. ის არმატურები ხალხმა დაჭრა, ამოიღო და ჯართში ჩააბარა. ამ სახლის მშენებლობის გაგრძელება იმ პერიოდში შეუძლებელი იყო. ადგილი მოგვეწონა, რადგან აქ, თუ დააკვირდებით, თითქმის ყველა ქუჩა რომელიღაც წმინდანის სახელს ატარებს. ვთხოვეთ მერიას და მას, ვის ბალანსზეც ეს საძირკველი იყო, რომ ჩვენთვის გადმოეცათ. უსასყიდლოდ გადმოგვცეს. -როგორ არის დაშვებული, ვინ წყვეტს რომელმა ტაძარმა რომელი წინდანის სახელი უნდა ატაროს? ეს ეკლესია იწოდება იოანე ზედაზნელისა და მისი ათორმეტი მოწაფის სახელობის ტაძრად. ტაძრის დღესასწაული 20 მაისსაა. მოგეხსენებათ, 13 ასურელი მამის სახელობის მონასტრები მთელ საქართველოშია გაბნეული და რადგან ნაწილობრივ დიდგორი აქედან იწყება, ჩავთვალეთ, რომ ასურელი მამების ღვაწლი მოგვეხმარებოდა ამ ტაძრის მშენებლობის დაგვირგვინებაში. პირველი დღეებიდანვე მრევლი მედგა გვერდში. ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს აზრი საპატრიარქოსთვის მიგვეწოდებინა. ეს ტაძარი მთელი საქართველოს მონასტრების შემკვრელია. ამჟამად მხოლოდ რუსთავში, საბავშვო ბაღის შენობაში, ერთ ოთახში მოწყობილი ეკლესია ატარებს ათორმეტი მოწაფის სახელს და, როგორც მითხრეს, კიდევ სადღაც შენდება. საქართველოში გაბნეულია 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრები. აქ კი ყველა ერთად არის. ასე რომ, სულ ზეიმი გვექნება. ჩვენი ტაძრის დღესასწაულია თითოეული ასურელი მამის დღე - შიო მღვიმელის, აბიბოს ნეკრესელის, ანტონ მარტყოფელის... -ამბობენ, რომ ძველი ეკლესიები უფრო დიდი მადლის მატარებელია. როგორ აღიქვამს მრევლი ახალაშენებულ ტაძარს და რადმენად მალე ივანებს ასეთ ადგილას უფლის მადლი? სანამ ჭერს გადავხურავდით, ტაძარში წყალი ჩამოდიოდა. თანამედროვე სამშენებლო მასალა რომ სველდება, მერე გალესილ კედელზე მარილის მსგავსი სითეთრე ჩნდება. ტაძარი ახალაშენებულს კი არა, მე - 10-11 საუკუნეებში აგებული ეკლესიის შთაბეჭდილებას ტოვებს. თითქოს ძველი ტაძარია განახლებული. ესეც ღვთის ნებაა. ყველა ახალ ტაძარში ასეა - სამების საკათედრო ტაძარშიც ასე მოხდა. რაც შეეხება ღვთის მადლს, ის ახალ ტაძარშიც სუფევს და ნანგრევებშიც. ღმერთი მალევე ივანებს თავის სახლში, ეს მშენებლობის დროსაც კი იგრძნობოდა. -რა ფორმით გრძნობდით, რომ ის ახლო იყო? თანადგომით. მაგალითად, ბევრჯერ ფული არ გვქონდა, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა და ამ დროს უცებ სასწაული ხდებოდა. მშენებლობის დროს აქ ძაღლები და ძროხები შემოდიოდნენ. საფიქრალში ჩავვარდი - აღარ ვიცოდი, რა მექნა და უცებ მოვიდა კაცი, რომელმაც მითხრა, მინდა, შესაწირი გავაკეთოო. ვკითხე, რა ფორმით აპირებთ შესაწირის გაკეთებას-მეთქი. მკითხა, რა გჭირდებათო. ყოველთვის ვცდილობ, ფულთან შეხება არ მქონდეს. ვინც მსგავსი შემოთავაზებით მოდიოდა, ვეუბნებოდი, მინდა ქვიშა, ცემენტი... ეს ყველაფერი ჩამოვთვალე და მივაყოლე, ცხოველები შემოდიან და რამდენიმე კარი მჭირდება-მეთქი. მითხრა, მაგას მე გავაკეთებო. ტაძრის ყველა კარი, აღსავლის კარის გარდა, მისი შემოწირულია. იმ კაცს თენგიზი ჰქვია, სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს. თემქაზე ცხოვრობს. თემქიდან დიდ დიღმამდე სანამ მოვიდა, რამდენიმე ეკლესია გამოიარა, მათ შორის - მშენებარე. ვკითხე, რაღა მაინცდამაინც აქ მოგინდათ შესაწირის გაკეთება-მეთქი. მიპასუხა, არ ვიცი, ღმერთმა აქ მომიყვანაო. მშენებლობა რომ დავიწყეთ, ყოველ დილით, როცა მოვდიოდით, ერთი მანქანა ბლოკი მხვდებოდა ეზოში. რამდენიმე დღე ასე გაგრძელდა. მერე დავუყარაულდი და, როცა დაცლა დაიწყეს, ვუთხარი, აი, ხომ „დაგიჭირეთ“-მეთქი. ის ადამიანი შესაწირს ჩუმად გასცემდა. იმიტომ დავუყარაულდი, რომ მინდოდა, იმ შემწირველზე მელოცა. ჩვენს ახალკურთხეულ ტაძარში სხვა სასწაულებიც მოხდა. რამდენიმე ადამიანი სასწაულებრივად განიკურნა. ქრონიკული დაავადებები აწუხებდათ და წირვა-ლოცვებზე დასწრების შემდეგ გაუარათ. ერთი გოგონა მოვიდა. მითხრა, შვილის მონათვლა მინდა და აქ უნდა მომინათლოთო. აქვე ცხოვრობს. თურმე მრავალი წელი შვილი არ ჰყავდა. მშენებარე ტაძარს აუვლიდა, ჩაუვლიდა და ღმერთს შვილს სთხოვდა. აღთქმა დადო, ამ ტაძარში მოვნათლავო. ასე რომ, უკვე ნაკურთხი კი არა, მშენებარე ტაძარიც ისმენს უფლისადმი მიმართულ თხოვნას. -მთელ ტაძარში თითქმის სულ ახალდაწერილი ხატებია. სამი სასწაულმოქმედი ხატის ასლები გვაქვს დაბრძანებული ტაძარში. ერთი ქალბატონი, ნინო მირიანაშვილი, რომელიც თავიდანვე ჩვენ გვერდით იდგა, გარდაიცვალა და ახლობლებმა მის სახელზე „შენ ხარ ვენახის“ ხატის ასლი შემოსწირეს. „წილკნის ღვთისმშობელი“ და „ღირს არსის“ ხატებიც ჩვენმა მრევლმა შეიძინა ტაძრისთვის. ამ სამების ხატის მსგავსს, რომელიც ჩვენს ტაძარშია, ვერსად ნახავთ, ასეთი არსად შექმნილა. ესეც მრევლმა შემოგვწირა. რამდენიმე ძველი ხატიც მოაბრძანეს. დიდი ხატებია, - მაცხოვრისა და წმინდა ნიკოლოზის. კომუნისტების დროს რესტავრატორები უძვირფასეს ხატებს სახლებში ინახავდნენ, ახლა კი ტაძრებს სწირავენ. -ტაძარს საოცარი ჭაღი ამშვენებს, მსგავსი არსად მინახავს. რამდენიმე წლის წინ იერუსალიმში ვიყავი, მერე - ათონის მთაზე. პროფესიით მშენებელი გახლავართ და ყოველთვის ვაკვირდები ტაძრების არქიტექტურას, განლაგებას და სხვა დეტალებს. ჩემი ყურადღება მიიქცია იქაურ მონასტრებში არსებულმა საოცარმა ჭაღებმა. მერე ხელში ჩამივარდა ეკლესიების ჭაღების კატალოგი. მოგეხსენებათ, საბერძნეთში კარგად არის განვითარებული საეკლესიო ნივთების წარმოება და, როცა ჭაღზე მიდგა საქმე, ამ კატალოგში ამოვარჩიეთ. ჩვენი თანამემამულე ემიგრანტები დაგვეხმარნენ. ეს ჭაღი 210 ნათურისაგან შედგება და გარშემო წმინდანების ხატებით არის შემკული. ხმა გაგვივრცელეს, რომ ოქროს ჭაღია და 60 ათასი ევრო დაგვიჯდა, მაგრამ არც ოქროსია და მხოლოდ 2500 ევრო გადავიხადეთ. -მამაო, ტაძრამდე რა გზა გამოიარეთ, სასულიერო პირი რომ გახდით? 1978 წლიდან ეკლესიაში ვარ. ჩვენი პატრიარქის ერთ-ერთი პირველი სტიქაროსანი ვიყავი მისი ინტრონიზაციის შემდეგ. სასულიერო ცხოვრებამდე ადამიანი რწმენას მიჰყავს. -აქამდე სად მსახურობდით? აქვე, დიდ დიღოში, ყოველთა ქართველთა ეკლესიაში ვმსახურობდი, რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებული. ჩემი მრევლი გაიყო - ზოგი იქ დარჩა, ზოგი აქ დადის ჩემთან. იმედი მაქვს, მრევლი მოგვემატება. 1989 წელს სოხუმში მაკრუთხეს დიაკვნად. 1990 წელს კი მღვდელი გავხდი. ვმსახურობდი დრანდაში, აგუძერაში. სამწუხაროდ, როგორც გავიგე, დრანდაში, საეპისკოპოსო ტაძრის კელიებში დღეს ციხის საკნებია გაკეთებული. 1936 წელს კომუნისტებმა ტაძარი დახურეს და ციხედ გადააკეთეს. 1990 წელს პირველი მღვდელი ვიყავი, ვინც იქ მსახურება განაახლა, პარაკლისებს ვიხდიდით. ახლა კი იქ ისევ ციხეა. 1992 წლიდან 1999 წლამდე რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში მდებარე წმინდა პანტელეიმონის ტაძარში ვმსახურობდი, მერე - დიდ დიღომში. სკოლის შენობაში ის ეკლესიაც ჩემი გაკეთებულია. -იმ ხნის განმავლობაში, რაც მოძღვარი ხართ, პირადად შესწრებიხართ ღვთის სასწაულს? ჩემ ცხოვრებაში პირველი სასწაული დედაჩემის განკურნება იყო. დედას ფეხებზე საშინელი გამონაყარი ჰქონდა. სტკიოდა, ტირილით დადიოდა. ექიმებმა განგრენის დიაგნოზი დაუსვეს. ჯერ გამონაყარი დაულურჯდა, მერე - ფეხები. 1978 წელი იყო. ტაძარში დაიწყო სიარული და მეც დავყვებოდი. ერთი თვის მერე დედა სიონში უწმინდესმა აზიარა. საღამოს ლოცვასაც დავესწარით. იქიდან ფეხით წამოვედით. ტრავმაიში რომ ჩავსხედით, დედას მაშინ გაახსენდა, რომ ფეხები აღარ სტკიოდა და ისე დადიოდა. ვერც გრძნობდა. სახლში რომ მივედით, წყლულებიც გამქრალი იყო. ერთი სასწაული მაქვს ჩემი თვალით ნანახი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილს შეემთხვა. მაშინ იგი მამა დავითი იყო და მე - მორჩილი. ეს ამბავი ბათუმში მოხდა. ტაძარს ვკეტავდით, ქალი რომ შემოვარდა. ყვიროდა, მიშველეთო. აღმოჩნდა, რომ მის შვილს ბევრი წამალი დაელია და დედა ითხოვდა, სანამ გარდაიცვლება, მონათვლა მაინც მოვასწროთ. ყველა მონაცემით, ბავშვი უნდა დაღუპულიყო. მამა დავითი სწრაფად შეუდგა ნათლობის საიდუმლოს აღსრულებას. ნათლობა დამთავრდა და ბავშვმა მოიხედა კიდეც. ყველაზე დიდი სასწაული კი, რაც ჩემ ცხოვრებაში ხდება, ზიარებაა. არასოდეს მავიწყდება, პირველი ზიარების შემდეგ რა გრძნობაც დამეუფლა - დავფრინავდი. ახლაც, როცა ვეზიარები და ბარიმთან მივდივარ, აშკარად ვგრძნობ, ღვინისა და პურის მაგივრად მას სისხლის სუნი ასდის. -როცა აღსარებაში დიდ ცოდვაზე გიყვებიან, რას გრძნობთ მაშინ? ჩემი თავი მებრალება, რადგან მეც იმ ცოდვის ნაწილი ვარ. რაც ჩემ გარშემო ხდება, მეც ხომ იმის ნაწილი ვარ. მე რა გავაკეთე იმისთვის, რომ ის ცოდვა არ მომხდარიყო? უძლურად რომ გრძნობთ თავს, არ გეცოდებათ თქვენი თავი? რადგან ის ცოდვა ხდება, ესე იგი მე ვარ უძლური. უკვე არანაირი ცოდვის მოსმენა აღარ მიკვირს. -ახლა ჩვენი ერი პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ისევ ორად გაიხლიჩა. ქვის სროლა და ლანძღვა ჩვეულებრივ ამბად იქცა. ეს რისი ნიშანია? სამწუხაროდ, 20 წელია ქართველი ხალხი ერთმანეთს ლანძღავს. ეს მცირედმორწმუნეობის ნიშანია. მორწმუნე ადამიანი მეორეს გასალანძღად და დასამცირებლად არ გაიმეტებს. დიდი ღვაწლია საჭირო, რომ სულით და ხორცით ღმერთს შეუერთდეთ. თითქოს რაღაც საფეხურზე ავედით და ახლა ისევ დაბლა დაცემულნი ვართ. ოჯახის ინსტიტუტის როლი დაკნინდა. ეს ლანძღვა-გინებაც ამის ბრალია. პირველი ადგილი, სადაც ბავშვი რამეს სწავლობს, ოჯახია. თუ იქ ვერაფერი ისწავლა, გარეთ რომ გამოვა, გააკეთებს იმას, რასაც ვხედავთ. ამ საქციელით კი ქვას სხვას კი არა, საკუთარ თავს ესვრიან, ჩვენივე თავს ვესვრით. -შვილები გყავთ? კი, ქალ-ვაჟი მყავს 19 და 21 წლის. რთულია მღვდლის ოჯახში ბავშვის აღზრდა, რადგან შინ სხვანაირი გარემო აქვთ და გარეთ თეთრი ყვავებივით არიან. მიდის ბრძოლა თანამედროვეობასა და იმას შორის, რასაც რჯულის მიხედვით ასწავლი. მე რომ ვეუბნები, ასე უნდა იყოს-მეთქი და თვითონ სხვა რამეს ხედავენ, ამბობენ, თუ ასე უნდა იყოს, ისე რატომ ხდებაო. ვეუბნები, თქვენ არ დაემსგავსოთ სხვას, თქვენ მღვდლის შვილებს უნდა ჰგავდეთ-მეთქი. -გიჯერებენ? მეტნაკლებად. ჩვენც ხომ ასე ვიყავით?! ჩემს მშობლებს არც მე ვუჯერებდი ყველაფერს. /რუსუდან ადვაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი