პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Nov 5 2012, 02:09 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორე - უფლისკენ მიმავალი გზა არის ვიწრო, მრავალი განსაცდელით, მაგრამ ის ადამიანმა ბოლომდე უნდა განვლოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც უწმინდესმა საკვირაო წირვის დასრულების შემდგომ ქადაგებაში ბრძანა, ეს არის უდიდესი საუნჯე, რომელსაც ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ. "გზა ღვთისკენ არ არის იოლი. ეს არის ვიწრო გზა, მრავალი განსაცდელით. მაგრამ ის ადამიანმა ბოლომდე უნდა განვლოს. ხოლო როცა ეცემა, უნდა სთხოვოს ღმერთს - დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. სარწმუნოება არის უდიდესი ძალა ადამიანისთვის", - აღნიშნა უწმინდესმა. პატრიარქის თქმით, სარწმუნოებაში ყველა განსხვავებული გზით მივიდა, ზოგი განსაცდელით, ზოგი კი იმის მიხედვით, რომ მორწმუნე ოჯახში აღიზარდა. უწმინდესის განცხადებით, ქვეყანაზე ყველაფერი უფლის ნებით ხდება და ძალიან რთული საკითხია, თუ როგორ მიდიან ადამიანები ღმერთთან და როგორ მიდის უფალი ადამიანებთან. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ყველაფერში არის კვალი უფლისა, მათ შორის ნებისმიერ მცენარეშიც. მეორე უდიდესი საუნჯე, უწმინდესის თქმით, სამშობლოა. "სამშობლო უდიდესი ძალაა. ვინც მოწყვეტილია სამშობლოს, ის სუსტია, ეცემა, მას მტერი თრგუნავს. სამშობლო არის ჩვენი ფესვები. როგორც მცენარე საზრდოობს ფესვებით, ისე ჩვენ ვსაზრდოობთ წინაპრების დახმარებით, რადგან არსებობს სულთა კავშირი. ამიტომ სამშობლო დიდი საიდუმლოებით მოცულია", - ბრძანა პატრიარქმა. მესამე უდიდეს საუნჯედ კი ილია მეორემ ადამიანი დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, ადამიანი ერთხელ მოდის დედამიწაზე, არის ხატება ღვთისა. უნდა მიაღწიოს მსგავსებას ღვთისას და უნდა იყოს მკვიდრი სასუფევლისა. სასუფევლის დამკვიდრებისთვის კი, პატრიარქის თქმით, ადამიანს სჭირდება რწმენა და კეთილი საქმეების კეთება. "ლოცვა და შრომა არის ადამიანის დანიშნულება. ჩვენ ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ ადამიანს და ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ. დაიმახსოვრეთ, - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, ეს უდიდესი საუნჯეა, რომელსაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ. გეძლევათ კურთხევა, რომ ღრმად ჩაწვდეთ ამ საკითხებს და ამის შესახებ დაწეროთ რვეულებში, ხოლო ის რვეულები მე გადმომცეთ", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქის თქმით, საუკეთესო ნაშრომს სასულიერო პირები ტელევიზიებითა და რადიოებით ეთერში წაიკითხავენ. უწმინდესმა დღესვე მრევლს ყაზანის ღვთისმშობლის დღესასწაული მიულოცა. "ინტერპრესნიუსი" -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი