IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის განჩინებანი, მხოლოდ აქტები
A.V.M
პოსტი Jul 22 2012, 01:12 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



"2012 წლის 5 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.

იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:

1. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მოკლედ მიმოიხილა დღევანდელი საერთო ვითარება, ის პრობლემები, რაც მცირე ერებს ემუქრებათ გლობალიზაციის პირობებში; ხაზი გაუსვა სკოლებში მომავალი თაობის სწორად აღზრდის მნიშვნელობასა და ამ პროცესში ეკლესიისა და ოჯახის ჩართვის აუცილებლობას, ახალგაზრდების დასაქმების საკითხს და მათთვის გარკვეული პროფესიული უნარ-ჩვევების სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში დაუფლების საჭიროებას;

2. წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს, - არჩევნების წინაპერიოდში, - განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს.

ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის ნეიტრალური, საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი.

3. წმინდა სინოდმა იმსჯელა ბაგრატის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებითაც და განაჩინა: ეკლესია მომხრეა ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენისა, მაგრამ, ვინაიდან დასავლეთ მკლავის რესტავრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, აუცილებელია, აქ სამუშაოები გაგრძელდეს საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს წარმომადგენლებთან შეთანხმებული პროექტით.

4. განხილული იყო საკითხი ახალი ტიპის პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. წმინდა სინოდი აცხადებს: სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.

5. სხდომაზე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) წარდგინებით, წმინდანად შეირაცხა საინგილოში მოღვაწე, რწმენისთვის თავდადებული მღვდელი, მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი (1842-1918 წ.წ.). მისი ხსენების დღედ დადგინდა 5 ივლისი.

6. წმინდა სინოდმა მოისმინა მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) მოხსენება საქართველოს ეკლესიის ისტორიის პრობლემატიკასთან დაკავშირებით და განაჩინა: ვინაიდან XIX საუკუნის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით, XX ს-ში, - კომუნისტების მმართველობის ხანაში, მიზანმიმართულად შეიცვალა და გაყალბდა შეხედულება საქართველოს ეკლესიის საზღვრების შესახებ, მკვიდრდებოდა რა აზრი, თითქოს დასავლეთ საქართველო IV-X საუკუნეებში, ანუ 600 წლის მანძილზე, არ იყო ქართული ეკლესიის იურისდიქციაში, ამასთან, თითქოს, ჩრდილო, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში ასევე არ შედიოდა ჩვენი ზოგიერთი ისტორიული რეგიონი, დაევალოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტს, გადადგას რეალური, დროული და ქმედითი ნაბიჯები ათეისტურ პერიოდში შემუშავებული იდეოლოგიის ნაცვლად საქართველოს ეკლესიის ნამდვილი ისტორიის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის.

ხელი შეეწყოს მეუფე ანანიას (ჯაფარიძე) მიერ წარმოდგენილი მასალების დაბეჭდვას და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობილი იმ ჭეშმარიტი აზრის განმტკიცებას, რომ "წმინდა მოციქულმა ანდრიამ იქადაგა ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა," ხოლო წმინდა ნინომ "განანათლა ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა." (დიდი სჯულის კანონი, 1974, გვ.545-546) და რომ ამას მოწმობენ უცხოური წყაროებიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ აზრს სრულად იზიარებს ბატონი ივანე ჯავახიშვილი. იგი წერს: "ანდრია მოციქულიც და წმიდა ნინოც საერთო ქართული ეკლესიის დამაარსებლად და მთელი ერის განმანათლებლად იყვნენ ცნობილნი, საქართველოს სხვადასხვა ნაწილების ცალკე მქადაგებლების გამოძებნის სურვილიც არ ჰქონიათ, რადგან ისინი მთლიანი და განუყოფელი საქართველოს განმტკიცებისა და აღორძინებისათვის იღვწოდნენ." (ქართველი ერის ისტორია, ტ. III, გვ.47.)

7. წმინდა სინოდზე ითქვა, რომ დღეს აფხაზებიც და ოსებიც უკვე ხშირად გამოთქვამენ აზრს, რომ საქართველოსგან გამოყოფამ საფრთხე შეუქმნა მათ არსებობას. დადგა დრო აფხაზებმაც და ოსებმაც ნათლად გააცნობიერონ, რომ სწორედ ქართველებთან კავშირშია მათი თვითმყოფადობისა და გადარჩენის გარანტია, რისი დადასტურებაცაა ჩვენთან ამ ერების მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრება.

დაადგინეს: საქართველოს ეკლესიამ შესაძლებლობისამებრ გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუწყოს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის ძველი ურთიერთობის აღდგენას." - ნათქვამია დადგენილებაში.
http://primetimenews.ge


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Oct 14 2013, 01:46 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



"როგორც ცნობილია, 2013 წლის 11 ოქტომბერს შედგა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

სხდომაზე მოხდა ეპარქიების რეორგანიზაცია, კერძოდ გაიყო ოთხი ეპარქია; ამასთან, საეპისკოპოსო კანდიდატებად გამორჩეულ იქნა შვიდი სასულიერო პირი:

არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე);

არქიმანდრიტი დიმიტრი (კაპანაძე);

იღუმენი დამიანე (ხუფენია);

იღუმენი გიორგი (ჯანდელიანი);

იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი);

მღვდელ-მონაზონი იოანე (შომახია);

მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (კაცია).

სამი მღვდელმთავარი გახდა ტიტულარული (შევნიშნავთ, რომ ისინი არ გასულან პენსიაზე, ორი მათგანი, - მეუფე თადეოზი და მეუფე დავითი (ტიკარიძე) ეპარქიის გარეშე განაგრძობენ მოღვაწეობას, მეუფე ვახტანგი (ახვლედიანი) შვედეთის სამრევლოზე იზრუნებს).

I - საქართველოს ეკლესიის ეპარქიების რეორგანიზაცია

დაადგინეს:

ა) მცხეთა-თბილისის ეპარქიას გამოეყოს გარდაბნის რაიონი და შეიქმნას მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია;

ბ) მანგლისისა და წალკის ეპარქიის ნაცვლად შეიქმნას ორი ეპარქია:

1. მანგლისისა და თეთრიწყაროს;

2. აგარაკ-წალკის;

გ) ურბნისისა და რუისის ეპარქიის ნაცვლად ჩამოყალიბდეს:

1. რუისისა და ურბნისის ეპარქია;

2. სურამისა და ხაშურის ეპარქია;

დ) სამთავისისა და გორის ეპარქია ჩამოყალიბდეს:

1. გორისა და ატენის;

2. სამთავისისა და კასპის ეპარქიად.

ე) რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნას:

1. რუსთავის ეპარქია

2. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია;

II - წმიდა სინოდმა მოისმინა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტ თადეოზის (იორამიშვილი) თხოვნა ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა:

მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი) გათავისუფლდეს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მმართველობიდან, დაინიშნოს საქართველოს საპატრიარქოს ლიტურგიკული კომისიის წევრად, განესაზღვროს სტატუსი - ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს მარაბდელი მიტროპოლიტი.

III - წმ. სინოდმა მოისმინა მარგვეთისა და ზესტაფონის მიტროპოლიტ ვახტანგის (ახვლედიანი) თხოვნა ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა:

მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი) გათავისუფლდეს მარგვეთისა და ზესტაფონის ეპარქიის მმართველობიდან, დაევალოს შვედეთში ქართული სამრევლოების ჩამოყალიბება და მათზე მზრუნველობა, განესაზღვროს სტატუსი - ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს ცურტაველი მიტროპოლიტი.

IV - წმ. სინოდმა იმსჯელა მთავარეპისკოპოსი დავითის (ტიკარაძე) საკითხის შესახებ და დაადგინა:

დაინიშნოს იგი საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის კომისიის წევრად, განესაზღვროს სტატუსი - ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს ადიშელი მთავარეპისკოპოსი;

V - წმ. სინოდმა განიხილა სამღვდელმთავრო კანდიდატების საკითხი და დაადგინა:

ა) არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) გამორჩეულ იქნას თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსად;

ბ) არქიმანდრიტი დიმიტრი (კაპანაძე) გამორჩეულ იქნას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსად;

გ) იღუმენი დამიანე (ხუფენია) გამორჩეულ იქნას სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსად;

დ) იღუმენი გიორგი (ჯანდელიანი) გამორჩეულ იქნას მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსად;

ე) იღუმენი სვიმონი (ცაკაშვილი) გამორჩეულ იქნას სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსად;

ვ) მღვდელ-მონოზონი იოანე (შომახია) გამორჩეულ იქნას აგარაკ-წალკის ეპარქიის ეპისკოპოსად;

ზ) მღვდელ-მონოზონი გრიგოლი (კაცია) გამორჩეულ იქნას მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქიის ეპისკოპოსად.

VI - წმ. სინოდმა იმსჯელა დეკანოზ იაკობ აბაშიძის ქმედებების შესახებ და დაადგინა:

მოციქულთა კრების XXVI; ტრულის კრების V და VI; ნეო-კესარიის კრების I; წმ. ბასილი დიდის XXXII კანონების საფუძველზე დეკანოზ იაკობ აბაშიძეს აეკრძალოს მღვდელმსახურება და სინანულისთვის გაიგზავნოს ღირსი ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტერში.

VII - წმ. სინოდმა განიხილა საქართველოს ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა.

დაადგინა:

საქართველო ვერასდროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ამ საკითხს ძალზე მტკივნეულად განიცდის ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ეკლესია. უნდა შეწყდეს ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლება და ყველაფერი გაკეთდეს, რათა დაიწყოს რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების და დევნილთა დაბრუნების პროცესი.

VIII - წმ. სინოდმა იმსჯელა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებზე:

აღინიშნა, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, საქართველოს ეკლესიასა და აფხაზეთის ეპარქიას შორის კავშირი არ გაწყვეტილა. აფხაზეთის მკვიდრი მართლმადიდებლები ჩამოდიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და ღებულობენ სულიერ საზრდოს. საქართველოს ეკლესიის სამღვდელოებაც, მიუხედავად სირთულეებისა, აფხაზეთში პერიოდულად ასრულებს მსახურებას.

სამწუხაროდ, მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების უნებართვო შესვლისა და მათ მიერ ორი ახალი ტაძრის საძირკველის კურთხევის შესახებ (ტყვარჩელსა და სოხუმთან განთავსებულ სამხედრო ბაზებში), რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა.

როგორც ცნობილია, აფხაზეთში ტაძრის მშენებლობის კურთხევას გასცემს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მხოლოდ მისი კურთხევით შეუძლია სხვა ეკლესიის სასულიერო პირს რაიმე საეკლესიო ქმედების განხორციელება. ამდენად, ზემოთ თქმული არის საეკლესიო სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფაა.

მივმართავთ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს, უზრუნველყონ კონტროლი, რათა არ მოხდეს მათი ეკლესიის სამღვდელოების აფხაზეთის ეპარქიაში შემოსვლა და მღვდელმოქმედების შესრულება საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევის გარეშე.

IX - წმ. სინოდმა იმსჯელა ბოლო დროს საქართველოში რელიგიური დაპირისპირების შექმნის მცდელობაზე:

აღინიშნა, რომ, სამწუხაროდ, უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის სიტუაციის დაძაბვის მცდელობას, რაც ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა და მიზნად ისახვას ორი ტრადიციული რელიგიის და მათი წარმომადგენლების დაპირისპირებას. წმიდა სინოდმა დაადგინა:

ეთხოვოს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიონ განვითარებული მოვლენები, და მიიღონ სათანადო ზომები სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად. აღნიშნული პროცესები პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული და ეს აღარ უნდა გაგრძელდეს.

ხოლო ჩვენს მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას კი ეთხოვოს, არ აყვნენ პროვოკაციებს, რათა უნებურად ბოროტმზრახველთა მიზნების განხორციელებას არ შეუწყონ ხელი.

http://www.netgazeti.ge/GE/105/News/24410/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 09:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი