IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სახარების განმარტება, სახარების მკითხველისთვის რთულად გასაგები ადგილების განმარტება
Geocraft
პოსტი May 4 2013, 12:17 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 3-May 13
წევრი № 13,127



ამართლებს თუ არა, მარკოზის სახარების მე-9 თავის 38, 39 და 40 ფრაზები პროტესტანტრბს?
შეუძლიათ მათ იქადაგონ სახარება თუ არა?
მარკოზის სახარება
თავი 9
38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება.

39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს.

40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
azazeli
პოსტი Nov 2 2013, 06:18 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 24-August 13
წევრი № 13,307



იესო ქრისტეს ცხოვრება

თავი მეთოთხმეტე
დაბრუნება

ხალხში დაბრუნებულმა იესომ გაიგო, რომ იროდიადას მეორე ქმარმა, ტეტრარქმა ჰეროდემ იოანე ნათლიმსცემელი მახორის ციხეში დაამწყვდია. უდაბნოში მღაღადებლის ხმა დადუმდა და იორდანეს წყლები აქლემის ტყავში გახვეული ნათლისმცემლის ლანდს უკვე აღარ აირეკლავდნენ. მან თავისი მისია შეასრულა და ამჯერად ადგილი უნდა დაუთმოს მას, ვისი ხმაც მის ხმაზე უფრო ძლიერია. ციხის სიბნელეში იოანე იმ მომენტს ელოდა, როცა მის თავს სასახლეში, დაბადების დღის საზეიმო მაგიდასთან, ოქროს სინაზე დასვენებულს წაიღებდნენ და მოღალატე და ბოროტ ქალს მიართმევდნენ. ჭეშმარიტად უაღრესი მსხვერპლთშეწირვა.
იესომ იცოდა, რომ მისი ჯერი დადგა და ახალი სასუფევლის მოახლოების საქადაგებლად, სამარიის გავლით, გალილეაში დაბრუნდა. ის არ წავიდა იერუსალიმში, რადგან ეს გორაკებზე ამაყად გადაშლილი დიდი მეფის ქალაქი იმ ქვებივით გულგაციებული იყო, რომელთაგანაც იყო აშენებული. იესო ამქვეყნად სწორედ ამ ქვისა და მედიდურობის იერუსალიმის დასანგრევად მოვიდა, სწორედ იმ ხალხთან საბრძოლველად მოვიდა, რომლებსაც ყველა დიდ ქალაქში, ყველა დედაქალაქში, მთელი მსოფლიოს სხვადასხვა იერუსალიმებში განადიდებდნენ.
იერუსალიმი მსოფლიო ძლიერების სახლს წარმოადგენდა, აქ დაფუძნდნენ მსოფლიოს და იუდეის მფლობელი, კარგად შეიარაღებული არმიით დაცული რომაელები, ხელისუფლების სათავეში კი იმპერატორთა ქვეშევრდომები იყვნენ, ლოთი და მკვლელი ტიბერიუსის - ავგუსტუსისა და მეძავი და გარყვნილი იულიას პირფერი მემკვიდრის - წარმომადგენლები იყვნენ. იერუსალიმში ცხოვრობდნენ მღვდელმთავრები – ტაძრის პატივცემული მცველები, აქვე იყვნენ ფარისეველნი, სადუკეველნი, მწიგნობარნი და ლევიტნი თავიან მიმდევრებთან ერთად. ყველანი იმათი შთამომავლები იყვნენ, ვინც წინასწარმეტყველებს დევნიდა და კლავდა, ეს ის ხალხი იყო, ვინც რჯულის კანონი ქვად აქცია და თავად მიწერილობათა მონებად და სიჯიუტის ამაყ წარმომადგენლებად გადაიქცნენ. იერუსალიმი ტაძრის და კეისრის სიმდიდრეთა შეგროვების ადგილი იყო; განძის მცველთა, ხარკის ამკრეფთა და ათასი ჯურის პარაზიტთა სამოქმედო ასპარეზი; მდიდართა საცხოვრებელი, მათ მსახურებთან და ხარჭებთან ერთად; ვაჭართა სარფიანი ადგილი, მათი საქონლით გავსებული საწყობებით; მევახშეთა მთავარი შემოსავლის წყარო. იესო მოვიდა, როგორც ყოველი მათგანის მტერი. ის მოვიდა, რომ ამ დედამიწის მესაკუთრე მეუფენი დაემარცხებინა და ისინი ღვთის სიტყვის მესაკუთრე ადამიანებით შეეცვალა, რომლებსაც ღმერთი თავისი სურვილით ეხსნება; მოვიდა, რათა უბრალო მატერიის, სწრაფწარმავალი და საბედისწერო ოქროს მეუფენი განესაჯა. ის მოვიდა, რომ ადამიანის ხორცის შემავიწროებელი რომაელ ჯარისკაცთა მმართველობა, ადამიანის სულის შემავიწროებელი ტაძრის ქურუმთა მმართველობა და ღარიბთა შემავიწროებელი მდიდართა მმართველობა მოესპო; ის მოვიდა, რომ ეხსნა ღარიბი, ეხსნა ადამიანის ხორცი და სული; მან დაუპირისპირა თავისუფლება – რომს, სიყვარული – რიტუალს, სიღარიბე – სიმდიდრეს.
ამიტომ არ შევიდა იესო იერუსალიმში, სადაც მისი მტრები მთელ თავის ძლიერებაში ყვაოდნენ. მან მას მოგვიანებით შემოარტყა ალყა, გარედან მიიტანა მასზე იერიში, მოვიდა თავის თანამზრახველებთან ერთად მაშინ, როცა ცათა სასუფეველი ქალაქს თანდათან უნდა შემოხვეოდა. იერუსალიმის დაპყრობა მისი სიდიადის უკანასკნელი დასაბუთება უნდა ყოფილიყო, მას, ყველა წინასწარმეტყველთა შორის უდიადესსა და წინასწარმეტყველთა მკვლელ ქალაქს შორის უდიადესი შეტაკება უნდა გამხდარიყო. ის თავიდანვე იერუსალიმში რომ შესულიყო, სადაც შემდგომში, როგორც მეფე შევიდა და სადაც როგორც ბოროტმოქმედი დაიმარხა, მაშინ მას მაშინვე შეიპყრობდნენ და აღარ ექნებოდა საშუალება, კეთილი მარცვალი დაეთესა უფრო ნაკლებად გაქვავებულ და გამომშრალ ნიადაგში.
როგორც ყველა დედაქალაქი, იერუსალიმი ერის ნაძირალათა შესაკრებ ცოცხალ ადგილს წარმოადგენდა. ის ურცხვი ბრბოთი იყო დასახლებული, რომელიც ფუფუნების მოყვარულ, გარყვნილ, მცონარე, სკეპტიკოს და სულერთია ადამიანებისგან შედგებოდა; აქვე არსებობდა პატრიციელთა კასტა, რომელსაც სხვა არაფერი შემორჩა რიტუალთა ტრადიციული ცერემონიალების და დაცემულობის სიმწარის გარდა; აქვე იყო პლუტოკრატთა და სპეკულიანტთა არისტოკრატია, მამონას მსახურნი და აქვე იყო მეამბოხე, მშფოთავი, უმეცარი ბრბო, რომელიც მხოლოდ ტაძრის ცრურწმენებით და დამპყრობელთა ხმლის შიშით ცხოვრობდნენ. ჭეშმარიტად, იერუსალიმის ნიადაგი არ ესადაგებოდა იმ თესლის დასათესად, რომლის დათესვასაც იესო აპირებდა. როგორც სოფლის ბინადარი და აქედან გამომდინარე, ჯანმრთელი და განმარტოების მოყვარული, ის თავის პროვინციაში დაბრუნდა. და იქ მან სახარება გამოუცხადა უპირველეს ყოვლისა მათ, ვისაც უფლება ჰქონდა, ის პირველებს მოესმინათ – ღარიბებს, უბრალოებს, თვინიერებს; სახარება სწორედ მათთვის იყო გათვალისწინებული, ვინაიდან ისინი მას დიდი ხანი ელოდნენ და მისით უფრო ხარობდნენ, ვიდრე სხვები. იესოს მისია განსაკუთრებით ღარიბებისადმი იყო მიმართული. აი, რატომ არ წავიდა ის იერუსალიმში, არამედ გალილეაში დაბრუნდა.
იესოს პირველი სიტყვები მოკლე და უბრალონი იყვნენ, ერთი შეხედვით, შეიძლება, ისინი იოანეს სიტყვებში აერიოს კაცს: “აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება.” (მკ. 1,15). უბრალონი არიან ეს სიტყვები და სწორედ თავისი უბრალოების გამო, უფრო გვიანდელი გონებისთვის გარკვეულწილად გაუგებარნი. მათ აზრს რომ ჩავწვდეთ, რომ გავიგოთ, თუ რა განსხვავებაა იოანეს ქადაგებასა და იესოს მოძღვრებას შორის, ჩვენს ეს სიტყვები ჩვენს თანამედროვე ენას უნდა მივუსადაგოთ და მათი მარადიული მნიშვნელობა აღვადგინოთ.
“აღსრულდა ჟამი”. მოვიდა დრო, რომელსაც ელოდნენ, რომელზეც წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენ. იოანემ თქვა, რომ მეუფე მალე მოვა და საფუძველს ჩაუყრის ახალ სამეფოს – ცათა სასუფეველს. ამჯერად კი, მეუფე მოვიდა და გამოაცხადა, რომ ცათა კარიბჭენი გახსნილია, რომ ის ყოველი ადამიანის გზის გამკვლევია, რომ ის თავის მარჯვენას უწვდის ყოველს, სანამ მთელი თავისი სრული ზეციური სიდიადით მეუფე შეიქმნება. ეს ჟამი - დრო არ არის მხოლოდ ტიბერიუსის მმართველობის მეთოთხმეტე წელიწადი. იესოს ჟამი იყო, არის და მარადის იქნება, ის მარადისობაა, ის არის როგორც მისი გამოჩენის მომენტი, ასევე მისი სიკვდილის, მისი აღდგომის და მისი დაბრუნების, მისი სრული ტრიუმფის მომენტი და ყოველ წუთს მან შეიძლება თავის სისავსეს მიაღწიოს, თუკი მუშაკნი მზად არიან; ყოველი დღე მას ეკუთვნის; მისი ეპოქა თარიღებით არაა შეზღუდული; მარადისობას არა აქვს არც დასაწყისი და არც ქრონოლოგიური რიგი. ყოველ დროებაში ცდილობს ადამიანი, ცათა სასუფეველში შევიდეს, წინ გამოდის, იღწვის, რომ მისი არსებობა დაასაბუთოს, ის გაამდიდროს, განამტკიცოს, დაიცვას და გამოაცხადოს მისი მარადიული სიწმინდე და ურყევი უფლებანი; ამ გაგებით ჟამი ყოველთვის სრულდება. ჟამი, რომელზეც იესო ლაპარაკობდა, იესოს ეპოქად, ქრისტიანულ ეპოქად, ახალი აღთქმის ეპოქად იწოდება. ჩვენ მის საწყისს ორი ათასი წლით ვართ დაშორებულნი, ან დაახლოებით ორი დღით, ვინაიდან ღვთისთვის, ასევე სხვა მცოდნეთათვისაც, ათასი წელი არის როგორც ერთი დღე.
ჟამი აღსრულდა; დღესაც, ჩვენთვის ჟამი აღესრულება, იესო ჯერ კიდევ გვეძახის ჩვენ, მეორე დღე მიმდინარეობს, სასუფევლის დაფუძნება მხოლოდ დაიწყო; ჩვენ, ჯერ კიდევ ცოცხალთა შორის მყოფნი (და ყოველთვის როდი ვიქნებით ცოცხალთა შორის, შეიძლება ვერც წლის ბოლო ვიხილოთ და ვერც ასწლეულის), ცათა სასუფევლის შესასვლელთან ვდგევართ და შეგვიძლია მასში წილი გვქონდეს, შეგვიძლია შევიდეთ მასში, ვიცოცხლოთ და ვისიამოვნოთ მასში. ეს სასუფეველი სულაც არ არის ოცი საუკუნის წინ მცხოვრები ღარიბი ებრაელის დავიწყებული სიზმარი; ის არ დაფარულა სიძველის ჭაღარით, არ გამხდარა ანტიკური ნივთი, მკვდარი მოგონება, გარდასული სიგიჟე. ის არის მარადიული სასუფეველი, დღევანდელობის სამეფო, დამდეგი დღის, ყოველი დროების აბსოლუტური რეალობა, მომავალი სინამდვილე, ცოცხალი აქტიური ჭეშმარიტება, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს ეკუთვნის. ის არის არც ისე დიდი ხნის წინ დაწყებული ღვაწლი, რომელშიც ყოველ ადამიანს თავისი შესაძლო ძალისხმევის ჩართვა შეუძლია, ან თავიდან დაწყებით, ან განმეორებით ან დაწყებულის გაგრძელებით. შეიძლება ეს სიტყვები მარადიული სიხალასით არ გვანცვიფრებენ და ცნობა, საუკუნეთა მანძილზე ექოსავით განმეორებული, თითქოს ძველი გვეჩვენება, მაგრამ ცათა სასუფეველი, როგორც ფაქტი, თავისი დაფუძნებით და სრულყოფილებით ახალია, ცოცხალია, მხოლოდ გუშინ დაბადებულია; ის ჯერ კიდევ იზრდება და ყვავის და მისი ყველა ასაკი წინაა. იესომ მიწაზე თესლი გადააგდო, მაგრამ ზამთრის ელვასავით გაელვებული, კაცობრიობის არსებობის ორი ათასი წლის მანძილზე, ადამიანთა მოდგმის სამოცი თაობის გავლის შემდეგაც, მან მხოლოდ აღმოცენება მოასწრო. თუ რას წარმოადგენს ცათა სასუფეველი, ჩვენ თავად იესოს სიტყვებიდან გავიგებთ. მაგრამ ჩვენ ის არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც აღტაცებათა ახალი სამოთხე, როგორც დაუშრეტელი არკადია, როგორც დიდების სიმღერის მგალობელი უსაზღვროდ დიადი გუნდი, რომლის წევრთა ფეხები ღრუბლებზე ასვენია, ხოლო თავი ვასკვლავთა შორისაა დაკარგული. იესოს მოძღვრებაში ღვთის სასუფეველი სატანის სამეფოს საწინააღმდეგოდაა დაფუძნებული, ცათა სასუფეველი ყველა მიწიერი სამეფოს ანტითეზაა; სატანის სამეფო ბოროტების, სიცრუის, სისასტიკის და სიამაყის სამეფოა, ქვესკნელის სამეფოა. ამიტომ ცათა სასუფეველი სიკეთის, თვინიერების, სიყვარულის და მორჩილების სამეფოა, ზეციური, უზენაესი სამეფოა. მიწიერი სამეფოები მატერიის, ხორციელის, ოქროს, შურის, სიძუნწის და გარყვნილების სამეფოებია, ყველაფერი იმის, რაც ასე უყვარს გადარეულ და გარყვნილ კაცობრიობას. ცათა სასუფეველი კი მიწიერ სამეფოთა სრულიად საწინააღმდეგო იქნება; ის სულის, საფშვინველის, თავგანწირვის, სიწმინდის სამეფოა, ყველა იმ განძთა სამეფოა, რომელსაც მხოლოდ ის ადამიანები მოიპოვებენ, რომლებიც ადამიანთა არარაობას ჩასწვდებიან. ღმერთი მამაა და აქედან გამომდინარე, ის მოყვარე სათნოებაა. ზეცა მიწაზე ამაღლებულია, ის სულიერია, ის ყოვლისშემძლის საცხოვრისია; სული – მოყვარე სათნოებაა. ცხოველი მიწაზე დახოხავს, მატერიით კმაყოფილდება, წმინდანი კი თავის მზერას ზეცისკენ მიაპყრობს, ზეცა სწყურია და მასში ამაღლების განუწყვეტელი იმედით ცოცხლობს. ადამიანთა უმრავლესობა ცხოველები არიან, მაგრამ იესო მათ წმინდანებად გადაქცევისკენ მიისწრაფვის. ეს არის ღვთის სასუფევლის, ცათა სასუფევლის უბრალო, მაგრამ მარადიული მნიშვნელობა. ცათა სასუფეველი ადამიანს ეკუთვნის: “ცათა სასუფეველი თქვენშია”. ის იწყება ახლა და ჩვენ ვქმნით მას ჩვენივე ბედნიერებისათვის. ის აქ, ამ ცხოვრებაში, ამ ქვეყანაზე იწყება და ჩვენში მისი არსებობა ჩვენს საკუთარ ნებაზეა დამოკიდებული; ღმერთმა ის უანგაროდ გვაჩუქა, ახლა ჯერი ჩვენზეა, ან ვიღებთ მას, ან უარვყოფთ. როცა ყოველი ადამიანი მიიღებს მას და ჩვენ სრულყოფილნი შევიქმნებით, მაშინ ცათა სასუფეველი მთელს დედამიწაზე გავრცელდება და ადამიანთა შორის დაფუძნდება.
იესო ამბობს: “მოინანიეთ”. ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობაა გულის შეცვლა, სულის გარდაქმნა. მეტამორფოსის – ფორმის ცვლილებას ნიშნავს, ხოლო მეტანია – სულის გარდაქმნას. ამ სიტყვის აზრს უკეთ სიტყვა “მოქცევა” გამოსცემს, რაც შინაგანი ადამიანის განახლებას ნიშნავს. იესოს თანახმად, ცათა სასუფეველში შესვლის პირობა სრული მოქცევაა, ძველი ცხოვრების და ფასეულობათა სრული უარყოფაა, გრძნობების, აზრების, გეგმების ცვლილებაა, ეს ის პროცესია, რომელსაც მან ნიკოდიმოსთან საუბარში შეჯამებულად მეორედ დაბადება უწოდა, რომელიც კარდინალურად ახალი რიგის არსებითობაა. მან შემდგომში თანდათან ახსნა, თუ როგორ მიიღწევა ადამიანის სულის სრული გარდაქმნა. მთელი მისი ცხოვრება ამ საქმის სწავლება და მაგალითი იყო. მისი მოღვაწეობის დაწყების ამ პირველ დღეს კი მისი უმაღლესი რჩევა იყო: “იწამეთ სახარება”. ჩვენი თაობისთვის სიტყვა “სახარება” ნიშნავს წიგნს, რომელშიც იესოს ცხოვრება ოთხჯერაა აღწერილი, მაგრამ იესო არც თავად წერდა და არც სხვებს მოუწოდებდა, დაეწერათ მის შესახებ.
სახარება, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რასაც ეს სიტყვა უბრალოდ და მშვენივრად გამოხატავს – სასიხარულო ცნობას და მართლაც, იესო კეთილი მაცნეა, ანგელოზია, რომელსაც ბედნიერება მოაქვს. მას შემდეგი სასიხარულო ამბები მოაქვს: ავადმყოფები განიკურნებიან, ბრმებს თვალები აეხილებათ, ღარიბები გამდიდრდებიან, დაქანცულები მოისვენებენ, ცოდვილებს მიეტევებათ, უწმინდურნი განიწმინდებიან, არასრულფასოვანნი სრულყოფილებას მიაღწევენ, ადამიანი - მხეცი წმინდანად იქცევა, ხოლო წმინდანნი ანგელოზებს დაემსგავსებიან. სასუფეველი რომ მოვიდეს, იესოს სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტება ყველამ უნდა ირწმუნოს და ყოველი ჩვენთაგანი მისთვის სიყვარულში უნდა დაშვრეს. ყველამ უნდა ირწმუნოს, რომ ცათა სასუფეველი არა მარტო რეალურია, არამედ ისიც, რომ ის მოახლოვდა. თუ ჩვენ იესოს ამ დაპირებებს არ ვირწმუნებთ, ჩვენ ცათა სასუფევლის დადგომას დავაბრკოლებთ, მხოლოდ მტკიცე რწმენა, რომ ეს ცნობა არ არის გამოგონილი, რომ სასუფეველი არ არის ავანტიურისტის ცრუ დაპირება, ან ჭკუიდან შეშლილი ადამიანის ჰალუცინაცია, მხოლოდ მაცნის ღვთიურობის ურყევმა რწმენამ და მისდამი აბსოლუტურმა ნდობამ შეიძლება დაარწმუნოს ადამიანი, რომ ცათა სასუფევლის მოსაწყობად აუცილებელია დიადი ღვაწლის დაწყება. ზემოთმოყვანილი რამდენიმე სიტყვით (სამწუხაროდ, იშვიათად ზუსტად გაგებული), იესო თავისი მოძღვრების მთავარ პრინციპებს გამოხატავს. ჟამის აღსრულბა ნიშნავს, რომ ჩვენ ღვაწლი უნდა დავიწყოთ დაუყოვნებლივ; სასუფევლის მოახლოება ნიშნავს, რომ სული მატერიაზე, კეთილი ბოროტზე და წმინდანი მხეცზე ზეობს; მონანიება ნიშნავს, რომ აუცილებელია სულის სრული გარდაქმნა; სახარება კი ის ბედნიერი ცნობაა, რომ ყველაფერი ეს ჭეშმარიტია და მარადიულად შესაძლებელია.

თბილისის სასულიერო სემინარია.
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი:ირაკლი ასტამაძე.

იესო ქრისტეს ცხოვრება

თავი მეორე
მწყემსები

ცხოველთა კვალდაკვალ მათი მწყემსებიც მოვიდნენ. ანგელოზებს რომც არ ეცნობებინათ მათთვის ქრისტეშობის უდიადესი მოვლენის შესახებ, ისინი მაინც აღმოჩნდებოდნენ ამ ბოსელში, რათა უცნობი ქალის ახლადდაბადებული ბავშვი ეხილათ. მწყემსები, ჩვეულებრივ, განცალკევებულსა და მოშორებულ ადგილებში ცხოვრობენ. ისინი ამქვეყნიურ საქმეებსა და მის ყოველდღიურობაში მაინცდამაინც ჩახედულნი არ არიან, ამიტომ ძალიან აინტერესებთ ყველაფერი, რაც მათ სიახლოვეს ან სამეზობლოში ხდება, თუნდაც ეს სრულიად უმნიშვნელო მოვლენა იყოს. ისინი, ზამთრის ერთ გრძელ ღამეს, როცა ცხვრის ფარას მწყემსავდნენ, ცაზე უეცრად გაელვებულმა ნათელმა და ანგელოზთა გალობის ხმამ შეაკრთო. მათ თავიანთი უბრალოებით იგრძნეს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა და გამოსწიეს ბეთლემისაკენ. ქალაქის განაპირას, ერთ-ერთ ბოსელში მათ ჩვილისკენ ნაზად მზირალი ახალგაზრდა ქალი იხილეს. როცა შეამჩნიეს ახალშობილის გაცისკროვნებული თვალები, მისი ვარდისფერი, ნაზი სხეული, მათ გულებში აღტაცება და სინაზე ერთმანეთში აირია.

ადამიანის არსების, სულის ქვეყნად მოვლინება, რათა სხვა სულებთან ერთად იხაროს და იტანჯოს, ყოველთვის იყო და იქნება სასწაული. ეს მომენტი იმდენად აღსავსეა სინაზითა და გულშემუსვრილობით, რომ თვით გაუთვითცნობიერებელ ადამიანებშიც კი თანაგრძნობასა და აღტაცებას იწვევს. მითუმეტეს მას შემდეგ, როცა ანგელოზებმა წინასწარ აცნობეს. მწყემსებისთვის ეს ახლადშობილი არ იყო უბრალო, რიგითი არსება, არამედ ზუსტად ის ბავშვი, რომლის მოსვლას მათი ტანჯული ერი მრავალი საუკუნის მანძილზე ელოდა. მწყემსებმა ახალშობილს ძღვნად მიართვეს ის მცირეოდენი, რაც გააჩნდათ. მცირეოდენიც უზარმაზარი ხდება, როცა სიყვარულით გაიცემა. დღესაც კი, ჩვენს მთიანეთში, სადაც სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა შორის ნათესაური გრძნობის გამოვლენის ელემენტები ჯერ კიდევ შემორჩენილია, როგორც კი ქალი იმშობიარებს, მწყემსების ცოლები, ქალიშვილები და დები ახლადშობილის მისასალმებლად მიიჩქარიან. ყველას სავსე აქვს ხელები საჩუქრებით: ვის ახლადდადებული კვერცხი მოაქვს, ვის დოქით ახლადმოწველილი, ჯერ კიდევ თბილი რძე, ვის ჭყინტი ყველი და თითქმის ყოველთვის დაიკვლება ვარია, რათა ახალშობილის დედისთვის წვნიანი მომზადდეს. ყველას საერთო სიხარული აერთიანებს: დედამიწაზე გაჩნდა ახალი არსება და მისმა პირველმა ტირილმა ყველას გული აუჩუყა. მწყემსებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ეს უკიდურეს სიღატაკეში, ღარიბი მშობლებისგან დაბადებული ბავშვი ჩვეულებრივი ადამიანი კი არ იყო, არამედ სიყვარულისთვის წამებულთა მაცხოვრად მოვლენილი მესია.

მოხეტიალე ოდისევსს უდიდესი აღტაცებით შეეგება თავის მიწურში ღორების მწყემსი ევმეუსი, მაგრამ ულისე ითაკაში შურის საძიებლად მიდიოდა, სახლში ბრუნდებოდა თავისი მტრების დასახოცად. იესო კი, პირიქით, შურისძიების დასაგმობად, მტრებისთვის მიტევების საქადაგებლად და ყველა ცოდვილის საკუთარი წმიდა სისხლით გამოსასყიდად მოვიდა. ბეთლემელ მწყემსთა ნაზმა სიყვარულმა ითაკელი მეღორის სტუმართმოყვარეობის შესახებ ხსოვნა სრულიად გააქარწყლა.

თავი მესამე
მოგვები

რამდენიმე დღის შემდეგ ქალდეიდან სამი ბრძენი მოვიდა და ქრისტეს წინაშე მუხლებზე დაეცა. შესაძლებელია, რომ ისინი ეკბატანადან ან კასპიის შორეული ნაპირებიდან იყვნენ. მათ, აქლემებზე ამხედრებულებმა, უნაგირზე მიმაგრებული სამგზავრო ხურჯინებით გადმოცურეს ტიგროსი და ევფრატი, გადმოლახეს მომთაბარე ტომთა დიდი უდაბნო და მკვდარი ზღვის ნაპირების გამოვლით იუდეაში მოვიდნენ. ახალი ვარსკვლავი მიუძღოდა მათ, და ალბათ, ეს ისეთივე მნათობი იყო, რომელიც წინასწარმეტყველთა დაბადებისას ან მონარქის სიკვდილისას დროდადრო გამოჩნდება ხოლმე ცაზე. მოგვები იუდეაში მოვიდნენ, რომ თაყვანი ეცათ ახლადშობილი მეფისთვის, მაგრამ მეფისწულის ნაცვლად ბაგაში მწოლიარე, ღარიბულ ქსოვილში გახვეული უმწეო ბავშვი იხილეს.

ქრისტეშობამდე თითქმის ათასი წლის წინ რომელიღაც ქვეყნის დედოფალი აღმოსავლეთიდან იუდეაში მოვიდა და მოიტანა მდიდრული საჩუქრები: ოქრო, ძვირფასი ქვები და სურნელებანი, მაგრამ მაშინ მან იუდეაში იპოვა ტახტზე მჯდომი, იერუსალიმის მეფეთა შორის უდიდესი მეფე, რომლისგანაც გაიზიარა ის სიბრძნე, რომლის დარი მან სხვაგან ვერსად ჰპოვა. მოგვებმა კი, რომლებიც თავს ნებისმიერ მეფეზე ბრძნად მიიჩნევდნენ, აქ აღმოაჩინეს სულ რამდენიმე დღის წინ დაბადებული ბავშვი, უმწეო არსება, რომელსაც არც კითხვების დასმა შეეძლო და არც მათზე პასუხის გაცემა. მათ აქ იპოვეს ის, რომელიც მერე, თავისი სრულწლოვნების ასაკში, ყოველგვარ ამქვეყნიურ სიბრძნესა და მატერიალურ ცოდნას უარყოფს. მოგვები თავიანთ სამშობლოში მეფეებს აძლევდნენ რჩევებს, მილიონობით ქვეშევდომის მმართველი მონარქები მათი მითითებით იღებდნენ გადაწყვეტილებებს. იმ დროს მხოლოდ მოგვებსა და ქურუმებს ჰქონდათ მსხვერპლის შეწირვის უფლებ. მათი პრეროგატივა იყო სიზმრების ახსნა და ურთიერთობა “Alma Mazda”-თან (კეთილ ღმერთთან). მხოლოდ მათ “იცოდნენ” მომავლის საიდუმლოებანი და ადამიანთა მოდგმის ბედი. ისინი საკუთარი ხელებით ხოცავდნენ ბოროტ მხეცებსა და ფრინველებს, მინდორივით მარგვლავდნენ ადამიანთა სულებს, ღმერთებს “სიამოვნებდათ” მათი მსხვერპლი და არც ერთ მეფეს არ შეეძლო ომის დაწყება მათთან რჩევის გარეშე. ისინი “ფლობდნენ” ცისა და მიწის საიდუმლოებებს და ამტკიცებდნენ თავიანთ ძალაუფლებას მეცნიერებისა და რელიგიის სახელით. ამიტომ სრულიად ბუნებრივი იყო, რომ ისინი აქ იესოს თაყვანისსაცემად მოვიდნენ. ცხოველების - ბუნების წარმომადგენლებისა- და მწყემსების - ხალხის წარმომადგენლების - შემდეგ ეს იყო მესამე ძალა - სიბრძნე, რომელიც ბეთლემის ბაგის წინაშე მუხლებზე დადგა.

ამრიგად, აღმოსავლელი მოგვების უძველესი კასტა ახალ ბატონს ესალმებოდა. მათ ქედი მოიხარეს მის წინაშე, ვინც მალე სიტყვისა და რაოდენობის გაგებას დაუპირისპირებს სამყაროს სიყვარულად აღქმის უნარს. ანგარიშმა და გათვლამ გზა დაუთმო მიტევებასა და პატიებას, სიბრძნემ თავი დახარა უბიწოების წინაშე, სიმდიდრე უპოვარობის ფეხებთან დაემხო. მოგვებმა იესოს მიართვეს ოქრო, რომელიც იესომ მოგვიანებით უარყო და მისი სიყვარულით გასხვისება გვირჩია: “გაყიდე ყველაფერი და მიეცი ღარიბებს”. მათ ძე ღვთისას საკმეველიც მიართვეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბოსლის სიმყრალე ჩაეხშოთ, არამედ რათა სიმბოლურად ეჩვენებინათ მათი რიტუალების გაუქმების პირას დგომა; რომ მათ საკურთხევლებს ამიერიდან აღარ დასჭირდებოდათ არც ფიმიამი და არც საკმეველი. მათ უფალს მიართვეს აგრეთვე სმირნა, რომელსაც გარდაცვლილთა ბალზამირებისთვის იყენებდნენ, რადგანაც წინასწარ იცოდნენ, რომ სულ მალე ადამიანები ამ ბავშვს სიყვარულს არ აპატიებდნენ და მოკლავდნენ. მშობელ დედას კი ეს სმირნა მისი სხეულის საცხებად დასჭირდებოდა. ბრწყინვალე, მეფურ ტანსაცმელში გამოწყობილმა ამ ძლევამოსილმა და ბრძენმა მოგვებმა ჭუჭყიან იატაკზე მუხლმოდრეკით მატერიალური სამყაროს სულიერი ფერიცვალების ათვლის წერტილი დააფიქსირეს. მათ მიაგეს ყველა პატივი, რასაც სიყვარული - ღმერთი - იმსახურებდა. მაგრამ მათი წასვლისთანავე იგივე სიყვარული - ღმერთის - წინააღმდეგ ერთდროულად ამუშავდა ამქვეყნად არსებული სიძულვილის ყველა მანქანა.

P.S. “რატომ დაიჩოქეს მოგვებმა იესოს წინაშე?
იმიტომ, რომ იესომ მოიტანა ღვთიური სიყვარული დედამიწაზე - უნივერსალური მთლიანობის რეალური შეგრძნება.
ჩვენ გარემოცული ვართ ურიცხვი ცოცხალი და შეგნებული არსებებით, და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით მათი არსებობის შესახებ და ვუწყით, რომ ისინიც ისევე სიცოცხლით აღსავსენი არიან, როგორც ჩვენ, მაინც გვგონია, რომ ისინი ჩვენზე ნაკლებად ცოცხლები არიან. ჩვენ მხოლოდ ჩვენს არსებობას აღვიქვამთ სიცოცხლის მთელი ინტენსივობით, მაშინ როცა სხვები უფრო ჩვენი რეალობის შემადგენელ აჩრდილებად გვესახება. მართალია, ჩვენი შეგნება გვეუბნება, რომ სხვა ადამიანთა ცხოვრებაც ისეთივე რეალობაა, როგორც ჩვენი, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენს პერსონას აღვიქვამთ სამყაროს ცენტრად, ხოლო ყველა დანარჩენს მის პერიფერიაზე ვრიყავთ. რაც არ უნდა დავარქვათ ამას: „ეგოიზმი“, „ეგოცენტრიზმი“ თუ სხვა, ფაქტი ფაქტად რჩება - ჩვენ ჩვენ თავს უფრო ნამდვილად და რეალურად აღვიქვამთ, ვიდრე სხვა ადამიანებს.
მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ გვიყვარს, სხვა ადამიანების სიცოცხლის რეალურობის აღქმა მატულობს ჩვენში. სწორედ სიყვარული აღვიძებს ჩვენში არა მარტო საკუთარ რეალობას, არამედ სხვა ადამიანების და თავად ღვთის რეალურობის შეგრძნებას. მაგრამ როგორ გავცილდეთ იმ პირველ დონეს, როცა ჩვენ მარტო ჩვენი თავი გვიყვარს, როგორ შევძლოთ სხვა ადამიანების რეალური არსებობა ჩვენსას გავუტოლოთ და შესაბამისად შევიყვაროთ ისინი?
სწორედ ამ კითხვაზე ვერ გასცეს ბრძენმა მოგვებმა პასუხი და და დაიჩოქეს მის წინაშე, ვინც ამ ჩიხიდან ადამიანებს გამოსავალი აჩუქა. და ეს გამოსავალი თავად ძე ღვთისა იყო - კაცადქცეული ღმერთი - სიყვარული. სიყვარული განკაცდა და ადამიანის სახემიღებულმა გვიჩვენა ღვთიური სიყვარულის რეალიზაციის ცოცხალი მაგალითი. მან თავისი ნებაყოფილობითი ჯვარცმით, სწავლებით და მოღვაწეობით მოგვცა იდეალური მეთოდი, თუ როგორ გავარღვიოთ ეგოცენტრიზმის რკალი. ამიერიდან ქრისტეში გაერთიანება, ქრისტეს სიყვარულის მიბაძვა, ქრისტედ ქცევა - ადამიანს მეორედ დაბადების საშუალებას აძლევს და ის უკვე სხვა ადამიანებს აღიქვამს არა ეგოცენტრისტული პოზიციიდან, არამედ ყველას ქრისტეში ერთიანობის და თანასწორობის პოზიციიდან. ქრისტემ მოიტანა ის მადლი, რომელსაც სიყვარული ჰქვია და ქრისტესმიერი სიყვარულის გარეშე შეუძლებელია ადამიანის, როგორც პიროვნების სრული რეალიზაცია, მისი სრული პოტენციალის წარმოჩენა. ეს იცოდნენ მოგვებმა და ამიტომაც მოიყარეს მუხლი იესოს წინაშე.”

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი:ირაკლი ასტამაძე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Geocraft   სახარების განმარტება   May 4 2013, 12:17 AM
A.V.M   Geocraft ამ განხილვაში ფ...   May 4 2013, 06:13 PM
Geocraft   Geocraft ამ განხილვაში ...   May 7 2013, 06:08 AM
A.V.M   Geocraft თავიდანვე შევთ...   May 7 2013, 04:23 PM
მარიამი   სხვათაშორის ძალია...   May 7 2013, 04:50 PM
A.V.M   მარიამი მარკოზის ს...   May 7 2013, 05:03 PM
Geocraft   " ვინც ჩემთან არ ა...   May 9 2013, 01:24 AM
A.V.M   Geocraft თავშიც გითხარი ...   May 9 2013, 12:46 PM
Geocraft   A.V.M. თავშივე რომ მით...   May 10 2013, 03:57 AM
ႲႭႡႰႠႬ   მე ერთი რამ მაინტე...   May 9 2013, 01:38 PM
toka@   ႲႭႡႰႠႬ არის განყოფ...   May 9 2013, 02:01 PM
A.V.M   ႲႭႡႰႠႬ თუ გინდა აქ...   May 9 2013, 03:01 PM
Geocraft   უამრავი კითხვა მიჩ...   May 10 2013, 04:12 AM
აკაკი   Geocraft შესაძლოა გამოგ...   May 10 2013, 06:07 AM
A.V.M   Geocraft სახარების ქადა...   May 10 2013, 12:21 PM
Geocraft   მადლობა აკაკი. ვსტ...   May 11 2013, 05:24 AM
Geocraft   პრინციპში სახარე...   May 11 2013, 05:36 AM
A.V.M   მგონი კიდევ არასწ...   May 11 2013, 01:12 PM
azazeli   დავრდომილის განკუ...   Nov 1 2013, 06:42 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ასტა...   Nov 2 2013, 12:24 AM
azazeli   იესო ქრისტეს ცხოვრ...   Nov 2 2013, 06:18 PM
azazeli   იუდა ებრძვის ქანაა...   Nov 2 2013, 07:47 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი კი ხარ , მ...   Nov 2 2013, 10:41 PM
Giorgi Kadagishvili   azazeli რატომ მაინცდამ...   Nov 3 2013, 07:22 PM
azazeli   კი ძალიან მიტაცებ...   Nov 5 2013, 11:32 PM
azazeli   ხუთი ათასი კაცის ს...   Nov 9 2013, 08:44 PM
Giorgi Kadagishvili   გიტაცებს კარგია, მ...   Nov 12 2013, 03:27 AM
azazeli   იოანეს სახარების გ...   Nov 13 2013, 12:10 AM
azazeli   მაცხოვრის საუბარი ...   Nov 13 2013, 09:46 PM
azazeli   ქორწილი კანას გალი...   Nov 14 2013, 06:03 PM
azazeli   ტაძრიდან მოვაჭრეთ...   Nov 16 2013, 09:32 PM
A.V.M   რეფერატია ჩემი და ...   Jan 28 2014, 10:56 PM
terra   კაი გიშრომია, საღო...   Jan 29 2014, 12:04 AM
A.V.M   ატორმა დაიწყო ფიქრ...   Jan 29 2014, 12:42 AM
marine   "იყავი ბრძენი, ვი...   Nov 6 2014, 12:31 PM
sanfol   ციტატები რო იყოს დ...   Nov 28 2014, 07:19 PM
marine   ციტატები რო იყოს დ...   Nov 29 2014, 10:16 PM
sanfol   marine ერთიანად ბიბლია...   Nov 29 2014, 11:14 PM
marine   marine ერთიანად ბიბლი...   Nov 30 2014, 09:10 PM
G_saxva   sanfol ელექტრონული ვერ...   Dec 1 2014, 09:34 AM
sanfol   G_saxva არა მე სხვა რამე...   Dec 1 2014, 12:31 PM
G_saxva   sanfol არ მახსოვს მაგრ...   Dec 1 2014, 12:50 PM
sanfol   G_saxva კაი მადლობა მაი...   Dec 1 2014, 12:57 PM
G_saxva   sanfol https://drive.google.com/file/d/0B_srvSl3vy...   Dec 1 2014, 01:15 PM
sanfol   ნეტარი თეოფილაქტე ...   Dec 14 2014, 09:24 PM
G_saxva   sanfol ეს კითხვები ამ თ...   Dec 15 2014, 09:31 AM
sanfol   G_saxva აბა რა არი შუაში...   Dec 15 2014, 11:34 AM
G_saxva   sanfol აქ დედები და ძმე...   Dec 15 2014, 12:04 PM
sanfol   G_saxva ესეიგი პატივის...   Dec 15 2014, 01:35 PM
G_saxva   sanfol ვფიქრობ რომ გეშ...   Dec 15 2014, 02:12 PM
sanfol   G_saxva ოკ მადლობა მაინ...   Dec 15 2014, 02:31 PM
sanfol   G_saxva ისე კი მაგას დღე...   Dec 15 2014, 03:52 PM
gigushka   knoV-I8vBMs   Mar 14 2015, 09:12 PM
G_saxva   sanfol მაგას სხვა მნიშ...   Mar 16 2015, 09:23 AM
sanfol   G_saxva მეეჭვება, თუ ქრ...   Mar 16 2015, 01:55 PM
G_saxva   sanfol სახელმწიფო სხვ...   Mar 16 2015, 02:15 PM
sanfol   G_saxva კაი შენ ჯორჯიელ...   Mar 16 2015, 02:31 PM
G_saxva   sanfol მერე მაგითი რას ...   Mar 16 2015, 02:53 PM
sanfol   G_saxva პატივმოყვარეო...   Mar 16 2015, 04:10 PM
G_saxva   G_saxva პატივმოყვარეო...   Mar 16 2015, 05:04 PM
sanfol   G_saxva განმიმარტე ეგ მ...   Mar 16 2015, 05:19 PM
რობინი   G_saxva განმიმარტე ეგ მ...   Sep 9 2015, 08:29 PM
marine   სამწუხარო ფაქტია ...   Sep 10 2015, 01:43 PM
G_saxva   sanfol აი ამ შემთხვევა...   Mar 16 2015, 06:08 PM
marine   "სახარება არის ახ...   May 25 2015, 10:12 PM
vaxushti13   თემა ვერ ვნახე ამა...   Jun 5 2015, 09:59 PM
G_saxva   vaxushti13 რამეთუ მის მიე...   Jun 8 2015, 10:59 AM
A.V.M   ერთად ცოტა რთულია,...   Jul 3 2015, 09:39 PM
iohanan   გამარჯობათ☺️☺️☺️,...   Aug 13 2015, 07:04 PM
marine   iohanan დიახ, იოანე ღვთ...   Aug 13 2015, 08:38 PM
iohanan   თAვის თAვზე თVითონ ა...   Aug 14 2015, 12:21 AM
marine   თAვის თAვზე თVითონ ა...   Aug 14 2015, 02:46 PM
iohanan   რა Iცოდა საყვარელი ...   Aug 14 2015, 07:44 PM
marine   რა Iცოდა საყვარელი ...   Aug 14 2015, 08:09 PM
iohanan   სამარცხვინოა მაგრ...   Aug 14 2015, 11:36 PM
marine   სამარცხვინოა მაგრ...   Aug 15 2015, 11:00 AM
marine   „მაცხოვარი განაგრ...   Aug 19 2015, 04:13 PM
marine   „- ვინც ეცდება სული...   Aug 19 2015, 04:25 PM
marine   “იესო ქრისტე ტაძარ...   Aug 19 2015, 04:44 PM
marine   „წმინდა გრიგოლს [ნ...   Aug 19 2015, 05:00 PM
marine   წმ. თეოფილაქტე --"რ...   Aug 19 2015, 11:02 PM
marine   "მხოლოდ მაშინ, თუ ...   Sep 9 2015, 08:23 PM
რობინი   ამართლებს თუ არა, მ...   Sep 9 2015, 08:46 PM
marine   უფალი ამასაც ამბობ...   Sep 10 2015, 10:31 AM
sanfol   რობინი ასეა სამწუ...   Sep 10 2015, 11:51 AM
რობინი   ქალბატონო მარინე, ...   Sep 10 2015, 02:13 PM
marine   ქალბატონო მარინე, ...   Sep 10 2015, 10:10 PM
sanfol   რობინი კი არამარტ...   Sep 10 2015, 02:19 PM
რობინი   რობინი კი არამარტ...   Sep 10 2015, 02:27 PM
sanfol   marine წმინდა გიორგი ა...   Sep 10 2015, 02:28 PM
რობინი   marine წმინდა გიორგი ა...   Sep 10 2015, 02:31 PM
marine   marine წმინდა გიორგი ა...   Sep 10 2015, 07:58 PM
რობინი   marine წმინდა გიორგი ა...   Sep 10 2015, 10:49 PM
sanfol   რობინი რაში გვჭირდ...   Sep 10 2015, 02:48 PM
რობინი   რობინი რაში გვჭირ...   Sep 10 2015, 03:28 PM
რობინი   მათეს 3:11 მე წყლით გნ...   Sep 10 2015, 03:38 PM
რობინი   მეგობარო ასევე არ ...   Sep 10 2015, 03:55 PM
sanfol   რობინი ეგ ძველ აღთ...   Sep 10 2015, 08:13 PM
რობინი   რობინი ეგ ძველ აღთ...   Sep 10 2015, 10:09 PM
რობინი   ქალბატონო მარინე ა...   Sep 10 2015, 10:27 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 10:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი