![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
მშვიდობა, წმ. წერილის განყოფილებაში აქამდე არ ყოფილა ცალკე თემა მიძღვნილი ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებისადმი. ამ მეცნიერებას (ანუ ბიბლიის შემსწავლელ მეცნიერებას) ეწოდება "ბიბლეისტიკა". ფორუმზე, წმ. წერილის განყოფილებაში, სხვადასხვა ავტორების მიერ იხსნებოდა ცალ-ცალკე სხვადასხვა თემები, სხვადასხვა საკითხებზე, მათგან უმრავლესი ძალიან მცირე ინფორმაციის გასაგებად... ამის გამო იხსნებოდა მრავალი თემები, რაც უკვე აღვნიშნე, და განყოფილების გვერდებიც ნელ-ნელა იზრდებოდა. მემგონი საჭიროა, რომ განსაკუთრებულად არსებობდეს ერთი თემა ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებზე სასაუბროდ. ახლა კი ამ თემაში იყოს ასეთი ხასიათის კითხვები, პასუხები, ძიებანი, გამოხმაურებები და ა.შ
თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის (იმის გამო, რომ "ბიბლეისტიკა" ძალიან ფართო მეცნიერებაა) და ამ საგან "წმინდა წერილის" განყოფილებაში ქვე-განყოფილებას მიუძღვნის, სახელით "ბიბლეისტიკა", კარგი და მოწესრიგებული, ალბათ, ყველასათვის სასურველი იქნება. ციტატა თავიდანვე ვაცხადებთ, რომ: ეკლესია არ ეფუძნება ბიბლიას (ყველა სექტისაგნ განსხვავებით). უფრო მეტიც, ბიბლია არის ეკლესიის პროდუქტი, ნაყოფი (ასევე ყველა სექტისაგნ განსხვავებით; ეკლესიაში ვგულისხმობთ იმ ეკლესიას, რომელიც თავად მაცხოვარმა დაარსა და რომელმაც დააკანონა, მოიტანა ჩვენამდე ”ბიბლია”). ახლა კი პირდაპირ საკითხზე გადავალ და პირველად მე თვითონ შემოგთავაზებთ უცხოელი ავტორის, რიჩარდ დიმის მცირე ნაშრომის თარგმანს. შესავალი ბევრ სკეპტიკოსს სჯერა, რომ ბიბლია საუკუნეების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. სინამდვილეში, ბიბლია ითარგმნა სხვადასხვა ენებზე (ბერძნულად, ლათინურად, გერმანულად, შემდეგ ინგლისურად და სხვა ენებზე, იხ. ბიბლიის ისტორია). თუმცა, უძველესი ხელნაწერები (ებრაული, არამეული და ბერძნული) სავსებით სანდოდ გადაიწერებოდა საუკუნეთა განმავლობაში - ძალიან მცირე, უმნიშვნელო ცვლილებებით. ძველი აღთქმა საიდან ვიცით, რომ ბიბლია 2000 წლის მანძილზე უცვლელად ინახებოდა და გადაიწერებოდა? მკვდარი ზღვის გრაგნილების აღმოჩენამდე, ძვ. აღთქმის უძველესი ებრაული ხელნაწერი იყო მაზორეტული ტექსტი, ახ. წ. 800 წლით დათარიღებული. მკვდარი ზღვის გრაგნილები თარიღდება უფლის, იესო ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდით, იგი გადაიწერა ყუმრანის მოსახლეობის (თემის) მიერ, მკვდარი ზღვის გარშემო არსებული ებრაულ სექტის მიმდევრების მიერ. ჩვენ ასევე გვაქვს სამოცდაათთა ბერძნული თარგმანი (სეპტუაგინტა) ძვ. აღთქმისა, რომელიც ქრისტეს შობამდე III-II (270 წ.) საუკუნით თარიღდება. როდესაც ამ ტექსტებს შევადარებთ, რომელთა შორისაც 800-1000 წლიანი უფსკრულია, გაოცებულნი დავრჩებით, რადგან ორივე ტექსტი 95% იდენტურია, მათში მხოლოდ მცირე ვარიაციები და რამდენიმე შეუსაბამობაა. ახალი აღთქმა არსებობს ათი ათასობით ხელნაწერი ახალი აღთქმისა, რომლებიც, მთლიანად თუ ნაწილობრივ, თარიღდებიან ახ. წ. II საუკუნიდან XV საუკუნემდე, როდესაც საბეჭდი მანქანა გამოიგონეს. ეს ხელნაწერები აღმოჩენილია ეგვიპტეში, პალესტინაში, სირიაში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, და ყოველგვარი "პირის შეკვრა" საეჭვოა, ნაკლებად დასაჯერებელია. ყველაზე ძველი ხელნაწერი, ჯონ რილენდისად წოდებული, დათარიღებულია ახ. წ. 125 წლით. იგი ნაპოვნი იქნა ეგვიპტეში, ანუ მცირე აზიიდან (სადაც ახალი აღთქმა თავდაპირველად შეიქმნა) მცირე მანძილის დაშორებით. არაერთი უძველესი ქრისტიანული პაპირუსი აღმოაჩინეს 1935 წელს, 150 წლით დათარიღებული, ოთხთავის (ანუ ოთხი სახარების) შემცველი. ბოდმერის (ბოდმერის ბიბლიოთეკა, შვეიცარია) II პაპირუსი აღმოაჩინეს 1956 წელს, თარიღდება ახ. წ. 200 წლით და მოიცავს იოანეს სახარების 14 თავსა და ბოლო შვიდი თავის ნაწილებს. ჩესტერ ბითის ბიბლიური პაპირუსი აღმოაჩინეს 1931 წელს, თარიღდება ახ. წ. 200-250 წლით და მოიცავს ოთხთავს, მოციქულთა საქმეებს, წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლეებს და გამოცხადებას. წმ. წერილის ხელნაწერთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე უძველესი საისტორიო მწერლობის ძეგლებისა, მაგ. როგორიცაა კეისარის "გალური ომები" (10 ბერძნული ხელნაწერი, უძველესი ხელნაწერი 950 წლითაა დაშორებული დედანს), ტაციტუსის "ანალები" (ორი ხელნაწერი, მათ შორის უძველესი 950 წლითაა დაშორებული დედნისაგან), ტიტუს ლივიუსი (20 ხელნაწერი, მათგან უძველესი 350 წლითაა დაშორებული დედანს, და პლატონი (7 ხელნაწერი). ![]() ათასობით ადრეული ქრისტიანული ნაწერები და ლექციონარები (პირველი და მეორე საუკუნისა) ციტირებენ ახალი აღთქმის წიგნებიდან მუხლებს. ფაქტობრივად, ეს მთელი ახალი აღთქმაა ადრეულ ქრისტიანულ მწერლობაში. მაგალითისათვის, წმ. კლიმენტის ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ (თარიღდება ახ. წ. 95 წლით) ციტირებულია მუხლები ოთხთავიდან, მოციქულთა საქმეებიდან, პავლე მოციქულის ეპისტოლედან - რომაელთა მიმართ, კორინთელთა მიმართ I ეპისტოლედან, ეფესელთა მიმართ ეპისტოლედან, ტიტეს მიმართ ეპისტოლედან, ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან და წმ. პეტრე მოციქულის I კათოლიკე ეპისტოლედან. ეგნატეწ (ეგნატე ღმერთშემოსილი) წერილებში (თარიღდება ახ. წ. 115 წლით.), რომელიც მცირე აზიის რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიის მიმართ დაიწერა, ციტირებულია მუხლები მათესა და იოანეს სახარებიდან, რომაელთა, კორინთელთა I და II ეპისტოლეებიდან, გალატელთა და ეფესელთა ეპისტოლედან, ფილიპელთა მიმართ, ტიტესა და ტიმოთეს მიმართ I და II ეპისტოლეებიდან. ეს წერილები იმაზე მიუთითებს, რომ მთელი ახალი აღთქმა დაიწერა ახ. წ. პირველ საუკუნეში. ამის გარდა, გვაქვს შიდა ტექსტობრივი მტკიცებულებანი ახალი აღთქმის დაწერის პირველი საუკუნით დათარიღებისათვის. მოციქულთა საქმეები მთავრდება მოულოდნელად, უეცრად, პავლე მოციქულის პატიმრობაში, რომელიც სასამართლო პროცესს ელოდება (მოციქულთა საქმენი 28:30-31). შესაძლებელია, რომ წმ. ლუკა "მოციულთა საქმეები" იმ დროის განმავლობაში დაწერა, სანამ პავლე მოციქული უკანასკნელად წარსდგებოდა ნერონის წინაშე; ეს იყო დაახლოებით 62-63 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ "საქმეთა" წიგნი და "სახარება ლუკას თავისა" (ლუკას სახარება) დაიწერა იესო ქრისტეს მოღვაწეობის, სიკვდილისა და აღდგომიდან ოცდაათი წლის განმავლობაში. სხვა, შიდა ტექსტობრივი მტკიცებულება ისაა, რომ ტექსტში არ არის ნახსენები იერუსალიმის დაქცევა, რომელიც 70 წელს აღსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ წმ. მათემ, მარკოზმა და ლუკამ ჩაწერეს იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება ტაძრისა და ქალაქის დაქცევაზე, რომელიც იმ თაობის ხალხზე მოიწეოდა (მთ. 24:1-2; მკ. 13:1-2; ლკ. 21:5-9, 20-24, 32), ახალი აღთმის წიგნები არ ეხებიან ამ მოვლენას, როგორც აღსრულებულს. თუ წიგნები 70 წლის შემდეგ დაიწერა, მეტი ალბათობაა, რომ ნაწერებში მოხსენიებული იქნებოდა იესო ქრისტეს წინასწარმეტყველების აღსრულება. როგორც ნელსონ გლუკმა, ცინცინატის ებრაელთა კავშირში არსებული იუდაისტური სასულიერო სემინარიის ყოფილმა პრეზიდენტმა და ცნობილმა ებრაელმა არქეოლოგმა განაცხადა: "ჩემი აზრით, ახალი აღთქმის ყველა წიგნი პირველი საუკუნის 40 - 80-იან წლებში დაიწერა". დასკვნა ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხელნაწერულ მტკიცებულებებში მასობრივი შეუსაბამობებია - სინამდვილეში კი პირიქითაა. ახალი აღთქმის სხვადასხვა ხელნაწერეთა ტექსტი ერთმანეთთან 99.5% თანხმობაში არიან. შეცდომების უმრავლესობა ორთოგრაფიული და სინტაქსურია. რამდენიმე სიტყვა ან შეცვლილია ან დამატებული. არის ორი მუხლი, რომლებიც საკამათოა, მაგრამ არაა არანაირი დოგმატური მნიშვნელობის უთანხმოება და სხვაობა. თუკი რაღაც სადავოს, შეუსაბამობას ვაწყდებით, ამისთვის ბიბლიის უმრავლეს გამოცემას სქოლიოს სახით დართული აქვს შენიშვნები და კომენტარები. როგორ შეიძლება ასეთი, ზედმიწევნითი სიზუსტე დაცული იყოს გადაწერის 1,400 წლიან პერიოდში? ორი მიზეზის გამო:
|
![]() ![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
მაცხოვრის შობის დროს პალესტინა შეადგენდა რომის იმპერიის ნაწილს, და მას რომის იმპერატორის მიერ დანიშნული იდუმეელი ჰეროდე მართავდა, რომელსაც იუდეის მეფედ მოიხსენიებენ. ამრიგად სამეფო სკიპტრამ იუდას შტოდან უცხოტომელის ხელში გადაინაცვლა. და შესაბამისად იაკობ მამამთავარის წიანსწარმეტყველების თანახმად დადგა დრო მესიის მოსვლისა (დაბ. 49:1,10) [1] , დადგა კიდევ იმიტომ რომ დანიელ წინასწარმეტყველის გამოცხადებაში უწყებული შვიდეულები [2] დასასრულს უახლოვდებოდა. ყველაფერი მოწმობდა ებრაელთათვის აღთქმული მესიის გამოჩენის შესახებ და ისინიც ელოდებოდნენ რომ მესია მოვიდოდა და იხსნიდა მათ საძულველი რომაელების უღელისაგან.
ასე რომ, ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებით ნაწინასწარმეტყველები იყო არამარტო ზოგადად დრო მესიის მოსვლისა, არამედ თვით წელიც კი მისი საქადაგებლად გამოსვლისა, ხანგრძლივობა მისი საზოგადო მსახურებისა და დრო მისი სიკვდილისა. ________________________________________________ [1] მესიის მოსვლის დროის შესახებ გვაქვს ორი მითითება: იაკობის წიანსწარმეტყველებასა და დანიელის გამოცხადებაში. ეგვიპტეში მომაკვდავმა იაკობმა სიკვდილის წინ მოუხმო შვილებს და უთხრა: შეიკრიბეთ რომ გაგიმხილოთ რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში. თავისი შვილებისა და მათი შთამომავლების მომავლის წინასწარმეტყველებისას იაკობმა თავისი ძის, იუდას, შესახებ თქვა: არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა (დაბ. 49: 1,10). ეს წინასწარმეტყველება ყოველთვის შემდეგი აზრით იყო გაგებული რომ მესია გამოჩნდებოდა მაშინ, როდესაც შეწყდებოდა მეფობა იუდას შტოდან გამოსული მეფეებისა. და რამდენადაც ჰეროდე იყო პირველი არაებრაელი მეფე (იგი იდუმეელი იყო), ამიტომ მესიის მოსვლას ელოდა მთელი იუდეა იმ დროიდან მოყოლებული რაც ჰეროდე გამეფდა. და მართლაც სწორედ მისი მეფობის დროს იშვა იესო ქრისტე. [2] დანიელის გამოცხადებაშიც იყო მითითება იმ დროზე როდესაც ქრისტე უნდა გამოჩენილიყო. დანიელის წიგნის მე-9 თავში ნათქვამია რომ დანიელს ლოცვის დროს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი, შეეხო მას და უთხრა: დანიელ! ახლა გამოვედი რომ ჭკუა დაგარიგო. შენი ვედრების დასაწყისში სიტყვა გამოვიდა და მე მოვედი, რომ შეგატყობინო იგი, რადგან შენ სათნო კაცი ხარ. დაუკვირდი ამ სიტყვას და გამოიცანი ხილვა: შენი ერისთვის და შენი წმინდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად, ხილვისა და წინასწარმეტყველების დასაბეჭდავად და წმინდათა წმინდის საცხებად. ოღონდ იცოდე და შეიგნე, მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა ცხებული მეფის მოსვლამდე, აღდგება ქუჩა და უბანი, ოღონდ ძნელბედობის ჟამს, სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული, მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება. ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი. იგი მრავალთაგან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს. (დან. 9:22-27). შვიდეული (ებრ. שָׁבוּעַ - შაბუა) არის სწორედ დროის შვიდეული (კვირის დღეები ან წლები), ანუ დრო რომელიც შედგება შვიდი ტოლი ნაწილისგან მიუხედავად იმისა რამდენად დიდია ეს ნაწილი. რამდენადაც შვიდდღიან პერიოდს ძველაღთქმისეულ რელიგიაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ შვიდეულში, ერთი შეხედვით, უნდა მოგვეაზრებინა სწორედ კვირის შვიდეულის დღეები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია შაბუას ჰქონდეს ეს მნიშვნელობა, რადგან მომდევნო თავში დანიელ წინასწარმეტყველი საუბრობს რა შვიდეულზე როგორც კვირის დღეებზე, უწოდებს მათ არა უბრალოდ შვიდეულს არამედ შვიდეულის დღეებს: იმხანად მე, დანიელი, სამი შვიდეული დღის მანძილზე დანაღვლიანებული ვიყავი (დან. 10,2) და ამას თითქოს შეგნებულად აკეთებს რათა განასხვავოს ეს შვიდეულები წინა თავებში ნახსენებ შვიდეულებისაგან. ასევე არ შეიძლება რომ შვიდეულებში მოვიაზროთ თვეები, რამდენადაც დაახლოებით ორმოცდაერთწლიანი პერიოდი რომელიც 490 თვეს უდრის ძალიან მოკლე დროა იმ მოვლენებისათვის რაც უკანასკნელ სტრიქონებშია ნაუწყები, კერძოდ, ქალაქის მშენებლობა, შემდეგ კი ამ ქალაქის და მასთან ერთად ტაძრის დანგრევა და ა.შ. ამრიგად რჩება შვიდეულის, როგორც შვიდწელიწადის, ერთადერთი გაგება. ძველი ქრისტიანი განმმარტებლები და ებრაელი სწავლულები, დანიელის შვიდეულებში ყოველთვის წელიწადის შვიდეულებს მოიაზრებენ. სამოცდაათი შვიდეულის პერიოდის დასაწყისი მითითებულია დანიელის გამოცხადების 25-ე მუხლში, კერძოდ, ეს არის ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად. წმინდა წერილიდან ცნობილია, რომ დანიელს გამოცხადება შვიდეულთა შესახებ ჰქონდა ებრაელთა ბაბილონის ტყვეობაში ყოფნის დროს, და რომ ბაბილონის დაცემისა და მისი სპარსეთთან შეერთების შემდეგ ებრაელებისადმი დადებითად განწყობილი მეფეების მიერ რამდენიმე ბრძანება იქნა გამოცემული. პირველი ბრძანება კიროსის მიერ იქნა გამოცემულ, რომელიც ებრაელებს ტაძრის აშენების უფლებას აძლევდა, მაგრამ იქ არაფერია ნათქვამი დანგრეული იერუსალიმის მშენებლობის შესახებ (2 პეტრე 36, 23; 1 ეზრა 1:2-4, 6:3-5). მეორე ბრძანებაც, რომელიც დარიოს გისტასპის მიერ იქნა გამოცემული, არ შეიცავს არანაირ მინიშნებას ქალაქის მშენებლობის ნებართვაზე, და იმეორებს კიროსის ბრძანებას მხოლოდ ტაძრის მშენებლობის შესახებ (1ეზრა 6:6-7). მესამე ბრძანება გაცემულ იყო მღვდელ ეზრასადმი არტაქსერქსეს მეფობის მე-7 წელს. მართალია არტაქსერქსეს ამ ბრძანებაშიც არ არის ქალაქის აშენების პირდაპირი ნებართვა, მაგრამ ამ ბრძანების საფუძველზე ეზრას მის ხელთ არსებული ფულით ყველაფრის უფლება ეძლეოდა რასაც კი მოისურვებდა: „და როგორც უკეთესად მიიჩნევთ შენ და შენი თვისტომნი, თქვენი ღმერთის ნებით, ისე მოიხმარეთ დარჩენილი ოქრო-ვერცხლი“ (1 ეზრა 9: 9). ცხადია, ეს ნებართვა ეზრას შეეძლო ფართოდ გაეგო და გამოეყენებინა კიდეც ქალაქის ასაშენებლად რამდენადაც ის ამის საჭიროებას ხედავდა. და ის რომ ნამდვილად შეუდგა ამ ბრძანების საფუძველზე იერუსალიმის აღდგენას, ამას ნეემიაც მოწმობს. სხვა რაიმე ნებართვა, დავალება ან განკარგულება იერუსალიმის აღსადგენად არ ყოფილა. აქედან გამომდინარე შვიდეულის პერიოდის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ არტაქსერქსეს მეფობის მე-7 წელი, როდესაც გაცემულ იქნა ნებართვა იერუსალიმის აღდგენისა. მაგრამ რომელ წელს ავიდა ტახტზე არტაქსერქსე? მისი მეფობის დასაწყისის განსაზღვრაში გვეხმარება ძვ.წ.აღ II ს -ის ბერძენი გეოგრაფისა და ასტრონომის, კლავდიუს პტოლემეოსის „მეფეთა კანონი“. ამ კანონში მოცემულია ასურელი, მიდიელი, სპარსელი, ბერძენი და რომაელი მეფეების ცხრილები, დაწყებული ნაბონასარიდან. (ნაბონასარი (აქად. ნაბუ ნაცირი) - ბაბილონის მეფე, სწორედ მისი მმართველობის პირველი წლიდან დაიწყო ქრონოლოგიური ათვლა პტოლემეოსმა. ცხრილებში ყოველი მეფის სახელთან მითითებულია მმართველობის რიცხვი, წლები და მათი ჯამი პირველიდან უკანასკნელ წლამდე. ყველა ქრონოლოგი თანხმდება რომ ნაბონასარის მეფობის პირველი წელი იწყება ქრ. შ. მდე 747 წლის 26 თებერვალს დიონისეული გამოთვლის მიხედვით. ასევე ცნობილია, რომ ეგვიპტურ წელიწადს რომელსაც პტოლემეოსის ქრონოლოგია დაედო საფუძვლად, გააჩნია 365 დღე. ამ ცოდნის საფუძველზე ძალიან ადვილია არტაქსერქსეს მეფობის დროის განსაზღვრა. „მეფეთა კანონში“ აღნიშნულია, რომ არტაქსერქსე ტახტზე ავიდა 283 წელს და მეფობდა 41 წელი. რომ გადავიყვანოთ ეს წლები ჩვენს ანუ დიონისეულ წელთაღრიცხაზე, აღმოჩნდება რომ იგი ტახტზე ასულა ქრ. შ. მდე 464 წლის 18 დეკემბერს და მისი მეფობის მე-7 წელი გაგრძელებულა 458 წლის ბოლომდე. იმის გათვალისწინებით რომ დიონისე ქრისტეს შობის წლად მიიჩნევდა 754 წელს რომის დაარსებიდან, უნდა ვაღიაროთ რომ არტაქსერქსეს მეფობის მე-7 წელი ანუ დანიელის შვიდეულის დასაწყისი ყოფილა 296 (754-458=296) წელი რომის დაარსებიდან. დასასრული პირველი სამოცდაცხრა შვიდეულისა ნათლად არის მითითებული დანიელის წინასწარმეტყველებაში: ქრისტეს გამოჩენამდე უნდა გასულიყო სამოცდაცხრა შვიდეული ანუ 483 წელი დაწყებული 296 წლიდან (რომის დაარსებიდან). 296 + 483 წლების შეკრებით ვიგებთ, რომ სამოცდაცხრა შვიდეულის დასასრული და აქედან გამომდინარე ქრისტეს გამოჩენა უნდა ყოფილიყო რომის დაარსებიდან 779 წელს. ლუკა მახარებელი ადასტურებს რომ იოანე ნათლისმცემლის საქადაგებლად გამოსვლა და მის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მოხდა ტიბერიუს კეისრის მმართველობის მე-15 წელს (ლკ. 3:1) ანუ რომის დაარსებიდან 779 წელს. ისეიგი იესო ქრისტეს გამოჩენა (განცხადება) მოხდა იმ წელს როგორც ეს დანიელს ჰქონდა ანგელოზისგან უწყებული. თუ იესო ქრისტეს გამოჩენა კაცობრიობის წინაშე საზოგადო მსახურებისათვის არის დასასრული პირველი სამოცდაცხრა შვიდეულისა, მაშინ იგივე მოვლენა არის დასაწყისი უკანასკნელ შვიდეულთა. დანიელის გამოცხადების 27-ე მუხლში ნათქვამია: იგი მრავალთაგან განამტკიცებს აღთქმას, აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში[i] შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. ებრაელმა ერმა ვერ იცნო თავისი მესია, მოკლა იგი ჯვარზე გაკვრით და ამის გამო იქნა თავად უარყოფილი ღვთისაგან. ქრისტეს სიკვდილის მომენტიდან ძველაღთქმისეული ღვთისმსახურება, მსხვერპლმა და შესაწირავმა დაკარგა თავისი შინაგანი, სულიერი მნიშვნელობა. გამოცხადების მიხედვით ქრისტე უნდა მომკვდარიყო უკანასკნელი შვიდეულის ნახევარში ანუ მისი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლიდან დაახლოებით სამწელიწადნახევრის შემდეგ. მახარებელთა უწყებით ვიცით, რომ იესო ქრისტემ საზოგადო მსახურების განმავლობაში პასექი სამჯერ იდღესასწაულა, ხოლო მეოთხე პასექის წინ ჯვარს ეცვა. ეს კი გვაძლევს იმის მტკიცების საფუძველს რომ იესო ქრისტეს საზოგადო მსახურება გაგრძელდა სამწელიწადნახევარი ანუ შვიდეულის ნახევარი როგორც ნათქვამი იყო დანიელის წიგნში. Борис Ильич Гладков. "Толкование Евангелия" თარგმნა ალექსანდრე აღლაძემ -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 03:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი