ერეკლე II |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ერეკლე II |
lingvo |
Aug 10 2011, 11:21 AM
პოსტი
#1
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ერეკლე II დაიბადა თელავში 1720 წლის 7 ნოემბერს. იგი იყო თეიმურაზ II–ისა და თამარ დედოფლის (ვახტანგVI–ის ასული) შვილი. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა მარბიელი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უხელმძღვანელა ჯარს. ხალხმა სიყვარულით მას „პატარა კახს“ უწოდა. აღმოსავლეთ საქართველო ირანის მფობელობაში იყო და ერეკლე ნადირ–შაჰმა ინდოეთის ლაშქრობაში თან წაიყვანა. მძევლად მყოფმა ერეკლემ ნიჭიერი სარდლისაგან ნადირ–შაჰისაგან დიდი გამოცდილება მიიღო. 1632 წლიდან თითქმის ასი წლის მანძილზე ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფე არ ასულა. 1745 წლის 1 ოქტომბერს კი სვეტიცხოველში თეიმურაზ II ქრისტიანული წესით ეკურთხა მეფედ. ეს თავისთავად ქართული პოლიტიკის დიდი გამარჯვება იყო, მით უმეტეს, რომ თეიმურაზი ქართლის მეფედ, ერეკლე კი კახეთის მეფედ დაამტკიცეს. მამა–შვილი ერთად მართავდა ქვეყანას. შაჰმა 1747 წელს ერეკლე კვლავ თავისთან დაიბარა. თათბირზე გადაწყდა, რომ ირანში თეიმურაზი წავიდოდა, რადგან ის გამოცდილი დიპლომატი იყო. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულა–ბეგს (იესეს ძეს) ჩააბარა. ამით თეიმურაზი ცდილობდა აერიდებინა კონფლიქტი მათ შორის, მაგრამ მისი ვარაუდი არ გამართლდა. აბდულა–ბეგმა ქართლის ტახტზე პრეტენზია განაცხადა და ერეკლეს დაუპირისპირდა. ერეკლემ დაამარცხა აბდულა–ბეგი, 1748 წელს თბილისი გაათავისუფლა და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. იმავე წელს ქართლ-კახეთმა უკანასკნელი ხარკი გადაუხადა ირანს. თეიმურაზ II -სა და ერეკლე II–ის ძალაუფლება სულ უფრო იზრდებოდა. მათ მფარველობა სთხოვეს ერევნის, განჯისა და ნახიჩევანის ხანებმა. მამა–შვილმა ჭარის შემოერთებაც გადაწყვიტა, რადგან ჭარი ქართული ტერიტორია იყო და თანაც მისი დაკავებით დაღესტნელთა შემოსევების ალაგმვა გაცილებით გაიოლდებოდა. შაქი–შარვანის ხანის აჯი–ჩალაბის ღალატის გამო ქართველებმა 1751 წელს მარცხი იწვნიეს. თეიმურაზსა და ერეკლეს კიდევ ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდათ სამხრეთ ადარბადაგანის (აზერბაიჯანის) მფლობელის აზატ–ხანის სახით, რომელიც ირანის შაჰობაზეც კი აცხადებდა პრეტენზიას. 1751 წელს ყირბულახთან (ერევნის მახლობლად) ერეკლემ 3 ათასი ქართველით 18 ათასიანი მტრის ჯარი დაამარცხა. აზატ–ხანმა ზავი ითხოვა. 1752 წელს განჯასთან ბრძოლაში აჯი–ჩალაბმა ქართველები კვლავ დაამარცხა. ამ მარცხმა თეიმურაზისა და ერეკლეს ავტორიტეტი შეარყია. საჭირო იყო გადამწყვეტი ღონისძიებების გატარება: გაიგზავნა ელჩობა რუსეთში, დაიქირავეს ჩერქეზთა ჯარი. მართალია, რუსეთმა დახმარებაზე თავი შეიკავა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 1752 წლის სექტემბერში აჯი–ჩალაბი სასტიკად დამარცხდა. მიღწეული წარმატებების ფონზე გადაუჭრელი რჩებოდა „ლეკიანობის“ პრობლემა. ნურსალ–ბეგის მეთაურობით წარმართული ორი ბრძოლა მჭადიჯვართან და ყვარელთან დაღესტნელთა სასტიკი მარცხით დამთავრდა და ამან კახეთის მოსახლეობას ლეკთა თარეშისაგან ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, ქართლ–კახეთს ძლიერი მოკავშირე სჭირდებოდა, რომ მიღწეული შეენარჩუნებინათ. ამ მიზნით, თეიმურაზ II რუსეთში გაემგზავრა, სადაც მალევე, 1762 წელს გარდაიცვალა. ერეკლემ ქართლ–კახეთი გააერთიანა და მას შემდეგ, რაც ირანის შაჰს ქერიმ–ხან ზენდს მისი მეტოქე აზატ–ხანი დატყვევებული გაუგზავნა, მეფობა დაიმტკიცა. მეფის მტკიცე ხელი, ქსნისა და არაგვის საერისთავოების გაუქმება, ბატონყმური ურთიერთობების რეგლამენტაცია, თავადთა შორის უკმაყოფილებას იწვევდა. მათ გადაწყვიტეს მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა და ტახტზე ვახტანგVI-ის უკანონო შვილის - პაატა ბატონიშვილის დასმა, მაგრამ შეთქმულება გამჟღავნდა და ერეკლემ დარბაზის საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელმაც დამნაშავეს სასტიკი განაჩენი გამოუტანა. მკაცრი სასჯელი მაგალითი უნდა ყოფილიყო მეფის მოწინააღმდეგეებისათვის. ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, შალის, იარაღის), სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის); მანვე განაახლა ზარაფხანა, დააარსა სემინარიები; მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, გახშირდა წიგნების ბეჭდვა. 1768 წელს დაიწყო რუსეთ–თურქეთის ომი. ერეკლემ გადაწყვიტა ესარგებლა ამით და თურქეთისგან მიტაცებული მიწები დაებრუნებინა, ამიტომ რუსეთის ჯართან ერთად, რომელსაც გენერალი ტოტლებენი სარდლობდა, ახალციხისკენ დაიძრა, თუმცა 1770 წლის 19 აპრილს ასპინძის ციხესთან ტოტლებენმა მიატოვა ერეკლე და ქართლში დაბრუნდა. ერეკლემ მარტომ შეძლო მტრის დამარცხება, მაგრამ იძულებული გახდა თავადაც ქართლში დაბრუნებულიყო. ამის მიზეზი გენერლის საქმიანობა გახლდათ, რომელიც დაუკავშირდა ერეკლეს მოწინააღმდეგე თავადებს, დაიწყო ციხეების დაკავება და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ხალხის იძულებით დაფიცება. ერეკლემ აღკვეთა მისი ქმედება, თუმცა საეჭვოა, რომ ტოტლებენის მთელი ეს საქმიანობა მხოლოდ მისი პირადი ინიციატივა ყოფილიყო. უშედეგოდ დამთავრდა 1772 წელს კათოლიკოს ანტონ I–სა და მეფის ძის, ლევან ბატონიშვილის რუსეთში ელჩობაც. რუსეთის ჯარის საქართველოში ყოფნამ არანაირი სარგებელი არ მოუტანა ქვეყანას, თუმცა ერეკლე მიხვდა რეგულარული ჯარის მნიშვნელობას და 1774 წელს გადაწყვეტილება მიიღო მორიგე ჯარის შექმნის შესახებ. მეფის ამ ინიციატივას სათავეში ჩაუდგა ლევან ბატონიშვილი, მაგრამ 1781 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. უფლისწულის გარდაცვალებამ, შექმნილმა მძიმე საგარეო პოლიტიკამ, ერეკლე მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საბოლოოდ დაკავშირებოდა რუსეთის იმპერიას. რუსეთი, თავის მხრივ, უაღრესად დაინტერესებული იყო ამ საკითხით, თუმცა რუსეთის დიპლომატიამ საქმე ისე წარმოაჩინა, რომ ხელშეკრულების ინიციატორი ერეკლე იყო. 1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო–კავკასიის ციხესიმაგრე გეორგიევსკში მფარველობით ტრაქტატს მოეწერა ხელი. იგი ითვალისწინებდა ბაგრატიონთა ტახტის შენარჩუნებას, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობასა და ომიანობის შემთხვევაში მის დახმარებას, მაგრამ რუსეთი არც მაშინ დახმარებია საქართველოს, როცა 1783 წელს ომარ–ხანი შემოესია და არც მაშინ, როცა აღა–მაჰმად–ხანმა კრწანისის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ქართველები და თბილისი გადაწვა. 75 წლის მეფე თავგანწირვით იბრძოდა კრწანისში, შვილიშვილებმა იგი ძლივს გაარიდეს ბრძოლის ველს. მარცხმა მძიმედ იმოქმედა როგორც პირადად მეფეზე, ასევე მის სამეფოზეც. 1789 წლის 11 იანვარს ერეკლე II თელავში, თავის სასახლეში, იმ ოთახში გარდაიცვალა, რომელშიც დაიბადა. ქართველმა ერმა მისი ცხედარი სვეტიცხოველში დაკრძალა. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
marine |
Mar 21 2014, 01:11 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„მეფეს სასახლის კარზე უსათუოდ აშუღიც ჰყავდა.
ერეკლე მეორესაც - პატარა კახს - ჰყავდა აშუღი, ტომით სომეხი - საიათნოვა. აშუღთა შორის საიათნოვამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა და უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მის თანადროულ და შემდგომი თაობების აშუღთა შემოქმედებაზე. მას გარკვეული დამსახურება ქართულ ლიტერატურაშიც მიუძღვის. იგი ქართულ პოეზიაში მუხამბაზური ლექსის დამამკვიდრებლად ითვლება. მეთვრამეტე საუკუნეში საქართველოში უამრავი აშუღი იყო, მაგრამ, როგორც რუსი მწერალი ვალერი ბრიუსოვი წერს, „რაც საიათნოვამდე გაუკეთებიათ წინამორბედებს, საიათნოვას შარავანდედის წინაშე არარად მოსჩანს.“ ლეგენდის თანახმად, საიათნოვა რომ ერთს შემოსძახებდა, ჰაერში ბულბული ქვავდებოდა, რათა ყური მიეგდო და შეეთვისებინა მგოსნის სიმღერა. სიტყვა „აშუღი“ არაბული წარმოშობისაა (აშიყი, აშიკი) და მიჯნურს, მოტრფიალეს ანუ სიყვარულის მგოსანი იყო საიათნოვა, მაგრამ იმავდროულად, მეფე ერეკლეს ავანგარდული ლაშქრის მებრძოლიც გახლდათ დ იქ, სადაც საქართველოს ბედი და უბედობა წყდებოდა საზანდარის დაკვრით მიუძღოდა რაზმს და ქართველ მეომრებს უმძიმეს წუთებში, გამარჯვების იმედს უღვივებდა. საიათნოვას ცხოვრების შესახებ ძალიან მცირე მასალა არსებობს. დანამდვილებით დაბადებისა და გარდაცვალების წლებიც კი არ ვიცით. ზოგიერთ ავტობიოგრაფიულ ცნობას ისევ მის ლექსებსა თუ მათ მინაწერებში ვხვდებით. აშუღის გვარიც უცნობია, საიათნოვა, აშუღური ტრადიციისამებრ, შერჩეული ფსევდონიმია, სახელად კი არუთინა რქმევია. „საქართველოს მეფის საზანდარი ვარ! საიათნოვას, არუთინას იტყვიან“. ყოფილა თბილისელი. „ჩემი სამშობლო თბილისია, მხარე ქართლისა, დედა ავლაბრელი მყავს, მამა კი ალეპოელი“, - გვამცნობს ერთ აზერბაიჯანულ ლექსში. სხვაგან კი ამბობს: „მე მიღდისას შვილი ვარ“. მიღდისას უწოდებდნენ მას, ვინც იერუსალიმს ყოფილა და მაცხოვრის საფლავზე ულოცნია. ხელმოკლეობის გამო განათლება ვერ მიუღია. თხზავდა და მღეროდა სამ ენაზე - ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად. სომხურ და აზერბაიჯანულ ლექსებს ქართული ასოებით წერდა. ქართულს, სომხურთან ერთად, მშობლიურ ენად თვლიდა. ხელოვანი გახლდათ, თუმცა მისი ძირითადი პროფესია აშუღობა იყო. თავად მთხზველი, თავადვე დამკვრელი, თავადვე მღერალი და ჰანგისაც თავად შემწყობელი. ჯერ თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ - თელავში. დაახლოებით 1762-65 წლებში ერეკლე მეორის სამეფო კარის საზანდარი იყო, სადაც დიდი აშუღური სახელისთვის მიუღწევია და მეფის პატივისცემა დაუმსახურებია. მაგრამ, მალე, უცნობი მიზეზის გამო, პატარა კახი აშუღს შემომწყრალა და სასახლიდან დაუთხოვია. თურმე საიათნოვა ძალიან განიცდიდა მეფის კარიდან გაძევებას და სამართალს ეძებდა. შემდგომში საიათნოვა საინგილოში, კახში, მღვდლად გაუმწესებიათ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ბერად აღკვეცილა ახპატის მონასტერში, თუმცა, დროდადრო, კვლავ გამოჩნდებოდა თბილისში და აშუღთა პაექრობაშიც მონაწილეობდა. ცხადია, გამარჯვებული ყოველთვის იგი გამოდიოდა და მოწინააღმდეგის მუსიკალური საკრავი, ტრადიციისამებრ, მისი კუთვნილება ხდებოდა. ლეგენდის თანახმად, საიათნოვა 1795 წლის სექტემბერში დაიღუპა, აღა-მაჰმად-ხანს თბილისი აუღია, ის თურმე ეკლესიაში ლოცულობდა. გაუგია თუ არა მტრის მოახლოება, ჯვარი აუღია და, ეკლესიის კარიბჭესთან მდგარს, ორსტროფიანი ლექსი უთქვამს: „არ ვუღალატებ ჩემსა იესოს, არ დავუტევებ ტაძარსა წმინდას!“ ეს აშუღის უკანასკნელი სიტყვები ყოფილა ...საიათნოვა თათრის მოედნის თავზე წამომართულ ციხის ეკლესიად წოდებულ სურფგეორქის ტაძრის ეზოში დაუკრძალავთ და დღეს ეკლესიის კედელში ჩასმულ შავი მარმარილოს დაფაზე ოქროს ასოებით აშუღის სამი სტრიქონია ამოკვეთილი: „ჩემი წყარო სხვა წყაროა, ყველას არ ძალუძს მისი დალევა“. „ჩემი სიმღერა სხვა სიმღერაა, ყველა ვერ მიხვდება, ყველა ვერ გაიგებს.“ „ჩემი საძირკველი ქვიშაზედა აგებული კი არ გეგონოთ! - ჩემი საძირკველი აგებულია ქარაფოვან კლდეზედ ნაჭედი დუღაბითა და ქვითკირით.“ საიათნოვას პოეზია, ძირითადად, სატრფიალო თემას დასტრიალებს, მაგრამ აქვს სახოტბო, დიდაქტიკურ-მორალისტური, სატირული და სასულიერო ლექსებიც. საიათნოვამ კარგად იცოდა თავისი, როგორც ოსტატის და მოლექსე-გამომთქმელ-შემსრულებლის ფასი და ამიტომ უთქვამს თელავში მავანი მოპაქერისთვის: „მას ნუ იტყვი - საზანდარი ვინა ვარ! აბან-ბანი ვიცი, სიტყვით წინა ვარ, საიათნოვა მქვიან, არუთინა ვარ, სიტყვას ვიტყვი, ცამ ქუხილი დაიწყოს!“ საიათნოვას დიდად აფასებდნენ სხვადასხვა დროის ქართველი მოღვაწენი და პოეტები. მისი შემქმედების პირველი შემსწავლელი თეიმურაზ პატონიშვილი წერდა: „თუმცა ლიტონი სტიხებია მდაბიურს გარზედ, მაგრამ დიდიად მოსაწონი.“ ცნობილი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის აზრით, საიათნოვა იყო „ცნობილი გვარი, გამოჩენილი მელექსე“. პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი კი აშუღზე ბრძანებს: „ერეკლე მეფის დროს, ბესიკის გარდა, სასიმღერო ლექსებით სახელი გაითქვა ერთმა ღარიბმა სომეხმა, ხელობით ფეიქარმა სავათნოვამ“. მსგვასი შეფასებების მოხმობა დაუსრულებლად შეძლება... გასაკვირი სულად არ არის, რომ შემდგომში საიათნოვას უამარავი მიმდევარ-მიმბაძველი გამოუჩნდა: გივიშვილი, სკანდაროვა, ჰაზირა, შემდეგ: განჯისკარელი, ბეჩარა და სხვანი. მაგრამ მათგან ყველაზე პოპულარული ობოლი ქართველი - იეთიმ გურჯი გახდა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი