![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
მშვიდობა, წმ. წერილის განყოფილებაში აქამდე არ ყოფილა ცალკე თემა მიძღვნილი ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებისადმი. ამ მეცნიერებას (ანუ ბიბლიის შემსწავლელ მეცნიერებას) ეწოდება "ბიბლეისტიკა". ფორუმზე, წმ. წერილის განყოფილებაში, სხვადასხვა ავტორების მიერ იხსნებოდა ცალ-ცალკე სხვადასხვა თემები, სხვადასხვა საკითხებზე, მათგან უმრავლესი ძალიან მცირე ინფორმაციის გასაგებად... ამის გამო იხსნებოდა მრავალი თემები, რაც უკვე აღვნიშნე, და განყოფილების გვერდებიც ნელ-ნელა იზრდებოდა. მემგონი საჭიროა, რომ განსაკუთრებულად არსებობდეს ერთი თემა ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებზე სასაუბროდ. ახლა კი ამ თემაში იყოს ასეთი ხასიათის კითხვები, პასუხები, ძიებანი, გამოხმაურებები და ა.შ
თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის (იმის გამო, რომ "ბიბლეისტიკა" ძალიან ფართო მეცნიერებაა) და ამ საგან "წმინდა წერილის" განყოფილებაში ქვე-განყოფილებას მიუძღვნის, სახელით "ბიბლეისტიკა", კარგი და მოწესრიგებული, ალბათ, ყველასათვის სასურველი იქნება. ციტატა თავიდანვე ვაცხადებთ, რომ: ეკლესია არ ეფუძნება ბიბლიას (ყველა სექტისაგნ განსხვავებით). უფრო მეტიც, ბიბლია არის ეკლესიის პროდუქტი, ნაყოფი (ასევე ყველა სექტისაგნ განსხვავებით; ეკლესიაში ვგულისხმობთ იმ ეკლესიას, რომელიც თავად მაცხოვარმა დაარსა და რომელმაც დააკანონა, მოიტანა ჩვენამდე ”ბიბლია”). ახლა კი პირდაპირ საკითხზე გადავალ და პირველად მე თვითონ შემოგთავაზებთ უცხოელი ავტორის, რიჩარდ დიმის მცირე ნაშრომის თარგმანს. შესავალი ბევრ სკეპტიკოსს სჯერა, რომ ბიბლია საუკუნეების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. სინამდვილეში, ბიბლია ითარგმნა სხვადასხვა ენებზე (ბერძნულად, ლათინურად, გერმანულად, შემდეგ ინგლისურად და სხვა ენებზე, იხ. ბიბლიის ისტორია). თუმცა, უძველესი ხელნაწერები (ებრაული, არამეული და ბერძნული) სავსებით სანდოდ გადაიწერებოდა საუკუნეთა განმავლობაში - ძალიან მცირე, უმნიშვნელო ცვლილებებით. ძველი აღთქმა საიდან ვიცით, რომ ბიბლია 2000 წლის მანძილზე უცვლელად ინახებოდა და გადაიწერებოდა? მკვდარი ზღვის გრაგნილების აღმოჩენამდე, ძვ. აღთქმის უძველესი ებრაული ხელნაწერი იყო მაზორეტული ტექსტი, ახ. წ. 800 წლით დათარიღებული. მკვდარი ზღვის გრაგნილები თარიღდება უფლის, იესო ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდით, იგი გადაიწერა ყუმრანის მოსახლეობის (თემის) მიერ, მკვდარი ზღვის გარშემო არსებული ებრაულ სექტის მიმდევრების მიერ. ჩვენ ასევე გვაქვს სამოცდაათთა ბერძნული თარგმანი (სეპტუაგინტა) ძვ. აღთქმისა, რომელიც ქრისტეს შობამდე III-II (270 წ.) საუკუნით თარიღდება. როდესაც ამ ტექსტებს შევადარებთ, რომელთა შორისაც 800-1000 წლიანი უფსკრულია, გაოცებულნი დავრჩებით, რადგან ორივე ტექსტი 95% იდენტურია, მათში მხოლოდ მცირე ვარიაციები და რამდენიმე შეუსაბამობაა. ახალი აღთქმა არსებობს ათი ათასობით ხელნაწერი ახალი აღთქმისა, რომლებიც, მთლიანად თუ ნაწილობრივ, თარიღდებიან ახ. წ. II საუკუნიდან XV საუკუნემდე, როდესაც საბეჭდი მანქანა გამოიგონეს. ეს ხელნაწერები აღმოჩენილია ეგვიპტეში, პალესტინაში, სირიაში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, და ყოველგვარი "პირის შეკვრა" საეჭვოა, ნაკლებად დასაჯერებელია. ყველაზე ძველი ხელნაწერი, ჯონ რილენდისად წოდებული, დათარიღებულია ახ. წ. 125 წლით. იგი ნაპოვნი იქნა ეგვიპტეში, ანუ მცირე აზიიდან (სადაც ახალი აღთქმა თავდაპირველად შეიქმნა) მცირე მანძილის დაშორებით. არაერთი უძველესი ქრისტიანული პაპირუსი აღმოაჩინეს 1935 წელს, 150 წლით დათარიღებული, ოთხთავის (ანუ ოთხი სახარების) შემცველი. ბოდმერის (ბოდმერის ბიბლიოთეკა, შვეიცარია) II პაპირუსი აღმოაჩინეს 1956 წელს, თარიღდება ახ. წ. 200 წლით და მოიცავს იოანეს სახარების 14 თავსა და ბოლო შვიდი თავის ნაწილებს. ჩესტერ ბითის ბიბლიური პაპირუსი აღმოაჩინეს 1931 წელს, თარიღდება ახ. წ. 200-250 წლით და მოიცავს ოთხთავს, მოციქულთა საქმეებს, წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლეებს და გამოცხადებას. წმ. წერილის ხელნაწერთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე უძველესი საისტორიო მწერლობის ძეგლებისა, მაგ. როგორიცაა კეისარის "გალური ომები" (10 ბერძნული ხელნაწერი, უძველესი ხელნაწერი 950 წლითაა დაშორებული დედანს), ტაციტუსის "ანალები" (ორი ხელნაწერი, მათ შორის უძველესი 950 წლითაა დაშორებული დედნისაგან), ტიტუს ლივიუსი (20 ხელნაწერი, მათგან უძველესი 350 წლითაა დაშორებული დედანს, და პლატონი (7 ხელნაწერი). ![]() ათასობით ადრეული ქრისტიანული ნაწერები და ლექციონარები (პირველი და მეორე საუკუნისა) ციტირებენ ახალი აღთქმის წიგნებიდან მუხლებს. ფაქტობრივად, ეს მთელი ახალი აღთქმაა ადრეულ ქრისტიანულ მწერლობაში. მაგალითისათვის, წმ. კლიმენტის ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ (თარიღდება ახ. წ. 95 წლით) ციტირებულია მუხლები ოთხთავიდან, მოციქულთა საქმეებიდან, პავლე მოციქულის ეპისტოლედან - რომაელთა მიმართ, კორინთელთა მიმართ I ეპისტოლედან, ეფესელთა მიმართ ეპისტოლედან, ტიტეს მიმართ ეპისტოლედან, ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან და წმ. პეტრე მოციქულის I კათოლიკე ეპისტოლედან. ეგნატეწ (ეგნატე ღმერთშემოსილი) წერილებში (თარიღდება ახ. წ. 115 წლით.), რომელიც მცირე აზიის რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიის მიმართ დაიწერა, ციტირებულია მუხლები მათესა და იოანეს სახარებიდან, რომაელთა, კორინთელთა I და II ეპისტოლეებიდან, გალატელთა და ეფესელთა ეპისტოლედან, ფილიპელთა მიმართ, ტიტესა და ტიმოთეს მიმართ I და II ეპისტოლეებიდან. ეს წერილები იმაზე მიუთითებს, რომ მთელი ახალი აღთქმა დაიწერა ახ. წ. პირველ საუკუნეში. ამის გარდა, გვაქვს შიდა ტექსტობრივი მტკიცებულებანი ახალი აღთქმის დაწერის პირველი საუკუნით დათარიღებისათვის. მოციქულთა საქმეები მთავრდება მოულოდნელად, უეცრად, პავლე მოციქულის პატიმრობაში, რომელიც სასამართლო პროცესს ელოდება (მოციქულთა საქმენი 28:30-31). შესაძლებელია, რომ წმ. ლუკა "მოციულთა საქმეები" იმ დროის განმავლობაში დაწერა, სანამ პავლე მოციქული უკანასკნელად წარსდგებოდა ნერონის წინაშე; ეს იყო დაახლოებით 62-63 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ "საქმეთა" წიგნი და "სახარება ლუკას თავისა" (ლუკას სახარება) დაიწერა იესო ქრისტეს მოღვაწეობის, სიკვდილისა და აღდგომიდან ოცდაათი წლის განმავლობაში. სხვა, შიდა ტექსტობრივი მტკიცებულება ისაა, რომ ტექსტში არ არის ნახსენები იერუსალიმის დაქცევა, რომელიც 70 წელს აღსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ წმ. მათემ, მარკოზმა და ლუკამ ჩაწერეს იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება ტაძრისა და ქალაქის დაქცევაზე, რომელიც იმ თაობის ხალხზე მოიწეოდა (მთ. 24:1-2; მკ. 13:1-2; ლკ. 21:5-9, 20-24, 32), ახალი აღთმის წიგნები არ ეხებიან ამ მოვლენას, როგორც აღსრულებულს. თუ წიგნები 70 წლის შემდეგ დაიწერა, მეტი ალბათობაა, რომ ნაწერებში მოხსენიებული იქნებოდა იესო ქრისტეს წინასწარმეტყველების აღსრულება. როგორც ნელსონ გლუკმა, ცინცინატის ებრაელთა კავშირში არსებული იუდაისტური სასულიერო სემინარიის ყოფილმა პრეზიდენტმა და ცნობილმა ებრაელმა არქეოლოგმა განაცხადა: "ჩემი აზრით, ახალი აღთქმის ყველა წიგნი პირველი საუკუნის 40 - 80-იან წლებში დაიწერა". დასკვნა ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხელნაწერულ მტკიცებულებებში მასობრივი შეუსაბამობებია - სინამდვილეში კი პირიქითაა. ახალი აღთქმის სხვადასხვა ხელნაწერეთა ტექსტი ერთმანეთთან 99.5% თანხმობაში არიან. შეცდომების უმრავლესობა ორთოგრაფიული და სინტაქსურია. რამდენიმე სიტყვა ან შეცვლილია ან დამატებული. არის ორი მუხლი, რომლებიც საკამათოა, მაგრამ არაა არანაირი დოგმატური მნიშვნელობის უთანხმოება და სხვაობა. თუკი რაღაც სადავოს, შეუსაბამობას ვაწყდებით, ამისთვის ბიბლიის უმრავლეს გამოცემას სქოლიოს სახით დართული აქვს შენიშვნები და კომენტარები. როგორ შეიძლება ასეთი, ზედმიწევნითი სიზუსტე დაცული იყოს გადაწერის 1,400 წლიან პერიოდში? ორი მიზეზის გამო:
|
![]() ![]() |
azazeli |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 24-August 13 წევრი № 13,307 ![]() |
წინასწარმეტყველი ელისე –ღირსეული მემკვიდრე ელია წინასწარმეტყველისა.
ელისე წინასწარმეტყველი, ისევე როგორც ელია თეზბიტელი, განსაკუთრებული, გამორჩეული წინასწარმეტყველი გახლავთ ძველი აღთქმისა. იგი დაიბადა ქალაქ აბელ – მექოლაში. მისი მოღვაწეობა განსაკუთრებული გახლავთ, თუნდაც იმ ნიშნითაც , რომ მისი სამოღვაწეო ასპარესზე გამოსვლით საფუძველი ეყრება იმ საწინასწარმეტყველო გუნდის გამოცოცხლებას რომელიც ისრაელში სულს ღაფავს. ელისე თავის სამოღვაწეო სარბიელზე გამოდის მაშინ როდესაც ელია ცად მაღლდება. თუმცაღა საინტერესო გახლავთ ის დიალოგი რომელიც ელიას ცად აყვანებას უძღვის წინ. ჰრქუა ელიამ ელისეს: ითხოვე რაჲ ჩემგან, ვიდრე არღა ამაღლებულ ვარ მე შენგან. ელიას ამ თხოვნით შეიძლება დავასკვნათ, რომ ელისეს მასთან მოუცილებელი სიახლოვის მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ თავის მასწავლებელთან განშორების წინ გამოეთხოვა და მიეღო მისგან გარკვეული მადლი. და ჰრქუა ელისემ ელიას: იყავნ მრჩობლი სული შენი ჩემ ზედა! ეს თხოვნა ელიასთვისაც უჩვეულო და მოულოდნელი იყო რადგან ელიამ რქვა: ,, ფიცხლად ითხოვე’’ ელისემ ითხოვა არა ის სული ელიასი, რომელიც მისი პირადი ღირსებებისა და ზნეობრივი დამსახურებებისაგან გამოიწრთო, არამედ ელისე ითხოვდა წინასწარმეტყველებისა და სასწაულმოქმედებების სულს, რაც თავისი დიდებულების გამო, მაინც არის გარეშე მადლი,ღვთისგან რომ ეძლევათ. ელისე სთხოვდა ელიას ორმაგ სულს სასწაულმოქმედებისა და წინასწარმეტყველებისა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ტრფიალება დიდებისა ან სურვილი თავის მასწავლებელზე გარდამეტებისა, – ასეთი იაფი გრძნობები უცხო იყო ღვთის წინასწარმეტყველისთვის. პირიქით, ელისე ანთებული იყო უფლის დიდების სიყვარულით, თავისი სისუსტენის შეცნობით, რომელთა დასაძლევადაც, როგორც ალბათ იგი ფიქრობდა , საჭირო იყო ორმაგი წინასწარმეტყველური და სასწაულებრივი მადლი, რათა წარმატებით ემოქმედა არაწმინდა და გადაგვარებულ ისრაელის სამეფოში, სადაც თვით ელიას დიდ მოშურნეობასაც ხვდებოდა წინააღმდეგობა და უნდობლობა. უკუეთუ მიხილო ამაღლებული შენგან, იყავნ ეგრე, უკუეთუ არა, ნუ იყოფინ! ამით ელიას რასაკვირველია არ სურდა გაეძნელებინა ელისესთვის თხოვნის აღსრულება და არც იმას ფიქრობდა იგი რომ მისი სათხოვრის წარმატებულობა დამოკიდებული იყო ამ ერთ შემთხვევაზე, არამედ პირიქით, იგი მთელ ამ საქმეს მიანდობს მხოლოდ ღვთის ყოვლადბრძნულ ნებას. როდესაც მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ ჩადგა შორის მათსა ცეცხლოვანი ეტლი, ცეცხლის ცხენებით და განაშორა ორნი ერთმანეთს. ხოლო ელისე ხედვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: მამავ, მამავ, ისრაელის ეტლო და მხედრობავ. აიღო მოსასხამი ელიას რომ დაუვარდა დაარტყა წყალს და თქვა: სადა არს უფალი ელიას ღმერთი? დაარტყა და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა. ხელი ჩაავლო სამოსელს და ორად გახია. ელისემ იერიქონში სასწაული მოახდინა: წყალი, რომელიც უნაყოფობასა და სიკვდილს იწვევდა, მარილით გააუვნებლა. იერიქონიდან ელისე ბეთილში გაემგზავრა. აღმართს რომ შეუყვა, პატარა ბიჭები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და მისძახოდნენ: წადი, ქაჩალო! წადი, ქაჩალო! უკან მოხედა, დაინახა ისინი და უფლის სახელით შეაჩვენა. გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაგლიჯეს მათგან ორმოცდაორი ბავშვი. იქიდან ქარმელის მთისკენ წავიდა და კვლავ სამარიაში დაბრუნდა. მეტად მძიმეა მკითხველისთვის ის ამბავი, რომელიც გადმოცემულია IV მეფ. II თ. 23–25. მაგრამ, აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადრება თუ ვინები იყვნენ ეს ბავშვები, რას გულისხმობდა მათი შეძახილები და რატომ დაუშვა მათი დასჯა ღმერთმა. ბერძნულ ტექსტში, ქაჩალო, ქაჩალო, თარგმნილია როგორც მტერო. ,,აღვედ მტერ, აღვედ მტერ’’ ლევიანნი მღვდლები. აქედან გამომდინარე ეს ყრბები, (მოზრდილი ბავშვები) ელისეს დაცინოდნენ და მასხრად იგდებდნენ: რისი ვარგისი ხარ, ხომ ხედავ შენ ღმერთმა ფიზიკურადაც არ გამოგარჩიაო. ეს ყრმები პოტენციურად იყვნენ მომავალი ბაალის მსახურის ქურუმები. როდესაც ისრაელის მეფე იორამი, იუდეველთა მეფე იოსაფატი და ედომელთა მეფე მოაბელთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეიკრიბნენ, წინასწარმეტყველი ელისეც მოკავშირეთა ჯართან ერთად იყო. უდაბნოში მგზავრობის სიმძიმისა და უწყლობის გამო ჯარი მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. წინასწარმეტყველმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა - ჯარი და საქონელი მიწიდან სასწაულებრივად აღმოცენებული წყლით მოამარაგა. ელისეს მიერ მოხდენილ სასწაულთა შორის აღსანიშნავია აგრეთვე ქვრივისათვის ზეთის სასწაულებრივი გამრავლება. ელისეს რჩევით ქვრივმა, რომელსაც მევალეები აწუხებდნენ და ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში შვილების მონებად გაყიდვით ემუქრებოდნენ, მეზობლებისგან ნათხოვარი ცარიელი ჭურჭელი თავისი ზეთიანი ჭურჭლიდან შეავსო. ამ გზით გამრავლებული ზეთი იმდენი აღმოჩნდა, რომ ქვრივმა ვალებიც გაისტუმრა და შვილებიც გამოკვება. ამ მოვლენის შემდეგ წინასწარმეტყველი ისაქარის ტომის ქალაქ სომანში გადავიდა, სადაც იგი ერთმა კეთილმორწმუნე დედაკაცმა ისტუმრა სახლში. დედაკაცმა ელისეს თავის სახლში ოთახი გამოუყო, რომლითაც მას სურვილისამებრ შეეძლო ესარგებლა. ელისეს მასპინძლები უშვილონი იყვნენ, რაც ებრაელთა შორის ღვთისგან მოვლინებულ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ, დედაკაცსა და მის მეუღლეს შვილი შეეძინათ. ერთხელ, მკის დროს ყრმა მამასთან წავიდა მინდორში და უეცრად თავის ტკივილი იგრძნო. როდესაც იგი დედასთან მიიყვანეს, მშობლის კალთაში გარდაიცვალა. დედაკაცი თვითონ წავიდა წინასწარმეტყველთან კარმილის მთაზე. ელისემ იგი შორიდანვე დაინახა, თავის მსახურ გეზს მიეგება და მოკითხვა უბრძანა: „მშვიდობა არს შენდა და მშვიდობა არს ქმრისა შენისა, გინა მშვიდობით არსა ყრმა იგი?“ (IV მეფ. 4,26). ელისეს ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ წინასწარმეტყველები ყველაფერს კი არ ჭვრეტდნენ, არამედ მხოლოდ იმას, რასაც მათ სულიწმიდა უცხადებდა. წინასწარმეტყველი დედაკაცს გაჰყვა და მისი მხურვალე ლოცვის შემდეგ ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა. ეს იყო მდინარე იორდანესთან ახლოს მდებარე სოფელი, სადაც იგი ძალიან ხშირად ჩერდებოდა. აქ ხშირად მოდიოდნენ წინასწარმეტყველის მოწაფეები. ისინი თავს იყრიდნენ ხოლმე ელისესთან, მისგან სწავლა-დარიგებების მოსასმენად. ერთ-ერთი ასეთი თავშეყრის დროს, როდესაც გალგადში შიმშილობა იყო, წინასწარმეტყველმა მსახურს ხილის შეჭამადის მომზადება დაავალა. მოსამსახურე მინდორში გავიდა, იქ გარეული ყურძენი მოაგროვა და ქვაბში ჩაყარა. როდესაც მოწაფეებმა ამ ნაყოფებისგან მომზადებული საჭმელი გასინჯეს, შეამჩნიეს, რომ ქვაბში საწამლავი იყო და შიშისგან დაიყვირეს: „სიკვდილი არს, კაცო ღმრთისაო, ქვაბსა მაგას“ (4 მეფ. 4,40). ელისეს ბრძანებით ქვაბში ფქვილი ჩაყარეს და არავინ მოწამლულა. ამ დროს მიეკუთვნება, აგრეთვე, ელისეს მიერ ოცი პურით ასი კაცის დაპურება. ელისემ სასწაულებრივ განკურნა კეთრისგან ასურეთის მეფის მხედართმთავარი ნემანიც. ყველა საშუალება, რომელსაც მხედართმთავარმა ამ სენისგან განსაკურნებლად მიმართა, უშედეგო აღმოჩნდა. ბოლოს, მას ერთმა მოსამსახურემ - ტყვე ისრაელელმა ქალიშვილმა სამარიაში წასვლა ურჩია. ნემანმა მეფეს სთხოვა, მიეცა ისრაელში წასვლის უფლება. მეფე დათანხმდა, თან ისრაელის მეფესთან წერილიც გაატანა და თავისი მხედართმთავრის განკურნებას ითხოვდა. ასეთი უცნაური თხოვნა ისრაელის მეფემ, რომელსაც მკურნალობის ნიჭი არ ჰქონდა, ომის საბაბად მიიჩნია. მან ტანსაცმელი შემოიხია, რაც ებრაელთა შორის გლოვის გარეგნულ გამოხატულებად ითვლება, და თქვა: „ღმერთი ნუ ვარა მეა, ვითარცა მოვაკვდინე და ვაცხოვნე?. უწყოდეთ და გულისხმაჰყავთ, რამეთუ მიზეზობს რასმე“ (IV მეფეთა, 5,7). როდესაც ამის შესახებ ელისემ გაიგო, მან ნემანის მოყვანა ბრძანა. მხედართმთავარი ეტლებით მიადგა წინასწარმეტყველის სახლს. ელისემ მსახურის პირით შეუთვალა: „მივედ, იბანე იორდანესა შვიდგზის და მოიქცეს ფერი შენი შენდა და განსწმნდე“ (4 მეფ. 5,10). წინასწარმეტყველის ასეთმა დამოკიდებულებამ და მკურნალობის სიმარტივემ ასურელი დიდებული განარისხა და უკან დაბრუნება გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, მსახურების რჩევით, მან მაინც შეასრულა ელისეს ნათქვამი იორდანეში შვიდგზის განიბანა და განიკურნა. სასწაულით გაოცებულმა ნემანმა წინასწარმეტყველს საჩუქრები შესთავაზა, მაგრამ ელისემ არაფერი მიიღო. სამაგიეროდ, გეზმა ისარგებლა მისი სახელით და ნემანს ორი ტალანტი ვერცხლი და ორი ბრწყინვალე სამოსელი გამოსთხოვა, რისთვისაც სასტიკად დაისაჯა - ნემანის კეთრი მასზე გადავიდა. როდესაც ასურელებსა და ისრაელელებს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს მოწინააღმდეგეთა მზაკვრული გეგმების შესახებ აწვდიდა ცნობებს. განრისხებულმა ასურეთის მეფემ ელისეს შესაპყრობად მთელი ლაშქარი გაგზავნა. ზეციური მხედრობა, რომელიც ცეცხლოვანი ეტლებითა და ცხენებით წინასწარმეტყველის გასამხნევებლად იყო გამოგზავნილი, მისმა ერთ-ერთმა მოწაფემაც იხილა. აქ ელისემ კიდევ ერთი სასწაული მოახდინა. მის შესაპყრობად გამოგზავნილი მეომრები უეცრად დაბრმავდნენ, თუმცა სამარიაში, ისრაელის მეფესთან ჩაყვანის შემდეგ ელისემ ლოცვით ისევ აუხილა მათ თვალები და თავიანთ მეფესთან დააბრუნა. ამის შემდეგ მეფე ბენ-ჰადადმა ალყაში მოაქცია სამარია და ქალაქი შიმშილობის უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანა. მეფე იორამმა მიზეზი ელისეში დაინახა და წინასწარმეტყველის შესაპყრობად მეომრები გაგზავნა, ხოლო შემდეგ თვითონაც მივიდა მასთან. ელისემ მეფეს, ღვთის სახელით, მეორე დღისთვის შიმშილობის შეწყვეტა აღუთქვა. მართლაც, იმავე დღეს მოულოდნელი შიშით ზარდაცემულმა მოწინააღმდეგემ ალყა მოხსნა და უკუიქცა, ხოლო მეფის დიდებული, რომელმაც არ ირწმუნა ელისესი, წინასწარმეტყველის სიტყვებისამებრ: „აჰა, იხილო თუალითა შენითა და მისგან შენ არა სჭამო“ (IV მეფეთა, 7,2), ხალხის მიერ იქნა გადაქელილი ქალაქის კარიბჭესთან. სომანიტელ დედაკაცს, რომელსაც შვილი მკვდრეთით აღუდგინა, ელისემ მოსალოდნელი შიმშილობის შესახებ უწინასწარმეტყველა და ურჩია მას, ამ ხნის განმავლობაში ფილისტიმელთა ქვეყნისათვის შეეფარებინა თავი. მეზობელ ქვეყანაში დროებით გადასახლებას სომანელი დედაკაცის სახლისა და მიწების სხვა მეპატრონის საკუთრებაში გადაცემა მოჰყვა შედეგად. ქალი იძულებული გახდა, მეფესთან წასულიყო საჩივლელად. ამ დროს მეფეს წინასწარმეტყველის სასწაულების შესახებ ესაუბრებოდნენ. მეფე იორამმა, ეჭვგარეშეა, ამ საუბრით გულმოლბობილმა, დედაკაცის საუბარი გულისყურით მოისმინა და სათხოვარი შეუსრულა. ამ დროს ასურეთის მეფე ბენ-ჰაიდი მძიმე სენით დაავადდა. როგორც კი მეფემ წინასწარმეტყველის ჩამოსვლის შესახებ შეიტყო, მაშინვე გაგზავნა მასთან აზაილი. ელისემ აზაილს მოკლე ხანში მეფის გარდაცვალება და მისი გამეფება უწინასწარმეტყველა, მაგრამ ამის თქმა ბენ-ჰაიდისთვის აუკრძალა. წინასწარმეტყველი ელისე ღრმა მოხუცებულობაში, დაახლოებით ასი წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი საფლავი ნეტარი იერონიმეს აზრით, სამარიის მახლობლად მდებარეობდა. სასწაულები, რომლებსაც წინასწარმეტყველი ახდენდა, მხოლოდ მისი ამქვეყნიური ცხოვრებით როდი შემოიფარგლებოდა. გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ელისეს საფლავის ახლოს მიცვალებულს მიასვენებდნენ. ამ დროს მოაბელთა რაზმი გამოჩნდა. ხალხი შეშინდა და მიცვალებული უახლოეს გამოქვაბულში დაასვენა, სწორედ იმ გამოქვაბულში, სადაც წინასწარმეტყველი იყო დაკრძალული. ელისეს ძვლებთან შეხებით მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. უფალმა ამ სასწაულით გარდაცვალების შემდეგაც ადიდა თავისი ერთგული მსახური. http://prozeliti.wordpress.com/2014/06/13/...83%A1%E1%83%94/ თბილისის სასულიერო სემინარია მეორე კურსი ღვთისმეტყველების ფაკულტეტი. სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი