თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
marine |
Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც
აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ. "...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა. იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“). ...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“ თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“ P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით? თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში: ტროპარი, ხმა 4. წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 2 2015, 02:26 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თამარ მეფის გარდაცვალების საიდუმლოება"
საიტი rubrica.ge აქვეყნებს, თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ისტორიკოსის, ჯაბა სამუშიას წერილს, სათაურით "თამარ მეფის გარდაცვალების საიდუმლოება", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში ერთი სტატია წავიკითხე, რომელიც თამარ მეფის გარდაცვალების საიდუმლოს ეხებოდა. ავტორი ქართველთა სახელოვანი მეფის სიკვდილის მიზეზად სიმსივნურ დაავადებას მიიჩნევდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხზე ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ვმუშაობდი, გადავწყვიტე, მკითხველს გავაცნო ჩემი ახალგაზრდობის პერიოდის ერთ-ერთი ნაშრომის მოკლე ვარიანტი. 1206 წლის ზაფხული იდგა. თამარი თავისი ამალით ნაჭარმაგევს ისვენებდა. იყო მხიარულება, განცხრომა, მაგრამ გარშემო მყოფნი თვალნათლივ ამჩნევდნენ, რომ მეფე შეუძლოდ იყო. დღითიდღე უძლურდებოდა თამარი, დიდხანს სიარულიც უჭირდა, ტანზეც შესამჩნევად დაიკლო. უკვე ნათელი იყო, რომ მეფე რაღაც სენით იყო დაავადებული. ბოლოს და ბოლოს, ეს თავად თამარმაც აღიარა. საუკეთესო მკურნალები მოუყვანეს მეფეს, მაგრამ ამაოდ, სენი თანდათან უფრო და უფრო ძლიერდებოდა. იქნებ ნაჭარმაგევის ჰავამ აწყინაო და თამარი სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს. ქალაქის სანახებში, დასოდ წოდებულ ადგილას გაიყვანეს ავადმყოფი. აქ მეფეთა დასასვენებელი იყო ოდითგანვე და იფიქრეს, იქნებ აქაურმა კლიმატმა არგოსო. მაგრამ არც ამ ღონისძიებამ გამოიღო შედეგი. ამასობაში ზამთარიც დადგა, მეფე თავის სასახლეში, აგარის ციხეში აიყვანეს. თამარს მოძრაობის უნარი უკვე დაკარგული ჰქონდა და ამიტომ, ტახტრევანით დაჰყავდათ. მთელმა საქართველომ შეიტყო მეფის ავადმყოფობის ამბავი. ხალხი ეკლესიებში ღამისთევით ლოცულობდა, ღმერთს შესთხოვდა თამარის კეთილდღეობას. მკურნალები კი ყველაფერს აკეთებდნენ მეფის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ... 1207 წლის 27 იანვარს ქართველთა სახელოვანი მეფე გარდაიცვალა. რა ავადმყოფობით გარდაიცვალა თამარ მეფე? ეს კითხვა დიდი ხანია, ელოდება პასუხს. მართლაც, საინტერესოა გარკვევა იმისა, რა სენი სჭირდა ქართველთა სათაყვანებელ მეფე-ქალს. თამარის ავადმყოფობისა და სიკვდილის შესახებ საკმაოდ საინტერესო მასალაა დაცული ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულებაში „ცხოვრება მეფეთა-მეფისა თამარისა“. მემატიანის მონათხრობის მიხედვით, დაავადების კრიზისულ პერიოდში თამარის ავადმყოფობა შემდეგი სიმპტომებით ხასიათდებოდა: ჯერ კიდევ ნაჭარმაგევში ყოფნის ჟამს მეფეს უკვე სერიოზულად უჭირდა სიარული, ცხენზე ჯდომა. ამიტომაც, ნაჭარმაგევიდან თბილისში თამარი ტახტრევნით წამოიყვანეს („წარიყვანეს კუბოთავე“). სენის გართულებას სხეულის საერთო მოდუნება-სისუსტე გამოუწვევია. დაავადება დღითი დღე პროგრესირდებოდა. ამის შედეგად თამარი სახეზე გაილახა. როგორც მემატიანე მიანიშნებს: „ღაწვთა მათ ვარდოვანთა იწყეს დაჭნობადა“. აქ უთუოდ სახის კანის დაჭკნობა (მობერება) უნდა იგულისხმებოდეს, რაც სიგამხდრეს უნდა გამოეწვია. მხოლოდ ქართველი მემატიანის მინიშნება, რომ თამარის ღაწვები წინათ ვარდისფერნი ყოფილან, არაპირდაპირად მიუთითებს იმაზე, რომ ავადმყოფობის დროს „ღაწვთა მათ ვარდოვანთა“ ფერმკრთალობა შეჰპარვია. თამარს სენის გაძლიერებასთან ერთად თვალის სინათლეც დაჰკლებია. „თვალთა მათ ტბაებრ მზისთა, – დასძენს მემატიანე, – შემცხრომელთა სიმრუმედ მიმართესო“. „ხელთა მათ მსახურებისაგან გლახაკთასა არაოდეს დაცხრომილთა იწყეს მიუძლურებად და ფერხთა მათ, მარადის ღმრთისთვის მაშვრალთა, იწყეს შედრეკად“. ამ კონტექსტში ჩამოთვლილია ის სიმპტომები, რომელიც სხეულის საერთო დასუსტებას გამოუწვევია, როგორიცაა, მაგალითად: ღონის დაკარგვა, ან არადა სიარულის უნარის წართმევა. ფიზიკური უღონობა, უძლურება ორგანიზმში განვითარებული კახექსიით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ქართულ წყაროში მოთხრობილი დეტალები ერთ ფურცელზე მოვაქციე და 1993 წელს გავაცანი სამედიცინო სფეროს სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებს. ეს იყო ჩემი თამამი ექსპერიმენტი – ისტორიისა და მედიცინის ინტერდისციპლინური კვლევა. პირადად ვიყავი მიხაილოვის საავადმყოფოს ონკოლოგიურ განყოფილებაში. ძალიან გაუკვირდათ სტუდენტის ეს ინიციატივა. დამპირდნენ, დამირეკავდნენ. ორიოდ კვირის შემდეგ სახლში ტელეფონის ზარი გაისმა შესაბამისი განყოფილებიდან და მისვლა მთხოვეს. სამწუხაროდ, ამ საინტერესო შეხვედრის ჩაწერა ვერ მოვახერხე, შესაბამისი აპარატურის არქონის გამო, თუმცა დასკვნების ხელნაწერი ფორმა ჩემს არქივში ინახება. დარბაზში რამდენიმე ათეული ექიმი იყო თავშეყრილი. კიდევ ერთხელ წამაკითხეს მატიანისეული ტექსტი და ამის შემდეგ დაიწყეს საკუთარი დასკვნების გაცნობა, რასაც მოჰყვა საინტერესო დისპუტი. ამჯერად მე მხოლოდ დასკვნებს გაგაცნობთ: პროფესორი ზაალ კახიანი - პატივცემულმა მეცნიერმა მემატიანესთან დაცული სათანადო მასალის გაანალიზების შემდეგ ამგვარი დასკვნა გააკეთა: „შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს სიმსივნურ დაავადებასთან“. 1. ფიზიკური უღონობა დამახასიათებელია სიმსივნური დაავადების ბოლო ეტაპისთვის; 2. ორგანიზმის კახექსიაც ახასიათებს უმეტესობა ონკოლოგიურ დაავადებას (გარდა ფილტვის კიბოსი); 3. დაავადების თანდათან პროგრესირება, რის შემდეგაც ავადმყოფი სახეზეც მეტად გაილახა, დაედო მიწის ფერი... უდავოდ დამახასიათებელია სიმსივნური პროცესისთვის; 4. თვალის სინათლის დაკლება შეიძლება აიხსნას მეტასტაზის არსებობით ტვინის ქსოვილში, თუმცა ის უფრო დამახასიათებელია დიაბეტური რეტინოპათიისთვის; 5. გარდაცვალება 5-6 თვის შემდეგ, ეტევა სიმსივნური პროცესის სიცოცხლის ხანგრძლივობაში (ზოგადად და არა ყველა სიმსივნის სახეობაში). ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში საქმე გვქონდა სიმსივნურ დაავადებასთან, თუმცა - რომელი ორგანოსი, ამის დაკინკრეტება ძნელია“. პროფესორი ბაადურ მოსიძე: „ვითვალისწინებთ რა მემატიანესთან არსებულ შეზღუდულ ინფორმაციას, –აღნიშნავს ბაადურ მოსიძე, – შესაძლებელია, ვიფიქროთ, ნივთიერებათა ცვლის ღრმა მოშლაზე. კერძოდ, ელექტროლიტური დარღვევები, რაც ყველაზე ხშირად ახასიათებს სიმსივნეებს, პროცესის ტერმინალურ სტადიაში. აქედან გამომდინარე, სიკვდილის ყველაზე სავარაუდო მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ონკოპათოლოგია დაუდგენელი პირველი კერით“. პროფესორები ლ. ჩარკვიანი და კ. მადიჩი - დასკვნაში, რომელიც მათ ეკუთვნით, ვკითხულობთ: „აღნიშნული სიმპტომები – ფიზიკური უღონობა, კახექსია, კანისფერის ცვლილება, მხედველობის დაკარგვა - საკმაოდ ხშირად ახასიათებს სხვადასხვა ლოკალიზაციის ყველა დაგვიანებულ ავთვისებიან სიმსივნეს“. როგორც ვხედავთ, მეცნიერთა ერთი ნაწილი შესაძლებლად მიიჩნევს თამარის სიკვდილის გამომწვევ მიზეზად სიმსივნური დაავადების აღიარებას, მაგრამ გადაჭრით პასუხის გაცემა ამ საკითხზე მაინც მომავალი კვლევა-ძიების საქმეა. ამ ექსპერიმენტის შემდეგ კიდევ ერთხელ მინდოდა, მსგავსი კონსილიუმის მოწყობა, თუმცა ვერ მოვახერხე, მაგრამ ამ ჩანაფიქრს, ალბათ, ახლო მომავალში განვახორციელებ." http://news.ge/ge/news/story/129701-tamar-...bis-saidumloeba -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი