თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
marine |
Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც
აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ. "...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა. იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“). ...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“ თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“ P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით? თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში: ტროპარი, ხმა 4. წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 2 2015, 03:16 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში
/გრიგოლ ორბელიანი/ შენს წმინდა სახეს, შვენებით სავსეს, სახიერებით განსხივებულსა, ვუმზერ კრძალვითა, თაყვანცემითა, ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა! მიხარის — გიმზერ, ვჰსწუხვარ — და გიმზერ, და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,არ გამოვფხიზლდე, რომ აღარ ვჰგრძნობდე ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..ყვავილოვანი წალკოტი შენი, შენის დიდების სხივ-მოკლებული,აღარა ჰშვენის, აღარ გვიბრწყინვის შავ დროთა ძალით, ფერ წახდენილი!..და, ვით განვლილსა სიზმარსა ტკბილსა, მზეს დიდებულად ჩასვენებულსა, ვიგონებთ შენს დროს, გული გვიმაგროს, სრულად არ წავჰსწყდეთ ცის შემრისხავნი! ხნით დამაშვრალი, დაღონებული, შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით:მოხედო ბედკრულს შენს სატრფოს — მამულს, და ჯვარით შენით აკურთხო კვალად. შენი ივერი აღსდგეს ძლიერი, და დადგეს ერად სხვა ერთა შორის, წმიდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული! ზნე ამაღლებით, ძლევის დიდებით, სამშობლო მიწის სიყვარულითა! — და გაგვიცოცხლდეს,რომ კვლავც მოგვესმეს სიტყვა ქართული რუსთაველისა. რომ განვიღვიძნეთ, სულით განვახლდეთ, და განქრეს ბნელი უმეცრებისა!.. ...მარამ ცად თვალნი გაქვს მიქცეულნი, და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა, დამცირებულსა, ხმა-მიღებულსა, ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს! ეჭვით აღვსილსა, უსასოდ ქმნილსა, გულ-უიმედოს, გაუხარებელს!.. ვაჰ თუ რაც წახდეს ვეღარა აღჰსდგეს, ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით? და რაც დაეცა ის წარიტაცა შავმან ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი! ჰე, ცრუ სოფელო, დაუნდობელო, შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ? დიდება ჩვენი, ცად სხივ-მიმფენი, ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა? დაყრუებულსა, გზა შეუვალსა, უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს, სად სახე მეფის, დიდის თამარის, სჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!.. 1877 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი