პატიმრობაში მყოფნი და ეკლესიის აზრი, "საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატიმრობაში მყოფნი და ეკლესიის აზრი, "საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა" |
marine |
Jul 24 2017, 02:03 PM
პოსტი
#81
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,199 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
- #6 საპყრობილეში, სადაც თქვენ შედიხართ, ბევრი სამუდამო მსჯავრდადებულია, არიან ისეთებიც, რომლებიც 24-25-წლიანი სასჯელს იხდიან. როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ეკლესიასთან, მოძღვართან?
- ამ ადამიანების აღსარება ისეთი ცოცხალი რწმენითა და განცდითაა ნათქვამი, მრევლში რომ ერთეულებს გააჩნიათ. მათი გულიდან წამოსული და სიტყვით გამოთქმული სინანული არც მოჩვენებითია და არც ვალის მოხდის მიზნით ნათქვამი. ჩემმა სულიერმა შვილმა, მამუკა რატიშვილმა ასეთი წერილი მომწერა: "ჩემო სულიერო მოძღვარო, ღმერთმა დაგლოცოთ... მინდა გაგიმხილოთ, რაც ასე მტანჯავს და მაწვალებს. მთელი ჩემი ცხოვრება ცოდვებით არის დამძიმებული, სულ თითებზე ჩამოსათვლელი იქნება ის შეცოდებანი, რომლებიც მე არ ჩამიდენია. ათეისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეკლესიაში ან ვინმეს დასანახად შევდიოდი, ან ისეთ შემწეობას ვთხოვდი უფალს, რაც არ უნდა მეთხოვა. დროდადრო სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი, მაგრამ ამქვეყნიურ სიამეებს აყოლილი მის ჩახშობას ვცდილობდი. ვქურდობდი, ვლოთობდი, უწესოდ ვცხოვრობდი, ვავაზაკობდი და არ ვფიქრობდი, რომ ადამიანი მხოლოდ ამისთვის არ იყო მოვლინებული. ერთი პერიოდი მონასტერში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი. ჩემს გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გულით სურდათ ჩემი სიკეთე, არ უნდოდათ, რომ ავაზაკურად მეცხოვრა, მაგრამ ისინი არაეკლესიურნი იყვნენ და თანადგომა არ გამოიჩინეს ჩემი გადაწყვეტილებისადმი. მე ისევ ძველ გზას დავადექი... პეტრეპავლობის მარხვა მოდიოდა, როცა საეკლესიო ჟურნალ "კარიბჭის" რამდენიმე ნომერი შემოგვიგზავნეს. წასაკითხი არაფერი მქონდა და ვიფიქრე, დროს მოვკლავ-მეთქი. დღესაც არ ვიცი, რა იყო ის, რამაც გული და სული შემიძრა... უფალმა სწორედ ის მომივლინა, რაც ასე მჭირდებოდა. მარხვას შევუდექი და მოწევას თავი დავანებე. ლოცვა დავიწყე. არ სჯეროდათ ჩემი, რომ მართლა გულით ვლოცულობდი... ლოცვის დროს ვტიროდი, მაგონდებოდა განვლილი ცხოვრება და მრცხვენოდა... ერთდროულად ამომიტივტივდა ყველაფერი: როგორ განვიკითხავდი, როგორ დავცინოდი, ზემოდან დავყურებდი სხვებს, როგორ ვაგინებდი და შეურაცხვყოფდი მშობლებს... დედას, რომელიც დარსა თუ ავდარში მოდიოდა ციხეში, ჩემთვის რაიმე რომ შემოეგზავნა... მე ცოდვილს კი სხვისი ტანჯვის და შეურაცხყოფის მეტი რა მაქვს გაკეთებული? მრცხვენია, თურმე ამაოდ მიცხოვრია. არადა, უწინ ვამართლებდი ჩემს ცხოვრებას. მენანება ის წლები, მეცოდება ჩემი თავი და ვკითხულობ - რატომ არავინ გამოჩნდა ჩემს დასახმარებლად? ესეც უფლის ნება იყო და იმიტომ. ღმერთმა დაუშვა ის, რომ ჩემებურად, მცდარად მეცხოვრა და მერე შემედარებინა ჩემი წარსული და აწმყო. პირველად პეტრეპავლობის მარხვაში შეგხვდით. დამლოცეთ და როდესაც ოლარი გადამაფარეთ, ვერ აგიხსნით, რა გრძნობა დამეუფლა. ალბათ გახსოვთ ჩემი პირველი აღსარება - ცრემლს ვერ ვიკავებდი. მინდოდა ყველაფერი მეთქვა, მაგრამ ლაპარაკი აღარ შემეძლო. მხოლოდ თქვენ გხედავდით, მამაო. შვება ვიგრძენი. ბევრს ჰგონია, იმიტომ შევიცვალე, ასე რომ მიჭირს ციხეში. მე აქ მესამედ ვარ და მშვენივრად ვიცი აქაური ცხოვრება. ბევრჯერ დავფიქრებულვარ იმაზე, არჩევანის წინაშე დამდგარი როგორ მოვიქცეოდი, რომ ეთქვათ ჩემთვის - გაგიშვებთ და სხვებივით იცხოვრეო... ჩემი ერთადერთი სურვილია, აქედან გასული მონასტერში წავიდე. უფლის გზანი შეუცნობელია, თუ ღირსი ვიქნები, ალბათ ღმერთი დაუშვებს ამას და შევძლებ, რომ ცოდვით დამძიმებული სული გადავირჩინო, ღმერთს ვემსახურო და ვიცხოვრო ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, რომელიც იესოს სახეა მიწაზე. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ინება, ამდენი ხნის შემდეგ მეგრძნო მისი მადლი და გზის სისწორე, რომელიც სულის გადარჩენაში დამეხმარება. ისიც უფლის ნება იყო, რომ ჩემმა ახლობელმა "კარიბჭის" რამდენიმე ნომერი შემომიგზავნა. ერთ-ერთ მათგანში ლარგვისის მონასტერი აღმოვაჩინე და გავიფიქრე, სასჯელს რომ მოვიხდი, იქ წავალ-მეთქი. პატარა არ ვარ, რომ ვერ განვსაზღვრო ის, თუ რა სირთულეები შეიძლება შემხვდეს ამ გზაზე, ეს ვინმეს აყოლით არ გადამიწყვეტია. ისიც კარგად ვიცი, რომ მძიმე ჯვარი იქნება ეს ჩემთვის. ამიტომ ძალიან მინდა ეს დრო, ვიდრე ციხეში ვარ, უფლის შეწევნით და თქვენი დახმარებით მაქსიმალურად გამოვიყენო, ვისწავლო და გავიგო ის, რაც მონასტერში გამომადგება. ახლა ძალიან მიჭირს. ისიც კარგად მესმის, რომ ხშირად ვერ ახერხებთ ჩვენთან, თქვენს სულიერ შვილებთან ციხეში შემოსვლას. არადა, როგორ მინდა, ხშირად მოდიოდეთ. თქვენი დანახვა ყოველთვის მამშვიდებს. ხშირად ლოცვა მიჭირს, ყურადღება მეფანტება, მაგრამ ვიხსენებ თქვენს დარიგებას და თავს შევუძახებ ხოლმე - გაუძელი! ჩემო მოძღვარო, ილოცეთ ჩემი ტანჯვითა და ცოდვებით დამძიმებული სულისთვის. ღმერთი იყოს თქვენი ოჯახისა და მრევლის მფარველი!" /დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 3 2017, 07:14 PM
პოსტი
#82
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,199 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მაგალითად შეიძლება განვიხილოთ არასაპატიმრო ფორმით სასჯელის მოხდის შემდეგი მოდელი: საქართველოში მრავლად არის რაიონები, განსაკუთრებით პერიფერიაში - სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობების (გზა, სკოლა, წყალი და ა.შ.), მკაცრი ბუნებრივი პირობების, მწირი შემოსავლების, მოუსავლიანობისა და სხვათა გამო მოსახლეობა მასობრივად ტოვებს საცხოვრებელს. ამით სარგებლობს მეზობელი სახელმწიფოების მიმდებარე რაიონების მოსახლეობა და რადგან ჯერ კიდევ არ არის მკაცრად დემარკირებული ამ ქვეყნებთან საქართველოს საზღვარი, ხდება საქართველოს მიწების მიტაცება. როგორც იტყვიან, ზღვა კოვზით დაილევაო და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა საქართველო შაგრენის ტყავივით ხელში შემოგვადნეს. არც ის არის გამართლებული, რომ თბილისში, თბილ ადგილას მოკალათებულებმა პატრიოტიზმისკენ მოვუწოდოთ ამ რაიონების მოსახლეობას. მეორე მხრივ, ვერც სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ პრობლემის ეფექტურად გადაჭრას, რადგან ერთჯერადი პროექტები არ არის ეფექტური, საჭიროა სისტემური მიდგომა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და, სამწუხაროდ, ჯერ მიუწვდომელია. პრობლემა კი იმდენად სერიოზულია, რომ დღესვე ითხოვს გადაწყვეტას.
ამ პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრის მიზნით შესაძლებელია ასეთ ადგილებში ეკლესიის ინიციატივითა და მონაწილეობით მოეწყოს ერთგვარი ჩასახლებები, სადაც საპატრიარქოს მიერ მივლინებული ღვთისმსახურების ზედამხედველობითა და წინამძღოლობით იცხოვრებენ და იშრომებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ნებაყოფლობის პრინციპით ჩასახლებული პატიმრები - მოხალისეები. ყოველ ასეთ ჩასახლებას (საძმოს, კოლონიას) შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული მიზანი და შეასრულოს კონკრეტული, საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოები. მაგალითად: სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, ადგილობრივი ხუროთმოძღვრების ძეგლების რესტავრაცია-აღდგენა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა და ა.შ. ასეთი ჩასახლების მატერიალური უზრუნველყოფისთვის (საკვები, საყოფაცხოვრებო საქონელი, წამლები...) შეიძლება შეიქმნას სპეციალური ფონდები, სადაც სახსრებს შეიტანენ როგორც იქ მცხოვრები პატიმრების ოჯახები და ახლობლები, ასევე შევა შემოწირულობები. ასეთ ჩასახლებაში ცხოვრება და შრომა ხელს შეუწყობს პატიმარს, გადააფასოს განვლილი ცხოვრება; შეიგრძნოს, რომ მისი იქ ყოფნა ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია, ემსახურება თავის სამშობლის; მოძღვრის მუდმივი ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით, სრული რწმენით მიენდოს ღმერთის სიტყვას, მით უმეტეს, რომ პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით მას უკვე გადადგმული აქვს, რამეთუ თავისი ნებით მოხვდა ასეთ ჩასახლებაში. ყოველივე ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს: "ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი და აღწევს სამშვინველს და სულს, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე და სჯის გულს, აზრებსა და ზრახვებს" (ებრ. 4,12), ხოლო ჩვენი ეკლესიის მონაწილეობა წარმატების მტკიცე საფუძველია. რა თქმა უნდა, ამ მოდელის განხორციელებით ვერ გადაიჭრება ყველა პრობლემა, მაგრამ მისი მეშვეობით თუნდაც ერთი ადამიანი მაინც თუ გადარჩება, მიეახლება უფალს, ეს ათგზის აანაზღაურებს გაწეულ ძალისხმევას." /"კარიბჭე" N17, 2009, გვ.55/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 07:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი