"მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი", წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი", წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) |
marine |
Feb 4 2008, 05:46 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი
არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ხალხის სამსახურს სწირავენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან. როგორც ერთმა ჩვენმა მორწმუნემ ბრძანა, მზე ისე გვინათებს და გვათბობს, რომ სამაგიეროდ ჩვენგან არაფერს ელოდება. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება წმ. ილია მართალი. იგი გვათბობს კიდეც და გვინათებს კიდეც და სამაგიეროდ არაფერს ითხოვს. ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმინდე შელახული. ამ დროს ღვთის განგებით მოგვევლინა ილია, როგორც წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, როგორც „ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა“, სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რათა ბიბლიურ მოსესავით აეღო მოწამებრივი ტვირთი ერის წინამძღვრისა. მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი და შეუდგა გოლგოთის აღმართს. გაბედულად აღიმაღლა ხმა ადამიანთა უფლებების დასაცავად; დაჰგმო სიკვდილით დასჯა, როგორც უმკაცრესი ზომა სამაგიეროს მიზღვისა, როგორც უკიდურესად მიწიერი და არაქრისტიანული ქმედება. ილიამ იცოდა, დამოუკიდებლობისათვის ჩვენს ბრძოლასა და ეროვნულობის შენარჩუნებაში რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანულ რწმენას, ამიტომაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეკლესიისათვის უკანონოდ მიტაცებული ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს. სწამდა იმ ქვეყნისა, რომელიც ჯვარს ეცვა ჯვარცმული მაცხოვრისათვის; სწამდა იმ ხალხის, რომელმაც თავის მკერდზე დაუდგა ქრისტიანობას საყდარი, ქვად საკუთარი ძვლები იხმარა, კირად კი - სისხლი, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ. სწამდა, რომ მისი თანამედროვე საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას შეეძლო, რომელიც ასწავლის ხალხს გარჩევას კეთილისა და ბოროტისა, ცოდვისა და მადლისა, წვდომას ცხოვრების არსისა და მიზნისა. ის, უპირველეს ყოვლისა, სარწმუნოებისა და მამულის სიყვარულს ქადაგებდა და გვასწავლიდა, რომ გაფრთხილება გმართებს რწმენისა, მამულისა და ენისა. ეს დაგვიტოვა ანდერძადაც. მართლაც არ გაგვაჩნია უფრო ძვირფასი და მოსაფერებელი საუნჯე, ვიდრე ჩვენი რწმენა, ენა და მამულია. დღეს განსაკუთრებით მტკივნეულად იგრძნობა, რომ ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა გვაკლია. უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული, ღვთის ლოცვა-კურთხევით, ისეთი გრძნობაა, რომელსაც რასაც მეტს გასცემ, მეტად ძლიერდება. წმ. ილია მართალმა იცოდა სიყვარულის უშურველად გაცემა და ამიტომ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ღვთის დიდი წყალობა იყო ის, რომ მაშინ, როცა ჩვენს თავისუფლებადაკარგულ ხალხს სულიერად უჭირდა, სულიერ მამად და წინამძროლად დიდი რწმენითა და სიყვარულით გამორჩეული პიროვნება - წმ. ილია მართალი გამოუჩნდა. დიდებულად ბრძანა დიდმა აკაკიმ, თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც მასთან ერთად უკვდავი იქნებიო. ზეციური საქართველოს მკვიდრი, მიწიერი საქართველოს თანამედროვე ილიას ნათელი, უკვდავი სული ჭეშმარიტად დღესაც თავს დაგვტრიალებს. მისი სული კიაფობს იმ სათაყვანებელ თანავარსკვლავედში, გზას რომ უნათებს მრავალტანჯულ, მაგრამ სულიერად გაუტეხელ, ყოველგვარი ბოროტების წინაშე ქედუხრელ ქართველ ერს. წმიდანად აღიარების შემდეგ ილია არის არა მარტო პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, არამედ გამორჩეული მოძღვარი, მქადაგებელი სიკეთისა და სიმართლისა, რწმენისა. წმიდანად აღიარების შემდეგ იგი არის დიდი სულიერი მფარველი ჩვენი კულტურის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა. შემთხვევითი არ არის, რომ ილიას ეწოდა მართალი. უზენაესი სიმართლე, საღვთო წერილის მიხედვით, არის ღმერთი და სიმართლის მქადაგებელი, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა იყოს მატარებელი სიმართლისა; თვითონ უნდა ცხოვრობდეს ამ სიმართლით. წმ. ილია მართალი სწორედ ამ სიმართლით ცხოვროდა და სიმართლეს ქადაგებდა. ილია მართალი დაადგა მაცხოვრის გზას ანუ გზას გოლგოთისა, რომელიც თუმც მძიმეა, მაგრამ აღდგომითა და ამაღლებით მთავრდება. წიწამური ჩვენი წმიდა გოლგოთაა, სამსხვერპლოა ყველა იმათი, ვინც იცავს ჭეშმარიტებას, სიმართლეს. სამწუხაროდ ჩვენსავე ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელნიც ვერ ეგუებოდნენ იმ ნათელსა და სითბოს, რომელსაც წმ. ილია მართალი ასხივებდა, ვერ ეგუებოდნენ იმიტომ, რომ სიბნელეში ყოფნა ერჩივნათ, რადგან სიბნელე იყო მათი სამყარო, მათ მოინდომეს, რომ სამუდამოდ ჩაექროთ ეს ნათელი, მაგრამ ამაოდ. წმ. ილია მართლის სიცოცხლის ხელყოფით მათ ეს ნათელი არა თუ მოსპეს, არამედ, პირიქით, სამარადისოდ გააძლიერეს, რადგან სულიერი სითბო, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულისგან მომდინარეობს, არასოდეს არ იშრიტება და ისეთივე მარადიულია, როგორც მისი წყარო - სიყვარული. შევთხოვ ღმერთს, წმ. ილია მართლის ლოცვით უფრო მეტად განამტკიცოს ჩვენი ერი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულითა და სიკეთით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 23 2017, 10:04 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"...იმ დროს, დუშეთის სკოლაში, მასწავლებლად დავით კობიაშვილი მუშაობდა. მამას [მიხეილ ჯავახიშვილს] გაგონილი ჰქონდა, რომ 1907 წელს, სწორედ ამ კობიაშვილს, დუშეთის მაზრის გამომძიებელთან თარჯიმნად უმუშავია, ილია ჭავჭავძის გვამის გაკვეთას დასწრებია და უშუალო მონაწილე გამხდარა მკვლელობასთან დაკავშირებული გამოძიების. მამამ ისიც კარგად იცოდა, რომ ილიას გვამის გაკვეთის დროს, გულიდან ამოღებული ტყვიები, სწორედ დავით კობიაშვილმა შეინახა და დაკარგვას გადაარჩინა.
დუშეთში ჩამოსვლისას ყველაფერი ეს გაახსენდა და, როდესაც საშუალება მიეცა პირადად გასცნობოდა კობიაშვილს, ბუნებრივია, მისდამი დიდი ინტერესი აღეძრა... თავის მხრივ, კობიაშვილი, როგორც განათლებული პიროვნება და მასწავლებელი, გახარებული იყო, რომ საშუალება მიეცა გასცნობოდა მწერალს, რომლის დიდი პატივისმცემელი იყო. გაიგო თუ არა მამის ჩამოსვლა, მაშინვე შინ ესტუმრა და გამოეცნაურა. ამის შემდეგ ის ხშირად დადიოდა მამასთან და მის სანახავად თბილისშიც ჩამოდიოდა. დუშეთში სტუმრობისას, საღამოობით ისინი აივანზე ისხდნენ და გვიანობამდე საუბრობდნენ... ერთ დღეს მან თავის ბაღში მიიპატიჟა დედა და მამა. ხილით გაუმასპინძლდა, შემდეგ საუბარი ორივესთვის საინტერესო თემას, ილია ჭავჭავაძის მკვლელობას შეეხო... მან დაწვრილებით უამბო, რაც თვითონ იცოდა და საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი... ბოლოს აჩვენა პატარა კოლოფი, რომელიც წლების მანძილზე სათუთად ჰქონდა შენახული. მამამ კოლოფი ჩამოართვა და ფრთხილად ახადა თავი. შიგ ბამბაში გახვეული ერთი ტყვია იდო, რომელიც ილიას გულიდან იყო ამოღებული და იქვე ფინთიხის რამდენიმე ცალი ეყარა. ამ კოლოფმა მამაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მას ხელისგულზე ედო ტყვია, რომელმაც ილია სიცოცხლეს გამოასალმა. ამ ამბავმა მამას სული აუფორიაქა... მამამ წამოსვლა რომ დააპირა, კობიაშვილმა ეს კოლოფი საჩუქრად გადასცა. მამა ძალზე ააღელვა ამ ამბავმა. დიდხანს ედო ტყვია ხელისგულზე და სევდით დასცქეროდა... თბილისში რომ დაბრუნდა, კოლოფი საწერი მაგიდის შუა უჯრაში შეინახა, დროდადრო ამოიღებდა, სათვალეს მოიხსნიდა, ტყვიებს ხელისგულზე დაიდებდა და თვალთან ახლოს მიიტანდა, რომ უკეთ დაენახა, ერთხანს ასე დასცქეროდა, შემდეგ ისევ კოლოფში აწყობდა და უჯრაში ინახავდა, ვინც კი მოვიდოდა ჩვენთან, ყველას აჩვენებდა ამ კოლოფს და მასთან დაკავშირებულ ამბავსაც უამბობდა... 1937 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადების 100 წლის იუბილე ტარდებოდა. მამამ გადაწყვიტა ეს ტყვიები საიუბილეო გამოფენაზე გამოეტანა... ამის თაობაზე მოელაპარაკა საიუბილეო გამოფენის დირექტორს, გიორგი ლეონიძეს... რომ დროებით სარგებლობაში აძლევდა ამ ტყვიებს იმ დრომდე, სანამ საიუბილეო გამოფენა დაიხურებოდა... მამა ვერ მოესწრო ილიას იუბილეს. ტყვიების მუდმივი ადგილსამყოფელი იმ დროიდან ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გახდა. მნახველებმა კი დღემდე არ იციან, თუ რა გზა განვლო ამ ტყვიებმა, სანამ საგურამოს დაუბრუნდებოდნენ". /გურამ ქერაშვილი, წიგნიდან "საარაგვო და არაგველები" "ფუძნარი" N6, 2017, გვ.11/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი