პატერიკი, ეპიზოდები მამათა ცხოვრებიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატერიკი, ეპიზოდები მამათა ცხოვრებიდან |
თათარაშვილი |
Sep 3 2007, 06:59 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
დიდი ძებნის მიუხედავად ვერ მივაკვლიე თემას პატერიკების შესახებ და თქვენის ნებართვით გავხსნი ამ თემაში დავწეროთ იგავები,ეპიზოდები მამათა ცხოვრებიდან და ა.შ.
შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა ულუმბოს მთაზე ერთ ღმერთშემოსილ წმ. ბერთან სულიერი ძმები იყვნენ მისული და იგი მადლით შეზავებული, ტკბილი ენით ესაუბრებოდა სულისთვის საცხონებელ საკითხებზე. ამ დროს ვიღაც უცნობი ერისკაცი წმინდა ბერთან მივიდა და თაყვანი სცა. ბერმა მიჰხედა და მისვლის მიზეზი ჰკითხა. მან მიუგო, წმ. მამაო, მოვედი, რომ ჩემი აურაცხელი ცოდვები ვაღიარო შენთანო. ბერმა უპასუხა, ძმაო, თუ ნამდვილად მოგიძულებია შენი ცოდვები, ნუ გრცხვენია, ამ მამების წინაშე აღიარეო. მან მართლაც წრფელი გულით აღიარა ყველაფერი და ისეთი ცოდვებიც კი არ დაფარა, როგორიც ხალხთან ძნელი სათქმელი იყო. მწარე სინანულით პირქვე დაემხო და მხურვალე ცრემლები სდიოდა. აღსარების შემდეგ ბერმა უთხრა, გინდა, შვილო, რომ ანგელოსის სქემა შეიმოსო? კაცმა უპასუხა, დიახ, წმ. მამაო, მინდა და შესაბამისი სამოსელიც კი მოვიმზადეო... წმ. ბერმა მას დარიგება მისცა, შემდეგ მონაზვნის წმ. სქემით შემოსა, აჩვენა გამოქვაბული და უთხრა, წადი იქ შვილო და მშვიდობით იღვაწე შენი სულის საცხონებლადო. მან მდაბლად სცა თაყვანი, წავიდა და თან ადიდებდა ღმერთს. გაკვირვებულმა ძმებმა ჰკითხეს, წმ. მამაო, ამდენი ცოდვის მქონეს როგორ მოხდა, რომ რაიმე სინანული და კანონი არ დაუწესეო. მან უპასუხა, საყვარელო შვილებო, შემაძრწუნებელი და დიდებული ხილვა ვნახე. აღმსარებელს მარჯვნივ ანგელოსი ედგა ელვარე სახით და ნათელივით სპეტაკი სამოსლით. მას ხელში ნაწერი ქაღალდის გრაგნილი ეკავა და როცა მონანული ცრემლით აღიარებდა თქვენს წინაშე თავის ცოდვებს, ბრწყინვალე ანგელოსი მათ იმ გრაგნილიდან შლიდა. და თუ კაცთმოყვარე ღმერთმა ასე მიუტევა მას, მე ცოდვილს რაღა უფლება მაქვს სინანული და კანონი დავუწესო. თან იგი, თავისი სინდისისაგან მხილებული, ისედაც წმინდა გულით ინანებს მუდამო. ეს რომ ისმინეს ძმებმა, გაკვირვებულები მადლობდნენ ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს, ადიდებდნენ მის სიკეთეს და კაცთმოყვარებას უკუნითი უკუნისამდე. თამბაქოს შესახებ მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც თურქებმა გაასახლეს მართლმადიდებელ ბერძენთა უმრავლესობა მცირე აზიის ოლქებიდან, სმირნის მახლობლად შემდეგ შემთხვევა მოხდა. ერთ თურქ ხორცის გამყიდველს ღვთისმშობლის ძველი ხატი ჰქონდა, რომელსაც იგი ხორცის საჭრელად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა ეს რომ დაინახა, გადაწყვიტა შეეჩერებინა ეს აშაკარა შეურაცხყოფა სიწმინდისა და ხორცთან ერთად იყიდა ხატი, როგორც ჩვეულებრივი დაფა. როდესაც სახლში მიიტანა, გაწმინდა ის და სასტუმრო ოთახში კედელზე ჩამოკიდა. საუბედუროდ, იგი მწეველი იყო. რამოდენიმე დღის შემდეგ ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი არ შეწყვეტდა მისი ხატის შეურაცხყოფას სიგარეტის ბოლით, უკეთესი იყო დაებრუნებინა თურქისათვის. ღვთისმშობელმა არჩია, რომ ამ უკანასკნელს ხორცი დაეჭრა მასზე, ვიდრე მართლმადიდებელ ქრისტიანს ბილსი „სატანის საკმეველი“ ეკმია მისთვის. ზემოხსენებული ქრისტიანი მიხვდა თავის ცოდვას და აღარასოდეს აღარ მოუწევია. ... 1905 წელს მამა სილუანემ რამოდენიმე თვე რუსეთში გაატარა, ხშირად დადიოდა რა მონასტრების მოსალოცად. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას მატარებელში მან ერთი ვაჭრის პირდაპირ დაიკავა ადგილი, რომელმაც მეგობრული ჟესტით გახსნა თავისი ვერცხლის პორტსიგარი და შესთავაზა სიგარეტი. მამა სილუანემ მადლობა გადაუხადა და უარი განაცხადა სიგარეტის აღებაზე. მაშინ ვაჭარმა დაიწყო საუბარი: „იმიტომ ხომ არ ამბობთ მამაო უარს, რომ ამას ცოდვად თვლით? მაგრამ მოწევა ხშირად აქტიურ ცხოვრებაში ეხმარება; კარგია, მოსწყდე დაძაბულ სამუშაოს და რამოდენიმე წუთს დაისვენო. მოწევისას მოსახერხებელია საქმიანი თუ მეგობრული საუბრის წარმართვა და გეხმარება საერთოდ ცხოვრების მდინარებაში...“ და შემდეგაც, ცდილობდა რა დაერწმუნებინა მამა სილუანე აეღო სიგარეტი, განაგრძობდა სიგარეტის სასარგებლოდ ლაპარაკს. მაშინ მამა სილუანემ მაინც გადაწყვიტა ეთქვა: „ბატონო, ვიდრე სიგარეტს მოსწევდით, ილოცეთ, ერთი მამაო ჩვენო თქვით“. ამაზე ვაჭარმა უპასუხა: „ილოცო მოწევის წინ როგორღაც არ გამოდის“. მამა სილუანემ პასუხად შენიშნა: „მაშასადამე, ყოველი საქმე, რომლის წინ არ გამოდის აუმღვრეველი ლოცვა, სჯობს არ გავაკეთოთ“. განკითხვის შესახებ ერთ-ერთი ძმა, რომელიც სამონასტრო საჭიროებისათვის ქალაქში იქნა გაგზავნილი, დაუდევრად მოიქცა და ხორციელ ცოდვაში ჩავარდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ძმამ, ლავრაში დაბრუნებისთანავე ღირსი მამის წინაშე ცოდვა მოინანია. წმიდანმა, ვითარცა გამოცდილმა და გულისხმიერმა ექიმმა, დაამშვიდა და დაარწმუნა ძმა, იმედგაცრუებას არ მისცემოდა, არამედ უფლის მიმართ ჰქონოდა სასოება და მონასტერში მორჩილად დატოვა. ბერ-მონაზონმა პავლემ - ამავე მონასტრის ძმამ, დაცემული ძმის განკითხვა დაიწყო და ღირს მამას ბრალად დასდო თანამოძმის როგორც დამნაშავისა, ლავრაში დატოვება, რომელმაც უკანონო და სასირცხვილო საქმე ჩაიდინა. წმ. ათანასემ მკაცრად შეხედა და მიუგო: „პავლე, რას აკეთებ? ძმათა განკითხვის მაგიერ უმჯობესია საკუთარ გულისთქმას ჩასწვდე. წერილ არს: „ამიერითგან რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძელენ, ნუუკუე დაეცეს“ (1 კორ. 10, 12). ღვთის განგებით, იმ დღიდან მოყოლებული, პავლეს სიძვის ვნება დაატყდა თავს და სამი დღე-ღამის განმავლობაში მძიმედ იტანჯებოდა. მაგრამ უფრო უარესი ის იყო, რომ აღსარებისა რცხვენოდა და ეთაკილებოდა დახმარების მიღება. წმ. ათანასე პავლეს მდგომარეობას განსწავლული სულით ხვდებოდა და აღსარების გამბედაობა შთაუნერგა. პავლემ ცოდვა გაამხილა და ღირს მამას, როგორც გასაჭირში მყოფ შვილთათვის გულშემატკივარ მშობელს, პატიება შესთხოვა. წმ. ათანასემ პირველ ყოვლისა დამოძღვრა, აღარ განეკითხა დაცემული, არამედ თანაეგრძნო და ელოცა განსაცდელში მყოფთათვის, შემდეგ კი ხედავდა რა პავლეს მორჩილებასა და სინანულს, ღვთის წინაშე მისთვის ილოცა და უმსგავსო ვნებისაგან გამოიხსნა. ამ დროს, პავლემ თავზედ გადმოღვრილი და მთელ სხეულზედ გადასული სიცივე შეიგრძნო და ავხორცული წვა ჩაუქრა. .... მარკოზ მეგვიპტელი ოცდაათი წლის მანძილზე სენაკიდან არ გამოსულა და ერთი მღვდელი მიდიოდა ხოლმე მასთან და წმ. საიდუმლოს აზიარებდა. მარკოზის სათნოების და მოთმინების გამო შურით აღვსილმა ეშმაკმა მოინდომა, რომ იგი განკითხვის ცოდვაში ჩაეგდო. და გამოსაცდელად მოიყვანა მასთან ერთი უკეთური კაცი, ვითომდა დალოცვის სათხოვნელად. ვიდრე ბერი დალოცავდა, ეშმაკის სწავლებით ამ ადამიანმა დრო იხელთა და ბერს უთხრა: მღვდელი, რომელიც შენთან დადის, ყოველგვარი სულიერი სიბილწით არის აღსავსე და ნუღარ შემოუშვებო. ღმრთივსულიერმა მარკოზმა უპასუხა: „შვილო, წერია: ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნე“. ცოდვილიც რომ იყოს ის მღვდელი, ღმერთს ვთხოვ მის ცხონებას, რადგან ესეც წერია, „ულოცევდით ურთიერთას, რათა განიკურნოთ“. ეს რომ უთხრა, ილოცა მისთვის, განდევნა მისგან ეშმაკი და გაუშვა მართალი. მღვდელი როცა მივიდა, ბერმა სიხარულით მიიღო. კეთილმოწყალე ღმერთმა ბერის უმანკოება რომ იხილა, ასეთი სასწაული გამოუცხადა მას: მღვდელი წმ. ტრაპეზთან წარდგომას რომ აპირებდა, ზეციდან გარდამოსულმა უფლის ანგელოსმა თავზე ხელი დაადო და მღვდელი უცებ ცეცხლის სვეტს დაემსგავსა. გაკვირვებულ ბერს ანგელოსმა უთხრა: ჰოი, კაცო, რატომ გაგიკვირდა ის, რაც იხილე. თუკი ამქვეყნიური მეფეები არ მიუშვებენ თავისთან ბინძურად ჩაცმულს, შესაფერისად შემოსვას და დიდებით მიახლებას მოითხოვენ, განა ზეცათა მეუფე უფრო არ განწმენდს წმ. საიდუმლოთა მსახურთ და გამოუთქმელი მსხვერპლის შემწირველთ და არ განაბრწყინებს მათ ზეციური დიდებით? ასეთი სასწაული იხილა ღირსმა მარკოზმა და გვიამბო ყველას, რათა არ განვიკითხოთ მღვდლები, რამეთუ ისინი უფლის წინაშე წარსდგებიან, მსხვერპლს სწირავენ ზეცას და იქიდან იღებენ მადლს, რომელსაც ჩვენც გადმოგვცემენ. ყველას განმკითხველი და მსაჯული უფალია, რომლის არს დიდება უკუნითი უკუნისამდე |
marine |
Oct 4 2017, 10:59 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ივანე მრისხანეს დროს ვლადიმირში ცხოვრობდა ახალგაზრდა მღვდელი ტიმოთე. ერთხელ რაღაც მძიმე ცოდვა ჩაიდინა და ხელისუფლება დასდევდა დასაჭერად. შეშინებულმა მიატოვა ცოლ-შვილი და ყაზანში გაიქცა. იქ მუსლიმანობა მიიღო, ორი თათრის ქალი შეირთო ცოლად. ღვთის საკურთხეველსაც უღალატა და სამშობლოსაც. ყაზანის ხანმა ის თავის სარდლად დაადგინა და რუსულ მიწებზე ხშირად გზავნიდა სარბევად.
30 წელი იცხოვრა ყაზანში ნამღვდლარმა, გამდიდრდა, პატივსაც სცემდნენ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ვერ ჩაახშო თავისი სინდისის ხმა, რომელიც მწარედ ამხელდა: "მოღალატევ, განდგომილო, ჯობდა ცოდვების გამო დასჯილიყავი, ვიდრე ქრისტე უარგეყო". ვინ იცის, როგორი იყო მისი სინანული. ერთხელ დარბევის მერე რუსეთიდან ბრუნდებოდა. ჯარი წინ გაუშვა, თვითონ უკან მიჰყვებოდა. გაახსენდა თავისი მძიმე ცოდვა. შეეწყალა სამშობლო. შეემუსრა გული და ამოხეთქა საგალობელმა: "შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული". უეცრად ბუჩქებიდან მისკენ გამოიქცა ვიღაც რუსი ყმაწვილი. ტიმოთემ ხელი მახვილს სტაცა. შეშინებული ბიჭი მიწაზე დაეცა. "ვინა ხარ?" - ჰკითხა ტიმოთემ. "რუსი ტყვე ვარ ყაზანიდან გამოქცეული და გალობა რომ მომესმა, რუსი მეგონეო". შეძრა ბიჭის სიტყვებმა მოღალატის გული, დაემხო მიწაზე და უნუგეშოდ დაიწყო ტირილი. ბიჭმა მისი ამბავი რომ შეიტყო, ანუგეშა - არ არის ცოდვა, ღვთის გულმოწყალებას რომ აღემატოსო. ტიმოთემ ბიჭს სთხოვა, მიდი მოსკოვის მიტროპოლიტ ფილიპესთან და ჰკითხე, ჩემისთანა ცოდვილისთვის თუ არსებობს სინანული. მიშუამდგომლოს დიდი მთავრის წინაშე და მიტევების სიგელი გამოგატანოს მიტროპოლიტისა და მთავრის ბეჭდით დაბეჭდილი. სამი თვის შემდეგ კი აქვე შეგხვდებიო. შეეწყალათ მღვდელმთავარსა და დიდ მთავარს განდგომილი და ბიჭს შენდობის სიგელი გამოატანეს. შორიდანვე მოჰკრა ტიმოთემ ბიჭს თვალი. გადმოხტა ცხენიდან, მადლობა შესწირა, გამოართვა და გახსნა სიგელი. სიხარულის ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა, კითხულობდა და თან ლოცულობდა: "ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილს!" სიგელი წაიკითხა, დაემხო მიწაზე და წარმოთქვა: "გმადლობ შენ, ღმერთო, ყოვლად სახიერო და მრავალმოწყალეო, რომ ღირს მყავ მე უსულგულო ჩემი საშინელი ცოდვების მიტევებისა თვით მწყემსმთავრისგან!" ამ სიტყვებით მონანულმა ცოდვილმა სული განუტევა. გაოგნდა ბიჭი, მერე კი იქვე საფლავის გათხრა დაიწყო. დაღლილს მიეძინა. ტიმოთე წარმოუდგა და უთხრა: "შენს გამო ღმერთმა შემიწყალა. ჩემი ცხენი და ყველაფერი, რაც მაბადია, წაიღე შინ. სანამ ცოცხალი ხარ, მომიხსენე წირვაში და ჩემს სახელზე მოწყალება გაეციო". დაწვრილებით უამბო ბიჭმა მიტროპოლიტსა და მთავარს ტიმოთეს სიკვდილის ამბავი, აჩვენა მისი ქონება. ყველამ ერთად განადიდა ყოვლადსახიერი უფალი, რომელმაც შეიწყალა ღვთისა და ერის მოღალატე." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი