ფრიდონ გელაშვილი პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფრიდონ გელაშვილი პოეზია |
marine |
Mar 25 2008, 03:03 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა და თქვენთვის გამეცნო მამაჩემის, ფრიდონ გელაშვილის, მოკრძალებული პოეზია. მამა ჭეშმარიტი ქართველი იყო და მისი ლექსები შესაბამისად მისივე „სულის ისტორიაა“.
ლექსების კრებული „დაუთოვია ფიქრის კალთებზე“ გარდაცვალების შემდეგ გამოვეცით. ლექსებს ეტაპობრივად განვათავსებ: ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიას ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა გთლიდა, აქ ვინ მოვიდა, ვინ იღვაწა შენდა საშენად. პირველი ჩრდილი სად დაეცა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვისაც ერგო შენთან დარჩენა. ცას მიბჯენილი ჩაკირულა კედლები შენი, ქორბუდა ირმის რქებს მაგონებს მთვარენაბურთალს, მტკვრის ხევის ვიწროს გადმოყურებს ჩუქურთმა შენი, ღმერთმა ძლიერმა უკვდავი ჰყო, ვინც შენ გაკურთხა. კვლავ ილანდება სვეტზე ფრესკა წმინდა გიორგის, ხშირი ამბორით გაუცრიცა მას სახე მთვარემ, ქაშუეთსა და ქარტას შორის ღმერთი მიმოდის, სხივებით რეკავს შენს გუმბათზე სიცოცხლის ზარებს. ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა თლიდა ფოთოლჩაკირულ ლოდებს მთაზე შენს ასაშენად, პირველი მტრედი სად დაფრინდა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვის წილად ხვდა შენთან დარჩენა. * * * ჩემი გვარი და სახელი გამოგონილი როდია, - გელაშვილები ამ ქვეყნად თვით გელათიდან მოდიან! მოდიან ულაყ ცხენებზე ამხედრებულნი, ქებულნი... სხვა კრძალვა მახლავს, რადგანაც გვარით ვარ მირონცხებული. * * * ვგავართ ნატერფალს, კენჭნარევ პლაჟზე შხაპუნა წვიმა უმალ რომ წაშლის. ვციმციმებთ წამით ამ ქვეყანაზე და მერე უმალ მივფრინავთ ცაში. * * * ადამიანი ცოდვას ფანტავს ხნულში მარცვლებად, წუთისოფელში ჩვენ მას ვზიდავთ ჩვენივე თავით... თუ არ შევჩერდით, თავისთავად ცოდვა არ ცვდება... პირიქით, იგი ვითარდება, ხარობს და ჰყვავის. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 13 2017, 11:16 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
,,აქ ხომ ზეცის სარტყელია, მშობლიური მხარეა!" ნიკოლოზ გელაშვილი ხაშურელ პოეტთა ძველ თაობას, ალბათ, ახსოვს სარტყელელი გლეხკაცი ნიკოლოზ გელაშვილი, რომლის ლექსების წიგნი "სიცოცხლის გაგრძელება" მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა. წიგნის წინასიტყვაობაში იოსებ ნონეშვილი წერდა: "ნიკოლოზ გელაშვილი პოეზიის უბრალო ჯარისკაცი იყო, მაგრამ უბრალო ჯარისკაცები დიდ ბრძოლებში მონაწილეობენ და მასაც ამ დიდ ბრძოლებში თავისი სანგარი და თავისი საბრძოლო იარაღი გააჩნდა... ლექსად უთქვამს ნახევარი საუკუნის მანძილზე გლეხკაცის ფიქრი და ოცნება, დარდი და სიხარული, მაგრამ თავის მშვენიერ სოფელ სარტყელას როდი გაუცილებია ისინი, როდი აუტალახებია დედაქალაქის რედაქციების კარები. ლექსის წერა ყველა ქართველისათვის ჩვეულებრივ თვისებად მიაჩნდა თურმე, ამიტომაც არ უცდია მათი გამოქვეყნება". ჩვენ კი ჩვენს მისტერიას გვინდა შევუერთოთ მისი ლექსი "ჩემს სოფელს_ სარტყელას": ჩემი გული შენ გეკუთვნის, სხვაგან როგორ დარჩება. ვიცი მადლი მიწის, გუთნის, არ მღალატობს მარჯვენა. ჩემი გარჯით კარ_მიდამო მინდა დავამშვენო და როგორ უნდა ავიტანო აბა, მე უშენობა.? ვჩქარობ, თუნდაც სტუმრად ვიყო ო, რა ძალა გქონია, შენს გარეშე ყოველი დღე საუკუნე მგონია. აქ ხომ ზეცის სარტყელია, მშობლიური მხარეა, უშენოდ არ შემიძლია, შენსკენ მომიხარია. ნ. გელაშვილის წიგნის შესახებ მაშინ "გამარჯვების გზის" რედაქტორი ბატონი სულიკო ძინძიბაძე წერდა: "ძნელია ერთ საგაზეთო სტატიაში დეტალურად, მთელი სიღრმით იქნას განხილული შემოქმედის ყველა ნაწარმოები, რომლებიც მართლაც "ლექსად ნათქვამი გლეხკაცის ფიქრი და ოცნება, დარდი და სიხარულია". მისი წიგნის გამოსვლა სიხარულისა და სიამაყის საგნად იყო ყველა ხაშურელისათვის, რადგან უკვალოდ არ გაქრა ამ ნიჭიერი გლეხკაცის პოეტური მემკვიდრეობა. ნიკოლოზ გელაშვილს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰქონდა. მისი ვაჟი _ ფრიდონ გელაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, ორი მონოგრაფიისა და 50_ზე მეტი ნაშრომის ავტორი, რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, ხოლო შვილიშვილები დღესაც ინახავენ მის ხსოვნას და შემოქმედებას. ხაშურის ისტორიას კი კარგა ხანს გაჰყვება ,,გამარჯვების ქუჩის" ხეივნის სილამაზე, რომელიც თავის დროზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სახელზე გაშენდა. სწორედ იმ ალვის ხეებსა და ომში დაღუპული შვილის ხსოვნას მიუძღვნა ნიკოლოზმა ეს მშვენიერი ლექსი: ალვის ხეები ნოდარის ხსოვნას გამარჯვების ქუჩა რაც ხეივნად იქცა, აქ ალვების ჩრდილი და შრიალი მეფობს. თუ თაკარა მზისგან აღარ იწვის მიწა, ხე აკეთებს ასეთს საქმეს სასიკეთოს. როგორ გაიზარდნენ, როგორ დავაჟკაცდნენ. ოცდახუთი წელი დიდი დროა განა? შეხეთ, ალვის ხენი უკვე ზეცას აწვდნენ მთელი ქუჩის გასწვრივ მხედრებივით დგანან. ფესვმაგარო ხენო, იშრიალეთ მარად, დე, წერწეტა ტანით ზეცა გაგეკვეთოთ. თქვენ ხომ საპატიო საქმე დაგევალათ, თქვენ ბავშვებმა დაგრგეს მხოლოდ სასიკეთოდ. ალამაზებთ ქუჩას, ქალაქს, დედამიწას... გსურთ უკვდავყოთ ჩვენი საქმე სასახელო. ჩვენს დაღუპულ შვილთა ნათელ ხსოვნას იცავთ ფესმაგარო ხენო, ტანწერწეტა ხენო! ეს სიტყვები ჩემს პაპასა და მამას შესახებ, ფეისბუქზე განათავსა ხაშურის საპატიო მოქალაქემ და ძალიან კარგმა პოეტმა, ბატონმა მურად მთვარელიძემ, რის გამოცა მთელი ჩვენი ოჯახი მას მადლობას ვუხდით -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 12:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი