![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ეს საკითხი ერთი შეხედვით ყველამ ამომწურავად ვიცით, მაგრამ აღმოჩნდა რომ უმეტესობა საფუძვლიანად არ ვიცნობთ ჩვენივე ეკლესიის წარსულს
![]() მოკლედ გთავაზობთ დავყოთ მთელი ისტორია რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილად და შემდეგ თითოეული მთგანი განვიხილოთ ![]() უდიდეს სამსახურს გაგვიწევთ თუ დადებთ ეკლესიის ისტორიის ამსახველ ძველქართულ ტექსტებს, ნებისმიერი შინაარსისას რასაკვირველია, მოკლედ ვრცლად ვიმსჯელოთ ჩვენს ფესვებზე. დავიწყოთ ქრისტეანობის პირველი ნაბიჯებით საქართველოში. მოქცევაჲ ქართლისაჲ რათა სჯული მამათა ჩუენთა შეუცვალებელ ვჰყოთ და დავამტკიცოთ, და მცნება მოსესი აღვასრულოთ, რათა ახლითა მით სჯულითა რომელ რას-მე გჳქადაგებს არა შეაცთუნნეს უმარტივესნი ვინ-მე სჯულისა ჩუენისანი, ხოლო სიკუდილითა-ცა მისითა შური ვიძიოთ. მაშინ უკუე წარვიდა ელიოზ, კაცი მოხუცებული. ხოლო ესუა მას დედა ტომისაგან ელი მღდლისა, და კუალად ერთი და. ხოლო წარმავალსა მას ევედრებოდა დედა ძესა თჳსსა, ვითარმედ: "წარვედ უკუე შვილო საყუარელო წოდებასა მას მეუფისასა და წესსა სჯულისასა, გარნა ესე ხოლო, რომელსა გამცნებ შენ, დაიმარხენ, ნუ უკუე შეერთჳნ ცნობა შენი განზრახვასა მას მათსა ბოროტსა, და ნუ-ცა ვიდრე-მე ეზიარები დათხევასა სისხლისა მის მისისასა ნუ, შვილო ჩემო, გევედრები, ნუ რამეთუ უეჭუელად უწყოდე, ვითარმედ იგი არს სიტყუა წინასწარმეტყუელთა, რომელსა პირველითგან-ვე მოესწავებოდეს. და წარვიდეს აქათ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. და მუნ დახუდეს ჯუარ-ცმასა უფლისასა და მათ მოიღეს მუნით კუართი უფლისა, ელიოზ მცხეთელმან და ლონგინოზ კარსნელმან, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ქართლისასა. ხოლო რაჟამს-იგი იერუსალემს დამსჭუალვიდეს უფალსა, ცემასა მას კუერისასა სამსჭუალთა ზედა მყის მებრ მას-ვე ჟამსა მცხეთას ჴმა ესმა დედასა ელიოზასსა. ხოლო მან საშინელითა კრჩხიალებითა დაიზახნა და თქუა: "მშჳდობით, მეფობაო ისრაელისაო, რამეთუ უგუნურებით მოკალთ, უბადრუკნო და წარწყმედილნო, უფალი და მაცხოვარი ყოველთა, და იქმენით ბოროტად მკლველ შემოქმედისა თქუენისა. ვაჲ თქუენდა, უბადრუკნო! ვინ-მცა უკუე იპოვა ეგე-ვითარი გლოვა, რომელსა თქუენ ღირს ხართ. ხოლო უფროს-ღა ვაჲ ჩემდა, რამეთუ პირველ სიკუდილისა ჩემისა მსმენელ იქმნეს ყურნი ჩემნი ყოვლისა მწუხარებისა სასმენელსა". და მყის ამას სიტყუასა ზედა მეყუსეულად უკუე შეისვენა დედაკაცმან მან მწუხარებასა და გლოვასა შინა ფრიადსა და მიუთხრობელსა. ხოლო ოდეს კუართსა მას ზედა უფლისასა წილ იგდეს უღმრთო/თა ურიათა ჯუარ-ცმასა უფლისასა, და განგებულებამან ღმრთისამან მიახუედრა მცხეთელთა ურიათა. და წარმოვიდა იერუსალემით ელიოზ და ლონგინოზ, და წარმოიღო კუართი იგი წმიდა. ვითარცა მოიღო ელიოზ მცხეთას, მყის წინა უკუე მიეგება დაჲ იგი მისი გოდებითა და ტირილითა საშინელითა, ცრემლითა შესუარული, და მოეხჳა ყელსა სასურველისა მის ძმისასა. ხოლო ვითარცა იხილა უსასურველესი იგი ყოველთა სასურველთა კუართი მჴსნელისა ჩუენისა, მყის წადიერებით უკუე და სიყუარულით შეიტკბო მკერდსა თჳსსა, და მეყუსეულად სულნი წარჴდეს ნეტარსა მას დედა-კაცსა სამ-სახეთა მათ მიზეზთათჳს: პირველ უკუე უფლისა სიკუდილისა და ვნებისა მისისათჳს; მეორედ, რამეთუ ეზიარა ძმა იგი მისი სისხლსა უფლისასა; ხოლო მესამე, ვინათგან მოეჴსენა დედისა-ცა თჳსისა იგი მწუხარებით სიკუდილი. ვინათგან უკუე ყოველი-ვე მწუხარება ერთბამად შემოუკრბა, ამისთჳს-ცა ძლეულ იქმნა ბუნებისაგან კაცობრივისა და სიკუდილი დაესაჯა ლმობილსა მწუხარებათაგან ფრიადთა. მაშინ უკუე საკჳრველი საქმე იგი დიდი განისმა ყოველსა მას ქალაქსა მცხეთას და ვითარცა საცნაურ იქმნა, მეფესა-ცა და ყოველთა მთავართა, და ყოველსა ერსა და ყოველთა ერთბამად დაუკჳრდა საქმე იგი საშინელი. ხოლო ვითარცა იხილა ადერკი მეფემან წმიდა კუართი იგი, სთნდა უკუე ფრიად შუენიერებისა მისთჳს მისისა სამოსელი იგი შეემოსა შეგინებულსა მას გუამსა თჳსსა. ხოლო საკჳრველებისა მისთჳს და მის მიზეზისათჳს, რომელი-იგი იქმნა, არ-ღა-რა უკუე ინება გამოღებად მკერდისაგან მკუდრისა მის. ხოლო ელიოზ დამარხა დაჲ იგი თჳსი სანატრელითა დამარხვითა. რამეთუ ერთბამად ვითარცა აქუნდა მკერდსა თჳსსა ზედა კუართი იგი, ეგრეთ-ვე დამარხნა. ხოლო წმიდა იგი კუართი წმიდა-ვე უკუე დაშთა, და წმიდა-ვე გიეს ვითარცა პირველ-ვე, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ქართლისასა. და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რაჟამს წილ-იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლად-წმიდასა ღმრთის-მშობელსა წილად ხუდა მოქცევად ქუეყანა საქართველოსა. და ჩუენებით ეჩუენა მას ძე მისი, უფალი ჩუენი, და რქუა: "ჵ, დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთჳს. ხოლო შენ წარავლინე პირველ-წოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა, და თანა-წარატანე ხატი შენი ვითარი-ცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი მკჳდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა". მაშინ რქუა ყოვლად-წმიდამან მოციქულსა ანდრიას: "შვილო ანდრია, დიდად უჩნს სულსა ჩემსა, რომელ ქუეყანასა მას ნაწილსა ჩემსა არა ქადაგებულ არს სახელი ძისა ჩემისა. ოდეს წარვემართე ქადაგებად ძისა ჩემისა ქუეყანასა მას, წილად ჩემდა ხუედრებულსა, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი, და მიბრძანა, რათა შენ წარხჳდე და წარასუენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანასა, ჩემდა წილ-ხდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ, და არა-ვინ მტერთაგანი მძლე ექმნას მათ". რქუა მას მოციქულმან: "ყოვლად-წმიდაო, ნება სახიერისა ძისა შენისა და შენი იყავნ ყოველსა ჟამსა" მაშინ ყოვლად-წმიდამან მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თჳსსა. და გამოისახა ხატი ესე-ვითარი, რომელ წიაღთა თჳსთა ეტჳრთა განჴორციელებული ჩჩჳლი, ყოვლად სახიერი სიტყუა ღმრთისა, რომელ აწ ყოველთა მიერ სახილველ არს ხატი ყოვლად-წმიდისა / აწყუერისა ღვთის-მშობელისა. და მისცა იგი მოციქულსა ანდრიას და რქუა: "მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა თანა-შემწე გეყავნ შენ, სადა-ცა ხჳდოდე, და მეცა თანა-შემწე ვარ ქადაგებასა მაგას, და დიდად შევეწიო მონაწილესა მას ჩემდა ხუედრებულსა". მაშინ დავარდა მოციქული ქუეყანად, და მადლი შესწირა ცრემლითა ყოვლად-წმიდასა, და გამოვიდა მიერ სიხარულით, და წარემართა ქადაგებად სახარებისა. ხოლო ამან ადერკი მეფემან უმატა სიმაგრეთა ქართლისათა, ქალაქთა და ციხეთა, და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა მცხეთისანი, წყლისა იმიერ და ამიერ. და ამის-ვე ადერკის მეფობასა შინა მოვიდეს ათორმეტთა წმიდათა მოციქულთაგანნი ანდრია და / სჳმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმიდა სჳმონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსისასა საზღვარსა ბერძენთასა. ხოლო ანდრია მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა. მოვიდა ... ანდრია ქალაქად ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრელთა, სადა-იგი დაჰყო ჟამი მცირედი, და იხილა უგუნურება პირუტყუებრივი მკჳდრთა შორის მის ქალაქისათა, განვიდა მიერ და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა. რამეთუ კაცნი პირუტყუთა უუგუნურეს იყვნეს და არა იცნობდეს შემოქმედსა ღმერთსა, და ყოველსა საძაგელსა და არა-წმიდასა წესსა აღასრულებდეს, რომელი სათქმელადა-ცა უჯერო არს. და მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი დაითმინნა ურწმუნოთაგან, და შეწევნითა ღმრთისათა და წმიდისა მის ხატისათა ყოველნი-ვე მადლობით მოითმინნა, ვიდრემდის ყოველნი-ვე მოაქცივნა და მოიყვანნა სარწმუნოებად. რამეთუ ადგილსა, რომელსა დაასვენა ხატი ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისა, აღმოეცენა წყარო ფრიად შუენიერი და დიდი, რომელი-იგი ვიდრე დღეს-ცა დაუწეუედელად აღმოსდის. და შემოკრბეს ყოველნი-ვე ყოვლით-კერძო მკჳდრნი მის ქუეყანისანი, და ნათელ-სცა ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, და დაადგინნა მღუდელნი და დიაკონნი, და დაუდვა წესი და საზღუარი სარწმუნოებისა და აღაშენეს ეკკლესია შუენიერი სახელსა ზედა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისასა. და ვითარცა ენება წმიდასა მოციქულსა მიერ წარსლვა, ევედრებოდეს და არა უტევებდეს წარსლვად, არამედ ეტყოდეს: "უკეთუ შენ წარხვალ, ხატი ეგე ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა აქა დაგჳსვენე, სასოდ და მცველად ჩუენდა". ხოლო წმიდამან მოციქულმან ანდრია შექმნა ფიცარი მსგავსი ზომისა და დასდვა ხატსა მას ზედა. და მეყუსეულად გამოისახა სახე უცვალებელი ხატისა მის და მისცა იგი მათ. ხოლო მათ სიხარულით შეიწყნარეს და დაისვენეს ეკკლესიასა შინა თჳსსა პატივით, რომელი-იგი ვიდრე დღეს-აქამომდე ჰგიეს. ხოლო წმიდასა მოციქულსა მისცეს მშჳდობა და მოწლედ მოიკითხეს, ამბორს-უყვეს და წარმოგზავნეს. ხოლო იგი წარმოემართა და გარდამოვლო მთა, რომელსა ეწოდების რკინის-ჯუარი, და თქმულ არს, ვითარმედ ჯუარი იგი თჳთ ნეტარისა ანდრიას / მიერ აღმართებულ არს. ხოლო ვითარცა შთავლო ხევი ოძრახისა და მოვიდა საზღუართა სამცხისათა, დაივანა სოფელსა, რომელსა ეწოდების ზადენ-გორა. მიხედნა მოციქულმან და იხილნა კაცნი მის ადგილისანი რამეთუ უზორვიდეს კერპთა ყრუთა, და ილოცა მოციქულმან წმიდისა მის ხატისა მიმართ. და ყოველნი იგი კერპნი დაემხუნეს და შეიმუსრნეს. ხოლო წმიდა მოციქული წარმოემართა და მოიწია აწყვერს, რომელსა პირველად ეწოდებოდა სოსანგეთი, და პირისპირ საქრისი. და დაივანა ადგილსა ერთსა, სადა იგი იყო ტაძარი საკერპო, რომელსა აწ ძველ-ეკკლესია ეწოდების, და მას შინა იმსახურებოდეს კერპნი მათნი. ხოლო მთავრობდა მაშინ დედა-კაცი ვინ-მე ქურივი სამძივარი, რომელსა ერთი ოდენ ძე ესვა და ყოველი სასოება მისი მისსა მიმართ მოძრავობდა, და მას ოდენ ჟამსა მომკუდარ იყო. და იყო ვაება ტირილისა და შფოთი ფრიად მრავალი. და ღამესა მას იხილეს ციხითგან ნათელი დიდი, სადა ესვენა ხატი ყოვლად წმიდისა, განკჳრდეს ფრიად ვინაობასა მათსა. და რა განთენდა, მსწრაფლ წარმოგზავნნეს კაცნი, რათა-მცა იხილონ თუ ვინ არიან, ანუ რაჲ არს. და ვითარცა იხილეს კაცთა მათ წმიდა მოციქული და ხატი ყოვლად-წმიდისა, მსწრაფლ წარვიდეს და აუწყეს ქურივსა მას დედა-კაცსა, ვითარმედ: "უცხონი ვინ-მე კაცნი არიან, და უცხოსა ღმერთსა ქადაგებენ შემოქმედად და დამბადებელად, და სიცოცხლესა (!) კაცთასა მომნიჭებელად, და მკუდართა აღმადგინებელად, და ჰყავს მათ ხატი შუენიერი და მას პატივს-სცემენ. ვითარცა ესმა სიტყუა ესე მკუდართა აღდომისა დედა-კაცსა მას, განკჳრდა და მცირედ რა-მე ნუგეშინის-ეცა გულსა მისსა, წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად მოციქულისა, რომელი ვითარცა მივიდა. ჰრქუა დედა-კაცმან, ვითარმედ: "ვინ ხართ. ანუ სადა მოხვალთ, ანუ რაჲ არს უცხო ეგე მოძღურება თქუენი, რომელსა იტყჳთ, რამეთუ არა-სადა სმენილ არს ეგე-ვითარი თხრობა". მიუგო წმიდამან მოციქულმან და ჰრქუა: "მოვალ წმიდით ქალაქით იერუსალემით, სადა დასდგეს ფერჴნი უფლისანი, გოლგოთას და ბეთლემს, ცათა მობაძავთა, და მონა ვარ და მოციქული უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელი წამის-ყოფით აღადგენს მკუდართა, და მას ვექადაგებ ღმერთად და უფლად და მპყრობელად ყოველთა დაბადებულთა. და რომელსა ჰრწმენეს იგი და ნათელს-იღოს სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ყოველი რა-ოდენი ითხოვოს სარწმუნოებით მიეცემის, და ყოველთა სენთაგან განიკურნების". ხოლო ვითარცა ესმა ესე დედა-კაცსა, დავარდა ქუეყანად და ჰრქუა ცრემლით მოციქულსა: "შეიწყალე სიქურივე ესე ჩემი და უბადრუკება; ვინათგან მონა ხარ მკუდართა აღმადგინებელისა, ილოცე ღმერთისა შენისა მიმართ, და მიანიჭე შვილსა ამას ჩემსა სიცოცხლე, და ყოველი რა-ოდენი მიბრძანო, გისმინო, და არა ურჩ გექმნე. უკეთუ ძე ჩემი აღდგომილი ვიხილო. რამეთუ ესე მხოლო მივის და სხუა არა". ხოლო წმიდამან მოციქულმან მიუგო და ჰრქუა: "უკეთუ გრწმენინ იესო ქრისტე, / ძე ღმერთისა, ჭეშმარიტი ღმერთი, რომელი იქადაგების ჩუენ მიერ, რა-ოდენი-ცა-რა ითხოვო სარწმუნოებით, ყოველი-ვე მოგეცემის მის მიერ. ხოლო დედა-კაცსა მას ვითარცა ესმა ესე, აღივსო სიხარულითა, და ცრემლით ჰრქუა მოციქულსა მას: "ჵ, მონაო ჭეშმარიტისა ღვთისაო, ჭეშმარიტად მრწამს და აღვიარებ იესო ქრისტესა, რომელსა შენ ქადაგებ, არამედ შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა". ხოლო მოციქულმან გამოასხა ყოველი იგი ერი და მგოსნები, და არა-ვინ უტევა მუნ, გარნა ქურივი იგი და მცირენი საკუთარნი მისნი, და მიიქუა ჴელთა ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობელისა, და დაასვენა ცხედარსა მას ზედა, სადა იდვა ყრმა იგი. და იწყო ლოცვად და ვედრებად ღვთისა მიმართ ჴელ-აღპყრობით. და შემდგომად ლოცვისა უპყრა ჴელი ყრმასა მას და, ვითარცა ძილისაგან, ეგრეთ აღადგინა იგი და მისცა დედასა მისსა. და ვითარცა იხილეს ყოველთა უცხო ესე სასწაული, განკჳრდეს ფრიად და თქმად რასა-მე უღონო იყვნეს. ხოლო დედაკაცმან ვითარცა იხილა ძე თჳსი განცოცხლებული, სიხარულით აღსდგა და დავარდა ფერჴთა თანა მოციქულისათა, ცრემლით თაყვანის-სცა და მადლი შესწირა, და ჰრწმენა უფალი იესო ქრისტე, და ნათელს-იღო დედა-კაცმან ძითურთ და ყოვლით სახლეულით თჳსით. და მსწრაფლ წარავლინნა მონანი თჳსნი, და წარსცა წიგნები სამცხისა მთავართა მიმართ, და მიუწერა ესრეთ. "აჰა, ქურივი გახარებ, ძმანო, სიხარულსა დიდსა ყოველთა ერთა. მო-ვინ-მე-ვიდა კაცი ერთი უცხოსა ქუეყანისაგან, რომელი უცხოსა ღმერთსა ქადაგებს, და ჰყავს მას ხატი ზეცისა, რომელმან ძე ჩემი მომკუდარი აღადგინა. აწ უკუე მსწრაფლ მოვედით, რათა უმჯობესი წესი და სჯული გამოვარჩიოთ და ვსცნათ, თუ რაჲ ჯერ არს. და ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკჳრველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით-კერძო, და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი ვიდრემდის აღივსო ველი იგი საქრისისა. და განუკჳრდა ყოველთა, იხილეს რა ძე იგი ქურივისა აღდგომილი მკუდრეთით. ხოლო იყო ქალაქსა მას შინა ბომონი საკერპო, რომელსა შინა იმსახურებოდეს ბილწნი ღმერთნი მათნი, არტემი და აპოლონ. და ვითარცა იხილეს საქმე ესე მღუდელთა მათ სიცრუვისათა, აღივსნეს შურითა და იწყეს ცილობად და წინა-აღმდგომად მოციქულისა, ეგრეთ-ვე ერი იგი რომელნი-მე იტყოდეს: "ჯერ არს თაყვანის-ცემად რომელმან ესე-ვითარი სასწაული აღასრულა", ხოლო რომელნი-მე იტყოდეს ვითარმედ: "აპოლონ და არტემი არიან დიდნი ღმერთნი". და იყო ცილობა და შფოთი მათ შორის, ვიდრემდის ესე-ვითარი საქმე და ბჭობა დაამტკიცეს თანა-მოწამებითა ყოვლისა ერისათა. და ჰრქუა: "განაღეთ კარი საკერპოჲსა მაგის ტაძრისა, და შევასვენოთ ჩუენ ხატი ესე შუა კერძო კერპთა თქუენთა და დავბეჭდოთ ზოგად ორთა-ვე კარსა ზედა, და მცველნი დაადგინენით, და ილოცეთ თქუენ ღამესა ამას ღმერთთა მიმართ თქუენ/თა. ხოლო ჩუენ ვილოცოთ იესო ქრისტეს, ჭეშმარიტისა ღვთისა ჩუენისა მიმართ, და ვიხილოთ ჩუენ განთიად: უკეთუ სძლოს ღმერთმან თქუენმან, მისი ჯერ იყოს თაყვანის-ცემა; ხოლო უკეთუ სძლოს ღმერთმან ჩუენმან, მას თაყვანის-ვცეთ ყოველთა". და დაასკუნეს ესე ესრეთ. შეასვენეს ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა შუა კერპთა მათთა და დაბეჭდეს კარსა ზედა, და მცველნი დაადგინნეს და იწყეს ლოცვად მღუდელთა მათ სიცრუვისათა.და წმიდამან ილოცა ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტისა ღვთისა ჩუენისა. და ვითარცა განთენა და განაღეს კარი საკერპოსა, იხილნეს ყოველნი კერპნი მათნი ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი. ხოლო ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა. მაშინ მღუდელნი იგი კერპთანი აღივსნეს სირცხჳლითა, და უმეცრებისა მათისათჳს შენდობასა ითხოვდეს მოციქულისაგან. და ყოველმან ერმან მადლობისა ხმა აღმოუტევეს და თქუეს, ვითარმედ: "დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთა, რომელსა მოციქული ანდრია ქადაგებს". და ჰრწმენა ყოველთა უფალი ჩუენი იესო ქრისტე და სიხარულით ნათელს-იღეს ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა. და იქმნა სიხარული დიდი მას დღესა შინა ყოვლისა მის ერისა, და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან იჴსნა იგინი ხელთაგან ეშმაკისათა. ხოლო წმიდა მოციქულსა ენება კუალად წარსლვა სხუათა-ცა ქალაქთა და სოფელთა ქადაგებად სახარება ქრისტესი. ხოლო დედა-კაცი იგი და ზოგად ყოველი ერი ევედრებოდეს, რათა არა განეშოროს მათგან, არამედ დღითი-დღე ასწავებდეს წესსა სჯულისასა. და მოციქული-ცა ერჩდა მათ და ჟამ რა-ოდენ-მე დაადგრა მათ თანა, და ასწავა მათ ყოველი წესი სჯულისა და სარწმუნოებისა და დაუდგინნა ეპისკოპოსი, მღუდელნი და დიაკონნი, და კუალად განემზადა ქადაგებად სახარებისა. და კუალად-ცა ევედრნეს ქურივი იგი დედა-კაცი და სრულიად მესხნი, რათა არა განეშოროს მათგან. ხოლო წმიდამან ანდრია მიუგო და ჰრქუა: "სხუათა-ცა ქალაქთა და სოფელთა ჯერ არს ჩემდა ქადაგებად სახარება უფლისა" ხოლო მათ ჰრქუეს: "უკეთუ წარხვალ, ხატი ეგე ყოვლად-წმიდისა აქა დაგჳსვენე სასოდ და მცველად ჩუენდა" მიუგო მოციქულმან და ჰრქუა, ვითარმედ: "ხატი ესე თჳთ ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა პირსა ზედა დადებით გამოსახულ არს". და მიუთხრა ყოველი-ვე შემდგომითი-შემდგომად, ვითარ-იგი შემდგომად ამაღლებისა უფლისა წილ-იგდეს წმიდათა მოციქულთა ყოველი ქუეყანა მოსაქცეველად, და ვითარ-იგი ყოვლად-წმიდასა ღვთის-მშობელსა წილ-ხუდა ქუეყანა ესე სამცხისა, და მის მიერ წარმოგზავნილი არს აქა ხატი იგი სასოდ და მცველად წილ-ხდომილთათჳს და ჯერეთ-ცა ეგრეთ არს, რათა დაესვენოს აქა მკჳდრად უკუნისამდე ჟამთა. და ვითარცა ესმა ესე მოციქულისაგან ქურივსა მას და მესხთა, უმეტესითა სიხარულითა აღივსნეს, ცნეს რა წილ-ხდომა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა, მადლი შესწირეს ქრისტესა და უბიწოდ მშო/ბელსა მისსა, და უმეტესი სიყუარული და სურვილი სურვილსა ზედა შესძინეს წმიდისა ამის ხატისა, და ცრემლითა სიხარულით ადიდებდეს მას. და დაასვენეს ყოვლად დიდებული ხატი ყოვლად წმიდისა აწყვერის ღვთის-მშობლისა მცირესა მას ეკუდერსა, რომელსა აწ ძველ-ეკლესიად სახელ-სდებენ. ხოლო წმიდამან მოციქულმან ანდრია მოიკითხნა ყოველნი სიმდაბლით და სიყუარულით, მისცა მშჳდობა და წარემართა სხუათა-ცა ადგილთა ქადაგებად სახარებისა. ხოლო ვითარცა ესმა მეფესა ადერკის მეგრელთაგან სჯულისა დატევება, განუწყრა და წარავლინნა ერის-თავნი მისნი, და იძულებით კუალად-ვე მიაქცივნა მეგრელნი. და დამალნეს ხატნი და ჯუარნი, და შერისხნა მეფე ადერკი ერის-თავსა კლარჯეთისასა, რომელ მშჳდობით განუტევა ანდრია მოციქული. ხოლო ვითარცა აღესრულა დღე-სასწაული მარტჳლისა, წარმოვიდა მუნით დიდებული ანდრია სხუათა მათ თანა მოციქულთა, მოვიდოდეს ქალაქითი-ქალაქად და სოფლითი-სოფლად, ასწავებდეს ერთა და იქმოდეს სასწაულთა, და ესრეთ მიიწივნეს ქუეყანასა ქართლისასა. და მერმე წარვლეს ტაოს კერძი ქუეყანა და ვიდრე მდინარედ ჭოროხადმდე, ყოველი იგი სოფლები მის კერძისა მოვლეს, და დაუცადებელად ქადაგებდეს სახელსა ღვთისასა. და ესრეთ ქადაგებითა მიიწივნეს სვანეთისა ქუეყანასა. მას ქუეყანასა მთავრობდა დღეთა მათ დედა-კაცი ვინ-მე მთავარი, რომელსა ჰრწმენა ქადაგება მოციქულთა. და მატათა სხუათა მათ თანა მოწაფეთა დაშთა მათ კერძოთა. ხოლო დიდი ანდრია სიმონითურთ შევიდა ქუეყანასა ოვსეთისასა, და მიიწია ქალაქად, რომელსა ეწოდებოდა ფოხტაფორი, სადა იგი დიდი სასწაული ქმნეს და მრავალნი ერნი მოაქცივნეს და განანათლნეს, მიერ წარვიდეს და შევიდეს ქუეყანასა / აფხაზეთისასა და სევასტე ქალაქად მივიდეს, რომელსა აწ ეწოდება ცხუმი. და უქადაგეს სიტყუა ღვთისა, და მრავალთა შეიწყნარეს. და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრია სიმონ კანანელი სხუათა თანა მოწაფეთა და თავადი ჯიქეთისა ქუეყანად აღვიდა. ხოლო კაცნი მის ქუეყანისანი ჯიქნი იყვნეს კაცნი ფიცხელნი გულითა და საქმეთა შინა ბოროტთა განფრდილნი, ურწმუნონი და უმღებნი. რომელთა არა შეიწყნარეს ქადაგება მოციქულისა, არამედ ენება მოკლვა მისი. ხოლო მადლმან ღვთისამან დაიცვა და იხილა რა მიუდრეკელობა ეათი და პირუტყუებრივი გონება. დაუტევა და წარვიდა. ამისთჳს-ცა ვიდრე აქამომდე ურწმუნოებასა შინა არიან. / ხოლო სიმონ კანანელისა საფლავი არს ნიკოპს ქალაქსა, შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისა, რამეთუ მუნ აღესრულა წმიდა სჳმონ კანანელი. ხოლო კუალად განამტკიცნა წმიდამან ანდრია მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკჳთედ. ხოლო ამის-ვე ადერკის მეფობასა გამოჩნდა კუალად მეფობა სპარსეთისა. რამეთუ რათგან შესრულ იყო ალექსანდრე და განერყუნა სპარსეთი, აქა ჟამადმდე არღარა დაჯდომილ იყო მეფე სპარსეთს, რამეთუ ადგილთა და ადგილთა იყვნეს ერის-თავნი სპარსეთისა. მაშინ შეკრბეს ერის-თავნი სპარსეთისანი და დასუეს მეფედ აჟღალან ბრძენი. მაშინ სომეხნი და ქართველნი იყვნეს მორჩილ აჟღალანისი სპარსთა მეფისა, და ვიდრე ადერკის მეფობამდე ერთი დაჯდის ქართველთა მეფედ, რაზომ-ცა მრავალნი იყვნიან შვილნი მეფეთანი. ხოლო ამას ადერკის ესხნ/ეს ორნი ძენი, რომელთა ერქუა სახელად ერთსა ბარტომ და მეორესა ქართამ. და ამათ განუყო ყოველი ქუეყანა თჳსი: მისცა ქალაქი მცხეთა და ქუეყანა მტკუარსა შიდა ქართლი, მუხნარით კერძი ქალაქი / და ყოველი ქართლი მტკუარსა ჩრდილოეთი, ჰერეთითგან ვიდრე თავადმდე ქართლისა და ეგრისისა - ესე ყოველი მისცა ბარტომს ძესა თჳსსა, ხოლო არმაზით კერძი ქალაქი, მტკუარსა სამხრით ქართლი, ხუნანითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, და კლარჯეთი ყოველი მისცა ქართამს ძესა თჳსსა. და მოკუდა ადერკი. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
უჩა |
![]() ![]()
პოსტი
#2
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში
საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა. ქრისტიანობამ საქართველოში I საუკუნიდან დაიწყო შემოსვლა. ლეგენდის თანახმად როდესაც მოციქულები ინაწილებდნენ ქვეყნებს, სადაც უნდა გაევრცელებინათ ქრისტიანობა, საქართველო წილად ხვდა მარიამ ღვთისმშობელს. ამიტომ ითვლება საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოს მფარველად. მაცხოვრის ნებით ღვთისმშობელი იერუსალიმში დარჩა, საქართველოში კი გაემგზავრა ანდრია პირველწოდებული, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. წმიდა მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, რომელიც ინახავდა ძველი აღთქმის დიდ საუნჯეს წინასწარმეტყველ ელიას ხალენს, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს, და ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს იესო ქრისტეს უკერავ კვართს, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში, სადაც თვითონ ცხოვრობდა. მოციქულმა ანდრიამ იქადაგა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დაბა აწყვერში (ქართლის სამეფო), ქადაგებისა და ხალხის მოქცევის შემდეგ მან აქ დატოვა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც შემდეგში საუკუნეების განმავლობაში ესვენა აწყვერის (აწყურის) საკათედრო ტაძარში. დასავლეთ საქართველოში მოციქულ ანდრიასთან ერთად ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა მოციქული სვიმონ კანანელი, რომელიც აქვე სოფ. კომანშია დაკრძალული. ქართულმა მიწამ მიიბარა კიდევ ერთი მოციქული წმ. მატათა; იგი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქადაგებდა და დაკრძალულია გონიოში, დღევანდელი ბათუმის ახლოს. უძველესი ქრისტიანული წყაროები მიუთითებენ ასევე მოციქულების ბართლომესა და თადეოზის ყოფნას აღმოსავლეთ საქართველოში. მოციქულების მიმოსვლას და მათ ქადაგებას საქართველოში ადასტურებენ, როგორც ადგილობრივი, ქართული ქრონიკები, ასევე ბერძენი და ლათინი საეკლესიო ავტორები: ორიგენე (II - III ს.ს.), დოროთე ტირელი ეპისკოპოსი (IV ს.), ეპიფანე კვიპროსელი ეპისკოპოსი (IV ს.), ნიკიტა პაფლაგონელი (IX ს.), ეკუმენი (X ს.) და სხვ. საქართველოში I - III ს.ს. ქრისტიანული თემების და ეკლესიის არსებობას ადასტურებს არქეოლოგიური მასალა. II ს. წმიდანის ირინეოს ლიონელის ნაწერებშიც ქრისტიან ხალხებს შორის მოიხსენიება იბერიელებიც, ე. ი. ქართველები. * * * * * * * ქრისტიანობის საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ცნობა სახელმწიფო სარწმუნოებად ქრისტიანობა ქართლში (იბერიაში) გამოცხადდა IV საუკუნეში. ქართველი ერის ისტორიაში მოვლენა დაკავშირებულია მოციქულთასწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს, წმ. მეფე მირიანის და წმ. დედოფალ ნანას სახელებთან. თქმულების თანახმად, წარმოშობით კაბადოკიელი, წმიდა გიორგის ახლო ნათესავი, წმიდა ნინო იერუსალიმიდან მოვიდა ქართლში, რათა ღვთისმშობლის ნება აღესრულებინა და (რაც მათ გამოცხადებით ეუწყა) წმიდა მოციქულთა შემდეგ, კიდევ ერთხელ ექადაგა და განემტკიცებინა ქრისტიანობა ამ მხარეში. წმიდა ნინოს მადლითა და სიტყვის ძალით ქრისტიანობა მიიღო ჯერ ქართლის დედოფალმა ნანამ, ხოლო შემდეგ - მეფე მირიანმა. მეფე მირიანის თხოვნით რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა მეფის, მისი ოჯახის და ერის ნათლისღებისათვის ქართლში გამოგზავნა სასულიერო პირები, ეპისკოპოს იოანეს მეთაურობით. სასულიერო პირთა მოსვლამდე ქართლის დედაქალაქ მცხეთაში. იქ, სადაც დამარხული იყო კვართი უფლისა, დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. აქ დგას თორმეტი მოციქულის სახელზე აგებული საკათედრო საპატრიარქო ტაძარი - სვეტიცხოველი. ქართლის სამეფოს ოფიციალური გაქრისტიანების შემდეგ იმპერატორმა კონსტანტინემ და წმ. ელენემ საქართველოში გამოგზავნეს წმ. ელენეს მიერ მოპოვებული ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი და ფიცარი, რომელზეც ჯვარცმისას იდგა უფალი, აგრეთვე სამსჭვალნი და მაცხოვრის ხატი. საქართველოს ეკლესია ქართლის სამეფოში სასულიერო პირების მოსვლასა და ერის ნათლისღებას ათარიღებს 326 წლით. ამ დათარიღებას მხარს უჭერს V საუკუნის ისტორიკოსის სოზომონე სალამანელის "საეკლესიო ისტორია", სადაც აღნიშნულია, რომ ქართველთა ოფიციალური გაქრისტიანება მოხდა ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების (325 წ.) დამთავრების შემდეგ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქაც ქრისტიანობის საყოველთაო გავრცელება და ეკლესიის არსებობა IV საუკუნის I ნახევარში ეჭვგარეშეა, _ რასაც ადასტურებს ბიჭვინთის ეპისკოპოსის სტრატოფილეს მონაწილეობა ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოში ქრისტიანობა იქცა ძირითად რელიგიად. VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი აღნიშნავს, რომ იბერები "ქრისტიანები არიან და ამ სარწმუნოების წესებს ყველა იმათზე უკეთ იცავენ, რომელთაც ჩვენ ვიცნობთ." * * * * * * * ქართული ქრისტიანობა შუა საუკუნეებში ქართველებისთვის საუკუნეთა მანძილზე სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გაიგივებული იყო მართლმადიდებლობის დაცვასთან. ბევრმა თავიც შესწირა ქრისტიანობის დაცვას. მსოფლიო ისტორიამ არ იცის ქრისტიანობიათვის თავგანწირვის ისეთი მაგალითი, როდესაც ერთდროულად 100 000 ადამიანმა დაიდგა წამებულის გვირგვინი. საქართველოს დედაქალაქის, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ უარი თქვა შეესრულებინა ხორეზმ-შაჰის ჯალალ ად-დინის ბრძანება - ხიდზე პირაღმა დადებული მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები გაეთელათ და ზედ დაეფურთხებინათ. პასუხად 100 000 ქართველი ქრისტიანის ქალისა და კაცის, ბავშვისა და მოხუცის მოკვეთილი თავი. ეს მოხდა 1226 წელს. 1386 წელს თემურ-ლენგის ურდოებმა ამოწყვიტეს ქვაბთახევის დედათა მონასტრის მონოზვნები. 1616 წელს ირანის შაჰის აბაზ I შემოსევის დროს მოწამეობრივად აღესრულა დავით გარეჯის მონასტრის 6 000 ბერი. არაბ დამპყრობთა მიერ წამებული არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები (VIIIს), მაფე არჩილი (VIIIს), მონღოლთა მიერ სიკვდილით დასჯილი მეფე დიმიტრი II (XIIIს), სპარსელთა მიერ მოკლული მეფე ლუარსაბ II (XVIIს) და სპარსელთა მიერვე ნაწამები დედოფალი ქეთევანი (XVIIს)- აი არასრული სია ამ წმიდანებისა. ქრისტიანობის სახელმწიფი რელიგიად გამოცხადების დროიდან საქართველოს ეკლესია, მიუხედავად ქვეყნის ტრაგიკული ისტორიისა დიდ აღმშენებლობით და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. საქართველოს ტერიტორია დაფარულია უამრავი ეკლესიითა და მონასტრით. მარტო წმ. გიორგის სახელზე, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა საქართველოში და ქართველთა მფარველად ითვლება, ასობით ტაძარია აგებული. ბევრი ეკლესია და მონასტერი იქცა განათლებისა და კულტურის ცენტრად. XII ს-ის დასაწყისში საქართველოს გამაერთიანებელმა დიდმა მეფემ წმ. დავით აღმაშენებელმა დაარსა გელათის მონასტერი (ქ. ქუთაისთან ახლოს) და აქვე აკადემია, რომელიც მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში აღიარებული იყო ღვთისმეტყველების და საერთოდ განათლებისა და მეცნიერების კერად. ამავე პერიოდში მოქმედებდა განათლების მეორე ცნობილი ცენტრი_იყალთოს აკადემია. წმ. მეფე დავით აღმაშენებლის არის დაკავშირებული ასევე 1103 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევა, რომელმაც განიხილა ქვეყნისა დაეკლესიის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხები. დაწყებული V საუკუნიდან, როდესაც შეიქმნა I ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები (წმ. ნინოს ცხოვრება, წმიდა დედოფალი შუშანიკის წამება), ქართველმა ხალხმა შექმნა უნიკალური ქრისტიანული ლიტერატურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველთა მიერ შექმნილი ქრისტიანული ხელოვნება. საუკუნეების მანძილზე ეროვნულ ტრადიციებზე დაყრდნობით საქართველოში განვითარდა თავისთავადი საერო და სატაძრო არქიტექტურა, რომლის მრავალი ნიმუში მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ძეგლებადაა აღიარებული. სატაძრო არქიტექტურასთან ერთად ბრწყინვალე განვითარებას მიაღწია მონუმენტურმა მხატვრობამ _ ფრესკამ, მოზაიკამ. ბიზანტიური მხატვრობის საერთო ევოლუციაში ორიგინალურმა ქართულმა ფრესკულმა ხელოვნებამ ღირსეული ადგილი დაემკვიდრა. ქართველები ეკლესია_მონასტრებს აგებდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც პალესტინაში, სირიაში, კვიპროსზე, საბერძნეთში, ბულგარეთში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯვრის მონასტერი იერუსალიმში (ამჟამად იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს იურისდიქციაში), წმ. იაკობისა იერუსალიმშივე (ამჟამად იერუსალიმის სომხური ეკლესიის იურისდიქციაში), ივერონი ათონის მთაზე (ამ მონასტერთან არის დაკავშირებული ივერიის ღვთისმშობლის სახელგანთქმული, საკვირველმოქმედი ხატი), პეტრიწონის (ახლანდელი ბაჩკოვოს) მონასტერი ბულგარეთში. სხვადასხვა დროს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობდნენ მთელი საქრისტიანოსათვის ცნობილი ქართველი ღვთისმეტყველები, ფილოსოფოსები, მწერლები და მთარგმნელები პეტრე იბერი, ეფრემ მცირე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები (ათონელები), იოანე პეტრიწი და სხვ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის ისევე, როგორც მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის ურთიერთობას წმ. მიწასთან დაკერძოდ იერუსალიმთან. ამ წმიდა ქალაქთან დაკავშირებული არაერთი სახელწოდება, ტოპონიმი თუ ონომასტიკა გვხვდება საქართველოში და განსაკუთრებით ქართლის უძველეს დედაქალაქ მცხეთაში. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებიდანვე ქართველი მეფე-მთავრები აშენებდნენ იერუსალიმში ეკლესია-მონასტრებს, ზრუნავდნენ დანგრეულის აღდგენაზე, სწირავდნენ უზარმაზარ ქონებას. საქართველოსთან და მის მეფე გიორგი V არის დაკავშირებული XIV საუკუნეში მუსლიმთა ხელში მყოფი იერუსალიმის ქრისტიანული მოსახლეობის უფლებების აღდგენა. მონღოლთა უღლისაგან ქართველთა განმათავისუფლებელი და საქართველოს მთლიანობის აღმდგენი მეფე გიორგი V დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა არა მარტო საქართველოში, არამედ მუსლიმურ სამყაროში. გიორგი V თხოვნით ეგვიპტის სულთანმა გააუქმა ქრისტიანების დასამცირებლად შემოღებული წესი _ ცხენზე ორივე ფეხის ერთ მხარეზე გადადებით მჯდომარის ქალაქში შესვლა. ამიერიდან მათ უფლება მიეცათ ჩვეულებრივ მჯდარიყვნენ ცხენზე და იერუსალიმში გაშლილი დროშებით შესულიყვნენ. გიორგისვე თხოვნით ქრისტიანებს დაუბრუნდათ მამლუქების ხელში მყოფი მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, ხოლო ქართველებს ქრისტიანთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ტაძრის კლიტენი. რადენიმე წლით ადრე მეფე დავით VIII დროს ქართველებს დაუბრუნდათ მამლუქების ხელში ჩავარდნილი და მეჩეთად ქცეული ჯვრის მონასტერი. იერუსალიმის ჯვრის ქართულ სავანესთან არის დაკავშირებული დიდი ქართველის პოეტის შოთა რუსთაველის (XII ს.) და ქრისტესთვის წამებული ორი ქართველი წმინდანის ლუკა იერუსალიმელის (აბაშიძის) და ნიკოლოზ დვალის სახელები. IV საუკუნის ოციანი წლებიდან ქართლის ეკლესია ანტიოქიის სამოციქულო კათედრის იურისდიქციაში შედიოდა. V საუკუნის 60-70-_იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასლის დროს და მისი თხოვნით, ბიზანტიის იმპერატორისა და კონსტანტინეპოლის პატრიარქის შუამდგომლობით, ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას თვითმართველობა (ავტოკეფალია) მიანიჭა, ხოლო მცხეთის ეპისკოპოსი აღყვანილ იქნა კათალიკოსის პატივში. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) ეკლესია კონსტანტინეპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა. IX საუკუნეში აქაც საკათალიკოსო მმართველობა იქნა შემოღებული. XI საუკუნის დასაწყისში საქართველოს ერთიანი მონარქიის შექმნის პროცესში მცხეთის (ქართლის) კათოლიკოსი აღყვანილ იქნა პატრიარქის ხარისხში. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქი ატარებდა მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულს. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის ან ბიჭვინთის)კათოლიკოსი ყოველთვის აღიარებდა მცხეთელი პატრიარქის პრიმატს. 1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. 1917 წლის მარტში საქართველოს სამღვდელოებამ აღადგინა ეკლესიის ავვტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველ კათოლიკოს-პატრიარქათ არჩეულ იქნა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ეპისკოპოსი კირიონი. 1989 წელს V საუკუნიდან არსებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ოდითგანვე არსებული საპატრიარქო პატივი საქართველოს კათოლიკოსისა დაადასტურა მსოფლიო საპატრიარქომ. 1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია უწმინდესი და უნეტარესი ილია II. უი შემეშალა ეს თემა საქართველოს ისტორიაში უნდა გამეხსნა ალბად. თუ საჭიროდ ჩათვლით გადაიტანეთ რა საქართველოს ისტორიაში. მემგონი იკ უფრო შესაპერისი ადგილია ამ თემის ![]() -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 06:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი