![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ხშირად ვფიქრობ სულიერი ცხოვრების ისეთ ავადობაზე, როგორიცაა ხიბლი. მინდა ჩემს ქრისტესმიერ დებსა და ძმებსაც გაგიზიაროთ აზრები და თქვენც გამოთქვათ მოსაზრებანი. წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: " ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ." ეს რომ გავიგოთ, საჭიროა გავიაზროთ ის, რომ ძველი მოღვაწენი დიდ ყურადღებას აქცევდნენ განცდას თვისთა ცოდვათას.სისოი დიდთან მივიდა ერთი ბერი და უთხრა: მე სულ მახსოვს ღმერთიო, რაზედაც წმინდანმა უპასუხა, რომ ამაზე უფრო დიდი ისაა, დაინახო საკუთარი თავი ყველა ქმნილებაზე უღირსად (რასაკვირველია, სწორად თუ მივუდგებით ამ საკითხს, სასოწარკვეთაში არ ჩავვარდებით).
ადამიანთა უმრავლესობა ვერ გრძნობს თავის ცოდვილ ბუნებას და ამდენად არც სინანული აქვს. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ხიბლში არიან. ჩვენც, დედაეკლესიის შვილები, არ ვართ ღრმა სინანულში, ამდენად ჩვენც ხიბლში ვიმყოფებით. განა გულის სიღრმეში რომ შევიხედოთ , არ მოგვაჩნია, რომ "რაღაც" ვართ. მაშ თუ ასე არ არის, რატომ არ ვითმენთ შურაცხყოფას, აბუჩად აგდებას.. გულში ხომ ვგონია, რომ ვიღაცაზე უკეთესი ვართ ან ვიღაც ჩვენზე უარესია.. რას ნიშნავს თქვენთვის "ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ?" ან როგორ ახსნიდით საყოველთაო ხიბლსა და პირადულს? |
![]() ![]() |
lado s |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-December 06 წევრი № 738 ![]() |
წმიდა მამები ხიბლის შესახებ [b]წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ხიბლი ადამიანური ბუნების სიცრუით დაზიანებაა. ყოველი ადამიანი ხიბლის მდგომარეობაშია, რაც ჩვენი პირველმშობლების დაცემით არის გამოწვეული. ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ. ამის ცოდნა უდიდესი დაცვაა ხიბლისაგან. უდიდესი ხიბლია – თავი ხიბლში მყოფად არ მიგაჩნდეს. ჩვენ ყველანი მოტყუებულნი ვართ, ყველანი ცთუნებულნი ვართ, ყველანი სიცრუეში ვიმყოფებით, ყველას გვესაჭიროება ჭეშმარიტების მიერ გათავისუფლება. ჭეშმარიტება – უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. ამ ჭეშმარიტებას მისადმი რწმენით შევეთვისოთ, ლოცვით შევღაღადოთ ამ ჭეშმარიტებას და იგი გამოგვიყვანს დემონური საცთურების უფსკრულიდან. როგორც გონებით არასწორ მოქმედებას შევყავართ ცთუნებასა და ხიბლში, ზუსტად იგივე ხდება გულით არასწორი მოქმედების დროსაც. უგუნური ამპარტავნებით არის აღვსილი სულიერი ხილვების ნახვის სურვილი და ამისკენ სწრაფვა გონებით, რომელიც არ არის განწმედილი ვნებებისაგან, არ არის განახლებული და სული წმიდის მიერ აღდგენილი. ასეთივე ამპარტავნებითა და განუსჯელობითაა აღვსილი გულის სურვილი და სწრაფვა – დატკბეს წმინდა, სულიერი, ღმრთაებრივი გრძნობებით, როცა იგი ჯერ სრულიადაც არ არის მზად ასეთი ტკბობისათვის. როგორც განუწმედელი გონება, რომელსაც ღმრთაებრივი ხილვების ნახვა სურს, მაგრამ ამის საშუალება არა აქვს, ხილვებს თვითონ იგონებს და მათით იტყუებს თავს, ასევე გულიც – როცა ღმრთაებრივი სიტკბოებისა და სხვა ღმრთაებრივი გრძნობების განცდას ცდილობს და ვერ პოულობს მათ საკუთარ თავში, მაშინ თვითონ იგონებს მათ, მათით იცთუნებს და იღუპავს თავს, რამეთუ შედის სიცრუის არეში, ეშმაკებთან ერთობაში, ემორჩილება მათ ზემოქმედებას და მათ ძალაუფლებას ემონება. ლოცვაში წარმატების მიღწევისა და ხიბლისაგან თავის დაღწევისათვის აუცილებელია თავგანწირვა, რომელიც ლოცვისას მხოლოდ ყურადღების მოკრებას გვასწავლის. მაშინ ლოცვითი ღვაწლი გაიოლდება და შემსუბუქდება, შემსუბუქდებიან განსაცდელნიც, რომელნიც ყოველთვის თან სდევენ მოღვაწეობას. თუკი ვინმე ნაადრევად ცდილობს საკუთარ თავში მადლის მოქმედების გამომჟღავნებას, ასეთებზე, – როგორც ღირსი ნილოს სორელი ამბობს სხვა წმინდა მამებთან თანხმობით, – დაშვებული იქნება მძიმე, მის ძალებს აღმატებული ეშმაკისეული განსაცდელები. ასეთ მისწრაფებას საფუძვლად გაუცნობიერებელი ქედმაღლობა და ზესთამჩენობა უდევს, რომლებიც მას გულმოდგინებად ეჩვენება. გულში სული წმიდის მოქმედების გამოცხადებამდე სისხლის ნაზი მოქმედება ან სრულიად აუხსნელი რჩება, ან ნაკლებად გასაგები, და შესაძლოა, მადლის მოქმედებადაც კი იქნეს მიჩნეული, თუკი შესაფერისი სიფრთხილე არ იქნა გამოჩენილი. ეს სიფრთხილე იმაში გამოიხატება, რომ სული წმიდის მიერ განწმედისა და განახლების დრომდე არცერთი გულისმიერი გრძნობა მართებულად არ იქნეს მიჩნეული, გარდა სინანულის გრძნობისა, ცოდვების გამო მწუხარებისა, რომელიც შეწყალების იმედითაა გაჯერებული. დაცემული ბუნებისაგან გულის მხოლოდ ერთადერთი მსხვერპლი შეიწირება ღმერთის მიერ, მხოლოდ ერთი გრძნობა, ერთი მდგომარეობა: „მსხვერპლი ღმრთისაY არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“ (ფსალმ. 50,19). განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენში მზვაობრობის მოქმედებას, რომლის მოქმედება სისხლზე ძალიან ძნელად შესამჩნევი და გასაგებია. მზვაობრობა თითქმის ყოველთვის შენიღბულ სიძვის ვნებასთან ერთად მოქმედებს და ადამიანს ყველაზე დახვეწილ ცოდვისმიერ სიამოვნებას ანიჭებს. ამ სიამოვნების შხამი ისეთი ნაზია, რომ მზვაობრობითა და სიძვის ვნებით მონიჭებულ ტკბობას მრავალნი სინდისის ნუგეშისცემად, ღმრთაებრივი მადლის მოქმედებადაც კი მიიჩნევენ. ამ ტკბობით ცთუნებული მოღვაწე თანდათანობით ხიბლის მდგომარეობაში ვარდება; მიიჩნევს რა ამ ყოფას მადლისმიერ მდგომარეობად, იგი თანდათანობით მთლიანად დაცემული ანგელოზის ძალაუფლების ქვეშ ექცევა. თავმდაბალი მოღვაწე კმაყოფილია იმით, რომ ღირსი გახდა ღმერთის ხსენებისა. ამას იგი შემოქმედის დიდ მოწყალებად მიიჩნევს გლახაკი და უმწეო ქმნილებისთვის – ადამიანისთვის. ის თავს მადლის მიღების ღირსად არ თვლის, არ ეძიებს საკუთარ თავში მისი მოქმედების აღმოჩენას, რადგან იცის წმინდა მამათაგან, რომ ასეთი ძიების საწყისი მზვაობრობაშია, რომლისგანაც წარმოიშვება ხიბლი და დაცემა. წმ. ნილოს სორელი გონებითი ლოცვისას ხიბლში რომ არ ჩავარდე, – არ დაუშვა შენში არავითარი წარმოდგენა, არანაირი სახე ან ჩვენება. წმ. გრიგოლ სინელი თუკი ვინმე ზესთამჩენობაზე დამყარებული თავდაჯერებით მაღალი ლოცვითი მდგომარეობების მიღწევას ცდილობს, და მოუპოვებია არა ჭეშმარიტი, არამედ სატანური მოშურნეობა, ასეთს ეშმაკი იოლად გაახვევს საკუთარ ქსელში, როგორც თავის მსახურს. წმ. პაისი ველიჩკოვსკი მამათა წიგნები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ასწავლიან ჭეშმარიტ მორჩილებას, გონების სიფხიზლესა და დაყუდებას, ყურადღებასა და გონებით ლოცვას, ანუ იმგვარს, რომელიც გონებით გულში აღესრულება, მხოლოდ და მხოლოდ სამონაზვნო წესისთვისაა შესაფერისი და არა საზოგადოდ ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ღმერთშემოსილი მამები, გადმოსცემენ რა ამ ლოცვის შესახებ სწავლებას, ამტკიცებენ, რომ მისი საწყისი და შეურყეველი საფუძველი მორჩილებაა, რომლისგანაც ჭეშმარიტი სიმდაბლე იშვება, ხოლო სიმდაბლე იცავს ლოცვაში მოღვაწეს ყოველგვარი ხიბლისაგან, რომელიც თვითნებობას მოსდევს. ჭეშმარიტი მონაზვნური მორჩილება და საკუთარი ნებისა და განსჯის სრული მოკვეთა შეუძლებელია ერისკაცთათვის^ ისეთი საშიშია ეს საქმე, – ლოცვა არა უბრალოდ გონებისმიერი, არამედ გონებით გულში ხელოვნებით მოქმედი, – რომ ჭეშმარიტი მორჩილებიც კი (რომელთაც არა მხოლოდ მოიკვეთეს, არამედ სრულიად მოაკვდინეს საკუთარი ნება და განსჯა თავიანთი მამების, ამ ლოცვის აღსრულების ჭეშმარიტი და უგამოცდილესი მასწავლებლების წინაშე), მუდამ შიშსა და ძრწოლაში არიან, რომ ამ ლოცვისას რაიმე ხიბლში არ ჩავარდნენ, თუმცა ღმერთი გამუდმებით მფარველობს მათ, ჭეშმარიტი სიმდაბლის გამო, რომელიც მათ ღმრთის მადლით მოიპოვეს, ჭეშმარიტი მორჩილების საშუალებით. მით უმეტეს ერისკაცებს, მორჩილების გარეშე მცხოვრებთ, თუკი ისინი მხოლოდ ამგვარი წიგნების კითხვით დაიწყებენ ასეთ ლოცვას, ელოდებათ რამენაირ ხიბლში ჩავარდნის საშიშროება, რაც ამ ლოცვის ღვაწლის თვითნებობით დამწყებთ ემუქრება. ამ ლოცვას წმინდანებმა ხელოვნებათა ხელოვნება უწოდეს; ვინ შეძლებს მის შესწავლას ხელოვანის, ანუ გამოცდილი მასწავლებლის გარეშე? წმ. თეოფანე დაყუდებული „იესოს ლოცვისაგან“ მაშინ შეიძლება შეიშალოს კაცი, თუკი ამ ლოცვის აღსრულების პერიოდში არ მიატოვებს ცოდვებსა და ცოდვილ ჩვეულებებს, რომელთაც ჰგმობს სინდისი. მონაზონ მაგდალინას ცხოვრება ნუ მოიხიბლები შინაგანი სიტკბოებებით; ჯვრის გარეშე ისინი არამყარი და სახიფათოა. ყოველი ადამიანი შენზე უმჯობესად მიიჩნიე. ამ გულისსიტყვის გარეშე სასწაულიც რომ აღასრულოს ვინმემ, მაინც შორს იქნება ღმრთისაგან. წმ. ისააკ ასური ერთი ვინმე, სახელად მალპასი, წარმოშობით ედესიდან, ერთ დროს ევკტიტების მწვალებლობის გამომგონებელი გახდა. ის ამაღლებულ ცხოვრებას ეწეოდა, მძიმე შრომასა და მწუხარებებს იტანდა. ამბობენ, რომ იგი ნეტარი იულიანეს (საბად წოდებულის) მოწაფე იყო, მცირე ხნით მასთან ერთად სინასა და ეგვიპტეში იმოგზაურა. მალპასმა იმ დროის დიდი მამები იხილა, ნახა ნეტარი ანტონი (დიდი), საიდუმლო სიტყვები ესმა მისგან სულის სიწმინდესა და ცხონებაზე, ზედმიწევნითი მსჯელობა მოისმინა ვნებების შესახებ. ამ საუბარში ანტონი დიდი ხსნიდა, რომ გონება, განწმედის შემდეგ, სულიერ საიდუმლოებებს ჭვრეტს და სულს ძალუძს მადლის მიერ უვნებელობას მიაღწიოს, მას შემდეგ, რაც მცნებების აღსრულებით ძველი ვნებებისაგან გათავისუფლდება და თავისი პირვანდელი ბუნების სიჯანსაღეს მოიპოვებს. და როცა მალპასმა თავისი სიჭაბუკის გაფურჩქვნის ჟამს ეს სიტყვები მოისმინა, ცეცხლივით აღეგზნა და თავის ქალაქში დაბრუნდა. და რადგან მასში დიდებისმოყვარეობის ვნება აენთო, აირჩია განდეგილის ნაგებობა და შრომას, უწყალო გაჭირვებებსა და განუწყვეტელ ლოცვას მისცა თავი. როდესაც მასში დიდებისმოყვარეობის ვნება უზომოდ აგიზგიზდა, ანუ იმ მაღალი ნიჭების მიღების იმედი მიეცა, რომელთა შესახებაც სმენოდა, ვერ გულისხმაყო ეშმაკის ხრიკები, ტყუილები და გაქნილობა, რომლითაც ის ძლიერებს იტაცებს დასაღუპად. მალპასს არ ჰქონდა შესწავლილი ჭეშმარიტების მტრების წინააღდგომის ხელოვნება, იმედი შრომაზე, გაჭირვებაზე, უპოვარებაზე, მოღვაწეობასა და მოთმინებაზე დაამყარა, როცა მოპოვებული არ ჰქონდა ბოროტთან საბრძოლველი უძველესი იარაღები – თავის დამცირება, სიმდაბლე, გულის შემუსვრილება; მან წმიდა წერილიც დაივიწყა, რომელიც ამბობს: როდესაც საქმეს აღასრულებთ, მცნებებს დაიცავთ, გაჭირვებას გადაიტანთ, თქვენი თავი უმაქნის მონებად მიიჩნიეთო. ამის საპირისპიროდ, მას თავის ღვაწლზე დაფუძნებული თავდაჯერება განახურვებდა, იმ მაღალი ნიჭის მიღების სურვილით იწვოდა, რომლის შესახებაც გაგონილი ჰქონდა. და აი, დიდი ხნის შემდეგ, როცა ეშმაკმა შენიშნა, რომ მას სიმდაბლე არ გააჩნდა და მხოლოდ ხილვები სწყუროდა იმ საიდუმლოთა განსაცდელად, რომელთა შესახებაც სმენოდა, გამოეცხადა ბრწყინვალე ნათელში და უთხრა: მე ვარ ნუგეშინისმცემელი, მამისგან შენთან გამოგზავნილი, რათა იმ ხილვების ღირსი გაგხადო, რომლებსაც შენი საქმეების საზღაურად ესწრაფვი, უვნებელობა მოგანიჭო და სამომავლოდ საქმეთაგან განგისვენო. ამის სანაცვლოდ ვერაგმა მტერმა თაყვანისცემა მოითხოვა. გასულელებულმა მალპასმა ვერ იგრძნო ბოროტის ბრძოლა, დაუყოვნებლივ, სიხარულით მიიღო იგი, თაყვანისცა და იმწამსვე მისი ძალაუფლების ქვეშ მოექცა. ხოლო მტერმა ღმრთაებრივი ხილვის ნაცვლად საეშმაკო ოცნებებით აავსო იგი, ჭეშმარიტებისთვის შრომა მიატოვებინა, აღაზვავა და უვნებელობის ამაო იმედით აცთუნა, უთხრა: ახლა შენ აღარ გჭირდება არც საქმეები, არც სხეულის ტანჯვა, არც ვნებებთან და გულისთქმებთან ბრძოლა; შემდეგ ევკტიტების ერესიარქი გახადა იგი. როცა ეს მწვალებლები გამრავლდნენ და მათი საძაგელი და მცდარი სწავლება გამოაშკარავდა, მაშინდელმა ეპისკოპოსმა გააძევა ისინი. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი