პატიმრობაში მყოფნი და ეკლესიის აზრი, "საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატიმრობაში მყოფნი და ეკლესიის აზრი, "საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა" |
marine |
Jul 24 2017, 02:03 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
- #6 საპყრობილეში, სადაც თქვენ შედიხართ, ბევრი სამუდამო მსჯავრდადებულია, არიან ისეთებიც, რომლებიც 24-25-წლიანი სასჯელს იხდიან. როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ეკლესიასთან, მოძღვართან?
- ამ ადამიანების აღსარება ისეთი ცოცხალი რწმენითა და განცდითაა ნათქვამი, მრევლში რომ ერთეულებს გააჩნიათ. მათი გულიდან წამოსული და სიტყვით გამოთქმული სინანული არც მოჩვენებითია და არც ვალის მოხდის მიზნით ნათქვამი. ჩემმა სულიერმა შვილმა, მამუკა რატიშვილმა ასეთი წერილი მომწერა: "ჩემო სულიერო მოძღვარო, ღმერთმა დაგლოცოთ... მინდა გაგიმხილოთ, რაც ასე მტანჯავს და მაწვალებს. მთელი ჩემი ცხოვრება ცოდვებით არის დამძიმებული, სულ თითებზე ჩამოსათვლელი იქნება ის შეცოდებანი, რომლებიც მე არ ჩამიდენია. ათეისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეკლესიაში ან ვინმეს დასანახად შევდიოდი, ან ისეთ შემწეობას ვთხოვდი უფალს, რაც არ უნდა მეთხოვა. დროდადრო სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი, მაგრამ ამქვეყნიურ სიამეებს აყოლილი მის ჩახშობას ვცდილობდი. ვქურდობდი, ვლოთობდი, უწესოდ ვცხოვრობდი, ვავაზაკობდი და არ ვფიქრობდი, რომ ადამიანი მხოლოდ ამისთვის არ იყო მოვლინებული. ერთი პერიოდი მონასტერში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი. ჩემს გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გულით სურდათ ჩემი სიკეთე, არ უნდოდათ, რომ ავაზაკურად მეცხოვრა, მაგრამ ისინი არაეკლესიურნი იყვნენ და თანადგომა არ გამოიჩინეს ჩემი გადაწყვეტილებისადმი. მე ისევ ძველ გზას დავადექი... პეტრეპავლობის მარხვა მოდიოდა, როცა საეკლესიო ჟურნალ "კარიბჭის" რამდენიმე ნომერი შემოგვიგზავნეს. წასაკითხი არაფერი მქონდა და ვიფიქრე, დროს მოვკლავ-მეთქი. დღესაც არ ვიცი, რა იყო ის, რამაც გული და სული შემიძრა... უფალმა სწორედ ის მომივლინა, რაც ასე მჭირდებოდა. მარხვას შევუდექი და მოწევას თავი დავანებე. ლოცვა დავიწყე. არ სჯეროდათ ჩემი, რომ მართლა გულით ვლოცულობდი... ლოცვის დროს ვტიროდი, მაგონდებოდა განვლილი ცხოვრება და მრცხვენოდა... ერთდროულად ამომიტივტივდა ყველაფერი: როგორ განვიკითხავდი, როგორ დავცინოდი, ზემოდან დავყურებდი სხვებს, როგორ ვაგინებდი და შეურაცხვყოფდი მშობლებს... დედას, რომელიც დარსა თუ ავდარში მოდიოდა ციხეში, ჩემთვის რაიმე რომ შემოეგზავნა... მე ცოდვილს კი სხვისი ტანჯვის და შეურაცხყოფის მეტი რა მაქვს გაკეთებული? მრცხვენია, თურმე ამაოდ მიცხოვრია. არადა, უწინ ვამართლებდი ჩემს ცხოვრებას. მენანება ის წლები, მეცოდება ჩემი თავი და ვკითხულობ - რატომ არავინ გამოჩნდა ჩემს დასახმარებლად? ესეც უფლის ნება იყო და იმიტომ. ღმერთმა დაუშვა ის, რომ ჩემებურად, მცდარად მეცხოვრა და მერე შემედარებინა ჩემი წარსული და აწმყო. პირველად პეტრეპავლობის მარხვაში შეგხვდით. დამლოცეთ და როდესაც ოლარი გადამაფარეთ, ვერ აგიხსნით, რა გრძნობა დამეუფლა. ალბათ გახსოვთ ჩემი პირველი აღსარება - ცრემლს ვერ ვიკავებდი. მინდოდა ყველაფერი მეთქვა, მაგრამ ლაპარაკი აღარ შემეძლო. მხოლოდ თქვენ გხედავდით, მამაო. შვება ვიგრძენი. ბევრს ჰგონია, იმიტომ შევიცვალე, ასე რომ მიჭირს ციხეში. მე აქ მესამედ ვარ და მშვენივრად ვიცი აქაური ცხოვრება. ბევრჯერ დავფიქრებულვარ იმაზე, არჩევანის წინაშე დამდგარი როგორ მოვიქცეოდი, რომ ეთქვათ ჩემთვის - გაგიშვებთ და სხვებივით იცხოვრეო... ჩემი ერთადერთი სურვილია, აქედან გასული მონასტერში წავიდე. უფლის გზანი შეუცნობელია, თუ ღირსი ვიქნები, ალბათ ღმერთი დაუშვებს ამას და შევძლებ, რომ ცოდვით დამძიმებული სული გადავირჩინო, ღმერთს ვემსახურო და ვიცხოვრო ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, რომელიც იესოს სახეა მიწაზე. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ინება, ამდენი ხნის შემდეგ მეგრძნო მისი მადლი და გზის სისწორე, რომელიც სულის გადარჩენაში დამეხმარება. ისიც უფლის ნება იყო, რომ ჩემმა ახლობელმა "კარიბჭის" რამდენიმე ნომერი შემომიგზავნა. ერთ-ერთ მათგანში ლარგვისის მონასტერი აღმოვაჩინე და გავიფიქრე, სასჯელს რომ მოვიხდი, იქ წავალ-მეთქი. პატარა არ ვარ, რომ ვერ განვსაზღვრო ის, თუ რა სირთულეები შეიძლება შემხვდეს ამ გზაზე, ეს ვინმეს აყოლით არ გადამიწყვეტია. ისიც კარგად ვიცი, რომ მძიმე ჯვარი იქნება ეს ჩემთვის. ამიტომ ძალიან მინდა ეს დრო, ვიდრე ციხეში ვარ, უფლის შეწევნით და თქვენი დახმარებით მაქსიმალურად გამოვიყენო, ვისწავლო და გავიგო ის, რაც მონასტერში გამომადგება. ახლა ძალიან მიჭირს. ისიც კარგად მესმის, რომ ხშირად ვერ ახერხებთ ჩვენთან, თქვენს სულიერ შვილებთან ციხეში შემოსვლას. არადა, როგორ მინდა, ხშირად მოდიოდეთ. თქვენი დანახვა ყოველთვის მამშვიდებს. ხშირად ლოცვა მიჭირს, ყურადღება მეფანტება, მაგრამ ვიხსენებ თქვენს დარიგებას და თავს შევუძახებ ხოლმე - გაუძელი! ჩემო მოძღვარო, ილოცეთ ჩემი ტანჯვითა და ცოდვებით დამძიმებული სულისთვის. ღმერთი იყოს თქვენი ოჯახისა და მრევლის მფარველი!" /დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 22 2019, 03:45 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
"ცნობილი რუმინელი მართლმადიდებელი მღვდელი გიორგი კალციუსი კომუნისტურ რეპრესიებს სასწაულებრივად გადაურჩა და ამ რეპრესიათა მსხვერპლ არაერთ მართლმადიდებელ მოწამეს იცნობდა, რომლებიც, გაუსაძლისი ტანჯვის პირობებში, ნამდვილ მშვიდობისმყოფელებად ექცნენ გარშემომყოფთ. მამა გიორგი: "1947 წელს რუსულმა არმიამ მეფე აიძულა, რუმინეთი დაეტოვებინა, რის შემდეგაც კომუნისტებმა ძალაუფლება სრულად იგდეს ხელში. რუმინეთში რწმენა ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ინტელიგენციამ, რომელიც მოიხიბლა სექსუალური თავისუფლებით და მასონობით, უღალატა ეკლესიას. პიტესტის ციხე მაკარენკოს ექსპერიმენტის ასლი გახლდათ. ხომ მოგეხსენებათ, რა მიზანსაც ემსახურებოდა ხსენებული ექსპერიმენტი? - ის ახალგაზრდები უნდა გადაეგვარებინა, ვინც კომუნიზმს შეეწინააღმდეგა. - რა ასაკის სრუდენტებს ეხებოდა ეს ყველაფერი? - თვრამეტიდან ოცდახუთ წლამდე. მათ სურდათ, თაობებს შორის უფსკრული გაეჩინათ. რუმინეთი სულაც არ გახლავთ პრიმიტიული ქვეყანა. ჩვენთვის ყოველთვის ძვირფასი იყო ქრისტიანული სული და ღირებულებები... პიტესტის ციხეში კოშმარი ტრიალებდა, უამრავი საუკეთესო ახალგაზრდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა ამ წლებმა... მე ძალიან გამიმართლა, რადგან იმ თექვსმეტ ადამიანს შორის მოვხვდი, რომლებიც უშიშროებამ ჯილევის ციხეში გადაიყვანა (ეს ციხე მთლიანად მიწის ქვეშაა)... სწორედ მის კედლებში დაიწყო ჩემი სულიერი გამოფხიზლება... ჯილევის ციხეს ჰქონდა სპეციალური საკანი, რომელიც შუაზე გაჭრილ ცილინდრს წააგავდა... ჩვენ მიწის ქვეშ ვიმყოფებოდით... ამ ცილინდრში ოთხი უფანჯრო საკანი ააშენეს, რომელთა თავზეც შვიდი მეტრი მიწა იყო. დღის სინათლეს, ბუნებრივია, ვერ ვხედავდით, მხოლოდ ერთი ელექტრონათურა გვქონდა. ჩვენს საკანში ერთი მძიმედ სნეული, კონსტანტინე ოპრისანი მოიყვანეს, რომელიც დღეში ორჯერ ფილტვებიდან სისხლს ამოახველებდა ხოლმე... რადგან სამედიცინო კოლეჯში ვსწავლობდი, მასზე ზრუნვა გადავწყვიტე. კონსტანტინეს მოძრაობა არ შეეძლო და ყველაფერს მე ვუკეთებდი... ის წმინდანივით იყო, მტრედივით მშვიდი... მსგავსი ადამიანი მანამდე არ მენახა... პიტესტში სამ წელიწადს აწამებდნენ, - იმდენი სცემეს, სანამ ფილტვები არ გაუნადგურეს... მთელ დღეებს ლოცვაში ატარებდა და საყვედურიც კი არ დასცდენია მტანჯველების მიმართ. გამუდმებით იესოზე გვესაუბრებოდა და ყველანი ვგრძნობდით, თუ რა გამორჩეული ადამიანი გამოგვიგზავნა ამ ჯოჯოხეთში ღმერთმა... იმ საშინელ საკანში კონსტანტინე ჩვენი გამართლება იყო... როდესაც გარდაცვალების ჟამი დაუდგა, ყველანი მორიგეობით ვდარაჯობდით, თვალს არ ვაშორებდით არც დღით, არც ღამით... მალე ერთ-ერთმა შეამჩნია, რომ იგი მიდიოდა... სახე სრულიად შეეცვალა და თვალებზე ბინდი გადაეკრა, შეშინებულმა ხელზე ხელი მოვკიდე და განწირულმა ჩავძახე: "კონსტანტინე, არ მოკვდე, არა!" და ის მართლაც გამობრუნდა, თვალები დაეწმინდა... არ ვიცი, რა ხდებოდა მის სულში, მაგრამ რომ შემომხედა, თვალები შიშით აევსო და ტირილი იწყო... მივხვდი, მზად იყო წასასვლელად, მე კი ისევ ამ საშინელ სამყაროში დავაბრუნე... საოცარია, მაგრამ ახალშობილს დაემსგავსა... ასე მტირალი ორიოდ წუთში მიიცვალა... დაახლოებით ერთ წელიწადს ვიყავით ერთად... მისი სიკვდილის შემდეგ ყველამ ვიგრძენით, რაღაც როგორ განადგურდა ჩვენში. იცით, რა აღმოვაჩინეთ? ასე ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც გადაადგილებაც კი არ შეეძლო, ჩვენი სიცოცხლის ნიშატად და მშვიდობისმყოფელად ქცეულიყო... საშინელი მარტოობა შევიგრძენით მაშინ... ცხედარი განვბანეთ, შემდეგ დაცვას შევატყობინეთ მისი გარდაცვალების შესახებ... სამ საათში მოგვაკითხეს და ნება მოგვცეს, გარდაცვლილი გარეთ გაგვესვენებინა... ამდენი ხნის განმავლობაში მზე არ გვენახა, ნესტიან საკანში დამპალი ჩალის ლეიბებზე ვიწექით და თითქმის დაგვავიწყდა, რომ მბჟუტავი ელექტრონათურის გარდა სინათლეს მზეც გამოსცემდა... რომ არსებობდა ცა და ყვავილები, დღე და ღამე... მზე ჩადიოდა და ყველაფერს ოქროსფერი ნათელი ადგა... ცხედარი მიწაზე დავასვენეთ, სრულიად შიშველი იყო, რადგან მისი უბადრუკი ტანსაცმელი სხვა პატიმრისთვის უნდა ჩაეცმიათ... ის ძონძებიც კი დაენანათ... მის გალეულ სხეულს რომ ვუყურებდით, არ გვჯეროდა, რომ ეს ადამიანის სხეული იყო, იმ ადამიანისა, რომელმაც ამხელა სიწმინდე დაიტია... ჩემმა მეგობარმა აიღო და გარდაცვლილს გულზე ლურჯი ყვავილი დაადო... რომ ვბრუნდებოდით, უკან მოვიხედე და ეს ყველაფერი სამუდამოდ დავიმახსოვრე... ჩვენს საკანს სიკვდილის გემი დავარქვი, რადგან მისი ბინადარნი სასიკვდილოდ იყვნენ განწირულნი. იმ ციხეში იყვნენ ქალები, მათ შორის - მონაზვნებიც, რომლებმაც მამაკაცებზე მეტი სიმტკიცე გამოიჩინეს. ერთ-ერთი, დედა მიქაელა, ციხეში 40 წლის ასაკში წამებით აღესრულა. დიდი სულიერების ადამიანი იყო, სამი თვის განმავლობაში მხოლოდ წმინდა ზიარებით ცოცხლობდა... როგორც ჩანს, უშიშროებას მისი არსებობა განსაკუთრებულად აღიზიანებდა, რადგან საგულდაგულოდ იზოლირებულს გამორჩევით ტანჯავდნენ... რაც შეეხება კონსტანტინე ოპრისანს, იგი ცოტას ლაპარაკობდა, დღეში მხოლოდ ერთ ან ორ საათს - საამისოდ ძალა არ ჰყოფნიდა, მაგრამ მის ბაგეთაგან გამომავალი ყოველი სიტყვა წმინდა იყო, უდიდეს სიმშვიდეს აფრქვევდა... მხოლოდ იესოზე, სიყვარულსა და მიტევებაზე გვესაუბრებოდა, მის ლოცვებს დიდი ძალა ჰქონდა და ამ დროს გრძნობდი, რაოდენ ნატანჯი კაცი აღმოთქვამდა ამ ლოცვებს... გგონიათ, ეს ადვილი იყო? მას ჩვენი დაცვა სურდა, ცდილობდა, ბევრი არ ეხველებინა, რომ ჰაერში ბაქტერიები არ გაევრცელებინა... კონსტანტინე ჩვენს საკანში წმინდანივით იყო... უკანასკნელ დღეებში, როდესაც უკვე ლაპარაკიც აღარ შეეძლო, მაინც ძველებური სიყვარულით გვეპყრობოდა. მისი თვალები დიდ შინაგან ნათელს, სიმშვიდესა და სიყვარულს გამოსცემდა. ადამიანებისთვის სიცოცხლის მსხვერპლად გაღება შეეძლო. გასაოცრად ჭკვიანი იყო. როგორც გითხარით, გამუდმებით ლოცულობდა... თუ ჩვენ შორის ურთიერთობა იძაბებოდა, მაშინვე ლოცვას იწყებდა და ეს ლოცვა ყოველთვის ნაყოფიერი იყო... ხმამაღლა არ ლოცულობდა, მაგრამ ამ დროს სახე სრულიად გარდაექმნებოდა ხოლმე... რაც შეეხება გაფენსუს, იგი პიტესტში 1949 წელს გარდაიცვალა. ღმერთი გამორჩეულად მფარველობდა... ორჯერ თუ სამჯერ შევხვდი, ძალიან ავად იყო... საკმარისი იყო, შეგეხედათ ან, უბრალოდ, მის გვერდით ჩაგევლოთ, მაშინვე იგრძნობდით მის გავლენას. საოცარი მშვიდობა დაჰქონდა სულით... ვინც კი მის საკანში მოხვდებოდა, იმწამსვე ივიწყებდა ღვთისმგმობ და ცუდ აზრს. გაფენსუს, დიდი სულიერებისა და რწმენის წყალობით, ადამიანთა სულისა და გონების შეცვლა შეეძლო. რაღა თქმა უნდა, იყვნენ სხვებიც, რომელნიც ამ საშინელ წლებს შეეწირნენ, მაგრამმმათი წმინდა სახელები მხოლოდ უფალმა უწყის". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი