![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
მაშინ ჰრქუა იესო მოწაფეთა თვისთა: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა: უარ-ჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე“ (მათ. 16, 24).
ჯვარი თვისი“ - ეს ხომ მწუხარებანია და ტანჯვანი ამა სოფლისანი, რომელთაც პირადად ყოველი ადამიანი განიცდის. „ჯვარი თვისი“ - ეს ხომ მარხვაა, მღვიძარებაა და კიდევ სხვა კეთილგონივრული ღწვა, რომელიც აკვდინებს ხორცს და სულს აღორძინებს. თითოეული ეს ღვაწლი არ აღემატება მოღვაწე ადამიანის ძალებს და შესაბამისად, ყოველ კაცში სხვადასხვაგვარადაა გამოხატული. „ჯვარი თვისი“ ცოდვით დაცემაა ანუ ვნებანია, რომელიც ყოველ კაცს თავ-თავისი აქვს. ზოგი ვნება დაბადებიდანვე დაგვყვება, ზოგიერთი წუთისოფლის გზაზე დაგვასნეულებს. „ჯვარი ქრისტესი“ მაცხოვრის სწავლებაა: „დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუა შენი, რაჲთა მეშინოდის მე შენგან“ (ფსალმ. 118, 38). როგორი მძიმე ჯვარიც არ უნდა იტვირთო, იგი ფუჭია და ამაო, თუკი მაცხოვრის შედგომის შემდგომ „ქრისტეს ჯვრად“ არ გადაისახა. „ჯვარი თვისი“ მაშინ გარდაისახება ქრისტეს ჯვრად, ოდეს ადამიანი უფალ იესოს დაემოწაფება, ღრმად იწამებს მის მფარველობას, თავს დამტყდარ უბედურებებსაც მაცხოვრისაგან მოვლენილად შერაცხავს, ვითარცა ქრისტეანობის აუცილებელ და გარდაუვალ პირობას, უდრტვინველად აიტანს ყოველგვარ გასაჭირს, რამეთუ სწამს, რომ მწუხარებები შეაერთებს მაცხოვართან, მისი ხვედრის თანამოზიარეს გახდის ამქვეყნად და შემდგომ - ცათა შინა. „ჯვარი თვისი“ ქრისტეს ჯვრად გარდაისახება მათთვის, ვინც ქრისტეს შეუდგა, რამეთუ ცხოვრების მიზნად მცნებების აღსრულება დაუსახავს. ყოვლადწმინდა მცნებების აღრულება არის ჯვარი იმ ადამიანისა, რომელზედაც თავად უნდა გაეკრას, ჯვარს აცვას გადაღრძუებული და ხრწნადი ადამიანური ბუნება „ვნებითურთ და გულისთქმით“ (გალატ. 5, 24). აქედან გამომდინარე, ცხადია ვიდრე ვიტვირთავთ ქრისტეს ჯვარს საკუთარი თავი უნდა უარვყოთ, რათა არ წავწყმდეთ, ვიდრე ჯვარს ავიღებდეთ, სხეული უნდა განვიწმიდოთ ბილწებისაგან და მხოლოდ არსებობისათვის აუცილებლით დავკმაყოფილდეთ. ჩვენი სიმართლე უმძიმეს დანაშაულად უნდა შევრაცხოთ უფლის წინაშე, ხოლო გონიერება - უგუნურებად, დაბოლოს, მთელი ძალისხმევითა და რწმენით მივსდიოთ უფალს და დავეწაფოთ სახარებას პირადი ნების უარმყოფელნი. ამრიგად, ვინც განუდგა საკუთარ თავს, მას უკვე უტვირთავს „ჯვარი თვისი“. ეს ადამიანი შეიგრძნობს თავის უსუსურობას, უფალს ესავს და ევედრება გააძლიეროს, უდრტვინველად და უშფოთველად შესცქერის მოსალოდნელ უბედურებას, ცდილობს, დიდსულოვნად აიტანოს ყოველგვარი გასაჭირი და ამ გზით უფალ იესოს ვნებათა თანამონაწილეა, თანაზიარქმნილია უფლის საიდუმლო აღმსარებლობასთან მარტოოდენ გონებითა და გულით კი არა, საქმითა და ცხოვრებით. ჯვარს ატარებდე მოთმინებით, ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად ხედავდე და აღიქვამდე საკუთარ ცოდვებს. ამ აღიარებაში არ არსებობს თვითცდუნება, ხოლო ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, მაგრამ მოსთქვამს და დრტვინავს, მაშინ თვალსაჩინო ხდება, რომ ცოდვა ზერელედ უღიარებია და ფარისეველი და პირმოთნე საკუთარ თავს იტყუებს. ჯვარს ატარებდე მოთმინებით ეს ჭეშმარიტი სინანულია. ნუ დაეძებ ქრისტესმიერ სრულყოფილებას ადამიანურ სათნოებებში, ვერ ვიპოვი, რამეთუ იდუმალია და ქრისტეს ჯვარშია დაფარული. „ჯვარი თვისი“ „ქრისტეს ჯვრად“ გარდაისახება, ოდეს მოწაფე ქრისტესი აღიარება საქმეებში განცხადებულ საკუთარ ცოდვებს და დამსახურებულ სასჯელს მოელის. თუკი შესწირავს მადლობას უფალს და დიდებისმეტყველებს, მაშინ დიდებითა და მადლობით ჯვარცმულში მკვიდრდება სულიერი ნუგეშისცემა. ვმადლობდეთ უფალს და დიდებისვმეტყველებდეთ. ეს სათავე მიუწვდომელი, განუხრწნელი სიხარულისა, მადლმოდილ გულში რომ სდუღს, იღვრება სულში და თვით სხეულსაც განასპეტაკებს. იტვირთო და ატარო ჯვარი იესო ქრისტესი ხორციელი თვალისათვის, ერთი შეხედვით უმკაცრესი განაჩენია. ქრისტეს მოწაფესა და მიმდევარს კი უმაღლეს სულიერი ტკბობას განაცდევინებს. ეს ნეტარება იმდენად დიდია, რომ ჭმუნვა-წუხილს განაქარვებს, ტკივილებს აყუჩებს და უსაშინელსად გვემული ენით უთქმელ შვებას განიცდის. „ჯვარი ქრისტესი“ ჯვარცმულ ქრისტეს მოწაფეს დედამიწას წარსტაცებს, საკუთარ ჯვარზე გაკრული, შემმეცნებელი ამაღლებული სიბრძნისა, გონებითა და გულით ზეცად აღიტყორცნება და ჭვრეტს საიდუმლოებებს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა: უარჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი, და შემომიდეგინ მე“. ამინ! მაშინ, როცა გაუსაძლისად მძიმე ხდება ჩემი ჯვარი, გონების თვალს ფართოდ ვახელ და დაკვირვებით ვათვალიერებ საკუთარ ცხოვრებას. ლოცვის, აღსარების და ზიარების შემდეგ მე კი აღარ მივეზიდები ჯვარს, არამედ თვითონ ვეებერთელა, ჯვარი მიმეზიდება მე! უფალი არ მოგვცემს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც არ შეგვიძლია: ის თავად შეგვეწევა ჯვრის ზიდვაში. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#2
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
წმ. ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული მსჯელობს რა ამ საკითხზე, ერთ-ერთ წერილში ჩვენს ყურადღებას შეაჩერებს პავლე მოციქულის სიტყვებზე:"ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისთვის სოფელი ჩემდამო ჯუარცმულ არს და მე-სოფლისა." ჩვენ შეიძლება გარეგნულად მოვკვდით ამ სოფლისათვის, ეს სიტყვები მარტო მერმონაზონთათვის როდი დაუწერია წმ. მოციქულს. იგი ყოველ ჩვენთაგანს ეხება. სოფელში იგულისხმება არა ადამიანებთან ერთად ცხოვრება, ან ცხოვრებისეული საქმიანობანი, არამედ ხორციელი გულისთქმანი, ამპარტავნება და ყოველივე ის, სადაც მეუფობს ცოდვა. ეს აზრი: " სოფელი ჩემდამო ჯუარცმულ არს და მე-სოფლისა," ნიშნავს, რომ ყოველგვარი ცოდვა ჩემთვის ჯვარს ეცვა და მეც მათთვის ჯვარს ვეცვი. როგორ ხდება ეს? წინდაწინ მინდა გითხრათ, რომ ყოველ ცოდვაში არის ორი მხარე: ერთია ცოდვილი საქმეები, მეორე-ცოდვილი ვნება, რომელიც ცოდვილ საქმეთა წარმომშობი წყაროა, ხოლო საქმე კი განხორციელებული , ხორცშესხმული ვნებაა. მაგ, მრისხანება ან გაბრაზება არის ცოდვილი ვნება, რომელიც გულში ბუდობს, ხოლო საქმეებია : აფეთთქება, კამათი, ჩხუბი, გაცეცხლება, მკვლელობანი. ვნება ერთია, მაგრამ ხედავთ , რამდენ ავ საქმეს წარმოშობს? თვით გემოთმოყვარეობა ან ტკბობის, სიამოვნებისაკენ სწრაფვა ვნებაა და მისი გამოვლინება საქმეებში კი გახლავთ ნაყროვანება, ტკბილეულობის სიყვარული, ასევე ტკბილ სასმელთა დაწაფება, სეირნობა კაფე-ბარებში, უზეობათა სახლებში. ამის შემდეგ ძნელი არ არის გავითვითცნობიეროთ, როგორ ხდება , რომ ცოდვა ან სოფელი ჯვარს ეცმის ჩვენთვის და ჩვენც როგორ ვეცმით ცოდვისა და სოფლისათვის ჯვარს.
როცა ვინმე ზურგს აქცევს ცოდვილ საქმეებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათთვის მოვკვდით. როცა თავად ცოდვილ მიდრეკილებას, ვნებას ჩავკლავთ ჩვენში, მაშასადამე, ჩვენ ჯვარს ვეცვით ვნებისათვის. შეიძლება ადამიანმა მიატოვოს დროსტარება ისე, რომ არასდროს არ იაროს შესაბამის ადგილებში , რაც იმის დასტურია, რომ ისინი მისთვის მოკვდა , მაგრამ აქედან გამომდინარე ჯერ კიდევ არ შეიძლება ვთქვათ, რომ იგიც ჯვარს ეცვა მათთვის. მართალია, ის იქ არ დადის, მაგრამ გულითა და გონებით იქ იმყოფება. დასასრულს წმ. ეპისკოპოსი გვირჩევს:ვინც გარეგნულად ზურგი აქცია ცოდვას, გამოსწორდა და მას არ ჩადის, სულის სიღრმში შევიდეს და თავად გული გამოისწოროს, ჩააქროს მასში დაბუდებული ვნებები, რამეთუ მაშინ იქნება იგი გამოსწორებული ღვთის წინაშე, რომელიც გულს ხედავს და მისი მდგომარეობის მიხედვით განსჯის ადამიანს. თუკი ეს ღვთის წყალობით შევძელით, შეგვეძლება ვთქვათ: "სოფელი ჩემდამო ჯუარცმულ არს და მე-სოფლისა." ღმერთმა შეგვაძლებინოს! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 04:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი