წმიდა სპირიდონ თრიმიფუნტელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმიდა სპირიდონ თრიმიფუნტელი |
lev@ni_TS |
Dec 11 2010, 08:04 PM
პოსტი
#1
|
archer ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 8-December 10 მდებარ.: რუსთავი წევრი № 10,057 |
წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა III საუკუნის დასასრულს. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის მწყემსი იყო, ჰყავდა ცოლ-შვილი, მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: ნეტარი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ზეობისას, სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფლის რჩეულს ამის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების წესი. საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით, წმიდა სპირიდონი 325 წელს პირველი მსოფლიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა. კრებაზე მღვდელთმთავარი სიტყვიერ პაექრობაში ჩაერთო ბერძენ ფილოსოფოსთან, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. უფლის რჩეულის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახა კაცობრივი ამაოდ ბრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე: "მისმინე, ფილოსოფოსო, რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ ყოვლად ძლიერმა უფალმა თავის სიტყვით არაფრისგან შექმნა ზეცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცოდვებისათგვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა და შემდეგ აღსდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა პირველქმნილი ცოდვა და თანა აღადგინა მთელი მოდგმა. გვწამს, რომ იგი თანაარსი და თანასწორია მამისა". მღვდელთმთავართან საუბრის შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე გახდა. მან თავის მეგობრებს უთხრა: "სანამ არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთებების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლური გახდა, რადგან ადამიანს არ ძალუძს ღმერთს წინ აღუდგეს. თუ რომელიმე თქვენთაგანს შეუძლია, ისევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ, ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი ბაგეებითაც თვით უფალი მეტყველებდა".
მღვდელთმთავარი სიყვარულით ზრუნავდა თავის სამწყსოზე. მისი ლოცვებით გვალვას განმაცხოველებელი წვიმა ცვლიდა, გადაუღებელი წვიმების შემდეგ კი ცა იწმინდებოდა, სნეულები იკურნებოდნენ, ეშმაკები იკურნებოდნენ, ეშმაკები განიდევნებოდნენ. ერთხელ წმიდანთან მივიდა ქალი მკლავებზე დასვენებული მკვდარი ჩვილით და შემწეობა ითხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა. ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთი მეგობარი უსამართლოდ განსაჯეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ნეტარი მღვდელთმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად წმიდანმა ქრისტეს სახელით შეაჩერა ადიდებული მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაული, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარიც გაათავისუფლა. წმიდა სპირიდონის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაა ცნობილი: იგი ერთხელ ცარიელ ტაძარში შევიდა, კანდელებისა და სანთლების ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როცა წარმოთქვა: "მშვიდობა ყოველთა", მას და დიაკონს ზევიდან დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩაესმათ: და სულისაცა შენისათანა". კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: "უფალო, შეგვიწყალენ". ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისკენ გაეშურნენ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ უფლის სახლს, ხმა მით უფრო ძლიერდებოდა. მაგრამ, როცა ტაძარში შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამოდენიმე ღვთისმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა, რამაც ყველანი განაცვიფრა. წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი – ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერი - მას პატრიარქ აბრაამს ადარებს სტუმართმოყვარეობით. სოზომენე კი თავის ‘,,საეკლესიო ისტორიაში,, ასეთ საკვირველ ამბავს მოგვითხრობს წმიდა მღვდელმთავრის ცხოვრებიდან: დიდმარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა სპირიდონ თრიმიფუნტელის სახლს მწირი მიადგა: მგზავრი ძალიან დაქანცული ჩანდა, ამიტომ მეუფემ ასულს მიმართა: ,,სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე. ,, ქალიშვილმა უპასუხა, სახლში არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მოუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძზე უარი განაცხადა. მასპინძელმა კი უპასუხა: მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: "ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის" (ტიტ. 1,15) სოზომენეს მიერ მოთხრობილი სხვა ისტორიაც მეტად დამახასიათებელია წმიდა სპირიდონისათვის. ნეტარს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისთვის დაერიგებინა, ნაწილი კი - სესხად გაეცა. თავად მღვდელთმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ მიანიშნებდა ხოლმე ბეღლისაკენ, სადაც ყველას შეეძლო აეღო, რამდენიც სურდა, შემდეგ კი, ამგვარადვე, ზედამხედველობის გარეშე, დაებრუნებინა. სოკრატე სქოლასტიკოსის ცნობით, ერთხელ ქურდებს წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განუზრახავთ და ბნელ ღამეში ფარეხში გადაპარულან, მაგრამ უჩინარ ძალას ისინი იქვე შეუბოჭავს. დილით მეუფე ფარასთან მისულა, ავაზაკები გაუთავისუფლებია და დაურწმუნებია დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით მოეპოვებინათ. ბოლოს კი ორივესთვის თითო ცხვარი უჩუქნია. წმიდა სპირიდონის მთელი ცხოვრება საკვირველი უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით იყო გაბრწყინებული. ნეტარმა სპირიდონმა სიმართლითა და სიწმიდით გაატარა მიწიერი ცხოვრება და დაახლოებით 348 წელს მშვიდობით მიიცვალა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები - გარდა მარჯვენისა, რომელიც რომშია დაცვული, - კუნძულ კორფუზე, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმიდა მღვდელთმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენიებს. -------------------- "ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?
-უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი" |
marine |
Apr 19 2023, 03:40 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბერძნულ კუნძულ კატიკაროზე ცხოვრობდა ერთი მოკრძალებული, უბრალო ოჯახი: მშობლები და ხუთი წლის ბიჭუნა. როგორც ბევრი ამ ასაკის ბავშვი, ისიც ძალიან იყო მიჯაჭვული მამას: ცდილობდა, მიებაძა მამისთვის ყველაფერში და არ შორდებოდა მას არცერთი ნაბიჯით.
ერთ მოწყენილ შემოდგომის დღეს ცუდი ამბავი შეატყობინეს - მეზობელ სოფელში მოკვდა მათი ძველი მეგობარი. მამა დასაფლავებაზე გაემგზავრა, რათა პატივი მიეგო ძველი მეგობრისთვის და ნუგეში ეცა ახლობლებისთვის. მამამ თან არ წაიყვანა პატარა ბიჭუნა გასაგები მიზეზების გამო. მამის წასვლა გაიგო თუ არა, ბავშვი შეუმჩნევლად გავიდა და დაიწყო მამის ძებნა. ვიწრო ბილიკებით ბავშვმა მიაღწია ნაკადულის ნაპირს და არ იცოდა, როგორ გადასულიყო, რადგან წვიმების შემდგომ წყალი უხვად მიედინებოდა. თავისი უძლურებისგან ბავშვი მწარედ ატირდა. უცებ მან შენიშნა, რომ პატარა სამლოცველოდან, რომელიც იქვე იყო, გამოვიდა მოხუცი. ის ბავშვისკენ წამოვიდა. მოხუცს ეცვა შალის ლაბადა, როგორებსაც ადრე მეცხვარეები ატარებდნენ, თავზე კი პატარა მრგვალი ქუდი ეხურა. მოხუცი მივიდა ბიჭთან და ჰკითხა: სად მიდიხარ, შვილო ჩემო? მე მივდივარ სოფელში, რომ ვიპოვო ჩემი მამიკო. ის წავიდა და არ წამიყვანა. იცის შენმა დედამ, რომ შენ სახლიდან გაიპარე? ბიჭი დაიბნა, მაგრამ მერე გულწრფელად უპასუხა: არა, მე ის არ გამიფრთხილებია. შენ ცუდად მოიქეცი, რომ წახვედი და დედას არ უთხარი. კარგი ბავშვები როცა მიდიან სახლიდან აუცილებლად იღებენ ნებართვას უფროსებისგან. ახლა მე დაგეხმარები სოფელში მისვლაში, მაგრამ ასე აღარ მოიქცე. მოხუცმა ბავშვს ხელი ჩაჰკიდა და ამაღლდა ჰაერში, გადაიყვანა ნაკადულზე, შემდეგ მიიყვანა სოფლამდე, სადაც ჩანდა ტაძრის სამრეკლო. ხუცესმა თქვა: - იმ ტაძარში ნახავ მამაშენს. ბავშვმა მხურვალედ აკოცა მოხუცს ხელზე, ამგვარად გამოხატა მადლიერება (იმ დროში ეს იყო მოხუცებისადმი პატივისცემის გამოხატულება). მოხუცმა ალერსიანად გადაუსვა თავზე ხელი ბავშვს და თან უთხრა: გაიქეცი. დაე, გაკურთხოს უფალმა! არასდროს დაგავიწყდეს - სახლიდან წასვლისას გააფრთხილე დედა! ბავშვმა გააგრძელა გზა. ცოტა ხნის შემდეგ მას მოუნდა კვლავ ენახა მოხუცი, მაგრამ გზაზე აღარავინ იყო - მოხუცი გაქრა! ცოტა ხანში ბავშვი უკვე ეკლესიასთან იყო. დაინახა თუ არა მამა, ბავშვმა სასწრაფოდ მიირბინა. მამა გაოცდა და დაუწყო გამოკითხვა, ბავშვი ჩაეხუტა და არაფერი უპასუხა. დასაფლავების შემდგომ მამა-შვილი უკან დაბრუნდნენ. გზად ისინი სამრეკლოსთან გაჩერდნენ და ბავშვმა უამბო მამას, რაც გადახდა, თუ როგორ შეხვდა მოხუც, კეთილ მწყემსს. მამა ძალიან გაკვირვებული იყო, რადგან ეს უკაცრიელი ადგილი იყო და იქ არასდროს მწემსავდნენ საქონელს. ისინი შევიდნენ სამლოცველოში, რათა თაყვანი ეცათ ხატებისთვის. ემთხვივნენ მაცხოვრის, წმ. იოანე ნათლისმცემლის ხატებს და როცა შემდეგ ხატთან მივიდნენ, ბავშვმა წამოიყვირა: მამა, შეხედე, აი ის არის! ის ქუდიც ახურავს! წმ. სპირიდონის უეცარი გამოცხადებით გულის სიღრმემდე შეძრული მაამ მუხლებზე დაემხო და მთელი გულით მადლობდა წმინდანს დახმარებისთვის. შემდგომ აანთეს კანდელი და აკმიეს საკმეველი. სახლში ბავშვმა დედას უამბო ყველაფერი და სთხოვა პატიება. ამ შემთხვევის შემგომ მშობლები ნამდვილად თვლიდნენ წმ. სპიროდონს თავისი შვილის ზეციურ მფარველად. ისინი ყოველ შაბათს მიდიოდნენ სამლოცველოში, რათა ელოცათ მის წინაშე და განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით აღნიშნავდნენ წმინდანის ხსენებას. დაე, წმიდა სპირიდონი იყოს ჩვენი მფარველი, დამცველი და ჩვენ ცოდვილთათვის მლოცველი ჩვენი ცხოვრების ყოველ დღეს, ამინ!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი