მაცხოვრის გენეალოგია, (სახარება მათესაგან 1, 1-17) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მაცხოვრის გენეალოგია, (სახარება მათესაგან 1, 1-17) |
მარიამი |
Feb 27 2007, 11:09 PM
პოსტი
#1
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ძველი ქართულით:
QUOTE 1. წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი. 2. აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; 3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; 4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; 5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; 6. იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; 7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; 8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; 9. იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; 10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; 11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა. 12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; 13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; 14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; 15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; 16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. 17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ. ახალი ქართულით: QUOTE 1. წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. 2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები; 3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი; 4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი; 5. სალმონმა შვა ბოოსი რექაბისგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა დავით მეფე; 6. დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან; 7. სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა; 8. ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია; 9. ოზიამ შვა იოათამი; იოათამმა შვა ამონი; ამონმა შვა ეზეკია; 10. ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია; 11. იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობაში; 12. ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი; 13. ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი; 14. აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი; 15. ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათტანი; მატთანმა შვა იაკობი; 16. ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე. 17. ყველა თაობა აბრაამიდან დავითამდე - თაობა თოთხმეტი, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე - თაობა თოთხმეტი, და ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე - თაობა თოთხმეტი. ჯერ ზოგადად: რატომ წერია სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია? განმარტება ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის მიხედვით: 1. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი. 1 . „წიგნი შობისა“ - რატომ არ გამოიყენა აქ წმ. მათემ წინასწარმეტყველთა მსგავსად „ხილვა“ ან “ სიტყვა“ ნაცვლად შობისა. ისინი ხომ ამგვარად წერდნენ: „ხილვა რომელი იხილა ესაია“ (ესაია 1,1 ) ან „სიტყვა, რომელიც იყო ესაიასადმი“ (ეს. 2,1). გსურს გაიგო რატომ? წინასწარმეტყველები გულქვასა და უხეშ ხალხს მიმართავდნენ და ამიტომაც ამბობდნენ მასზე - „საღვთო ხილვა და ღვთის სიტყვა არისო“, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და აბუჩად არ აეგდო მათი ნათქვამი. მათე კი მორწმუნე, კეთილგონიერ და, ამასთანავე, დამჯერე ხალხს მიმართავდა და ამიტომ წინასწარ არაფერი უთქვამს წინასწარმეტყველთა მსგავსად. სხვაც მაქვს სათქმელი. ის რაც წინასწარმეტყველებმა იხილეს, გონებით იხილეს და სულიწმიდით განჭვრიტეს. ამიტომ უწოდებდნენ მას ხილვას. ხოლო მათემ ქრისტე გონებით კი არ იხილა და განჭვრიტა, არამედ ზნეობრივად იყო მასთან, გრძნობიერად უსმენდა და ხორციელად ჭვრეტდა. ამიტომაც არ თქვა „ხილვა, რომელიც მე ვიხილე“, ან „განჭვრიტა“ არამედ თქვა: „წიგნი შობისა“. „იესო“ - სახელი „იესო“ ბერძნული არ არის, არამედ ებრაულია და თარგმანში „მაცხოვარს“ ნიშნავბ, რამეთუ სიტყვით „იაო“ (ιαω) ებრაელები ხსნას, ცხოვრებას გამოხატავენ. „ქრისტესი“ - ქრისტე ბერძნულად „ცხებულს“ ნიშნავს. ასე უწოდებდნენ მეფეებსა და მღვდელმთავრებს, რადგან მათ წმიდა ზეთს სცხებდნენ, რომელიც რქაში იდგა და თავზე გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე. უფალს ეწოდა ქრისტე, როგორც მეუფეს და როგორც მღვდელმთავარს, რამეთუ ის ცოდვის წინააღმდეგ გამეფდა და თავისი თავი მსხვერპლად მიიტანა ჩვენთვის. ის ხომ ცხებულია ჭეშმარიტი ზეთით - სულიწმიდით და ცხებულია სხვებზე აღმატებულად, რადგან სხვას ვის ჰქონდა ისეთი სული, როგორიც - უფალს? წმინდანებში მოქმედებდა მადლი სულიწმიდისა, ქრისტეში კი მოქმედებდა არა მადლი სულიწმიდისა, არამედ თვით ქრისტე აღასრულებდა სასწაულებს თავის თანაარს სულთან ერთად. „ძისა დავითისი“ - მას შემდეგ, რაც მეფემ თქვა „იესო“, დაუმატა - „ძისა დავითისი“, იმიტომ, რომ შენ სხვა იესო არ იგულისხმო, რადგან სხვა იესოც იყო ცნობილი ებრაელთა წინამძღოლის მოსეს შემდეგ, მაგრამ იგი ნავეს ძე იყო და არა დავითისა. იგი დავითამდე მრავალი თაობით ადრე ცხოვრობდა და იუდას ტომიდან კი არ იყო, საიდანაც დავითი წარმოიშვა, არამედ სხვა ტომიდან. „ძისა აბრაჰამისი“ - რატომ დააყენა მათემ დავითი აბრაჰამის წინ? იმიტომ, რომ დავითი უფრო ცნობილია. იგი აბრაჰამის შემდეგ ცხოვრობდა და დიდებული მეფე იყო. ისრაელის მეფეთაგან პირველმა მან მოიგო ღვთის გული და მისგან აღთქმაც მიიღო იმის თაობაზე, რომ ქრისტე მისი თესლტომიდან გამოვიდოდა. ამიტომაც უწოდებდნენ ქრისტეს დავითის ძეს. სინამდვილეში დავითი ქრისტეს სახეს წარმოადგენს. როგორც ის გამეფდა ღვთისაგან მოძულებული და დამხობილი საულის ნაცვლად, ასევე ხორციელად მოსული ქრიბტე გამეფდა ჩვენზე მას შემდეგ, რაც ადამი მოაკლდა მეფობასა და უფლებას, რომელიც მას ყველა არსებასა და დემონებზე ჰქონდა. 2. აბრაჰამ შვა ისააკ; ისააკ შვა იაკობ იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; 2. „აბრაჰამ შვა ისააკ“ - ქრისტეს გენეალოგიას მახარებელი აბრაჰამით იწყებს, რადგანაც იგი იყო მამა ებრაელთა და პირველმა მან მიიღო აღთქმა, რომ მისი „თესლით იკურთხევიან ხალხები“. მაშასადამე, სწორია ქრისტეს გენეალოგიის მისგან დაწყება, რადგანაც ქრისტე აბრაჰამის თესლია, რომელშიც ჩვენ ყველამ, ვინც ადრე წარმართნი და დაწყევლილნი ვიყავით, კურთხევა მივიღეთ. აბრაჰამი ითარგმნება როგორც „მამა ერებისა“, ისაკი კი როგორც „სიხარული“, „სიცილი“. მახარებელი არ ახსენებს აბრაჰამის უკანონო შვილებს. მაგ., ისმაელსა და სხვებს, რადგანაც იუდეველნი მათგან კი არა ისააკისგან წარმოიშვნენ. „ისააკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი“ - ხედავ რომ იუდა და მისი ძმები ახსენა მათემ. ეს იმიტომ, რომ მათგან წარმოსდგა თორმეტი ტომი. 3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; 4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; 5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; 6. იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; 3-6. „ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან“ - იუდამ თამარი ცოლად შერთო ჰერს, ერთ-ერთს თავის ძეთაგან. როცა ჰერი უშვილოდ მოკვდა, მაშინ ავნანს მისცა ცოლად, რომელიც აგრეთვე მისი შვილი იყო. როცა ისიც მოაკლდა სიცოცხლეს თავისი სამარცხვინო საქციელის გამო, იუდას თამარი აღარავისზე დაუქორწინებია. მაგრამ თამარს ძლიერ უნდოდა ჰყოლოდა შვილები აბრაჰამის თესლისაგან. ამიტომ გაიხადა ქვრივის სამოსი, მიიღო მეძავის სახე და შეერთო თავის მამამთილს, ვისგანაც ტყუპები ჩაესახა. როცა მშობიარობის დრო მოვიდა, ერთ-ერთმა ბავშვმა გამოყო ხელი საშოდან, თითქოს პირველი ის უნდა დაბადებულიყო. ბებია ქალმა წითელი ძაფი შეაბა, რათა სცოდნოდა, პირველად რომელი დაიბადა, მაგრამ მან ხელი უკან წაიღო და პირველად მეორე ბავშვი დაიბადა, შემდეგ კი, უკვე ის, რომელმაც პირველად გამოყო ხელი. ამიტომ პირველად დაბადებულს ეწოდა ფარეზი, რაც „შეყოვნებას“ ნიშნავს, რამეთუ მან ბუნებრივი რიგი დაარღვია, ხოლო მას, ვინც ხელი უკანვე შეყო, ზარა ეწოდა. ეს ისტორია ერათგვარ საიდუმლოზე მიგვანიშნებს. ქრისტეს ცხოვრება ემსგავსვბა ზარას მიერ ჯერ ხელის გამოყოფას და შემდეგ ისევ უკან წაღებას. ეს ცხოვრება გამოეცხადათ წმინდანებს, რომელნიც სჯულისა და წინადაცვეთის წინ ცხოვრობდნენ, მაგრამ ისინი სჯულისა და მცნებების დაცვით კი არ განმართლდნენ, არამედ სახარებისმიერი ცხოვრებით. გაიხსენე აბრაჰამი, ვინც ღვთის გამო დატოვა თავისი მამა, სახლი და ბუნებისაგან განდგა. გაიხსენე იობი, მელქისედეკი, სჯულის მოსვლის შემდეგ ამგვარი ცხოვრება გაქრა. როგორც ფარეზის დაბადების შემდეგ ზარა გამოვიდა საშოდან, ასევე სჯულის ბოძებით გვიან გამობრწყინდა ევანგელური ცხოვრება, აღბეჭდილი წითელი ძაფით, ე. ი. ქრისტეს სისხლით. მახარებელმა იმიტომ ახსენა ეს ორი ყრმა, რომ მათი დაბადება რაღაც საიდუმლოს მოასწავებდა. გარდა ამისა თუმცა თამარი არ იმსახურებს ქებას იმის გამო, რომ მამამთილს შეერთო, მაგრამ მახარებელმა ისიც მოიხსენია, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტემ, ვინც ჩვენთვის ყოველივე იტვირთა, ამგვარი წინაპრებიც შეიწყნარა. უფრო ზუსტად: მათგან იმიტომ იშვა, რომ განეწმინდა ისინი, რამეთუ „წოდებად მართალთა“ კი არ მოვიდა, არამედ „ცოდვილთა“. და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; - ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ რექაბი არის ის მეძავი რააბი, ვინც იესო ნავეს მსტოვრები დამალა. მეძავმა მსტოვრებიც გადაარჩინა და თავიც გადაირჩინა. მათემ რექაბი იმიტომ ახსენა, რომ ეჩვენებინა: წარმართთა მთელი კრებული მასავით მეძავი იყო, თავისი საქმეებით მრუში. მაგრამ ის წარმართნი, რომელთაც იესოს მსტოვარნი, ე.ი. მოციქულნი შეიწყნარეს და მათი სიტყვა ირწმუნეს, ყველა გადარჩა. „ბოოს შვა იობედ რუთისგან“ - ეს რუთი უცხო ტომისა არ იყო, მაგრამ ქორწინებით მაინც შეეუღლა ბოოსს. ასევე წარმართულმა ეკლესიამ, რომელიც ტომისა და სჯულის გარეშე უცხო იყო, დაივიწყა თავისი ხალხი, კერპთა თაყვანისცემა, მამა ეშმაკი, რისთვისაც იგი ძე ღვთისამ სასძლოდ მიიღო. „იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან“ - მათემ აქ ურიას ცოლიც ახსენა, იმის საჩვენებლად, რომ წინაპრების კი არ უნდა გვრცხვენოდეს, არამედ უნდა ვეცადოთ განვადიდოთ ისინი ჩვენი სიქველით, რადგან ღმერთს ყველა მოეწონება, თუნდაც მეძავისაგან შობილი, თუკი სიქველე ექნება. 7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; 8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; 9. იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; 10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; 11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა. 7-11. ბაბილონის ტყვეობა ეწოდება იუდეის მთელი მოსახლეობის ბაბილონში ტყვედ წაყვანას. მართალია, ბაბილონელები ადრეც ებრძოდნენ მათ, მაგრამ მაშინ უფრო მოსათმენად შეურაცხყოფდნენ, ამ დროს კი ყველა ერთიანად გადაასახლეს სამშობლოდან. 12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; 13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; 14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; 15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; 16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. 12-16. რატომ არის აქ მოცემული გენეალოგია იოსებისა და არა ღვთისმშობლისა, რა წილი უდევს იოსებს ამ უთესლო შობაში? ქრისტეს ნამდვილი მამა ხომ იოსები არ ყოფილა, რომ მისგან იწყებოდეს ქრისტეს გენეალოგია. მაშ-მოისმინე: სინამდვილეში იოსებს ქრისტეს გაჩენაში არავითარი მონაწილეობა -არ მიუღია და ამიტომაც აქ, რა თქმა უნდა, მოთხრობილი უნდა ყოფილიყო ღვთისმშობლის გვარზე, მაგრამ მათემ არ მოგვცა წმიდა ქალწულის გენეალოგია, რადგანაც ქალის ხაზით გენეალოგიის წარმოება არ შეიძლებოდა (რიცხვ. 36,6). გარდა ამისა, იოსების გენეალოგიით, მან ქალწულ მარიამის გვარზეც მოგვითხრო, რადგანაც სჯულის მიხედვით კაცს ეკრძალებოდა ცოლის სხვა ტომიდან, გვარიდან და ოჯახიდან მოყვანა და მას მხოლოდ თავისივე ტომისა და გვარის ქალის შერთვის უფლება ჰქონდა. ამ კანონიდან გამომდინარე, ცხადია, რომ იოსების გენეალოგიით გადმოცემულია ღვთისმშობლის გენეალოგიაც, რომელიც იოსების ტომისა და გვარისა იყო, სხვა შემთხვევაში იოსები მას ვერ დანიშნავდა. ამგვარად მახარებელმა დაიცვა კანონი, რომელიც კრძალავდა გენეალოგიის გადმოცემას ქალის ხაზით და ამავე დროს ღვთისმშობლის გვარზე მოგვითხრო იოსების გენეალოგიის გადმოცემით. მარიამის ქმრად მან იგი ჩვეულების მიხედვით მოიხსენია, რადგან ჩვენ ჩვეულებად გვაქვს დამწინდველს ქმარი ვუწოდოთ ქორწინებამდეც. 17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ. 17. მათემ თაობები სამ ნაწილად გაყო, რათა იუდეველებისათვის ეჩვენებინა, რომ მსაჯულები მართავდნენ, როგორც ეს დავითამდე იყო, თუ მეფეები განაგებდნენ, როგორც ეს ბაბილონის ტყვეობამდე გაგრძელდა, თუ მღვდელმთავრებს ემორჩილებოდნენ, როგორც ქრისტეს მოსვლის წინ, - სათნოების ასამაღლებლად ვერავითარ სარგებელს ვერ იღებდნენ და ისეთ ჭეშმარიტ მსაჯულს, მეუფესა და მღვდელმთავარს საჭიროებდნენ, როგორიც არის ქრისტე. როცა იაკობის წინასწარმეტყველების მიხედვით მეფობა შეწყდა, ქრისტე მოვიდა, მაგრამ ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა როგორღა არის, როცა ის ცამეტი იყო? შთამომავლობის სიაში ქალის შეტანაც რომ შეიძლებოდეს, მარიამს მივათვლიდით და რიცხვიც შესრულდებოდა, მაგრამ ქალი არ შედის გვარტომობის სიაში. მაშ როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი? ზოგიერთები ამბობენ, რომ მათემ „ტყვეობა“ როგორც პიროვნება ისე შეიტანა რიცხვში. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
დათიკო |
May 1 2007, 10:00 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ეგრი
ციტატა მეოთხე შემთხვევაში ვიჩქარე, მაგრამ "ეჭვი მაქვს" და "არ გამოგივა" ჩემი აზრია, რომლის გამოხატვის უფლებას თუ დამიხშობ კათოლიკე ინკვიზიტორებს დაემსგავსები. აზრის გამოხატვას არავინ გიშლის, მაგრამ შენი ტონი და ფამილიარული დამოკიდებულება არ უხდება ჩვენს ფორუმს. შეეცადე რომ ასეთ ფორმაში სათქმელი აღარ გამოხატო! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი